შოკოლადის პეჩენიები დამწვარი კარაქით

Approved by Gourmet Guide


შოკოლადის პეჩენიები დამწვარი კარაქით
გამოდის ბევრი
2 ½ ჭ ფქვილი, 1 ჩ/კ სოდა, 1 ჩ/კ მარილი, 175 გრ კარაქი, 1 ჭ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 1 ჭ ლერწმის შაქარი, 1/3 ჭ შაქარი, 2 მსხვილი კვერცხი, 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვანილიანი შაქრით), 250 გრ წვრილად დაჩეჩქვილი შავი ან რძიანი შოკოლადი

გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. ორ ცალ საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, სოდა და მარილი. გადავდოთ გვერდზე. სქელძირიან პატარა ქვაბში საშუალო ცეცხლზე დავადგათ კარაქი, შიგადაშიგ ვურიოთ და გავაჩეროთ 4-5 წუთი, სანამ კარაქი არ გაყავისფრდება, ქაფს არ გაიკეთებს და ნიგვზის სუნი არ აუვა. დავუმატოთ ნიგოზი და კიდევ ორი წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე. გადმოვდგათ ცეცხლიდან და კარაქი გადავწუროთ, ნიგვზები კი ცალკე შევინახოთ. კარაქი ოთახის ტემპერატურის რომ გახდება, დავუმატოთ შაქარი და ვთქვიფოთ სანამ შაქარი არ გადნება. ჩავათქვიფოთ კვერცხები და ვანილი. ბოლოს ნიჩბით ან კოვზით გადავურიოთ ფქვილიც. სულ ბოლოს დავუმატოთ ნიგოზი და დაჩეჩქვილი შოკოლადი.
საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტის ქაღალდზე კოვზით ერთმანეთისგან მოშორებით დავსვათ ცომის პატარა ბურთები და სველი თითებით ან შაქარში ამოვლებული კოვზის ზურგით ცოტათი დავაწვეთ და დავაბრტყელოთ (ცხობისას ცომი კიდევ უფრო გადნება და გაიფლაშება). ვაცხოთ დაახლოებით 10-12 წუთის განმავლობაში. პეჩენიები გარედან რომ შემაგრდება და შეოქროსფერდება, უკვე მზადაა. ჯერ კიდევ ცხელი რბილი უნდა იყოს, გაცივების მერე გამაგრდება. გამოვიღოთ ღუმელიდან, რამდენიმე წუთი საცხობ ფირფიტაზე დავტოვოთ, მერე კი გადმოვიღოთ და ბოლომდე გავაგრილოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მარილიანი პეჩენიები ნუტელას შიგთავსით

Approved by Gourmet Guide


მარილიანი პეჩენიები ნუტელას შიგთავსით
(www.hungrygems.com)
2 ¼ ჭ ფქვილი. 1 ჩ/კ სოდა, ¼ ჩ/კ ზღვის მარილი, 200 გრ კარაქი, 50 გრ შაქარი, 100 გრ ლერწმის შაქარი, 150 გრ მუქი ლერწმის შაქარი, 1კვერცხი, 1 კვერცხის გული, 1 ს/კ მაწონი, 75 გრ დაჩეჩქვილი შავი შოკოლადი. 75 გრ დაჩეჩქვილი რძიანი შოკოლადი, 100 გრ დაჩეჩქვილი თეთრი შოკოლადი, 1 პატარა ქილა „ნუტელა“, ზღვის მარილი ზემოდან მოსაყრელად

კარაქი სქელძირიანი პატარა ქვაბით შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და "ვხალოთ" სანამ ყავისფერი არ გახდება. შიგადაშიგ ვურიოთ. როგორც კი გაყავისფრდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ ოთახი ტემპერატურამდე. ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, მარილი და სოდა და გადავდოთ გვერდზე. გაგრილებული კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ კრემის კონსიტენციამდე. ჩავათქვიოთ კვერცხი, კვერცხის გული, ვანილი და მაწონი. მარილიანი ფქვილი გადავურიოთ ხის კოვზით ან ნიჩბით. ბოლოს დავუმატოთ შოკოლადებიც. ცომს გადავაფაროთ ცელოფანი და მაცივარში შევდგათ მინიმუმ 2 საათით. კარგად ჩავაცივოთ „ნუტელაც“ (ეს აუცილებელი პროცედურაა ცომიდან თხევადი შიგთავსი გარეთ რომ არ გამოვიდეს).
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. თითო სუფრის კოვზი ცომი დავაბურთაოთ ცივი ხელებით, ცერა თითით შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება და ამ ჩაღრმავებაში მოვათავსოთ 1 ჩ/კ „ნუტელა“. ნუტელას თავზე ცომი ფრთხილად შევკრათ (საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ცომი გამოიყენეთ). გამზადებული ბურთულა დავდოთ პერგამენტდაფენილ ლანგარზე და მაცივარში შევდოთ სანამ ყველა ბურთულას არ გავამზადებთ.
მზა ბურთები ერთმანეთისგან მოშორებით დავალაგოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფირფიტაზე და ძალიან ნაზად დავაწვეთ, დავაბრტყელოთ. ზემოდან მოვაყაროთ ცოტაოდენი ზღვის მარილი. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 9-11 წუთი. 
პეჩენიები გარედან რომ შემაგრდება და შეოქროსფერდება, უკვე მზადაა. ჯერ კიდევ ცხელი რბილი უნდა იყოს, გაცივების მერე გამაგრდება. გამოვიღოთ ღუმელიდან, რამდენიმე წუთი საცხობ ფირფიტაზე დავტოვოთ, მერე კი გადმოვიღოთ და ბოლომდე გავაგრილოთ. 


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ძველეგვიპტელი მეწაღეები და თბილისური "ტრუსარდი"

Approved by Gourmet Guide


სანამ თანამედროვე მოდის ტენდენციებს გავეცნობოდეთ, მინდა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ ფეხსაცმლის შექმნის ისტორია. ფეხსაცმელები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8–9 საუკუნეში გამოიგონეს და მათ სხვადასხვა მასალისგან ამზადებდნენ. მაგალითად ეგვიპტეში აქტიურად იკერებოდა სანდლები პაპირუსისგან. სამწუხაროდ, მათი ტარების უფლება მხოლოდ ფარაონებს ჰქონდათ. თქვენ წარმოიდგინეთ, არათუ უბრალო ადამიანები,  არამედ ფარაონის ცოლებიც კი ფეხშიშველები დადიოდნენ. ქმრებისგან განსხვავებით მათაც კი არ ჰქონდათ პაპირუსის სანდლების ტარების პატივი. სწორედ ეგვიპტეს უკავშირდება დღეს ასეთი პოპულარული მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შექმნა.
სანდლებს ატარებდნენ ძველი ბერძნებიც, რომელიც ცხოველის ტყავისგან იკერებოდა. ძველ ბერძნულ და ეგვიპტურ სანდლებს გრძელი თასმები ჰქონდათ, რომელიც მუხლთან იკვრებოდა. იმედია, ასთი სტილის ფეხსაცმელი მოსახერხებელი იქნებოდა  სახმარად. ე.წ  „შუზის“ ანუ ნახევარჩექმის გამოგონება კი ბიზანტიელების დამსახურებაა. წლების მანძილზე ძველბერძნულმა და ეგვიპტურმა სანდლებმა ტრანსფორმაცია განიცადა. შეიცვალა სტილი, მასალა, ქუსლის ფორმა და ასე შემდეგ. შედეგად მე–17 საუკუნიდან მოდაში შემოდის მაღალი, წვრილქუსლიანი ფეხსაცმელები.
ნეტავ, რა გვეშველებოდა ქალებს ასეთი სტილის ფეხსაცმელი რომ არ გამოეგონებინათ. ნეტავ,  რის კოლექციის შეგროვებას დაიწყებდა 21–ე  საუკუნის პოპულარული სერიალ „Sex and the City”–ს  მთავარი გმირი კერი ბრედშოუ?! მე–17 საუკუნის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იმდენად დიდი ქუსლი ჰქონდა, რომ საბრალო ქალები მხოლოდ ჯოხის დახმარებით გადაადგილდებოდნენ. გამახსენდა: „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!“ თურმე ადრე ქუსლის ფერსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად წითელი ფერის ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება მხოლოდ სამეფო გვარის  წარმომადგენლებს ჰქონდათ.
საბედნიეროდ, დღეს ყველა ქალს შეუძლია იმ ფეხსაცმლის ტარება, რომელიც მოსწონს მიუხედავად ქუსლის ფერისა და სტილისა.
ეხლა კი თანამედროვე მოდის ტენდენციების შესახებ: მოდით ვნახოთ რას გვთავაზობს  ჩემი საყვარელი ბრენდი Roberto Cavalli. როგორც ყოველთვის ამ ბრენდის ფეხსაცმელები შექმნილია უმაღლესი ხარისხის ტყავით. ამჯერად კავალი არც თუ ისე ღია მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და ჩექმებს გვთავაზობს. კავალის მოდელები უნიკალურია თავისი ორიგინალური დეკორაციებით.
ვისაც სპორტული ფეხსაცმელი მოსწონს მისთვის საინტერესო იქნება Nero Giardiniგანსაკუთრებით მინდა აღვნიშნო  თუ რაოდენ დახვეწილია ნეროს მამაკაცის  ფეხსაცმლის კოლექცია.
არანაკლებ საინტერესოა Moschino-ს ქუსლიანი  სანდლები და ე.წ ბალეტკები ანუ ტაპკები (მაპატიეთ რუსული სიტყვების გამოყენებისთვის). ტაპკები წელსაც ისევე მოდაშია, როგორც გასულ წელს. რაც უფრო დიდი ვარდი ან ბაფთა ამშვენებს ამ სტილის ფეხსაცმელს, მით უფრო მოდურია იგი. 
მე რამოდენიმე ბრენდი შემოგთავაზეთ, მაგრამ ჩემო კარგებო, დამერწმუნეთ, ხანდახან არაბრენდი, უბრალო მაღაზიაში 50 ლარად  შეძენილი და გემოვნებით შეკერილი ფეხსაცმელი  შეიძლება უფრო გემოვნებით იყოს შერჩეული, ვიდრე რომელიმე ბრენდის ქმნილება.
ასე რომ, თუ რომელიმე მოდელი მოგეწონათ და ის ძალიან ძვირი ღირს ან კიდევ  საერთოდ ვერ იშოვეთ, ქართველი მეწაღეები შესანიშნავად შეგიკერავენ მის ანალოგს. ერთ–ერთ იტალიურ ჟურნალში Trussardi – ს ფეხსაცმელს წავაწყდი. სამწუხაროდ ისეთი ფეხსაცმელი ვერსად ვიშოვე. ამიტომ ერთ–ერთ  ქართველ მეწაღეს მივადექი ჩემი ჟურნალით. ერთი კვირის შემდეგ  მასთან დავბრუნდი  შეკერილი ფეხსაცმლის გამოსატანად.  ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როდესაც ხელში ზუსტად ისეთივე ფეხსაცმელი, მეჭირა როგორსაც გამწარებული დავეძებდი მთელს დუნიაზე.
როდესაც ჩემი ფეხსაცმლით აღფრთოვანებულმა მეგობრებმა მკითხეს: „რა მაგარიაააა, ეს იტალიიდან ჩამოიტანე?“. მეც ავდექი და თავმომწონედ ვუპასუხე:  „ არა, ეს Achiko Trussardia”! :)”.
                                             
კეთილი სურვილებით,  თქვენი იფიგენია დაუთფაიერი

კოვბოური პეჩენიები

Approved by Gourmet Guide


კოვბოური პეჩენიები
1 ½ ჭ ფქვილი, 1 ჩ/კ სოდა, ¾ ჩ/კ მარილი, 100 გრ კარაქი, 100 გრ არაქისის კარაქი, 100 გრ შაქარი, 100 გრ ლერწმის შაქარი, 2 მსხვილი კვერცხი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 2 ჭ „ჰერკულესი“, 400 გრ დაჩეჩქვილი შავი შოკოლადი, 1 ჭ წვრილად დაჭრილი არაქის

გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი, სოდა და მარილი. გადავდგათ გვერდზე. მიქსერით გავთქვიფოთ შაქარი, არაქისის კარაქი და კარაქი სანამ კარაქი კრემის კონსისტენციის არ გახდება, სათითაოდ ჩავათქვიფოთ კვერცხები. მერე დავუმატოთ ვანილი. თანდათანობით გადავურიოთ ფქვილის და კაკაოს ნარევი. ჩავურიოთ ჰერკულესი, შოკოლადი და არაქისი.
საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტის ქაღალდზე კოვზით ერთმანეთისგან მოშორებით დავსვათ ცომის პატარა ბურთები და სველი თითებით ან კოვზის ზურგით ცოტათი დავაწვეთ და დავაბრტყელოთ (ცხობისას ცომი კიდევ უფრო გადნება და გაიფლაშება). ვაცხოთ დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში. პეჩენიები გარედან რომ შემაგრდება და შეოქროსფერდება, უკვე მზადაა. ჯერ კიდევ ცხელი რბილი უნდა იყოს, გაცივების მერე გამაგრდება. გამოვიღოთ ღუმელიდან, რამდენიმე წუთი საცხობ ფირფიტაზე დავტოვოთ, მერე კი გადმოვიღოთ და ბოლომდე გავაგრილოთ. ზევიდან მოვაწუწოთ კარმელის სოუსი და მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ქალის უწყინარი მავნე ჩვევები

Approved by Gourmet Guide


საქმის ნაკლებობა ქალებში ხშირად პატარ-პატარა უწყინარ მავნე ჩვევებს აღვიძებს.  ეს ლოგიკურიცაა - სახლში მობზრიალე ადამიანი უქმად ჩამოსაჯდომად იშვიათად იცლის, აი, სამსახურში კი, როცა ნაკლებად დატვირთული დღე გამოერევა (ხანდახან რამოდენიმეც, ერთმანეთის მიყოლებით), პრინციპით „დრო როგორ გავიყვანოთ?“ იწყება ყავის გაუთავებლად მოდუღება, მოსაწევად წარამარა გასვლა, კომპიუტერული პასეანსების შლა, უთავბოლო უშინაარსო ქაქანი და სამსახურიდან გაპარვის მცდელობა საყიდლების ან თუნდაც ვიტრინების დათვალიერების მიზნით.
მსგავსი უსაქმურობის ჟამს ერთმა ჩემმა თანამშრომელმა კბილის ექიმთან წასვლა მოიმიზეზა, უფროსს ერთი საათით დაეთხოვა და ახლომახლო არსებული მაღაზიების შემოსარბენად გაქანდა. ამ გადარბენაში თავი ავეჯის მაღაზიაშიც ამოჰყო და დიდი ხის ნანატრი ჭაღი დაინახა. ისე გაერთო,  სულ დაავიწყდა, სტომატოლოგთან რომ „იყო წასული“, სამსახურში უზარმაზარი ჭაღით ხელდამშვენებული დაბრუნდა და გახარებულ გულზე შენაძენი უფროსსაც ამაყად აჩვენა.
მავნე ჩვევების სია საკმაოდ გრძელია, თუმცა ზოგიერთი მათგანი სრულიად უწყინარია. ისეთი ქალებიც არსებობენ, რომლებსაც სისუფთავეზე ზრუნვა და აკურატულობა ჰიპერტოფირებულ ხარისხში აჰყავთ. ასეთმა ქალმა რეცხვა თუ მოინდომა, ვერანაირი ამინდი (უფრო სწორად, უამინდობა) ვერ შეაჩერებს და მერე უკვირს, თითქმის გამშრალი სარეცხი წვიმამ რატომ დაუსველა. ერთმა ახლობელმა ხერხემლის საკმაოდ მძიმე ოპერაცია გადაიტანა. ბევრ სხვა შეზღუდვასთან ერთად, ექიმებმა სარეცხ მანქანასთან, ცოცხთან და მსგავს მოწყობილობებთან ურთიერთობა (მოკლედ, ოჯახური საქმეების კეთება) კარგა ხნით აუკრძალეს. სისუფთავეზე მანიაკალურად გადარეულმა ქალმა იყოჩაღა და ერთ დღესაც, უკაცრავად, ერთ ღამეს უზარმაზარი სახლის ორმოცივე ფანჯარა ერთი ხელის მოსმით დაწმინდა. იკითხავთ, „კი მაგრამ, რატომ მაინცდამაინც ღამით?“ რატომ და, მეზობლებს რომ არ ეთქვათ, ეს ახლადნაოპერაციები ქალი რამ გააგიჟა და, ლოგინში წოლის ნაცვლად, ფანჯრებს რას ეტაკაო.
ზოგიერთი ასეთი ჩვევა მართლაც ახირებაში გადადის. ბევრს ვიცნობ, უგუნებოდ მყოფი, დაგროვებული უარყოფითი ენერგიის ამოსაფრქვევად ავეჯთან ბრძოლას რომ იწყებს. რასაც თვითონ მოერევა, აქეთ-იქით დაახრიგინებს და საკუთარი „შემოქმედებით“ ტკბება, რასაც ვერა და, დამხმარე ძალას (ქმარ-შვილს, მეზობელს ან შემთხვევით შემოსწრებულ ინკასატორს) იხმობს და ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებს.
საკუთარი „ბუდის“ კეთილმოწყობის გარდა, ქალს ზოგადად გადაკეთების ჟინიც ხშირად იპყრობს ხოლმე. ჩემი ერთი ახლობელი, ტანსაცმელს შერჩევისას - რაც არ უნდა უხდებოდეს და მის ტანზე იყოს შეკერილი, - რამე წუნს აუცილებლად უპოვის და დაუყოვნებლივ შეუდგება ნივთის „გადასხვაფერებას“ - ხან სახელოს დაავიწროვებს, ხან სიგრძეს დაუმოკლებს, შარვლიდან ქვედაბოლოს „შექმნის“,
 კაბას გადაჭრის და ჟილეტად აქცევს. უკიდეგანო ფანტაზიის პატრონია და, უნდა ითქვას, ჭრა-კერვა და ხელსაქმეც კარგად ეხერხება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მისი ასეთი ფუსფუსის შედეგად, ბევრ იდეალურ ნივთს კარადის ნაცვლად თავი ნაგვსაყრელზე ამოუყვია.
ისეთებსაც ვიცნობ, ვინც მოწყენილობას თმის ფერის ან ვარცხნილობის შეცვლით ებრძვის. ეგ არაფერი, ამ შემთხვევაში თვითონ „ზარალდება“. ვაი იმის მარჩენალებს და ოჯახის წევრებს, ვინც უგუნებობას ასე იქარვებს და ცუდ განწყობას უსარგებლო ნივთების განურჩევლად ყიდვით „მკურნალობს“. თავის გასამართლებად, ამას სამეცნიერო სახელიც კი შეარქვეს - „შოფინგთერაპია“.
ერთი ჩემი ნაცნობი ერთხელ ისე გაერთო, ქმარს ამოცარიელებული და ბოლომდე გასვლეპილი საკრედიტო ბარათი დაახვედრა. სახლში დახვავებული ფუთების დანახვაზე ქმარს ხმა-კრინტი არ დაუძრავს და წარბიც არ აუწევია, მაგრამ როცა მეორე დღეს კარზე მუშებმა მიუკაკუნეს და უზარმაზარი შიფონერი აუყუდეს, ერთი დაიკვნესა, „ეს სად წავიღოთ, დასადგამი ადგილი რომ არ გვაქვს?“ იმ გამოუყენებული კარადის ნაწილები დღემდე გარაჟში უწყვიათ. ბუხარიც არა აქვთ, შეშად რომ გამოიყენონ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

შოკოლადის პეჩენიები კარამელით

Approved by Gourmet Guide


შოკოლადის პეჩენიები კარამელით
2 ½ ჭ ფქვილი, 1 ჩ/კ სოდა, ¼ ჩ/კ მარილი, 150 გრ კაკაო, 100 გრ კარაქი, 100 გრ შაქარი, 100 გრ ლერწმის შაქარი, 2 მსხვილი კვერცხი, 1 ჩ/კ ვანილის ექტრაქტი, 200 გრ დაჩეჩქვილი შავი შოკოლადი, 100 გრ დაჭრილი ნიგოზი, 100 გრ დაჭრილი კანფეტი ირისი, მლაშე კარამელის სოუსი ზევიდან მოსაწუწად

გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი, სოდა, მარილი და კაკაო. გადავდგათ გვერდზე. მიქსერით გავთქვიფოთ შაქარი და კარაქი სანამ კარაქი კრემი კონსისტენციის არ გახდება, სათითაოდ ჩავათქვიფოთ კვერცხები. მერე დავუმატოთ ვანილი. თანდათანობით გადავურიოთ ფქვილის და კაკაოს ნარევი. ჩავურიოთ შოკოლადი, ნიგოზი და ირისიც.
საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტზე კოვზით ერთმანეთისგან მოშორებით დავსვათ ცომის პატარა ბურთები და სველი თითებით ან კოვზის ზურგით ცოტათი დავაწვეთ და დავაბრტყელოთ (ცხობისას ცომი კიდევ უფრო გადნება და გაიფლაშება). ვაცხოთ დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში. პეჩენიები გარედან რომ შემაგრდება და შეოქროსფერდება, უკვე მზადაა. ჯერ კიდევ ცხელი რბილი უნდა იყოს, გაცივების მერე გამაგრდება. გამოვიღოთ ღუმელიდან, რამდენიმე წუთი საცხობ ფირფიტაზე დავტოვოთ, მერე კი გადმოვიღოთ და ბოლომდე გავაგრილოთ. ზევიდან მოვაწუწოთ კარმელის სოუსი და მივირთვათ.

მლაშე კარამელის სოუსი
1 ჭ შაქარი, ¼ ჭ წყალი, ¾ ჭ ნაღები, 3 ½ ს/კ კარაქი, 1 ჩ/კ ზღვის მარილი ან ჩვეულებრივი მარილი
სქელძირიან პატარა ქვაბში მოვათავსოთ შაქარი და წყალი და შემოვდგათ საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე სანამ შაქარი არ გადნება. ავუწიოთ ცეცხლი და წამოვადუღოთ. ნუ მოურევთ! ვადუღოთ დაახლოებით 5-6 წუთი სანამ სიროპი მუქი ოქროფერი არ გახდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ფრთხილად გადავურიოთ ნაღები (მასა ბუშტებს გაიკეთებს). გადავურიოთ ცივი კარაქი და მარილიც. ჩავასხათ ქილებში. ინახება 2 კვირა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

თეთრი შოკოლადის პეჩენიები ალუბლის ჩირით

Approved by Gourmet Guide


თეთრი შოკოლადის პეჩენიები ალუბლის ჩირით
100 გრ დარბილებული კარაქი, 100 გრ ლერწმის შაქარი, 100 გრ შაქარი, 1 კვერცხი, 1 ½ ჭ ფქვილი, ½ ჩ/კ სოდა, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, ¼  ჩ/კ მარილი, 150 გრ დაჩეჩქვილი თეთრი შოკოლადი, 100 გრ დაჭრილი მაკადამიური თხილი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოხალული ჩვენებური თხილით), 200 გრ დაკურკული ალუბლის ჩირი

გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ფართო ჯამში ავთქვიფო კარაქი და შაქარი სანამ კარაქი კრემის კონსისტენციის არ გახდება (დაახლოებით 3-5 წუთი). ჩავათქვიფოთ კვერცხი და ვანილი. ცალკე ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი, სოდა და მარილი. ხის ნიჩაბით ფრთხილად გადავურიოთ ფქვილი ათქვეფილ კარაქს. დავუმატოთ თეთრი შოკოლადი, თხილი და ალუბლის ჩირი.
საცხობ ფორფიტაზე დაფენილ პერგამენტზე კოვზით ერთმანეთისგან მოშორებით დავსვათ ცომის პატარა ბურთები და სველი თითებით ან კოვზის ზურგით ცოტათი დავაწვეთ და დავაბრტყელოთ (ცხობისას ცომი კიდევ უფრო გადნება და გაიფლაშება). ვაცხოთ დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში. პეჩენიები გარედან რომ შემაგრდება და შეოქროსფერდება, უკვე მზადაა. ჯერ კიდევ ცხელი რბილი უნდა იყოს, გაცივების მერე გამაგრდება. გამოვიღოთ ღუმელიდან, რამდენიმე წუთი საცხობ ფირფიტაზე დავტოვოთ, მერე კი გადმოვიღოთ და ბოლომდე გავაგრილოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ორგზის შოკოლადის პეჩენიები

Approved by Gourmet Guide


ორგზის შოკოლადის პეჩენიები ნაიჯელა ლოუსონისგან
125 გრ მინიმუმ 70% კაკაოს შემცველობის შავი შოკოლადი, 150 გრ ფქვილი, 30 გრ კაკაო, 1 ჩ/კ სოდა, ½ ჩ/კ მარილი, 125 გრ კარაქი ოთახის ტემპერატურის, 75 გრ ლერწმის შაქარი, 50 გრ შაქარი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 1 კვერცხი მაცივრიდან, 350 გრ დაჩეჩქვილი შავი შოკოლად

გავახუროთ ღუმელი 170°C-მდე. 125 გრ შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე. ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, სოდა და მარილი. გადავდოთ გვერდზე. მეორე ჯამში მიქსერით გავთქვიფოთ კარაქი, შაქრის პუდრა და ორივე შაქარი, სანამ შაქარი არ გადნება და კარაქი კრემის კონსისტენციის არ გახდება (დაახლოებით 3-4 წუთი). დავუმატოთ ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული შოკოლადი. დავუწიოთ მიქსერის სიჩქარეს და ჩავათქვიფოთ ცივი კვერცხი და ვანილიც. სამზარეულოს ნიჩბით ჯამის გვედებზე შერჩენილი ცომი ჩამოვფხიკოთ და დავრწმუნდეთ რომ ყველა ინგრედიენტები კარგადაა ერთმანეთში გადარეული. ჩავაყაროთ დაჩეჩქვილი შოკოლადიც და მოვურიოთ კოვზით ან ნიჩბით.
საცხობ ფირფიტაზე დაფნილ პერგამენტზე კოვზით ერთმანეთისგან მოშორებით დავსვათ ცომის პატარა ბურთები და სველი თითებით ან კოვზის ზურგით ცოტათი დავაწვეთ და დავაბრტყელოთ (ცხობისას ცომი კიდევ უფრო გადნება და გაიფლაშება). ვაცხოთ დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში. პეჩენიები გარედან რომ შემაგრდება და შეოქროსფერდება, უკვე მზადაა. ჯერ კიდევ ცხელი რბილი უნდა იყოს, გაცივების მერე გამაგრდება. გამოვიღოთ ღუმელიდან, რამდენიმე წუთი საცხობ ფირფიტაზე დავტოვოთ, მერე კი გადმოვიღოთ და ბოლომდე გავაგრილოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

თავსდამჩხავლებლები და თავსდაჩხავლებულნი

Approved by Gourmet Guide


„ფეისბუქზე“ ერთ პეტერბურგელ თუ მოსკოველ ქართველს დავუმეგობრდი - ჩემი ხნის და ჩემი ჭკუის ახალგაზრდა ქალს. აღმოჩნდა რომ ორივე „Candy Crash Saga“-ს ვთამაშობთ. მორიგ ტურში რომ იჭედება, ჩემთან შემოდის ჩატში და მოთქვამს. მეც მოთმინებით ვამშვიდებ, რომ თავადაც მის დღეში ვარ. ერთ დღეს მითხრა: იმედია, არ გაწუხებ, შენთან წუწუნი კარგად მაქვს დაცდილი. როგორც კი შემოგჩივლებ, მაშინვე გავდივარ ტურსო. ბევრი ვიცინე და აღარ გავუმხილე, რომ წუწუნს რამდენიმე დღის წვალების მერე იწყებს და თამაშის პრინციპიდან გამომდინარე, ამხელა „პაუზის“ მერე პროგრამა უშვებს თვითონ და ჩემი კარგი თვალი, ფეხი ან ამ შემთხევაში ხელი, რომლითაც კლავიატურაზე ვაკაკუნებ მასთან საუბრისას, ნამდვილად არაფერ შუაშია. ერთ დღესაც ისევ დამატყდა თავს და დაინტერესდა ყავაში ჩახედვა ან კარტის გაშლა ხომ არ ვიცი და სანამ გაოცებას მოვასწრებდი იქვე განმიმარტა, რომ პრობლემები აქვს და ჩემი კარგი აურა და წინასწარმეტყველური ნიჭი ჭირდება, რომელიც მისი დაკვირვებით აუცილებლად უნდა მქონდეს, თორემ გეფიცებით, მსგავსი რამ არასდროს გამიმჟღავნებია. ისე ვიხალისე სკაიპში შორეული რუსეთიდან კომპიუტერის კამერისკენ მოშვერილი ყავის ჭიქის წარმოდგენაზე, რომ გულწრფელად დამწყდა გული მსგავსი ტალანტისა და ცოდნის არარსებობასა და ჩემს არშემდგარ საერთაშორისო მკითხავის კარიერაზე.
ეს ამხელა შესავალი კი სულ სხვა რაღაცას მოვაყოლე და რასაც აწი დავწერ ჩემს ზემოხსენებულ მეგობარს, რომელიც ძალიან ძალიან მიყვარს, ნამდვილად არ ეხება. ასევე „ფეისბუქსა“ თუ მის გარეთ, რეალურ ცხოვრებაში მყავს რამდენიმე მოკეთე, რომლებმაც როგორც ვხვდები, სანამ საკუთარ საქმეზე წავლენ, ასევე კარგად დაცადეს ჩემთან წუწუნი - უფრო სწორად ჩემს თავს დაჩხავლება, დატირება და დავიშვიშვება. არა, არ გეგონოთ სხვისი გასაჭირის მოსმენა და მოყვასის გვერდში დადგომა მეზარებოდეს. ამ კატეგორიის ადამიანების მიზანი თავიანთი გასაჭირის მოყოლა კი არა, შენთვის ხასიათის გაფუჭებაა. მაგალითად, ერთი ჩემი კლასელი ყოველ საღამოს შესაშური სიჯიუტით რეკავს და ტყუილზე რომ გამოგიჭერენ, კუთხეში მიგიმწყვდევენ და შერცხვენას გიპირებენ ისეთი ხმით მეკითხება: „აბა, აბა, ჩქარა მითხარი, რა მოხდა განსაკუთრებული და კარგი! ჰა, რა იყიდე, სამსახურში თუ დაგაწინაურეს, ახალი და საინტერესო ხომ არ გამოჩენილა ვინმე?“ მეც ყოველ დღე გაფუჭებული რადიოლასავით მონოტონურად ვუმეორებ რომ სტაბილური მშვიდობა მაქვს, საკუთარი თავით და ცხოვრებით ვტკბები და ახალი გაზის ინკასატორის გარდა არავინ გამიცვნია. იიც, ძალიან ცუდიო, ხალისიანი ხმით ასკვნის და ჩემდამი ყოველგვარი ინტერესის დაკარგვას აღარც მალავს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მერე რაც არ უნდა ვუთხრა, არ მისმენს და საერთოდ არ ადარდებს ჩემს ცხოვრებაში რა ხდება. მთავარია, თავისი უარყოფითი აურა დამაფერთხა და ჩემს კეთილდღეობაში შემატანინა ეჭვი.
არადა, ყველაფერი შედარებითია, როცა ვპასუხობ რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ვგულისხმობ რომ არც ახალი ბინა მიყიდია, არც მანქანა და არც სამსახური გამომიცვლია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი რამეები არც სხვის ცხოვრებაში ხდება ყოველდღიური და თუნდაც ყოველწლიური სიხშირით. ჰა, კიდევ რა შეიძლება იყოს ასეთი სიახლე? ვთქვათ, გათხოვება, რაც ცხოვრებაში საერთოდ ერთხელ, ჯანდაბას, ორჯერ ხდება ხოლმე. კარგი ანუ გამორჩეული რომ არ ხდება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი მოხდა რამე. და ბევრი ასეთი არამკითხე მოამბისგან განსხვავებით, არც ავად ვარ, არც ვალებში ვიხრჩობი, არც ქმარი მცემს, არც დედამთილი მიკეთებს ჯადოს და არც უახლოეს დაქალთან ან ქმრის საყვარელთან მაქვს გამიშვი-და-გაგიშვებ.
რაც შეეხება ყოველდღიურ ცხოვრებას: იქით სტუმრობა-აქეთ სტუმრები, კინოში წავლა, საყიდლებზე სიარული, ჭორების გაცვლა-გამოცვლა და კვირაში მინიმუმ ხუთი დღე მეგობრებთან ერთად ყავის სმა გინდა შინ და გინდა გარეთ, ჩემი ცხოვრების განუყოფელი და ძალიან საიამოვნო ნაწილია და განსაკუთრებული მოვლენების და გამარჯობის მერე სახარებელი ამბების რიცხვში ნამდვილად არ შედის. ჩემ დღევანდელ ცხოვრებაში რას შევცვლიდი? არაფერს. აი, საბანკო ანგარიშზე ვინმე ღვთისნიერი 5 მილიონს თუ ჩამირიცხავს, თორემ იმდენად გავზულუქდი, შეიძლება სამი-ოთხი დღე ბანკშიც არ წავიდე ფულის გამოსატანად. მერე კი, იცოცხლე, ხუთივე ლიმონს „განვუჩენს წესსა თვისსას“.
ეტყობა სწორედ ეს „თვითკმაყოფილი“ განწყობა მოჩანს ეგზომ საეჭვოდ შორიდან და ამიტომ  შემომზლუქუნებს ხოლმე ჩემი რამდენიმე ახლობელი დღეგამოშვებით დაახლოებით ერთიდაიგივე ტექსტით: „რა გვეშველებაააა?!?!“ ჰმ, როდის მერე გვაქვს საერთო პრობლემები რომ ერთად ვიყოთ საშველი?  მაგრამ, პასუხი გაცემას ვერ ვაწრებ, რომ მეორე, კიდევ უფრო ჩამჭრელი კითხვა გამოდის კომპიუტერიდ მონიტორზე: „ქენი რამე?“. ჯერ ერთი, სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცი რა უნდა მექნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გუშინაც, გუშინ წინაც და იმის წინაც ხომ ვუპასუხე რომ არავფერს ვაპირებდი? თუმცა, მისია შესრულებულია: ამ მოკლე და ღრმაშინაარსიანი დიალოგის მერე დამშვიდებული გულით და ალბათ მოხდილი მოვალეობის შეგრძნებითაც, რომ საგონებელში ჩამაგდეს - "ნეტავ, რა უბედურება ტრიალებს ჩემს თავს" - დაუმშვიდობებლად გადიან და აგრძელებენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას.
აი, ახლაც ჩემი და ერთი ჩემი ნათესავის დიალოგის ნაწილი:
(შუა საუბარიდან)
- აბა, კიდევ რა ხდება ახალი და კარგი? (ბოლოში ღრმა ხვნეშა, უკვე ჩანს რომ ჩემგან კარგს ისედაც არ ელის რამეს)
- არაფერი, სტაბილური მშვიდობა. (ოპტიმისტურად)
- ძალიან ცუდი. (ტრაგიკული ხმით)
- და რას ელოდი ახალს და კარგს? (ჩემში ღრიანკალმა გაიღვიძა)   
- არც არაფერს. აბა, კარგად...
და, გაბუტული მიკიდებს ყურმილს.
ზუსტად გუშინ შევჩივლე, რომ რაღაც მართლა სერიოზული პრობლემების გამო პოლიციაში ვაპირებდი წასვლას, არც გახსენებია და არც უკითხავს რა ვქენი. აი, ეს კი რომანივით საკითხავი და ძალიან სასაცილო ისტორიაა, რომელსაც მალე აუცილებლად მოგიყვებით. საიდუმლოდ გაგიმხელთ, ჯერ ფინალს ველოდები.

საუკეთესო სურვილებით, თქვებნი მერი პოპინსი

შოკოლადის პეჩენია ბანანით

Approved by Gourmet Guide


შოკოლადის პეჩენიანია ბანანით მარტა სტიუარტისაგან
1 ½ ჭ ფქვილი, 1 ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ სოდა, 150 გრ კარაქი ოთახი ტემპერატურის, ½ ჭ შაქარი, ½ ჭ ლერწმის შაქარი, 1 მსხვილი კვერცხი, 1 ½ ჩ/კ ვანილის ექტრაქტი, ½ ჭ მწიფე ბანანი ჩანგლით დასრესილი, 1 ჭ მიუსლი (ჰერკულესი), 250 გრ შავი შოკოლადი დაჩეჩქვილი, ½ ჭ მსხვილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. ორ ცალ საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, სოდა და მარილი. გადავდოთ გვერდზე. მეორე ჯამი მიქსერით გავთქვიფოთ კარაქი და ორივე შაქარი, სანამ შაქარი არ გადნება და კარაქი კრემის კონსისტენციის არ გახდება (დაახლოებით 3-4 წუთი). დავუწიოთ მიქსერის სიჩქარეს და ჩავათქვიფოთ კვერცხი, ბანანი და ვანილი. თანდათანობით დავუმატოთ სოდიანი ფქვილიც. სამზარეულოს ნიჩბით ჯამის გვედებზე შერჩენილი ცომი ჩამოვფხიკოთ და დავრწმუნდეთ რომ ყველა ინგრედიენტი კარგადაა ერთმანეთში გადარეული. ჩავაყაროთ ჰერკულესი, ნიგოზი, დაჩეჩქვილი შოკოლადიც და მოვურიოთ კოვზით ან ნიჩბით.
კოვზით ერთმანეთისგან მოშორებით დავსვათ საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტზე ცომის პატარა ბურთები და სველი თითებით ან კოვზის ზურგით ცოტათი დავაწვეთ და დავაბრტყელოთ (ცხობისას ცომი კიდევ უფრო გადნება და გაიფლაშება). ვაცხოთ დაახლოებით 12-13 წუთის განმავლობაში. პეჩენიები გარედან რომ შემაგრდება და შეოქროსფერდება, უკვე მზადაა. ჯერ კიდევ ცხელი რბილი უნდა იყოს, გაცივების მერე გამაგრდება. გამოვიღოთ ღუმელიდან, რამდენიმე წუთი საცხობ ფირფიტაზე დავტოვოთ, მერე კი გადმოვიღოთ და ბოლომდე გავაგრილოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

„ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი...“

Approved by Gourmet Guide


კარგად მახსოვს, გასული საუკუნის შორეულ 90-იან წლებში, გაგანია უშუქობასა და უგაზობაში, ერთ ზამთარს თბილისში უჩვეულოდ დიდი ყინვები დაიჭირა. სწორედ მაშინ ვნახე სიცოცხლეში პირველად და იმედია, უკანასკნელად ყინულით შეჭირხლული საკუთარი საძინებლის ფანჯრები. ამბობდნენ, რომ ღამ-ღამობით მინუს თექვსმეტ გრადუსამდეც კი ეცემაო ტემპერატურა. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი იმისთვის გავიხენე, რომ სწორედ იმ დღეებში გააკეთა ცნობილმა ქართველმა ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა პროგნოზი: სამშაბათს ღამით ტყეში ნუ წახვალთ სახიფათოა, და ოთხშაბათ ღამის ოთხიდან ხუთ საათამდე დაუგეგმავ ოპერაციას თირკმელზე ნუ გაიკეთებთო... ჯერ ერთი, გაუგებარია კარგი საქმისთვის და საკუთარი ნებით რატომ უნდა წახვიდე დეკემბრის გაგანია ყინვაში ღამით ტყეში და ასტროლოგობა არ ჭირდება იმის წინასწარმეტყველებას, რომ ეს საქმე კარგად არ დამთავრდება; და, მეორე - ვინ იკეთებს ღამოს ოთხიდან ხუთ საათამდე დაგეგმილ ოპერაციას გნებავთ თირკმელზე და გნებავთ ცხვირზე?
პირადად მე, ცაგარელის მომსახურებით არასდროს მისარგებლია. სიმართლე გითხრათ, 50 დოლარის უაზოდ გადაყრა მენანება. მით უმეტეს, ზუსტად ვიცი რომ ამ პროგნოზებს მისი დავალებით სხვები აკეთებენ. ჩემს მეგობარს, კი რომელსაც გაუმართლა და ნაცნობობით პირადად ცაგარელის შედგენილი ჰოროსკოპი აქვს, ჯერ არაფერი ახდენია (ჰოროსკოპში მითითებული რამდენიმე ღიშესანიშნავი თარიღი უკვე გაიმაზა კიდეც). თუმცა, დღევანდელი თემა ცაგარელის კრიტიკა სულ არ გახლავს, უბრალოდ, სიტყვამ მოიტანა და გამახსენდა.
დღეს ასტროლოგიის საერთაშორიოს დღეა!
ჩემი გამოცდილებიდან, ყველაზე მეტად 10 წის წინანდელი „ახალი თაობის“ ჰოროსკოპი ამართლებდა (ამჟამინდელზე ვერაფერს გეტყვით, „ახალი თაობა“ ისევ გამოდის თუ არა, ისიც აღარ ვიცი).
 საკმარისი იყო, წამეკითხა, დღეს ფულს მიიღებთო, რომ ხელფასის დღე თუ არ იყო, პირდაპირ მამაჩემთან მივდიოდი; „ჰოროსკოპი რომ გამართლდეს, ამაზე შენს გარდა ვერავინ იზრუნებს“-თქო და იქვე ვახსენებდი შესანიშნავ ქართულ სიტყვის „მამა-მარჩენლის“ მნიშვნელობას.
არა, ნამდვილად არ ვუარვყოფ რომ ასტროლოგიური ნიშნების ზოგადი დახასიათება, ასევე ზოგადად, ნამდვილად ემთხვევა კონკრეტული ადამიანების ხასიათს, მაგრამ ნაცნობ-მეგობრებისა და ცხოვრების თანამგზავრის ჰოროსკოპით შერჩევა წმინდა წყლის სიგიჟედ მეჩვენება. კარგად მახსოვს, ჩემი კლასელის აწ უკვე პირველმა ცოლმა 20მაისს საკეისრო მხოლოდ იმიტომ გაიკეთა და უდღეური ბავში იმიტომ გააჩინა, რომ „ტყუპი“ შვილი არ უნდოდა და შეეცდა „კუროს“ დღეებში მოესწრო. საავადმყოფოშო დედამითლის ჩათვლით ყველა ოჯახის წევრ მოაწერინეს ხელი, რომ იცოდნენ რასაც აკეთებდნენ. საბედნიეროდ, ბავშვი კი ჯანმრთელი გაიზარდა, მაგრამ დედის ფსიქიკურ სიჯანსაღეზე რა მოგახსენოთ.
მახსოვს, ფეისბუქზე წავიკითხე, რომ ერთ საკმაოდ მსხვილ ქართულ კომპანიაში თანამშრომლებს ჰოროსკოპის მიხედვით არჩევენ... თუმცა, აღარ მიკვირს. ამას წინათ, HR-ისა და კლიენტის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნის ორკვირიან კურსებზე მივიღე მოწვევა და ლექციების ჩამონათვალი რომ ვნახე, ძირითადად ასტროლოგიის გავლენა ადამიანის ფსიქოლოგიაზე, ჰოროსკოპის ნიშანთა შორის ურთიერთ დამოკიდებულება და მსგავსი თემები შედიოდა პროგრამაში. ეს სიამოვნება კი 400 ლარი ჯდებოდა. ისე კარგია, კლიენტს რომ კითხავ, ჰოროკოპის რომელი ნიშნის ქვეშაა დაბადებული და ვთქვათ, მორიელებს აღარ მოემსახურები, ან ვერძებისთვის მომსახურების საფასურს გაზრდი. კიდევ შეიძლება ყოველი კონკრეტული ნიშნის კლიენტისთვის კონკრეტული თანამშომელი გყავდეს საკონტაქტო პირად, იმისდა მიხედვით, რა ნიშანს რომელი ნიშანი ჩმორავს...
მდა, მართლა საინტერესოა სანამდე შეიძლება მივიდეს მარტივად ფულის შოვნის სურვილით შეპყრობილი ადამიანი ფანტაზია!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

რაც მოგივა დავითაო...

Approved by Gourmet Guide



რამდენიმე წლის წინ ერთმა ჩემმა თანამშრომელმა, თავმომწონედ განაცხადა: „ეს გოიმები (კოლეგებს გულისხმობდა) ტანსაცმელის საყიდლად ფასდაკლებას ელოდებიან, მე კი ყველაფერს გამოსვლისთანავე, რაც ღირს იმდენად ვყიდულობო“. მაშინ ბევრი ვიცინე - მართლა დაგოიმებული ვინ გამოდიოდა ვინც უთუსბირს იხდიდა ის თუ  ფასდაკლების მშვიდად მომლოდინე ისედაც ნათლად ჩანდა, მაგრამ ზოგადად თუ შეგიმჩნევიათ, რომ ჩვენში რაიმის სიძვირეზე დაწუწუნება დაბალ დონედ და ქაჯობად ითვლება? და, შესაბამისად, ძალიან სვეცკი სახით ვიხდით 30 მილილიტრიან ესპრესოში შვიდ ლარს და სალათ ცეზარად წოდებულ ას გრამ სალათის ფოთოლში თოთხმეტს.
თუ ვინმე ლოგიკურად ამიხსნის რატომ ღირს სალათის ფოთლების ბუჩქში ჩაგდებული 2 ნაკუწი განაყინი ქათმის ფილე და 4 კუბიკი ორცხობილა (სალათა „ცეზარი“) სამჯერ უფრო ძვირი ერთ პორცია ქათმის სალათაზე, რომელშიც ხორციც მეტია და მაიონეზიც, ახლავე მივატოვებ წერას.
პირობა აქვე უნდა დავარღვიო და საკუთარ აღშფოთებას თვითონ უნდა ვუპასუხო: იმიტომ რომ ქაჯები ვართ და საკუთარ სიგოიმეში ვიხდით საკუთარი შრომით ნაშოვნს. ქათმის სალათით ვის გააკვირვებ და აი, „ცეზარი“ თუ ჭამე, მაგარი ხარ. მერე რა რომ თბილისური „ცეზარს“ ნამდვილთან იმ ყბადაღებული სალათის ფოთლების გარადა არაფერი აკავშირებს.
ათიოდე წლის წინ, თბილისურ ელიტაში შემთხვევის წყალობით გავერიე და ხუთი თუ ექვსი ნუ, ძაან მაგარი, ნუ, ძალიან დონე ქალის კვნესა-ოხვრა-კრუტუნი ვისმინე მთელი საღამო, როგორ აააფრენდნენ და გიიიჟდებოდნენ კუსკუსსზე, რომელიც ლაპარაკიდან როგორც ჩანდა, არცერთმა იცოდა რა იყო. გულში უხმოდ ვიხალისე და არ გავუმხილე, რომ ეს თავისთავად საკმაოდ უგემური და უსახური აფრიკული გარნირი ძირითადი კერძიც კი არ იყო და შეუძლებელია ასე გიყვარდეს.
ამას წინათ, ჭავჭავაძეზე, „ბრიოშ დ'ოროში“ დავლიეთ ყავა. ჯერ იყო და ბარის მაგიდასთან მომსახურე გოგონამ ნამცხვრის ნაჭრის შუაზე გაჭრაზე გვითხრა უარი, არ ვიცი როგორ იჭრებაო. არა, ნახევარს კი არ ვყიდულობდით, რამდენიმეს გასინჯვა და ერთმანეთისთვის განაწილება გვინდოდა. როგორც ჩანს, დანასთან ვერ იყო ყოჩაღად. მერე 50 გრამ პრაქტიკულად უშაქრო და ნამდვილად უკარაქო მოხარშული კრემით და 5-6 ჟოლოთი მორთულ ხარისხიან, მაგრამ ძალიან ზომიერად გემრიელ ტარტალეტკაში ექვსი ლარი გადავიხადეთ, ტორტ „ოპერას“ კი სოდის გემო და ხანდაზმულობისგან შემხმარი ჩამონაჭერი კიდეები ქონდა. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ამ „ოპერას“ ჩემთვის და  მსოფლიოსთის ცნობილ „ოპერასთან“ მხოლოდ კაკაო აერთიანებდა, მაგრამ საკუთარ შემოქმედებას რას დაარქმევენ, მათი ნებაა და ამიტომ გავჩუმდები.
ამ ზაფხულს ბათუმში ყოფნისას ჩემმა აბორიგენმა მეგობრებმა ყოფილ პიონერთა პარკში გახსნილ „ცეროდენას“ გაუწიეს რეკომენდაცია და მოგვშივდა თუ არა, ჩვენც იქით გავეშურეთ. ბართან მიახლეობა ვერ მოვაწარით, რომ წინ მრისხანე სახის ბარმენი გადაგვეღობა და მომახალა: „რა გინდა?!“ არჩევას და კითხვის დასმას ვინღა გაბედავდა, პირველი რაც დავინახეთ კედელზე გამოკრულ სურათებზე - კიევური კატლეტი შევუკვეთეთ. სამს მოგვიტანეს 2 თეფში და უმი კიევური კატლეტი. დავუძახეთ ოფიციანტს და ვაჩვენე, უმია-თქო. მერეო? - მომიგო ოფიციანტმა. მელიას მიგავს რამე-მეთქი?. რა, უნდა წავიღოო?
კვლავაც ბათუმში, ასევე პოპულარულ „ოქროს გასაღეში“ გვერდით მაგიდასთან სამი აჭარული ხაჭაპური მიიტანეს: „ცომგამოცლილი თქვენ შეუკვეთეთო?“, „არაო“, „ჰმ! მაშინ გამოუცლელიაო“ - მაგრამ ნომერი არ გაუვიდათ, მაგიდასთან ენერგიული ქალი აღმოჩნდა და ცომგაცლილი ხაჭაპურები ისევე გაატანა უკან, როგორც მოუტანეს. მაგრამ ამის მერე მიმტანების აღშოთებული სახეები და უსიტყვო წყევლითა და საყვედურით სავსე თვალები უნდა გენახათ.
ეს ყველაფერი კი ჩვენი ბრალია, სანამ საკუთარი თავის პატივიცემას არ ვისწავლით და სანამ ყველანაირ მომსახურებაზე თანახმა ვიქნებით, არაფერი გვეშველება. გოიმობა სიძვირეზე წუწნუნი კი არა, იაფიანი პაკეტის ჩაიში საუკეთესო ხარისხის ცეილონის ჩაის საფასურს რომ ვიხდით ეგაა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. „კარფურის“ „მარტინი“ გასინჯეთ? მომკალით და ვანილის გემო დაკრავს...

შოკოლადის პეჩენიები მარილით

Approved by Gourmet Guide


შოკოლადის პეჩენიები მარილით
( www.epicurious.com )
გამოდის 24 ცალი
1 ½ ჭ ფქვილი, ½ ჩ/კ სოდა, ½ ჩ/კ მარილი, 100 გრ კარაქი ოთახი ტემპერატურის, ¾ ჭ ლერწმის შაქარი, ½ ჭ შაქარი, ¼ ჭ შაქრის პუდრა, 2 მსხვილი კვერცხის გული, 1 მსხვილი კვერცხი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვანილიანი შაქრით), 250 გრ წვრილად დატეხილი შავი შოკოლადი, ზღვის მარილი (იყიდება აფთიაქებში)
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. ორ ცალ საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, სოდა და მარილი. მეორე ჯამი მიქსერით გავთქვიფოთ კარაქი, შაქრის პუდრა და ორივე შაქარი, სანამ შაქარი არ გადნება და კარაქი კრემის კონსისტენციის არ გახდება (დაახლოებით 3-4 წუთი). დავუწიოთ მიქსერის სიჩქარეს და ჩავათქვიფოთ კვერცხი და კვერცხის გულები, ბოლოს ვანილიც. თანდათანობით დავუმატოთ სოდიანი ფქვილიც. სამზარეულოს ნიჩბით ჯამის გვედებზე შერჩენილი ცომი ჩამოვფხიკოთ და დავრწმუნდეთ რომ ყველა ინგრედიენტი კარგადაა ერთმანეთში გადარეული. ჩავაყაროთ დაჩეჩქვილი შოკოლადიც და მოვურიოთ კოვზით ან ნიჩბით.
საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტზე კოვზით, ერთმანეთისგან მოშორებით დავსვათ ცომის ბურთები და სველი თითებით ან კოვზის ზურგით ცოტათი დავაწვეთ და დავაბრტყელოთ (ცხობისას ცომი კიდევ უფრო გადნება და გაიფლაშება). ზემოდან მოვაყაროთ სულ ცოტა ზღვის მარილი. ვაცხოთ დაახლოებით 10-12 წუთის განმავლობაში. პეჩენიები გარედან რომ შემაგრდება და შეოქროსფერდება, უკვე მზადაა. ჯერ კიდევ ცხელი რბილი უნდა იყოს, გაცივების მერე გამაგრდება. გამოვიღოთ ღუმელიდან, რამდენიმე წუთი საცხობ ფირფიტაზე დავტოვოთ, მერე კი გადმოვიღოთ და ბოლომდე გავაგრილოთ. შევინახოთ ოთახი ტემპერატურაზე.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შვედური სემლა (Semla)- კრემიანი ფუნთუშა ყველიერისთვის

Approved by Gourmet Guide


შვედური სემლა (Semla
გამოდის 16 ფუნთუშა
2 კვერცხი, 75 გრ გამდნარი კარაქი, 1 ½ ჭ თბილი რძე, 25 გრ მშრალი საფუარი, 5 ჭ ფქვილი, ½ ჭ შაქარი, ½ ჩ/კ მარილი, 1 ჩ/კ დაფქული ილი, 1 ჭ ფქვილი,1 ჩ/კ სოდა, ½ ჭ რძე, 150 გრ მარციპანი, 2 ჭ ცხიმიანი ნაღები, 2 ს/კ შაქარი, შაქრის პუდრა ზემოდან მოსაფრქვევად

ფართო ჯამში ავთქვიფოთ კვერცხები, გამდნარი კარაქი და რძე. დავუმატოთ საფუარი და გავაჩეროთ 5 წუთი. ცალკე ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ გაცრილი 5 ჭ ფქვილი, ½ ჭ შაქარი, მარილი და დაფქული ილი. საფუარიანი რძე ბუშტუკებს რომ გაიკეთებს გადავურიოთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. გადავაფაროთ ჩაის ტილო და თბილ ადგილას დავდგათ 30 წუთით.  1ჭ ფქვილი და სოდა ერთმანეთში გადავურიოთ და ჩავაზილოთ ამოსულ ცომში. ცომი დავყოთ 16 თანაბარ ნაწილად და გავაკეთოთ ბურთები. დავალაგოთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე, გადავაფაროთ ჩაის ტილო და თბილ ადგილას გავაჩეროთ 35-40 წუთი. გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. ფუნთუშები შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ ორქოსფრად არ დაიბრაწება. გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ ოთახი ტემპერატურამდე.
ფუნთუშები რომ გაგრილდება თავები წავაჭრათ და გადავდოთ გვერდზე. კოვზით ან ბასრი დანით ამოვღრუტნოთ ფინთუშების გული. ამონღრუტნი რბილობი დავპუტოთ პატარა ნაწილებად და ჩავყაროთ ჯამში, დავალბოთ რძეში და გადავურიოთ მარციპანიც. ვზილოთ კოვზით სანამ ერთგვაროვან და რბილ, სქელი კრემის კონისტენციის მასას არ მივიღებთ. საჭიროების შემთხვევაში დავუმატოტ რძე. ავთქვიფოთ ნაღები 2 ს/კ შაქართან ერთად, სანამ ნაღები ფორმის შენარჩუნებას არ დაიწყებს. ამოღრუტნული ფუნთუშები ამოვავსოთ მარციპანის კრემით. ზემოდან ათქვეფილი ნაღები გადავუსვათ დაახლოებით 1,5 სმ-ს სისქეზე და ზემოდან მოჭრილი თავი დავახუროთ. მოვაყაროთ შაქრის პუდრა და გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Aligot - კარტოფილი პიურე ყველით

Approved by Gourmet Guide


სიმართლე გითხრათ, ალიგოტი და განსაკუთრებულად მისი ფოტო რადენიმე ხნის წინ ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოცვანელი მწყემების მიერ ჩაზელილი ღომი ჩემი თვალით მქონდა ნანახი და ყველიანი ჭადის ფქვილის კერძის - პოლენტას არსებობა უკვე დიდი ხანია ვიცი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შუაგულ ევროპაში ჩვენი ელარჯის ანალოგს ვნახავდი სადმე. პირინეული ალიგოტი ელარჯისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადი კერძია, გარნირის (მიაყოლებლის) მოვალეობას ასრულებს და მას ხორციან კერძებთან ან დაბრაწულ შინაურ კუპატთან ერთად მიირთმევენ. ერთი სიტყვით, ალიგოტში ყველს ღომის ნაცვლად კარტოფილის პიურეში ურევენ და ცოტაოდენ ნიორსა და კარაქს უმატებენ. ცენტრალურ საფრანგეთში ანუ ალიგოტის სამშობლოში ძირითადად შემდეგ ყველის სახეობებს იყენებენ: Tomme Fraîche-ს, Laguiole-სა და  Cantal-ს, თუმცა ასევე ხშირად ანაცვლებენ მათ ბრიტანული ჩედერითა და იტალიური მოცარელათი, რაც იმა ნიშნავს, რომ ჩვენებური სულგუნიც (ოღონდ რძიანი) იდეალურად გამოდგება, მაშ ასე:

ალიგოტი - Aligot
(Larousse Gastronomique-ს რეცეპტით)
1 კგ კარტოფილის ფონდანტისგან (ძალიან დაბალ ცეცხლზე კარაქში გამომცხვარი კარტოფილი) მოვამზადოთ პიურე, დავუმატოთ 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 1 ს/კ ბეკონისგან გამომდნარი ქონი და ცოტაოდენი რძე პიურეს გასათხელებლად. პიურე შემოვდგათ ბონ მარიზე (მდუღარე წყლის აბაზანაზე), დავუმატოთ 575 გრ თხლად დაჭრილი ყველი Laguiole (ან სულგუნი) და კარგად ჩავზილოთ ხის ჩოგნით. ვზილოთ სანამ ყველი არ გადნება და პიურეში არ გადაიზილება. პიურე რბილი, ელასტიური და პრიალა რომ გახდება, ალიგოტი მზადაა.

კარტოფილის ფონდანტი
კარტოფილი გავთალოთ და მომცრო კვერცხის ზომის ნაჭრებად დავჭრათ. დავბრაწოთ კარაქში 5 წუთის განმავლობაში. გადავწუროთ შენაწვავი კარაქი. დავუმატოთ ახალი კარაქი (100 გრ 1 კგ კარტოფილზე), ტაფას თავსახური დავაფაროთ და Ыევდგათ 150°C-მდე გახურებულ ღუმელში. კარტოფილი რომ შეიწვება, ზემოდან 4 ს/კ ქათმის ბულიონი მოვაწუწოთ და დაველოდოთ ცხელი კარტოფილი ბულიონს როდის შეიწოვს.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინი

ტეხასური ჩილი - Texas Chili

Approved by Gourmet Guide


ტეხასური ჩილი - Texas Chili
2,5 კგ საქონლის რბილი ხორცი დაჭრილი 2,5 სმ-იან კუბიკებად, ½ ჭ ზეთი, 2 ჭ წვრილად დაჭრილი ხახვი, 6 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 2 ს/კ ხმელი წიწაკა დაფქული, 1 ს/კ ხმელი წიწაკის ფანტელები, 1 ს/კ ან გემოვნებით ცხარე კაიენური წიწაკა დაფქული (კაიენური წიწაკა ჩვეულებრივი ჩილისგან განსხვავდება ფერით - უფრო მოსატაფილოსფრო-მოალისფროა, ვიდრე წითელი და ჩვენთან იყიდება, ოღონდ ისიც ჩვეულებრივი ცხარე წიწაკა გვგონია), 2 ს/კ ძირა დაფქული, 2 მწვანე წიწაკა თესლგაცლილი და წვრილად დაჭრილი, 1 დაფნის ფოთოლი, 6 ჭ კუბიკებად დაჭრილი თესლ და კანგაცლილი პამიდორი, მარილი და ახალდაფქული პილპილი, ½ ჭ მაგარი შავი ყავა, 500 გრ წინასწარ მოხარშული ლობიო (ან მისი კონსერვი), 2 ს/კ წვრილად დაჭრილი შაშკვლამის ან რეჰანის ფოთლები;
მისაყოლებლად: არაჟანი, გახეხილი ყველი ჩედერი და პამივრის სალათი
ასევე უხდება, მექსიკური ტორტილიას ჩიპსები და გუაკამოლეს სოუსი

დიდი ზომის სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და ხორცის კუბიკები პორცია-პორციად ყველა მხრიდან დავბრაწოთ. დაბრაწული ხორცი გადმოვიტანოთ ლანგარზე, მის შენაწვავ ზეთში კი მოვთუშოთ ხახვი და ნიორი საშუალო ცეცხლზე (ნუ დავხრაკავთ). დაახლოებით 8-10 წუთში, როცა ხახვი გამჭვირვალე გახდება დავუმატოთ ხმელი წიწაკები, წიწაკის ფანტელები, ძირა და ვთუშოთ კიდევ ერთი წუთი (ამდენი წიწაკა მეტისმეტად თუ გეჩვენებათ მწვანე წიწაკა მწვანე ბულგარულით ჩაანაცვლეთ, ხმელი კი დაფქული პაპრიკით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ აუთენტიკური ჩილი, ძალიან, ძალიან ცხარე უნდა იყოს. მის სიცხარეს მისაყოლებელი პამიდორი, არაჟანი და სოუსი გუაკამოლე ანეიტრალებს). მერე დავუმატოთ მწვანე წიწაკა, დაფნის ფოთოლი და დაჭრილი პამიდორი თავისი წვენით. ქვაბში ჩავაბრუნოთ დაბრაწული ხორციც, მოვაყაროთ 1 ჩ/კ მარილი და 1 ჩ/კ ახალდაფქული პილპილი და წამოვადუღოთ. ჩავუწიოთ ცეცხლი, დავაფაროთ თავსახური და ვთუშო 2 ½ საათი. დროდადრო მოვურიოთ. გავსინჯოთ, საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ მარილი და პილპილი. ჩავასხათ ყავა, დავაფაროთ თავსახური და კიდევ 1 საათი ვათუხთუხოთ. ბოლოს, დავუმატოთ ლობიო, რეჰანის ფოთლები და ლობიო როგორც კი შეთბება - ჩილი მზადაა. გადავიტანოთ ლამაზ ჭურჭელში. ჭამისას ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ჩედერი, კუბიკებად დაჭრილი პამიდორი, მოვასხათ არაჟანი და გემრიელად მივირთვათ. მივაყოლოთ ტორტილიას ჩიპსები (იყიდება უპერმარკეტებში) და სოუსი გუაკამოლე.

გუაკამოლე
(ელტონ ბრაუნის რეცეპტი)
3 მწიფე ავოკადო კურკა და კანგაცლილი და შუაზე გაჭრილი, 1 ლაიმის წვენი, ½  ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ დაფქული ძირა, ½ ჩ/კ დაფქული კაიენური წიწაკა, ½ საშუალო ზომის ხახვი დაჭრილი წვრილად, ½ მწვანე წიწაკა (სასურველია ხალაპენიო) თესლგაცლილი და წვრილად დაჭრილი, 2 პამიდორი თესლგაცლილი და პატარა კუბიკებად დაჭრილი, 1 ს/კ ქინძის ფოთლები დაჭრილი, 1 კბილი ნიორი დასრესილი

ჯამში ჩანგლით პიურედ ვაქციოთ ავოკადოს რბილობი და მოვასხათ ლაიმის (ან ლიმონის) წვენი და კარგად გადავურიოთ. ლიმონის წვენს კარგად თუ არ გადავურევთ, ავოკადოს პიურე გაშავდება და ლამაზი მწვანე ფერის აღარ იქნება. მერე გადავურიოთ მარილი, ძირა და წიწაკა. დავუმატოთ ხახვი, პამიდორი, მწვანე წიწაკა, ქინძი და ნიორიც. გავაჩეროთ ოთახი ტემპერატურაზე 1 საათი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი