ლეღვის ნამცხვარი ფრანჯიპანით

Approved by Natia Jinjolava


ძალიან მიყვარს ლეღვი, მაგრამ კიდევ უფრო მიყვარს მისი ჩირი და კვერი. ამას წინათ, კიდევ უფრო შორს წავედი და ლეღვის ნამცხვარიც მივირთვი. უნდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი გამოდგა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ექსპერიმენტები ძალიან ხშირად ამართლებს.
ამჯერად გორდონ რამზის ლეღვისა და ფრანჯიპანის ანუ ნუშის კრემის ტორტს შემოგთავაზებთ რომელიც უადვილესი და ძალიან ეფექტურია. ახლა, ნუში და ლეღვი რომ გემრიელი იქნება, მაგაზე ხომ აღარ ვლაპარკობ.

ლეღვის ნამცხვარი ფრანჯიპანით
4-6 პორცია
4 ან 5 ლეღვი (ზომისდა მიხედვით), 125 გრ დარბილებული კარაქი, 125 გრ შაქრის პუდრა და ცოტა კიდევ ზემოდან მოსაყრელად, 2 მთლიანი კვერცხი ათქვეფილი, 125 გრ დაფქული ნუში, 250 გრ ფქვილი, 250 გრ მზა ფენოვანი ცომი, 1 კვერცხის გული
მასკარპონეს კრემისათვის: 250 გრ ყველი მასკარპონე, 1ლიმონის ცედრა, შაქრის პუდრა
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. მასკარპონეში გადავურიოთ შაქრის პუდრა ჩვენი გემოვნებით (დაახლოებით 50 გრ, ყველი ძალიან მალე ტკბება), ჩავახეხოთ ლიმონის ცედრა, გადავურიოთ და შევდგათ მაცივარში.
ფრანჯიპანისთვის ავთქვიფოთ კარაქი, შაქრის პუდრა, ფქვილი და დაფქული ნუში. ნელ-ნელა ჩავათქვიფოთ კვერცხები. გავაჩეროთ 5 წუთი.
ფქვილმოყრილ დაფაზე ფენოვანი ცომი 2 მმ-ს სისქეზე გავაბრტყელოთ. 13 სმ დიამეტრიანი თეფში დავადოთ და გამოვჭრათ ცომის 4 დისკი.  დისკები 2-2-ად დავალაგოთ ორ საცხობ ფირფიტაზე და დავჩხვლიტოთ ჩანგლით (ძალიან რომ არ ამოვიდეს).  ფრანჯიპანი გავანაწილოთ დისკებზე, ოღონდ ირგვლივ 1,5 სმ-იანი  ცარიელი ცომის კიდე დავტოვოთ. ცომის უფრანჯიპანო კიდეებს წავუსვათ კვერცხის გული და მოვაყაროთ შაქრის პუდრა. შევდგათ ღუმელში 4-5 წუთით.
ლეღვები 5-5 ნაჭრად გავჭრათ (ან მეტად თუ ძალიან დიდი ლეღვები გვაქვს). გამოვიღოთ ნამცხვარი ღუმელიდან და ფრანჯიპანზე დავალაგოთ ლეღვის ნაჭრები გვირილის ფურცლებივით. მოვაყაროთ შაქრის პუდრა და შევაბრუნოთ ღუმელში დაახლოებით 8 წუთით, სანამ ცომი ხრაშუნა არ გახდება.
გამოვიღოთ მაცივრიდან მასკარპონეს კრემი და დიდი კოვზი დავდოთ ნამცხვრის შუაგულში.




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment