საქართველოს სახელმწიფო დროშა

Approved by Mary Poppins


მოგესალმები ძვირფასო მკითხველო და უპირველეს ყოვლისა გილოცავ შობა–ახალ წელს... დაე, ყოველივე საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს 2013 წელი თითოეული ჩვენგანისათვის და სრულიად საქართველოსათვის.
ჯერ კიდევ სკოლის სახელმძღვანელოებიდან გემახსოვრებათ რუბრიკა ,,იცით თუ არა რომ...“ ან ,,ეს საინტერესოა“. და, როგორც წესი, ძალინ საინტერესო ნიუანსების ამოკითხვა შეიძლება მათში.
საქართველოში 14 იანვარს ტრადიციულად ე.წ. ,,ძველით ახალი წელი“ აღინიშნება, თუმცა იცით თუ არა, რომ ... 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ არის გამოცხადებული.
აღნიშნული დადგენილია ,,საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ ორგანული კანონის (№3233  14.01.2004)  მე–6 მუხლით.
ამოტომ, შობა–ახალ წელთან ერთად საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესაც გილოცავთ...
მოგეხსენებათ, ყველა სახელმწიფოს გააჩნია შესაბამისი იურიდიული აქტებით დამტკიცებული სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი.
საქართველოს დროშას, რომელსაც არაოფიციალურად ,,ხუთჯვრიან დროშას“ უწოდებენ ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენს გარშემო და იგი ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკად 2004 წლიდან არის წარმოდგენილი.
ქვეყნის ძირითადი კანონის – საქართველოს კონსტიტუციის მე–11 მუხლის თანახმად: ,,საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები დადგენილია ორგანული კანონით.“
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ განსაზღვრავს სახელმწიფო სიმბოლოს – საქართველოს სახელმწიფო დროშის აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.
აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება, გარდა ზემოთ აღნიშნული ორგანული კანონით განსაზღვრულისა.
როგორც ვიცით, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებს გააჩნიათ თავიანთი სიმბოლიკები. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აღმართულია აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების დროშები, სახელმწიფო დროშა უნდა იყოს ავტონომიური რესპუბლიკის დროშაზე დიდი ზომის და უფრო მაღლა აღმართული. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე აღმართულია სხვა სახელმწიფოს დროშა, საქართველოს დროშა არ უნდა იყოს მასზე მცირე ზომის.
კანონითაა აკრძალული დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება, გამოფენა და გამოკიდება.
საქართველოს სახელმწიფო დროშის ზუსტი გამოსახულება და სტანდარტული ზომები დადგენილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. სახელმწიფო დროშის ზომების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული ბრძანებულებით განსაზღვრული პროპორციების დაცვით.
როგორც წესი, სახელმწიფო სიმბოლიკის შებღალვა დიდ დამცირებად და ქვეყნის შეურაცხყოფად ითვლება. აღნიშნული გაითვალისწინა ქართულმა კანონმდებლობამ და შედეგად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343–ე მუხლით საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა დანიშაულად ითვლება და ითვალისწინებს შესაბამის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ვისურვებდი, რომ საქართველოს საელმწიფო დროშა აღარასდროს დაშვებულიყოს გლოვის ნიშნად, რომ მუდამ ამაყად ეფრიალოს და თითოეული ჩვენგანისთვის მუდამ რწმენის, სიძლიერისა და წინსვლის სიმბოლო ყოფილიყოს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ მიმდინარე დღესასწაულებს და საუკეთესო სურვილებით დროებით გემშვიდობებით...

მარად თქვენი, მავნე ნუიზამ

0 კომენტარი.:

Post a Comment