ცაციების დღე

Approved by Natia Jinjolava


დღეს, არც მეტი არც ნაკლები, ცაციების საერთაშორისო დღეს გვაქვს, რომელსაც მთელი მსოფლიოს ცაციები სიამოვნებით და დიდი სიამაყით აღნიშნავენ. მოგეხსენებათ, როგორ უყვართ ჩვეულებრივ, საშუალო სტატისტიკურ ადამიანებს, რამით, სულ ერთი ბეწოთი მაინც გამოირჩეოდნენ დანარჩენებისგან. თუ შეგიმჩნვიათ, როგორი სიამოვნებით და საკუთარი განსაკუთრებულობის შეგრძნებისგან დარცხვენილი ღიმილით ამბობენ ხოლმე - „მე ცაცია ვარ“... არადა, ცაციაც ზუსტად ისეთია, როგორც მარჯვენახელიანი და რამდენჯერაც არ უნდა ჩამოთვალონ, რომ სახელგანთქმული ცაციების რიცხვში ინგლისის დედოფალი, ნაპოლეონი, უინსტონ ჩერჩილი, იულიუს კეისარი, ჟანა დ-არკი, ლეონარდო და ვინჩი, არისტოტელე, ნიუტონი, მარკ ტვენი, მიქელანჯელო, მოცარტი, პაგანინი, შუმანი, ბეთჰოვენი, ჩაპლინი, მერლინ მონრო, ჯიმ კერი ( რა მაგარი გადასვლაა არა, ნაპოლეონიდან და მიქელანჯელოდან მონროზე და ჯიმ კერიზე?!), ბრედ პიტი, რობერტ დენირო და ა.შ. შედიან, გამორჩეულ მარჯვენახელიანთა რიცხვი მაინც გაცილებით დიდი იქნება და ასეთი დავა, ძალიან მაგონებს ისეთივე წყლის ნაყვას, როგორიცაა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები ჯობია თუ მარცხენა საქართვლო გზებზე. პასუხი მარტივია, ის ჯობია, რომელსაც უკვე მიეჩვიე და თანაც ამ ლოგიკით, გამოდის, რომ იქ სადაც მარჯვენახაზიანი მოძრაობაა, მარცხენასაჭიანი მანქანა უფრო მოხერხებულია. 
ცაციებთან დაკავშირებით მე სულ სხვა რამ მაწუხებს ხოლმე - რაც სულ არაა დაკავშირებული ცაციობასთან. როგორც ექსპერტ-სპეციალისტები ამბობენ, ცაციისთვის მარცხენა ხელით მუშაობის გადაჩვევის დაძალება სერიოზულ ფსიქოლოგიურ პროლემებს იწვევს. ამაზე არ ვდავობ, ალბათ მართლაც ასეა. მაშინ ამიხსენით იოგა რატომაა სასარგებლო და რატომ არ იწვევს იგივე ფსიქიოლოგიურ პრობლემებს? რა უფრო არაბუნებრივია ადამიანისთვის, ცაციას მარჯვენა ხელით წერა ასწავლო თუ თავზე დგომა და მარჯვენა ფეხის კისერზე შემოდება და ამ ფეხი ტერფის მარცხენა ყურთან ქიცინი? მე კი გავამხელ, რომ იოგები მართლა არანორმალურები მგონიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ცაციების უფლებათა დამცველი იოგასმოყვარულები (ანუ ნახევარი მსოფლიო) ჩამქოლავენ ამისთვის. 
დაახლოებით იგივე კითხვა მაქვს იმათთანაც, ვინც მიმტკიცებს რომ ზეთში შემწვარი კარტოფილი ფრი საზიზღრობაა და მომკლავს, იგივე მეთოდით ზეთში შემწვარი ჩინური და იაპონური ბოსტნეული და ხორცი კი სასარგებლო საჭმელია. ფრიტიური ფრიტიურია გინდა ამერიკაში და გინდა აზიაში. ნუ, თუ მაინცდამაინც კარტოფილშია საქმე...
მოკლედ, ისევ ცაციებს დავუბრუნდეთ: ცაციების დღე პირველად 1992 წლის 13 აგვისტოს ბრიტანელმა ცაიებმა აღნიშნეს. ამ დღეს საგანგებო თამაშები და კონკურსები იმართება, რომელთა მთავარი დანიშნულება-მისიაც მარჯვენა ხელის ხმარებიდან ამოღებაში მდგომარეობს. ანუ, ჭამთ მარცხენა ხელით, ჭრით მარცხენა ხელით, წერთ მარცხენა ხელით და ჩხუბშიც მხოლოდ მარცხენა მუშტის მოქნევა შეიძლება...
სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 10% ცაციაა და მათ ყოველდღიურად უწევთ შეხება ცაციობისგან გამომდინარე პრობლემებთან - კალმისტრები, დანები, მაკრატლები, ჭიქის სახელურები, კომპიუტერის მაუსები და კიდევ მრავალ ათას და კიდევ ერთ წვრილმანთან. ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება საგანგებოდ მემარცხენეთათვის გამოშვებული ნივთები. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მაუსის და მაკრატლის მესმის, პოლ მაკარტნის გიტარისაც, მაგრამ ცაციების ჭიქა რომ წმინდათწმინდა კომერციული სვლაა - ფაქტია. ჩაის სმისა მაინცდამაინც ჭიქის დიზაინით თუ არ დავტკბი და შემოტრიალებული (უნახატო მხრიდან) დავიჭირე ხელში, გადამცდება?! 
უფრო ადრე კი, ჯერ კიდევ ძველ რომში, ცაციებს sinister-ს ანუ, „ბოროტებს“ უწოდებდნენ, შუა საუკუნეების ევროპაში, როგორც ჯადოქრებს კოცონზე წვავდნენ, რუსეთში სასამართლოზე მოწმედ გამოსვლა უკრძალავდნენ, საბჭოთა კავშირში კი მარჯვენა ხელით წერას აიძულებდნენ.


დღეს საუკეთესო მემარცხენე სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


P.S. ცაციებზე კიდევ ერთი ძველი ისტორია გამახსენდა - შოტლანდიაში, ერთ-ერთ დიდგვაროვანთა ოჯახში თაობების მანძილზე ყველა ცაცია იბადებოდა. ჰოდა, საგვარეულო სასახლის დაგრეხილი კიბეც, თავისი მოაჯირით "არასწორი" მხრიდან, უკუღმა ქონდათ მიშენებული. რაც საოცრად გამოსადეგი აღმოჩნდა მტრების შემოსევების დროს. ისედაც დაგრეხილ და ციცაბო ქვის კიბეზე ბრძოლა კიდევ უფრო მოუხერხებელი და გაუსაძლისი ხდებოდა მიუჩვეველი მარჯვენახელიანებისთვის. 

0 კომენტარი.:

Post a Comment