სააღდგომო ფუნთუშები ევროპიდან

Approved by Natia Jinjolava


ჯვრიანი ცხელი ფუნთუშები (Hot Cross Buns)
(გამოდის 24 ცალი)
1 ჭ თბილი რძე, 5 ს/კ მშრალი საფუარი, ½ ჭ +1 ჩ/კ შაქარი, 4 ჭ ფქვილი, 1 ½ ჩ/კ დაფქული იამაიკური პილპილი, ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 1ჩ/კ მარილი, 125 გრ ცივი კარაქი, 2 მსხვილი კვერცხი, 1 მსხვილი კვერცხის გული, ½ ჭ მოცხრის ჩირი, 1/3 წ ოქროსფერი ქიშმიში, 2 ჩ/კ წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა, 2 ჩ/კ წვრილად გახეხილი ფორთოხლის ცედრა, 3 ჩ/კ შაქრის პუდრა, ცოტაოდენი ფხვიერი ცომი

პატარა ჯამში მოვათავსოთ საფუარი, რძე და 1 ჩ/კ შაქარი. გავაჩეროთ 5 წუთით სანამ საფუარი ბუშტებს გაიკეთებს. დიდი ზომის ცალკე ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი, პილპილი, დარიჩინი, მარილი და დარჩენილი შაქარი. კარაქი დავჭრათ პატარა კუბიკებად და თითის წვერებით შევაზილოთ ფქვილისა და სანელებლების ნარევში. 1 კვერცხი და კვერცხის გული მსუბუქად გავთქვიფოთ. ფქვილისა და კარაქის ნარევის ცენტრში გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ საფუარიანი რძე, გათქვეფილი კვერცხები. ჩავყაროთ ქიშმიში, მოცხარი და ცედრები. ვზილოთ სანამ ელასტიურ ცომს არ მივიღებთ. გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ დაფაზე და ვზილოთ დაახლოებით 10 წუთი, სანამ ცომი საბოლოოდ არ შეკვრება. მზა ცომი გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფართო ჯამში, გადავაფაროთ ჩაის ტილო და თბილ ადგილას გავაჩეროთ დაახლოებით 1 ½ საათი. 2 ცალი საცხობი ფირფიტა დავცხიმოთ. ფქვილიანი ხელებით გავყოთ ცომი 2 თანაბარ ნაწილად და თითოეული ნაწილისგან გავაკეთოთ 12–12 თანაბარი ზომის გუნდა. დავალაგოთ ერთმანეთისგან მოშორებით საცხობ ფირფიტაზე და გავაჩეროთ თბილ ადგილას დაახლოებით 45 წუთით.
გავახუროთ ღუმელი 200°C–მდე. სანამ ფუნთუშები ამოდის, გავთქვიფოთ შაქარის პუდრა და კვერცხი. ფქვილმოყრილ ზედაპირზე ფქვიერი ცომისაგან მოვამზადოთ ნახევარი სმ–ის სისქის გრძელი ლენტები. ამოსულ ფუნთუშებს გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხის სარკალა და ფხვიერი ცომის 2–2 ლენტი ზემოდა გადავადოთ ჯვარედინად (როგორც სურათზეა ისე). ლენტების ბოლოები ფუნთუშის ქვეშ ამოვკეცოთ. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 12–15 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწებიან. გამოვიღოთ და გავაგრილოთ. ასეთ ფუნთუშებს აღდგომამდე 1 კვირით ადრე აცხობენ, მერე ალუმინის ფოლგაში ან ცელოფანში ახვევენ და ყინავენ. ჭამის წინ კი აცხელებენ და თბილს ან ოთახის ტემპერატურისას მიირთმევენ.


ფხვიერი ცომი

75 გრ ჩაცივებული კარაქი, 1 ¼ ჭ ფქვილი, 2 ს/კ ცივი ერბო (ბოსტნეულის), ¼ ჩ/კ მარილი,  2 ან 4 ს/კ ყინულივით ცივი წყალი

ჯამში ცივი თითის წვერებით ავსრისოთ ერთმანეთში ფქვილი, კარაქი, ერბო და მარილი. ფქვილი და კარაქი ერთმანეთში ქადის გულივით რომ აირევა ჩანგლით ჩავაზილოთ 2 ს/კ ცივი წყალი. მერე ცივი ხელებით მოვზილოთ ცომი და ვზილოთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ (ცომი ნამცეცებად აღარ უნდა იშლებოდეს), მაგრამ ვეცადოთ რომ ძალიან არ გავათბოთ ხელის სითბოთი. აუცილებლობის შემთხვევაში დავუმატოთ თითო–თითო ს/კ ცივი წყალი. მზა ცომი გავაცხვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით (ჯობია მთელი დღით).

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

აღდგომა დედამიწის გარშემო

Approved by Natia Jinjolava


ამერიკისა და ევროპის უდიდეს ნაწილში აღდგომა, ჩვენგან განსხვავებით, ფუმფულა ბაჭიებთან, ყვითელ წიწილებთან, სააღდგომო კვერცხებზე საყოველთაო ნადირობასთან, შოკოლადის კვერცხებთან და სააღდგომო საუზმესთანაა ასოცირებული და მათი ტრადიციები ერთმანეთს საკმაოდ გავს. თანაც, წითელ პარასკევსა და აღდგომას შორის ბევრგან სხვადასხვანაირი ფესტივალი,ზეიმი და სანახაობები იმართება. აღარ ვლაპარაკობ თითოეული ქვეყნის ტრადიციულ სააღდგომო კერძებზე.
შორეულ ავსტრალიაში ნამდვილი კურდღლები საკმაოდ ცუდი, გამანადგურებელი და დამაქცეველი ცხოველის რეპუტაციით სარგებლობენ. ამიტომ ავსტრალიელი ბავშვები შოკოლადის კვერცხებს საჩუქრად კურდღლისყურიანი სააღდგომო ბანდიკუტისგან (Easter Bilby), ადგილობრივი ჩანთოსანი ცხოველისგან ღებულობენ, მშობლები კი დიდი შაბათის სადილისთვის სიმბოლურ ჯვარგადაკრულ სააღდგომო ფუნთუშებს აცხობენ.
საფრანგეთში ქალაქ ჰოში სააღდგომო კვერცხის ცნება ჩვეულებრივი გაგების ფარგლებს ცილდება. აღდგომის ორშაბათს ქალაქის მთავარ მოედანზე უზარმაზარ კოცონს აჩაღებენ და უკიდეგანო ტაფაზე მთელი ქალაქის ანუ ათასი ადამიანის სამყოფ ომლეტს წვავენ. გასული წლის ომლეტი ჩვეულებრივზე მოკრძალებული პარამეტრებით გამოირჩეოდა - მხოლოდ 3 მეტრის დიამეტრის გხალდათ და მის მომზადებაზე სულ რაღაც ხუთი ათას ორას თერთმეტი კვერცხი, 20 ლიტრი ზეთი და 55–55 კგ ბეკონი, ხახვი და ნიორი დაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ გიგანტური ომლეტის ყოველ აღდგომაზე ცხობის ტრადიცია მხოლოდ სამიოდე ათწლეულს მოითვლის, ისტორიკოსები ამბობენ, რომ მისი საათავეები ნაპოლეონის მმართველობის ეპოქიდან მოდის – როცა ასეთივე გიგანტური ომლეტი მორიგი ლაშქრობისას ქალაქში გავლით მყოფ იმპერატორის ჯარისკაცების მოუმზადებს.
გემანიის აღმოსავლეთში, ქალაქ საალფელდში ფერად–ფერადი კვერცხებით მორთულ–მოკაზმული ხე აღდგომის უცვლელ და განუყოფელ სიმბოლიკად იქცა. უკვე ორმოც წელზე მეტია, რაც ერთმა ადგილობრივმა ოჯახმა სახლის წინ მდგარი ვაშლის ხის პლასტმასის კვერცხებით მორთვა დაიწყო. თავიდან ხეზე ოციოდე კვეცხი კონწიალობდა დღეისათვის კი მის მორთვას თითქმის ორი კვირა ჭირდება. მაგალითად, გასულ წელს ხეზე ცხრა ათას რვაასი ფერადი კვერცხი კონწიალობდა.  
ჩვენი არ იყოს, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის აღდგომა წლის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს წარმოადგენს.ჰოდა, კუნძულ კორფუზე დიდ შაბათს, დილის თერთმეტ საათზე ქალაქის მთავარ ქუჩაზე ადგილობრივი მცხოვრებლები აივნებიდან და ფანჯრებიდან წყლით სავსე თიხის ქოთნებს (ბოტიდებს) ისვრიან. სიხარულის გამოსახატავად ქოთნების მსხვრევის უძველეს ტრადიციას ვენეციელებს უკავშირებენ, რომლებიც ახალ წელს თიხის ქოთნების მსხვრევით ხვდებოდნენ. ვენეციელების კვალი კორფუელთა სააღდგომო სუფრასაც ეტყობა, რომელსაც ფოგატები (ვენეციური ბრიოშები), წითლად მოხარშული კვერცხები და სხვადასხვანაირი სააღდგომო კულიჩები ამშვენებს.
გვიანაზე აღდგომის კვირასა და ორშაბათს სანაპირო ზოლის მცხოვრებლები ოკეანის ნაპირზე გამოდიან და ფრანებს უშვებენ.  ჯორჯთაუნის მოკრიალებული ცა კონკრეტულად ამ შემთხვევისთვის საგანგებოდ დამზადებული ხელით ნაკეთი ფერად–ფერადი ფრანებით იფარება. მიუხედავად იმისა, რომ ფრანების გაშვება გვიანაზე წელიწადის სხვა დროს სდაკმაოდ უცნაურ და უჩვეულო საქმიანობად ითვლება, სააღდგომო ზეიმში არა მარტო ქრისტიანები, სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ.
პერუში, აიაკუჩოში იესო ქრისტეს მიერ დედამიწაზე ნაცხოვრები თითოეული წლის სიმბოლოდ თითო, ანუ ერთიანობაში ოცდაცამეტი ეკლესიაა აშენებული, ამიტომ რაღა გასაკვირია, რომ ეს პატარა მაღალმთიანი ქალაქი აღდგომის მთელ კვირას საერო და საღვთო გაგებითაც  გამორჩეულად აქტიურად აღნიშნავს. აღდგომის წინა 10 დღის განმავლობაში ყოველდღიურად იმართება სარიტუალო მსვლელობები, მუსიკალური და საცეკვაო სანახაობები, ყვავილებით მოფენილ ქუჩებზე ხარების დოღი და ღამეული ფეიერვერკები. ამდენი გართობის მერე კი, 12 აუცილებელი კერძისაგან შემდგარ სააღგდგომო საზეიმო სადილზე  ჩირიუჩუსა და დაბრაწულ ზღვის გოჭებს მიირთმევენ და, რასაკვირველია, პერუანულ სიმინდის ლუდს, ჩიჩას აყოლებენ.
თავიდან ფეხებამდე გაწუწვის სურვილი თუ არ გაქვთ, აღდგომის ორშაბათს პოლონეთის ქუჩებში სეირნობას და იქაურ სმიგუს–დინგუსს აჯობებს თავი აარიდოთ. დიდი ტრფობის და სიყვარულის ნიშნად უცოლო ბიჭების ხელით გასათხოვარი გოგონების გაწუწვის უძვლელესი ტრადიცია დროთა განმავლობაში სიხლის, უკაცრავად, წყლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლის ცერემონიად იქცა. წყლით მუსვრას წინ კვირა საღამოს საზეიმო ვახშამი უსწრებს, რომელზეც მთელი ოჯახები იკრიბებიან და ერთმანეთს ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებენ. წვეულების მენიუ აუცილებლად შეიცავს ბატკნის ნამცხვარსა და სხვადასხვა წესით მომზადებულ კვერცხებს - მოხარშული და დატენილით დაწყებული, უბრალო ერბოკვერცხით დამთავრებული.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Bagna càuda - რომის პაპის უსაყვარლესი საჭმელი

Approved by Natia Jinjolava


თურმე ახალარჩეული რომის პაპი, რომელიც თავისი მოკრძალებული ცხოვრების წესითა და ასკეტური ბუნებით გამოირჩევა, პაპად არჩევამდე საკუთარ საკვებს თავად იმზადებდა, განსაკუთრებულად კი პიემონტური (იტალია) კერძი Bagna càuda (bagna caôda) უყვარდა. Bagna càuda ანჩოუსის (ჩვენებურად ხამსა), ნივრის, კარაქისა და ზეითუნის ზეთისაგან დამზადებული ცხელი საწებელია, რომელშიც მოხარშულ ან ღუმელში გამომცხვარ ბოსტნეულს აწობენ და მერე გემრიელად მიირთმევენ. ტრადიციულად, პიემონტში Bagna càuda-ს ერთი დიდი ჯამით მაგიდის ცენტრში დგამენ, მეორე ლანგრით სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, არტიშოკი, წიწაკა, ხახვი, ბოლქვიანი ნიახურის ღერები, კამის ბოლქვი გამოაქვთ და სუფრის ყველა მონაწილე თავისი სურვილის მიხედვით არჩეულ ბოსტნეულს ავლებს საერთო ჯამში. თუმცა, ამ ბოლო დროს, საწებლის ცალ-ცალკე, პორციულ პაწაწინა კერამიკულ ჯამებში ჩასხმა და სტუმრებისთვის სათითაოდ მირთმევაც დაიწყეს. 

Bagna càuda
4 პორცია
ბოსტნეულის ასორტი (პარკი ბარდა, პარკი ლობიო, ყვავილოვანი კომბოსტო, ნორჩი ყაბაყი, სატაცური, ნორჩი ჭარხალი), 24 კბილი ნიორი თავისავე აპკში, 50 გრ კარაქი, 340 გრ ანჩოუსის ფილე, 150 გრ extra virgin ზეიუნის ზეთი

დიდი ქვაბით წამოვადუღოთ მარილიანი წყალი და 1 წუთის განმავლობაში დავფუფქოთ ბარდა და ლობიო. ამოვიღოთ ქაფქირით და გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცდაფენილ ლანგარზე დასაწრეტად. ყვავილოვანი კომბოსტო დავშალოთ ყვავილედებად და ვფუფქოთ 2 წუთის განმავლობაში, ისიც ამოვიღოთ და დავდოთ დასაწრეტად. ყაბაყი და სატაცური ვფუფქოთ 3 წუთი და ისინიც ამოვიღოთ. ჭარხალი ვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში, მერე ამოვიღოთ, შევაგრილოთ, გავთალოთ და გავჭრათ შუაზე. ახლა საშუალო ქვაბით წამოვადუღოთ მარილიანი წყალი და ნივრის კბილები საშუალო ცეცხლზე 20-25 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. გადავწუროთ, გავაგრილოთ და გავფცქვნათ. მოხარშული ნიორი ფართო ჯამში მოვათავსოთ და დავსრისოთ ჩანგლით (ვაქციოთ პიურედ). სქელძირიან ტაფაზე გავადნოთ კარაქი საშუალო ცეცხლზე, დავუმატოთ ანჩოუსი და ვხრაკოთ 1 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ნიორიც და ჩავათქვიფოთ ზეითუნის ზეთიც. დავუწიოთ ცეცხლი და ვათუხთუხოთ 5 წუთის განმავლობაში. შიგადაშიგ ვურიოთ. ამ დროს სოუსი შეიძლება აიჭრას, რაც ნორმალური პროცესია. დავუმატოთ მარილი და პილპილი. სანამ თბილია, ამოვავლოთ მოხარშული ბოტნეული და მივირთვათ.

საუკეთესო ურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

სოკოს უჩვეულოდ მაღალი კიში

Approved by Natia Jinjolava


სოკოს კიში (პეროგი) თომას კელერის რეცეპტით
(www.foodandwine.com)
1 ს/კ ზეთი, 500 გრ ხორციანი სოკო მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი, 500 გრ თეთრი სოკო  თხლად დაჭრილი, მარილი და ახალდაფქული პილპილი, 1 ს/კ კარაქი, 2 პატარა თავი ხახვი უწვრილესად დაჭრილი, 1 ს/კ ქონდარას (thyme) ფოთლები დაჭრილი, ¾ ჭ ყველი ემენტალი გახეხილი, 2 ჭ რძე, 2ჭ ცხიმიანი ნაღები, 6 მსხვილი კვერცხი გათქვეფილი, ახალგახეხილი ჯავზის კაკალი (მუსკატი)
ცომისთვის: 2 ჭ ფქვილი, 1 ჩ/კ მარილი, 200 გრ კუბიკებად დაჭრილი კარაქი, ¼ ჭ ძალიან ცივი წყალი, ცოტაოდენი ზეთი

მიქსერის ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ 1ჭ ფქვილი და მარილი. მაქსიმალურად დაბალ სიჩქარეზე გადავურიოთ კარაქის კუბიკები პორცია–პორციად. კარაქი ფქვილში კარგად რომ აირევა, მოვუმატოთ მიქსერის სიჩქარეს საშუალომდე და ცოტა ხანი ვთქვიფოთ. მერე სიჩქარე ისევ დავუწიოთ და დავუმატოთ დარჩენილი 1 ჭ ფქვილი. ჩავაზილოთ წყალიც. მზა ცომი გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 1 საათით (სასურველია მთელი ღამით).  23 სმ დიამეტრის გასახსნელ ტორტის ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ფორმის კედლებს და ქაღალდს წავუსვათ ზეთი. ცომს მოვაყაროთ ფქვილი და გავაბრტყელოთ 1 სმ–ს სისქეზე. ცომი საბრტყელებლის მეშვეობიოთ ფრთხილად გადავიტანოთ ფორმაში და ამოვაფინოთ. ცომს მსუბუქად დავაწვეთ და მივაპრისოთ ფორმის ფსკერს და კედლებს. შევდგათ მაცივარში 20 წუთით. (ასეთი ცომი გაყინული 1 თვის განმავლობაში ინახება)
გავახუროთ ღუმელი 160°C–მდე.
დიდი ზომის ტაფაზე გავახუროთ ზეთი. დავყაროთ სოკო და მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მაღალ ცეცხლზე ვთუშოთ დაახლოებით 5 წუთი. თან ვურიოთ. დავუწიოთ ცეცხლი საშუალომდე. დავუმატოთ კარაქი, ხახვი და ქონდარა. ვთუშოთ სანამ სოკო არ დარბილდება, დაახლოებით 12 წუთი. გავსინჯოთ და საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ მარილი და პილპილი. გავაგრილოთ. მაცივრიდან გამოვიღოთ ცომამოფენილი საცხობი ფორმა და ფსკერზე ჩავყაროთ ერთმანეთში გადარეული სოკოს ნახევარი და ¼ ჭ გახეხილი ყველი ემენტალი. ბლენდერში 1 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ 3 კვერცხი, 1ჭ რზე, 1 ჭ ნაღები, 1 ½ ს/კ მარილი, 1/8 ჩ/კ პილპილი და მწიკვი ჯავზის კაკალი. მიღებული მასა დავასხათ საცხობ ფორმაში მოთავსებულ სოკოს და ყველს. ზემოდან მოვათავსოთ დარჩენილი სოკოსა და ¼ ჭ ყველის მეორე ფენა. ბლენდერში 1 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ დარჩენილი 3 კვერცხი, 1ჭ რზე, 1 ჭ ნაღები, 1 ½ ც/კ მარილი, 1/8 ჩ/კ პილპილი და მწიკვი ჯავზის კაკალი. ესეც დავასხათ სოკოს და ყველის ფენას. ზემოდან დარჩენილი ¼ ჭ ყველი მოვაყაროთ.
შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 1 ½ საათი. სანამ ზემოდან არ შეყავისფრდება, შიგთავსი შესქელდება და შეიკვრება (შიგთავსი გვერდებში უფრო მკვრივი უნდა იყოს, ცენტრში კი თითს რომ დააჭერთ მსუბუქად უნდა თახთახებდეს). შევაგრილოთ საცხობ ფორმაშივე.
გაგრილებულ კიშს საცხობი ფორმის კიდესთან გადმოსული ცომი ბასრი დანით შემოვაჭრათ და ფრთხილად შემოვახსნათ ფორმის კედლები. მოვირთვათ ჯერ კიდევ თბილი.
კიშის ჭამას გამზადებისთანავე თუ არ აპირებთ, ჯერ გააგრილეთ ბოლომდე და მერე ამოიღეთ ფორმიდან. შეინახეთ მაცივარში. ჭამის წინ დაჭერით ნაჭრებად და უკვე დაჭრილი დაალაგეთ საცხობ ფირფიტაზე და შეაცხელეთ 175°C–მდე გახურებულ ღუმელში.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მინი ტარტალეტკები

Approved by Natia Jinjolava


მინი ტარტალეტკები a la Ritz
გამოდის 20 ცალი
ცომისთვის: 200 გრ ქფვილი, 65 გრ შაქარი, 1 კვერცხის გული, 1 ს/კ რძე, 100 გრ კარაქი;
კრემისთვის: 4 კვერცხის გული, 125 გრ შაქარი, მწიკვი მარილი, ½ პაკეტი ვანილის პუდინგის ფხვნილი (იყიდება „გუდვილში“), ¼ ლ რძე, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 200 გრ დარბილებული კარაქი, 80 გრ შაქრის პუდრა;
არომატისთვის: 2 ს/კ კაკაო, 1 ს/კ ლიქიორი „კურასაო“, 2 ს/კ ხსნადი ყავა, 1 ს/კ ყავის ლიქიორი, 40 მლ კონიაკი
მოსართავად: კრაჭუნა ალუბლები, დაშაქრული იის ყვავილები, შოკოლადის ბურბუშელა, შოკოლადში ამოვლებული ყავის მარცვლები, ბუსტუღი (ფსტის კაკალი)
20 ცალი მინიატურული ტარტალეტკის ფორმა

ფქვილი დავახვაოთ დაფაზე და შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება და ამ ჩაღრმავებაში ჩავყაროთ შაქარი, წვრილ კუბიკებად დაჭრილი ცივი კარაქი, კვერცხის გული და ჩავასხათ რზე. ცივი ხელებით სწრაფად მოვზილოთ ფხვიერი ცომი, გავახვიოთ ცელოფანში და შევდგათ მაცივარში 2 საათით.
გავახუროთ ღუმელი 200°C–მდე.  ცომისგან გავაკეთოთ 20 პატარა ბურთი და ამოვაფინოთ ტარტალეტკის ფორმებში. შევდგათ ღუმელში 8 წუთით, სანამ ცომი არ დაიბრაწება. გამოვიღოთ და ფორმებიდან ამოვიღოთ (ფორმები გადავატრიალოთ და დანის ზურგით რბილად დავუკაკუნოთ ფსკერზე – ტარტალეტკა თვითონ ამოვარდება).
სანამ ტარტალეტკები ცივდება, შაქარი და კვერცხის გულები გავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ მარილი და პუდინგის ფხვნილი. ვანილი და რძე მივიყვანოთ დუღილამდე, გადმოვდგათ ცეცხლიდან და წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ პუდინგიან კვერცხის კრემში. კრემი რძის ქვაბში დავაბრუნოთ და შემოვდგათ გაზზე. მორევა–მორევით წამოვადუღოთ და ვადუღოთ 2 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიdან და გავაგრილოთ. კარაქი და 80 გრ შაქარი გავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე და ჩავათქვიფოთ გაგრილებული პუდინგის კრემიც. მზა კრემი გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად: პირველს დავუმატოთ კაკაო და „კურასაო“, მეორეს ყავა და ყავის ლიქიორი, მესამეს – კონიაკი. კრემები მოვათავსოთ საკონდიტრო ტომსიკებში და მოვრთოთ ტარტალეტკები. მზა ტარტალეტკები 1–2 საათით შევდგათ მაცივარში. კონიაკიანი კრემი მოვრთოთ კრაჭუნა ალუბლებით და გახეხილი შოკოლადით, ყავის შოკოლაში ამოვლებული ყავის მარცვლებით, კაკაოსი კი დაშაქრული იის ყვავილებით. ტარტალეტკებს შეგიძლიათ მოაწუწოთ გამდნარი შოკოლადი ან მოაყაროთ დაჭრილი ნიგოზი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მსოფლიოს პინგვინი დღე

Approved by Natia Jinjolava


ყოველი წლის 25 აპრილს ანტარქტიდელ პინგვინებს ნოტალგიის გრძნობა ეძალებთ და სანაპიროდან ჩრდილოეთისკენ, ანუ სამშობლოსკენ მიგრაციას იწყებენ. თან თავიანთი ფრთოსანი თანამოძმეებივით კი არ მიფრინავენ, ათასობით კილომეტრის მანძილზე საკუთარი პაწაწინა ლასტებიანი ფეხებით მიბაჯბაჯებენ.
ჰოდა, ერთ დღესაც კალიფორნიაში, რიდჯესტერის საზღვაო შეიარაღების ცენტრში (NWC) აღმოაჩინეს, რომ პინგვინთა მიგრაციის, კალიფორნიული მარწყვის კრეფის დაწყების და "ნესტლეს" ქარხნიდან მთელ მსოფლიოში შოკოლადის ექსპორტის დღე ერთმანეთს ემთხვევა და მსოფლიოს პინგვინის დღე დააწესეს. ამ დღეს, მისი სამმაგი დატვირთვიდან გამომდინარე, პინგვინის დღის აღნიშვნის მსურველები  მხოლოდ შავ-თეთრ ტანსაცმელს იცმევენ (რასაკვირველია, ყველაზე მეტად მისაღები კლასიკური ფრაკია თეთრი პერანგითა და წითელი ჰალსტუხი-პეპლით), მიირთმევენ შოკოლადში ამოვლებულ მარწყვს (ან ნებისმიერ დესერტს მარწყვით და შოკოლადით) და ერთმანეთს პინგვინთან
დაკავშირებულ ანეკდოტებს და სასაცილო ისტორიებს უზიარებენ.
განსაკუთრებული ენთუზიაზმის შემთხვევაში, შეგიძლიათ პინგვინებაც ესტუმროთ და მათი საყვარელი გაყინული სარდინით ან ნებისმიერი სხვა თევზით გაუმაპინძლდეთ. თანაც ამისთვის სულ არაა საჭირო მაინცდამაინც პოლუსზე წასვლა. პინგვინების ნაირ-ნაირი ჯიშები სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჩილეს, პერუს, ფოლკლენდისა და გალაპაგოსის კუნძულების ველურ ბუნებაში ან სულაც, ნებისმიერი სხვა ქვეყნი ზოოპარკებშიც ბუდობენ. 

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

დღეს წიგნის დღეა!

Approved by Natia Jinjolava


ერთ სამარცხვინო ამბავში უნდა გამოგიტყდეთ: ჩემი თაობის ქართველი მწერლების მოთხრობებს პრინციპულად არ ვკითხულობ. ახლავე აგიხსნით რატომ. მათი უმრავლესობა ჩემი მეგობარი თუ არა, მეგობრის მეგობარი მაინცაა და საკუთარი ინტრიგნული და პირში მთქმელი  ხასიათი რომ ვიცი, მირჩევნია არც ცუდი მქონდეს სათქმელი და არც კარგი. რადგან წაკითხული არ მაქვს, აბსოლუტურად წრფელი გულით ვერც შევაქებ და ვერც გავაკრიტიკებ.
თანამედროვე ქართული მწერლობის მსგავსი ტოტალურად უცოდინრობის ფონზე ხელში ერთი თურმე საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ქალბატონის მოთხრობების კრებული ჩამივარდა. პირველი დარტყმა ხელითნაკეთი საიუბილეო გამოცემის სუპერუხარისხო და მოღლარჭული თექის ყდის დანახვაზე მივიღე. 
მერე აშკარად მანიკურის მაკრატლით დიზაინერული ჩანაფიქრითაც და მოუხერხებელი ხელითაც ოკრობოკროდ გამოჭრილმა ფურცლებმა დამზაფრა. ბოლოს, ასაკინძად გამოყენებულმა კოპლებიანმა ლენტმა მომიღო ბოლო. 
წარუშლელი შთაბეჭდილებებით აღსავსემ წიგნის პატრონთან გადავრეკე, სად იშოვე-თქო და თურმე, ეს 75 გვერდიანი და სახლის პრინტერზე ამობეჭდილი შედევრი წიგნის პრეზენტაციაზე იყიდებობდა 20 ლარად.
წიგნის გარეგნობა არაფერი, მე რომ შიგნით ამბავი დამხვდა. რატომ ხელი არ მომტყდა ან თვალი არ დამეფსო, სანამ გადავშლიდი და კითხვას დავიწყებდი. პრემია „საბას“ რამდენიმეგზის გამარჯვებულის, „მკითხველთა სიმპატიისა“ და „წლის ყველაზე რეზონანსული წერილის ავტორის“, არაერთი ქართული კომპანიის პიარ-მენეჯერის, „პენ-მარათონი 2007“-ის გამარჯვებულის, გერმანულ, რუსულ, უკრაინულ, ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე ნათარგმნი მოთხრობების ავტორის, 2009 წლის საუკეთესო ქართული რომანის შემოქმედის შემოქმედებასთან გაცნობის მერე... კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ბრძნული გადაწყვეტილება იყო, თანამედროვე ქართველი მწერლების ნამუშევრები გაცნობაზე უარის თქმა.

„პირველად დიდი ხნის წინ მომწერე, გახსოვს? ის ღამე გახსოვს? გზაზე შემომხვდი. მე აღარ ვიცოდი სად მივდიოდი, რატომ და რისთვის. მხოლოდ ის მახსოვს, რომ დაგინახე, შენც მიყურებდი“... თანამედროვე რიტმული პროზის ნიმუში „მგზავრის წერილებიდან“. არა, ილიასი არა, ჩვენი მწერლის. მეც დავწერე სტუდენტობისას მეგობართან ერთად „ღვთაებრივი კომედია“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ ჩვენი თაობის „ბირჟავიკებზე“ მაგრამ კი არ გამომიქვეყნებია.
„ბნელი, უმთვარო ღამე იყო. და (ან წინ არ უნდა წერტილი, ან აქ უნდა მძიმე - მ.პ.) ჩაგკიდე ხელი. გზის განაპირას, დიდი ხის ქვეშ გავიხადე წითელი კაბა. თავქვეშ სასთუმლად ამოგიდე. შენ დამიკოცნე ხერხემალის (ხერხემალი კუმშვად-კვეცადია, ამიტომ უნდა იყოს ხერხემლის - მ.პ.) ყოველი მალა...  ნელა შემოდი... თვალი დავხუჭე. და მივხვდი, რომ პირიქით მოხდა.“ უკაცრავად? სექსის ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ რა მოხდა პირიქით?! მთლიანი აბზაცია, არაფერი დამიმალავს!
„ჩუმად წახვედი. პირველი მამლის ყივილამდე დმტოვე მარტო. მხოლოდ წერილი შემომიგდე. მეც შევინახე. ცხრა თვე ჩემს შიგნით, ჩემს მუცელში, წიაღში ვზარდე. ცხრა თვე ვეფერე. და (ამ „და“-ზე აშკარად ჩაციკლულია და ამ ლიტერატურულ ხერხს ყოველ მეორე წინადადებაში იყენებს და  „და“-ს მერე მძიმე რომ უნდა ჯიუტად არ იმჩნევს, თუმცა რა მოხდა? გრიგოლ რობაქიძეც არ ხმარობდა მძიმეს - მ.პ.) მეცხრე თვეს ტკივილებით გავხსენი ყელი“. მდა... მოიცათ, ჯერ სად ხართ, ამ „შეგდებული“ წერილისგან ბიჭი დაიბადა! რომელიც:
„მთელი წელი გაბმით ტიროდა. სახურავს ხდიდა ჩემს პატარა ღარიბულ ბინას. სწორედ ამიტომ ხეზე დავკიდე მისი აკვანი. ძაღლები რომ ვერ შეწვდენოდნენ (ძაღლები რა, მტირალა ბავშვებს დასდევენ? - მ.პ.) მაღლა და ზემოთ. ფეხიც იმ ხეზე აიდგა და სულ იქ იჯდა. გზას გაჰყურებდა, თვალმცინარი. თვალებმტირალი... არასდროს უთქვამს, მაგრამ ვიცი, რომ შენ გელოდა. უნდოდა ერთხელ მაინც დაენახე, ვიდრე იმ ხიდან ჩამოვიდოდა და თავის გზას გაუყვებოდა... მებაჟე გახდა. გადასახადის ამკრეფი და ცოდვილი მონა.“ ე.ი. ხიდან არ ჩამოვიდოდა სანამ მამას არ ნახავდა. ტექსტიდან როგორც ჩანს მამა დღემდე არაა მოსული. მაგრამ გადასახადების ამკრეფი მაინც გახდა. ალბათ ხის წინ გამვლელებს აწერს ბაჟს...
ტექსტს ვაგრძელებ მიყოლებით, ეგებ თქვენ მაინც გაგიგოთ რამე:
„ცუდად გავზარდე? აბა (მძიმეს კატეგორიულად არ ვცნობთ - მ.პ.) რა გითხრა... პირველი შვილი ცოტა ძნელია, თან შენს წერილში სხვა რამ ეწერა. და (ისევ!) მეც ვფიქრობდი (მძიმე) მობრუნდებოდა.. ანდა (მძიმე) ვინ იცის? იქნებ მწერლებიც დაფარულ ცოდვებს ბაჟივით კრეფენ. აგროვებენ. დააგროვებენ, წერენ და ხევენ...“ ახლა მაცადეთ - ეს ესეა თუ მოთხრობა? წერილები მოსულია მამისგან. მაშინ ვინაა მწერალი? თუ თავის თავზე გააკეთა ავტორმა ლირიული გადახვევა, მაშინ ეს მოთხრობა აღარაა. რამე გაიგეთ? ახლა კიდევ უფრო დაიბნევით:
„დრო გავიდა და მართლა მობრუნდა. და (მძიმე) მერვე წელს მოგვცა პაუსუხი.
პირველი იყო და პირველმა დაიწყო წერა...“
გეფიცებით, რაც წაიკითხეთ, თანმიმდევრული ტექსტია, ამონარიდები არ გეგონოთ.
ერთი შემთხვევით ჩავარდნილი და წარუმატებელი მოთხრობის კრიტიკის გამო არაობიექტურობაში რომ არ დამდოთ ბრალი, რამდენიმე ნაწყვეტს სხვებიდანაც მოგიყვანთ:
„ბომჟი (БОМЖ არის აბრევიატურა, რომელიც იშიფრება, როგორც лицо без определенного места жительства და არა, საერთაშორისო სიტყვა. ქართულდ ე.წ. ბომჟს უსახლკარო ან მაწანწალა ქვია - მ.პ.) მაგდას ბინიდან გაოგნებული და რეტდასხმული გამოვიდა. ქუჩაში მიდიოდა და ყელიდან საოცარ ხმას უშვებდა. ამ ხმაზე ტბაზე ყინული და შეყვარებულთა საძინებლებში სარკეები იმსხვრეოდა, ცოლ-ქმრული ერთგულებით ნაგებ სახლებს მინები (სახლებს მინები არ აქვს, მინა ფანჯარას აქვს, მაგრამ კარგი, ნეტა, მეტი პრობლემა არაფერი იყოს - მ.პ.) ებზარებოდა, ხოლო ქალიშვილებს საქალწულე აპკები უკდებოდათ“... ა?
„ის კი ვინც უნდა გადაარჩინოს, იქვე სანაპიროზე ზის და თამაშობს. (ასე იწყება აბზაცი) ხუთი წლის ბარბარე (დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვი ხუთი წლისაა -მ.პ.). ბებე, რომელსაც ახლა ნამდვილად არ უნდა მამის კიდობანში. ხელში პატარა ჯოხი უჭირავს და სილაში უცნაური ცხოველები გამოჰყავს. უცნაური, არარსებული ცხოველები. დაახლოებით ისეთები, ცაზე ღრუბლებით რომ იხატება. მზე ჩადის. ცა წითელია, ტბაში წყალი (დაიმახსოვრეთ, რომ ტბაა - ნ.პ.) - ისევ ლურჯი და ზედაპირზე ისევ წითელი. ყველაფერი ძალიან ლამაზია და ბებე ხვდება, რომ სამყარო მრგვალია და დიდი (ხომ გახსოვთ, რომ ბავშვი 5 წლისაა?)... ის კი მის შიგნითაა. ისე, როგორც ოდესღაც ჩანასახი დედის მუცელში. ის მის შიგნითაა და მასთან ერთადაა ჩიტები, პეპლები, ღრუბლები  ჰაერში, ჭიანჭველები და პატარა მატლები - მიწაზე, მედუზები და თევზები წყალში.“ გარდა იმისა, რომ ჩვენი ხუთი წლის ბებე ზრდასრულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური, ფილოსოფიური აზროვნებით გამოირჩევა (ტყუილად კი არ სვამს მამამისი კიდობანში, ასეთი წარღვნისას გადარჩენას ნამდვილად იმსახურებს), როგორც ჩანს პალაუს არქიპელაგზეც იმყოფება. აბა, სხვაგან მედუზებით დასახლებული ტბა არ არსებობს.
უი, ნახეთ რა ვიპოვე? ახლა აღარ მიკვირს 5 წლის ბავშვს ასეთი ბრძნული ლოგიკა საიდან აქვს, ბებე მემგონი საერთოდ დედამიწელიც არაა: „ბებეს ცაში ცქერა წყინდება და კენჭების შეგროვებას იწყებს (წინა აბზაციდან თუ გახსოვთ, ნაპირი ქვიშიანი იყო, მაგრამ, მოდით ეგეთი კრიტიკულებიც ნუ ვიქნებით და ნუ შევიმჩნევთ - მ.პ.). ლურჯ, ყვითელ, მწვანე კენჭებს აგროვებს... (ხომ გეუბნებოდით, აშკარად არამიწიერი წარმოშობის ფერის კენჭებია)... სადღაც ბაყაყები ყიყინებენ. ბებეს აინტერესებს როგორ ჩერდებიან ბაყაყები წყლის ზედაპირზე.“ (მამამისი როგორ ჩერდება არ აინტერესებს?- მ.პ.)
ანუ გვაქვს ტბა, ქვიშიანი და კენჭიანი ნაპირით ერთდოულად, ეს კენჭები არის ლურჯი, ყვითელი და მწვანე და ამ ტბაში ჰარმონიული სიმბიოზი აქვთ ბაყაყებს და მედუზებს...
„მაგრამ როდესაც დეპ.უფ-მა (ალბათ დეპარტამენტის უფროსს მოიხსენიებს ეგზომ მხატვეულად - მ.პ.) კისერთან თავისი უზარმაზარი სახე მომიახლოვა, მივხვდი რომ რომელიღაც დიდ პრესიტორიულ ცხოველს წააგავდა, ხოლო მე მისი მორიგი საკბილო ვიყავი. თვალები მაგრად დავხუჭე და წარმოვიდგინე როგორ წამებში გადაკბეჩდა ჩემს პატარა თავს ეს მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზოგიერთი არქოზავრების კლასისა.“ ავტორი ალბათ როგორ ამაყობდა, კაცმა არ იცის რომელი ენციკლოპედიიდან აამოკრეფილი, წინადადების ამ დაბოლოებით? მომეცით „საბა“, ჩემი ხელით უნდა გადავცე! მხატვრულად წერის ნებისმიერ სახელმძღვანელოში გვასწავლიან, რომ მით უფრო მაღალია ნაწარმოების ფასი, რაც უფრო მარტივად და ჩაუხლართავადაა აზრი გამოხატული - თუ მაინცდამაინც ფოლკნერი ან პავიჩი არ ხარ.
სხვა რა შემიძლია კიდევ ვთქვა? ინსტინქტი და არა „ინსტიქტი“ - მწერალმა თუ არა, ჟურნალისტმა პიარმენეჯერმა მაინც უნდა იცოდეს, პაზლი და არა „პაზზლე“ (რებუსი) - ქართულ ენაში უცხოური ასოთგაორმაგებები არ გადმოდის, ევოლუციონერი და არა „ევოლუციონისტი“ და ა.შ... აღარ ვლაპარაკობ ისეთ გავრცელებულ შეცდომებზე, როგორიცაა „როგორ ხართ? (უნდა იყოს „როგორ ბრძანდებით“), „რა გინდათ?“ (უნდა იყოს „რა გნებავთ“) და სხვა, მით უმეტეს, როცა გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ნაწარმოების გმირის სახის შექმნას არ ჭირდება და საქმე ნასწავლი და ხაზგამით ზრდილობიანი პროფესორის მეტყველებას ეხება.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. სტატიის დამთავრების შემდეგ შევიტყვე, რომ ჩემი კრიტიკის საგანი ამასობაში მინისტრის მოადგილეც გამხდარა... აწი მშვიდად ვიქნები, ჩვენი კულტურანამდვილად საიმედო ხელშია!

ადამიანი X - რჩეულები

Approved by Natia Jinjolava


ყოველ ჯერზე ჩემი ქილიკის და ბოროტი ქირქილის მხვერპლი ხდებოდა ჩვენი მის ენდრიუ, როცა აცხადებდა, რომ ბრილიანტი მხოლოდ ცისფერი მოწონს, ძოწი - მწვანე, მარჯანი - კრემისფერი. ერთი სიტყვით, ყველაფერს ის, რაც საყოველთაოდ მიღებულ ნორმებსა და სტანდარტებში არ ჯდება. საკმაოდ კარგი და დახვეწილი გემოვნების მქონე ადამიანს, აღმოჩნდა, რომ წინააღმდეგობის გრძნობა გემოვნებაზე მაღალი და დიდი აქვს. ამიტომ ვერ იტანს „მეტსედესს“, „ბეემვეს“ და მსგავს ცნობილ ბრენდებს, რაზეც მოზეიმე სახით ვამშვიდებ ხოლმე, რომ ტყუილად ნერვიულობს - არასდროს აჩუქებენ არც ერთს და არც მეორეს.
რასაკვირველია, ყველა მეტ-ნაკლებად თავმოყვარე ადამიანს აქვს „ბრბოსგან“ განსახვავებულობის პრეტენზია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ თქვა უარი შენთვის იდეალურ ვარცხნილობაზე, რომ სხვასაც აქვს და სრულიად რომ არ გიხდება ისეთი ქოჩორით ამაყად თავაწეულმა იარო, ეგ გამორჩეულობა კი არა სიბრიყვე ან სირეგვენეა. სირეგვენის უხეშის გაგებით კი არა, სიჯიუტისა და უზარო ქედმაღლობის გაგებით.
მეც ვაღიარებ, რომ ჩემს ორ უსაყვარლეს ფირმას „მერსედესს“ და „აიფონს“ ერთადერთი, მაგრამ უზარმაზარი ნაკლი მართლაც აქვს: ყველა გოიმმა იცის მათი სახელი და ამიტომ ყველა ქაჯს „მერსედესი“ ყავს და ხელში „აიფონი“ უჭირავს. რომელიმე მათგანი რომ გააჩერო და მრგვალფარიანი „მერსედესის“ ნაცვლად „კიონიგსეგი“ ან „ნობლი“ შესთავაზო არ დაგთანხმდება, სანამ არ ეტყვი რომ ორივე ნახევარ მილიონ ევროზე მეტი ღირს. მაშინაც, გამოგართმევს, გაყიდის და ბოლო გამოშვება მრგვალფარებიან „მერსედესს“ იყიდის მაინც. მაგრამ, ამის გამო „დაიჰაცუზე“ არ უნდა გადავჯდეთ და დაბალი ხარისხის ჩინური ტელეფონი ვიყიდოთ. ორიგინალურობას, მასხრად ასაგდები რომ არ გახდე, ამაყ ხასიათთან ერთდ შნოც, ანუ ფინანსური მხადრაჭერაც უნდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ძნელია ოქროს შუალედის დაცვა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ავიღოთ, რომლებიც თვლიან, რომ როგორც ხელოვანი ადამიანები ვალდებული არიან გამოირჩეოდნენ და მერე დადიან თმაში სარჭის ნაცვლად გათხრილი ფუნჯით, შარვალზე ჩაცმული კაბით ან საცვლის ნაცვლად ამოცმული მაისურით. ახლა არავინ მითხრა, რომ ასე კომფორტულად გრძნობენ თავს. რას ვიზამთ, სხვებთან არამსგავსების სურვილი მსხვერპლს მოითხოვს.
მე ისეთებსაც ვიცნობ, ვისთვისაც ცხოვრების ერთადერთი მიზანი სხვების საწინააღმდეგო აზრის გამოთქმაა და შესაბამისად, საშინლად არ მოწონთ პარიზი, რომი და ა.შ. კაი, შეიძლება არ გიჟდებოდე და პარიზს ფლორენცია გერჩივნოს, მაგრამ ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს და თქვა - არ ვარგაო. მეზობელი მყავს: ვინც არ უნდა ახსენო, ცნობილი ექიმი, მკერავი, სტილისტი თუ მსახიობი. მომენტალურად მოგიყვება, როგორ უმკურნალეს ცუდად, გაუფუჭეს უძვირფასესი ქსოვილი, გააცვინეს თმა, მტკივანის ნაცვლად ჯანსაღი კბილი ამოუღეს და ა.შ. მისი მოსაწონი ცნობილი ადამიანი საქართველოში არ დადის, თუმცა, არცერთთან არაა არასდროს ნამყოფი არც საქმეზე და არც ისე. შეგიძლიათ ვინმე არარსებული პიროვნება მოიგონოთ, მაშინვე გეტყვით რომ მაგას ნუ გაახსენებთ, რომ იცოდეთ როგორ გააწვალა...
არადა, რაც უფრო მეტად ორიგინალური ხარ (ზომიერების ფარგლებს გადაცდენა მაქვს მხედველობაში, თორემ სხვას რომ არ აქვს და საქართველოში ერთადერთ ეგზემპლიარად შემოტანილ ფეხსაცმელზე და პალტოზე მეც გამწარებული ვნადირობ), მით უფრო მეტად ტოვებ ან გიჟის შთაბეჭდილებას, ან უჟმურის. პირველ შემთხვევაში სასაცილოდ გიგდებენ, მეორეში - გაგირბიან. ქრესტომათიულ ადამიანს კი კომფორტი და სხვა ადამიანებში ყოფნა უყვარს (ჯოგური ცხოველია), თან ორიგინალობას რა აზრი აქვს, მისი შემმჩნევები და დამფასებლები (ანუ პლებეები) თუ არ გეყოლა?!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შოკოლადის პეტიფუ

Approved by Natia Jinjolava


ცალკე თემაა შოკოლადის პეტიფუ – ერთლუკმიანი შოკოლადის შედევრი. ცალკე თემაა იმიტომ, რომ ჯერ ეს ერთი ძალიან გემრიელია და მეორეც – შოკოლადისაა. გამოიყურება ეფექტურად და ჩვეულებრივ, თეთრკანიან თანამოძმეზე ბევრად მარტივი მოსართავ–მოსაკაზმია. ელეგანტური და მიმზიდველი „გარეგნობისთვის“ შოკოლადის სარკალას სიპრიალე და სურნელიც კმარა.

ესპრესოს ბრაუნის პეტიფუ (პტიფურები) კარაქის კრემით
100 გრ კარაქი კუბიკებად დაჭრილი, 85 გრ შავი შოკოლადი დატეხილი, 300 გრ შაქარი, 3 მსხვილი კვერცხი, 1 ს/კ ხსნადი ყავა, 1½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, ¼ ჩ/კ მარილი, 150 გრ ფქვილი
კრემისთვის: 100 გრ დარბილებული კარაქი, 1 ს/კ ნაღები, 4 ს/კ ყავის ლიქიორი (Kahlua), 1 ს/კ ხსნადი ყავა, 3 ჭ შაქრის პუდრა, დაფქული დარიჩინი ზემოდან მოსაყრელად

გავახუროთ ღუმელი 170°C–მდე. 22 სმ – 33სმ–ზე მართკუთხედ საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ ალუმიონის ფოლგის ფენა, ისე ფორმის გვერდებზე 2 სმ–ით მაღლა გადმოდიოდეს. წავუსვათ ცხიმი. ფართო და სქელძირიანი ქვაბით დაბალ ცეცხლზე შემოვდგათ კარაქი და შოკოლადი, სანამ შოკოლადი არ გადნება. მერე გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავათქვიფოთ შაქარი და მერე კვერცხები სათითაოდ. დავუმატოთ ხსნადი ყავა, ვანილი და მარილი. ხის კოვზით გადავურიოთ გაცრილი ფქვილიც. ცომი დავასხათ ფორმაში ჩაფენილ ფოლგაზე. ვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში (გამომცხვარი ბრაუნი შიგნით სველი და დაზეპილი უნდა იყოს, ამიტომ დიდხანს ნუ გააჩერებთ და ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ეს ერთადერთი ნამცხვარია, რომელიც ზედმეტ მორევასა და თქვეფას ვერ იტანს – სტრუქტურა უფუჭდება).

გამომცხვარი ბრაუნი გავაგრილოთ ფორმაშივე, მერე კიდეებზე ბასრი დანა მოვატაროთ და ფოლგის დახმარებით ფრთხილად ამოვიღოღთ ფორმიდან. გაგრილებული ნამცხვარი ბასრი დანით ან სპეციალური საჭრელით დავჭრათ თითო ლუკმის ზომის წრეებად ან კვადრატებად.
კრემისთვის: კარაქი ვთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე, მერე ჩავათქვიფოთ ნაღები. ჭიქაში ერთმანეთში გადავურიოთ ლიქიორი და ხსნადი ყავა და ყავა კარგად რომ გაიხსნება წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ კარაქში (კარაქის კრემში გათქვეფილი კარაქი და კრემში ჩასასხმელი ნებისმიერი სითხე ზუსტად ერთი ტემპერატურის თუ არ არის – კრემი აიჭრება. ამიტომ სანამ კრემის გაკეთებას დაიწყებთ, კარაქიც და ლიქიორი და ყავაც 2–3 საათით ადრე დადეთ მაგიდაზე – ერთნაირი ოთახის ტემპერატურის რომ გახდეს). დავუწიოთ მიქსერის სიჩქარე და შაქრის პუდრა ჩავათქვიფოთ თუითო–თითო ჭიქად. მზა კრემი ჩავასხათ საკონდიტრო ტომსიკაში და ბრაუნის ნაჭრებს პატარა და წვეტიანი გუმბათები დავასვათ. ზემოდან სულ ცოტა დაფქული დარიჩინი მოვაფრქვიოთ და მივირთვათ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Petit Fours - პეტიფუ (პტიფურები)

Approved by Natia Jinjolava


ეს ერთლუკმიანი ულამაზესი ნამცხვარი საფრანგეთის რევოლუციის პირშმო გახლავთ. მეთვრამეტე საუკუნის ევროპის ტრადიციული შეშის ღუმელი გრანდიოზული ზომით გამოირჩეოდა და მასში ღორს ან ძროხას მთლიანად წვავდნენ ხოლმე. ასეთი ღუმელი შეშასაც ბევრს მოიხმარდა და მერე დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა სითბოს. თავისი ხელმომჭირნეობით და სიძუნწით სახელგანთქმული ფრანგები, განსაკუთრებულად რევოლუციისა და გაჭირვების პირობებში, ღუმელის უქმად მოცდენას როგორ აიტანდნენ და სადილის მომზადების მერე ჯერ კიდევ გახურებულ ღუმელში ჩვეულებრივის ნაცვლად გამოცხობის მინიმაკურ დროზე გათვლილი მინიატურული ზომის ნამცხვრების გამოცხობა დაიწყეს და ასე გაჩნდა ფერად–ფერადი პეტი ფუ, რაც სიტყვა–სიტყვით „პატარა ღუმელს“ ნიშნავს.
პეტიფუ არსებობს, როგორც ტკბილი, ასევე არატკბილი, მრგვალი, ოთკუთხედი, კონუსის ფორმის და ბისკვიტის ან ნებისმიერი სხვა ცომისგან დამზადებული. პეტიფუს პეტიფუობის მთავარი პირობა მისი თვალისმომჭრელი სილამაზე და ერთი ციცქნა ზომაა. მათ, როგორც წესი, მეტი სილამაზისთვის სხვადასხვა ფრად და სხვადასხვანაირი დეკორაციებით რთავენ და გასალამაზებლად საჭმელ მძივებს, ყვავილებსა და მარგალიტებსაც არ იშურებენ.

პეტიფუ
გამოდის 40 ცალი
75 გრ ფქვილი, 75 გრ სახამებელი, 170 გრ შაქარი, 1 მწიკვი მარილი, 3 კვერცხის გული, 3 კვერცხის ცილა, 250 გრ შაქრის პუდრა, 125 მლ ნაღები, 0,5 ჩ/კ სოდა, ½ ლიმონის გახეხილი ცედრა, 200 გრ თეთრი შოკოლადი, 4 ს/კ ალუბლის შნაპსი ან ლიქიორი, 250 გრ წითელი მოცხრის ჯემი, 200 გრ გაგრგრის ჯემი, 4–5 ს/კ ლიმონის, წითელი მოცხრის ან შავი მოცხრის წვენი, წითელი ფერის ნამცხვრის საღებავი, დაშაქრული ყვავილები და საჭმელი მძივები მოსართავად

მართკუთხედ საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. გავახუროთ ღუმელი 200°C–მდე. კვერცხის გულები, 3 ს/კ თბილი წყალი და 150 გრ შაქარი ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე. კვერცხის ცილები ავთქვიფოთ მარილთან ერთად და ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილ გულებში. ფქვილი, სახამებელი და სოდა ერთმანეთში ავურიოთ, გავცრათ და ხის კოვზით ფრთხილად დავუმატოთ ათქვეფილ კვერცხებს. ცომს გადავურიოთ ლიმონის ცედრაც, დავასხათ საცხობ ფირფიტაზე, მოვასწოროთ და შევდგათ ღუმელში 35 წუთით შეოქროსფერებამდე. გამომცხვარ ბისკვიტს, ფრთხილად ავაცალოთ პერგამენტი და მთელი ღამით დავტოვოთ გასაგრილებლად.  მეორე დღეს კორჟი გავჭრათ სამ თანაბარ ნაწილად.
კრემისთვის ნაღები მივიყვანოთ დუღილამდე, გადმოვდგათ ცეცხლიდან. თეთრი შოკოლადი დავტეხოთ და ჩავყაროთ მდუღარე ნაღებში, მოვურიოთ. დავუმატოთ ალუბლის შნაპსი და გრილ ადგილას დავდგათ 20–30 წუთით. როგორც კი შესქელებას დაიწყებს, კარგად გავთქვიფოთ. ბისკვიტის პირველ ფენას წავუსვათ ნაღების და შოკოლადის კრემი და ზემოდან მეორე ფენა დავაფაროთ და წითელი მოცხრის ჯემი გადავუსვათ, მერე დავაფაროთ მესამე ფენა და რბილად დავაწვეთ. შევდგათ მაცივარში 1 საათით. მერე გამოვიღოთ და ძალიან ბასრი დანით ან სპეციალური საჭრელი ფორმით დავჭრათ პატარა კუბიკებად ან წრეებად. პატარა სქელძირიანი ქვაბით შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე გარგრის ჯემი, დარჩენილი შაქარი და 2 ს/კ  წყალი და ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში, თან ვურიოთ ხოლმე. ცხელი ჯემი თავზე და გვერდებზე წავუსვათ ჩვენს პაწაწინა კუბიკებს. შაქრის პუდრა ჩანგლით გავქნათ ძალიან ცოტა წყალში ან ლიმონის წვენში, ისე რომ სარკალის სისქის მასა მივიღოთ, სურვილის შემტხვევაში შევაფერადოთ საღებავით და გადავასხათ კუბიკებს. მოვრთოთ დაშაქრული ყვავილებითა და საჭმელი დეკორაციებით. პეტიფუს სილამაზე მთლიანად თქვენს დეკორატორულ ნიჭზეა დამოკიდებული.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მარადიული პრობლემა: რძალ-დედამთილობა

Approved by Natia Jinjolava


კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ერთადერთი ქალი არსებობდა, რომელსაც ეს პრობლემა არ ჰქონდა. პირველქმნილი ევასგან განსხვავებით, ყველა მომდევნო ქალს ეს საკითხი მეტ-ნაკლებად აწუხებდა და ეს წუხილი დღესაც გრძელდება.
ბედნიერ მომავალზე მეოცნებე პატარძლებო! გახსოვდეთ, რომ თქვენს რჩეულს საყვარელი დედის სახით ერთი დანამატი მოჰყვება, რომელიც თქვენი ცხოვრების და გეგმების მუდმივი და უერთგულესი თანამგზავრი იქნება.
საყოველთაოდ აღიარებულია მეგრელი დედამთილების თავგანწირვა, რომლებსაც რძლებისთვის სიამოვნების მინიჭებაში ბადალი არ ჰყავთ. საქართველოს ამ კუთხეში კარგი დედამთილის სახელი რომ მოიპოვო, სხვა დანარჩენ მოთხოვნებთან ერთად, ერთ აუცილებელ პირობასაც უნდა ასრულებდე: ახალდაქორწინებულები მეორე სართულზე მდებარე ყველაზე კეთილმოწყობილ ოთახში უნდა დააბინავო და ყოველ სისხამ დილით ლანგარზე დადებული ცხელ-ცხელი ხაჭაპურებით და ქაფქაფა ყავით შეაკითხო. სხვა საკითხია, ლოგინში მონებივრე წყვილს საკუთარ საძინებელში ნებისმიერი, თუნდაც ძალიან ძვირფასი ადამიანის, დანახვა როგორ უხარია... ყველაზე საოცარი ის არის, რომ „რძლობის პერიოდში“ ყველა ქალს  დედამთილის ასეთი საქციელი ძალიანაც აღიზიანებს, მაგრამ როგორც კი თავად იღებს დედამთილის საპატიო სტატუსს, მის ცნობიერებაში „ხალხი რას იტყვის?“ პრინციპი იმარჯვებს და თვითონ გარბის ლანგარმომარჯვებული ვაჟიშვილის საწოლისკენ.
ბევრ ქართულ ტრადიციულ ოჯახში ახლად ფეხშედგმულმა რძალმა მადლიერება რომ გამოხატოს, ხალხში პირველად „გასვლისას“ (ხშირად მეორედ, მეათედ და მეასედაც - და ეს „გასვლები“ დაახლოებით წელიწადნახევრი გრძელდება), რძალმა დედამთილის ნაჩუქარი ტონანახევარი ოქროულობა უნდა აისხას და ბაზარში საყიდლებზე გასულსაც, თბილ ამინდშიც კი, ახალნაყიდი „ნორკის შუბა“ უნდა ეცვას.
ერთი ჩემი მეგობარი ერთ მეგრელ ქალს სარძლოდ მოეწონა. სადღაც უნახავს, გაუკითხ-გამოუკითხავს და შუამავლებიც აფრინა „ოღონდ ეგ ჩემი რძალი გახდეს, მეორე სართულზე დედოფალივით დავსვამ, მიწაზე ფეხს არ დავადგმევინებ და ყოველ საღამოს ფეხებს ჩემივე ხელით დავბანო“. ასეთი წინანადებით „მოხიბლული“ გოგონა იმ ოჯახს სათოფეზე აღარ გაჰკარებია და სამეზობლოსაც შორიდან უვლიდა. სხვათა შორის, ამ ამბის მერე თხუთმეტი წელი გავიდა და ჩემს მეგობარს მეტისმეტად მზრუნველი დედის მიზეზით დაწუნებული ბიჭი დღესაც თვალით არ უნახავს.
შეყვარებული წყვილების ცხოვრება ტკბილად იწყება, მაგრამ უფროსების კეთილი განზრახვებითა და სურვილებით,  ხშირად ჯოჯოხეთად იქცევა. ერთი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცალკე საცხოვრებლად რომ გადავიდა, დედამთილმა (სხვათა შორის, საკმაოდ ახალგაზრდამ) ბარგი ჩაალაგა, საკუთარი ქმარი დაუფიქრებლად მიატოვა და ახალგაზრდებს გაეკიდა. შვილის თხოვნაზე „ცოტა ხნით მაინც მარტო დაგვტოვეო“, გულაჩუყებული ტირილს იწყებდა „ხელს რაში გიშლითო“. არადა, საკმაოდ მძიმე ხასიათის პატრონია და შვილსა და რძალს ძალიანაც უშლის: გარდა იმისა, რომ მარტო დარჩენის საშუალებას არ აძლევს, მათ პირად ცხოვრებაშიც დაუზარლად და აქტიურად ერევა. ცხოვრობენ ასე ერთად და „ბედნიერად“...
ეს  სადედამთილოს თვალდადგმული სასურველი რძლების ბედია. ვაი, იმ უბედურს, რომელიც „შეძენილმა დედამ“ თავიდანვე აითვალწუნა. იწყება გაუთავებელი: „ჩემს შვილს მე უკეთესად ვურეცხავდი, პერანგები უფრო გაქათქათებული ეცვა; ნახევრად მშიერი დადის; პურის ამოტანასაც არ ვავალებდი და ახლა ბაზარში აგზავნიან; ცოლის ხელში სმა დაიწყო და ზნე წაუხდა“ და ა.შ. აი, ერთ-ერთი დედამთილის ცნობილი ფრაზა: „ჩემი შვილი ისეთი გაზრდილი მყავს, ჩაიში რამდენ შაქარს იყრის, ისიც არ იცის - მე ვუყრი, მე ვურევ და ისე მიმაქვს მისთვისო“ (წარმოიდგინეთ, რძალიც თუ ასეა გაზრდილი - მოკვდება წყვილი უშაქრო ჩაის ყლურწვით!).
ხშირად, რაც არ უნდა ყოველმხრივ კარგი რძალი ჰყავდეს, დედამთილი იშვიათად არის კმაყოფილი. ზოგს ტაქტი და ზრდილობა ჰყოფნის და დიდი-დიდი, ნაგროვები ბოღმა საკუთარ დაქალებს გაუზიაროს, რომლებსაც ასევე „უვარგისი“ რძლები უსხედან სახლში. ერთ ოჯახში, როგორც რძლის მეგობარი, ქმრის დაბადების დღეზე მოვხვდი. სტუმრები სუფრას ვუსხედით, გვერდით ოთახში კი დედამთილი ისვენებდა. იუბილარის სადღეგრძელო შეისვა, ვაქეთ და ვადიდეთ (მართლა კარგი ბიჭია), მისი ღირსებები დაუნანებლად ჩამოვთვალეთ და ბოლოს ისიც ვთქვით, რომ ცოლიც შესაფერისი შეხვდა. უცებ გვერდით ოთახიდან, ჩვენი ღრმა რწმენით ჩაძინებული დედამთილის რეპლიკა გაისმა: „არ გამოადგებოდა და ქე გამოცვლიდაო“.
ხანდახან რძალ-დედამთილობა აყალმაყალსა და ხელჩართულ ბრძოლაშიც გადადის და ამ დროს მტყუან-მართალის გარჩევაც შეუძლებელია. ანდა რა მნიშვნელობა აქვს, ჩხუბი ვინ დაიწყო ან რა ვერ გაიყვეს, როცა ორი ქალი ერთმანეთს ხელით დაერევა?! მოძალადე დედამთილებთან და მოჩხუბარ დედაკაცებთან დაკავშირებით, ერთი საარაკო ისტორია უნდა მოგიყვეთ: ჩვენს მეზობლად ერთი „ღონიერი“ და ენამწარე ქალი ცხოვრობდა. ერთხელ გვერდით სახლიდან შორეულმა ნაცნომა თხოვნით მიაკითხა: „ჩემი ნათესავი ქმარს შორდება. წამოსვლა უნდა, მაგრამ დედამთილი ბარგს არ ატანს და ცემით ემუქრება. შენი დახმარება გვინდა, წამოდი, გოგო დავიხსნათ, დედამთილს ერთად მოვერევითო“.
არ გეგონოთ, რომ რძლები არაფერს აშავებენ და ჩვენ მხოლოდ დედამთილებს ვერჩით. ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს და ამაზე სხვა დროს ვილაპარაკებთ.  დედამთილის აგრესიული ქცევა ხშირად სულაც არ არის უსაფუძვლო, უბრალოდ, აქ რძლისადმი დამოკიდებულების გამოხატვის ფორმები გავაქილიკეთ. დასასრულს, ერთ გამონათქვამს შეგახსენებთ, რომელშიც სიმართლის მარცვალი ნამდვილად დევს. ამბობენ, კაცი რომ ძილში საბანს გადაიხდის, ორი ქალი აფარებსო. დედა - შვილი არ გამიცივდეს, ცოლი - იატაკზე დაგდებული საბანი არ დაისვაროსო...

კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

სიდედრიადა

Approved by Natia Jinjolava


ჩემი ერთი შუახნის ნაცნობი, საკმაოდ ნიჭიერი და მრავლისმნახველი კაცი, რომელიც თავის პროფესიიდან გამომდინარე, სახლში მუშაობდა, სულ ამტკიცებდა, რომ ყბადაღებული მითი სიდედრების შესახებ გადაჭარბებულია: „აგერ უკვე ოცდაათი წელია, სიძე ვარ და სიდედრს ჩემთვის არაფერი უწყენინებიაო“. თუმცა რატომღაც ავიწყდებოდა, რომ სიდედრი ძალიან ბევრი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა და საკმაოდ იშვიათად ხვდებოდა (ალბათ საკუთარ ქორწილში, და მერე სულ ათიოდეჯერ სხვადასხვა ოჯახურ ღონიძიებებზე თუ ეყოლებოდა ნანახი). ერთხელაც ცოლმა გაახარა და, სიმამრის გარდაცვალების შემდეგ, მარტო დარჩენილი 85 წლის სიდედრი საცხოვრებლად თავისთან გადმოიყვანა. სანამ ოჯახის დანარჩენი წევრები სამსახურში იყვნენ, მოსიყვარულე სიძე-სიდედრი მთელ დღეს „სიამტკბილობაში“ ატარებდნენ. ამ იდილიამ ზუსტად ერთ თვეს გასტანა. ერთ დღეს სტუმრად მისულს, ჩემი ნაცნობი კარებში შემომეგება, გვერდზე გამიყვანა და საიდუმლოდ გამანდო: „სადაცაა გავგიჟდები! გარდა იმისა, რომ ჭკუიდან გადავყავარ, ჩემი სიდედრი, მგონი, სატანისტია, ჩაიში შაქარსაც კი უკუღმა ურევსო!“ და თვითონაც მრავატანჯული სიძეების რიცხვს შეუერთდა.
ერთხელ ჩვენთან სამსახურში მოწყობილ საახალწლო ზეიმზე ვიქტორინა გაიმართა და კითხვაზე „ვინ არის ყველაზე საშიში მხეცი“, მრავალცოლგამოცვლილმა და მრავალსიდედრნანახმა  გაიმარჯვა პასუხით „ჩემი სიდედრიო“ და ზეიმის მთავარი პრიზიც დაიმსახურა. ეტყობა, ამ ადამიანს სიდედრთან განსაკუთრებული გრძნობა აკავშირებს. ალბათ ბევრს გეხსომებათ, შარშან ზაფხულს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვემე საქარის ხელოვნურ ტბაში (რომელიც სინამდვილეში პატარა გუბეა და ზედ გადაბიჯებაც თავისუფლად შეიძლება) რაღაც უცხო მხეცი როგორ აღმოაჩინეს (აქვე გეტყვით, რომ ჩვენი სიდედრი სწორედ იქ ცხოვრობს). მოკლედ, ამ კაცის აგარაკზე ვზივართ და ტელევიზორში ახალ ამბებს ვუყურებთ: ერთად შეკრებილი საქარელი ქალები ჟივილ-ხივილით ყვებიან, იმერეთის ლოხნესში დამალულმა ურხულმა ზოგს ხბო, ზოგს ძაღლი და ზოგს თხა როგორ შეუჭამა. სიუჟეტს ყველანი დიდი ინტერესით და გაფაციცებით ვადევნებდით თვალს. კაცის საქარელი ცოლი ვერ ისვენებდა, სულ წრიალებდა, ეგებ სადმე დედაჩემს მოვკრა თვალიო. ბოლოს შეწუხებულმა წამოიძახა: „ყველა მეზობელი დავინახე, ნეტა დედაჩემი სადღაა?“ იქვე მჯდარმა, გაზეთში თავჩარგულმა ქმარმა თავი ასწია, სათვალის ქვეშიდან გამოგვხედა და აუღელვებლად გვამცნო: „მე ვიცი, სადაც არის - ტბაშია“.
ერთხელ იგივე კაცთან სიდედრს სტუმრობა გაუგრძელდა. იურისტმა სიძემ შვილებს უხმო, სიდედრთან ახლოს ჩამოსხა და ყველასთვის მოულოდნელად იურიდიული კაზუსების განხილვას შეუდგა. დაწვრილებით ხსნიდა, რა განსხვავება იყო განზრახ და უნებლიე მკვლელობას შორის. ყველა ჰიპოთეტური ისტორია ასე იწყებოდა: „გინდა მოკლა სიდედრი...“ მეორე დილას სიდედრმა გუდა-ნაბადი აიკრა და მშობლიურ საქარას დაუბრუნდა.
ამ კაცის მეგობარს ერთი კვირის განმავლობაში ჯერ სიმამრი და მერე სიდედრი გარდაეცვალა. ჩვენმა სიძემ დამწუხრებულ მეგობარს დაურეკა და ჰკითხა: „გეხვეწები გამიმხილე, რას აჭმევდი, ეგებ მეც მეშველოსო“. თან ძალიან განიცდიდა, „ჩემმა თანატოლებმა სიდედრების საფლავების ღობეები უკვე რამდენჯერმე გადაღებეს, მე კი არაფერი შემეხოო“. ბაზარში საყიდლებზე წასული, გამყიდველებს თავს აცოდებს, „ცოტა დამიკელით. არ გეცოდებით, ამხელა ხნის მოვიყარე და სიდედრი ჯერაც ცოცხალი მყავსო“. სიმამრი რომ გარდაეცვალა (სხვათა შორის, სიმამრს ძალიან დიდ პატივს სცემდა და გული ძალიანდასწყდა), სამძიმარზე ვერმისულებს აქეთ ანუგეშებდა, „არა უშავს, სიდედრი ჯერ ცოცხალი მყავს, მოსამძიმრებას კიდევ მოასწრებთო“.
ჩემი ბებია-ბაბუის კამათის ერთადერთი მიზეზი ბებიაჩემის დედის საარაკოდ ცნობილი სიძუნწე იყო. ბებია ამტკიცებდა, „ჩემი ქმარი იგონებს, მთლად მასეც არ იყოო“. ბაბუა კი ამბობდა: „კიდევ კარგი, ჩემს დროს მზითევში „ვეფხისტყაოსანს“ აღარ ატანდნენ, თორემ ჩემი სიდედრი ისეთი ძუნწი იყო, მთლიან წიგნს როგორ გაიმეტებდა?! განსაკუთრებით საინტერესო ადგილებს ამოხევდა და თავისთვის დაიტოვებდაო“.
ერთი სიდედრი ქალიშვილთან ცხოვრობდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის საძინებლიდან საწოლის ჭრიალის ხმას გაიგონებდა თუ არა, მაშინვე შვილს უხმობდა „ცუდად ვარ, წყალი მომიტანეო“. ერთ დღესაც თავმობეზრებულმა სიძემ სამაგიერო ასე გადაუხადა: სახლში ნასვამი მივიდა და მთელი ღამე საგანგებოდ აჭრიალა საწოლი. დილით ყველას ნასიამოვნები უყვებოდა: „როგორც იქნა, ჯავრი ვიყარე და წუხელ წყლის სმით გავჭყიპეო!“ აბა, რა იცოდა, რომ სულ მალე შურიძიების უკეთესი შანსი მიეცემოდა.
 აგარაკზე (მაღალმთიან და მიუვალ ადგილას) ერთად ისვენებდნენ. სიდედრი მსუბუქად გაცივდა და „არიქა, ვკვდები, სასწრაფოდ ექიმი მომიყვანეთო“. იმ სოფელში ასე უცებ ექიმის პოვნა შეუძლებელი იყო, და ეს სიდედრმა მშვენივრად იცოდა. უნრალოდ, სიძისთვის მისი უმაქნისობის დამტკიცების შემთხვევა მიეცა და ხელიდან როგორ გაუშვებდა?! კაცს ბევრი არ უძებნია, გაუმართლა და გვერდით სახლში ნაცნობ ვეტერინარს მიადგა: „გეხვეწები, ნუ გამყიდი, წნევა გაუზომე და ვალერიანი დაალევინეო“. ვეტერინარმა თავისი როლი კარგად შეასრულა, ექიმის დანახვაზე ხმაგაკმენდილი ქალი გულმოდგინედ გასინჯა და უკვე კარებში გასულმა, სიძეს დაუბარა: „დილამდე დაელოდეთ და, უკეთ თუ არ გახდა, ნუ იზარალებთ, დაკალითო“...
ერთხელ სტუმრად მისულ დედაჩემს ჩემმა სიძემ კარი ასეთი შეძახილით გაუღო: „დღეს დანა-ჩანგალი კი არა, ნაჯახი დამივარდა და მაშინვე მივხვდი, რომ სიდედრი მოვიდოდა!“

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი