შობა ოქტომბერში

Approved by Natia Jinjolava

ჩვენს ბოლოდროინდელ პოსტებს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ სულ დღესასწაულებზე ვწერთ, ვწერთ და საწერი არ გველევა. გასაგებიცაა - პერიოდია ასეთი! იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენებულ ხალხს ორ-ორჯერ გვიყვარს ყველაფრის აღნიშვნა... თუმცა არა მგონია, ჩემს გარდა ვინმე მოიძებნოს, ვინც შობას 19 ოქტომბერს შეხვედრია. დღესასწაულები მიყვარს და მათი აღნიშვნა სულაც არ მეზარება, მაგრამ ეს „უცნაურობა“ შემთხვევით დამემართა.
მოკლედ, ერთ წელს ჩემს დასთან გახლდით სტუმრად, რომელიც ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც შობა წელიწადის ლამის მთავარი დღეა და წინასაშობაო ფუსფუსი ოფიციალურად ერთი თვით ადრე იწყება. დავამატებ, რომ ქვეყანა ცივი და თოვლიანია (ანუ შობის მთავარი ატრიბუტი იქაურობას არასდროს აკლია). მოკლედ, მე კი სექტემბერში წავედი, მაგრამ იმ იმედით, რომ დეკემბერსაც იქ შევხვდებოდი და ღია ბარათებიდან და ბავშვობის ზღაპრებიდან კარგად ნაცნობ Weichnachten-საც იქ შევხვდებოდი.
ისე მოხდა, რომ შუა ოქტომბერში თბილისში დაბრუნება მომიწია. გულიც მწყდებოდა და ფეხებიც უკან მრჩებოდა, მაგრამ რას ვიზამდი - ადგილობრივი შობის დარიჩინგაჯერებული სურნელის შეგრძნება მომავალი წლისთვის გადავდე.  ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე, 19 ოქტომბერს, ჩემმა დამ არცთუ ისე ახლომდებარე ქალაქში ერთდღიან ექსკურსიაზე გამამწესა. საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, სიამოვნებით გავემგზავრე და დღეც მშვენივრად გავატარე.
ბინდდებოდა, როცა სახლში დავბრურდი და ჩემი დის აივანი არ მეცნო, რაღაც შეცვლილი მომეჩვენა, ვიფიქრე, ალბათ განათება გამოცვალა-მეთქი. სახლის კარი რომ გავაღე, მივხვდი - ყველგან ფერადი გირლიანდები ციმციმებდა, ოთახის შუაგულში დიდი, ყველა წესისა და კანონის დაცვით მორთულ-მოკაზმული ნაძვისხე იდგა, ნაძვისხის ქვეშ კი საჩუქრების უზარმაზარი გორა ელაგა...
დღესაც არ ვიცი, ჩემმა დამ შუა ოქტომბერში ნამდვილი ნაძვის ხე სად იშოვა. რომ ვეკითხები, ეშმაკურად იღიმება და არ მპასუხობს...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment