ქალების მეტისმეტად ხილული ფობიები

Approved by Gourmet Guide

ჩემმა თანაბლოგერმა მამაკაცების შიშებსა და ფობიებზე ვრცლად ისაუბრა. ამაზე ლაპარაკი უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ კაცების მიმართ ტაქტს გამოვიჩენ და ჩემთვის უფრო აქტუალურ თემას მივხედავ - ქალების შიშებს. არც ფსიქოლოგი ვარ და არც ადამიანის ბუნების დიდი სპეციალისტი, ამიტომ მხოლოდ საკუთარი და ჩემს ირგვლივ მყოფი „თანამოგასაჭირეების“ გამოცდილებას დავეყრდნობი.
მაშ ასე, რისი ეშინია ე.წ. „სუსტ სქესს“? შევეშვათ მარტოობის, ავადმყოფობის, ღალატის, სხვა სერიოზულ და გლობალურ შიშებს და მივხედოთ ჩვენს ქალურ პატარ-პატარა დელიკატურ გულისშფოთვებს. მთავარი და ძირითადი შიში: ასაკის (დაბერების) და, აქედან გამომდინარე, ნაოჭების, ჭაღარის, სიმსუქნის, ცელულიტის და ა.შ. (თუ ატყობთ, რომ კაცების ფობიებს ძალიან ჰგავს? რა ვუყოთ, ერთი ცომიგან ვართ მოზელილი). მართალია, პროგრესი (ამ შემთხვევაში მედიცინა-კოსმეტოლოგიას ვგულისხმობ) წინ ისეთი ნაბიჯებით მიდის, ძლივს ვეწევით, მაგრამ შიში არსად მიდის, ის მუდამ ჩვენთანაა (ერთადერთი, ვის ღალატსაც ადვილად ავიტანდით, მაგრამ ეს ოხერი, მეტისმეტად ერთგულია).
მე, მაგალითად, გულმავიწყობის მეშინია. არა, სკლეროზს და ალცჰეიმერს არ ვგულისხმობ, იქამდე, იმედია, ჯერ შორსაა. ქალების გონებაგაფანტულობაზე რომ ვწერდი, ერთი ისტორია გამორჩა, რომელიც ერთ ნაცნობს დაემართა. დილით სახლიდან გასვლამდე ქვედაბოლო დააუთოვა, მერე გაემზადა, გალამაზდა, მიიღებ-მოიღება, სამკაულები აისხა (ეს არ დაავიწყდა!), მანქანაში ჩაჯდა და სამსახურს მიაშურა. მანქანიდან თავმომწონედ რომ გადმოვიდა და გამვლელების, მათ შორის ერთი-ორი თანამშრომლის, გაოგნებული და გამკიცხავი მზერა დაიჭირა, მერეღა შეამჩნია, რომ... საგულდაგულოდ დაუთოებული ქვედაბოლო სახლში დავიწყნია!

კიდევ თაგვების და ღამურების მეშინია. ეს ბევრისთვის ნაცნობი გრძნობაა, როცა პატარა და უწყინარი წრუწუნას დანახვაზე ანგარიშმოუცემლად წიოკს ტეხს და უახლოეს სკამზე ძვრება, ანდა ღამურისგან თავ- და თმადასაცავად სასწრაფოდ იფხატებს პირველივე ხელში მომხვდარ ქსოვილს. სხვათა შორის, ის აზრი, რომ ღამურამ თმაში „ჩაფრენა“ იცის, სისულელეა. ჩემი თუ არ გჯერათ, ნაცნობ ბიოლოგ-ზოოლოგებს ჰკითხეთ და ისინი აგიხსნიან, ღამურა შემთხვევით თუ „დაგეჯახათ“, თორემ თმასთან არაფერი ესაქმება და არც მაინცდამაინც თქვენს ქოჩორში გაბლანდვა უნდა.

ახლა გარეგნობასთან დაკავშირებულ შიშს მივხედოთ. ცელულიტი ჯერ-ჯერობით არ მემუქრება. თმის ცვენას რაც ეხება, შესაშური დალალები არც არასდროს მქონია და ამიტომ ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტე - ოპტიმალური ვარცხნილობა მოვძებნე და თავი „ქუდში მაქვს“ (ვისაც სიქაჩლე ადარდებს, ვარცხნილობა კი არა, პარიკი შეირჩიოს). თმასთან დაკავშირებით, სიმელოტის გარდა, მეორე, კიდევ უფრო უსიამოვნო პრობლემაც არსებობს, რომელიც ნორმალურ ქალს შიშის ზარს ჰგვრის: სამედიცინო ენაზე ამას „ჭარბთმიანობა სახეზე“ ჰქვია, ანუ „წვერ-ულვაში“, რაც მამაკაცებს შეიძლება ძალიანაც ამშვენებს, აი, ქალებს კი... თუმცა გამოსავალი ბევრია და არჩევანიც დიდი, ასე რომ, სათანადო მოვლის შემთხვევაში, ესეც ტრაგედია არ არის.

ნაოჭებს ვერსად გავექცევით, გვემატება და გვემატება, მაგრამ გამოსავალი აქაც მოინახება: გონივრული მაკიაჟი! ნაოჭები ძალიან თუ გაწუხებთ, იცოდეთ: ამასობაში ბოტოქსი გამოუგონიათ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ კანის „გასწორების“ ძალიან პოპულარული მეთოდი არსებობს (უცხოეთში ამავე მეთოდს ტუჩების დაბერვისთვისაც იყენებენ): პაციენტის სახის კანქვეშ მისივე საჯდომიდან აღებულ ცხიმს უშხაპუნებენ. ასე რომ, ძალიან გაუთოებულ-გადაპრიალებული სახის პატრონს შეხვედრისას სანამ გადაკოცნით, გაიხსენეთ, სინამდვილეში რას ეამბორებით.
წონას დარეგულირებაც შესაძლებელია (გეთანხმებით, ადვილი არ არის - ასაკთან ერთად უფრო მეტ და მეტ მსხვერპლს ითხოვს). ზოგისთვის დიეტის დაწყების სტიმული მოსალოდნელი წვეულება ან ზღვაზე სეზონის დაწყებაა, ზოგისთვის მაღაზიის ვიტრინაში საოცნებო, მაგრამ ორი ზომით პატარა კაბის დანახვა. თუმცა აქაც არ უნდა გადააჭარბოთ, ის არ დაგემართოთ, რაც ერთ ჩემს ნაცნობს: ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე საფრანგეთიდან დიდი ზარ-ზეიმით საქორწილო კაბა ჩამოიტანა. გასუქების შეეშინდა და თადარიგი დაიჭირა: ჭამას მოუკლო. ქორწილამდე ერთი თვით ადრე კაბა მოიზომა და აღმოაჩინა, რომ თვითონ ისე დაპატარავებულ-დაწვრილებულიყო, კაბის მკერავთან წაღება და გადაკეთება მოუწია. ჭამასაც მოუმატა. ეგ არაფერი, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე კაბა კიდევ ერთხელ მოისინჯა და აი, უბედურება: თურმე ამასობაში წონაში მოუმატებია! დარჩენილი დღეები ყველა გაწამდა, პატარძალიც (საწყალს ლუკმა აღარ ჩაუდია) და მისი ახლობლებიც (პატარძლის მოთქმა-გოდებას ისმენდნენ), მკერავების მთელი ბრიგადა თავს იმტვრევდა, აწ დაპატარავებული კაბა ზომაში როგორ გაეზარდათ. საბოლოოდ, ეს ამბავი კარგად დამთავდა, ჩემი ნაცნობი საკუთარ ქორწილში თავს ამ ნალოლიავები და გატანჯული კაბით იწონებდა.

კარგი, ზემოხსენებული შიშები გარეგნობასთანაა დაკავშირებული, ლოგიკურიცაა და გასაგებიც. მაგრამ არსებობს უფრო აბსურდული წუხილებიც. მაგალითად, ერთი ჩემი მეგობარი, ტკბილ სიტყვას არ დაინანებს, ახალ შენაძენსაც მოგიწონებს, ქათინაურსაც გულწრფელად გეტყვის, მაგრამ არ მოისვენებს, სანამ იგივეს არ მოიპოვებს. ვიღაცა ამას შურს დაარქმევს, მე კი „სხვისი უპირატესობის შიშს“ ვეძახი.
კაცების ფობიებს მიძღვნილ სტატიაში მოყვანილმა „ბოტულიზმის ისტორიამ“  რამდენიმე ნაცნობ-მეგობარი გამახსენა. ეტყობა, ავადმყოფობის შიშიც ხშირი და „გადამდებია“. გახსოვთ თბილისში ერთ დროს დიფტერიის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა?  აი, სწორედ იმ პერიოდში ერთმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა და დაიჟინა, რომ მაშინვე მასთან მივსულიყავი. მივედი და რას ვხედავ: საწოლში ყელშეხვეული წევს,  ხელში დიდი სარკე უჭირავს, პირი უკიდეგანოდ აქვს დაფჩენილი და დაზაფრული სარკეში აკვირდება. დამინახა თუ არა, „მოდი, მოდი, ყელში ჩამხედეო“ და იქვე ამიხსნა:  „უეჭველად დიფტერია მჭირს და კარგად დამაკვირდიო“. ერთი კი აღვშფოთდი, რომელი ექიმი და ხუნაგის სპეციალისტი მე მნახა? იმაზე არ მიფიქრია, მართლა რომ სჭირდეს, მეც ხომ გადამედებოდა. არა, იმიტომ კი არა, რომ ძალიან გულადი ვარ, უბრალოდ, ამ ადამიანს  კარგად ვიცნობ და მსგავსიც არაერთხელ გაუკეთებია. „ბოტულიზმის პოპულარობის ეპოქაში“ ახალ წელს მეგობრები ერთად ვხვდებოდით. ამ გოგონამ ბადრიჯნის მწნილი გასინჯა, ემჟავა და საკუთარ თავს განაჩენი იქვე გამოუტანა - „ბოტულიზმი“! კიდევ კარგი, ჭკუა გვეყო და მოვატყუეთ: ინკუბაციური პერიოდი 3 საათამდე დავიყვანეთ. სამივე საათი  გოგონამ მდუმარედ გაატარა, თან გაფაციცებული საათს უყურებდა. დათქმული დრო გავიდა თუ არა, „ამჯერად გადავრჩი“-ს ძახილით წამოხტა. თვითონ „გადარჩა“, ჩვენ კი საღამო ჩაგვიშხამდა...

ამბობენ, რომ სინამდვილეში რაღაცის კი არა, საკუთრივ შიშის გვეშინია. ვცადოთ და თამამად გავუსწოროთ თვალი რეალობას, უსიამოვნო სინამდვილე შეძლებისდაგვარად გამოვაკეთოთ, გავაუმჯობესოთ, არ დავიზაროთ, სადღაც რაღაცა მოვიკლოთ, რაღაცა დავთმოთ და ხანდახან იმ ფილმის პერსონაჟივით გავიხსენოთ: Я – самая обаятельная и привлекательная! და ყველაზე უშიშარიც! მერე რა, რომ წლები გვემატება და ჭკუა გვაკლდება, ნაკლიც გვაქვს და არაერთი... დამიჯერეთ: უნაკლობა რომ არსებობდეს, ეგეც ნაკლი იქნებოდა.
უფ, რამდენი დამიწერია! და კიდევ რამდენის დაწერა შეიძლება... წავალ ერთი, სარკეში ჩავიხედავ!!!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

ტოსკანური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე „მხცოვანი“ წევრი „კანტუჩინი“

Approved by Gourmet Guide

ნუშის ორცხობილა „კანტუჩი“ (ან „კანტუჩინი“) პირველად მოხსენიებულია აკადემია დელა კრუსკას მე-17 საუკუნის ლექსიკონში, მაგრამ სახელი მოგვიანებით გაითქვა, როცა 1867 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა. წარმოშობით პრატოელია, ანუ ჭეშმარტი ტოსკანელი (ასეც ეძახიან: „ორცხობილა პრატოდან“). გადმოცემის თანახმად, მისი წარმოშობა დაკავშირებულია ფაქტთან (რაც სინამდვილეს ჰგავს), რომ ღარიბებს კარგი და ძვირადღირებული ტკბილეულის ყიდვის შესაძლებობა არ ჰქონდათ და ნამცხვრის გამომშრალი კიდეების შეძენით კმაყოფილდებოდნენ (სახელწოდებაც სწორედ „კუთხეს, კიდეს“ ნიშნავს). ამასვე უკავშირდება დარბილების მიზნით, კანტუჩინის ადგილობრივ ტკბილ ღვინოში „ვინსანტოში“ ჩაწობის დღესაც არსებული ტრადიცია. სხვათა შორის, კანტუჩინი ჰერმან ჰესეს საყვარელი ორცხობილა გახლდათ, რომელიც თვლიდა, რომ მას გუნება-განწყობის ამაღლება შეუძლია.
შემადგენლობა: 200გ გაფცქვნილი ნუში, 400გ ფქვილი, 4 კვერცხი, 250გ, ვანილი, 0,5ჩკ სოდა, მარილი, ლიმონის ცედრა.
ნუში გაფცქვენით (არ დაჭრათ) და უცხიმოდ მოხალეთ. 3 კვერცხის ცილას ერთი მწიკვი მარილი დაამატეთ და კარგად ათქვიფეთ. 3 კვერცხის გული შაქართან და ვანილთან ერთად ათქვიფეთ, მიღებულ „გოგლი-მოგლში“ უკვე მომზადებული ცილა ძალიან ფრთხილად დაამატეთ და ასევე ფრთხილად აურიეთ. დაამატეთ ნუში, ლიმონის ცედრა და ისევ გადაურიეთ, მერე ჩაამატეთ ფქვილი და ძმარში ან ლიმონის წვენში გახსნილი სოდა. მიღებული ცომი 2-3სმ დიამეტრის მქონე რულეტივით დაახვიეთ, წაუსვით ეულად დარჩენილი მეოთხე კვერცხი (რაღა თქმა უნდა, ესეც ათქვეფილი), მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში და 175 გრადუს ტემპერატურაზე  აცხეთ 35 წუთის განმავლობაში. ცხელი „რულეტი“ დაჭერით 1სმ სისქის ნაჭრებად, გააგრილეთ და მიირთვით.
ღვინოში ჩაწობაზე რა გითხრათ, არ მიცდია, მაგრამ დამიჯერეთ, ჩაის და ყავას ძალიან უხდება. და კიდევ, კანტუჩინი საკმაოდ დიდხანს ინახება და მეორე და მეხუთე დღესაც ისეთივე გემრიელია, როგორც ღუმელიდან ახლად გამოღებული.

კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

„ბეფსტროგანოვი“ შვეიცარიულად

Approved by Gourmet Guide

დიახ, დიახ „ბეფსტროგანოვი“ და არა „ბისტროგანი“, „ბესტროგანი“, „ბიფსტროგანი“  და კიდევ მრავალი სხვა თბილისის რესტორნების მიერ შემოთავაზებული გაურკვეველი დასახელებისა და შინაარსის კერძი. ძალიან კირკიტა მკითხველი მკითხავს, ქართულ რესტორნებს რომ აკრიტიკებ, ამ ჭეშმარიტი რუსული კერძის შვეიცარიულ ვარიანტს რატომ გვთავაზობო. იმიტომ, ჩემო კარგო, რომ ეს ვარიანტი უფრო მომწონს და ორიგინალისგან მხოლოდ 2 პატარა ნიუანსით განსხვავდება. ემატება სოკო და წითელი წიწაკის მაგივრად, პილპილს ანუ შავ წიწაკას ხმარობ. სახელი კი რუსი გრაფი სტროგანოვის საპატივცემულოდ დაერქვა,  (Bœuf Stroganoffძროხის ხორცი სტროგანოვისაგან) და არც მაიონეზით მზადდება და არც სუპივით ბევრი წვენი აქვს (როგორც ჩვენს საზკვების ობიექტთა უმრავლესობაში).
600 გრ ძროხოს ხორცის ფილე, 4 საშუალო თავი ხახვი, 250 გრ არაჟანი, 500 გრ  სოკო (კონსერვიც გამოდგება), 250 მლ კარგი თეთრი ღვინო, 2 ს/კ ფქვილი, მარილი გემოვნებით და ბევრი პილპილი.
ხორცის ფილე დავჭრათ თითის ფორმის და ზომის ნაჭრებად (ანუ წვრილ და გრძელ), ამოვავლოთ ფქვილისა და პილპილის ნარევში და დავბრაწოთ ტაფაზე. რომ დაიბრაწება, დავასხათ ღვინო და ვთუშოთ ხორცის დარბილებამდე. ღვინოს თუ ჩაიშრობს, საჭიროების შემთხვევაში დავამატოთ წყალი.
ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა. ცალკე ტაფაზე დავასხათ ცოტა ზეთი (რომ არ მიიწვას) და დავაგდოთ ცოტა კარაქი (კარგი გემოსთვის), დავყაროთ ხახვი და მოვთუშოთ, დავამატოთ სოკო, მარილი და პილპილი. სულ ბოლოს ჩავასხათ არაჟანი, მოვურიოთ და გადმოვდგათ გაზიდან. არაჟნის ადუღება არ არის რეკომედირებული.
ცხელი სოუსი ჩავამატოთ ასევე ცხელ უკვე გამზადებულ ხორცს და კარგად გადავურიოთ. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ გარნირთნ ერთდ, მაგრამ გასნაკუთრებით უხდება შემწვარი კარტოფილი.
ახლა ეს ყველაფერი ქართული სინამდვილისთის!
 ქართული ძროხის შემწვარი ხორცი არასდროს არ რბილდება. ამიტომ ხორცი წინასწარ უნდა მოხარშოთ და მერე დაბრაწოთ. ანუ მოხარშული ხორცით გაიმეოროთ ზემოჩამოთვლილი პროცედურა. მე პირადად, ხორცს წინა დღეს ვხარშავ, ბულიონიდან ვიღებ და ისე ვინახავ. გაციებული ბულინი თავზე ცხიმის მაგარ აპკს იკეთებს, რომელსაც მეორე დღეს კოვზით ვიღებ და ხახვს და სოკოს ამ ცხიმში ვთუშავ. ძალიან გემრიელი გამოდის და ხორცის ცხიმიც არსად იკარგება.
იგივე კერძი შესანიშნავი გამოდის ქათმის და ღორის ხორცითაც. ოღონდ ამ შემთხვევაში, ხორცის წინასწარ მოხარშვა საჭირო აღარ არის, და ღვინოც აღარ გინდათ. ანუ, მოხრაკავთ ხახვს, დაამატებთ ხორცს, სოკოს, პილპილს, მარილს და სულ ბოლოს არაჟანს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

„ფუა-გრა“ უკრაინულად

Approved by Gourmet Guide

ჩემო ჩაკრიპუჭებულო ხალხო (კრიპუჭს გურიაში ჩაშაქრულ თაფლს ეძახიან)! ხშირად მსაყვედურობენ, სად დაიკარგე, რატომ არ ჩანხარო. რაზედაც ჩემი პასუხი მოკლე და მრავლისმთქმელია: ვინ დაიჭერს მინდორში ქარს! ან რა გამოლევს დუნიაზე მოსაწესრიგებელ-მოსაგვარებელ საქმეს. მოგეხსენებათ, თუკი სადმე პრობლემაა, ჩემი ჩარევის გარეშე არაფერი ეშველება.  ამდენს კი დაქრივარ, მაგრამ ბლოგსაც არ ვაშორებ ჩემს მახვილ და დაუზარელ თვალს და არცერთ შესანიშნავ სტატიას არ ვტოვებ უყურადღებოდ. ჩემი გულჩვილობის ამბავი ყველამ იცით და გული განსაკუთრებულად საფრანგეთში დასუქებულ-გადასუქებულმა ბატებმა ამიჩუყა. ჰოდა, ახლა უკრაინისაკენ, ჩემი დედულეთისაკენ,  მიჭირავს გეზი და იქაურ ამბებს მოგიყვებით.
ჩემი ბებია ოდესელი იყო, შეძლებული ოჯახიდან. მისი დედ-მამა დაუღალავად შრომობდა (საქმის სიყვარულში იმათ დავემსგავსე) და ოჯახიც სავსე ჰქონდათ: უამრავი ფრთა ფრინველი, 35 ლიტრიანი მეწველი ძროხები, თხები და ცხენები. მეურნეობაც დიდი ებადათ. თავად ამზადებდნენ სურსათ-სანოვაგეს თუ საოჯახო ნივთებს. ერთხელაც არაყი გამოუხდიათ და უამრავი ხილის ნარჩენი სახლიდან მოშორებით ხევში გადაუყრიათ. მეორე დილით კი ბატები გაუშვიათ საძოვარზე. მოგეხსენებათ, ფრინველს ხორცი გემრიელი რომ ქონდეს, ბალახიც უნდა მოწიწკნოს და ქვიშაც გაქექოს. ბატები ხევიდან წამოსულმა  ხილის ნარჩენების საუცხოო არომატმა მიიზიდა, დაირაზმნენ, გაეშურნენ და გემრიელადაც მიირთვეს. კარგად დანაყრებულებმა საღამოს სახლსაც მიაშურეს და საბატეში გახეული მთვრალები მკვდარივით დაეყარნენ. დილით ბებია-ბაბუამ ბატებს გამოსაშვებად რომ მიაკითხეს, მიწა „დახოცილი“ ფრინველით იყო დაფარული. შეწუხდნენ, ალბათ რამე ჭირი შეეყარათ და ბუმბულს მაინც ნუ ვიზარალებთო, დამხმარე ძალას მეზობლებისა და ახლობლების სახით უხმეს, სასწრაფო წესით განძარცვეს ბუნებრივი სამოსისგან და დატიტვლებული „მკვდარი“ ბატები ურემზე დატვირთეს, სახლისგან მოშორებულ მდინარეზე გაიტანეს და იმავე ხილის ნარჩენებიან ხრამში მოიფრიალეს. დამავიწყდა მეთქვა, რომ გვიანი შემოდგომა იყო და უკვე კარგა გვარიანად ციოდა. წაულის ქურქშემოცლილ ბატებს ყინვამ რომ მოუჭირა, „პახმელიაზე“ სწრაფად გამოვიდნენ და სიცივისგან გალურჯებულები ზებგერითი სჩქარითა და საბრალო ყაყანით მოადგნენ მშობლიური სახლის ანუ ბებიაჩემის ჭიშკარს: გვცივა, გვშია და გვიშველეთო! აბა?! მეც იქ ვიყავი, მათი გერმის 3 ბალიში მერგო მზითვად, რომელზედაც ღამით თავი მიდევს და უამრავ ფერად სიზმარს ვხედავ.

საუკეთესო სურვილებით,  ვარდისფერი პანტერა

გერმანულ-ფრანგული მიქსი იტალიური შტრიხებით, ანუ ელზასური გლეხური „ალმოდებული ნამცხვარი“

Approved by Gourmet Guide


ელზასში ვართ! ეს უკვე საფრანგეთია, მაგრამ გერმანიის გავლენა ძალიან იგრძნობა (ჩუ, ფრანგებმა არ გამიგონ!). წლების მანძილზე ელზასი და ლოტარინგია ამ ორი ქვეყნის სადავო ტერიტორია იყო, ერთი ისაკუთრებდა, მეორე ართმევდა, პირველი ისევ იბრუნებდა და ა.შ. მოკლედ, იყო დიდი დაკა-დაკა. სტრასბურგში (ანუ ელზასის მთავარ ქალაქში), ქუჩების დასახელებები დღესაც ამ ორ ენაზე წერია. აქაურობა ბევრი რამით არის ცნობილი, მაგრამ ჩვენ ისტორია-ხელოვნებას შევეშვათ და კულინარიას მივხედოთ.

ამასთან დაკავშირებით უპირველეს ყოვლისა, ორი რამე მახსენდება: რაღა თქმა უნდა, საქვეყნოდ ცნობილი ფუა-გრა (გამოთქმაც „სტრასბურგული ბატივით ნასუქი“ აქედან მოდის: საწყალ ფრინველებს ისე ასუქებენ, რომ ბოლოს არათუ სიარული, განძრევაც არ შეუძლიათ. ასეთ კონდიციამდე მისული, უკაცრავად, ძალით მიყვანილი საბრალო ბატის ღვიძლი იმდენადაა გაზრდილი, რომ სახელგანთქმული პაშტეტის დამზადებისთვისაა ზედგამოჭრილი. ნეტავ სად იყურება ცხოველთა და ფრინველთა დაცვის საზოგადოება?!) და სტრასბურგული ვაზის ლოკოკინები (რომლებიც სხვადასხვა მწვანილით და სანელებლით მზადდება და ადგილობრივ თეთრ ღვინოსთან ერთად მიირთმევენ, ხოლო ფაუნის დამცველები ისევ დუმან).
გერმანიის ბატონობამ თავისი კვალი ელზასურ სამზარეულოსაც დაამჩნია, თუმცა ის ტიპიური კერძი, რომელზეც დღეს მოგიყვებით, თავისი არსითაც და გარეგნული იერითაც უფრო იტალიურ პიცას წააგავს. გაიცანით: ტარტ-ფლამბე, ანუ ფლამქუხე (როგორც ხედავთ, სახელიც ორმაგი აქვს).

შემადგენლობა: 200გ ფქვილი, 2სკ მცენარეული ცხიმი (მაგ. ზეითუნის ზეთი), 130მლ წყალი, მარილი (გემოვნებით), 200გ სქელი არაჟანი (ან 30%-იანი ნაღები), 200გ ხახვი, 120გ ბეკონი (ან შაშხი), პილპილი.
ფქვილი, ცხიმი, წყალი და მარილი ავურიოთ, ცომი მოვზილოთ (გაითვალისწინეთ, ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს!) და გავაბრტყელოთ ისეთნაირად, რომ მრგვალ ფირფიტას დაემსგავსოს. ცომის ფირფიტა გადავიტანოთ პერგამენტგადაკრულ ფორმაში და არაჟანი მოვასხათ.
ხახვი თხელ რგოლებად დავჭრათ,  ბეკონი - გრძელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, გადავურიოთ და ცომს დავაყაროთ. გამოვაცხოთ 250 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთის მანძილზე, სანამ ცომს გვერდები კარგად არ დაებრაწება (მეტიც, სანამ ცოტა არ მოეწვება - სწორედ ამიტომაც ჰქვია „ალმოდებული ნამცხვარი“).
ამ კერძის „გამრავალფეროვენისთვის“ შეგიძლიათ გამოიყენოთ არა უმი, არამედ მოთუშული ხახვი და ბეკონი, დაამატოთ სოკო და ა.შ, მოკლედ, ყველაფერი, რაც ხელთ გაქვთ და რაც გაგიხარდებათ. აბა, თქვენ იცით, არ დაიზაროთ და სცადეთ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

ფანჯრის რაფაზე გაშენებული ბოტანიკური ბაღი

Approved by Gourmet Guide

საკუთარ სიზარმაცესთან ბრძოლაში და ზოგიერთ საკითხში ჯანსაღ პედანტიზმისკენ ლტოლვაში, გადავწყვიტე ჩვენს ბლოგში რამე რუბრიკა გამეხსნა. ჩემს შემთხვევაში რუბრიკა ფრიად მაღალორგანიზებულ დაპირებად ჩანს, მე და სისტემატიურობა ხომ ქვედა-ზედა სართულის მეზობლებივით ვართ: წყლის გაჟონვის შემდეგ, ვესალმებით, მაგრამ ჩუმად ვერ ვიტანთ ერთმანეთს. დაგროვილი დაუმთავრებელი საქმის ბოლომდე მიყვანა გადავწყვიტე ჩემთვის ისეთ სასიამოვნო სფეროში, როგორიცაა ოთახისა და აივნის ყვავილების მოვლა-გამრავლება. ჯერ არგამქრალი ოპტიმიზმით ვიმედოვნებ (გულში მაინც), რომ სეზონისდა მიხედვით ჩასატარებელი სამუშაოების ვირტუალურად და ხატოვნად აღწერის შემდეგ, მათი ავტორი ყოველივეს პრაქტიკაში და მაქსიმალურად მოკლე დროში განახორციელებს, აღბეჭდავს და საკუთარი თავისთვის არახელთქმნილი მომავალი ძეგლის პიედესტალზე   საკუთარი ხელით გაშენებული სილამაზით ტკბობისთვის ჩამოჯდება, თქვენ კი საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას გაგიზიარებთ. კარგი იდეა - საქმის ნახევარიაო, ამ იდეის განხორციელების ანონსირება - კიდევ ნახევარი, ორი ნახევარი რომ მთელი საქმეა?! ჰოდა, ამდენი საქმე  მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ხვალეც გათენდება. ელოდეთ  პრაქიკულად „საველე“ რეპორტაჟებს.
კეთილი სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

კაცები და მათი ხილული თუ უხილავი ფობიები

Approved by Gourmet Guide

ბლოგის შემქნის დღიდან სულ კაცების ნაკლზე და მათ უსაქციელობაზე ვლაპარაკობთ. მე შენ გეტყვი და მიზეზს არ გვაძლევენ. თემის მოძიებისთვის დიდხანს შრომაც არ მჭირდება, მეზობელთან გავალ, ან გთხოვილ-შეყვარებულ დაქალებში (ანუ კაცებთან სისტემატიური და ახლო კავშირის მქონე კონტინგენტთან) გადავრეკავ და ერთი დღეში, დღე კი არა, ხანდახან  ერთ საღამოში განვითარებული მოვლენებისგან სამი-ოთხი სტატიის მასალა წარმატებით გროვდება. ზოგჯერ, განსაკუთრებით სავსე მთვარის დროს (თუ გახსოვთ, ამაზე ერთხელ უკვე ვწერდით), ერთდროულად იმდენი საინტერესო რამ ხდება, იძულებული ვხდები სპეციალური ბლოკნოტი ვაწარმოო და მსუყე-მსუყე ამბები მომავლისთვის შემოვინახ-დავასაწყობო. კაცები კარგად გვყავდნენ და მაგათზე სალაზღანდარ-საქილიკოს რა გამოლევს.
დღეს ცოტა სხვა კუთხიდან მინდა მათზე საუბარი. ამდენს ვყვებით კაცების უკიდეგანო ეგოიზმზე, თვითნებობასა და უპირობო დომინანტობის სურვილზე. ხანდახან მგონია, რომ ქართველი (და არამარტო) კაცების ცხოვრების ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი მიზანია, ქალის საწინააღმდეგო სულ პატარა რამე მაინც გააკეთონ და ამ გზით დაამტკიცონ საკუთარი ვაჟკაცობა. რამდენად ნიჭიერად გამოსდით და რეალურად რას აღწევენ, ეს სხვა საკთხი და ცალკე თემაა, რომელსაც გვერდს ვერაფრით ვერ ავუვლი და ერთ მშვენიერ და ლამაზ დღეს, რა თქმა უნდა, მაგაზეც ვისაუბრებ.  
ამჯერად მამაკაცებზე და მათ შიშებზე მინდა გეჭორაოთ. სრულიად კაცობრიობისა და ოჯახის ბედნიერი ლიდერის იმიჯს ამოფარებულებს, თურმე არც თუ ისე დალხენილი და უღრუბლო ცხოვრება აქვთ. დარწმუნებული ვარ, ვისაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც თუნდაც ერთი კაცი შეხვედრია, ყველა დამეთანხმება რომ მათი ყველაზე დიდი შიში და ღამის კოშმარი ნაადრევი თუ უდროო გამელოტებაა. ვინ რითი ცდილობს ამ გადაუჭრელი და უსაშველო პრობლემის გადავადებას, შეყოვნებას, შეჩერებას. ზოგი, აქაოდა განსაცდელს თვალს თამამად ვუსწორებო, თავს იხოტრავს, ზოგიც სხვების გასაცურებლად, ე.წ. „ტალავერს“ იზრდის და კეფიდან უკვე იქაც შეთხელებულ დალალებს შუბლზე ივარცხნის, ზოგიც ექსტრემალურ ზომებს მიმართავს და ინერგავს (დააკვირდით, საქართველოში შემოსული სიახლეებიდან, ეს ერთადერთი კოსმეტიკური პროცედურაა, რომელსაც კაცები არ მალავენ და რისიც არ რცხვენიათ. სოლარიუმებსა და საეპილაციო სალონებში კი, ისევე, როგორც შოკოლადისა და თავფლის მასაჟის სეანსებზე შვილივით ნაზარდი ღიპის დასაგდებად, მალულად დაიარებიან), რა საშუალებასა და მეთოდს არ მიმართავენ სათითაოდ აღრიცხვაზე აყვანილი და ნალოლიავები მოღალატე თმის ღერების ცვენის შესაჩერებლად.
თავის დასამშვიდებლად და გადაშიშვლებული კინკრიხოს კიდევ უფრო კარგად გადასაპრიალებლად ისიც კი მოიგონეს, რაც უფრო მელოტია მამაკაცი, მით უფრო მეტ სექსუალურ პოტენციას ფლობსო. ნეტა ვინ შეამოწმა? იგივე აზრის მქონე ქალი, მე პირადად, არსად შემხევდრია. აი, თავად სექსუალური შესაძლებლობის ასაკისდაგამო დაკარგვას  კი (რაც არანაკლებ დიდი შიშის მიზეზი და ბევრი სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემის საფუძველს წარმოადგენს)  ბევრად უფრო მშვიდად ეგუებიან და იცით რატომ? ამის შესახებ მხოლოდ თვითონ და ჰა-დ-აჰა ცოლმა იცის. აი, ქაჩალ თავს კი კილომეტრიდანაც ყველა ხედავს. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობენ. ერთ ჩემს ნაცნობს, 15-17 წლის რომ იყო, პანიკურად ეშინოდა გულ-მკერდსა და ზურგზე ბანჯგვლები არ ამომივიდესო. ყოველ დილას, გაღვიძებისთანავე მისხალ-მისხალ ითვალიერებდა ქალისთვისაც კი შესაშურად გადაპრიალებულ ხელ-ფეხს - ღამის განმავლობაში ბიბინა თმოვანმა საფარმა ხომ არ დაფარაო. ვის რა უჭირს...
ამავდროულად, რაც ყველაზე საინტერესოა, ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცებს სულ არ ედარდებათ ისეთი სერიოზული რამ, როგორიცაა ასაკის მომატებასთან ერთად თვალის ჩინის დაკარგვა-დაქვეითება. არადა, ყველა ლოგიკის თანახმად, თმის შეთხელებაზე მეტად გაბრუციანება უნდა გვაწუხებდეს. სხვა თუ არაფერი, ცუდი მხედველობა ბევრ პრობლემასა და უზარმაზარ დისკომფორტს ქმნის. შიშველ თავზე, დიდი-დიდი მზემ დაგვაცხუნოს ან ზამთარში მოგვეყინოს, წვიმის დროს გარკვეულწილად მოხერხებულიც კი არის, თან არსებობს ამ საკითხის მარტივი გადაწყვეტა - ქუდი. გამელოტებაზე დარდისაგან რეალობის შეგრძნებადაკარგული კაცები კი სათვალეს ცხვირზე მარტივად ისკუპებენ და  სამუდამოდ გამომშვიდობებულ ქოჩორზე ფიქრში გართულები საერთოდ არ იმჩნევენ მინუს სამის მინუს ოთხში და ა. შ. გადასვლას. ეტყობა, იმედი აქვთ სათვალე ჭკვიანი კაცის იერს სულ ცოტათი მაინც შეგვმატებსო.
ფიზიოლოგიური მომენტების გარდა კაცებს სხვა სჭირბოროტო საკითხებზე შიშიც არ ასვენებთ. მაგალითად მეგობრის, კოლეგის ან მეზობლის უკეთესი მანქანა, უკეთესი სამსახური და უკეთესი ცოლი. თანაც ზუსტად ამ თანმიმდევრობით. ქართველ ავტომოყვარულთა ერთ ძალიან საინტერესო საიტზე ხშირად ვიჭყიტები ხოლმე. ფორუმზე ახალ მანქანას ერთმანეთს ჯერ გულიანად ულოცავენ, მერე დაუზარებლად უქებენ და მიამიტად სხვათაშორის აყოლებენ: „ძვირი მიგიცია“, „მაგარია ეს დისკები რომ არ აბანძებდეს“, „მაგის ყიდვა მეც მინდოდა, მაგრამ შევამოწმებინე და მერე აღარ მომეწონა“, „მაგ ფასად უკეთესსაც იყიდდი, ძმა“, „მაგ მოდელს წინა ჯობია“, „აგერ უკეთესი გამოვიდა“ და ა.შ. ... ადამიანმა უკვე შეიძინა, თავისი არჩეულია, თავისივე მოწონებული,  სახლში ყავს მოყვანილი და ახალი მანაქნა უხარია - შეარგე რა! შენ ხომ არ გჩუქნის?! არა, რაღაც პატარა დეტალი მაინც აუცილებლად უნდა დაუწუნონ! ერთადერთი რაშიც თანამოძმეებს კონკურენციას არ უწევენ და რისიც გულწრფელად არ შურთ - სხვისი კარგი შვილებია. რაც არ უნდა უვარგისი და გაუზრდელი პირმშო ყავდეთ, სხვისი უკეთესისკენ თვალი არ გაურბით და სულ არ ეშინით ძმაკაცის შვილმა სწავლაში ან საქმეში ჩემსას არ აჯობოსო. ალალად და მიამიტად აკმაყოფილებთ საკუთარი ნებისმიერ ვარიანტში და  თავისი შესაძლებლობეის მაქსიმუმის ფარგლებში, ავიც და კარგიც ერთნაირად უყვართ. შვილის მიღწევებით არ ამაყობენ და არ უხარიათ-თქო კი არ ვამბობ, პირიქით, ძალიანაც მოწონთ. მაგრამ სხვისი შვილი როგორია, სულ არ ადარდებთ. აი, ფანჯრის ქვეშ დაყენებული მეზობლის ბოლო მოდელის  და პრესტიჟული მარკის ავტომანაქნა, კონკურენტ ფირმაში დაწინაურებული ძმაკაცი, ან მეზობლის გრძელფეხება საყვარელი ღამით ძილს რომ უფრთხობთ და მოსვენებას არ აძლევთ, ეჭვიც არ მეპარება. არ ვიცი, არ ვიცი, ალბათ მათ ცხოვრებაში მწირი მონაწილეობის გამო (რას იზამ, დაკავებულები არიან, ოჯახისთვის ლუკმა-პურს შოულობენ) შვილები  საკუთარ დამსახურებად, მათი აღზრდა კი საკუთარ მოვალეობად სულ არ მიაჩნიათ.
ახლა დროის მოტანილ და მოდურ შიშებს არ იკითხავთ? ერთმა ჩემმა მეგობარმა სახლში ოჯახის წევრების გასაცნობად უკვე სტაჟიანი შეყვარებული მიიყვანა - ორმეტრიანი ჭეშმარიტი გურჯი ვაჯკაცი. გაზაფხული იყო და საგანგებოდ გამოწყობილ და თავმომწონე ბიჭს  საგულდაგულოდ დარჩეულ-გარეცხილი მარწყვი მიართვეს. სახტად დარჩენილი სასიდედროს გაოცება წარმოიდგინეთ, როცა სახეშეცვლილმა და გაფითრებულმა ბიჭმა ხილის ჭამაზე სასტიკი უარი განაცხადა: დედამ მითხრა, უცხო ოჯახში მარწყვს ნუ შეჭამ, კარგად გარეცხილი თუ არ იქნა,  მიწა შეგყვება და ბოტულიზმი დაგემართებაო. ბიჭის ხელოვანი მშობლისგან განსახვავებით, კარგად ერუდირებულმა ოჯახმა სასიძოს „შემთხვევით“ საჟურნალო სტატია შეაპარა, სადაც წვრილად იყო ახსნილი, ბოტულიზმის ჩხირები მხოლოდ კონსერვირებულ გარემოში რომ ხარობდა და მიწის ჭამისგან დიდი-დიდი ტეტანუსს თუ აიკიდებდა, რისგანაც, ჰა, მაქსიმუმ, ღრანჭი მოექცეოდა და ინციდენტი დაივიწყეს.
ვინ აცალათ? მორიგი სტუმრობისას დანა-ჩანგალ და სხვა დამხმარე ინსტრუმენტებმომარჯვებულმა ბჭმა მირთმეული კატლეტი ნახევარ მილიმეტრიან ნაკუწებად დააქუცმაცა და კარგა ხანი მონდომებითა და გულდასმით ჩიჩქნა: გარედან კარგი დაბრაწული კი არის, მაგრამ კარგი გამომშრალი არ იქნება,  სადმე შუაგულში უმი ხორცი გაგეპარებოდათო. დელიკატური და კარგად აღზრდილი მასპინძლები აღარ დაინტერესებულან სტუმარი არარსებულ უმ ხორცში რას ეძებდა, ციმბირის წყლულს თუ ღორის სოლიტერის კვერცხებს. ალბთა მიხვდით, რომ ყმაწვილი სასიძოს სტატუსითვე ჩაბარდა წარსულს...
აი, ასე, ჩემო კარგებო, როგორც იძახიან არც მთლად მასეა საქმე. თავდაჯერებულ და წარბშეუხრელ ნიღაბს ამოფარებულებს, ზოგს თაგვის ეშინია და ზოგსაც ჩიტის გრიპის. ერთი ჩემი ნაცნობი პატარა ნიავშიც არ ჯდებოდა: „აქ მიბერავს, სხვაგან გადამსვით, გაციების მეშინიაო“... და რა გგონიათ? ამ ფაქტს 25 წლის ასაკისთვის  4 ცოლის გამოცვლაში ხელი სულ არ შეუშლია (ახლა მერამდენე ყავს არ ვიცი, მაგრამ მარტო ნამდვილად არ არის).  ქალები ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერი, თუნდაც სულელური და ბავშვური მიზეზით დაშინებულს და დაფეთებულს თავზე ხელი გადავუსვათ,  ვანუგეშოთ და აუცილებლობის შემთხვევაში, დავიცვათ კიდეც და სხვათაშორის, ყველაზე მეტად სწორედ ქალების ეშინიათ, მაგრამ ამაზე სხვა დროს...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მარტივი და გემრიელი!

Approved by Efigenia Doubtfire

მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო,


როგორც გავიგე დღეს შოკოლადის ტორტის საერთაშორისო დღე ყოფილა. ეს ძალიან ღირსშესანიშნავი თარიღია ნამცვრების ცხობის და დაგემოვნების მოყვარულთათვის. სამწუხაროდ შოკოლადის ნამცხვრის რეცეპტს ვერ შემოგთავაზებთ. მაგრამ შემიძლია გაგიზიაროთ შოკოლადის ბლინების გამოცხობის წესები. ამ რეცეპტს ერთ-ერთ ქართულ საიტზე წავაწყდი. მომეწონა ადვილი მოსამზადებელი რომ იყო და ამის გამო გადავწყვიტე მეცადა გამოცხობა. თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან გემრიელი გამოვიდა. მოკლედ დავიწყოთ საჭირო მასალიდან. უნდა მოიმარაგოთ: 100 გრ შოკოლადი, 250 მლ რძე, 300 გრ ფქვილი, 1/4 ჩ/კ მარილი, 3 ცალი კვერცხი , 40 გრ კარაქი, 40 გრ შაქრის პუდრა, 20 გრ კაკაო და 20 მლ ზეთი. ეს არის ფრანგული დესერტი.
ამ ბლინებში შეიძლება გავახვიოთ ნებისმიერი გულსართი: ხილი, ხაჭო, მურაბა, ნაყინი და ასე შემდეგ. შოკოლადი დავამტვრიოთ და გავადნოთ დაბალ ცეცხლზე. გავაცხელოთ 300 მლ რძის ნაწილი და ჩავასხათ გა
მდნარ შოკოლადში. კარგად ავურიოთ. გავცრათ ფქვილი და დავამატოთ კაკაო, შაქრის პუდრა და მარილი. ამ მასას დავამატოთ დარჩენილი რძე. შემდეგ ავთქვიფოთ კვერცხი ისე რომ აქაფდეს. ჩავასხათ ათქვეფილი კვერცები ბლინების ცომში ნელ-ნელა და ვურიოთ. კარაქი გავადნოთ და ჩავასხათ ცომში, მანდვე შეიძლება დავამატოთ ლიქიორი ან რომი. თუ ცომი თხელი გამოვიდა , დავამატოთ საჭირო რაოდენობით ფქვილი. ცომი უნდა გამოვიდეს თხელი არაჟნის კონსისტენციის.
ავურიოთ და დავტოვოთ 2 საათით. ტაფა გავაცხელოთ და დავაგდოთ კარაქი. შემდეგ კი
გამოვაცხოთ ბლინები. როგორც კი ბლინები გამოცხვება ოდნავ გააგრილეთ და სურვილისამებრ გაუკეთეთ შიგთავსი: ხილი, ხაჭო, მურაბა, ნაყინი და უამრავი რამ. შეგიძლიად მდიდარი ფანტაზიაც ჩართოთ :)

სცადეთ, დააგემოვნეთ და მერე თქვენი აზრი მომახსენეთ.

პატივისცემით, თქვენი იფიგენია დაუთფაიერი

შოკოლადის ტორტის საერთშორისო დღე!

Approved by Gourmet Guide

ეს რა გავიგე! დღეს შოკოლადის ტორტის საერთაშორისო დღე ყოფილა!
დალხენილი ცხოვრებისგან გაზულუქებული და ინტერნეტისგან წარმატებულად მართული უცხოელები რას აღარ აღნიშნავენ: „საკუთარი ოთახის დალაგების“, „დავიწყებული მილოცვის“, „კომპიუტერული ნაცნობობის“, „შემოდგომის პირველი წვიმის“, „ჩრდილო-არმოსავლეთიდან დაბერილი ქარის“ და ლამის „ბებია-ბაბუის სიყვარულის“ დღესაც. ვინ იცის, ამ თევში მერამდენეჯერ დავდე პირობა, რომ ტკბილეულის რეცეპტს ცოტა ხანი მაინც აღარ შემოგთავაზებდით (მით უმეტეს, მის ენდრიუმ  გუშინ  ნამდვილად არაჩვეულებრივი ნაკრები მოგვიმზადა, დეიდა პოლი კი ევროპული რეცეპტებით მართლაც რომ გვანებივრებს).  არ მინდოდა დუბლირებული ახალი წლებისგან და კიდევ ათასი დღესასწაულისა თუ არდღესასწაულისაგან ისედაც  მომსუყებული გული კიდევ უფრო მომემსუყებინა. განსაკუთრებულ გემრიელ ლუკმებს ავიტამინოზიანი და წვიამიან-მღრუბლული ადრეული გაზაფხულისათვის ვინახავდი (დათბობას და გამოდარებას საშველი რომ არ ადგება). მაგრამ ასეთ თარიღს ვერასდიდებით ვერ გამოვტოვებ. ამ ბლოგს ისეთი სათაური აქვს, სხვა რომ არაფერი, პრესტიჟის საკითხია.
ბევრი ვიფიქრე და გამოსავალსაც მოვაგენი. რაღაც ისეთი მინდოდა, გემრიელიც რომ ყოფილიყო, იოლი მოსამზადებელიც და თან ცოტა საზეიმოც. თუმცა, შოკოლადში თავისთავად იმდენი ენდორფინია (ბედნიერების ჰორმონი), კარგი განწყობის შესაქმნელად დამატებით ღონისძიებებს არც მოითხოვს: შექმენი და მიირთვი. ცხოვრების გასამშვენიერებლად ხანდახან კარგი შოკოლადის სურნელიც კი კმარა.
მოკლედ, ამჯერად სამ ვიდეორეცეპტს შემოგთავაზებთ. სამი ბრიტანელი, უკაცრავად ორი ჭეშმარიტი ბრიტანელი და ერთიც ავსტრალიური წარმოშობის, მაგრამ ბრიტანეთში დახელოვნებული შეფ-მზარეული სამ არაჩვეულებრივ შოკოლადის დესერტს შეგვიქმნიან. პარადოქსია, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე უგემურ სამზარეულოდ ბრიტანული სამზარეულოა აღიარებული, ყველაზე კარგ მზარეულებად კი, ბრიტანელები, ოღონდ, რათქმაუნდა, ფრანგების მერე.  რა ჯობია სიმპატიური მამაკაცის ხელით მომზადებულ ტკბილეულს. ამ ცხოვრებაში ვერ ვეღირსე და ვირტუალურ სამყაროში მაინც დავტკბები...
მართალია, ეს რეცეპტები ყოველდღიური ტკბილეულის რიცხვში არ შედის და მომზადების წესის სიმარტივისდა მიუხედავად  ცოტაოდენ კულინარიულ ოსტატობასა და გამბედაობასაც მოითხოვს (გამართულ გაზქურასთან ერთად), მაგრამ თუ გარისკავთ, სამივე ნამცხვარი მართლა ჩინებული გამოდის.

შოკოლადის ნამცხვარი ჯეიმი ოლივერისაგან


შოკოლადის მუსი ტომ ნორინგტონ-დევისისგან





შოკოლადის ტორტი კერტის სტოუნისგან



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შოკოლადიანი ტკბილეული ცხობის არმოყვარულთათვის

Approved by Gourmet Guide

გამახსედა, ბავშვობაში მე და ჩემი და ხშირად „ვვარჯიშობდით“ სამზარეულოში და კულინარიულ ექსპერიმენტებს ვდგამდით. რამდენი პროდუქტი და ქვაბი პირდაპირ ნაგვის ურნაში გადავუშვით, არა იმიტომ რომ არ გამოგვივიდა, უბრალოდ, „რამე“ გაზზე შემოვდგით და... დაგვავიწყდა. ამიტომ დღეს მენიუშია ის საკონდიტრო ნაწარმი, რომელსაც არც ბევრი დრო, არც გამოცხობა და არც შეფ-მზარეულობის სტატუსი სჭირდება.

„კარტოფილი“
ვანილის  ტკბილი ორცხობილა (ან ფხვიერი „პეჩენია“) 300 გრ, რძე ½ ჭიქა, შაქარი ½ ჭიქა, კარაქი 100-150 გრ, ვანილინი ან ვანილის შაქარი გემოვნებით, წითელი ღვინო, რომი ან კონიაკი გემოვნებით, კაკაო 3-4 სუფრის კოვზი, დაფხვნილი ნიგოზი ან თხილი (სურვილისამებრ)
ორცხობილა დააბლენდერეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, დაფხვნილ მასას შეურიეთ 2 სუფრის კოვზი კაკაო, შაქარი, რომი, ღვინო ან კონიაკი, დაუმატეთ ჯერ კიდევ ცხელი რძესთან ერთად ადუღებამდე მიყვანილი კარაქი. ჩააყარეთ ვანილინი. მოზელილი მასა ერთგვაროვანი რომ გახდება, მისგან ბურთულები ან ნებისმიერი ფორმის ფიგურები დაამზადეთ. თეფშზე დარჩენილ კაკაოში ამოაგუნდავეთ და  გააცივეთ. „კარტოფილის“ ამოსავლებ მასაში, ასევე შეიძლება წვრილად დაჭრილი ნიგვზის დამატებაც.

ტრიუფელი
150 გრ შოკოლადი, 1/3 ჭიქა ასათქვეფი ნაღები (არანაკლებ 30 %-იანი), 1 ჩაის კოვზი ლიქიორი, 1-2 სუფრის კოვზი შაქარი
დატეხილ შოკოლადის ფილას დავასხათ  შაქრიანი ცხელი ნაღები და მორევით მთლიანად გავადნოთ. მოვათავსოთ რამდენიმე საათით მაცივარში. შესქელებული მასა კოვზით ამოვიღოთ და პატარა ბურთულები კალკაზე ან ფოლგაზე დავაწყოთ და საყინულეში ერთი საათით მოვათავსოთ. გავადნოთ დარჩენილი 50 გრ შოკოლადი და გაცივებული ბურთულები ამოვავლოთ ცხელ შოკოლადში. დავტოვოთ სანამ შოკოლადი არ გამკვრიდება.

შოკოლადის ძეხვი
ფხვიერი „პეჩენია“ 500 გრ, კაკაო 3 სკ, შაქარი 4 სკ, კარაქი 200 გრ, რძე ½ ჭიქა, ნიგოზი ან თხილი 50-100 გრ, ცუკატი (სურვილისამებრ), 50 გრ  ვანილინი
დავაქუცმაცოთ თხილი. ცუკატები წვრილად დავჭრათ, „პეჩენიის“ ნაწილი წვრილად დავტეხოთ, ნაწილი - უფრო მსხვილად. ავურიოთ ერთმანეთში თხილი, ცუკატები და „პეჩენია“. შაქარი კარაქი და რძე დავადგათ გასაცხელებლად და დაველოდოთ კარაქის გადნობას. ცხელი რძე დავასხათ მომზადებულ მასას, გადავურიოთ და ფორმის მისაცემად გადავიტანოთ ცელოფანზე, კალკაზე ან ფოლგაზე. მიეცით ძეხვის ფორმა და საყინულეში ჩავდოთ ერთი საათით. „კარტოფილისგან“ გამოირჩევა იმით, რომ ნაყინივით ცივი მიიტანება სუფრაზე და დაჭრილი „ძეხვის“ ნაჭრებში ცუკატები და „პეჩენიის“ უფრო მსხვილი ნატეხები ნამდვილი ძეხვის ქონივით ჩანს.

ტრიუფელი II
მშრალი რძე 200 გრ (ან შესაბამისი წონის საბავშვო კვება, ამ რეცეპტის კლასიკას ანუ „მალიუტკას“ ვეღარ იპოვით, ამიტომ   გამოგადგებათ ნებისმიერი ფირმის მსგავსი ნაწარმი გამოგადგებათ რაიმე განსაკუთრებული არომატიზატორის გარეშე), კაკაო 100 გრ , შაქარი 250 გრ, წყალი 100-120 მლ, კარაქი 100 გრ.
რძე და 60-70 გრ კაკაო გადაურიეთ ერთმანთში. შაქარი, წყალი და კარაქი მიიყვანეთ ადუღებამდე და ცხლადვე დაასხით რძის ფხვნილს. მოზილეთ . სუფრის კოვზის მეშვეობით, გადმოიღეთ მასა და დაამრგვალეთ. ამოვლება შეგიძლიათ  დარჩენილ კაკაოში, ქოქოსის ფანტელში, ნიგოზში, თხილში და ა.შ. 

ჭიანჭველების ბუდე
ამ რეცეპტის კლასიკური ვარიანტის ცომი ცხვება. გამოცხობის გარეშე ვერსიაც არსებობს. გირჩევთ არ დაიზაროთ და გამოაცხოთ. არ ინანებთ. მათთვის, ვინც არ აპირებს გამოცხობას, რეცეპტი   საკმაოდ უინტერესოდ ჟღერს. ისევ ნაცნობი „პეჩენია“, მიახლოებით 500 გრ,  დააქუცმაცეთ მომცრო ნაჭრებად და მოხარშუმლი შედედებული რძის 1 კოლოფისა და 200 გრ კარაქის კრემში გადაურიეთ.  თეფზე გადმოიტანეთ და ფორმით ჭიანჭველების ბუდეს მიასმსგავსეთ (ლამაზი ხვეულების მისაღებად, შეგიძლიათ ცომი გაატაროთ ხორცსაკეპი მანქანის ყვეკაზე მსხვილ ფორმაში)

ცომის ინგრედიენტები: 3-4 ჭიქა ფქვილი, ½ ჭიქა შაქარი, 200 გრ არაჟანი, 200 გრ კარაქი, მარილი დანის წვერზე, სოდა ½ ჩ.კ.
ფქვილში არიეთ ყველა ინგრედიენტი, მოზილეთ რბილი ცომი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე ან უბრალოდ პატარა ზომი ნაჭრებად დაყავით მთელი ცომი და სამივე შემთხვევაში თითო პორცია თხელ  ფენად გამოაცხვეთ. ხორცსაკეპი მანქანიდან გამოსული „ჭიაყელები“ ჯგუფ-ჯგუფად  თუნუქის ფურცელზე დააწყვეთ და გამოაცხვეთ. ოდნავ შეწითლებული მზა ნამცხვარი ჩაყარეთ ღრმა ჯამში და დაფშვენით ფანატიზმის გარეშე, ნაკუწებიც რომ კარგად იგრძნობოდეს, საფანლად ნუ აქცევთ! აი, ახლა კი, შეგიძლიათ დაუმატოთ დაფშვნილ მასას მოხარშუმლი შედედებული რძის 1 კოლოფისა და 200 გრ კარაქის კრემი  და გადაურიოთ.
ტკბილეულობა ყავა-ჩაის მოვარულთათვის მზადაა.

კეთილი სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუ

ღორის დაბრაწული ნეკნები

Approved by Gourmet Guide

ამდენი ტკბილეულისგან გული ძალიან რომ არ მოგიმსუყდეთ და სანამ ღორის სეზონი არ გასულა...





საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

„ფუტკრის ნაკბენი“ (Bienenstich)

Approved by Gourmet Guide

არ დაფრთხეთ, ამ „საშიში“ სახელის პატრონი სრულიად უწყინარი, უპრეტენზიო და, ამავე დროს, საკმაოდ გემრიელი ნამცხვარია და ჩვენი „გერმანული კულინარიული ტრიადის“ მესამე წევრია.
შემადგენლობა:
ცომი: 200მკ ნაღები (33%-იანი), 0,5 ჭიქა შაქარი, 5 კვერცხი, 2 ჭიქა ფქვილი, 15გ გამაფხვიერებელი, 2 პაკეტი ვანილი.
ნუშის სარკალა: 4სკ ნაღები, 1 ჭიქა შაქარი, 1 პაკეტი ვანილი, 50გ თაფლი, 80გ კარაქი, 200გ ნუში.
ათქვეფილ კვერცხს ცომის ინგრედიენტები (შაქარი, ნაღები, ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი) დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა ცხიმწასმულ ფორმაში (ან პერგამენტის ქაღალდიან) გადავიტანოთ და ვაცხოთ 200 გრადუს ტემპერატურაზე 20-30წუთის განმავლობაში.
სანამ ჩვენი „ბისკვიტი“ ცხვება, სარკალას (ან, უფრო სწორად, ნუშის ქერქს) მივხედოთ: გავადნოთ კარაქი და დავუმატოთ შაქარი, ნაღები, თაფლი, ვანილი და თხელ ფირფიტებად დაჭრილი ნუში.
ღუმელიდან ბისკვიტი გამოვიღოთ, თავზე სქელ ფენად ნუშიანი მასა წავუსვათ და ისევ ღუმელში ჩავაბრუნოთ დაახლოებით 20 წუთით. დროდადრო შევამოწმოთ: ნუშის ფენა უნდა გაყავისფრდეს!
ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, გერმანელებს „გავუსწროთ“ და ეს ნამცხვარი ტორტად ვაქციოთ:  ბისკვიტი შუაზე გავჭრათ და წავუსვათ ვანილის პუდინგის, შაქრის, ნაღებისა და კარაქისგან დამზადებული კრემი. ერთი სიტყვით, ეს თქვენს ფანტაზიასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული... აბა, თქვენ იცით, und etzt ist es an euch!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

საშობაო ვაშლები

Approved by Gourmet Guide


რა დროს შობააო, გაღიზიანებული იკითხავთ და მართალიც იქნებით. შობამაც ჩაიარა, სხვადასხვანაირმა ახალმა წელმაც და საერთოდ, მე თვითონ იანვრის ბოლოდან უკვე გაზაფხულზე და სითბოზე ვფიქრობ. თანაც ჩვენს ბლოგზე შობაზე იმდენი დაიწერა, მომავალ წლამდე კრინტს არ უნდა ვძრავდეთ, მაგრამ... ბევრი წლის წინ გერმანიაში ერთ ქალაქში ძალიან საინტერესო მაღაზიაში მოვხვდი. მაღაზიების, ვიტრინების თვალიერების და შოფინგის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ გერმანიაში  ჩასული, ვცდილობ ამ მაღაზიას მივაკითხო ხოლმე. საქმე იმაშია, რომ აქ  წელიწადის 365 დღე მხოლოდ და მხოლოდ საშობაო ატრიბუტიკა იყიდება. ძალიან უჩვეულო შეგრძნება მქონდა, როცა მაშინ, პირველად, ივლისის ცხელ დღეს ამ მაღაზიის კარი შევაღე და იქ ჰოფმანის აცხადებული ზღაპარი დამხვდა, ადვენტის სანთლებით, Nußknacker-ებით (კაკლის საკვნეტი კაცუნებით) და, რაღა თქმა უნდა, სხვადასხვანაირად მორთული ულამაზესი ნაძვის ხეებით.  ამ მაღაზიას გვერდი გულგრილად ვერც ახლა ჩავუარე. მაგრამ ამჯერად საშობაო ვაშლების გამო. გამომცხვარი ვაშლი არავის გვიკვირს, მაგრამ კარამელიანი და შოკოლადიანი „საშობაო ვაშლები“, გარდა იმისა, რომ გემრიელია, ძალიან სიმპათიურადაც გამოიყურება (არა მარტო ზამთრის სუფრაზე). სხვათა შორის, ამ ვაშლებით ნაძვის ხის მორთვაც შეიძლება - ესეც თქვენ იდეა მომავალი შობისთვის!
მაშ ასე, უმარტივესი რეცეპტი: ვაშლები გარეცხეთ, გული ფრთხილად ამოაცალეთ და ცოტა ხნით ლიმონის წვენიან ჯამში მოათავსეთ.
მოამზადეთ ჩვეულებრივი კარამელი (კარამელის მომზადების წესი მერისგან იცით) ან შოკოლადის სარკალა (სარკალას მომზადების წესი - ჩემგან).
ლიმონის წვენში ამოვლებული ვაშლები კარგად გაამშრალეთ (თორემ კარამელს მიკრობა გაუჭირდება და გაწვალდებით), ხის ჩხირები ჩაარჭეთ და ფრთხილად, წრიული მოძრაობით ამოავლეთ კარამელსა თუ შოკოლადში. სურვილისამებრ და „დეკორის გასაუმჯობესებლად“ შეგიძლიათ ვაშლებს წვრილად დაჭრილი თხილი, ნიგოზი ან ქოქოსის ნათალი მიაყაროთ (უფრო მარტივად კი, უბრალოდ ამ პროდუქტებიან ჯამში ამოაწეთ). გამზადებული და გალამაზებული ვაშლები რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსეთ და Guten Appetit!

კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

ბედნიერი ქალი

Approved by Gourmet Guide

ნეტავ უნგრეთში თუ არსებობს ამდენი ახალი წელი?
როგორც იქნა, ჩვენთვის წელიწადში ყველაზე „მძიმე“ პერიოდმა ჩაიარა, დღესასწაულები წარმატებულად გადავაგორეთ. ვინ როგორც შეძლო - ზოგმა გოჭ-ინდაურით და ყანწმომარჯვებულმა, ზოგმა ფეირვერკების ბათქა-ბუთქით. ერთმა ჩემმა მეგობარმა სულაც მორატორიუმი გამოაცხადა და ახალი წლის აღნიშვნა უკეთეს დრომდე გადადო. სანამ ჩვენი კაცები ღვინის ყოველდღიური სმით „იტანჯებოდნენ“, ხოლო ქალები სასმელისთვის მისაყოლებელი პურ-მარილის მზადებასა და მერე ნასუფრალის ალაგებით იყვნენ დაკავებულნი, უნგრეთი 24 იანვარს „ბედნიერი ქალის დღეს“ აღნიშნავს. მე კი არ ვიცი, უნგრელი ქალები სინამდვილეში რამდენად ბედნიერები და კმაყოფილები არიან, აი, ჩვენები კი..
ბოლო დროს ყველა, ვისაც არ ეზარება, ბევრს ლაპარაკობს გენდერულ თანასწორობაზე, სინამდვილეში ქალებმა კაცის ყველა ფუნქცია წარმატებით შეითავსეს, ქალის ფუნქციებს კი მამაკაცების უმრავლესობა რატომღაც გაურბის, თანაც ხშირად უკანმოუხედავად. ქალის პატივის- და-თაყვანისცემა ძველებურად სადღეგრძელოებში დარჩა.
ავიღოთ ერთი ჩვეულებრივი ქალის ერთი ჩვეულებრივი დღე და ვნახოთ, რისგან შედგება იგი. მთელი დღის განმავლობაში ნაშრომ-ნაჯაფი საღამოს შინ ბრუნდება (გზად ჩამწკრივებულ მაღაზიებში შერბენის შედეგად, ზურგზე უხვკილოგრამიან საპალნემოკიდებული, თან შიგადაშიგ ხან ქმარი ურეკავს და ხან რომელიმე შვილი და ვაი, მის დღეს, ვისთვის სიგარეტი და ვისთვის საღეჭი თუ დაავიწყდა!), სახლში ტელევიზორის წინ მხართეძოზე წამოწოლილი და განცხრომაში მყოფი მეუღლე და შვილების მთელი რაზმი (ხშირად კლასელ-კურსელებთან ერთად) ელოდება. მოშიებული დამხვდურები შეგვიანებულ დიასახლისს მზერაში უტყვი საყვედურით ხვდებიან. ქალი გზადაგზა ტანსაცმელს იცვლის, მოზიდულ სანოვაგეს აბინავებს და დილაუთენია გაკეთებული სადილის გასაცხელებლად სამზარეულოსკენ გარბის. ცალ თვალს მის არყოფნაში დაგროვებული დასარეცხი ჭურჭლისკენ აპარებს, მეორეს - დასაუთოებელი სარეცხის გორისკენ, თან გულის კანკალით მარჩიელობს, ბავშვების ოთახში რა ელოდება.
მაშ ასე, ოჯახი დაპურებულია, მაგიდა ალაგებული. სამზარეულოში ტაბურეტის კიდეზე ჩამომჯდარი ქალი გამალებით ფიქრობს, ქმარ-შვილისგან დიდსულოვნად სანქცირებული ერთადერთი სერიალის დაწყებამდე ბინის დალაგებას მოასწრებს თუ არა? ესეც უხმაუროდ და შეუმჩნევლად უნდა გააკეთოს, რომ შვილებს კომპიუტერთან „მეცადინეობაში“ ხელი არ შეუშალოს და საყვარელ მეუღლეს საინფორმაციო გამოშვების ნახვით მიღებული ნეტარება არ დაურღვიოს (ჩემს ერთ მეგობარს ქმარმა მტვერსასრუტი იმ პირობით აჩუქა, რომ მას მხოლოდ ქმრის არყოფნაში ჩართავდა - ემანდ, აგრეგატის ღმუილმა თავი არ ამატკიოსო).
და ეს ყველაფერი სამსახურში გატარებული მძიმე სამუშაო დღის შემდეგ! არ გეგონოთ, ქალი იქ უსაქმურობს - მოხსენებებსაც წერს, გაუთავებელ თათბირებშიც მონაწილეობს, უამრავ საჭირო თუ უსარგებლო სატელეფონო ზარსაც პასუხობს და სამსახურში მიმდინარე გაუთავებელ რეორგანიზაციებზე ნერვიულობასაც ასწრებს!
ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ქალი ლამაზიცაა, მოვლილიც და ცხოვრების ხალისსაც არ კარგავს. მერე რა, რომ მის დღე-ღამეში 24 სამუშაო საათზე მეტია და ხშირად გაღიმების ძალაც აღარ აქვს... ხშირ შემთხვევაში ოჯახის ყველა წევრზე მაღალი შემოსავლის მქონე, მაინც დანარჩენების მოსამსახურეა და მისი შრომით „გადაღლილი“ ოჯახის დასასვენებლად გაშვება-წაყვანაც მისი საზრუნავია.
ნახევარსაათიანი სერიალის განმავლობაში ოდნავ სულმოთქმული ქალი დღეს ტრადიციულად ამთავრებს: ცდილობს კომპიუტერს მიჯაჭვულ შვილს 10 წუთი გამოსტყუოს “Facebook“-ში ფერმის დასალაგებლად...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

ორიოდე მარტივი იდეა, უბრალო ხაჭო და საუცხოო შედეგი

Approved by Gourmet Guide

გადავინაცვლოთ გერმანიაში. აქაურობის ხშირი სტუმარი ვარ და ძალიან მიყვარს. გერმანულ სამზარეულოს რაც ეხება, რატომღაც არცთუ ისე მომხიბლავად ითვლება, თუმცა ალბათ არავინ შემომეკამათება, რომ გერმანული ხორცეული (რომელზეც აუცილებლად დავწერ) - ძეხვები, ვურსტები, ლორი და ვინ იცის, კიდევ რა, ოდას ნამდვილად იმსახურებს. დღეს კი ჭეშმარიტად გერმანულ დესერტს, ბავარიულ ქეზექუხენს (ანუ ხაჭოს ნამცხვარს) შემოგთავაზებთ. რეცეპტი, როგორც ყოველთვის, მარტივია.
შემადგენლობა:
ცომი: 50გ შაქარი, 100გ კარაქი, 150გ ფქვილი, 1 კვერცხის გული, ვანილი.
სატენი: 350მლ რძე, 200გ შაქარი, 600-700გ ხაჭო (შეგიძლიათ გერმანული ქვარკიც და იტალიური რიკოტაც თამამად გამოიყენოთ), ლიმონის ცედრა, 1 პარკი (დაახლოებით 40გ) ვანილის პუდინგი, 50გ  სახამებელი, 3 კვერცხის ცილა, 100გ ქიშმიში ან ნუში (სურვილისამებრ).
ცომის ინგრედიენტები ავურიოთ და მოვზილოთ ცომი, რომელსაც ცხიმწასმულ ფორმაში გადავიტანთ (ფორმის ძირი და კედლები ისე დავფაროთ, რომ ცომმა ჭურჭლის ფორმა მიიღოს) და  ცოტა ხნით მაცივარში მოვათავსებთ.
სანამ ცომი მაცივარში ისვენებს, სატენის მასალა (კვერცხის ცილის გარდა) მიქსერით ავთქვიფოთ, ცალკე ათქვეფილი ცილა ფრთხილად დავამატოთ, მიღებული მასით გაციებული ცომი მთლიანად დავფაროთ და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 1,5 საათის განმავლობაში.
ღუმელიდან  საბოლოოდ გამოღებამდე 15 წუთით ადრე შეგიძლიათ ნამცხვრის ზედაპირს კვერცხის ცილა წაუსვათ.  თუ გეშინიათ, რომ ხაჭოს მასა ცომზე უფრო ადრე გამოცხვება და ზევიდან მიიწვება, შეგიძლიათ საცხობ ფორმას ალუმინის ფოლგა დაახუროთ და გვერდები შემოუკეცოთ.
გაითვალისწინეთ, გამომცხვარ ქეზექუხენს მაცივარი ძალიან უყვარს, ასე რომ გააციეთ და ისე მიირთვით!
თქვენი სურვილისა და გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ ქეზერქუხენი მორთოთ გამდნარი შოკოლადით, სხვადასხვა კენკრით ან სულაც ჯემით. ერთი სიტყვით, თქვენი ნებაა, მე კი წავედი, სამზარეულოში „რევიზიას“ ჩავატარებ, სათანადო პროდუქტებს დავძებნი, ხელებს დავიკაპიწებ და ცხობას შევუდგები...

კეთილი სურვილებთ, თქვენი დეიდა პოლი