ქალების მეტისმეტად ხილული ფობიები

Approved by Mary Poppins

ჩემმა თანაბლოგერმა მამაკაცების შიშებსა და ფობიებზე ვრცლად ისაუბრა. ამაზე ლაპარაკი უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ კაცების მიმართ ტაქტს გამოვიჩენ და ჩემთვის უფრო აქტუალურ თემას მივხედავ - ქალების შიშებს. არც ფსიქოლოგი ვარ და არც ადამიანის ბუნების დიდი სპეციალისტი, ამიტომ მხოლოდ საკუთარი და ჩემს ირგვლივ მყოფი „თანამოგასაჭირეების“ გამოცდილებას დავეყრდნობი.
მაშ ასე, რისი ეშინია ე.წ. „სუსტ სქესს“? შევეშვათ მარტოობის, ავადმყოფობის, ღალატის, სხვა სერიოზულ და გლობალურ შიშებს და მივხედოთ ჩვენს ქალურ პატარ-პატარა დელიკატურ გულისშფოთვებს. მთავარი და ძირითადი შიში: ასაკის (დაბერების) და, აქედან გამომდინარე, ნაოჭების, ჭაღარის, სიმსუქნის, ცელულიტის და ა.შ. (თუ ატყობთ, რომ კაცების ფობიებს ძალიან ჰგავს? რა ვუყოთ, ერთი ცომიგან ვართ მოზელილი). მართალია, პროგრესი (ამ შემთხვევაში მედიცინა-კოსმეტოლოგიას ვგულისხმობ) წინ ისეთი ნაბიჯებით მიდის, ძლივს ვეწევით, მაგრამ შიში არსად მიდის, ის მუდამ ჩვენთანაა (ერთადერთი, ვის ღალატსაც ადვილად ავიტანდით, მაგრამ ეს ოხერი, მეტისმეტად ერთგულია).
მე, მაგალითად, გულმავიწყობის მეშინია. არა, სკლეროზს და ალცჰეიმერს არ ვგულისხმობ, იქამდე, იმედია, ჯერ შორსაა. ქალების გონებაგაფანტულობაზე რომ ვწერდი, ერთი ისტორია გამორჩა, რომელიც ერთ ნაცნობს დაემართა. დილით სახლიდან გასვლამდე ქვედაბოლო დააუთოვა, მერე გაემზადა, გალამაზდა, მიიღებ-მოიღება, სამკაულები აისხა (ეს არ დაავიწყდა!), მანქანაში ჩაჯდა და სამსახურს მიაშურა. მანქანიდან თავმომწონედ რომ გადმოვიდა და გამვლელების, მათ შორის ერთი-ორი თანამშრომლის, გაოგნებული და გამკიცხავი მზერა დაიჭირა, მერეღა შეამჩნია, რომ... საგულდაგულოდ დაუთოებული ქვედაბოლო სახლში დავიწყნია!

კიდევ თაგვების და ღამურების მეშინია. ეს ბევრისთვის ნაცნობი გრძნობაა, როცა პატარა და უწყინარი წრუწუნას დანახვაზე ანგარიშმოუცემლად წიოკს ტეხს და უახლოეს სკამზე ძვრება, ანდა ღამურისგან თავ- და თმადასაცავად სასწრაფოდ იფხატებს პირველივე ხელში მომხვდარ ქსოვილს. სხვათა შორის, ის აზრი, რომ ღამურამ თმაში „ჩაფრენა“ იცის, სისულელეა. ჩემი თუ არ გჯერათ, ნაცნობ ბიოლოგ-ზოოლოგებს ჰკითხეთ და ისინი აგიხსნიან, ღამურა შემთხვევით თუ „დაგეჯახათ“, თორემ თმასთან არაფერი ესაქმება და არც მაინცდამაინც თქვენს ქოჩორში გაბლანდვა უნდა.

ახლა გარეგნობასთან დაკავშირებულ შიშს მივხედოთ. ცელულიტი ჯერ-ჯერობით არ მემუქრება. თმის ცვენას რაც ეხება, შესაშური დალალები არც არასდროს მქონია და ამიტომ ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტე - ოპტიმალური ვარცხნილობა მოვძებნე და თავი „ქუდში მაქვს“ (ვისაც სიქაჩლე ადარდებს, ვარცხნილობა კი არა, პარიკი შეირჩიოს). თმასთან დაკავშირებით, სიმელოტის გარდა, მეორე, კიდევ უფრო უსიამოვნო პრობლემაც არსებობს, რომელიც ნორმალურ ქალს შიშის ზარს ჰგვრის: სამედიცინო ენაზე ამას „ჭარბთმიანობა სახეზე“ ჰქვია, ანუ „წვერ-ულვაში“, რაც მამაკაცებს შეიძლება ძალიანაც ამშვენებს, აი, ქალებს კი... თუმცა გამოსავალი ბევრია და არჩევანიც დიდი, ასე რომ, სათანადო მოვლის შემთხვევაში, ესეც ტრაგედია არ არის.

ნაოჭებს ვერსად გავექცევით, გვემატება და გვემატება, მაგრამ გამოსავალი აქაც მოინახება: გონივრული მაკიაჟი! ნაოჭები ძალიან თუ გაწუხებთ, იცოდეთ: ამასობაში ბოტოქსი გამოუგონიათ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ კანის „გასწორების“ ძალიან პოპულარული მეთოდი არსებობს (უცხოეთში ამავე მეთოდს ტუჩების დაბერვისთვისაც იყენებენ): პაციენტის სახის კანქვეშ მისივე საჯდომიდან აღებულ ცხიმს უშხაპუნებენ. ასე რომ, ძალიან გაუთოებულ-გადაპრიალებული სახის პატრონს შეხვედრისას სანამ გადაკოცნით, გაიხსენეთ, სინამდვილეში რას ეამბორებით.
წონას დარეგულირებაც შესაძლებელია (გეთანხმებით, ადვილი არ არის - ასაკთან ერთად უფრო მეტ და მეტ მსხვერპლს ითხოვს). ზოგისთვის დიეტის დაწყების სტიმული მოსალოდნელი წვეულება ან ზღვაზე სეზონის დაწყებაა, ზოგისთვის მაღაზიის ვიტრინაში საოცნებო, მაგრამ ორი ზომით პატარა კაბის დანახვა. თუმცა აქაც არ უნდა გადააჭარბოთ, ის არ დაგემართოთ, რაც ერთ ჩემს ნაცნობს: ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე საფრანგეთიდან დიდი ზარ-ზეიმით საქორწილო კაბა ჩამოიტანა. გასუქების შეეშინდა და თადარიგი დაიჭირა: ჭამას მოუკლო. ქორწილამდე ერთი თვით ადრე კაბა მოიზომა და აღმოაჩინა, რომ თვითონ ისე დაპატარავებულ-დაწვრილებულიყო, კაბის მკერავთან წაღება და გადაკეთება მოუწია. ჭამასაც მოუმატა. ეგ არაფერი, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე კაბა კიდევ ერთხელ მოისინჯა და აი, უბედურება: თურმე ამასობაში წონაში მოუმატებია! დარჩენილი დღეები ყველა გაწამდა, პატარძალიც (საწყალს ლუკმა აღარ ჩაუდია) და მისი ახლობლებიც (პატარძლის მოთქმა-გოდებას ისმენდნენ), მკერავების მთელი ბრიგადა თავს იმტვრევდა, აწ დაპატარავებული კაბა ზომაში როგორ გაეზარდათ. საბოლოოდ, ეს ამბავი კარგად დამთავდა, ჩემი ნაცნობი საკუთარ ქორწილში თავს ამ ნალოლიავები და გატანჯული კაბით იწონებდა.

კარგი, ზემოხსენებული შიშები გარეგნობასთანაა დაკავშირებული, ლოგიკურიცაა და გასაგებიც. მაგრამ არსებობს უფრო აბსურდული წუხილებიც. მაგალითად, ერთი ჩემი მეგობარი, ტკბილ სიტყვას არ დაინანებს, ახალ შენაძენსაც მოგიწონებს, ქათინაურსაც გულწრფელად გეტყვის, მაგრამ არ მოისვენებს, სანამ იგივეს არ მოიპოვებს. ვიღაცა ამას შურს დაარქმევს, მე კი „სხვისი უპირატესობის შიშს“ ვეძახი.
კაცების ფობიებს მიძღვნილ სტატიაში მოყვანილმა „ბოტულიზმის ისტორიამ“  რამდენიმე ნაცნობ-მეგობარი გამახსენა. ეტყობა, ავადმყოფობის შიშიც ხშირი და „გადამდებია“. გახსოვთ თბილისში ერთ დროს დიფტერიის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა?  აი, სწორედ იმ პერიოდში ერთმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა და დაიჟინა, რომ მაშინვე მასთან მივსულიყავი. მივედი და რას ვხედავ: საწოლში ყელშეხვეული წევს,  ხელში დიდი სარკე უჭირავს, პირი უკიდეგანოდ აქვს დაფჩენილი და დაზაფრული სარკეში აკვირდება. დამინახა თუ არა, „მოდი, მოდი, ყელში ჩამხედეო“ და იქვე ამიხსნა:  „უეჭველად დიფტერია მჭირს და კარგად დამაკვირდიო“. ერთი კი აღვშფოთდი, რომელი ექიმი და ხუნაგის სპეციალისტი მე მნახა? იმაზე არ მიფიქრია, მართლა რომ სჭირდეს, მეც ხომ გადამედებოდა. არა, იმიტომ კი არა, რომ ძალიან გულადი ვარ, უბრალოდ, ამ ადამიანს  კარგად ვიცნობ და მსგავსიც არაერთხელ გაუკეთებია. „ბოტულიზმის პოპულარობის ეპოქაში“ ახალ წელს მეგობრები ერთად ვხვდებოდით. ამ გოგონამ ბადრიჯნის მწნილი გასინჯა, ემჟავა და საკუთარ თავს განაჩენი იქვე გამოუტანა - „ბოტულიზმი“! კიდევ კარგი, ჭკუა გვეყო და მოვატყუეთ: ინკუბაციური პერიოდი 3 საათამდე დავიყვანეთ. სამივე საათი  გოგონამ მდუმარედ გაატარა, თან გაფაციცებული საათს უყურებდა. დათქმული დრო გავიდა თუ არა, „ამჯერად გადავრჩი“-ს ძახილით წამოხტა. თვითონ „გადარჩა“, ჩვენ კი საღამო ჩაგვიშხამდა...

ამბობენ, რომ სინამდვილეში რაღაცის კი არა, საკუთრივ შიშის გვეშინია. ვცადოთ და თამამად გავუსწოროთ თვალი რეალობას, უსიამოვნო სინამდვილე შეძლებისდაგვარად გამოვაკეთოთ, გავაუმჯობესოთ, არ დავიზაროთ, სადღაც რაღაცა მოვიკლოთ, რაღაცა დავთმოთ და ხანდახან იმ ფილმის პერსონაჟივით გავიხსენოთ: Я – самая обаятельная и привлекательная! და ყველაზე უშიშარიც! მერე რა, რომ წლები გვემატება და ჭკუა გვაკლდება, ნაკლიც გვაქვს და არაერთი... დამიჯერეთ: უნაკლობა რომ არსებობდეს, ეგეც ნაკლი იქნებოდა.
უფ, რამდენი დამიწერია! და კიდევ რამდენის დაწერა შეიძლება... წავალ ერთი, სარკეში ჩავიხედავ!!!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment