ჰესტონ ბლუმენთალი და წითელი ღვინო

Approved by Gourmet Guide


ჭეშმარიტება ღვინოშია...

ერთ ერთი კულინარიული წესი, რომელიც ყოველთვის უნდა დავიცვათ ასეთია: „ნურაფერს მოამზადებთ იმ ღვინით, რომლის დალევაც შეუძლებელია“. საჭმლის კეთებისას „უვარგისი“ ღვინის გამოყენებისას, ღვინის მთელი უვარგისობა კერძზე გადავა და როგორც არ უნდა ეცადოთ, ამას ვერაფით დამალავთ.
ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ მჟავიანობის დონის შესაცვლელად ღვინოს აუცილებლად უნდა წაუკიდოთ ცეცხლი (დააფლამბიროთ), მაგრამ ვერავინ ხსნის, როგორ იცვლება ეს დონე - იმატებს თუ იკლებს - ან საერთოდ იცვლება თუ არა. გადავწყვიტე თვითონ შემემოწმებინა ფლამბირებისას მართლა იცვლება თუ არა მჟავიანობა და ორ ერთნაირ სპილენძის ტაფაზე დავასხი ერთნაირი ოდენობის წითელი ღვინო, მაღალ ცეცხლზე წამოვადუღე და ერთ-ერთს ცეცხლი წავუკიდე. ცეცხლი როგორც კი ჩაქრა, ტაფები ცეცხლიდან გადმოვდგი და ღვინო გავაგრილე.
ბრმად გაისნჯვის მეთოდით (არავინ არ იცოდა, ფლამბირებული რომელი ღვინო იყო), დადგინდა, რომ ერთი ღვინო მეორეზე უფრო მჟავე იყო. შემდგომმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ღვინის მჟავიანობა არ შეცვლილა, ღვინის სიმჟავის შეგრძნების ხანგრძლივობა შეიცვალა. ფლამბირებული ღვინის მჟავე გემო გადაყლაპვიდან რამდენიმე წამში ქრება, ცეცხლწაუკიდებელი ღვინის გემო კი გაცილებით დიდხანს რჩება.
მჟავიანობის საზომი ერთეულია - pH - მაგრამ უზარმაზარი სხვაობაა ამ ერთეულით გაზომილ ნამდვილ მჟავიანობასა და იმ მჟავიანობა შორის ადამიანი რომ აღიქვამს. წარმოიდგინეთ, რომ დალიეთ ერთი კოვზი 3%-იანი ძმარი - ნუ, ძალიან მჟავეა. იგივე ძმარი თაფლში რომ გაურიოთ, ნაკლებად მჟავე გემო ექნება. რეალური მჟავიანობა არ შეცვლილა, მხოლოდ მჟავე გემოს შეგრძნება შეიცვალა. ასე, რომ ღვინის ფლამბირება მართლაც ცვლის... სიმჟავის შეგრძნებას.

წითელი ღვინის სოუსი თევზისთვის
Red Wine Sauce for Fish
ეს რეცეპტი ფრანგი შეფ-მზარეული ბერნარ ლუაზოს (Bernard Loiseau) ეკუთვნის, რომელმაც სოუსის სტაფილოს პიურეთი შესქელების საინტერესო მეთოდი გამოიგონა.
135 გრ კარაქი, 535 გრ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი, 3 ს/კ შაქარი, 340 გრ წვრილად დაჭრილი სტაფილო, 2 ბოთლი ხილის არომატიანი წითელი ღვინო

ტაფაზე გავაცხელოთ 60 გრ კარაქი, დავუმატოთ ხახვი, მარილი, პილპილი და ვთუშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 25 წუთი, შიგადაშიგ ვურიოთ, თან თვალყური ვადევნოთ რომ ხახვი არ დაიბრაწოს.

ხახვი წვრილ საცერზე გადავწუროთ ცხიმისგან და გაწურული ხახვი გადავიტანოთ პატარა, სქელძირიან ქვაბში, მოვაყაროთ შაქარი, დავახუროთ თავსახური და დაახლოებით 30 წუთი ვთუშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.
ძალიან ცოტა, ნელა მოთუხთუხე წყალში მოვხარშოთ სტაფილო დარილებალმდე. სტაფილო რომ გამზადდება, გადავწუროთ წყალი, სამზარეულო კომბაინში ვაქციოთ პიურედ და გავატაროთ წვრილ საცერში.
ქვაბში ჩავასხათ ღვინო და წამოვადუღოთ. როგორც კი ადუღდება, დავუმატოთ ხახვი და ისევ წამოვადუღოთ, წავუკიდოთ ცეცხლი და როგორც კი ცეცხლი ჩაქრება, ამოვაორთქლოთ 225 მლ სითხე. დავუმატოთ სტაფილოს პიურე, ავთქვიფოთ, ჩავუწიოთ ცეცხლი მაქსიმალურად და ნელ-ნელა ჩავათქვიფოთ დარჩენილი კარაქი. გადმოვდგათ ცეცხლიდან, მარილი და პილპილი დავუმატოთ გემოვნებით.

ქათამი ღვინოში
Coq au vin
ეს კლაიკური ფრანგული კერძის ჩემეული ვერსიაა. მიუხედავად იმისა, რომ მის მოსამზადებლად საკმაოდ დიდი დროა საჭირო, ჩვენი შრომა ფუჭად არ ჩაივლის. ქათამი დაბალ ტემპერატურაზე ითუშება, რითიც გემოს და არომატს ინარჩუნებს, მაგრამ ვინაიდან აეს შეიძლება სოუსი „დაზარალდეს“, მე სოუსში ქათმის ფრთებს ვამატებ. ამ კერძისთვის შესანიშნავი გარნირია კარტოფილის პიურე ან მაკარონი. ქათმის ჩასამარინადებლად კერძის მომზადება კი მის ჭამამდე ერთი დღეღამით ადრე უნდა დავიწყოთ.

4-6 პორციისთვის: 150 გრ კარაქი, 3 საშუალო ზომის ხახვი წვრილად დაჭრილი, 1 ვარსკვლავა ანისულა, 3 საშუალო ზომის სტაფილო კუბიკებად დაჭრილი, 3 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, 3 ღერო პრასი 2,5 სმ სიგანის რგოლებად დაჭრილი, მწვანილების ნაკრები (ქონდარა, დაფნის ფოთოლი, ნიახურის ღერები ერთად გამოკრული), 100 გრ პატარა შამპინიონები დაჭრილი, 100 მლ პორტვეინი, 2 ბოთლი წითელი ღვინო ხილის არომატით, 2 საშუალო ზომის ქათამი ნაჭრებად დაჭრილი, მარილი და პილპილი, 2 სადესერტო კოვზი ფქვილი, 500 გრ ქათმის ფრთები
გარნირისთვის: 1 დიდი კონა ოხრახუში, 6 სქელი ნაჭერი ბკონი, 25-30 ცალი პატარა შამპინიონი, 130 გრ კარაქი, 25-30 ცალი პატარა ხახვი

დიდი ზომის ქვაბში გავადნოთ 75 გრ კარაქი, დავუმატოთ ხახვი და ანისულა და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 30 წუთი, გაოქროსფერებამდე, თან სისტემატიურად ვურიოთ. დავუმატოთ სტაფილო და ვხარშოთ კიდევ ნახევარი საათი. დავუმატოთ ნიორი, პრასი და მწვანილები, ვხარშოთ კიდევ 5 წუთი, გამოვრთოთ ცეცხლი და გავაჩეროთ.
ტაფაზე გაოქროსფრებამდე მოვხრაკოთ შანპინიონები 25 გრ კარაქში და გადავდოთ გვერდზე. დიდი ზომის ქვაბში ჩავასხათ პორტვეინი და ღვინო, წამოვადუღოთ, წავუკიდოთ ცეცხლი, და დაველოდოთ ცეცხლი როდის ჩაქრება. გადმოვდგათ გაზიდან და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე.
კარგად გაგრილებული ბოსტნეული და ღვინო გადავურიოთ ერთმანეთში. ჰერმეტულ თავსახურიან კონტეინერში ჩავალაგოთ დაჭრილი ქათამი (ქათმის ფრთები არა) და ზემოდან დავასხათ ბოსტნეულიანი ღვინო, დავახუროთ თავსახური და მთელი ღამით შევდგათ მაცივარში.
მეორე დღეს ქათამი ამოვიღოთ მარინადიდან, შევაშროთ ქაღალდის ხელსახოცით და მივიყვანოთ ოთახის ტემპერატურამდე. გავახუროთ ღუმელი 75°C-მდე. სქელძირიან დიდი ზომის ქვაბში საშუალო ცეცხლზე გავადნოთ დარჩენილი კარაქი, სანამ ქაფს არ გაიკეთებს.
ფქვილი, მარილი და პილპილი ერთმანეთში ავურიოთ და მოვაყაროთ  ჩამარინადებულ ქათამს და დაუმარინადებელ ქათმის ფრთებს. პორციებად დავბრაწოთ ხორცი, ქვაბში ბევრს ერთად ნუ ჩავყრით. კარაქი თუ დაგვეწვა და ძალიან გაგვიმუქდა, გადავასხათ და ახალი გავადნოთ. ხორცს მთიალან რომ დავბრაწავთ, ჩავალაგოთ ქვაბში ფენებად და მოვასხათ მარინადი და მოვაყაროთ სანელებლები. მარინადი ხორცს თუ ვერ დაფარავს, ცოტა ცივი წყალი დავუმატოთ. წამოვადუღოთ, ქაფქირით მოვხადოთ ქაფი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავახუროთ თავსახური და შევდგათ გახურებულ ღუმელში.
15 წუთის შემდეგ ქვაბიდან ქათმის გულმკერდის ფილე ამოვიღოთ და თბილ ადგილას შევინახოთ. დანარჩენი ხორცი ღუმელში კიდე ვერთი საათი გავაჩეროთ, შემდეგ ქვაბი გამოვდგათ გარეთ, 30 წუთი შევაგრილოთ და დავუმატოთ გულმკერდი.
ხორცი ბოლომდე რომ გაგრილდება, ქათმის ფრთების გარდა ყველა ნაჭერი ამოვალაგოთ. დარჩენილი სითხე და ფრთები მაღალ ცეცხლზე გავაცხელოთ, წამოვადუღოთ, ქაფქირით მოვხადოთ ქაფი, დავუწიოთ ცეცხლი და კიდევ 45 წუთი ვხარშოთ. მაღალ ცეცხლზე დამუშავების ამ პროცესის შედეგად ქათმის ფრთების მთელი გემო წვენში გამოდის. ნახარში თავისი ფრთებით ხშირ საცერზე გადავწუროთ, ჩავასხათ დიდი ქვაბში და ჩავალაგოთ ქათმის ნაჭრები. გავაჩეროთ.
მოვამზადოთ გარნირი: გავრეცხოთ და გადავარჩიოთ ოხრახუშის ფოთლები (ოხრახუშის ღერების დამატება სითხეში ბოლო წამოდუღებისას შეგვიძლია), წვრილად დავჭრათ და შევინახოთ მაცივარი ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. ბეკონი დავჭრათ კუბიკებად, ჩავყაროთ ცივწყლიან ჭურჭელში და წამოვადუღოთ, გადავწუროთ თუშფალანგზე და გადავდოთ გვერდზე. 30 გრ კარაქში დავბრაწოთ მთელ-მთელი პატარა შამპინიონები გაოქროსფერებამდე და გადავდოთ გვერდზე. გავარჩიოთ პატარა ხახვები - 1 წუთით მდუღარეში ჩავყაროთ, გადავწუროთ თუშფალანგზე, გადავავლოთ ყინულებიანი წყალი და ამის მერე კანი ადვილად გაძვრება.
გასუფთავებული ხახვი ტაფაზე დავყაროთ 50 გრ კარაქთან და 1 ს/კ წყალთან ერთად, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ მთელი წყალი არ ამოორთქლდება, ხახვები კი დაიბრაწება. გადავდოთ გვერდზე. დავბრაწოთ ბეკონი დარჩენილ 50 გრ კარაქში ღია ოქროსფრამდე. გადავდოთ გვერდზე.
ქათმიანი ქვაბი გავაცხელოთ. ამოვიღოთ ქათმის ნაჭრები ლანგარზე. დარჩენილი სითხე დაბალ ცეცხზლე სოუსის კონსისტენციამდე ამოვაორთქლოთ, დავუმატოთ სოკო, ხახვი და ბეკონი და ვხარშოთ რამდენიმე წუთი. მოვასხათ ქათმის ნაჭრებს და ზევიდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში. მივირთვათ“.
(ჰესტონ ბლუმენთალი „მოლეკულური გატრონომია“)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მადამ დუროვა 

იქ სადაც გვერდით ნომერში პრეზიდენტი ან არაბი შეიხი ხვრინავს...

Approved by Gourmet Guide


დასასვენებელი და გასართობი ადგილების ძებნამ იმდენად ეშხში შემიყვანა, რომ ჯერაც ვერ ვჩერდები და ამჯერად მსოფლიოს ყველაზე ძვირიან სასტუმროებს მივადექი. ბოლოს და ბოლოს, რომელიმე მათგანთან ახლოს შემთხვევით რომ მოვხვდეთ, იქ ღამის გათევის საშუალება თუ გვაქვს, მაგას რა ჯობია, თუ არა და კუდამოძუებული ხომ არ უნდა გამოვბრუნდეთ რეგისტრატურიდან, ჯობია „სათაურზევე“ ვიცნოთ და ახლოს არ გავეკაროთ.

ჟენევაში President Wilson Hotel-ში The Royal Penthouse Suite-ი ანუ ჩვენებურად ლუქსი ერთი ღამე 65 ათასი დოლარი ღირს. მიუხედავად ასტრონომიული ფასისა, ნომრის, რომელსაც სასტუმროს ბოლო სართული მთლიანად უკავია, დაჯავშნა დიდ სირთულეს წარმოადგენს. ლუქსის ოთხივე საძინებელს, რომლის ფანჯრებიც ჟენევის ტბას და მონბლანს გადაყურებს, ექვსი აბაზანა აქვს; კარებები და ფანჯრის მინები კი ტყვიაგაუმტარია. პენთჰაუზს საკუთარი ლიფტი ემსახურება და გაეროს შტაბბინამდე სულ 5 წუთის მანქანის გზაა.


ნიუ-იორკში, Four Seasons Hotel-ის Ty Warner Penthouse-ის ღირებულება 35 ათასი დოლარია, რასაკვირველია, ერთი ღამით. 2007 წელს გახსნილ ნომერში ათასობით სადაფის ნატეხით მოკირწყლულკედლებიანი 9 ოთახია. გარდა ამისა, პენტჰაუზის სტუმრებისთვის (მსოფლიო მასშტაბის პრობლემებზე ფიქრისა და განსჯის ხელშესაწყობად) საგანგებოდაა გაშენებული იაპონური ბაღი ძენის სტილში და მოწყობილია სპა-პროცედურების კაბინეტი. მუზიცირების მოყვარულთათვის, ბიბლიოთეკაში როიალიც კი დგას.


სარდინიაზე, კოსტა სმერალდაში Hotel Cala di Volpe-ს საპრეზიდენტო ლუქსი სულ რაღაც 34 ათასი დაგიჯდებათ. რამდენიმე სართულიან აპარტამენტებში სამი საძინებელი, სამი სააბაზანო, საკუთარი პორტული დარბაზი, საუნა და ღვინის სარდაფიც კი დაგხვდებათ. ნომრის სახურავზე ტერასა და ზღვის წყლის საცურაო აუზია განლაგებული. ნომრის ფასი ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით 10 ათასი დოლარით იზრდება.

კიდევ უფრო იაფია,Westin Excelsior-ის Villa La Cupola Suite რომში, სადაც ერთ ღამეში მხოლოდ 31 ათასი დოლარის გადახდა მოგიწევთ. სასტუმროს მეხუთე და მეექვსე სართულებზე მოწყობილ ძველი რომის სტილში მეტისმეტად გადაპრანჭულ ნომერს პომპეის სტილში გაფორმებულ ჯაკუზისთან ერთად ერთმანეთში გადაჯაჭვული მითიური და თანამედროვე სიუჟეტებით მოხატული ფრესკები და ვიტრაჟებიც ამშვენებს, სადაც გვერდიგვერდ ჩინებულად თანაარსებობენ ატლასი და ტელევიზია, ჰიპნოზი და ნევროზი, ჰერმესი და მარკეტინგი...

ტოკიოში Ritz-Carlton-ის საპრეზიდენტო ლუქსი, რომელიც ერთი ღამე 25 ათასი დოლარი ღირს, ქალაქის ყველაზე მაღალი შენობის ბოლო სართულზე მდებარეობს და ღირსეულ მასპინძლობას უწევს სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებსა თუ ცნობილ ბიზნესმენებს. ნომრიდან ფუძიამასა და მთელი ტოკიო ხედი იშლება.

ბაჰამის კუნძულებზე The Atlantis-ის The Bridge Suite 22 ათასი დოლარი - 10 ოთახიანი ნომერი სასტუმროს ორი უზარმაზარი კოშკის შემაერთებელ ხიდს წარმოადგენს. 23 სართულის სიმაღლეზე გადაჭიმულ აპარტამენტს მარმარილოს იატაკი და 22 კარატიანი ოქროს ჭაღი აქვს. ადრე თურმე „მაიკლ ჯეკონის ლუქსსაც“ ეძახდნენ, ცხონებულს იქ ყვარებია ხოლმე გაჩერება.

პარიზის Park Hyatt Vebdôme-ს The Imperial Suite მხოლოდ 20 ათასი დოლარი ღირს და ამ ნომრის ძირითადი კონცეფცია რელაქსაციასა და სპა-ში მდგომარეობს. სააბაზანოში საგანგებო „შინაური“ მორევის იმიტაციის მქონე აბაზანა, საუნა და მასაჟის მაგიდაც დგას. მის სტუმრებს კი პროცედურებს შორის გართობა თანამედროვე ტექნიკის მიღწევებით აღჭურვილ კაბინეტსა და სასტუმრო ოთახში შეუძლიათ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძვირიანი სასტუმროების სიის ბოლოში მოხვდა დუბაის Burj Al Arab-ის  Royal Suite, რომლის საფასურიც ერთ ღამეში 19 ათას 600 დოლარი გახლავთ. 1990-იან წლებში აშენებული გიგანტური აფრის ფორმის მქონე სატუმრო უკვე დუბაის სიმბოლოდ იქცა. სასტუმროს ოცდამეხუთე სართულზე მდებარე ლუქსს საკუთარი ლიფტი, მარმარილოს იატაკი, ლეოპარდის ტყავის სტილის ხალიჩები და ბალდახინიანი მბრუნავი(!) საწოლი აქვს.

კვლავაც ჟენევაში, Le Richemond-ის Armleder Royal suite ერთი ღამე 18 ათას 900 დოლარი ღირს და მისი ყოფილი მეპატრონეების, ერთ-ერთი შვეიცარიული ოჯახის გვარს ატარებს. ნომერში სამი საძინებელი და დიდი ტერასაა, რომლიდანაც ჟენევის ტბის შესანიშნავი ხედი იშლება. მიუხედავად უზარმაზარი, ღია ტერასისა, მინები ამ ნომერსაც ტყვიაგაუმტარი აქვს.

თქვენი არ ვიცი და მე რომ ფეხი არ შემედგმება იმ სასტუმროების თუ ნომრების ჩამონათვალს მოსკოვის The Ritz-Carlton-ის The Rits-Carlton Suite ასრულებს ღამეში 16 ათას 500 დოლარით, სადაც ინტერიერი რუსეთის იმპერიის სტილშია გაფორმებული. ნომრის ფანჯრებიდან კი კრემლი და წითელი მოედანი მოჩანს.

ამ ნომრებში თითო ღამი მუქთად გათევის სურვილით, თქვენი მერი პოპინსი

ლეღვის ნამცხვარი ფრანჯიპანით

Approved by Gourmet Guide


ძალიან მიყვარს ლეღვი, მაგრამ კიდევ უფრო მიყვარს მისი ჩირი და კვერი. ამას წინათ, კიდევ უფრო შორს წავედი და ლეღვის ნამცხვარიც მივირთვი. უნდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი გამოდგა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ექსპერიმენტები ძალიან ხშირად ამართლებს.
ამჯერად გორდონ რამზის ლეღვისა და ფრანჯიპანის ანუ ნუშის კრემის ტორტს შემოგთავაზებთ რომელიც უადვილესი და ძალიან ეფექტურია. ახლა, ნუში და ლეღვი რომ გემრიელი იქნება, მაგაზე ხომ აღარ ვლაპარკობ.

ლეღვის ნამცხვარი ფრანჯიპანით
4-6 პორცია
4 ან 5 ლეღვი (ზომისდა მიხედვით), 125 გრ დარბილებული კარაქი, 125 გრ შაქრის პუდრა და ცოტა კიდევ ზემოდან მოსაყრელად, 2 მთლიანი კვერცხი ათქვეფილი, 125 გრ დაფქული ნუში, 250 გრ ფქვილი, 250 გრ მზა ფენოვანი ცომი, 1 კვერცხის გული
მასკარპონეს კრემისათვის: 250 გრ ყველი მასკარპონე, 1ლიმონის ცედრა, შაქრის პუდრა
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. მასკარპონეში გადავურიოთ შაქრის პუდრა ჩვენი გემოვნებით (დაახლოებით 50 გრ, ყველი ძალიან მალე ტკბება), ჩავახეხოთ ლიმონის ცედრა, გადავურიოთ და შევდგათ მაცივარში.
ფრანჯიპანისთვის ავთქვიფოთ კარაქი, შაქრის პუდრა, ფქვილი და დაფქული ნუში. ნელ-ნელა ჩავათქვიფოთ კვერცხები. გავაჩეროთ 5 წუთი.
ფქვილმოყრილ დაფაზე ფენოვანი ცომი 2 მმ-ს სისქეზე გავაბრტყელოთ. 13 სმ დიამეტრიანი თეფში დავადოთ და გამოვჭრათ ცომის 4 დისკი.  დისკები 2-2-ად დავალაგოთ ორ საცხობ ფირფიტაზე და დავჩხვლიტოთ ჩანგლით (ძალიან რომ არ ამოვიდეს).  ფრანჯიპანი გავანაწილოთ დისკებზე, ოღონდ ირგვლივ 1,5 სმ-იანი  ცარიელი ცომის კიდე დავტოვოთ. ცომის უფრანჯიპანო კიდეებს წავუსვათ კვერცხის გული და მოვაყაროთ შაქრის პუდრა. შევდგათ ღუმელში 4-5 წუთით.
ლეღვები 5-5 ნაჭრად გავჭრათ (ან მეტად თუ ძალიან დიდი ლეღვები გვაქვს). გამოვიღოთ ნამცხვარი ღუმელიდან და ფრანჯიპანზე დავალაგოთ ლეღვის ნაჭრები გვირილის ფურცლებივით. მოვაყაროთ შაქრის პუდრა და შევაბრუნოთ ღუმელში დაახლოებით 8 წუთით, სანამ ცომი ხრაშუნა არ გახდება.
გამოვიღოთ მაცივრიდან მასკარპონეს კრემი და დიდი კოვზი დავდოთ ნამცხვრის შუაგულში.




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კინო და ავტომობილები

Approved by Gourmet Guide


ქართულმა ავტოსპორტმა, კაცმა არ იცის რატომ მაგრამ კინო და კინო-დევნის სცენები გამახსენა.
კონო-დევნი გახენებამ კი მისი ყველაზე ცნობილი მომენტები. და, რაკი კონოს ეხება საქმე, ბევრ ლაპარაკს მემგონი პირდაპირ მოქმედებაზე გადასვლა და ჩემი მოგონებების თქვენთვის გაზიარება აჯობებს.

მიუხედავად უზარმაზარი არჩევნისა, ჩემი აზრით, ამერიკული კინოს ყველაზე შთამბეჭდავი დევნა 1968 წელს შედგა Ford Mustang GT 390 V8-სა და  Dodge Charger V8-ს შორის (Bullit). მუქ მწვანე მუსტანგს რასაკვირველი „კეთილი“ გმირი ლეიტენანტი ფრენკ ბულიტი (სტივ მაკქვინი) მართავდა, დოჯით კი ბოროტმოქმედები დაქროდნენ სან-ფრანცისკოს ქუჩებში. სხვათა შორის, ფილმის მონტაჟისას სტივ მაკქვინმა მანქანების ძრავების ლაივის ხმა რომ მოისმინა, ისე აღფრთოვანდა, რომ რეჟისორ პიტერ იეტსს მისი უცვლელად დატოვება მოთხოვა და შედეგად,  თითქმი 7 წუთი ფილმში ქუჩი კამერები ჩაწერილი ძრავების შეულამაზებელი ღმუილი ისმის.



კვლავაც 1968 წელს, არანაკლებ შთამბეჭდავია ინგლისური Mini Cooper-ი ევროპულ კინოში (The Italian Job). სხვათა შორის, 2008 წელს, ამ ფილმის ამერიკული რიმეიქის გადაღების მერე, Mini Cooper S-ი  ერთ-ერთმა პოპულარულმა ავტოჟურნალმა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო „კინომსახიობად“ დაასახელა.



საბჭოთა კინოს შედევრალური ავტოდევნა ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ 1966 წელს შედგა რეჟისორი ელდარ რიაზანოვის ფილმში „Букугись автомобиля“ , სადაც კეთილ  „ვოლგის“ გამტაცებელს მოტოციკლეტიანი კეთილი მილიციელი მისდევს.



რაც შეეხება ქართულ ფილმებს, მანქანასთან დაკავშირებით, პირდაპირი ასოციაცია დევნასთან არა, მაგრამ ბონდოს სიმღერასთან მაქვს კინოფილმიდან "განგაში". მინდოდა ეს სიმღერაც დამედო, მაგრამ ვერც სიმღერა ვიპოვე იუთუბზე (ერთადერთი ვერსიაა და იმდენად ცუდი ხარისხისაა, რომ არ გუგლი არ ცნობს) და ვერც ფილმი რომ გადმომექაჩა და ჩემი ხელით ამომეჭრა...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

სუბარუ იმპრეზა, ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასი 2012 და ასე სანატრელი ჩეჩმა

Approved by Gourmet Guide


წელს ბათუმში ბირიჯსტოუნის შავი ზღვის თასის გათამაშების მორიგი ეტაპი გაიმართა. ბევრი დაიწერა ამ თემაზე: თვითონ შეჯიბრზე, მის გამარჯვებულებზე, ორგანიზატორებზე და სტუმრებზე. მე ყურადღებას ღონისძიების ცოტა სხვა ასპექტებზე გავამახვილებ, მით უმეტეს, რომ ენის მოსაფხანი ბევრია. 
რა ვქნა, ავტოსპორტი მიყვარს და სასიამოვნო დღის მოლოდინში მონაწილე მანქანების რეგისტრაციის ადგილისკენ  - იუსტიციის სახლის მიმდეარე ტერიტორიაზე - დილიდანვე დალხენილი გავემართე.
თვალში პირველი რაც მომხდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებისთვის მზადება ლამის ერთი წლის წინ დაიწყო და უკვე რამდენიმე წელია ტარდება, საქართველოს ავტოფედერაციის პანიკის ზღვარზე მყოფი თანამშრომლები იყვნენ.  
ხან გზის გადაკეტვას ვერ ახერხებდნენ, ტრასის გადასაკეტი და ირგვლივ შემოსავლები ლენტი გაუთავდათ; ხან, როგორც თვითონ ეჩვენებოდათ მონაწილეები აჯანყებას და შეთქმულებას უწყობდნენ (რისი მიზეზიც იყო); ხანაც სარეკლამო სტიკერების დათვლა და განაწილებას ვერ ახერხებდნენ მონაწილეებზე. გეგონება, ძალიან ძნელი იყო ამ სტიკერების წინა დღეებში კომპლექტებად დალაგება და გამზადება. მაგრამ მერე რალის მონაწილე სპორტულმანქანიანი მამაკაცების უკიდეგანო რიგები ხომ არ დადგებოდა სტიკერების გამანაწილებელ გოგონასთან. მოკლედ,  მოკლე და დაგრეხილი ფეხები, დაბალი და დიდი უკანალი, წიკვინა ხმა და ორგანიზების უნარი ნოლზე ქვევით თუ გაქვთ, ჩაიცვით 2 ზომით პატარა მოტკეცილი ჯინსები და ჩვენს ავტოსპორცის ფედერაციას მიაკითხეთ, სამსახურს გარანტირებულად იშოვით. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას გარეგნობის გამო, მაგრამ თმის დავარცხნა და ზომაზე მორგებული ტანსაცნლის ჩაცმა მაინცდამაინც რთული არ უნდა იყოს.
საერთოდ, რალიზე ან ნებისმიერ შეჯიბრებაზე, მონაწილე თავის მანქანაზე თავისი სპონსორების სტიკერებს აკრავს, ჩვენთან შეჯიბრების სპონსორების სტიკერებს ურიგებენ და აკვრევინებენ კანონის ძალით. სამართლიანობისთვის ვიყტვი, რომ ჩვენს მოყვარულ სპორტსმენებს, თავისი სპონსორის არყოლის გამო, ესეც უხარიათ - გასტიკერებული მანქანა ლამაზად გამოიყურება, მაგრამ მაინც იყო ჩხუბი და დავიდარაბა: „მე მოტულს არ გავაკრავ“, „თეგეტას ჩემს მანქანას არ გავაკარებ“, მაგრამ ყველას გადაუგრიხეს ხელები და ყველაზე ჯიუტებსაც კი აიძულეს სადმე მოფარებულ ადგილას მაინც გაეკრათ, როგორც გაირკვა, ბევრისთვის ასე საძულველი „რუსთავი-2“-ის უზარმაზარი კვადრატი, რომელიც ზოგი მანქანის კარზე და „კრილოზეც“ კი ძლივს ეტეოდა (აი, ეგოც ასეთი უნდა ამ ტელევიზიას რომ აქვს!). თუმცა, პატარა კურიოზს მონაწილეების მხრიდანაც ქონდა ადგილი: ერთ მანქანაზე „ლიბერთი ბანკის“ რეკლამა ვნახე და გულწრფელად გავიოცე: როდის იყო ეს პროლეტარიატის ბანკი ვინმეს აფინანსებდა-მეთქი. თურმე ნუ იტყვით, არც აფინანსებს! მანქანა ბანკის თანამშრომლის ყოფილა და „რომ წავაწერ ეგებ დამაფინანსოს“ იმედით აჩერებს მანქანას ყოველ დღე ბანკის ცენტრალური ოფისის წინ. თავს კი იმით იმართლებს, რომ ხელფასს ეგენი მიხდიანო... როგორ ვთქვა და ასეთი პრინციპით, ყველა კაცმა თავის ცოლ-შვილს სამახურის ლოგო უნდა მიაკრას ზურგზე - საჭმელს სამსახურის გადახდილი ჯამაგირით აჭმევს. 
ღონისძიებისთვის ადგილი თეორიულად ძალიან კარგად იყო შერჩეული - ახალდაგებული ტრასა და დიდ რადიუსზე დაუსახლებელი ტერიტორია. რეალურად კი - ახალდაგებული ტრასა ბათუმში, ახლომახლო ჩრდილი და თავშესაფარი არსადაა, ერთი ურნაც კი არ დგას კვადრატული კილომეტრის მანძილზე და 200 მარტო მონაწილე, მაყურებლებზე აღარ ვლაპარაკობ. იქაურობა დღოს ბოლოსთვის ნაგვით გაივსო, მოგეხსენებათ, ასეთი ღონისძიებები დილიდან გვიან საღამომდე გრძელდება. და, იგივე მანძილზე მაღაზიაც კი არსადაა, რომ იხრჩობოდე და ბოთლი წყალი იყიდო.  ცივი ყავის მოსატანად უახლოეს მაღაზიამდე კილომეტრანეხვრის გავლამ მომიწია ფეხით თაკარა მზეში და მაცივარში მხოლოდ ერთი ქილა ქონდათ ჩაცივებული. სადღაც შუადღისას მინერალურმა წყალმა "სნომ" გახსნა ექვსიოდე ქოლგა და მოიტანა მზეზე კარგად გაფიცხებული და დუღილამდე მიყვანილი წყალი. „რედბულმა“, როგორც გენერალურმა სპონსორმა, რალის მონაწილეების მინიმალურ ნაწილს შერჩევით დაურიგა თითო ქილა საკუთარი ნაწარმი (ყველასთვის რომ მიეცათ ხომ დაიღუპებოდნენ) და მერე უზარმაზარი ტენტის ქვეშ ამაყად დადგა ცარიელი და გამორთული მაცივარი. საბედნიეროდ, შუადღის მერე ზღვიდან შემთხვევით შემოხეტებული ცივი წყლის დამტარებელი მამა-შვილი გამოჩნდნენ და აღმა-დაღმა დადიოდნენ მხარზე გადაკიდებული კარდონის ყუთისგან იმპროვიზირებული საყინულით და დასიცხული ხალხის საამებლად ბოლო ხმაზე გაყვიროდნენ: "ფანტა, კოლა, წყალი ნატურალური!"
როგორც თქვეს, შავი ზღვის თასის ორგანიზებაში მარტო ბათუმის მერიას 10 ათასი ლარი დაუხარჯავს. ნებისმიერმა მერიამ და მით უმეტეს, ბათუმისამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მსგავსი თავყრილობის მერე, ტერიტორია მისი დასალაგებელია (რომელიც, სხვათა შორის გადამხდელთა გადასახადებისგან შემოსული თანხით ლაგდება) და ამიტომ ურნები უნდა დადგა. აღარ ვლაპარაკობ სავალდებულო (!) ბიოტუალეტებზე, სანახაობაზე მოსულ სტუმრებს საჭიროების მოსათავებლად ახლო-მახლო მშენებლობებზე რომ არ უწევდეთ სირბილი. უფრო ჭკვიანები, გამაგრილებელ სასმელებს და ფასტფუდსაც კი იხაზირებენ - რაც ასეთ დროს ძალიან კარგად საღდება და გარდა იმისა, რომ ასე შეკრებილ ადამიანებზე ზრუნავ, თანხები ქალაქის ბიუჯეტში შედის. ერთი სიტყვით, სულ „ვირთხები და ვირთხები“... როგორც ყოველთვის, არავინ არ ღელავს არც ღონიძიების მაღალ ხარისხზე და არც დამსწრე ადამიანებზე, მთავარია კიდევ ერთი „პტიჩკა“ ჩაისვას, რომ რაღაც გაკეთდა და როგორ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
აი, ასე აყირავებული ბანერები ქვეს
იმალებოდა ჩაკუზული მაყურებელი
მთელი ორი კვირი მანძილზე მეტეოპროგნოზი ბათუმში ამ დღეს წვიმას აცხადებდა... წვიმა რომ დაიწყო, ერთადერთი ქოლგები „სნომაც“ აალაგა და წააცანცარა. ბუნებისგან და ორგანიზატორებისგან ერთნაირად განწირულმა მაყურებლებმა ტრასის გასწვრივ ჩაკიწკიწებული "ბრიჯსტოუნის" სარეკლამო ბანერები ააყირავეს და იმის ქვეშ შეიკუნცხნენ (მათ პოზას სხვა სიტყვას ვერ ვუწოდებ) და ისე გააგრძელეს სანახაობით ტკბობა. საწვიმარი ლაბადები კი მსაჯებს კარგად რომ გაიწუწნენ და წვიმამ რომ გადაიღო მერე დაურიგეს. რადგან მსაჯები ვახსენე: მსაჯებს ეძინათ. გამარჯვებულის საჩვენებლად დროშის აწევაც კი ეზარებოდათ. ეგ რაა, სარბოლო ტრასის ზიგზაგზე მანქანების მიჯახების შედეგად გვერდზე გადავარდნილი ე.წ რეტორტების (მანქანის საბურავების) ადგილზე დაბრუნებასაც არ ჩქარობდნენ, იყოს, რა უჭირსო...
რალის მიმდინარეობას შიგადაშიგ ორგანიზატორთა ლაფსუსები (კაცმა არ იცის რა სჭირდათ), შემთხვევით შემოხეტებული მანქანები (გზის გადაკეტვა პერიოდულად ავიწყდებოდათ) და თავის გამოჩენის მსურველი შეზარხოშებული ე.წ. „ბეემვეშნიკები“ არღვევდნენ დრიფტით, რომლებიც მერე პოლიციის ძალით გაყავდათ.
ესეც უწარწერო მედალი
"რუსთავი-2"-ის და დიმა ობოლაძის გამოჩენასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. იქაურობამ სასწრაფოდ სოლიდური იერი მიიღო: პაწაწინა ტრიბუნაზე ქოლგები დადგეს და ქვეშ სავარძლები დაალაგეს. მაყურებლებს კოხტა, ფერად-ფერადი ალმები დაგვირიგეს, ლამპიონები აანთეს... ერთი სიტყვით სატელევიზიოდ და იაპონიიდან ჩამოყვანილი სპონსორებისთვის საჩვენებლად დაგვვარცხნ-დაგვნაბეს. სხვათა შორის, წიწილებივით გალუმპულ მსაჯებსაც მაშინ ჩააცვეს მშრალი საწვიმრები.
წინასწარი მონაცემებით ამბობენ რომ შეჯიბრებისთვის 67 ათასი დაიხარჯა, საპრიზო ფონდი კი 10 ათასი იყო, რომელიც დაჯილდოვების მომენტისთვის ჯადოსნურად 8 ათასი გახდა, ეტყობა დანარჩენი ორი მსაჯების საწვიმრებში, გზის გადასაკეტ ლენტებში და მსგავს გაუთვალისწინებელ ხარჯებში წავიდა, ისევე როგორ წინა, უკანა და ოთხივე წამყვან კლასში გამარჯვებულთათვის დაპირებული და არგადაცემული ჯილდოები, რომელთა მედლებისთვის ლარიანი გრავირების გაკეთებაც კი დაენანათ და კაცი ვერ გაიგებს რაში, როდის და ვის მიერაა გადაცემული. 
მე რაც ვნახე, ფული მარტო სცენაში, ფეიერვერკში და 2 იაპონელის ჩამოყვანაში იყო დახარჯული. რაც შეეხება, ბანერებსა და სტიკერებს, ყველამ კარგად იცის რომ ფულს ის იხდის, ვისი სახელიც აწერია და არა ორგანიზატორი. იაპონლებზე კი იმას გეტყვით, რომ ერთი მიცუბიშის წარმომადგენელი იყო, რომელიც ალბათ ორგანიზატორთა ჩანაფიქრით მომავალი სპონსორი უნდა გამხდარიყო. შეჯიბრი კი მიცუბიშების სრული ფიასკოთი დამთავრდა. იმ კლასში, რომელშიც "მიცუბიში" გამოდიოდა სამივე საპრიზო ადგილი მისმა მთავარმა კონკურენტმა სუბარუმ დაიკავა და უფრო მეტიც, აბსოლუტურში არცერთი „მიცუ“ არ გაულა. სამაგიეროდ, 8 სუბარუ მოხვდა და მათგან 2-მა პირველი და მესამე ადგილები დაიკავა. ჩემი აზრით, ავტოსპორტის ფედერაცია ცოტა უკეთესად უნდა ერკვეოდეს სავარაუდო გამარჯვებულებში - საპატიოს სტუმარი რომ ჩამოგყავს, გული კი არ უნდა გაუხეთქო. მაგრამ, ეტყობა აქაც ქართული პურმარილის ყოვლისშემძლეობის იმედი გვაქვს. 
მეორე დღეს, მწვანე კონცხზე უკვე პროფესიონალთა რბოლა იმართებოდ. ამჯერად, ორგანიზატორებმა მუქდად საქმის კეთებაში კიდევ უფრო დიდი მოხერხებულობა გამოიჩინეს და გაუთვალისწინებელი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობის სავარაუდოდ გამოსვლის პუნქტებში (ანუ შესახვევებთან და ჭიშკრებთან), ანაზღაურებიანი მსაჯების ნაცვლად წინა დღის მოყვარული მონაწილეები ჩამოაკიწკიწეს - რბოლის ყურება ყველას უნდოდა და რასაკვირველია, უარი არავის უთქვამს. ალბათ არ გიკვირთ, რომ სწორედ მაშინ მოუნდა ნახევარ მწვანე კონცხს ბაზარში, პანაშვიდზე, უბრალოდ სასეირნოდ და ათას საქმეზე გამოსვლა. ერთადერთი რასაც მივაღწიეთ, ის იყო, რომ ჩვენგან კარგად ინსტრუქტირებული ასაკანი ადამიანები მოახლოებული მანქანის მოტორის ხმის გაგონებაზე ბუჩქებში გასაოცარი მოხერხებულობით ხტებოდნენ და უახლოესი ხეების უკან იმალებოდნენ. რამდენიმე მანქანიანმა ახალგაზრდამ თავისი ჟანგიანი ოპელის და უკანასკნელბოლტამდე გაცვეთილი ფორდის ძალის მოსინჯვა და რალის მონაწილეთა გამოსვლებს შორის ორწუთიან პაუზაში „ჩატენვაც“ კი სცადა. 
ბოლოს, ერთ-ერთ, ლამის ყველაზე სახიფათო მოსახვევთან, სიმთვრალის უკანასკნელ ზღვარზე მყოფი აბორიგენი მოგვადგა უზარმაზარი „მარშუტკით“ და შვილებით, ამაყად გამოგვიცხადა, პატრულს ვეჩხუბე და მაინც შემოვედი, მე ვერავინ მაჯობებსო, მანქანა იქვე შუა გზაზე დატოვა და სახლში წაბარბაცდა დასაძინებლად. გადამწყვეტ ეტაპამდე მისული რალი კარგა ხნით შეჩერდა: სანამ კაცის ცოლმა გაბედა, გვენდო და მანქანის გასაღები გამოგვიტანა. მერე იმას ვეძებდით, ვინც უფანჯრებო და ნახევრადდაშლილი მახინის მართვას შეძლებდა... თანაც, თურმე მანქანა წვიმაში ცოცაბო ფერდზე მდებარე ეზომდე ვერ ადიოდა და ქუჩაში ტოვებდნენ.

ერთი სიტყვით, არნახულად საინტერესო და მხიარული დრო ვატარე. გაწუწვადაც ღირდა და მთელი დღის დაქანცულობადაც. დღის დაგვირგვინება, მოსახვევიდან ამოვარდნილი „კაპოტ“-ახდილი მანქანა იყო, რომელიც ბოლო სიჩქარით და საოცარი სიზუსტით მიექანებოდა მიხვეულ-მოხვეულ გზაზე. მოგვიანებით, აჭარელმა მრბოლელმა გაგვიმხილა (მანქანის მძღოლმა) - ორჯერ ამეხადა და აღარ გავჩერდი, გავაგრძელე, „კაპოტის“ ღრიჭოდან ვიჭვრიტებოდიო...
ამდენს კი ვწუწუნებ, მაგრამ ჩვენი მავანნი და მავანნი ცუდი ორგანიზატორები რომ არ იყვნენ, სალაპარაკო ხომ არ მექნებოდა და ვერც ასე გავერთობოდი. როგორც იტყვიან, ყველაფერს ორი მხარე აქვს, გააჩნია საიდან შეხედავ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ტორტი „მანდარინი“ ღვინის კრემით

Approved by Gourmet Guide


ინგრედიენტები: 150 გრ კარაქი, ½ ჩ/კ მარილი, 220 გრ ფქვილი, 5-6 კვერცხი
კრემისათვის: 8 გ ჟელატინი, 2 პაკეტი ვანილის პუდინგი, 300 მლ თეთრი ყურძნის წვენი, 500 მლ თეთრი სადესერტო ღვინო, 2 ლიმონის წვენი და ცედრა, 120 გრ შაქარი, 400 მლ ნაღები, 2 ქილა დაკონსერვებული მანდარინი
მოსართავად: 3 ს/კ შაქრის პუდრა, რამდენიმე ფოთოლი ლიმონის პიტნა (მელისა)
დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ დაახლოებით 375 მლ წყალი, კარაქი და მარილი. ჩავაყაროთ ფქვილი და ვურიოთ სანამ ცომი არ შეიკვრება და ქვაბის კედლებიდან მოშორებას არ დაიწყებს. ცომი გადმოვდგათ ცეცხლიდან და სათითაოდ გადავურიოთ კვერცხები სანამ ერთგვაროვან და პრიალა ცომს არ მივიღებთ. სულ 2 წუთით დავაბრუნოთ ცეცხლზე და ვურიოთ ცომი სანამ არ გამოშრება. გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე.
პერგამენტის ქაღალდზე დავხატოთ 26 სმ დიამეტრის ოთხი რგოლი და ამ რგოლებზე თხელ ფენად გავანაწილოთ ცომი. ვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში.
ჟელატინი ჩავალბოთ. პუდინგის ფხვნილი გავხსნათ 6 ს/კ ყურძნის წვენში. დარჩენილი წვენი და ღვინო ავადუღოთ შაქართან, ლიმონის წვენთან და ცედრასთან ერთად. დავუმატოთ გახსნილი პუდინგის ფხვნილი და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. ჟელატინი გავადნოთ და გადავურიოთ ღვინის კრემში. კრემს ვურიოთ ანა არ გაგრილდება.  მერე ავთქვიფოთ ნაღები და გადავურიოთ კრემში.
3 ფირფიტას წავვუსვათ კრემი და მოვაყაროთ მანდარინები. შემოვდგათ ერთმანეთზე და შევდგათ მაცივარში 40 წუთით. მეოთხე ფენა დავფშვნათ. მოვაყაროთ ტორტს, ზემოდან მოვაფქრვიოთ შაქრის პუდრა. მოვრთოთ ლიმონის პიტნის (მელისას) ფოთლებით.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ტორტი „შამპანურის ქაფი“

Approved by Gourmet Guide


ბისკვიტისთვის: 200 გრ შაქარი, 5 ს/კ ნაღები, 130 გრ კარაქი, 80 გრ ნუშის მოხალული ფანტელი, 120 გრ სიმინდის ტკბილი ბურბუშელა
გულსართისთვის: 500 გრ ყველი მასკარპონე, ფილადელფია ან რიკოტა, 2 ს/კ ლიმონის წვენი, 250 მლ შამპანური, 70 გრ შაქარი, 9 ფირფიტა ჟელატინი (ან 3 ს/კ), 200 მლ კარგად ათქვეფილი ნაღები
მოსართავად: 250 გრ თეთრი ყურძენი, 1 კვერცხის ცილა, 2 ს/კ შაქარი
24 სმ დიამეტრის გასახსნელ ტორტის ფორმაში ამოვაფინოთ პერგამენტი. ცალკე ტაფით ცეცხლზე შემოვდგათ შაქარი და გავაკეთოთ ღია ოქროსფერი კარამელი. დავუმატოთ ნაღები, კარაქი და წამოვადუღოთ,  თან შეუჩერებლად ვურიოთ, რომ არ მიიწვას. გადმოვდგათ ცეცხლიდან, შევაგრილოთ და დავუმატოთ ნუშის ფირფიტები და ბურბუშელა. მიღებული მასა ჩავასხათ გასახსნელ ფორმაში და ცხიმწასმული ნიჩბით თანაბრად გავანაწილოთ ფორმის ფსკერზე და კედლებზე, კრემის ჩსასხმელი „კოლოფი“ რომ გამოგვივიდეს ისე. 30 წუთით შევდგათ მაცივარში. ერთმანეთში კარგად გადავურიოთ ყველი, ლიმონის წვენი, შამპანური და შაქარი და წყალში დამბალი ჟელატინი (ჟელატინის მომზადების წესი წაიკითხეთ მის პაკეტზე). ჩავასხათ ბურბუშელას კალათაში და შევაბრუნოთ მაცივარში. დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ, ჟელე რომ შედედდება ზემოდან დავასხათ ათქვეფილი ნაღები და მოვრთოთ ყურძნი მარცვლების 2/3-ით. დარჩენილი მარცვლები ამოვავლოთ კვერცხის ცილაში და ამოვგანგლოთ შაქარში და ზემოდან მოვაყაროთ ტორტს. ცოტახანი კიდევ ჩავაცივოთ და მერე მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

სიმახინჯის ესთეთიკით ტკბობის მსურველთათვის

Approved by Gourmet Guide


რადგან დასვენების ინდუსტრიის მიმოხილვა განვიზრახე, ვერც უკანასკნელი პერიოდის ნოუჰაუს - ე.წ. დიზაინერულ სატუმროებს ავუვლი გვერდს და თქვენს და ჩემს ყურადღებას ამჯერად მათ ერთ მეტად საინტერესო კატეგორიაზე - მსოფლიოს ყველაზე მახინჯ ნაგებობებზე შევაჩერებ. რომელთა ინტერიერ-ექსტერიერი არა მარტო საარაკო სიგონჯით გამოირჩევა, არამედ, როგორც ამ საქმეში კარგად ჩახედული ფსიქოლოგები ირწმუნებიან, საკმაოდ ცუდად და სახიფათოდ მოქმედებს სტუმრების ფსიქიკაზე.

მადრიდში წამოჭიმული Hotel Silken Puerta América-ს მთავარ იდეას აბსოლუტური თავისუფლება წარმოადგენს. არქიტექტორთა ჩანაფიქრით, სატუმროს დიზაინში ერთმანეთს ხვადასხვა კულტურა, მიმართულება, დიზაინერული მიმდინარეობა, ფერები, მასალა და ფორმა უნდა შერწყმოდა. მაგრამ როგორც გაირკვა, ტრადიციებისა და ნორმების დარღვევამ ვერაფერი სასიკეთო ვერ მოიტანა - ექსპერიმენტის შედეგად მიღებული სამშენებლო აჯაფსანდალი დამსვენებელთა ფსიქიკაზე საშინლად მოქმედებს. სასტუმროს კიდევ ერთი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ სტუმრებს ოთახის გაცლისთვის ზოგადად მიღებული შუადღის ნაცვლად, კიდევ ორი საათი აცლიან, მაგრამ ამით არაფერს კარგავენ - დაზაფრული ხალხი თავისი ნებით გარბის დილაუთენია.

Hotel Spirit ბრატისლავაში (სლოვაკეთი) გარეგნულად უწესრიგოდ დაყრილ ნაგავის გროვას ან ღარიბი გარეუბნის ბარაკს წააგავს, რომელიც მაწანწალებმა ქუჩაში შემთხვევით ნაპოვნი ჯართისა და ხლამისაგან ააშენეს. სასტუმროს ნომრებიც იმდენად ფერადოვანი და ჭყეტელა აქვს, რომ სასწრაფოდ სადმე გაქცევა და გადამალვის სურვილი გაგიჩნდებათ. მზრუნველი სასტუმროს მეპატრონეები ეტყობა სტუმრების ფსიქიკურმა აშლილობამ ნამეტანი შეაწუხათ და ამიტომ მათთვის საგანგებო სემინარებს აწყობენ სტრესის გადალახვისა მეთოდებსა და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოჯანსაღების თემაზე.

Marina Bay Sands სინგაპურში თავისი მეტად უჩვეულო და საკმაოდ შთამბეჭდავი არქიტექტურის წყალობით სისტემატიურად ხვდება რიგ-რიგობით ხან ყველაზე საინტერესო და ხანაც ყველაზე მახინჯი სასტუმროების სიაში. სამი ცათამბრჯენის სახურავები  სინგაპურის  ცაში მოტივტივე უზარმაზარი გემით ერთიანდება, თავად შენობის ძირში კი გაურკვეველი ფორმების მინის კონსტრუქციებია აგებული. გარდა ამისა, სტუმრები მომსახურების ხარისხსაც უჩივიან და აღნიშნავენ, რომ  სხვენზე გაშენებულ ტერასაზე მოსვენება შეუძლებელია, სადაც სასტუმროს მეპატრონეები ქუჩიდან უშვებენ შემთხვევით ხალხს სურათების გადასაღებად.

დუბაის Atlantis The Palm ხელოვნურად დაყრილ პალმის ფორმის კუნძულზე აშენებული, უკაცრავად გაშენებული (გიგანტური და უკიდეგანო ზომის გამო ამ სიტყვას უფრო იმსახურებს) პირველი სასტუმროა, რომელიც ერთნაირად გამაოგნებელია თავისი ზომით, ნომრების რაოდენობით, მიშლენის მრავალვარსკვლავიანი რესტორნების სიმრავლითა და ინტერიერის საარაკო უგემოვნობით. როგორც ჩანს, მისი არქიტექტორის ერთადერთი მიზანი ფუფუნებასა და სიმდიდრესთან რაც კი ასოცირდება ყველაფრის ერთ ადგილას თავმოყრა იყო და შედეგად, მთავარ დარბაზში რამდენიმე წუთით გაძლებაც კი შეუძლებელია: თვალისმომჭრელად ციმციმებენ და ელვარებენ მოოქროვილი ბერძნულ-რომაულის სტილის მოზაიკური პანოები, ბაროკოსა და კლასიციზმზე პრეტენზიის მქონე არაბული სტილის ზურმუხტის ინკუსტრაციები, ასეულობით შადრევნებისა და ხელოვნური ჩანჩქერების წყლის შხეფები და ცენტრში აღმართული ფერადი მინის თანამედროვე 100 მეტრიანი სკულპტურა. და, ამ ყველაფრის ფონზე სრულიად უზაროდ გამოიყურება იატაკზე დაგებული ფერადი თევზებით მოხატული ცისფერი იაფფასიანი კავროლინი (ქსოვილის ლინოლიუმის ნაირსახეობა) ...

ვიეტნამში, დალატში მდებარე Hang Nga Cuesthouse დიზაინერების ჩანაფიქრით, აბლაბუდით დაფარული და გვირაბებით დაქსელილი გიგანტური ხის ფორმის ზღაპრის სახლი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ცხოველები და მწერები აფარებენ თავს.  ავტორი იმასაც კი ირწმუნებოდა რომ მის შემოქმედებაზე წარუშლელი გავლენა ესპანელი ხუროთმოძღვრის ანტონიო გაუდის ქმილებებმა მოახდინეს. განზრახვის განსახორციელებლად ვიეტნამელმა არქიტექტორმა უარი თქვა წინასწარ მომზადებულ პროექტზე, დაიქირავა არაპროფესიონალი მშენებლები და მათ და თავის ფანტაზიას მიენდო. საზოგადოების „მადლიერებამაც“ არ დააყოვნა და მის „შედევრს“ სულ მალე საგიჟეთი შეარქვეს. თუმცა, სამართლიანობისთვი უნდა აღინიშნოს, რომ ქაოსისდა მიუხედავად, სასტუმროს პროექტში გარკვეული იდეური კავშირი მაინც იგრძნობა - ათი თემატური ნომერი ცხოველების - ვეფხვის, ჭიანველის, კენგურუს და სხვათა სახელებს ატარებს.

Westin New York at Times Square-ის ავტორებს სულ ცოტა მეტი გემოვნება და ზომიერების გრძნობა რომ ქონოდათ, თავისუფლად ჩაითვლებოდა თანამედროვე სტილისა და დიზაინის ნიმუშად. ავეჯიც, დეკორიც, კიბეებიც კი, ცალ-ცალკე ყველაფერი საკმაოდ კარგი და საინტერესოა, მაგრამ ერთად სრული კოშმარია. მართალია, საკმაოდ სადა, მაგრამ მაინც ურიცხვი დეტალების სიმრავლე სასტუმროს სტუმრებზე საკმაოდ დამქანცველად და ცუდად მოქმედებს. თანაც, ბევრი წიწილასავით ყვითლად შეღებილ და უცნაურად დაგრეხილ შენობაში არა თუ ღამის გათევას, შესვლასაც კი ვერ ბედავს.

First World Hotel – Genting Resorts World -ი მალაიზიაში, თავისი პომპეზური და პრეტენზიული დასახელების მიუხედავად, აუტანელი სიჭრელითა და ჭყეტელა ფერებით გენტინგის არნახულად ლამაზ ბუნებაში ერთადერთ მახინჯ და პეიზაჟის გამანადგურებელ ობიექტს წარმოადგენს. საბედნიეროდ, მისი დიზაინერის ფანტაზია, საკმაოდ ნაზ ფერებში გადაწყვეტილ ნომრებს ვეღარ გაწვდა.

ბელგიური Radison Blue Astrid Hotel-ი ანტვერპენის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობებს შორის უხარისხო და იაფფასიანი კბილის პროთეზივითაა ჩასმული. არქიტექტორს, რომელიც ტრადიციული ბელგიური სახლის სტილიზაციას შეეცადა, საბოლოოდ რაღაც გიგანტური და უგემოვნო კონსტუქცია გამოუვიდა. Radison Blue-ს ტრადიციული ინტერიერი, თანამედროვე და მოხერხებული ავეჯით სრულიად არ შეეფერება და ვერ  ერწყმის შენობის გარეგნულ „მომხიბვლელობას“.

Royal Tulip Brasilis Alvorada  თვალნათელი მაგალითია, როგორი უსახური და ცივი შეიძლება იყოს თანამედროვე არქიტექტურა უგერგილო დიზაინერის ხელში. მორთულობისაგან სრულიად გათავისუფლებული რუხი ინტერიერი, სატუმროზე მეტად ბუნკერის ბეტონის კედლებს წააგავს და დამთრგუნველად მოქმედებს. ნომრებს კიდევ არაუშავს, მაგრამ მათი ავეჯიც გასაოცრად სადა და უსახურია.


და, ბოლოს, Grand Lisboa Macau-ს შემქნელებმა მიზნად მაკაოს სტუმრებისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის განუმეორებელი სამყაროს გაცნობა დაისახეს და საკმაოდ ბანალური და უინტერესო ნაგებობა შექმნეს. თუმცა, ნამდვილად რეგიონის სტილში - პლასტმასით, მინით და პლაზმური პანელებით. ხეოვნური და ტექნოგენური სამყარო, რომელშიც სრულიად შემთხვევით გაერია ტრადიციული დეკორის რამდენიმე ელემენტი.




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ჯულია ჩაილდი 100 წლისაა

Approved by Gourmet Guide


15 აგვისტოს სახელგანთქმულ ამერიკელ კულინარიული წიგნების ავტორს და ფრანგული სამზარეულოს სპეციალისტს, ჯულია ჩაილდს 100 წელი შეუსრულდა. ჩვენ კი, რომ არა ჰოლივუდური ფილმი „ჯული და ჯულია“ ქალის, რომლის კულინარიულ წიგნებზე და სატელევიზიო შოუებზე ამერიკელ გურმანთა მთელი თაობები აღიზარდა, არსებობაც არ გვეცოდინებოდა (გატრომოყვარულთა და სპეციალისტთა მცირე წრეს არ ვგულისხმობ).
მიუხედავად იმისა, რომ ჯულია ჩაილდს ძალიან ბევრი მეტად საინტერესო და კარგი რეცეპტი აქვს, მის ყველაზე პოპულარულ კერძად მაინც ლეგენდარული საქონლის ხორცი ბურგუნდიულად რჩება და მეც გადავწყვიტე დღეს ამ უძველესი ფრანგული კერძის ჯულიასეული რეცეპტი შემოგთავაზოთ მისი წიგნიდან Mastering the Art of French Cooking. რომლის გაკეთებაც, მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ძალიან ძალიან ადვილია და ბევრ შრომასაც არ მოითხოვს. უბრაოდ, ძალიან დიდი ხანი მზადდება და თან კარგი და ხარისხიანი ღვინო და ხორცი უნდა.
მაშ, ასე:

Boeuf Bourguignonne
Boeuf à la Bourguignonne
(საქონლის ხორცის სოუზი წითელ ღვინოში, ბეკონით, ხახვითა და სოკოთი)

რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ კერძებს, კარგი „ბიფ-ბურგუნიონის“ მომზადების არაერთი გზა არსებობს. რუდუნებით მომზადებული და კარგად შესუნელებული, მართლაც უგემრიელესი კერძია, რაც კი ადამიანს შეუქმნია და შესანიშნავად გამოდგება წვეულების ძირითად კერძად. საბედნიეროდ, მისი მომზადება მთელი ერთი დღით ადრე, წინასწარ შეგიძლიათ - გაცხელების მერე კიდევ უფრო გემრიელი ხდება.

რჩევები ღვინოსთან და ბოსტნეულთან დაკავშირებით
ამ კერძს ტრადიციულად მოხარშულ კარტოფილთან ერთად მიირთმევენ. კარაქმოსხმული ატრია ან ორთქლზე მოხარშული ბრინჯიც მისაღებია. მწვანე ბოსტნეულს თუ ამჯობინებთ, ყველას კარაქში მოხრაკული მწვანე ბარდა აჯობებს. მაგიდასთან კარგად დაღვინებულ ახალგაზრდა წითელ ღვინოსთან ერთად გაიტანეთ. მაგალითად: Beaujolais, Côte du Rhône, Bordeaux-St. Èmilion ან Burgundy.

6 ადამიანისათვის: 6 უნციიანი (170 გრ) ბეკონის ნაჭერი, 9-10 ინჩიანი (22-25სმ) და 3 ინჩის (7,5სმ) სიღრმის სახელურიანი ცეცხლგამძლე ქვაბი, 1 ს/კ ზეთი ან შესაწვავი ზეთი, 1 ქაფქირი, 3 გირვანქა (1,350 კგ) მჭლე ხორცი 2 ინჩიან (5სმ) კუბიკებად დაჭრილი;
 1 დაჭრილი სტაფილო, 1 დაჭრილი ხახვი;
1ჩ/კ მარილი, ¼ ჩ/კ დაფქული პილპილი, 2ს/კ ფქვილი;
3 ჭ კარგად დაღვინებული წითელი ღვინო ზემოთ ჩამონათვალიდან ან Chianti, 2-3 ჭ მუქი ფერის ხორცის ბულიონი ან ბულიონი თუნუქის კონერვიდან, 1 ს/კ ტომატ-პასტა, 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, ½ ჩ/კ ქონდარა (Thyme), დაფშვნილი დაფნის ფოთოლი, დამდუღრული ბეკონის ტყავი;
18-დან 24 ცალამდე ბულიონში ყავისფრად მოთუშული პატარა თეთრი ხახვები, 1 გირვანქა (450გრ) ოთხად გაჭრილი და კარაქში მოთუშული სოკო;
ბეკონს ავათალოთ ტყავი და დავჭრათ ლარდონებად (1/4 ინჩი (5მმ) სიგანისა და 1 ½ (3სმ) ინჩი სიგრძის ჩხირებად). 1 ½ კვარტა (2 ლ) წყალში ვხაროთ ბეკონის ლარდონები და ტყავი 10 წუთის განმავლობაში. ამოვიღოთ და შევაშროთ.
გავახუროთ ღუმელი 450°F-მდე (230°C).
ზეთში მოვთუშოთ ბეკონი 2-3 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე სანამ მსუბუქად არ შეოქროსფერდება. ქაფქირით გადმოვიღოთ ცალკე თეფშზე. ქვაბი გვერდზე გადავდგათ. ხორცის მოთუშვის წინ ბეკონის შენაწვავი ცხიმი გავაცხელოთ ისე, რომ ბოლი აუვიდეს.
ხორცი ქაღალდის ხელახოცით გავამშრალოთ, ნამიანი არ დაიბრაწება; მოვთუშოთ რამდენიმე-რამდენიმე ნაჭრად სანამ ყველა მხრიდან ყავისფრად არ დაიბრაწება. ხორციც ბეკონთან ერთად მოვათავსოთ. შენაწვავ ცხიმში მოვთუშოთ ბოსტნეულიც. მონაბრაწი ცხიმი გადავწუროთ და გადავასხათ.
ქვაბში ჩავაბრუნოთ ხორცი და ბეკონი და შევკმაზოთ მარილით და პილპილით. მერე მოვაფრქვიოთ ფქვილი და მოვურიოთ ისე, რომ ხორცი კარგად ამოიგანგლოს ფქვილში. თავმოხდილი ქვაბი 4 წუთით შევდგათ გახურებული ღუმელის შუა თაროზე. მოვურიოთ ხორცს და კიდევ 4 წუთით შევაბრუნოთ ღუმელში (ასე ფქვილი მოიხალება და ხორცი უფრო მეტად კრაწუნა გახდება). ქვაბი გამოვიღოთ და ღუმელის ტემპერატურას 325 გრადუსამდე (160°C) დავუწიოთ.
დავასხათ იმდენი ღვინო და ხორცის ნახარში ან ბულიონი, რომ ხორცი დაიფაროს. დავუმატოთ ტომატ-პასტა, ნიორი, ქონდარა, დაფნის ფოთოლი და ბეკონის ტყავი. წამოვადუღოთ გაზზე. ქვაბს თავსახური დავაფაროთ და შევდგათ გახურებულ ღუმელში. ღუმელის ტემპერატურა ისე დაარეგულირეთ, რომ 3-4 საათის განმავლობაში  ნელა თუხღუხებდეს. ხორცი მზად იქნება, ჩანგალი რომ დაშლის ადვილად.
სანამ ხორცი ითუშება მოვამზადოთ ხახვი და სოკო და გადავდოთ გვერდზე.
ხორცი რომ დარბილდება, ქვაბის შიგთავსი მეორე ქვაბზე შემოდებულ თუშფალანგზე გადმოვწუროთ. ქვაბი გავრეცხოთ და ბეკონი და ხორცი უკან დავაბრუნოთ. ხორცს თავზე მოთუშული ხახვი და სოკო მოვაყაროთ.
გადაწურულ სოუსს თავზე ცხიმი მოვხადოთ და ვადუღოთ 1-2 წუთი. საჭიროების შემთხვევაში ცხიმი ისევ მოვხადოთ. დაახლოებით 2 ½ ჭ ისეთი სისქის სოუსი უნდა მიიღოთ, ამოვლებულ კოვზზე თხელ ფენად რომ რჩებოდეს. ძალიან თხელი თუ გამოვიდა, ცეცხზე სწრაფად წამოადუღეთ. ძალიან თუ შეგისქელდათ ორიოდე ს/კ ბულიონი ან ხორცის ნახარში დაუმატეთ. ყურადღებით გასინჯეთ, მარილი ან პილპილი ხომ არ აკლია. სოუსი მოასხით ხორცს და ბოსტნეულს.
წინდაწინ მომზადების შემთხევაში, რეცეპტი აქ სრულდება.
თუკი დაუყოვნებლივ მიირთმევთ: ქვაბს თავი დაახურეთ და 2-3 წუთი ადუღეთ, თან ბოსტნეული და ხორცი რამდენჯერმე გადაურიეთ ერთმანეთში. სუფრასთან ქვაბშივე გაიტანეთ, ან გადაიტანეთ ლანგარზე და ირგვლივ მოხარშული კარტოფილი, ატრია ან ბრინჯი შემოუწყვეთ და მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით.
სამომავლოდ მომზადების შემთხვევაში: რომ გაგრილდება, თავი დაახურეთ და მაცივარში შედგით. ჭამამდე 15-20 წუთით ადრე წამოადუღეთ, თავსახური დააფარეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, შიგადაშიგ ბოსტნეული და ხორცი სოუსში ამოურიეთ.

Oignons Glacés à Brun
(ყავისფრად მოთუშული ხახვი)
ყავისფრად მოთუშულ ხავებს იყენებენ როცა ყავისფერი ეფექტის მიღწევა სურთ, მაგალითად ისეთ ყავისფერ სოუზებში, როგორიცაა „ბიფ-ბურგუნიონი“ და „კოკ-ო-ვენი“, ან სხვა ბოსტნეულში შესარევად.

დაახლოებით 1 ინჩი (2,5სმ) დიამეტრის თეთრი ხახვისათვის: 1 ½ /კ კარაქი, 1 ½ ს/კ ზეთი, 9-10 ინჩიანი (22-25სმ) ემალირებული ქვაბი;
½ ჭ ყავისფერი ბულიონი, ბულიონის კონსერვი, მშრალი თეთრი ღვინო, წითელი ღვინო ან წყალი, მარილი და პილპილი გემოვნებით, საშუალო ზომის მწვანილების ნაკრები: მარლაში გამოკრული 4 ტოტი ოხრახუში, ½ დაფნი ფოთოლი და ¼ ჩ/კ ქონდარა;
ქვაბში ზეთი და კარაქი რომ ათუხთუხდება ჩაყარეთ ხახვი და თუშეთ დაახლოებით 10 წუთი საშუალო ცეცხლზე. ხახვები აგორავეთ და შეეცადეთ რომ მაქიმალურად დაბრაწოთ ყველა მხრიდან. შეეცადეთ კანი არ დაუზიანოთ. კანის გარეშე მათ გაყავისფრებაზე არც კი იოცნებოთ.
შემდეგ მოთუშეთ შემდეგნაირად: დაასხით სითხე, ჩააგდეთ მწვანილების ნაკრები და შეკმაზეთ გემოვნებით. დაახურეთ თავსახური და თუშეთ 40-50 წუთის განმავლობაში, სანამ ხახვი ბოლომდე არ დარბილდება, მაგრამ ფორმა არ უნდა დაკარგოს. თუ ამოორთქლდება, სითხე ჩაუმატეთ. ბოლოს ამოიღეთ მწვანილები.

Champignons sautés au beurre
(სოკო კარაქში)
სოკო ცალკეც გამოიყენეთ და სხვა ბოსტნეულებთან ერთადაც. ან ისეთ კომბინირებულ კერძების ნაწილად, როგორიცაა „კოკ-ო-ვენი“, „ბიფ-ბურგუნიონი“, და „პულე ე კოკოტი“. წესის და რიგის მიხედვით მოთუშული სოკო ღია ყავისფერია და მზადების პროცესში თავის წვენს არ კარგავს; მსგავსი შედეგი მისაღწევად სოკო უნდა იყოს მშრალი, კარაქი ძალიან ცხელი და ტაფაზე ბევრ სოკოს ნუ დაახვავებთ. ერთდროულად ბევრ სოკოს თუ მოთუშავთ, სოკო შეწვის ნაცვლად მოიხარშება; წვენი გამოუვა და აღარ დაიბრაწება. ასე, რომ დიდი ოდენობის სოკოს თუ თუშავთ, ან გაზი გაქვთ სუსტი, სოკო პორცია-პორციად მოთუშეთ.

10 ინჩიანი (25სმ) ემალირებული ქვაბი, 2 ს/კ კარაქი, 1 ს/კ ზეთი, ½ გორვანქა (450 გრ) სოკო გარეცხილი და გამშრალი, პატარები მთელ-მთელად, დიდები შუაზე ან ოთხად გაჭრილი;
დამატებით: 1 ან 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ხახვი შალოტი ან მწვანე ხახვი.
ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე და გავაცხელოთ კარაქი და ზეთი. როგორც კი ცხიმი აბოლდება, რაც იმის ნიშანია რომ კარგად გაცხელდა, ჩაყარეთ სოკო. 4-5 წუთის განმავლობაში ურიეთ. მოთუშვის პროცესში სოკო ცხიმს შეიწოვს. 2-3 წუთის მერე ზეთი სოკოს ზედაპირზე გამოვა და სოკო დაიბრაწვას დაიწყებს. როგორც კი შეოქროსფერდება გადმოდგით ცეცხლიდან.
გადაურიეთ ხახვი ან მწვანე ხახვი სოკოში და საშუალო ცეცხლზე თუშეთ კიდევ 2 წუთი.
მოთუშული სოკო შეგიძიათ წინდაწინ მოამზადოთ. შეინახეთ და შეათბეთ როცა დაგჭირდებათ. მარილი და პილპილი ჭამის წინ მოაყარეთ“.
(ჯულია ჩაილდი „Mastering the Art of French Cooking“)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი