შემწვარი ღორის ბარკალი

Approved by Mary Poppins


ჯეიმი ოლივერის შემწვარი ღორის ბარკალი
1,5 კილოგრამიანი ღორის ბარკალი, 1 ს/კ პილპილის მარცვლები, 1 წითელი ხახვი 8 ნაწილად გაჭრილი, 6 ცხარე წიწაკა შუაზე გაჭრილი და თესლ გაცლილი, 2 ჩ/კ მთელ-მთელი მიხაკი, 1 ღერო ბოლქვიანი ნიახური დიდ ნაჭრებად დაჭრილი, 1 პატარა პრასის ღერო მსხვილად დაჭრილი, 3 დაფნის ფოთოლი, ½ კონა ქონდარა, 1 ჩხირი დარიჩინი
მარინადისთვის: 6 დაფნის ფოთოლი, 2 ს/კ დაფქული დარიჩინი, 2 ს/კ დაფქული იამაიკური პილპილი, 1 ს/კ დაფქული მიხაკი, 2 ს/კ დაფქული ჯავზის კაკალი (მუსკატი), 1 ს/კ ზღვის მარილი, 1 ს/კ ახალდაფქული პილპილი, 8 კბილი ნიორი გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი, 2 წითელი ხახვი გაფცქვნილი და ოთხად გაჭრილი, 8 ცხარე წიწაკა ყუნწ და თესლგაცლილი, 250 მლ მუქი რომი, 260 მლ წითელი ღვინის ძმარი, ერთი მუჭა ქონდარას ფოთლები
სარკალასთვის: ¾ ქილა საუკეთესო ხარისხის ფორთოხლის ჯემი, 125 მლ თეთრი რომი
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. ღორის ბარკალი დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად მოვათავსოთ ფართო, მაღალბორტიან  ტაფაზე, დავასხათ წყალი ტაფის ბორტის სიმაღლის ნახევრამდე რომ შეივსოს ისე. ბარკალს გადავაფაროთ ალუმინის ფოლგის ნაჭერი (რამდენიმე ადგოლას ჩავჩხვლიტოთ, ორთქლმა გამოსვლა რომ მოახერხოს). შევდგათ ღუმელში 2 საათით, სანამ ბოლომდე არ მომზადდება, გამოვიღოთ და გავაჩეროთ ნახევარი საათით. ფოლგას ნუ გადახდით.
სანამ ბარკალი იბრაწება მოვამზადოთ მარინადი. ბლენდერში ან სამზარეულოს კომბაინში ჩავყაროთ დაფნის ფოთლები, ნიორი და მარინადის მშრალი ინგრედიენტები და ვაქციოთ პიურედ. მერე დავუმატოთ ხახვი და წიწაკები და ვაბლენდეროთ 2 წუთის განმავლობაში. ჩავასხათ რომი და ძმარი, ისევ დავაბლენდეროთ და ბოლო დავუმატოთ ქონდარაც. ვაბლენდეროთ სანამ ჩვენი მარინადი ერთგვაროვან მასად არ ქიცევა.
ბარკალი გადავიტანოთ მეორე ტაფაზე და ცოტა შევაგრილოთ. ჯერ კიდევ თბილს გადავაძროთ ტყავი. მერე ბასრი დანით დიაგონალზე დავსეროთ ხორცი მთელი ბარკლის სიგრძეზე ძალიან ნაზად - ღრმად ნუ ჩავჭრით.
მარინადი გადავასხათ ბარკალს და კოვზის ზურგით ან რეზინის ხელთათმნიანი (ნუ დაგავიწყდებათ, რომ მარინადი ცხარეა!) ხელით შევაზილოთ. ასეთ ბარკალს შეგიძლიათ ცელოფანი გადააფაროთ და სანამ ხელმეორედ შეწვავთ ერთი ღამე მაცივარი გააჩეროთ, ან პირდაპირ ღუმელში შეუძახოთ. ბარკლიან ტაფაზე 1 ჭ წყალი დავასხათ და ბარკალი ღუმელში შევაბრუნოთ. ვბრაწოთ 2 საათის განმავლობაში. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ თავისივე ცხიმს თუ მოასხამთ, კიდევ უფრო მუქი და წვნიანი გამოვა.
ჭამის წინ, თუ სურვილი გექნებათ, გადაუსვით ფორთოხლის ჯემი და მოასხით რომი, მერე მოასხით ტაფის ძირზე დარჩენილი წვენიც და 30 წუთით ღუმელში შეაბრუნეთ. ყოველ 5-7 წუთში მოასხით ხოლმე თავისივე შენაწვავი წვენი. როგორც კი კრაწუნა და მუქ ქერქს გაიკეთებს - ბარკალი მზადაა!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment