ხორცის პაშტეტი ორნაირად

Approved by Gourmet Guide


ხორცის პაშტეტი
ცომისთვის: 500 გრ ფქვილი, 250 გრ კარაქი, ½ ჩ/კ მარილი, 2-3 ს/კ ცივი წყალი, 1 კვერცხი
გულსართისთვის: 1 კგ ხბოს ფარში, 3 კვერცხი, 1,5 ჩ/კ მარილი, 2 ჩ/კ დაფქული პაპრიკა, ½ ჩ/კ დაფქული თეთრი პილპილი, ½ ჩ/კ ხმელი მაიორანი, 3 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები, 150 გრ ინდაურის ღვიძლი (ღვიძლი თუ არ გიყვართ, შეგიძიათ სულ არ დაუმატოთ, მე პირადად ლორის ნაჭრებით ვცვლი), 1 ს/კ კარაქი, 100 გრ შამპინიონები
ზევიდან გადასასმელად:  2 კვერცხის გული
ფქვილი დავყაროთ დაფაზე და შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება, ზემოდან მოვაყაროთ კარაქის ნაფლეთები, ჩაღრმავებაში კი ჩავყაროთ მარილი, ჩავასხათ წყალი და ჩავაგდოთ კვერცხი. ცივი ხელებით რაც შეიძლება სწრაფად მოვზილოთ ფხვიერი ცომი, გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 2 საათით.
მანამდე ფარში, სანელებლები, კვერცხები და ოხრახუში კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ღვიძლი დავჭრათ კუბიკებად და დავბრაწოთ ტაფაზე გამდნარ კარაქში. გავაგრილოთ. შამპინიონები გავჭრათ შუაზე ან ოთხად ზომისდა მიხედვით. გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. ცომი გავყოთ 2 ნაწილად. ერთი გავაბრტყელოთ და დავაფინოთ ცხიმწამულ საცხობ ფირფიტაზე, ზედმეტები შემოვაჭრათ. ზემოდან დავახვავოთ ფარში, ოღონდ ირგვლივ, 2 სმ სიგანი კანტად ცომი ცარიელი დავტოვოთ. ფარშს ზემოდან მოვაყაროთ სოკო და დაბრაწული ღვიძლის კუბიკები. ცომის მეორე ნაწილი გავაბრტყელოთ და ფარშს ზემოდან გადავაფაროთ, ზედმეტი ცომი შემოვაჭრათ და ირგვლივ დატოვებული ცარიელი ცომის კიდე კარგად შემოვკეცოთ. მორჩენილი ცომისგან ორნამენტები გამოვჭრათ და გავაფორმოთ  ღვეზელი. ცომის ზედაპირი ხის ჩხირით რამდენიმე ადგილას ჩავჩხვლიტოთ, ცხობისას შიგნით დაგრივებული ორთქლი რომ გამოვიდეს. კვერცხის გულები ავთქვიფოთ და ცომს გადავუსვათ. ვაცხოთ 1 სთ და 20 წუთი.

ხორცის პაშტეტი ფენოვან ცომში
4 პორცია
300 გრ მზა ფენოვანი ცომი, 2 ხახვი, 30 გრ კარაქი, 1 კონა ოხრახუში, ცოტაოდენი კამა, 600 გრ შერეული ფარში, 3 კვერცხი, 125 გრ ცხიმიანი ხაჭო, მარილი, ახალდაფქული თეთრი პილპილი, 1,5 ჩ/კ ხმელი ან ნედლი ქონდარა (Thyme), 200 გრ ყველი „ბრინზა“
ზევიდან გადაასმელად: 1 კვერცხის გული, 2 ს/კ რძე ან მაწონი
გაყინულ ფენოან ცომს თუ ვიყიდით, ნახევარი საათის განმავლობაში გავაჩეროთ გასალღვობად. მანამდე კი ხახი დავჭრათ წვრილად. კარაქი გავადნოთ ტაფაზე და საშუალო ცეცხლზე ვთუშოთ 10 წუთის განმავლობაში, თან ვურიოთ. შევაგრილოთ. მწვანილი გავრეცხოთ, დავფერთხოთ და დავჭრათ წვრილად. ერთმანეთში გადავურიოთ ფარში, მოთუშული ხახვი, მწვანილი, კვერცხები, ქონდარა და ხაჭო. კარგად შევამარილ-შევაპილპილოთ (სანელებლები კარგად უნდა იგრძნობოდეს). საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი ან გადავავლოთ ცივი წყალი. ფქვილმოყრილ დაფაზე ცომი გავაბრტყელოთ 30სმX40სმ-ზე მართკუთხედის ზომაზე და და უფრო ვიწრო მხრიდან ჩამოვაჭრათ 1 სმ სიგანის 2 კანტი. ცომი დავაფინოთ საცხობ ფირფიტაზე. ფარში დავყაროთ ცომის ნახევარზე (სიგრძეზე). ყველი დავჭრათ კუბიკებად და მოვაყაროთ ფარშს. გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. ცომის ცარიელი ნახევარი ფარშს გადავადაროთ და ცომის კიდეები კარგად შევკრათ (შემოვუკეცოთ ყველა მხრიდან). გადავიტანოთ საცხობ ფირფიტაზე. კვერცხის გული და რძე ავთქვიფოთ და გადავუსვათ ცომს. გავაფორმოთ ჩამოჭრილი ცომის ლენტებით. ვაცხოთ 40 წუთი. შევაგრილოთ და მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შებოლილი ორაგულის პაშტეტი

Approved by Gourmet Guide


პაშტეტის და ღვიძლის ჩემნაირ მოძულეებსაც კი ძალიან მოეწონებათ პაშტეტის ეს ვარიანტი, რასაკვირველია, თევზის მოძულეთა ჯგუფსაც თუ არ განეკუთვნებიან. შებოლილი ორაგულის ან ჩვენებური სათალის პაშტეტი, მართლაც უგემრიელესი და საკმაოდ დახვეწილი კერძია, რომელიც თეთრი შოკოლადის არ იყოს, ბევრი არ უნდა ჭამო, თორემ მერე ფასსაც კარგავს და გემოსაც.

Smoked Salmon Paté - შებოლილი ორაგულის პაშტეტი
250 გრ შებოლილი ორაგულის ფილე, 200 გრ ნაღების ყველი (მასკარპონე ან ფილადელფია), 1 ს/კ არაჟანი (სავალდებულო არაა), ნახევარი ლიმონის წვენი, პატარა კონა, წვანე ხახვი და კამა, მარილი (გასინჯეთ, თევზი მარილიანია და შეიძლება მარილის დამატება სულ არ დასჭირდეს) და ახალდაფქული პილპილი. პურის კრეკერები მისატანებლად.
ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ ბლენდერში და დავაპაშტეტოთ. გადავუსვათ გახუხულ პურს და გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კაცები და მათი ხილული თუ უხილავი ფობიები

Approved by Gourmet Guide


ბლოგის შემქნის დღიდან სულ კაცების ნაკლზე და მათ უსაქციელობაზე ვლაპარაკობთ. მე შენ გეტყვი და მიზეზს არ გვაძლევენ. თემის მოძიებისთვის დიდხანს შრომაც არ მჭირდება, მეზობელთან გავალ, ან გთხოვილ-შეყვარებულ დაქალებში (ანუ კაცებთან სისტემატიური და ახლო კავშირის მქონე კონტინგენტთან) გადავრეკავ და ერთი დღეში, დღე კი არა, ხანდახან  ერთ საღამოში განვითარებული მოვლენებისგან სამი-ოთხი სტატიის მასალა წარმატებით გროვდება. ზოგჯერ, განსაკუთრებით სავსე მთვარის დროს (თუ გახსოვთ, ამაზე ერთხელ უკვე ვწერდით), ერთდროულად იმდენი საინტერესო რამ ხდება, იძულებული ვხდები სპეციალური ბლოკნოტი ვაწარმოო და მსუყე-მსუყე ამბები მომავლისთვის შემოვინახ-დავასაწყობო. კაცები კარგად გვყავდნენ და მაგათზე სალაზღანდარ-საქილიკოს რა გამოლევს.
დღეს ცოტა სხვა კუთხიდან მინდა მათზე საუბარი. ამდენს ვყვებით კაცების უკიდეგანო ეგოიზმზე, თვითნებობასა და უპირობო დომინანტობის სურვილზე. ხანდახან მგონია, რომ ქართველი (და არამარტო) კაცების ცხოვრების ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი მიზანია, ქალის საწინააღმდეგო სულ პატარა რამე მაინც გააკეთონ და ამ გზით დაამტკიცონ საკუთარი ვაჟკაცობა. რამდენად ნიჭიერად გამოსდით და რეალურად რას აღწევენ, ეს სხვა საკთხი და ცალკე თემაა, რომელსაც გვერდს ვერაფრით ვერ ავუვლი და ერთ მშვენიერ და ლამაზ დღეს, რა თქმა უნდა, მაგაზეც ვისაუბრებ.  
ამჯერად მამაკაცებზე და მათ შიშებზე მინდა გეჭორაოთ. სრულიად კაცობრიობისა და ოჯახის ბედნიერი ლიდერის იმიჯს ამოფარებულებს, თურმე არც თუ ისე დალხენილი და უღრუბლო ცხოვრება აქვთ. დარწმუნებული ვარ, ვისაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც თუნდაც ერთი კაცი შეხვედრია, ყველა დამეთანხმება რომ მათი ყველაზე დიდი შიში და ღამის კოშმარი ნაადრევი თუ უდროო გამელოტებაა. ვინ რითი ცდილობს ამ გადაუჭრელი და უსაშველო პრობლემის გადავადებას, შეყოვნებას, შეჩერებას. ზოგი, აქაოდა განსაცდელს თვალს თამამად ვუსწორებო, თავს იხოტრავს, ზოგიც სხვების გასაცურებლად, ე.წ. „ტალავერს“ იზრდის და კეფიდან უკვე იქაც შეთხელებულ დალალებს შუბლზე ივარცხნის, ზოგიც ექსტრემალურ ზომებს მიმართავს და ინერგავს (დააკვირდით, საქართველოში შემოსული სიახლეებიდან, ეს ერთადერთი კოსმეტიკური პროცედურაა, რომელსაც კაცები არ მალავენ და რისიც არ რცხვენიათ. სოლარიუმებსა და საეპილაციო სალონებში კი, ისევე, როგორც შოკოლადისა და თაფლის მასაჟის სეანსებზე შვილივით ნაზარდი ღიპის დასაგდებად, მალულად დაიარებიან), რა საშუალებასა და მეთოდს არ მიმართავენ სათითაოდ აღრიცხვაზე აყვანილი და ნალოლიავები მოღალატე თმის ღერების ცვენის შესაჩერებლად.
თავის დასამშვიდებლად და გადაშიშვლებული კინკრიხოს კიდევ უფრო კარგად გადასაპრიალებლად ისიც კი მოიგონეს, რაც უფრო მელოტია მამაკაცი, მით უფრო მეტ სექსუალურ პოტენციას ფლობსო. ნეტა ვინ შეამოწმა? იგივე აზრის მქონე ქალი, მე პირადად, არსად შემხევდრია. აი, თავად სექსუალური შესაძლებლობის ასაკისდაგამო დაკარგვას  კი (რაც არანაკლებ დიდი შიშის მიზეზი და ბევრი სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემის საფუძველს წარმოადგენს)  ბევრად უფრო მშვიდად ეგუებიან და იცით რატომ? ამის შესახებ მხოლოდ თვითონ და ჰა-დ-აჰა ცოლმა იცის. აი, ქაჩალ თავს კი კილომეტრიდანაც ყველა ხედავს. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობენ. ერთ ჩემს ნაცნობს, 15-17 წლის რომ იყო, პანიკურად ეშინოდა გულ-მკერდსა და ზურგზე ბანჯგვლები არ ამომივიდესო. ყოველ დილას, გაღვიძებისთანავე მისხალ-მისხალ ითვალიერებდა ქალისთვისაც კი შესაშურად გადაპრიალებულ ხელ-ფეხს - ღამის განმავლობაში ბიბინა თმოვანმა საფარმა ხომ არ დაფარაო. ვის რა უჭირს...
ამავდროულად, რაც ყველაზე საინტერესოა, ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცებს სულ არ ედარდებათ ისეთი სერიოზული რამ, როგორიცაა ასაკის მომატებასთან ერთად თვალის ჩინის დაკარგვა-დაქვეითება. არადა, ყველა ლოგიკის თანახმად, თმის შეთხელებაზე მეტად გაბრუციანება უნდა გვაწუხებდეს. სხვა თუ არაფერი, ცუდი მხედველობა ბევრ პრობლემასა და უზარმაზარ დისკომფორტს ქმნის. შიშველ თავზე, დიდი-დიდი მზემ დაგვაცხუნოს ან ზამთარში მოგვეყინოს, წვიმის დროს გარკვეულწილად მოხერხებულიც კი არის, თან არსებობს ამ საკითხის მარტივი გადაწყვეტა - ქუდი. გამელოტებაზე დარდისაგან რეალობის შეგრძნებადაკარგული კაცები კი სათვალეს ცხვირზე მარტივად ისკუპებენ და  სამუდამოდ გამომშვიდობებულ ქოჩორზე ფიქრში გართულები საერთოდ არ იმჩნევენ პლიუს სამის პლიუს ოთხში და ა. შ. გადასვლას. ეტყობა, იმედი აქვთ სათვალე ჭკვიანი კაცის იერს სულ ცოტათი მაინც შეგვმატებსო.
ფიზიოლოგიური მომენტების გარდა კაცებს სხვა სჭირბოროტო საკითხებზე შიშიც არ ასვენებთ. მაგალითად მეგობრის, კოლეგის ან მეზობლის უკეთესი მანქანა, უკეთესი სამსახური და უკეთესი ცოლი. თანაც ზუსტად ამ თანმიმდევრობით. ქართველ ავტომოყვარულთა ერთ ძალიან საინტერესო საიტზე ხშირად ვიჭყიტები ხოლმე. ფორუმზე ახალ მანქანას ერთმანეთს ჯერ გულიანად ულოცავენ, მერე დაუზარებლად უქებენ და მიამიტად სხვათაშორის აყოლებენ: „ძვირი მიგიცია“, „მაგარია ეს დისკები რომ არ აბანძებდეს“, „მაგის ყიდვა მეც მინდოდა, მაგრამ შევამოწმებინე და მერე აღარ მომეწონა“, „მაგ ფასად უკეთესსაც იყიდდი, ძმა“, „მაგ მოდელს წინა ჯობია“, „აგერ უკეთესი გამოვიდა“ და ა.შ. ... ადამიანმა უკვე შეიძინა, თავისი არჩეულია, თავისივე მოწონებული,  სახლში ყავს მოყვანილი და ახალი მანაქნა უხარია - შეარგე რა! შენ ხომ არ გჩუქნის?! არა, რაღაც პატარა დეტალი მაინც აუცილებლად უნდა დაუწუნონ! ერთადერთი რაშიც თანამოძმეებს კონკურენციას არ უწევენ და რისიც გულწრფელად არ შურთ - სხვისი კარგი შვილებია. რაც არ უნდა უვარგისი და გაუზრდელი პირმშო ყავდეთ, სხვისი უკეთესისკენ თვალი არ გაურბით და სულ არ ეშინით ძმაკაცის შვილმა სწავლაში ან საქმეში ჩემსას არ აჯობოსო. ალალად და მიამიტად აკმაყოფილებთ საკუთარი ნებისმიერ ვარიანტში და  თავისი შესაძლებლობეის მაქსიმუმის ფარგლებში, ავიც და კარგიც ერთნაირად უყვართ. შვილის მიღწევებით არ ამაყობენ და არ უხარიათ-თქო კი არ ვამბობ, პირიქით, ძალიანაც მოწონთ. მაგრამ სხვისი შვილი როგორია, სულ არ ადარდებთ. აი, ფანჯრის ქვეშ დაყენებული მეზობლის ბოლო მოდელის  და პრესტიჟული მარკის ავტომანაქნა, კონკურენტ ფირმაში დაწინაურებული ძმაკაცი, ან მეზობლის გრძელფეხება საყვარელი ღამით ძილს რომ უფრთხობთ და მოსვენებას არ აძლევთ, ეჭვიც არ მეპარება. არ ვიცი, არ ვიცი, ალბათ მათ ცხოვრებაში მწირი მონაწილეობის გამო (რას იზამ, დაკავებულები არიან, ოჯახისთვის ლუკმა-პურს შოულობენ) შვილები  საკუთარ დამსახურებად, მათი აღზრდა კი საკუთარ მოვალეობად სულ არ მიაჩნიათ.
ახლა დროის მოტანილ და მოდურ შიშებს არ იკითხავთ? ერთმა ჩემმა მეგობარმა სახლში ოჯახის წევრების გასაცნობად უკვე სტაჟიანი შეყვარებული მიიყვანა - ორმეტრიანი ჭეშმარიტი გურჯი ვაჯკაცი. გაზაფხული იყო და საგანგებოდ გამოწყობილ და თავმომწონე ბიჭს  საგულდაგულოდ დარჩეულ-გარეცხილი მარწყვი მიართვეს. სახტად დარჩენილი სასიდედროს გაოცება წარმოიდგინეთ, როცა სახეშეცვლილმა და გაფითრებულმა ბიჭმა ხილის ჭამაზე სასტიკი უარი განაცხადა: დედამ მითხრა, უცხო ოჯახში მარწყვს ნუ შეჭამ, კარგად გარეცხილი თუ არ იქნა,  მიწა შეგყვება და ბოტულიზმი დაგემართებაო. ბიჭის ხელოვანი მშობლისგან განსახვავებით, კარგად ერუდირებულმა ოჯახმა სასიძოს „შემთხვევით“ საჟურნალო სტატია შეაპარა, სადაც წვრილად იყო ახსნილი, ბოტულიზმის ჩხირები მხოლოდ კონსერვირებულ გარემოში რომ ხარობდა და მიწის ჭამისგან დიდი-დიდი ტეტანუსს თუ აიკიდებდა, რისგანაც, ჰა, მაქსიმუმ, ღრანჭი მოექცეოდა და ინციდენტი დაივიწყეს.
ვინ აცალათ? მორიგი სტუმრობისას დანა-ჩანგალ და სხვა დამხმარე ინსტრუმენტებმომარჯვებულმა ბჭმა მირთმეული კატლეტი ნახევარ მილიმეტრიან ნაკუწებად დააქუცმაცა და კარგა ხანი მონდომებითა და გულდასმით ჩიჩქნა: გარედან კარგი დაბრაწული კი არის, მაგრამ კარგი გამომშრალი არ იქნება,  სადმე შუაგულში უმი ხორცი გაგეპარებოდათო. დელიკატური და კარგად აღზრდილი მასპინძლები აღარ დაინტერესებულან სტუმარი არარსებულ უმ ხორცში რას ეძებდა, ციმბირის წყლულს თუ ღორის სოლიტერის კვერცხებს. ალბთა მიხვდით, რომ ყმაწვილი სასიძოს სტატუსითვე ჩაბარდა წარსულს...
აი, ასე, ჩემო კარგებო, როგორც იძახიან არც მთლად მასეა საქმე. თავდაჯერებულ და წარბშეუხრელ ნიღაბს ამოფარებულებს, ზოგს თაგვის ეშინია და ზოგსაც ჩიტის გრიპის. ერთი ჩემი ნაცნობი პატარა ნიავშიც არ ჯდებოდა: „აქ მიბერავს, სხვაგან გადამსვით, გაციების მეშინიაო“... და რა გგონიათ? ამ ფაქტს 25 წლის ასაკისთვის  4 ცოლის გამოცვლაში ხელი სულ არ შეუშლია (ახლა მერამდენე ყავს არ ვიცი, მაგრამ მარტო ნამდვილად არ არის).  ქალები ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერი, თუნდაც სულელური და ბავშვური მიზეზით დაშინებულს და დაფეთებულს თავზე ხელი გადავუსვათ,  ვანუგეშოთ და აუცილებლობის შემთხვევაში, დავიცვათ კიდეც და სხვათაშორის, ყველაზე მეტად სწორედ ქალების ეშინიათ, მაგრამ ამაზე სხვა დროს...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ქათმის პაშტეტი ესპანურად

Approved by Gourmet Guide


ქათმის პაშტეტი ესპანურად
ცომისთვის: 25 გრ საფუარი, ¼ ლ თბილი რძე, 2 ს/კ კარაქი, მწიკვი მარილი, 500 გრ ფქვილი
გულსართისთვის: 4 პამიდორი, 1 ხახვი, 1 მწვანე ბულგარული წიწაკა, 100 გრ ლორი, 300 გრ ქათმის მოხარშული ხორცი, 1 ს/კ ზეთი, მარილი, პილპილი გემოვნებით, 1 მწიკვი ნივრის ფხვნილი (იყიდება სუპერმარკეტებში)
ზევიდან გადასასმელად: 1 კვერცხი
26 სმ დიამეტრის ტორტის საცხობი ფორმა დავცხიმოთ. გავადნოთ კარაქი, შევაგრილოთ და ფქვილთან, რძესთან, მარილთან და საფუართან ერთად მოვზილოთ ცომი. ცომი ვზილოთ სანამ პრიალა არ გახდება და ჯამის კედლებიდან მოშორებას არ დაიწყებს. გადავაფაროთ ჩაის ტილო და თბილ ადგილას გავაჩეროთ 40 წუთი. მანამდე პამიდორები დავმდუღღოთ და გავაცალოთ კანი, დავჭრათ კუბიკებად. კუბიკებად დავჭრათ ხახვი და ბულგარული წიწაკაც. ასევე პატარა უბიკებად დავჭრათ ლორი და ქათმის ხორციც და დავბრაწოთ ზეთში. დავუმატოთ პამიდორი და ვთუშოთ, სანამ სითხე მთლიანად არ ამოორთქლდება. ქათამს და ლორს დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები, სანელებლები და კარგად გადავურიოთ. დავდგათ შესაგრილებლად. ცომი გავყოთ ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ 26 სმ დიამეტრის წრეებად. ცომის კიდეები დავასველოთ ცივი წყლით. ცომის ერთი ფენა მოვათავსოთ ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე და ზევიდან დავახვავოთ გულსართი. ცომის მეორე ფენა სველი კიდეებით ქვევით ზევიდან გადავაფაროთ და ცომის ზედა და ქვედა ფენების კიდეები კარგად შევაწებოთ ერთმანეთს. ჩვენს ღვეზელს ზევიდან ათქვეფილი კვერცხი გადავუსვათ და გავაჩეროთ 30 წუთი სითბოში. მანამდე ღუმელი გავაცხელოთ 200°C-მდე და ვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში. მივირთვათ ცხლად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ძველმოდური ღვეზელი პაშტეტით

Approved by Gourmet Guide


ვერასდროს ვერ ვიტანდი ღვიძლს და შესაბამისად პაშტეტსაც, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოვაინე, რომ პაშტეტი (Pastete) სულაც არ ყოფილა ღვიძლის და სინამდვილეში ასე  წმინდად გატარებულ ფარშს (საქონლის, ღორის, ხბოს, ფრინველის, ღვიძლისაც და ა.შ.) ან ამ ფარშის გულსართიან ღვეზელს ეძახიან. "ჩვენებურ" პაშტეტს კი კულინარები ფრანგულ მანერაზე, "პატე"-დ მოიხსენიებენ. ასე რომ, დღეს კლასიკური პაშტეტის თაყვანისმცემლთა სიაში მეც ვარ და მინდა მისი რამდენიმე მეტად საინტერესო რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ:

ძველებური კლასიკური პაშტეტი
26 სმ დიამეტრის ფორმისთვის:
ცომისთვის: 350 გრ ფქვილი, 150 გრ ცივი კარაქი, 1 კვერცხის გული, ½ ჩ/კ მარილი, 0,1 ლ ცივი წყალი
გულსართისთვის: 750 გრ მოხარშული შებოლილი ლორი (მაგალითად „ნიკორას“ მანდოლინა ან კარეიკა), 3 ს/კ კარაქი, 3 ს/კ ფქვილი, ¼ ლ საქონლის ხორცის ბულიონი, 1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ მარილი, ¼ ჩ/კ დაფქული პილპილი, 1 მწიკვი გახეხილი ჯავზის კაკალი (მუსკატი), 1 კვერცხის ცილა
ზევიდან გადასასმელად: 1 კვერცხის გული
ფქვილი დავყაროთ დაფაზე და შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება, ზემოდან მოვაყაროთ კარაქის ნაფლეთები, ჩაღრმავებაში კი ჩავყაროთ მარილი, ჩავასხათ წყალი და ჩავაგდოთ კვერცხის გული. ცივი ხელებით რაც შეიძლება სწრაფად მოვზილოთ ფხვიერი ცომი, გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 2 საათით.
მანამდე ლორი დავჭარათ კუბიკებად და რამდენჯერმე გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავაბლენდეროთ, სანამ ჩვენთვის ნაცნობი პაშტეტივით ერთგავროვან მასად არ იქცევა. დიდი ზომის ქვაბში გავაცხელოთ კარაქი და მოვხალოთ ფქვილი ღია ყავისფერ ფერამდე (რასაკვირველია, თან ვურიოთ, რომ არ მიიწვას). ნელ-ნელა, მორევა მორევით დავუმატოთ ბულიონი და ვხარშოთ 5-7 წუთი. ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან. ავთქვიფოთ კვერცხის გული და გადავურიოთ რუში, ანუ მოხალულ ფქვილიან ბულიონის სოუსში. დავუმატოთ მარილი და პილპილი. გადავურიოთ ფარშიც. ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და ისიც ფარშს დავუმატოთ.
გავახუროთ ღუმელი 240°C-მდე. ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან და გავყოთ 3 ნაწილად. 2 ნაწილი ისევ მაცივარში ეშვაბრუნოთ, ერთი კი წრის ფორმაზე გავაბრტყელოთ. მრგვალი, ტორტის საცხობი ფორმის ფსკერი და კიდეები გულიანად დავცხიმოთ. გაბრტყელებული ცომი ფორმაში ფსკერზე ჩავაფინოთ და გვერდზე გადმოსული ზედმეტი ნაწილები მოვაჭრათ და შევინახოთ. ცომი ჩანგლით კარგად დავჩხვლიტოთ. ცომის მეორე ნაწილი სიგრძეზე ლენტივივით გავაბრტყელოთ და საცხობი ფორმის გვერდებზე ამოვაფინოთ, ზედმეტები მოვჭრათ და შევინახოთ. ცომამოფენილი ფორმა ამოვავსოთ პაშტეტით, თავი მოვუსწოროთ და ოდნავ დავტკეპნოთ. ცომის მესამე ნაწილი გავაბრტყელოთ და ზემოდან დავაფაროთ, ზედმეტები მოვჭრათ. ზემოდან დაფარებული ცომი რამდენიმე ადგილას ჩავჩხვლიტოთ დანის წვერით (ცხობისას შიგნით დაგროვებული ორთქლი რომ ამოვიდეს). კვერცხის გული ავთქვიფოთ და ცომს გადავუსვათ სიპრიალისთვის. მონარჩენი ცომი კიდევ ერთხელ მოვზილოთ, თხლად გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ დეკორატიული ფიგურები და გავაფორმოთ ჩვენი ღვეზელი.  ცომის ორნამენტებსაც გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული. შევდგათ ღუმელი და ვაცხოთ 60-70 წუთი. 15 წუთი ფორმაში დავტოვოთ, მერე ამოვიღოთ და ბოლომდე გავაგრილოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

სავსე მთვარის როლი მამაკაცის ცხოვრებაში

Approved by Gourmet Guide


გეომეტრიის ზოგადი კურსის შემდეგ ყველამ ვიცით სამი განზომილების არსებობა. თუმცა, თანამედროვე მეცნიერები თავს იმტვრევენ და ნელ-ნელა გვაპარებენ ინფორმაციას მეოთხე განზომილების არსებობის თაობაზე.  ასე თუ გააგრძელეს, მეოთხეს მეხუთეც მოყვება, მეექვსეც და კაცმა არ იცის, კიდევ რამდენი. რამდენი განზომილებაც არ უნდა იყოს, აშკარაა, რომ კაცები და ქალები სხვადასხვაში ვცხოვრობთ. არა მარტო განზომილებაში, დროშიც. ჩვენთვის და მეცნიერებისთვის დღეს 21 დეკემბერი რომაა, კაცები სადღაც აპრილ-მაისში (განსაკუთრებით დინჯები, შარშანდელში) არიან ჩარჩენილი. არ გეცნობათ ასეთი სიტუაცია: კაცი რომ იბარებს ხვალ მოვალო, და ერთი თვის მერე კარის ზღურბლზე ატუზულს გულწრფელად სჯერა, რომ გუშინ გელაპარაკა. სჯერა და უკვირს, რატომ დახვდი გაალმასებული და კბილებალესილი. ასეთ კატეგორიას „შინმოუსვლელებს“ ვეძახი.
გერმანული დოგი ოტო
მაგალითად, ერთ წელს დასასვენებლად რომ ვიყავი, ძალიან სიმპათიური ბიჭი გავიცანი. მაღალი, გამხდარი, ძალიან თეთრი, შავი თმებით და არაბუნებრივად მუქი მწვანე თვალებით. მოკლედ, საჯიშე კაცის იდეალი, ოღონდ გერმანული დოგივით ლამაზი და აბსოლუტურად ცარიელი (სხვათაშორის, ზუსტად ასეთი ძაღლი ჰყავდა). ერთმანეთი აშკარად მოგვეწონა, მაგრამ 2 თვის მანძილზე სულ სამჯერ ვნახე. სექტემბერში თბილისში ჩამოსულს უნივერსიტეტის წინ შემხვდა და შემომჩივლა: რა კარგი იყო ზაფხული,  როცა ყოველდღე ერთად ვიყავითო. მეტყველების უნარი დავკარგე.
მამაკაცების ქცევაში არსებობს კიდევ ერთი რამ, რასაც „სავსე მთავრის სინდრომი“ დავარქვი. ძველი და კარგად დავიწყებული თაყვანისმცემლები და მისთანანი, დაახლოებით 6 თვე -  1 წლის შუალედით, მხოლოდ და მხოლოდ სავსე მთვარიანობისას, ჯგუფურად იკარგებიან და ჯგუფურადვე ჩნდებიან.  პირველი ზარის შემდეგ ზუსტად ვიცი, რომ 2-3 დღის განმავლობაში ყველა ამოტივტივდება. რა უნდათ, ვერც მეცნიერები და ვერც ჩემნაირები ვერ ვხსნით.  ჩნდებიან მქუხარე მოკითხვებით, გეგონება, სულ მცირე, ხვალ დილას სადარბაზოსთან მინიმუმ ყვავილებ, და მაქსიმუმ ბეჭედმომარჯვებული დამხვდებაო და... ისევ უგზო-უკვლოდ იკარგებიან. ასე გრძელდება წლების მანძილზე. აი, ასე გაჩნდა ჩემს ტელეფონში ჯგუფი - „ნამარხები“.
ნამარხებში შედის მამაკაცების მესამე სახეობაც, ე.წ. „მილოცვაფობები“ - არ იკარგებიან, მაგრამ არასდროს არ ჩნდებიან მაშინ, როცა ყველაზე მეტად გინდა - მე მგონი, ყნოსვა აქვთ. არ გილოცავენ დაბადების დღეს, თუმცა ერთი კვირის მერე მოგახსენებენ, რომ ახსოვდათ, მაგრამ... ახალი წელიც და სხვა დღესასწაულებიც ასევე მარტივად ავიწყდებათ. ანამუსე და იყავი! რაც მეტად აღშფოთდები, მით უფრო უკვირთ და მყარად ივიწყებენ. საკმარისია, ურთიერთობა გაირკვეს და ნამარხებიდან „უგზო-უკვლოდ  და სამუდამოდ დაკარგულების“ ჯგუფში გადაინაცვლონ, ყოველ დაბადების დღეს და ახალ წელს პირველები გილოცავენ.

შავი მარტორქა ედისონი

არსებობენ უნიკალური გამონაკლისები, რომლებიც რაღაცნაირად ახერხებენ სამივე კატეგორიას განეკუთვნებოდნენ. მაგალითად, ერთი ჩემი ნაცნობი, რომელზეც კიდევ ბევრჯერ მოგიყვებით (ამიტომაც საჭიროდ ვთვლი, პორტრეტიანად წარმოგიდგინოთ), 14-წლიანი ნაცნობობისა და უბრალო ნაცნობობაზე ცოტა მეტის მანძილზე, დაბადების დღე სულ ორად-ორჯერ მომილოცა, ისიც ხანგრძლივი განშორების პერიოდში. ყოველდღიური ურთიერთობის დროს რაღაც სასწაულით ახერხებდა წელიწადის 365 დღიდან მაინდამაინც იმ ერთ და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს დაკარგულიყო. სხვათაშორის წელსაც (სულ მეორედ) მომილოცა, ნეტა რა სჭირს? საგონებელში ჩავვარდი: Не к добру это!
ამიტომ, ქალებო, გადააგდეთ საათები, დახიეთ კალენდრები და შეეგუეთ ბედს! მომსვლელი მაინც მოვა, საქმე იმაშია, როდის და გიღირთ თუ არა ლოდინი. ტყუილად ნუ ააჩქარებთ, მაინც არაფერი გამოგივათ. ისინი თავის სამყაროში ცხოვრობენ, მათთვის დედამიწა სხვა სისწრაფით და სხვა მიმართულებით ბრუნავს...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

იხვის პაშტეტი

Approved by Gourmet Guide

იხვის პაშტეტი

12 პორცია
იხვის 3 ცალი გულმკერდის ფილე, 1 ს/კ მწვანე პილპილის მარცვლები, 200 გრ ბეკონი (ან ღორის სალა), 6 ს/კ ხერესი, 400 გრ იხვის ღვიძლი, 2,5 ჩ/კ მარილი, დაფქული პილპილი გემოვნებით, 250 მლ ცხიმიანი ნაღები, 250 მლ პორტვეინი, 2 კვერცხი, 65 გრ ფქვილი, 2 ხახვი, დაფნის ფოთოლი, ქონდარა (thyme), 2 ფორთოხლის წვენი, 75 გრ კარაქი, 1 ფორთოხალი, 1 ტოტი მწვანე პილპილი, 8 გრ ჟელატინი
200 გრ კუბიკებად დაჭრილ ღვიძლს დავასხათ 3 ს/კ ხერესი და მოვაყაროთ ქონდარას ფოთლები (ან ხმელი ქონდარა). გავაჩეროთ 2 სთ. ტაფაზე მოვხრაკოთ კუბიკებად დაჭრილი ბეკონი ან სალა, წვრილად დაჭრილი ხახვი და 2 დაფნის ფოთოლი. მერე დავუმატოთ დარჩენილი (დაუმარინადებელი) ღვიძლი. ღვიძლი რომ მოითუშება, დაფნის ფოთლები ამოვიღოთ. იხვის ფილე დავჭრათ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავაბლენდეროთ მოხრაკულ სალასთან და ღვიძლთან ერთად. გადავურიოთ 3 ს/კ ხერესი, ფორთოხლის წვენი და პილპილის მარცვლები. ფქვილი მოვხალოთ კარაქში, დავუმატოთ ნაღები, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავათქვიფოთ კვერცხები. ნაღებიანი კვერცხები გადავურიოთ იხვის ფარშში და მერე ჩამარინადებული ღვიძლის კუბიკებიც დავუმატოთ. მთელი ეს მასა ჩავტენოთ ცეცხლგამძლე, თავსახურიან ფაიფურის ფორმაში და წყლის აბაზანაში (პაშტეტიანი ფორმა ჩავდგათ ცხელი წყლით ნახევრამდე გავსებულ უფრო დიდი ზომის საცხობ ფორმაში და ისე შევდგათ ღუმელში) ვაცხოთ 90 წუთის განმავლობაში. გამოვიღოთ, გადავასხათ ზედმეტი ცხიმი, ზემოდან სიმძიმე დავადოთ და სიცივეში დავდგათ მთელი ღამით. გავაფორმოთ ფორთოხლის ნაჭრებით და მწვანე პილპილის ტოტით.

საუკეთესო სურვილით, თქვენი მერი პოპინსი

კვერცხის პაშტეტი

Approved by Gourmet Guide


ვისაც ღვიძლის ატანა ჩემსავით არ გაქვთ, შემწვარი კვერცხი და სტუმრების გაოცება კი გიყვართ - ეს კერძი ძალიან მოგეწონებათ. კვერცხის პაშტეტი მართლაც უგემრიელესი და უეფექტურესი „ზაკუსკაა“.

კვერცხის პაშტეტი
4 პორცია
6 კვერცხი, 250 გრ ისპანახი, 150 გრ სტაფილო, ½ კონა მწვანე ხახვი, 150 გრ ლორი, 150 გრ ყველი, 2 ს/კ სახამებელი, მარილი და ახალდაფქული პილპილი
ისპანახის ფოთლები გვრეცხოთ და სულ 2 წუთით ჩავყაროთ მდუღარე წყალში. ამოვიღოთ ქაფქირით და ჩაყაროთ ყინულებიან წყალში ფერი რომ არ დაკარგოს. სტაფილო დავჭრათ პატარა კუბიკებად და ვხარშოთ მდუღარე წყალში 3 წუთის განმავლობაში. გადავწუროთ და გავაგრილოთ. მწვანე ხახვი გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილ რგოლებად, მერე ისიც ჩავყაროთ მდუღარე წყალში ორი წუთით და გადავუწროთ. ლორი დავჭრათ სტაფილოს კუბიკების ზომაზე.
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. მართკუთხედ საცხობ ფორმას (შეგიძლიათ გამოიყენოთ კექის ფორმა) წავუსვათ ცხიმი და ამოვაფინოთ ისპანახის ფოთლები. ყველი გავხეხოთ. კვერცხი ცილები და გულები დავაცალკევოთ. კვერცხის გული ავთქვიფოთ მარილთან, პილპილთან და სახამებელთან ერთად. ბოლოს დავუმატოთ გახეხილი ყველიც. დავუმატოთ სტაფილო, მწვანე ხახვი და ლორი და კარგად მოვურიოთ. კვერცხის ცილები ვთქვიფოთ სანამ ფორმის შენარჩუნებას არ დაიწყებს და მერე ფრთხილად გადავურიოთ კვერცხის გულებიან მასაში. მიღებული მასა ჩავასხათ ისპანახამოფენილ ფორმაში. ფორმას თავსახური დვაფაროთ ან ალუმინის ფოლგა გადავაკრათ მჭიდროდ. ავიღოთ უფრო დიდი ზომის საცხობი ფორმა, ჩავასხათ ცხელი წყალი და ამ წყალში ჩავდგათ ჩვენი კვერცხიანი საცხობი ფორმა. ცხელი წყალი კვერცხიან ფორმას შუამდე უნდა წვდებოდეს. ასევე შევდგათ ღუმელში ძალიან ფრთხილად. ვაცხოთ 50 წუთის განმავლობაში. მერე გამოვიღოთ ღუმელიდან და ფორმაში გავაჩეროთ კიდევ ნახევარი საათი. მერე მოვხადოთ თავი, დავაფაროთ ლანგარი და გადმოვატრიალოთ. შეგიძლიათ ზევიდან სილამაზისთვის წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი მოაყაროთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი 

სრულიად საზაფხულო დიეტა გაგანია ზამთარში

Approved by Gourmet Guide


ახალი წლის დღეებში მზრუნველად ამატებულმა კილოგრამებმა ცოტა არ იყოს შემაწუხა და ამას წინათ „ფეისბუქი“ უკიდეგანო სივრცეში შემთხვევით ნაპოვნი და ჩემი აზრით მეტად საინტერესო დიეტას მოვიძიე. რომლის გამომქვეყნებელიც იქვე წერდა რომ ეს დიეტა ძველი თაობის „სუხიშვილებს“ ეკუთვნოდათ და მისი მეშვეობით იკკლებდნენ ჯონცერტის წინ ზედმეტ წონას. დიეტას სიფათზევე ეტყობოდა რომ სედეგიანთან ერთად საკმაოდ „სატიკიც“ უნდა ყოფილიყო და მართლაც ასე აღმოჩნდა. სხვისი არ ვიცი და მე პირადად შიმშილზე მეტად მორალურმა წნეხმა შემაწუხა - რაღაც ძალიან დამთრგუნველი და სევდიანი დიეტაა. ქონზე მეტად ხასიათზე მოქმედებს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქვემოთ დიეტის დღეებში ნაწარმოებ ჩემს ჩანაწერებს გამოვაქვეყნებ და დასკვნაც თავად გამოიტანეთ. თუმცა, ისიც უნდა გითხრათ, რომ საერთოდ ძალიან ცუდად ვიკლევ და დაპირებული 7-დან ჩემი დაკლებული სამი კილო სხვისას მინიმუმ ხუთს ნიშნავს. ასე რომ, ჩემი „მარტვილობის“ წაკითხვის შემდეგ მაინც თუ გარისკავთ, წარმატებას გისურვებთ!

სუხიშვილების დიეტა
1 დღე - 500 გრ არაჟანი და 1 ლ ნაბეღლავი          (60კგ)
-   საკმაოდ ნორმალური და ასატანია. ჩემდა გასაოცრად, თავიდან არაჟანი მეგემრიელა კიდეც. ნაბეღლავს იმის სრული შეგრძნებით ვსვამ, რომ წამალია და აუცილებელი. დღის ბოლოს ნაბეღლავზე გულის რევის სპაზმები მაქვს, იგივე მჭირს ბოლო რამდენიმე ლუკმა არაჟანზეც, რაც შეიძლება იმის ბრალიცაა, რომ ბოლო პორცია ყველაზე დიდი გამოდგა. ვჭამე და ვსვი 3 თუ 4 ეტაპად. შიმშილის შეგრძნება - 0.

2 დღე - 500 გრ არაჟანი და 1 ლ ნაბეღლავი           (59,5კგ)
-   სრული გაუწყლოვანება. სულ მწყურია და სახეზე კანი მექერცლება. ნაბეღლავს ვსვამ მაგრამ ვხვდები რას ფიქრობდა ლენინი ბურჟუაზიაზე. მესამე კოვზ არაჟანს აგერ უკვე 40 წუთია ვლოკავ. ვერ ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებს, მაგრამ ჭამის სურვილიც არ მაქვს, არადა უკვე ოთხის ნახევარია... გულისწავლამდე გამთბარ სახლში ვიყინები და მაციებს - აშკარად არაა ზამთრის დიეტა. არ მშია და თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ყველაფერზე ვიღლები. ტელევიზორში ფილმის სათაურს „Молчание лорны ვკითხულობ როგორც „Молочная диета“-ს. მაგრამ, მიუხედავად იმისა რომ მეგობარი მყავდა სტუმრად და გულიანად ვიჭორავეთ, მერე რამდენიმე მეტად საინტერესო კინოს ვუყურე და ქუჩაშიც კი ვიყავი გასული, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მსგავსი შავ-თეთრი და მოსაწყენი დღე სიცოცხლეში არ მქონია. საერთოდ არ მშია.

3 დღე - 500 გრ არაჟანი და 1 ლ ნაბეღლავი             (59კგ)
-         დილით ზურგის (კონკრეტულად კისრის და ზურგის ხერხემლის გადაბმის ადგილის და ბეჭების) არაადამიანურმა ტკივილმა გამაღვიძა. როგორც ჩანს, დიეტამ ჩემი ირგანიზმის ყველაზე სუსტ წერტილს - ოსტეოქონდროზს მიაგნო და სწორედ იქ დამარტყა. სასტიკად მწყუროდა, მაგრამ ფეხზე წამოდგომის მცდელობა თავბრუსხვევით და ხელ-ფეხის დაბუჟებით დამთავრდა. არ ვიცი შემეშინდა და შიშისგან დაბალი წნევა ნორმალურამდე ამივარდა თუ რა იყო, თავი უკეთ ვიგრძენი, ზურგზე გავწექი და მშვიდად დავიძინე. გაღვიძებულზე თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ თავბრუ ისევ მეხვევა და გუშინდელივით ვიყინები. სულ მწყურია. სამაგიეროდ საერთოდ არ მშია. ღრმა ბავშვობაში კატეგორიულად არ ვჭამდი არაჟანს და ახლა მგონი ვხვდები რატომ. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში მინერალური წყლის ატანა არ მაქვს და წყურილით რომ ვკვდები მაშინაც არ ვსვამ. მიუხედავად იმისა, რომ არჟნიდ გემო უკანასკნელ ლუკმამდე მსიამოვნებდა, მის დანახვაზე ისეთ ფსიქოლოგიურ ტრავმას ვღებულობ, რომ ალბათ ძალიან დიდი დრო დამჭირდება, სანამ ზიზღის გრძნობას გადავლახავ და ისევ შევჭამ.

4 დღე - 1,5 კგ ნებისმიერი ბოსტნეული და 1 ლ ნაბეღლავი           (58,5კგ)
-         არ ვიცი, მივეჩვიე თუ იმის ბრალია, რომ არაჟნი ჭამა აღარ იწევს... თავს სუსტად, მაგრამ გუშინდელზე ბავრად უკეთ და ბედნიერად ვგრძნობ. ეშმაკობა ვიხმარე და ვიყიდე გოგრა და ყაბაყი და ახლა ღუმელში ვაცხობ. ვერავითარი ძალა ვერ მაიძულებს უმი და ცივი ბოსტნეულის ჭამას - დღესაც მაცივებს.  ცხოვრება მიხარია, უკვე პირველი საათია და არც მშია და არც მიჭამია. ისეთ ეშხში შევედი, მიზნად დასახული 55 კგ აღარ მაკმაყოფილებს და 50-51 კგ რომ ვიყავი იმ პერიოდის სურათებს ვათვალიერებ სულ უფრო და უფრო ხშირად... მაგრამ, არაჟნის და ნაბეღლავის სამი მოწყენილი დღე ფსიქოლოგიურად და მორალურად იმდენად მტკივნეულია, რომ ალბათ უახლოესი 2-3 თვე ამ დიეტის გამეორებაზე არც ვიფიქრებ. უფრო მეტიც, რამდენად გამართლებული და სწორი იქნება, ვინმემ რომ მთხოვოს და ასეთი საზიზღარი დიეტა ჩავაწერინო? ღუმელში გამომცხვარი ყაბაყი ვერ ვჭამე. 2,7კგ-იანი კვახის ნახევარზე ნაკლები მოვხარშე ორთქლზე, რაც საჭილო 1,5 კგ ვერ არის და სიგემრიელისდამიუხედავად, ისიც ვერ ვჭამე. 3 პატარა და მეოთხე დიდი ნაჭრიდან, ყველაზე დიდი ხელუხლებელი დავტოვე.

5 დღე - 1,5 კგ ნებისმიერი ბოსტნეული და 1 ლ ნაბეღლავი             (58კგ)
-         აღარ მწყურია, აღარ მშია. ორგანიზმმა საჭმელი საბოლოოდ დაიკიდა. საკუთარ მკლავებს და ფეხებს სიამაყით ვათვალიერებ. არაჟანი რომ აღარ მაქვს საჭმელი უკვე მარტო ამის გამოა ცხოვრება მშვენიერი. დღეს კვახის მეორე ნახევარი მაქვს - თავს ვიმტვრევ რა ვჭამო ხვალ და იდეაც არ მომდის - არაფერი არ მინდა. აშკარად საზაფხულო დიეტაა. გაგიკვირდებათ - გუშინ სტუმრებს ჩემი უსაყვარლესი პაპრიკიანი ქაბაბები შევუწვი და... სუნი არ მესიამოვნა. სიამოვნებით ვუყურებ კულინარიულ გადაცემებს, მაგრამ ადრე თუ ვიგულიანებდი ნანახიდან რა გამეკეთებინა, ახლა არცერთი არ იწვევს ჩემში გასინჯვის სურვილს - მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას ვღებულობ. ისევ გაყინული ვარ.

6 დღე - 1,5 კგ ნებისმიერი ბოსტნეული და 1 ლ ნაბეღლავი             (57,7კგ )
-      ადამიანები ჭამენ? ჩემი გუშინწიდელი გოგრის სამი ნაჭერი კიდევ მაქვს, მაგრამ მინდა რამე დავამატო. მთელი დღე ისე გავერთე, რომ საღამოს 10 საათამდე ლუკმა ვერ ვჭამე. შიმშილი სულ არ მაწუხებს, მაგრამ ცოტა სისუსტეს ვგრძნობ. მოვიხარშე 2 ცალი კარტოფილი.

7 დღე - 1,5 კგ ნებისმიერი ხილი და 1 ლ ნაბეღლავი                         (57,5კგ)
-      ვინმე თუ მეტყვის რა მბერავს? ისე, შიმშილისგან აფრიკელ ბავშვებსაც ებერებათ მუცელი, თუმცა იმათ ბუზებიც ეხვევა თავზე. მე არ მშია და საჭმელი სულ არ მაღელვებს. 1 ვაშლს 1 საათი ვჭამ და როდის მერე გახდა ვაშლი ასე „приторно“ ტკბილი? იძულების წესით, სანამ ჩემი სტუმრები მწვადს მიირთმევდნენ, როგორც ზრდილობიანი მასპინძელი სუფრას მივუჯექი და  ვჭამე 1 ბანანი - მთელი 90 კალორია! და ორი მანდარინი. მუცელი პროტესტის ნიშნად ბუყბუყებს - ვერ ხვდება რა უნდა უქნა საჭმელს. სითხე რომ არა, ტუალეტის გზა დამავიწყდებოდა.

8 დღე - 1,5 კგ ნებისმიერი ხილი და 1 ლ ნაბეღლავი                         (57,3კგ)
-          არ მშია, არ მწყურია. ხილისგან მუცელი მებერება და მიბუყბუყებს. კინოს ყურებაში ისე გავერთე, რომ მთელი 4 მანდარინი ერთად ვჭამე - აშკარა პროგრესია, როგორც ჩან, ჭამის ინსტინქტი ჯერ კიდევ მაქვს. რა დიეტაზეც უნდა ვიდგე თუ ვიჯდე, დიეტურ საჭმელში ყოველთვის მეცილებიან (განსაკუთრებულად დედაჩემი). ეს ოყო პირველი შემთხვევა, როცა ორიოდე ყლუპ ნაბეღლავს თუ არ ჩავთვლით, არავინ ჩამზიარებია. გუშინ კი ჩემი საგანგებოდ აწყულ-აწონილი კალათიდან მანდარინები მომპარეს... რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ სხვისი ლუკმა ყოველთვის უფრო ტკბილია.

9 დღე - 1,5 კგ ნებისმიერი ხილი და 1 ლ ნაბეღლავი                           (57,1კგ)
-      აჰა, ბოლო დღეც დადგა და ქეციანი 3 არასრული კილო დაპირებული 5-7-ის ნაცვლად. მართალია, იდეაში საბოლოო შედეგი ხვალ უნდა დავაფიქსირო, მაგრამ არამგონია სასწორის ისარი 57-ს ქვევით დაეშვას. კმაყოფილი თუ ვარ? რასაკვირველია! უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, მას მერე რაც ექიმმა გაომიცხადა, რომ ჩემი მომატება ასაკობრივია და დროა პასპორტში ჩავიხედო, 59-ს ქვევით ვერცერთი ვერც ორდღიანი და ვერც ექსთვიანი დიეტის შედეგად ვერ ჩავჩოჩდი, ახლა კი მთელი ექსტრა 2 კილო მაქვს დაკლებული. დიატას აუცილებლად გავიმეორებ, ოღონდ მაისის ბოლოს, რომ დათბება და მარწყვი შემოვა და კიტრი და პამიდვრის ჭამა სიამოვნებას მომანიჭებს. მანამდე კი ჩემს ჩვეულებრივ დიატას გავაგრძელებ - ჭამე ყველაფერი, ოღონდ გემრიელი და ცოტა!

10 დღე - არის, აღსრულდა ოცნება!                                                            (57კგ)
-   დამთავრდა დიეტა და მე ისევ ვერ ვჭამ. გავიღვიძე და ყავაც კი არ მომიდუღებია. რა გირჩიოთ? პირველი დღეების უხასიათობას თუ არ ჩავთვლით, დიეტა სულ არაა ძნელი. შედეგი აქვს. ხილთან ერთად სისხლში შაქარი მოხვდა თუ არა, ხასიათი ეგრევე გამომიკეთდა. რამდენიმე რჩევა: ჯინინიანი თუ არ ხართ და მტკიცე ხასიათით არ გამოირჩევით, დაწყებაც არ ღირს, ტყუილად ნუ იწვალებთ და მეორე - არაა ეს ზამთრის დიეტა, ზაფხულში და სითბოში სრულიად უმტკივნეულო იქნება. ზამთარში, თუნდაც თბილ სახლში ძალიან ძნელია უმი ხილის და ბსიტნეულის ღლაჭუნი. ჰო, კიდევ ერთი, ამ დიეტის პარალელურად ვარჯიში ან ფიზიკური შრომა დაივიწყეთ - იმდენაც ცოტა კალორიას ღებულობს ორგანიზმი, თითოეულის ხარჯვაზე უმკაცრესი კონტროლია დასაწესებელი.

დაპირებული შედეგი მე-10 დღეს:              5-7 კგ
რეალური შედეგი:                                                3 კგ

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ჯეიმი ოლივერის დედის ჩინური ტორტი რეტრო სტილში

Approved by Gourmet Guide


ჩინური ტორტი რეტსრო სტილში
1 მზა რულეტი მარწყვის ჯემით თხელ ნაჭრებად დაჭრილი, 1 პატარა კალათა მარწყვი გარეცხილი და თხლად დაჭრილი, 1 პატარა ჭიქა ლიქიორი „Cointreau“, 135 გრ-იანი პაკეტი მარწყვის ჟელე, 600მლ რძე, 4 ს/კ შაქარი, 1 პაკეტი მარწყვის პუდინგის ფხვნილი, 450 გრ დაკონსერვებული მანდარინი ლებნებად დაყოფილი, 135 გრ-იანი პაკეტი ფორთოხლის ჟელე, 600 მლ მზა მოხარშული კრემი, 300 მლ ცხიმიანი ნაღები, შოკოლადი და ფორთოხლის ცედრა
რულეტის ნაჭრები ამოვაფინოთ ჯამის ფსკერზე და გვერდებზე 1 რიგად, ზემოდან მოვაყაროთ მარწყვი და მოვასხათ ლიქიორი. მარწყვის ჟელე მოვამზადოთ პაკეტზე მითითებული ინსტრუქციის თანახმად და დავასხათ მარწყვებს. შევდგათ მაცივარში შესადედებლად.  600 მლ რძე გავაცხელოთ. რამოდენიმე კოვზ ცხელ რძეში გავხსნათ მარწყვის პუდინგის ფხვნილი შაქართან ერთად. რძე როგორც კი წამოდუღებას დააპირებს გადავურიოთ რძეში გახსნილი პუდინგის ფხვნილი და ძალიან სწრაფად მოვურიოთ. დაბალ ცეცხლზე ვურიოთ 2 წუთის განმავლობაში, როგორც კი წამოდუღდება, ცეცხლიდან გადმოვდგათ, მორევა მორევით შევაგრილოთ  და ზემოდან დავასხათ მარწყვის ჟელეს. შევდგათ მაცივარში და ვაცალოთ გაგრილება და შესქელება.
პუდინგი რომ შედედება, ზემოდან დავალაგოთ გადაწურული დაკონსერვებული მანდარინის ფენა. მოვამზადოთ ფორთოხლის ჟელე პაკეტზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით და დავასხათ მანდარინებს. შევდგათ მაცივარში შესადედებლად. ფორთოხლის ჟელე რომ შედედება ზემოდან წავუსვათ მოხარშული კრემის ფენა. ნაღები ავთქვიფოთ და თავზე გადავუვათ კრემს. ზემოდან მოვაყაროთ შოკოლადის ბურბუშელა და ფორთოხლის ცედრა. შევდგათ მაცივარში.
(jamieoliver.com)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Fortune Cookies - ჩინური ნაცხვარი წინასწარმეტყველებით

Approved by Gourmet Guide


„წინასწარმეტყველებებით“ დატენილი შინაური ჩინური ნამცხვრის ცხობისას, ყველაზე რთული ეტაპი სოწრედ ამ წინასწარმეტყველებების მოფიქრება და ამობეჭდვაა, თავად ნამცხვარი კი ყველაზე მარტივი ვაფლის ცომისაგან ცხვება და მისი მომზადების წესი ძალიან წააგავს, ჩვენი ბავშვობის ვაფლის სიგარეტების დახვევის მეთოდს, რომლებსაც ცხელ ტაფაზევე თუ არ დაახვევდით, გაგრილების მერე იმსხვრეოდა და გადასაყრელი ხდებოდა.
ამიტომ, მისი ცხობისას რამდენიმე მარტივი წესი გაითვალისწინეთ: 1. საცხობი ფირფიტა არამც და არამც არ უნდა იკრავდეს (ყველას ტეფლონიანი საცხობი ფორმა ჯობია, ან სილიკონის საცხობი ფირფიტა); 2. ერთ ჯერზე 2-3 ცალზე მეტს ნუ დააცხობთ (იდეალში თითო-თითო ჯობია) - ცხლად დახვევას ვერ მოასწრებთ და საჭმელად კი დამტვრეულიც გემრიელი იქნება, მაგრამ თავის დასახელებას ვეღარ გაამართლებს; 3. წინასწარმეტყველებასთან ერთად გემრიელიც რომ გამოვიდეს, შეგიძლიათ ამოავლოთ შოკოლადში, ცომw კი რაიმე არომატიზატორი დაუმატოთ.

ჩინური ნამცხვარი წინასწარმეტყველებით
(მარტივი რეცეპტი)
გამოდის 10-12 ცალი
1 კვერცხის ცილა, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, მწიკვი მარილი, ¼ ჭ ფქვილი, ¼ ჭ მაქსიმალურად წვრილი შაქარი
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. ტეფლონიან საცხობ ფირფიტას წავუსვათ კარაქი. გავამზადოთ წინასწარმეტყველებიანი ქაღალდის ლენტები. კვერცხის ცილა და ვანილის შაქარი ერთმანეთში გავქნათ. ცილა რომ აქაფდება (ბეზესავით ნუ ავთქვიფავთ), დავუმატოთ ფქვილი, მარილი და შაქარი. თითო სუფრის კოვზი ცომი დავასხათ საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან მოშორებით და კოვზის ზურგით ცომი გავანაწილოთ ისე, რომ დაახლოებით 7 სმ დიამეტრის წრეები გამოგვივიდეს. თითო ჯერზე 2-3 ცალზე მეტს ნუ დაასხამთ, გამოცხობის მერე ცხლად დაკეცვა გაგიჭირდებათ. 
შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 5 წუთის განმავლობაში ნამცხვრის კიდეების გაოქროსფერებამდე. გამოვიღოთ ღუმელიდან, ნაცხვარი გადმოვიღოთ ჩაის ტილოზე და რაც შეიძლება სწრაფად მოვათავსოთ „წინაწარმეტყველებიანი“ ქაღალდის ლენტი, მერე სამზარეულოს ნიჩბის ან ფართო დანის მეშვეობით ნამცხვარი სწრაფად (ოღნდ ფრთხილად) გადავკეცოთ შუაზე, სწრაფად  გადავღუნოთ შუაზე ან ჩამოვკეცოთ ჭიქის ან ქილის კიდეზე (ნახეთ ვიდეოზე). ფორმის უკეთესად შესანარჩუნებლად სანამ საბოლოოდ გაცივდება და გამაგრდება მოვათავსოთ ტარტალეტკის ფორმაში ან ფინჯანში.
იგივე გავიმეოროთ დარჩენილ ნამცხვრებთანაც.

ამ ვიდეოზე, ნამცხვრის რეცეპტი სხვაა, მაგრამ თვალნათლივ ჩანს მისი მომზადებისა და კეცვის ტექნიკა.


ჩინური ნამცხვარი წინასწარმეტყველებით მარტა სტიურატის რეცეპტით
გამოდის 15 ცალი
5 ს/კ კარაქი, 4  მსხვილი კვერცხის ცილა, 1 ჭ წვრილი შაქარი, 1 ჭ გაცრილი ფქვილი, მწიკვი მარილი, 3 ს/კ ნაღები ან არაჟანი, 1 ჩ/კ ნუშის ექსტრაქტი
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. საცხობ ფირფიტას წავუსვათ კარაქი. დაბალ ცეცხლზე გავადნოთ კარაქი. გადავდგათ გვერდზე. მიქსეირით, საშუალო სიჩქარეზე გავთქვიოთ კვერცხის ცილა და შაქარი დაახლოებით 30 წამი, დავუმატოთ მარილი და ფქვილი. ფქვილს რომ კარგად შეიზელს დავუმატოთ შეგრილებული კარაქი, ნაღები და ნუშის ექსტრაქტი და ვთქვიფოთ კიდევ 30 წამი. 1 ს/კ ცომი დავასხათ საცხობ ფირფიტაზე და კოვზის ზურგით გავანაწილოთ ისე, რომ 10-12 სმ დიამეტრის წრე გამოგვივიდეს. გავაკეთოთ მეორე წრეც. შევდგათ ღუმელში 8 წუთით, სანამ ნამცხვრის კიდეები არ დაიბრაწება, გული კი თეთრი უნდა დარჩეს. გამოვიღოთ და რაც შეიძლება სწრაფად მოვათავსოთ ნამცხვარზე წინაწარმეტყველებიანი ქაღალდის ლენტი. ნიჩბის ან ფართო დანის მეშვეობით გადავკეცოთ შუაზე, სწრაფად ავიღოთ და წვეტიანი ბილოები მოვუღუნოთ, ისე რომ ნახევამრთვარის ფორმის ნამცხვარი გამოგვივიდეს. გავიმეორეოთ იგივე მეორე ნამცხვართანაც. როგორც მარტა სტიუარტი ამბობს, თითოს დამზადებაზე 10 წამზე მეტი თუ დავხარჯეთ, ნამცხვარი გამაგრდება და მის გადაკეცვა-გადაღუნვას ვეღარ შევძლებთ. დარჩენილი ცომიც იგივენაირად გამოვაცხოთ.


მარტა სტიუარტის ნამცხვრის მეორე, შოკოლადიანი ვარიანტი: ყველაფერი იგივე, ძირითად რეცეპტში 1 ჭ ფქვილი ჩავანაცვლოთ ¾ჭ ფქვილს დამატებული 3 ს/კ კაკაოთი. დანარჩენი ინგრედიენტები და მომზადების წესი ზუსტად იგივე.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი