გასართობი პარკები და ატრაქციონები

Approved by Mary Poppins


უკვე შევთანხმდით, რომ ზაფხულთან ერთად დასვენების და შვებულების დროც მოვიდა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც დასვენების ნაცვლად გული გასართობისაკენ მიუწევს. გართობით კი ყველა თავისებურად და თავის ჭკუაზე ერთობა. თანაც არსებობს გართობისათვის საგანგებოდ შექნილი ადგილებიც აკვა/ზოო თუ თემატური პარკები და ნაირგვარი ატრქაციონები. მსგავსი ადგილების მოყვარულთა დიდი ნაწილის ერთადერთ ოცნებას ფლორიდის, პარიზის ან ტოკიოს დისნეილენდში მოხვედრა წარმოადგენს, რაც თავისთავად ცუდი სულ არაა. მაგრამ, რომ იცოდეთ მსოფლიოში რამდენი ბევრად უფრო კარგი, უფრო დიდი და უფრო საინტერესო გასართობი პარკია...

Suoi Tien Park ვიეტნამში - უზარმაზარი და ულამაზესი გასართობი პარკი ბუდისტების თვალით დანახული ზეციური სასუფევლის იმიტაციას წარმოადგენს. დამთვალიერებლებს აქ დრაკონი 300 ტონიანი თავით, ზღაპრული არსებები, წმინდა ქანდაკებები, ნარვალის სასახლე, ათას ხუთას ნიანგიანი აკვარიუმი და ბუდისტური მითოლოგიის სხვა სასწაულები ელოდება.

Crocosaurus Cove ავსტრალიაში - ადრენალინის მოყვარულებს ნინაგების სამყაროში ეპატჟებიან. აქ საშუალება გექნებათ მაქსიმალურად ახლო კონტაქტი დაამყაროთ ამ გიგანტურ რეპტილიებთან. მოხალისეები ნიანგებით სავსე აკვარიუმის შუაგულში დამონტაჟებულ აკრილის სრულიად გამჭვირვალე ცილინდრში ყვინთავენ.


Dwarf Empire ჩინეთში - კუნმინში, გორაკზე გაშენებული გასართობი პარკის ყველა თანამშრომელი - შოუს მონაწილეებიდან დაწყებული, დამლაგებლებით დამთავრებული, 130 სმ-ზე დაბალი სიმაღლის არიან. ამ მინი-კომუნას საკუთარი იმპერატორი და პარლამენტიც კი ყავს. ლილიპუტების ქვეყნის 100-მდე მცხოვრები თავს კოსტუმირებული სპექტაკლებითა და ცეკვებით ირჩენს.

Harmony Land იაპონიაში - ეს პარკი იაპონური ფისო, Hallo Kitty-ის თაყვანისმცემლებისთვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს. გარდა კატის გამოსახულებიანი ვარდისფერი სუვენირებისა, პარკში ულტრათანამედროვე ატრაქციონებიც დგას და ყოველ საღამოს ულამაზესი მუსიკალური ლაზერ-შოუ Fantasy Night Show იმართება.


BonBon Land დანიაში - უგემრიელესი კანფეტის სახელის მქონე პარკს ჩვენთვის კარგად ნაცნობ ტკბილეულთან სერთო არაფერი გააჩნია, პირიქით, მისი „ინტერიერი“ მადის დაკარგვას უფრო ემსახურება. ღებინების პროცესში მყოფი ვირთხებით და მფსმელი ჭიანჭველებით უხვად მოხატულ-დასურათებულ პარკში, სრულიად ჯანსაღი და ნატურალური, მაგრამ სკინტლისა და ცურცლის, მკვდარი ბუზებისა და ტარაკნების ფორმის ტკბილეული იყიდება. უფროსების რა მოგახსენოთ, მაგრამ მსგავს დეკორაციებსა და საჭმელს ბავშვები სრულ აღფრთოვანებაში მოყავს.

Dickens World დიდ ბრიტანეთში - ორიოდე საუკუნის წინანდელ ბრიტანეთში, შიმშილისა და სიღატაკის ეპოქაში მოხვედრის მსურველებს მაწანწალებისა და გაქცეული კატორღელების საზოგადოებაში რამდენიმე საათის გატარება დიკენსის თემატურ პარკში შეუძლიათ, სადაც ყველაზე პოპულარულ ატრაქციონი დიკენსის ერთ-ერთი რომანის მოტივებზე შექმნილი ციხიდან ნავით სცენი გაქცევის იმიტაციაა.

Love Land სამხეთ კორეაში - 2004 წელს კუნძულ ხეჯუზე გაშენებულს სექს-პარკში ბავშვების ან მოხუცებული მშობლების წაყვანას არ გირჩევთ! კუნძულზე, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები ოდესღაც თაფლობის თვეს ატარებდნენ, ახლა 140 ეროტიკული სკულპტურა და კინოთეატრი დგას. ფილმების რეპერტუარს, ალბათ თავადაც კარგად ხვდებით.


Ferrari World ემირატებში - გარდა იმისა, რომ აბუ-დაბის ფერარის პარკი  მსოფლიოში ერთადერთია, ის მსოფლიოს უდიდესი გადახურული პარკიცაა და 64 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. შიგნით კი რბოლის სიმულიატორი, ყველაზე სწრაფი ამერიკული მთები და სხვა ატრაქცონები დგას.


Holy Land Experience ამერიკაში - დისნეილენდიდან საკმაოდ ახლოს, ფლორიდაზე, ქალაქ ორლანდოს თემატურ პარკში ბიბლიურ სიუჟეტებზე დადგმული სცენები იმართება. აქ ძველი იერუსალიმის ქუჩებში სეირნობა და საიდუმლო სერობაზე მოციქულეთა გვერდით მოხვედრაც შეიძლება.

Dubailand ემირატებში - 278 კვადრატულ კილომეტრზე გაშენებულ პარკში რამდენიმე ცათამბრჯენი, თანამედროვე კურორტი, მსოფლიოს 7 საოცრების ასლები და მსოფლიოს უდიდესი აკვაპარკი მდებარეობს (თავისი პლიაჟებით და ხელოვნური მარჯნის რიფებით).

Europa-Park გერმანიაში - 11 არსებულ თუ მოგონილ ქვეყნად (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, რუსეთი, შოკოლანდია, ვიკინგების ქვეყანა და სხვ.) დაყოფილი პარკი ევროპაში უდიდესია და მის ყველა ნაწილს თავის გამორჩეული სტილი და ატრაქციონები აქვს, ბაროკოს სტილის იტალიური ასახლეებიდან დაწყებული, რაინდთა ტურნირებით დამთავრებული.  


Port Aventura ესპანეთში - ერთი დღის განმავლობაში დედამიწის ხუთივე კონტინენტის მონახულებას თუ განიზრახავთ და იური გაგარინის კოლეგა არ ხართ, მაშინ ესპანეთს უნდა ეწვიოთ და გასართობ პარკში პარანოიდალური სიზუსტით (რესტორნების მენიუს ჩათვლით) გამეორებული ხმელთაშუა ზღვის ტერიტორია, პოლონეზია, ჩინეთი, მექსიკა და ველური დასავლეთი უნდა დაათვალიეროთ.



Cedar Point ამერიკაში - ამ პარკში არც მეტი, არც ნაკლები 68 კარუსელი დგას, მათგან 14 ამერიკული მთებია ამ თოთხმეტიდან ერთი კი სიმაღლით თავისუფლების ქანდაკებაზე მაღალა ადის. სხვათა შორის, პარკი 1870 წელს გაიხსნა...




Gardaland იტალიაში - ტბა გარდას ნაპირზე განფენილი გასართობი პარკი ნებისმიერი ასაკის სტუმარს ნასიამოვნებს დატოვებს. სკოლამდელი ბავშვებისთვის სასაცილო პოზებში გაქვავებული იხვებისა და ბაჭიების გვერდით ევროპის უსწრაფესი ატრაქციონები დაქრიან.



Spree Park გერმანიაში - ბერლინში მდებარე ამ პარკს, დღეს სურეალიზმის პარკს ეძახიან. ოდესღაც მოქმედი და უკვე კარგახნის მიტოვებული ატრაქციონები და გიგანტური სკულპტურები ჟანგმა შეჭამა. იქაურობა გასართობ პარკზე მეტად აპოკალიფსის შემდგომ დედამიწას წააგავს.
საქმე იმაშია, რომ პარკის მფლობელი, ვინმე ნორბერტ ვიტი თავის დროზე იძულებული გახდა პერუში გაქცეულიყო. გასართობი პარკი იქაც გახსნა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულმა არ მოასვენა, იქაური კარუსელები აყარა და გერმანიაში ძველი პარკის აღორძინების მწველი სურვილით დაბრუნდა. ყველაფერი კარგად იქნებოდა, გერმანიის საბაჟო პოლიციას კარუსელებში დამალული 180 კგ კოკაინი რომ არ აღმოეჩინა.
შვიდი წლის შემდეგ ციხიდან გამოსული ვიტი პარკის ხელახლა გაშენების იმედს ჯერაც არ კარგავს, მანამდე კი კვირაობით დროჟამისაგან განადგურებულ ტერიტორიაზე მსურველთათვის პატარა ექსკურსიებს აწყობს.

და ბოლოს, რასაკვირველია ბომბორა თბილისში - მერე რა, რომ სულ ორიოდე ატრაქციონი დგას, მერე რა რომ ამერიკულ მთებზე ერთი წრე ისე მალე მთავრდება, რომ შეშინებასაც ვერ ასწრებ (სიამოვნებაზე აღარ ვლაპარაკობ), მერე რა რომ უნამუსოდ მატყუებს რუსთავი-2 ევროპის ყველაზე დიდი პარკიაო - ჩემია და მეამაყება!  ჩემია და მიყვარს! აი, ზუსტად ისე, დედას თავისი დებილი შვილი რომ უვარს. იცის რომ დებილია, მაგრამ მაინც ყველას ურჩევნია! ... თან გულში ერთი იმედიც მიჭიატებს - სულ ასე ხომ არ დატოვებენ, კაცო?! რამეს უზამენ, აბა, რა იქნება?! თუმცა, ჩვენთან რამე ერთხელ გახსნილი და მერე რამე მიმატებული, აგერ ამ ხნის ვარ და მე არ მინახავს... დანგრევა და მოსპობა კი, იცოცხლე, გვეხერხება.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment