სოკოს უჩვეულოდ მაღალი კიში

Approved by Mary Poppins


სოკოს კიში (პეროგი) თომას კელერის რეცეპტით
(www.foodandwine.com)
1 ს/კ ზეთი, 500 გრ ხორციანი სოკო მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი, 500 გრ თეთრი სოკო  თხლად დაჭრილი, მარილი და ახალდაფქული პილპილი, 1 ს/კ კარაქი, 2 პატარა თავი ხახვი უწვრილესად დაჭრილი, 1 ს/კ ქონდარას (thyme) ფოთლები დაჭრილი, ¾ ჭ ყველი ემენტალი გახეხილი, 2 ჭ რძე, 2ჭ ცხიმიანი ნაღები, 6 მსხვილი კვერცხი გათქვეფილი, ახალგახეხილი ჯავზის კაკალი (მუსკატი)
ცომისთვის: 2 ჭ ფქვილი, 1 ჩ/კ მარილი, 200 გრ კუბიკებად დაჭრილი კარაქი, ¼ ჭ ძალიან ცივი წყალი, ცოტაოდენი ზეთი

მიქსერის ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ 1ჭ ფქვილი და მარილი. მაქსიმალურად დაბალ სიჩქარეზე გადავურიოთ კარაქის კუბიკები პორცია–პორციად. კარაქი ფქვილში კარგად რომ აირევა, მოვუმატოთ მიქსერის სიჩქარეს საშუალომდე და ცოტა ხანი ვთქვიფოთ. მერე სიჩქარე ისევ დავუწიოთ და დავუმატოთ დარჩენილი 1 ჭ ფქვილი. ჩავაზილოთ წყალიც. მზა ცომი გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 1 საათით (სასურველია მთელი ღამით).  23 სმ დიამეტრის გასახსნელ ტორტის ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ფორმის კედლებს და ქაღალდს წავუსვათ ზეთი. ცომს მოვაყაროთ ფქვილი და გავაბრტყელოთ 1 სმ–ს სისქეზე. ცომი საბრტყელებლის მეშვეობიოთ ფრთხილად გადავიტანოთ ფორმაში და ამოვაფინოთ. ცომს მსუბუქად დავაწვეთ და მივაპრისოთ ფორმის ფსკერს და კედლებს. შევდგათ მაცივარში 20 წუთით. (ასეთი ცომი გაყინული 1 თვის განმავლობაში ინახება)
გავახუროთ ღუმელი 160°C–მდე.
დიდი ზომის ტაფაზე გავახუროთ ზეთი. დავყაროთ სოკო და მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მაღალ ცეცხლზე ვთუშოთ დაახლოებით 5 წუთი. თან ვურიოთ. დავუწიოთ ცეცხლი საშუალომდე. დავუმატოთ კარაქი, ხახვი და ქონდარა. ვთუშოთ სანამ სოკო არ დარბილდება, დაახლოებით 12 წუთი. გავსინჯოთ და საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ მარილი და პილპილი. გავაგრილოთ. მაცივრიდან გამოვიღოთ ცომამოფენილი საცხობი ფორმა და ფსკერზე ჩავყაროთ ერთმანეთში გადარეული სოკოს ნახევარი და ¼ ჭ გახეხილი ყველი ემენტალი. ბლენდერში 1 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ 3 კვერცხი, 1ჭ რზე, 1 ჭ ნაღები, 1 ½ ს/კ მარილი, 1/8 ჩ/კ პილპილი და მწიკვი ჯავზის კაკალი. მიღებული მასა დავასხათ საცხობ ფორმაში მოთავსებულ სოკოს და ყველს. ზემოდან მოვათავსოთ დარჩენილი სოკოსა და ¼ ჭ ყველის მეორე ფენა. ბლენდერში 1 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ დარჩენილი 3 კვერცხი, 1ჭ რზე, 1 ჭ ნაღები, 1 ½ ც/კ მარილი, 1/8 ჩ/კ პილპილი და მწიკვი ჯავზის კაკალი. ესეც დავასხათ სოკოს და ყველის ფენას. ზემოდან დარჩენილი ¼ ჭ ყველი მოვაყაროთ.
შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 1 ½ საათი. სანამ ზემოდან არ შეყავისფრდება, შიგთავსი შესქელდება და შეიკვრება (შიგთავსი გვერდებში უფრო მკვრივი უნდა იყოს, ცენტრში კი თითს რომ დააჭერთ მსუბუქად უნდა თახთახებდეს). შევაგრილოთ საცხობ ფორმაშივე.
გაგრილებულ კიშს საცხობი ფორმის კიდესთან გადმოსული ცომი ბასრი დანით შემოვაჭრათ და ფრთხილად შემოვახსნათ ფორმის კედლები. მოვირთვათ ჯერ კიდევ თბილი.
კიშის ჭამას გამზადებისთანავე თუ არ აპირებთ, ჯერ გააგრილეთ ბოლომდე და მერე ამოიღეთ ფორმიდან. შეინახეთ მაცივარში. ჭამის წინ დაჭერით ნაჭრებად და უკვე დაჭრილი დაალაგეთ საცხობ ფირფიტაზე და შეაცხელეთ 175°C–მდე გახურებულ ღუმელში.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment