რაც მოგივა დავითაო...

Approved by Mary Poppins



რამდენიმე წლის წინ ერთმა ჩემმა თანამშრომელმა, თავმომწონედ განაცხადა: „ეს გოიმები (კოლეგებს გულისხმობდა) ტანსაცმელის საყიდლად ფასდაკლებას ელოდებიან, მე კი ყველაფერს გამოსვლისთანავე, რაც ღირს იმდენად ვყიდულობო“. მაშინ ბევრი ვიცინე - მართლა დაგოიმებული ვინ გამოდიოდა ვინც უთუსბირს იხდიდა ის თუ  ფასდაკლების მშვიდად მომლოდინე ისედაც ნათლად ჩანდა, მაგრამ ზოგადად თუ შეგიმჩნევიათ, რომ ჩვენში რაიმის სიძვირეზე დაწუწუნება დაბალ დონედ და ქაჯობად ითვლება? და, შესაბამისად, ძალიან სვეცკი სახით ვიხდით 30 მილილიტრიან ესპრესოში შვიდ ლარს და სალათ ცეზარად წოდებულ ას გრამ სალათის ფოთოლში თოთხმეტს.
თუ ვინმე ლოგიკურად ამიხსნის რატომ ღირს სალათის ფოთლების ბუჩქში ჩაგდებული 2 ნაკუწი განაყინი ქათმის ფილე და 4 კუბიკი ორცხობილა (სალათა „ცეზარი“) სამჯერ უფრო ძვირი ერთ პორცია ქათმის სალათაზე, რომელშიც ხორციც მეტია და მაიონეზიც, ახლავე მივატოვებ წერას.
პირობა აქვე უნდა დავარღვიო და საკუთარ აღშფოთებას თვითონ უნდა ვუპასუხო: იმიტომ რომ ქაჯები ვართ და საკუთარ სიგოიმეში ვიხდით საკუთარი შრომით ნაშოვნს. ქათმის სალათით ვის გააკვირვებ და აი, „ცეზარი“ თუ ჭამე, მაგარი ხარ. მერე რა რომ თბილისური „ცეზარს“ ნამდვილთან იმ ყბადაღებული სალათის ფოთლების გარადა არაფერი აკავშირებს.
ათიოდე წლის წინ, თბილისურ ელიტაში შემთხვევის წყალობით გავერიე და ხუთი თუ ექვსი ნუ, ძაან მაგარი, ნუ, ძალიან დონე ქალის კვნესა-ოხვრა-კრუტუნი ვისმინე მთელი საღამო, როგორ აააფრენდნენ და გიიიჟდებოდნენ კუსკუსსზე, რომელიც ლაპარაკიდან როგორც ჩანდა, არცერთმა იცოდა რა იყო. გულში უხმოდ ვიხალისე და არ გავუმხილე, რომ ეს თავისთავად საკმაოდ უგემური და უსახური აფრიკული გარნირი ძირითადი კერძიც კი არ იყო და შეუძლებელია ასე გიყვარდეს.
ამას წინათ, ჭავჭავაძეზე, „ბრიოშ დ'ოროში“ დავლიეთ ყავა. ჯერ იყო და ბარის მაგიდასთან მომსახურე გოგონამ ნამცხვრის ნაჭრის შუაზე გაჭრაზე გვითხრა უარი, არ ვიცი როგორ იჭრებაო. არა, ნახევარს კი არ ვყიდულობდით, რამდენიმეს გასინჯვა და ერთმანეთისთვის განაწილება გვინდოდა. როგორც ჩანს, დანასთან ვერ იყო ყოჩაღად. მერე 50 გრამ პრაქტიკულად უშაქრო და ნამდვილად უკარაქო მოხარშული კრემით და 5-6 ჟოლოთი მორთულ ხარისხიან, მაგრამ ძალიან ზომიერად გემრიელ ტარტალეტკაში ექვსი ლარი გადავიხადეთ, ტორტ „ოპერას“ კი სოდის გემო და ხანდაზმულობისგან შემხმარი ჩამონაჭერი კიდეები ქონდა. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ამ „ოპერას“ ჩემთვის და  მსოფლიოსთის ცნობილ „ოპერასთან“ მხოლოდ კაკაო აერთიანებდა, მაგრამ საკუთარ შემოქმედებას რას დაარქმევენ, მათი ნებაა და ამიტომ გავჩუმდები.
ამ ზაფხულს ბათუმში ყოფნისას ჩემმა აბორიგენმა მეგობრებმა ყოფილ პიონერთა პარკში გახსნილ „ცეროდენას“ გაუწიეს რეკომენდაცია და მოგვშივდა თუ არა, ჩვენც იქით გავეშურეთ. ბართან მიახლეობა ვერ მოვაწარით, რომ წინ მრისხანე სახის ბარმენი გადაგვეღობა და მომახალა: „რა გინდა?!“ არჩევას და კითხვის დასმას ვინღა გაბედავდა, პირველი რაც დავინახეთ კედელზე გამოკრულ სურათებზე - კიევური კატლეტი შევუკვეთეთ. სამს მოგვიტანეს 2 თეფში და უმი კიევური კატლეტი. დავუძახეთ ოფიციანტს და ვაჩვენე, უმია-თქო. მერეო? - მომიგო ოფიციანტმა. მელიას მიგავს რამე-მეთქი?. რა, უნდა წავიღოო?
კვლავაც ბათუმში, ასევე პოპულარულ „ოქროს გასაღეში“ გვერდით მაგიდასთან სამი აჭარული ხაჭაპური მიიტანეს: „ცომგამოცლილი თქვენ შეუკვეთეთო?“, „არაო“, „ჰმ! მაშინ გამოუცლელიაო“ - მაგრამ ნომერი არ გაუვიდათ, მაგიდასთან ენერგიული ქალი აღმოჩნდა და ცომგაცლილი ხაჭაპურები ისევე გაატანა უკან, როგორც მოუტანეს. მაგრამ ამის მერე მიმტანების აღშოთებული სახეები და უსიტყვო წყევლითა და საყვედურით სავსე თვალები უნდა გენახათ.
ეს ყველაფერი კი ჩვენი ბრალია, სანამ საკუთარი თავის პატივიცემას არ ვისწავლით და სანამ ყველანაირ მომსახურებაზე თანახმა ვიქნებით, არაფერი გვეშველება. გოიმობა სიძვირეზე წუწნუნი კი არა, იაფიანი პაკეტის ჩაიში საუკეთესო ხარისხის ცეილონის ჩაის საფასურს რომ ვიხდით ეგაა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. „კარფურის“ „მარტინი“ გასინჯეთ? მომკალით და ვანილის გემო დაკრავს...

0 კომენტარი.:

Post a Comment