ტორტი დაკარამელებული ფორთოხლით

Approved by Mary Poppins

ჩემი აზრით, ტორტი ძალიან მსუყე უნდა იყოს. განსაკუთრებით ზამთარში. ხილის მსუბუქი ტორტები ზაფხულის ხვატს უხდება ჩაციებულ შმაპანურთან ან ნაირ-ნაირ კრუშონთან ერთად. ზამთრის საჭმელი (მარტო ნამცხვარი კი არა) ძალიან მდიდარი და სურნელოვანი უნდა იყოს - უხვად შესუნელებული. ნუ, ეს ჩემი პირადი აზრია. იმათ, ვინც მეთანხმება, ბლოგერავტორთა მორიგ შეკრებაზე სპონტანურად შექმნილი ტორტის რეცეპტს გთავაზობთ.
ტორტი დაკარამელებული ფორთოხლით
6-8 პორცია (განსაკუთრებით ეკონომიური დიასახლისი თორმეტსაც გამოიყვანს)


დაკარამელებული ფორთოხლისთვის: 2 ცალი საშუალო ზომის ფორთოხალი, 180 გრ შაქარი, 75 გრ წყალი;
ბისკვიტისთვის: 5 კვერცხი, 7 ს/კ ფქვილი, 6 ს/კ შაქარი,, 0,5 ჩკ სოდა, ვანილი, 0,5 ს/კ თაფლი;
კრემისთვის: 1 პაკეტი ვანილის პუდინგი, 0,5 ლ რძე, 200 გრ კარაქი, 1სირჩა (40გ) კონიაკი ან კაკლის ძგიდის ლიქიორი;
შოკოლალადის ფილა მოსართავად;
ტორტის დასანამად: ტაფაზე ფორთოხლისგან დარჩენილ კარამელს დაუმატეთ დაახლოებით 50-70 გრ შაქარი და 1-1,5 ჭ წყალი და მოადუღეთ სიროპი. გაციებულს დაუმატეთ კონიაკი ან კაკლის ძგიდის ლიქიორი;
20 სმ დიამეტრის ტორტის ფორმა.


ფორთოხლების და ბისკვიტის მომზადება ერთი დღით ადრე ჯობია. როგორც იცით, კარგად გაციებული ბისკვიტი (ზაფხულში რამდენიმე საათით მაცივარშიც შეგიძლიათ მოათავსოთ) უკეთესად იჭრება.
ფორთოხალი დავჭრათ ნახევარსანტიმეტრიან რგოლებად. სქელძირიან ტაფაზე დავყაროთ შაქრის ნახევარი დავალაგოთ ფორთოხლის რგოლები, მოვაყაროთ დარჩენილი შაქარი, დავასხათ წყალი და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე 1 საათით, ან ცოტა მეტით (შესანახ დაკარამელებულ ფორთოხლებს მინიმუმ 2 საათი უნდა, მაგრამ ტორტისთვის კრაწუნა კარამელი არ გვჭირდება, წებოვანი კონსისტენციაც საკმარისია. ნამდვილი ირისის კონსისტენციისთვის კარამელში ცოტა კარაქიც დაამატეთ). შიგადაშიგ შეამოწმეთ, რომ არ მიიწვას, შეიძლება წყლის დამატება დაჭირდეს, და თუ არ დაიზარებთ, რგოლები გადაატრიალეთ კიდეც. ფორთოხლები გამუქდება და კარამელის აპკს გაიკეთებს.  დაკარამელებული ფორთოხლები დაალაგეთ ზეთის თხელ ფენა წასმულ პერგამენტის ქაღალდზე (რომ არ დაეწეპოს) და მეორე დღემდე დატოვეთ გასაშრობად (სხვათაშორის ძალიან დიდხანს ინახება).
ბისკვიტისთვის გავაცალკეოთ კვერცხის გული და ცილა. ცილა ავთქვიფოთ, რომ გამაგრდება, თითო-თითოდ ჩავამატოთ 5 ს/კ შაქარი. ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ კვერცხის გულები, 1 ს/კ შაქარი და 0,5 ს/კ თაფლი და მიღებული მასა დავუმატოთ ბეზეს. შემდეგ თითო-თითოდ კოვზად ჩავურიოთ ფქვილი, ვანილი და სოდა. ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ. ბისკვიტი თაფლის გამო უნდა გამოვიდეს მუქი და სურნელოვანი.
კრემი: პუდინგის ფხვნილი გავხსნათ ნახევარ ლიტრ თბილ რძეში და ავადუღოთ. გავაციოთ და ჩავამატოთ კრემის კონსისტენციამდე ათქვეფილ კარაქში. დავუმატოთ კონიაკი ან ლიქიორი.
სულ ცოტა წყლის დამატებით გავადნოთ შოკოლადის ფილა.
რამდენიმე ნაჭერი დაკარამელებული ფორთოხალი გადავდოთ მოსართავად. დანარჩენი დავჭრათ დაახლოებით ნახევარსანტიმეტრიან ნაკუწებად.
ბისკვიტი გავჭრათ 2 ადგილას. პირველი ფენა დავნამოთ, წავუსვათ კრემი, დავალაგოთ ფორთოხლის ნაკუწები. მოვაწუწოთ შოკოლადი ( ბლომად დააყარეთ და ბლომადვე მოაწუწეთ! ნუ იძუნწებთ! ტორტი მსუყე უნდა იყოს. დიეტაზე სხვა დროს დადექით) დავადოთ ბისკვიტის მეორე ფენა და გავიმეოროთ იგივე, მერე მესამე ფენა, გავიმეოროთ იგივე, ოღონდ თავზე დაჭრილი ფორთოლის ნაკუწების ნაცვლად გადანახული ნაჭრები დაალაგეთ ლამაზად. მოსახით შოკოლადიც ან გამდნარი შოკოლადით დახატეთ ლამაზი ფიგურები. სილამაზისთვის მოატარეთ ცოცხალი ფორთოხლის გახეხილი ცედრა. ტორტის ყავისფერ ტონებს, კაშკაშა ფორთოხლისფერი ძალიან უხდება.
გააციეთ და მიირთვით.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

3 კომენტარი.:

  1. Efigenia Doubtfire

    უუუფფფფ როგორ მინდაააააააა ეს უგემრიელესი სუპერ ტორტი!!!!!!

  1. ნინო-RTULI

    მმმმ,ძალიან კარგი ტორწიკია!პუდინგის კრემი არის სუპერ ჰაეროვანი.მე ხშირად ვიყენებ მაგ კრემს და შემიძლია ვთქვა რომ,ჩემი ფავორიტია :)

  1. Mary Poppins

    პუდინგით ბევრად უფრო მარტივია და თან გემოში სხვაობა პრაქტიკულად არაა, თუ რასაკვირველია რაიმე ექსკლუზიურ კრემს არ აკეთებ - მე მაქვს ერთი რეცეპტი, 10 კვერცხიან ტორტზე 2 "სგუსჩონკა", 16 კვერცხის გული და 900 გრ (!)კარაქი უნდა... იყო დრო, კრემის მარტო ამ ვარიანტს ვაკეთებდი. უგემრიელესია, მაგრამ ტორტს უცხოსთვის შესათავაზებლად ვეღარ გაიმეტებ :))))))) ახლა კი ჯერ ეკომომიური კრიზისი და მერე ასაკობრივი სიზარმაცე - პუდინგი ან ინგლისური კრემი 2 წუთში მზადაა :)

Post a Comment