Quiche Lorraine - ლოტარინგიული კიში ჯეიმი ოლივერისაგან

Approved by Gourmet Guide

მოგეხსენებათ, ყველიერია და ამ უმშვენიერეს ყველის დაბრაწულას (თუ ღვეზელს), გვერდს ვერ ავუვლიდი. აბა, რა სავალდებულოა, მარტო ხაჭაპური ვჭამოთ? ჩვენმა მოგზაურმა და  ბევრის თავისი თვალითმნახველ- და საკუთარი პირითმჭამელმა დეიდა პოლიმ შემისწორა, მაგას ლოტარინგიული კი არა, ელზასური კიში ქვია და სტრასბურგში აკეთებენო. გეთანხმები, ჩემო კარგო, მაგრამ ამჟამად მე კი არა, ჯეიმი ოლივერი აცხობს და მოდი, როგორც იმ კაცს უნდა, ჩვენც ისე მოვიხსენიოთ.
კიში ძალიან ადვილი გამოსაცხობია და ვისაც, როგორც ჩვეთან ვეძახით ე.წ. "შვეიცარიული ყველი" (ანუ ნებისმიერი ევროპული)  გიყვართ, აუცილებლად გამოაცხვეთ. ძააააალიან გემრიელია! აი, ჩემი ძმასავით ხაჭაპურიდან ყველს თუ ყრით და მარტო ცომს მიირთმევთ, მაშინ ეს რეცეპტი დაივიწყეთ, ნამდვილად არ მოგეწონებათ!



გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ყველის შვიდეული და მიტევების კვირადღე

Approved by Gourmet Guide

ყველიერის დადგომას ყოველთვის მოუთმენლად ველოდები. ჩემთვის ეს დღესასწაული (თუ, არ ვიცი რა დავარქვა) ძალიან კარგ ტრადიციებთან და მოგონებებთანაა დაკავშირებული. ჯერ ერთი, მთელი შვიდი დღე გრძელდება და რამდენიმე შეკრება-ღონისძიების ჩატარების საშუალებას იძლევა, რაც თავისთავად ძალიან სასიამოვნოა.  მეორეც, ეს ის შემთხვევაა, როცა მე სხვის გამზადებულ-მორთმეულს გეახლებით და სტუმრის როლში გამოვდივარ, რაც ასევე ძალიან მიყვარს და ნიჭიერადაც გამომდის. საქმე იმაშია, რომ ჩვენს იუფემია ენდრიუსს არაჩვეულებრივი ბლინების ცხობა ეხერხება და ყოველ წელს გვანებივრებს. ხან ფუმფულა საფუარიანი ცომით გვიცხობს, ხანაც მაქმანივით მოქარგულ რძიანებს, ხანაც წიწიბურას ფქვილით, ხანაც „დანამატით“ (ცომაში დამატებული გახეხილი ვაშლით, ქიშმიშით, კურაგით, ან რაიმე არატკბილით: მაგ. სოკო, ყველი ან ფარში). ბლინები კი ყველას ძალიან გვიყვარს, მერე ვსხდებით და მივირთმევთ კლასიკურს - არაჟნითა და ჟოლოს კონფიტიურით, ან სულაც ბლინის ტორტებს და რულეტებს ვაწყობთ. მოკლედ, კარგად ვერთობით და მანამდე რამდენიმე დღე შიმშილობის წყალობით სიმწრით დაკლებულ გრამებს (ხანდახან კილოგრამსაც) რამდენიმე საათში უკან ყოველგვარი შრომისა და გარჯის გარეშე ვიბრუნებთ. ბლინები ასე თუ გიყვართ, სხვა დროს მის გამოცხობაში ხელს რა გიშლითო, მკითხავთ. არც არაფერი, საკუთარი სიზარმაცის და მოუცლელობის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა არაფერი,  ნამდვილი ბლინების ცხობა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ტაფაზე დაასხი, გადააბრუნე, გადმოიღე, კარაქი წაუსვი, დაასხი, გადააბრუნე... და ასე, გაუთავებლად. თან რამდენი და რა მალე იჭმევა?! აი, მარტივად გამოსაცხობ ბრაწულა მაჭკატებს (იგივე „ალადიკებს“) კი საკმაოდ ხშირად მივირთმევ.
თავად ყველიერის აღნიშვნის წესი ქრისტიანობაში წარმართობიდან გადმოიპარა, რელიგიის მოთხოვნებს საკმაოდ ჰარმონიულად მოერგო და მყარად დამკვირდა კიდეც. მისი აღნიშვნის ტრადიცია ოდითგანვე ზამთრის გაცილებისა და გაზაფხულის შეგებების ცერემონიას უკავშირდებოდა. დასახელებაც კი ქრისტიანობასთანაა დაკავშირებული - ყველიერი აღდგომის დიდმარხვის დაწყებას ერთი კვირით უსწრებს და ამ დროს რძის პროდუქტებისა და თევზის ხსნილია დაშვებული. მართლმადიდებლობაში ყველის შვიდეული ახლობლებთან შერიგების, წყენის დავიწყების, მიტევებისა და დიდმარხვისათვის მზადების პერიოდად ითვლება. მთელი კვირა შინაურებთან და მეგობრებთან ურთიერთობასა და სიკეთის ქმნაში უნდა გაატაროთ.
ყველიერი, თავისთავად, მხიარული დღესასწაულია. ზამთარს ონავრობითა და საყოველთაო მხიარულებით ემშვიდობებიან და გაზაფხულის სითბოსა და მზეს ეგებებიან. საქართველოსგან განსხვავებით, მას ბევრგან დღესაც დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ. ევროპული „მარდი გრას“ დროს (იქაური ყველიერი) ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად, ქალაქ ახალ ორლენასა და ეკვადორზე (რა საინტერესო გეოგრაფიაა, არა?) რამდენიმედღიანი, დიდი და ხმაურიანი კოსტუმირებული კარნავალი იმართება.
სხვათა შორის, ოდესღაც  სხვადასხვა თამაშობებსა და „ბერიკაობას“ საქართველოშიც მართავდნენ. მაგალითად, თუშეთში „ბერიკაცობა“ (არ შემშლია, „ბერიკაობა“ სხვა რამეა) და „ქალთგორობა“ ეწყობოდა. „ბერიკაცობაში“ მონაწილეობის მისაღებად მთელი სოფელი ემზადებოდა. რომელიმე სახლში სამი მამაკაცი სპეციალურ კოსტუმებში ეწყობოდა, ერთი ბერიკა ბამბის წვერ-ულვაშით დამშვენებულ ქეჩის ნიღაბს იკეთებდა, ორი კი ქალის კაბას იცვამდა და „ბერიკას“ დედასა და ცოლს ასახიერებდა. და ასე მორთულ-მოკაზმულები თანასოფლელებით გადავსებული  მდელოსკენ მიემართებოდნენ. ხის ხმლით საგანგებოდ შეიარაღებული „ბერიკა“ თანასოფლელებს საცეკვაოდ იწვევდა და, ვინც არ გამოეცეკვებოდა, სწორედ ამ ხმლით სცემდა. ამასობაში, ახალგაზრდები ბერიკას ცოლს მალავდნენ და ატყუებდნენ, მოკვდაო. ბერიკა ტირილს იწყებდა და თავში ხელების ცემით ცოლს დაეძებდა. მისი საცოდაობის ყურებით გულს რომ იჯერებდნენ, მერე აყვირდებოდნენ: „შენი ცოლი ცოცხალია“. ამ დროს „ქალიც“ გამოჩნდებოდა და განრისხებული ბერიკა მატყუარებს ხის ხმლით გამოენთებოდა. ხმალი ვისაც მოხვდებოდა, სახლში მიდიოდა და პურმარილიც მოჰქონდა. საღამოს მთელი სოფელი ერთად ქეიფობდა.
„ქალთგორობისას“ მთელი სოფელი დილიდან ვინმეს სახლში იკრიბებოდა და ოჯახის უხუცესი წევრისთვის ქადები (კვლავაც მზის სიმბოლო) მიჰქონდათ. უხუცესი ქადას ჭრიდა და გარდაცვლილებს ახსენებდა. შემდეგ, სახით აღმოსავლეთისკენ დგებოდა და ხორბლის მარცვალს სამჯერ მიმოაფრქვევდა და თან ხვავისთვის და ბარაქისთვის სპეციალურ სარიტუალო სიტყვებს წარმოსთქვამდა. ამის მერე დამსწრე კაცებს თითო-თითო პეშვ ხორბალს ურიგებდა და  შუადღიდან ცეკვა-თამაში და გართობა იწყებოდა. ახალგაზრდები ერთმანეთს მურით მჭვარტლავდნენ. ამოგანგლულები დასაბანად მდინარეზე მიდიოდნენ და დიდხანს და მხიარულად ჭყუმპალაობდნენ. დაბანილები მიწაზე ხისგან გამოთლილ რგოლს აგდებდნენ და ირგვლივ სხდებოდნენ. ზურგსუკან ხელებშემოლაგებულები, რგოლის აღებას კბილებით რიგ-რიგობით ცდილობდნენ. ვინც ვერ აიღებდა, იმ დღის პურმარილიც მასზე იყო.
გართობის გარდა, რასაკვირველია, რომ ბევრ ხაჭაპურსაც აცხობდნენ, რომელიც თავისი ფორმითა და დაბრაწული ოქროსფრით, სწორედ ციურ მნათობს, ანუ მზეს ასახიერებდა და ეს ტრადიციაც  მზის თაყვანისცემასთან იყო დაკავშირებული. ხაჭაპური მზეს ემსგავსება თუ მთვარეს, ანდა სულაც სატურნს, პირადად ჩემთვის სულერთია - მას წელიწადის 365 დღე სიამოვნებით მივირთმევ.  ამიტომაც,  ყველიერს რუსული ტრადიციის თანახმად, უფრო მონატრებული და არაყოველდღიური ბლინებით (კვლავაც მზის სიმბოლო) აღვნიშნავ. თუმცა ხაჭაპურზეც არ ვამბობ უარს.  
უძველეს გადმოცემებს თუ დავუჯერებთ, ვინც ყველიერს მოწყენილი და ბოღმიანი გაატარებს, მთელი წელიც ასეთივე ექნება. ასე რომ, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად თქვენც ჩემსავით იმხიარულეთ, ყველა ჯიშისა და ფორმის ხაჭაპური, ბლინი, ქადა, კვერი და თუნდაც ლობიანი და კუბდარი მიირთვით და დატკბით ცივი და მოწყენილი ზამთრის შემდეგ ჯერ კიდევ ძუნწად შემოპარული მზის სხივებით.
ჩვენთან  როგორ იყო, ნამდვილად არ ვიცი და, რუსეთში ყველიერის ყოველ დღეს თავისი სახელი და დანიშნულება აქვს, რაც იმდენად მომეწონა, რომ არ გაგიზიაროთ, არ შემიძლია:
ორშაბათი - „შეხვედრა“ - დედამთილ-მამამთილი რძალს დილიდანვე გოგოს მშობლების სახლში ამწესებს. საღამოს კი მძახლებთან თვითონაც მიდიან სტუმრად. საერთო წვეულებას გეგმავენ და სტუმრების სიასაც ადგენენ. ორშაბათსვე იწყება სახალხო სეირნობა, თამაშები, იმართება კარუსელები, საქანელები და სახელდახელო სცენები ქუჩის სპექტაკლისთვის. ბლინების ცხობასაც ამ დღეს იწყებენ. პირველ ბლინებს აუცილებლად ღარიბ-ღატაკებს ურიგებენ.
სამშაბათი - „თამაშობები“ - ამ დღეს საპატარძლოს გადასანახულებლად დადიან (ყველიერის თითქმის ყველა ცერემონია, სწორედ მაჭანკლობას უკავშირდება. რაც ლოგიკურიცაა - ყველიერზე დაინიშნებიან, დიდმარხვის შემდეგ კი, გაზაფხულზე დაქორწინდებიან).
ოთხაშაბათი - „სასუსნავები“ - სიდედრთან სიძე მიდის სტუმრად და მოყვრებთან დიდი ლხინი იმართება.
ხუთშაბათი - „ლხინი და დროსტარება“ - მთავარი მხიარულება ამ დღიდან იწყება. იმართებოდა თამაშები, მარულა, ჭიდაობა და ყოველი შეჯიბრის შემდეგ, რასაკვირველია, ნადიმი.
პარასკევი - „სიდედრის წვეულება“ - ამჯერად სიძეები მასპინძლობენ სიდედრებს.
შაბათი - „რძალ-მულის შეხვედრები“ - ახალი რძლები სახლში მულებს ეპატიჟებიან და საჩუქარსაც ახვედრებენ.
კვირა - „გაცილება“ - ყველიერის ბოლო დღეს ტაძრებში წინამძღვრები მიტევების ლოცვას აღავლენენ. მრევლი ერთმანეთს თავის დაკვრით პატიებას სთხოვს და პასუხად, „უფალი გაპატიებს“ ღებულობს. ამ დღეს ამბორის და მიტევების დღესაც ეძახიან. წირვის მერე აბანოში მიდიან, მთელი კვირის ღრეობის შემდეგ მორჩენილ საჭმელს ყრიან, ჭურჭელს განსაკუთრებული მონდომებით რეცხავენ და მომავალი დიდმარხვისთვის ემზადებიან. საღამოსკენ, დღესასწაულის დამთავრების და გაზაფხულის დადგომის ნიშნად, ზამთრის ფიტულს (რომელსაც, როგორც წესი, მოხუცი ქალის სახე აქვს) საზეიმოდ წვავენ და გარდაცვლილების მოხსენიებლად კვერცხებს, ბლინებს და კვერებს მოგიზგიზე კოცონში ყრიან. დამწვარი „ზამთრის“  ფერფლს კი მიწის ნაყოფიერებისთვის მინდვრად ფანტავენ.
უჰ, ჭიაკოკონობაც ძალიან მიყვარს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

პასუხი მკითხველის შეკითხვაზე:

Approved by Gourmet Guide

ძვირფასო გოგა,
ფილოდენდრონი
თქვენ გაინტერესებდათ ოფისისთვის რომელი ფოთლოვანი ყვავილები გამოდგება.
იმის გათვალისწინებით, რომ ოფისში გასახარებელი ყვავილი გამძლეობით უნდა გამოირჩეოდეს და თანაც თბილისშიც იშოვებოდეს, რამდენიმე სხვადასხვა ზომისა და ფაქტურის ვარიანტს გირჩევთ:
დიფენბახია
მოვლის სიმარტივიდან გამომდინარე დიფენბახია - რაციონში ზედმეტი არაფერი უყვარს. თუმცა შეგიძლიათ კირიანი წყლით (კირს წყალი დაასხით, რამდენიმე დღე გაჩერეთ, გადაწურეთ და ნაწური წყლით მორწეთ ყვავილი) ან ყავის ნალექით გაანებივროთ. ის ხომ მჟავე ნიადაგის მოყვარულია. ზამთარში, როცა გათბობა ჩართულია, დაუნამეთ ფოთლები (შეძლებისდაგვარად). შემდეგ წელს გრუნტის გამოცვლას თუ დააპირებთ ტორფი არ დაგენანოთ.  უფრო ადვილი კი  სპეციალური პაკეტირებული გრუნტის ყიდვა იქნებოდა მაღალი მჟავიანობის შემცველობით. (ჰიპერმარკეტებში გამოჩნდება ხოლმე). დიფენბახიის ნაისახეობებიდან  ამ სეზონში ჩვენს მაღაზიებს „მოდაში“ რომელი  ეყოლებათ, ნამდვილად არ ვიცი.
ოთახის ბამბუკი
ოთახის ბამბუკი - ნამდვილ ბამბუკთან არაფერი საერთო  აქვს, დრაცენაა სინამდვილეში. ორჯერ ფართე ქოთანი ესაჭიროება, ვიდრე თვითონაა, არ უყვარს ორპირი.

აგლაონემა - გადასარევი რამეა, თბილისში თუ არის - საკითხავი აი ეს არის.
პეპერომია
 პეპერომია - აქვს უამრავი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული სახეობა. კარგად ექვემდებარება ფორმირებას, როგორც სიმაღლეში, ასევე სიფართეში. ანუ რა ფორმასაც გინდა იმას მისცემ.

 ფილოდენდრონი -ხანდახან საკმაოდ დიდ ზომებსაც აღწევს.
საგოს პალმა
 საგოს პალმა  - ძალიან ლამაზი ფოთოლი აქვს და ვენეციის პალმის რტოს პროტოტიპია. მასაც „მჟავე“, ანუ ყავის ნალექით განოყიერებული ნიადაგი უყვარს.


აგლაონემა


საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

ქალის ჩანთები

Approved by Efigenia Doubtfire

ქალის ჩანთის ისტორია მამაკაცის ჯიბიდან იწყება. მე-15 საუკუნეში მამაკაცები ოქროს მონეტებს ტომრით დაატარებდნენ, რომელიც ქამარზე ქონდათ მიკრული, ხოლო ქალები თასმებით იმაგრებდნენ მას. მე-16 საუკუნეში მამაკაცებმა გაითავისუფლეს ხელები და გადავიდნენ ჯიბეზე. პირველი ჯიბე ლუდოვიკო მეთოთხმეტემ შექმნა. მოგვიანებით ისინი ჟილეტებს მიაკერეს და ბოლოს გამოჩნდა შარვალშიც. ქალებისთვის შეიქმნა პატარა ხელის ტომრის ჩანთები, რომელიც სხვადასხვა მოსართავებით იყო მორთული. მას რედიკულს უწოდებდნენ. მე-18 საუკუნეში ქსოვილისგან შეკერილი ქალის ჩანთები გამოჩნდა, რომელიც ძირითადად ხავერდის იყო და მხოლოდ კოსმეტიკას იტევდა. მას საფრანგეთის მეფის საპატივსაცემოდ პომპადურს ეძახდნენ.
ქალის პატარა ტყავის ჩანთები მე-20 საუკუნეში გამოჩნდა. ამავე დროს ჩანთების მეორე დიდი ისტორია დაიწყო. კლასიკური ჩანთები გეომეტრიული ფორმის იყო, რომელიც დღესაც მოდაშია. ჩანთა  ყოველთვის ქალის გარდერობის მთავარ აქსესუარს წარმოადგენდა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დიდ ბრიტანეთში 4 ოქტომბერს ჩანთის დღეს აღნიშნავენ. ჩვენს დროში ჩანთა როგორც მოდური, ასევე საჭირო ნივთიცაა. ჩანთები ძალიან ბევრი სახის არსებობს. ყველა სტილის ჩანთა მოდაშია რომელსაც თქვენ და თქვენი ჩაცმის სტილი მოიხდენს. არსებობს ძალიან ზვირფასი, ზომიერად ძვირფასი და ფართო მასისთვის ხელმისაწვდომი ჩანთები. გთავაზობთ რამოდენიმე ვარიანტს.

ეს ჩანთა Chanel -ის მარკისააა, მისი სახელია Chanel Diamond Forever Classic Bag და ღირს 261 000 $. იგი ალიგატორის ტყავისაგანაა შეკერილი და მისი ლოგოს - ორი C - შესაქმნელად 3.56 კარატიანი 334 ბრილიანტია გამოყენებული. ამ ხელჩანთის შარმი აქ არ მთავრდება და სახელურებზე 18 კარატიანი თეთრი ოქრო დაყვება. მხოლოდ 13 ასეთი ჩანთა შეიქმნა, რათა ყველაზე ძვირი გემოვნების მქონე კლიენტების მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ... :) Chanel Diamond Forever Classic Bag ყველაზე ძვირადღირებული ჩანთაა მსოფლიოში.

ზომიერად ძვირფასი ჩანთების კატეგორიას განეკუთვნება Louis Vuitton-ის ჩანთები, რომლებიც „სულ მცირე“ 500-2000 ევრო ღირს. Louis Vuitton-ის კოლექციაში ორიგინალური კომბინაციის ჩანთებია წარმოდგენილი. შემოდგომა-ზამთრის მიმდინარე და 2011 წლის კოლექციის მიხედვით ახალი ტენდენცია გამოიკვეთა, მოდაში ჩანთის ხელით ტარებაა მისი ზომისდა მიუხედავად. გამოგიტყდებით ასეთი სტილის ჩანთები ძალიან მიყვარს .
იტალიის ერთ-ერთ მყუდრო ქალაქში 1925 წელს, ახალდაქორწინებულებმა ედუარდო და ადელ ფენდიმ ჩანთების და ტყავსაგალანტერიო პატარა მაღაზია გახსნეს. თავიდან ფირმა უშვებდა ტყავის ჩანთებს და საზაფხულო ჩანთებს, მაგრამ შემდეგ ლიდერები გახდნენ ბეწვეულის წარმოებაში. საქონელს ქმნიდნენ ხელით, პატარა ლაბორატორიაში რომელიც იქვე მაღაზიასთან ახლოს მდებარეობდა. საქონლის ხარისხმა უმალვე მოუტანა კომერციული წარმატება ახალგაზრდა წყვილს.

არ შემიძლია არ შევეხო ორიგინალური დიზაინის ჩანთებს, რომელთაც ხან ქათმის, ხან ლოკოკინას და ხან კიდევ მაგნიტოფონის ფორმა აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი ჩანთებით ხელდამშვენებული ქალიც ბევრი მინახავს. ასეთი სტილის ჩანთა მისი პატრონის ორიგინალობაზე მეტყველებს.

არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა ჩემს საყვარელ ბრენდ FURLA- ზე. პირადად მე FURLA- ს მაღაზიაში ყოველთვის იმას ვპოულობ რაც მინდა. ბრენდი შექმნილია 1927 წელს. მისი უპიერატესობა სხვა ბრენდებთან შედარებით არის ის რომ, თვითონ ამუშავებს ტყავს და ქმნის მოდელებს.

მთელს მსოფლიოში არის FUR-LA-ს 740 მაღაზია. შექმნილია სხვადასხვა სტილის და გემოვნების მომხმარებლისთვის! საქართველოში კი FURLA- ს მაღაზია პეკინზე მდებარეობს.
დევიდ ჯონსი აწარმოებს როგორც ტყავის, ასევე სინთეტიური ტყავის და ნაჭრის ჩანთებს.

დევიდ ჯონსის მომხმარებელს გააჩნია დიდი არჩევანის საშუალება, ვინაიდან კომპანია ერთ სეზონზე აწარმოებს 400 მოდელზე მეტს. გარდა ამისა თითოეულ მოდელს გააჩნია 4-5 ფერი. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ყველაზე მოდური ჩანთები კლასიკურიდან -ელეგანტურამდე. კომპანიას აქვს ფილიალები 30-ზე მეტ ქვეყანაში. დევიდ ჯონსის ჩანთაც ისევ და ისევ პეკინზე შეგიძლიათ შეიძინოთ.



და ბოლოს, HERMES, რომელიც ჩემი აზრით ლიდერია ჩანთების წარმოებაში. Hermes-ცნობილი ფრანგული ბრენდია და განსაკუთრებით პოპულარულია ე.წ. "სელებრით" ქალბატონებში.



კეთილი სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუთფაიერი

თავდავიწყება ვენეციურად, ანუ Carnevale di Venezia

Approved by Gourmet Guide


ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ დღეს, როცა ზამთარს ოფიციალურად უნდა დავემშვიდობოთ, თანაც მთელი წლით და, რომ არ გავანაწყენოთ, თბილად და მხიარულადაც უნდა გავაცილოთ. ხალისიან გაცილებაზე უკეთესი კი რა უნდა იყოს? რა თქმა უნდა, კარნავალი! დიახ, დღეს სწორედ ეს ხმაურიანი, მრავალფერ- და მრავალსახოვანი ტრადიცია უნდა გაგახსენოთ, რომელიც ბევრ ქვეყანაში (ზოგან დიდი ზარ-ზეიმით და ზოგან უფრო მოკრძალებულად) აღინიშნება. კარნავალებიდან ყველაზე „კარნავალური“ კი ვენეციურია (ამას ის თავისებური „სცენაც“ უწყობს ხელს, სადაც ყოველი თებერვლის მიწურულს ეს დაუვიწყარი სანახაობა იმართება).

საყოველთაოდ გავრცელებული აზრით, „კარნავალის“ მნიშვნელობა ლათინურიდან მომდინარეობს და  „მშვიდობით, ხორცეულო!“-ს ნიშნავს. ამ სიტყვის განმარტების სხვა ვარიანტებიც არსებობს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, დღევანდელი ევროპული კარნავალების ტრადიცია სწორედ დიდი მარხვის წინა დღეებს უკავშირდება, როცა წინ „მუცელზე ქამრის მოჭერის“ და თავშეკავებულობის რამდენიმე კვირაა.
ვენეციური კარნავალის სათავეები ძველ რომაულ სატურნალიებში უნდა ვეძიოთ (იხ. შარშანდელი 12 დეკემბრის სტატია „აი, სატურნალიებიც დგება“). ძველრომაული „წარმოშობისაა“ საკარნავალო ნიღბებიც: სატურნალიების დროს მონებს ბატონებთან ერთად ჭამა-სმის ნება ეძლეოდათ, მაგრამ მათ ეს დროებითი „თანასწორობა“ თავში რომ არ ავარდნოდათ, ხოლო დიდგვაროვნებს ქეიფისას გვერდით საკუთარი მსახურის დანახვაზე მადა რომ არ დაკარგვოდათ, ყველანი იერ-სახეს (და მასთან ერთად, წარმომავლობასაც) ნიღბის ქვეშ მალავდნენ.

ვენეციური კარნავალი პირველად მე-11 საუკუნის დოკუმენტში მოიხსენიება, 1296 წელს ვენეციის რესპუბლიკის სენატი დიდმარხვის დაწყების წინა დღეს ოფიციალურ უქმედ აცხადებს. ამის შემდეგ კარნავალი ნელ-ნელა „იზრდება“ – მეთვრამეტე საუკუნეში ის ოქტომბერში იწყებოდა და დიდმარხვის დაწყებასთან მთავრდებოდა, ჩვენს დროს კი სულ რაღაც ათიოდე დღეს გრძელდება, თუმცა წელიწადის დანარჩენი დრო მისთვის მზადება და მისი მოლოდინია - ის ხომ სრული თავისუფლების ერთი ციცქნა პერიოდია, როდესაც ყველაფერი ნებადართულია!
ვენეციურ კარნავალს მძიმე პერიოდებიც ახსოვს, აი, მაგალითად: ნიღბებმა ისეთი პოპულარობა მოიპოვეს, რომ წელიწადის სხვა დროსაც  „ფართოდ გამოიყენებოდნენ“ (უზნეობის და უწესობის დასამალად!), ამიტომ 1608 წელს „სერენისიმას“ შეშფოთებულმა მმართველობამ ნიღბების ტარება სულაც აკრძალა. კანონის ურჩ დამრღვევებს ჯარიმა და ორწლიანი პატიმრობა (მამაკაცებს), ან მოედანზე გაროზგვა (ქალებს) ელოდა.

კარნავალი უძველესი ადგილობრივი დღესასწაულით (Feste delle Marie) იწყება, რომელიც 943 წელს მომხდარ ისტორიულ ფაქტს ეძღვნება - ვენეციელ ქალწულთა გათავისუფლებას მეკობრეთა ტყვეობიდან. კარნავალის დღეების განმავლობაში ქალაქის ცენტრში, პიაცა სან მარკოზე (ჩვენებურად, წმ. მარკოზის მოედანზე), პიაცეტასა თუ სხვა ადგილებში (სადაც ხმელეთი ამის საშუალებას იძლევა) იმართება კომედია დელ არტეს სპექტაკლები, აკრობატებისა და ჯამბაზების წარმოდგენები, კოსტუმირებული მეჯლისები, ფეიერვერკები, მსვლელობები და რაღა თქმა უნდა, კარნავალის მთავარი სანახაობა „ანგელოზის გაფრენა“, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: მე-16 საუკუნეში, ერთმა მამაცმა და თავზეხელაღებულმა აკრობატმა (გადმოცემით, თურქი გახლდათ) ვენეციის დოჟს თავისებური პატივი სცა - პიაცეტას კიდეზე დაბმული ნავიდან სან მარკოს სამრეკლომდე თოკი გააბა და ზედ გაიარა. თავიდან ამ სანახაობას „თურქის გადაფრენა“ შეარქვეს, რომელიც მერე „მორჯულდა“ და „ანგელოზის ფრენად“ გადაიქცა. ორი საუკუნის შემდეგ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის მერე, რიტუალმა სახეც იცვალა და მარშრუტიც: თოკზე მოსიარულე ადამიანი ხის მტრედმა ჩაანაცვლა, რომელსაც სამრეკლოდან ყვავილებისა და ქაღალდის ფერადი ნაკუწების თანხლებით უშვებდნენ (21-ე საუკუნის დადგომასთან ერთად, ჯიუტმა ვენეციელებმა ძველი ტრადიცია, ანუ რიტუალში აკრობატის მონაწილეობა, აღადგინეს).

კარნავალის თემატიკაც და პერსონაჟები ქალაქის ისტორიამ განაპირობა - ვენეციაში, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მჭიდრო სავაჭრო კავშირი ჰქონდა აღმოსავლეთთან, არაბებიც ირეოდნენ, თურქებიც და აფრიკელებიც. ყველაზე ცნობილმა ვენეციელმა, მარკო პოლომ ჩინეთში ოცდახუთწლიანი მოგზაურობიდან იქაური გავლენა ჩამოიტანა. ამ სიჭრელეს დაუმატეთ კარნავალის „სცენა და კულისები“ - ქალაქი თავისი უნიკალური ადგილმდებარეობითა და არქიტექტურით; მუსიკალური ფონი - ლაგუნის შრიალი და არხებიდან ქარის მოტანილი გონდოლიერების მელოდიური სიმღერა; მთავარი გმირები - „სერენისიმას“ ჭეშმარიტი კოლორიტი, კომედია დელ არტეს გმირები დიდცხვირა ნიღბებით (არლეკინო, პულჩინელა, ტარტალია, კოლომბინა, ბრიგელა); საყოველთაო მხიარულებით და ადგილობრივი ტკბილეულის სურნელით გაჯერებული ჰაერი...

კეთილი სურვილებით, თქვენი ლურჯი მუხლუხო

P.S. ერთია, უხვი ტურისტები კი გიშლიან ხელს ამ საოცრებით ტკბობაში...

მდედრობითი სქესის სირაქლემები

Approved by Gourmet Guide

კაცებზე და მათი მხრიდან პრობლემების „არსიყვარულზე“ მეც ჩავფიქრდი. ნორმალურ ადამიანს (გინდა ქალს და გინდა კაცს) სიძნელეები რომ უყვარდეს, თავისთავად ეგ იქნებოდა პრობლემა. მაგრამ, სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ქალების დიდ ნაწილს სადარდელის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. წარმოვიდგინოთ ასეთი სცენა: ქალმა (ამ შემთხვევაში, დიასახლისმა) ბავშვები სკოლაში გაისტუმრა, სახლი დაალაგა, სადილი მოამზადა, დღის წესრიგში არსებული საქმეები მოილია და ზის... ქმარი სამსახურშია.  ქალს ესმის, რომ ოჯახის მამა ბევრს მუშაობს და სახლიდან მხოლოდ და მხოლოდ ცოლ-შვილის საკეთილდღეოდაა სამსახურში გადაკარგული. მაგრამ, რომ მოიწყინა? შვილები გაიზარდნენ, დაქალებს თავიანთი საზრუნავი აქვთ (მათაც ქმარ-წვრილშვილის სახით) და მეუღლეც, კაცმა არ იცის რა მიზეზით, მაგრამ ადრინდელივით ბევრ დროს ვეღარ უთმობს...
ზის და ყველა გადადებულ-მოუწესრიგებელ საქმეს იხსენებს: ონკანი ისევ წვეთავს, მიქსერი გადაიწვა, ხელოსანი მოსაყვანია, გადასახადები გადასახდელია და საერთოდ, ძაღლია ეზოში გასაყვანი (არ გაიყვან და კიდევ ერთი პრობლემა დაგემატება). რაღა გასაკვირია, რომ ერთი სული აქვს, ქმარი სახლში მოვიდეს და ეწუწუნოს. კაცს თუ გაუმართლა და მის მოსვლამდე მეზობელმა ან ცოლის დაქალმა დაასწრო ყავაზე შემოხედვა, ის დღე მშვიდად გადაივლის. ხვალ კი, სახლიც ძველებურად დალაგდება, სარეცხიც დაირეცხება, აი, პრობლემები კი ისევ იგივე დარჩება.
აი, ამიტომ უყვართ ქალებს პრობლემები - როგორც ქმრის ყურადღების მიქცევის კიდევ ერთი და ზოგჯერ ყველაზე ქმედითი საშუალება. კაცებს გარკვეულწილად მაინც უმართლებთ. ქალები, რამდენადაც ჯიუტად და მონდომებით ააშკარავებენ და ცხვირში ჩრიან კაცებს საყოფაცხოვრებო და წვრილმან პრობლემებს, ასევე შესაშური ნიჭითა და გულმოდგინებით არ იმჩნევენ და თვალს ხუჭავენ ბევრად უფრო მნიშვნელოვან და რეალურად არსებულ პრობლემებზე. შვებულებიდან თბილისში დაბრუნებულმა ქალმა სახლში „უცხო ჯიშის“ პომადა იპოვა. ქმარს მიაკითხა, „ამას აქ რა უნდაო“. საზრიანმა ქმარმა უპასუხა: „გიყიდეო“. „მერე, ნახმარი რომააო“, გაიკვირვა ქალმა. „ძვირფასო, ფული რაზეც მეყო, ის გიყიდე“ - არ დაიბნა ქმარი. ანეკდოტი არ გეგონოთ, ნამდვილი ამბავია. ქალმა, რა თქმა უნდა, სხვისი ნახმარი პომადა არ გამოიყენა, მაგრამ საკუთარ სიმშვიდეს მოუფრთხილდა, პომადის წარმომავლობას არ ჩაუღრმავდა და დღესაც ბედნიერად ცხოვრობს.
საქართველო პატარაა. გინდა-არ გინდა, ყველამ ერთმანეთის ამბავი ვიცით. ერთ ჩემს ახლობელს ერთდროულად ორი ცოლი ჰყავს. შემომედავებით, ორი ცოლი ერთად როგორო? როგორ და მარტივად. თანაც ორივე ქალს სჯერა, რომ ამ კაცის ცხოვრებაში ერთადერთი და განუმეორებელი თვითონაა. ისე გამიმართლა, რომ ორივე ცოლს კარგად ვიცნობ, ერთი ოჯახის ახლობელია, მეორესთან ერთად ვმუშაობდი. კაცი უდარდელად ცხოვრობს, იმიტომ კი არა, რომ ქალებმა ერთმანეთის არსებობა არ იციან, უბრალოდ, ამ ფაქტს ჯიუტად არ სცნობენ. ორივე ამტკიცებს, რომ „ქმარს“ მისთვის არასდროს უღალატია. ისინი კი ტკბილად თანაარსებობენ, აი, მე კი „გმირი“ მამაკაცის ყოველ ნახვაზე ვიტანჯები, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ტვინს ვიჭყლეტ, რომელი ცოლი მოვიკითხო.
როგორც წესი, „ქმარი არასდროს მღალატობსო“ ბევრს ვინც ლაპარაკობს, სწორედ მათი ქმრები გამოიჩევიან გადაჭარბებული „პოლიგამიურობით“. ასეთ დროს ქალი სხვებს კი არა, საკუთარ თავს უმტკიცებს და აჯერებს სასურველს, სიმართლეს გაურბის და სირაქლემის მსგავსად  ქვიშის ნაცვლად თავს ილუზიებში ჰყოფს. ასეთი ქალი ძალინ ბევრია, მეტიც, ბევრი სტაჟიანი ცოლი თავს იმით იმშვიდებს, რომ ასაკშეპარულ ქმარს ღალატის აღარც თავი აქვს და აღარც ჯანი და, რაც ყველაზე აბსურდულია, ამას სწორედ იმას უყვებიან, ვინც ხშირ შემთხვევაში, ზემოხსენებული ქმრის ფიზიკურ შესაძლებლობებზე მეტისმეტად კარგადაა ინფორმირებული.
ქმრის ღალატზე მეტად, ქალები კიდევ ერთ საკითხზე იბრმავ-იყრუებენ თავს - შვილების საქციელზე. გასაგებია, რომ ყველა დედას საკუთარი პირმშო ყველასა და ყველაფერზე მეტად უყვარს და ასეც უნდა იყოს. მაგრამ ზოგიერთი მშობელი მიკროსკოპით უცქერს შვილის დადებით თვისებებს, ხოტბას ასხამს მის გენიალურობას და თვალში საცემ ნაკლს გამადიდებელი შუშითაც კი ვერ ამჩნევს. ან კიდევ უარესი, ამჩნევს და არ იმჩნევს. განსაკუთრებულ სიბეჯითეს მამისთვის შვილის უსაქციელობის დამალვაში იჩენს. არადა, რამდენი შვილი უკეთესი გაიზრდებოდა და ცხოვრებაც არ აერეოდა, თავის დროზე დედას მამისთვისაც რომ თვალი აეხილა და ეგებ, ერთად ეშველათ რამე.
ქალები ამ ორი თემის გარდა (საყვარელი მეუღლის საეჭვო ერთგულება და შვილის ავ-კარგიანობა), სინამდვილეს მართლა იშვიათად გაურბიან. ნებისმიერ სხვა პრობლემას თვალს კაცებზე უფრო გაბედულად უსწორებენ, უფრო ვაჟკაცურად ებრძვიან და აგვარებენ კიდეც. ჰო, კარგი, ხანდახან ცოტ-ცოტა ასაკს და წონას იპარავენ ხოლმე, მაგრამ მაგ „ცოდვაში“ კაცებიც მყავს შემჩნეული. სხვათა შორის, ქვიშაში თავჩარგული სირაქლემა ბუნებაში არავის უნახავს და ფანტაზიებში მცხოვრებ ადამიანებს კარგად მორგებული მისი ყბადაღებული „ჩვევა“ წინა საუკუნეების ნატურალისტების მიერ მოგონილი ჭორია. აბა, თვითონ წარმოიდგინეთ, ჯერ ქვიშა სად უნდა ნახოს ყოველ შეშინებაზე და მერე, ამ ქვიშაში ქვა რომ დახვდეს?

კეთილი სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

„სირაქლემას პრინციპი“ და ვედროს როლი მამაკაცის ცხოვრებაში

Approved by Gourmet Guide

ჩვენმა ერთმა ერთგულმა მკითხველმა (სხვათა შორის, მამაკაცმა) ერთი თემა გაგვახსენა: „რატომ არ წერთ იმაზე, თუ რისი მოსმენა არ უნდათ კაცებს?“ ჩვენც დავფიქრდით. ისე,  პროლემებზე ლაპარაკი ნეტავ ვის უყვარს? კაცების უმრავლესობა სახურავჩამონგრეულ, მილგამსკდარ, უთოგადამწვარ სახლში სიამოვნებით იცხოვრებდა, თავზე თუ არ აწვიმს და ხელმარჯვე ცოლი (დედა, და, ბიცოლა, ა.შ.) მეზობლისგან ნათხოვარი უთოთი უსიტყვოდ გაუტკიცინებს საყვარელ პერანგებს და არ შეაწუხებს პრობლემებზე გაუთავებელი წუწუნით. სხვათა შორის, კრიმინალისტიკაში საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია: თუ სერიული მკვლელი დანაშაულის ადგილზე აკუტარულად მოქმედებს, ესე იგი, ქალთან ერთად ცხოვრების დიდი სტაჟი აქვს. ნიშანდობლივი და ლოგიკურია - ქალის გვერდით ცხოვრება მამაკაცს წესრიგს თავისდაუნებურად აჩვევს.
ერთი ჩვენი მეგობარი თხოვდებოდა. წინდახედულმა საქმრომ გამოუცხადა: „ხომ ხედავ, რომ ბევრს ვმუშაობ, ოჯახში ონკანი ან სარეცხი მანქანა თუ გაგვიფუჭდა, მშვიდად მითხარი. მე დავიმახსოვრებ და, როცა მოვიცლი, ხელოსანსაც მაშინ მოვიყვანო. ასჯერ ნუ გამიმეორებ, ისედაც მეცოდინება და ნერვებს ნუ ამიშლიო“. საცოლემ, რომელსაც ოჯახური სიმშვიდე ბიჭზე მეტად უყვარდა, უპასუხა: „კი, ჩემო კარგო, რა პრობლემაა? ოღონდ სანამ ხელოსანს არ მოიყვან, შენც ნუ გაიკვირვებ, რატომ არ არის ჭურჭელი ან სარეცხი გაწკრიალებული და ნუ მისაყვედურებ, რატომ ზარმაცობო“. ქორწინება ჩაიშალა... იმიტომ, რომ კაცებს პრობლემების შეხსენება არ უყვართ, თორემ სხვისი ხელით გადაჭრილი და მოგვარებული ძალიანაც მოსწონთ!
ამაზე ერთი გასართობი, მაგრამ უტყუარი ტესტი გამახსენდა, ბედის სამუდამო დაკავშირებამდე, რჩეული როგორ უნდა გამოსცადოთ. მთელი ნებისყოფა მოიკრიბეთ და რამდენიმე დღე სახლიდან ნაგავს ნუ გაიტანთ და დააკვირდით, თქვენს საბედო სავსე ურნის დანახვაზე როგორ მოიქცევა. ხელი თუ სტაცა და გასატანად გაქანდა - გაგიმართლათ! თუ ახალი პარკი მოიძია, თავისი ნაგავი შიგ ჩაყარა და სავსე ურნას გვერდზე მიუდო - მისი (და თქვენი) საქმე მთლად ხელიდან წასული არ არის. აი, ნაგავი თუ იატაკზე დაყარა და იქვე დაივიწყა - გირჩევთ, ამ ნაგავს უკან გააყოლოთ! ასეთი კაცი ოჯახში არ გამოგადგებათ...
მამაკაცები არამარტო საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ჩივილს კი არა, ზოგადად, ქალების წუწუნს გაურბიან. მშოლებთან ერთად მცხოვრები დაქორწინებული კაცების ურავლესობა სირაქლემას პრინციპით სარგებლობს - ტელევიზორში ან გაზეთებში თავჩარგულები, ჯიუტად არ იმჩნევენ დედისა და ცოლის საყვედურით სავსე მზერას, მკვახე გადაძახილებს, კინკლაობას და ხანდახან წივილ-კივილსაც. არადა, სრული გულგრილობის ნაცვლად, რძალ-დედამთილს ის მაინც რომ ჰკითხონ, რა აწუხებთ, უმეტეს შემთხვევაში აყალმაყალიც ჩაცხრებოდა. ხშირად ამ ქალებს ერთმანეთზე მეტად, „თავისი“ მამაკაცის პოზიციის არქონა და უნდილობა აღიზიანებთ და ჯავრსაც ერთმანეთზე იყრიან: კაცის უნიათობას დედა ცოლს აბრალებს და პირიქით.
კარგი, ეს უხეირო კაცებს ეხება, მაგრამ ხანდახან ძალიან ყურადღებიან და სამაგალითო ინდივიდებსაც უჭირს რეალობისთვის თვალის გასწორება და თავის „ქვიშაში დურთვა“ ურჩევნიათ (ეს სცენა თვალწინ მიდგება: როგორ დააქვთ ქვიშით სავსე ვედრო, საჭიროების შემთხვევაში, ანუ ნებისმიერი მცირედი საშიშროების მოახლოებისთანავე, თავი მყისვე შიგ რომ სტუცონ!). აი, მაგალითად, ჩემი მეგობრის ძალიან მზრუნველ და მოსიყვარულე მამას  სტუდენტი შვილი მიადგა: „ბრმა ნაწლავი მტკივაო“. აბა, თუ გამოიცნობთ, პასუხად რა მიიღო? „გეხვეწები, ამას ნუ მეუბნები, გულს ნუ მიხეთქავო!!!“ ალბათ ის ბრმა ნაწლავიც მამრობითი სქესის იყო, მშობელს გაუგო და გაყუჩდა.
კიდევ ერთი კარგად ნაცნობი და მტკივნეული საკითხი: გამოუქვეყნებელი სტატისტიკის მონაცემებით, დაქორწინებული ქართველი მამაკაცების 99,9%-ს საყვარელი ჰყავს (თუ არ ჰყავს, იბრალებს მაინც - აქაოდა, „თხა თხაზე ნაკლებიო“), ქართველი ქალების უმრავლესობაც გათხოვილია. და თითოეული მათგანი დარწმუნებულია თავისი მეორე ნახევრის ერთგულებაში. ისმის კითხვა: რანაირად? ყველა ქმარს გულწრფელად სჯერა, რომ მისი მეუღლე ინტერნეტით საათობით მხოლოდ დაქალებს ელაპარაკება და ცოლის სიგარეტით გაკვამლული ტანსაცმელი და ნიკოტინით დალაქავებული თითები სულ იმ „საზიზღარი“ ლაქალაქა და უსაქმური დაქალების ბრალია.
კაცები ჩამქოლავენ, მაგრამ მათ მამლაყინწურ ლოგიკაზე და ზემოხსენებულ თემაზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა, რომელიც ჩემს აქ „ნააზრევს“ იდეალურად ესადაგება: კაცი საყვარელთანაა. კარზე ზარია. „ვაიმე, ქმარი მოვიდა“, წამოიძახა ქალმა, სასწრაფოდ ხალათი მოისხა, ნაგვის ვედროს ხელი სტაცა და კარის გასაღებად გაექანა. გააღო და ქმარს ზღურბლზე გადმოსვლა არ აცალა, ვედრო ხელში მიაჩეჩა და ბუნკერისკენ გააგზავნა. ამასობაში კაცმა გამოპარვა მოასწრო. მოდის და გზაში ფიქრობს: „რა ჭკვიანია ეს ჩემი საყვარელი, რა კარგად მოიგონა!“ მივიდა სახლში, ზარი დარეკა და კარი ხალათმოსხმულმა და ნაგვისვედრომომარჯვებულმა ცოლმა გაუღო. მიაქვს კაცს ნაგავი გადასაყრელად და თან ფიქრობს: „რა ბრიყვია ეს ჩემი ცოლი, უჩემოდ ნაგვის გადაყრასაც ვერ ახერხებს“.

კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

ხვნა-თესვის ახალი სეზონი

Approved by Gourmet Guide

ნანატრი დასვენების დღეების დადგომასთან ერთად, ჩემი სახლის მასშტაბითა და ფარგლებში, დღეს,  2011 წლის  სახნავ-სათესი სეზონი გახსნილად გამოვაცხადე. დღის წესრიგში მოხსენიებულია: ოთახის ყვავილების რევიზია. როგორც ნებისმიერი შემოწმების დროს, აქაც ბევრი რამ სრულიად შემთხვევით  და არა მხოლოდ სასიამოვნო შეიძლება აღმოაჩინოთ. დააკვირდით, ჯერ მცენარის „გარეგნობას“ - ზომაზე მეტი გაყვითლებული ფოთოლი, მომჭკნარი ღერო, უჩვეულო ნაფიფქი. ყოველივე მათგანი შესაძლოა არა მხოლოდ მოურწყველობის ბრალი იყოს.  ზამთარში მეორე უკიდურესობა - ზედმეტი „ყურადღება“ მორწყვის სახით - უარესია. ჩვენი რეგიონში, ზამთარში გახარებულ ოთახის ყვავილთა უმრავლესობას ურჩევნია შედარებით გრილი  12-20 გრადუსამდე ტემპერატურა, ტენიანობა -საშუალო. ნიადაგს შიგადაშიგ ზამთარშიც თუ აუფუმფულებთ,  მცენარე „მადლობას“ შემოგითვლით. რაც შეეხება „კვებას“ - წელიწადის ამ პერიოდში ოთახის ყვავილები ძირითადად დიეტაზე არიან. თუ რა თქმა უნდა, ყვავილობას არ აპირებენ. მაშინ, მათ რაციონში კალიუმის შემცველი სასუქი ესაჭიროებათ. არ დაგავიწყდეთ, გადაყვავილებული კოკრების მოშორება და სასუქის ინსტრუქციით დაშვებულ დოზებით გამოყენება, ამ შემთხვევაში ხელგაშლილობა ავნებს. ზამთარში სინათლლის სიმცირის გამო დეკორატიულ ფოთლებიან წარმომადგენელებს ხშირად „სიფერმკრთალე“ ემუქრებათ. მსგავსი რამ თუ შეამჩნიეთ, რა თქმა უნდა, უფრო ნეთელ ადგილას დადგით, მაგრამ არა სამხრეთ ანდა აღმოსავლეთ მხარეს გამავალ ფანჯრის რაფაზე. დასუსტებულმა და გაუფერულებულმა ფოთლებმა მზისგან შესაძლოა „დამწვრობაც“ კი მიიღონ. მინაზე აფარებული თუნდაც თეთრი ქაღალდის ფურცელი აგაცილებთ ამ უსიამოვნებას.
სეზონურ შეუძლოდ ყოფნას კიდევ რამე „თავისით“ ეშველება, მაგრამ არის ორი რამ, რასაც მხოლოდ კარდინალური ზომები თუ უშველის, ესენია - მცენარეთა დაავადებები და მავნებლები. ორივე „უბედურების“ საწინააღმდეგო საშუალებების შოვნა შესაძლებელია, უბრალოდ ხშირად გამყიდველმა თვითონაც კი არ იცის რას ყიდის, ამიტომ მომხმარებელმა თავად უნდა გაიკაფოს გზა. ამისათვის უნდა ვიცოდეთ, თუ მავნებლები შეეყარა ყვავილს, მაშინ ვკითხულობთ და ვეძებთ  ინსექტიციდის პრეპარატს, თუ  აღმოვაჩინეთ ნაფიფქს ან სხვა სახის სოკოვან დაავადებას, მაშინ ფუნგიციდის საშუალებებს მივადგებით, ხოლო სხვადასხვაგვარი ლაქა უმეტეს წილად ბაქტერიციდული პრეპარატების გამოყენებას საჭიროებს.
დეტალური დათვალიერების შემდეგ და არაფერი საეჭვოს არპოვნის შემთხვევაში, გადვინაცვლოთ მომავალ პლანტაციებზე.
ვისაც ზაფხულში საკუთარი  აყვავებული აივნის ყურება სურს,  ერთხელ ყვავილის თესლიდან გაზრდა სცადეთ. არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. აიღეთ რამე პლასტმასის ყუთი, საკმაოდ ფართე და  სიმაღლეში არანაკლებ 5 სმ, რამდენიმე ადგილას გაუხვრიტეთ ძირი, ამოავსეთ მიწით, გაანაწილეთ ამორჩეული ყვავილის თესლი თანაბრად მთელ ზედაპირზე, თესლის სიწვრილის შემთხვევაში არიეთ თესლი ნახევარ პეშვ სილასთან ერთად და ზემოდან მიწა აღარ დააყაროთ. დანარჩენ შემთხვევაში 1-1.5 სმ მიწა სავსებით საკმარისია. თუ განსაკუთრებული მითითება არ ახლავს ყვავილების პარკზე მოყოლებულ ისტრუქციას, შეგიძლიათ დათესილს თამამად ხელით დააწვეთ, ჰაერს გამოტუმბავთ და ასე თესლი უფრო მალე გაღვივდება. კარგად მორწყვა არ დაგავიწყდეთ, ოღონდ ფრთხილად, წყლის ჭავლით თესლი სიღრმეში არ წალეკოთ.
სულ ეს არის, ყუთს რამე გამჭირვალე გადააფერეთ, (მე მაგალითად, მთელ ყუთს პარკში ვდებ და რამდენიმე დღის შემდეგ დღში ერთხელ თავს გადავუხდი ზედმეტი ტენიანობის თავიდან მოსაცილებლად). სადღაც ერთ კვირაში პულვერიზატორიდან მორწყვას ვიწყებ, ასე, 2 კვირის თავზე კი შუალედური შედეგი ასე გამოიყურება. ასეთი წესით  გაზრდილს  ორი ნამდვილი ფოთოლის ამოღების სტადიაში უფრო დიდ ჭურჭელში გადარგვა მოუწევს, ეს პერიოდი კი თებერვალ-მარტში დარგულებისთვის მინიმუმ მარტის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი.
თებერვალ-მარტში თესლიდან შეგიძლიათ გაზარდოთ ერთწლიანი ყვავილები, რომელიც ხანგრლივი ვეგეტაციის პერიოდს საჭიროებენ: ტაგეტსი (ზაფრანაც ამ ოჯახიდანაა), პეტუნია, ლობელია, ლავანდა, (დეიდა პოლიმ მოგზაურობიდან საჩუქრად  ჩამომიტანა), კალენდულა და თითქმის ყველა ერთწლიანი, რომელიც საქართველოში ამ დროს იშოვება. ყიდვისას, ვარგისიანობის მცირედი გარანტიისთვის მაინც, ვადას დახედეთ, დაუდევარმა გამყიდვლებმა წინა წლების კოლექციების მასტოდონტები არ შემოგასაღონ.

კეთილი სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

წარსულის აჩრდილები

Approved by Gourmet Guide

ზუსტად აღარ მახსოვს, მგონი, მარსელ პრუსტი წერდა: მოგონებები რომ ფერმკრთალდება, ახსოვთ, ის რაც უნდოდათ რომ მომხდარიყო და არა ის, რაც სინამდვილეში მოხდაო. წარსულის დავიწყებაში ზოგი მართლაც შესაშურ ნიჭს ამჟღავნებს, რაც თავისთავად კარგია. ასეთი ხალხი მშვიდად ცხოვრობს, თვითონაც ისვენებს და სხვასაც არ აწუხებს.  ზოგს კი ღმერთმა ამხელა ტალანტი არ მოამადლა და აი, აქ იწყება პრობლემები.
ადამიანებთან ერთადერთი კრიტერიუმით ვურთიერთობ - საინტერესო პიროვნება უნდა იყოს. სულ არ მენაღვლება, რამდენი წიგნი აქვს წაკითხული, მამამისი სად მუშაობს, რამდენ ოთახიან ბინაში ცხოვრობს ან აქვს თუ არა აგარაკი. ასე იყო ადრეც და ასეა დღესაც. და ალბათ ამას  ვერასდროს მოვიშლი. ჯერ კიდევ სკოლაში ძალიან ვბრაზობდი ჩვენს ქართულის მასწავლებელზე, რომელიც სულ მეჩხუბებოდა: შენზე რამეთი დაბლა მდგომ ადამიანს თუ შია, პური მოუტეხე, მაგრამ წინ ნურასდროს გაატარებო. სტუდენტობისას, ოთარ ჭილაძეზეც გამეცინა, ვერ არის ეს კაცი-მეთქი: ადამიანს გაჭირვებაში თუ დაეხმარები, ფეხზე რომ დადგება, შენზე საძულველი არავინ ეყოლება, იმიტომ რომ მისი სირცხვილის და დამცირების მოწმე ხარო. წლები გავიდა და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთი ოდინდელი ბავშვობის თუ სტუდენტობის მეგობარი, უმიზეზოდ მიღრენს, თავს მარიდებს და ცდილობს, შეურაცხყოფა მომაყენოს. თავიდან დავკომპლექსდი, მეგონა რაიმე დავაშავე-მეთქი და ობიექტურ მიზეზებს დავუწყე ძებნა. მალე ვიპოვე კიდეც: თურმე ჩემდა უნებურად მათი წარსული მცოდნია.
სულ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. მამაჩემს ჩვენი მოძმე ერის წარმომადგენელი დიპლომის ხელმძღვანელი ყავდა, არაჩვეულებრივი ადამიანი.  ოჯახებით დავახლოვდით. იმდენად კარგი კაცი იყო, არასდროს არავის მოსვლია თავში, ეთქვა „უჰ, ეგ არაქართველიო“. წლების მერე, ამ კაცის უკვე გვარგაქართულებული შვილიშვილი მამამ სამსახურში თავისთან მოიყვანა, უპატრონა  და ისე მოხდა, რომ  მამაჩემის პენსიაზე გასვლის შემდეგ,  მისი უშუალო უფროსის დახმარებით, მამაჩემის თანამდებობაც დაიკავა. ჩემდა საუბედუროდ, მეც იქვე ვმუშაობდი.  აბამ თუ გამოიცნობთ, სამსახურში ვის გადაეკიდა სამკვდრო-სასიცოცხლოდ? რა თქმა უნდა, მე! ვინ არ უყვარს ყველაზე მეტად? მამაჩემი და თავისი უფროსი. რატომ? ჩვენთან ხომ ვერ განაცხადებს ამაყად, ყველაფერს ჩემი ნიჭით მივაღწიეო... ერთხელ მოხსენების დაწერა დამავალა. მივუტანე,  ჩხაპნა, ხაზა, ახლიდან რაღაც აბდაუბდა დაწერა, ორი კვირა წერას მასწავლიდა, როგორც კი შეეძლო, მამცირებდა, მაჩვენებდა, რომ დებილი ვარ და ვერ ვაზროვნებ და ბოლოს, მძიმეჩაუმატებელი ჩემივე  დაწერილი პირველი ვარიანტი დამიბრუნა „დროა ისწავლო და ასე უნდა წეროოო!“ ჩემო კარგო, გარდა იმისა, რომ სამსახურში „ბლატით“ მიგიღეს, ბაბუა არაქართველი გყავდა (ღმერთი-რჯული, შენგან განსხვავენით, მე ეგ ნაკლად არ მიმაჩნია), არც ისეთი ნიჭიერი ხარ, როგორც იბრალებ (ყოველ შემთხვევაში, ქართულად წერა ნამდვილად არ გეხერხება), შენი კიდევ ერთი საიდუმლო ვიცი... უცხოეთში რომ სადიპლომო დაგიწერა, ის ადამიანიც აღარ მუშაობს, ხომ, შენთან ერთად?
საკუთარი წარსულით უკმაყოფილო ადამიანების ცოტა სხვა კატეგორიაც არსებობს. ახალ ბიოგრაფიას იგონებენ, მერე იჯერებენ და ცდილობენ, სხვებიც დააჯერონ. თან საკუთარ თავგადასავალს ბოლომდე ვერ ელევიან (ეტყობა, ძალიან ტკბილი მოგონებებია) და სხვას აბრალებენ. სტუდენტობისას, ერთ გაზეთში დღეისათვის ერთ ცნობილ ჟურნალისტთან ერთად ვმუშაობდი. გოგო გია ბარამიძეს ეტრფოდა შორიდან, და როგორც ხვდებით, დღეს ამ ფაქტის ძალიან რცხვენია. არადა, მეც როგორც ერთგული მეგობარი, ჩვენს ფოტოგრაფს ცხოვრებას ვუმწარებდი - ბარამიძის სურათებს ვპარავდი (ვაყაჩაღებდი, ხვეწნა-მუდარით ვართმევდი) და უიმედოდ შეყვარებულს ვჩუქნიდი. ავად რომ იყო, გასამხნევებლად გიაზე კომიქსებიც კი დავუხატე და გავუგზავნე... ათიოდე წლის შემდეგ, სტუმრად ვართ და ეს გოგო უამრავი ხალხის წინ მომიბრუნდა და ხმამაღლა მითხრა: „გახსოვს, გია ბარამიძეზე ყურებამდე რომ იყავი შეყვარებული და მის სურათებს  იპარავდიო!“  ასეთ ადამიანს რა უნდა უპასუხო, ან რა აზრი აქვს?
ერთმა მანამდე სამაგალითოდ ერთგულმა ქმარმა ცოლ-შვილი მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა. ოჯახის დედა სირცხვილისგან ლოგინად ჩავარდა. მასაც, სახლსაც და უპატრონოდ მიყრილ ორ შვილსაც მეზობელი ქალი უვლიდა: ბინას ულაგებდა, სადილებს უმზადებდა, ურეცხავდა, ბავშვები სკოლაში დაყავდა. ნახევარი წლის შემდეგ ქმარი საყვარელმა გამოაბუნძულა და ისიც (აბა, პატიოსანი კაცი სად უნდა წასულიყო?) ოჯახს დაუბრუნდა. ცოლმა მეზობელი სახლიდან გააგდო და საჯაროდ გამოლანძღა, ჩემს ქმარს ყველაფერი შენ მოუგონე, ჩემი ოჯახის მტერი ხარ, ჩემთვის არასდროს უღალატიაო(!).
ასეთი საქციელი ძირითადად ქალებს ახასიათებს, მაგრამ თურმე კაცებისთვისაც არ ყოფილა მთლად უცხო ხილი. ამჟამად სასწავლებლად წასულმა ჩვენმა ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა, რომელიც თავის დროზე ჩემი ძალიან, ძალიან ახლობელი იყო, ერთხელ თავი ამარიდა და სახტად დამტოვა. დამიჯერეთ, სათხოვნელად არასდროს არაფერზე არ მივსულვარ. და მაშინ მკითხა ჩემმა მეორე მეგობარმა, ეგ ის არ არის, ძალიან რომ უჭირდა და თავისი თვალწასული სვიტრები დასაკემსად შენთან დაჰქონდაო?
კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია. ალბათ იმასაც ფიქრობთ, ეს რა ბოღმიანი და ბოროტი ადამიანი ყოფილაო. მაგრამ ჩემი ბრალი არაა, არ მომასვენეს, შემაწუხეს და მეც ხმა ავიმაღლე. რაც მეტი ვითმინე, მეტად დამაჭირეს წიხლი. მადლისთვის არ ვიხსენებ, ჩუმად ვარ და ხმას არ ვიღებ. რაც მეტად შემიჩიჩხინებენ, მეტი გამახსენდება. სხვისი არ ვიცი და მე ჩემი პრობლემებიც მეყოფა.  ნაცნობებმა, რაც არ უნდა დიდ წარმატებას მიაღწიონ, მხოლოდ მიხარია (თუნდაც სრულიად ეგოისტური მომენტის გამო, რომ მივადგები და რამეზე შევაწუხებ) - ისინი ჩემთვის იმ სასიამოვნო ადამიანებად რჩებიან, ვისთანაც ოდესღაც საინტერესო დრო მიტარებია და ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. არც მაშინ და არც ახლა არ მაწუხებს მათი ბებიების ნამდვილი გვარი, მამის ზვიადისტობა ან სანდრო ბრეგაძეს რომ ეტრფოდა ვინმე სტუდენტობისას. მათი წარმატების არ მშურს, საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებით ვარ დაკავებული და ახლობლის ახალი ბინის თუ რემონტის დანახვაზე, სულ არ მახსენდება ძველ სამზარეულოში სადაური მეტლახი ჰქონდათ დაგებული.
ამ წერილსაც არ დავწერდი, ერთი ამბავი რომ არა. ყბადაღებულ „ფეისბუქზე“ ერთი საკმაოდ სასიამოვნო და კარგი ახალგაზრდა ქალბატონი „ლამა-ალპაკა“ ბუდობს და  ვერ ისვენებს. თავის დროზე შორიახლო ლამაზი წყვილი შენიშნა და თავიდან აბსოლუტურად კეთილი განზრახვით მათი დაკავშირება და ე.წ. გაბედნიერება განიზრახა. კაცმა არ იცის, მეტისმეტად ენერგიული ინიციატივა გამოიჩინა, აზარტში ზედმეტად შევიდა თუ საკუთარი ცხოვრების მოუწესრიგებლობის გამო, ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ  ამდენ ფაციფუცში და „გოდოს“ (მოდით, ამ ბიჭს ასე დავუძახოთ) უსასრულო მოლოდინში ყმაწვილი მარტო მეგობრისთვის აღარ ემეტებოდა და პირადი ქვენა ინტერესები გაუჩნდა. ყველაფერი საიდუმლოდ დარჩებოდა და ვერავინ შეამჩნევდა, სინდისს რომ არ შეეწუხებინა (ხომ გითხარით, კარგი გოგოა-მეთქი) და საკუთარ თავთან თავისი საქციელის გასამართლებლად სრულიად უდანაშაულო გოგოს (ჩემი მეგობრის) მისამართით „ფეისბუქის“ კედელზე უმიზეზო კბენა და შიგადაშიგ საწყენი თავდასხმები არ დაეწყო. მისი ქცევა იმდენად შესამჩნევი და შემაწუხებელი გახდა, რომ საერთო ნაცნობ-მეგობრები შევშფოთდით და იძულებული გავხდით, მისი უჩვეულო საქციელი გაგვეანალიზებინა და „ფეისბუქის“ პოსტებში დამარხულ ძაღლის თავსაც მივაგენით. მანამდე თუ ალპაკა ჩემი მეგობრის არცერთ პოსტს უწყინარი კომენტარის გარეშე არ ტოვებდა, ახლა მხოლოდ იმ პოსტებს ალაიქებდა, რომლის მიმართაც გოდო იჩენდა ინტერესს. ცოტა ხანში გაირკვა, რომ ვითომდა მეგობრის ხათრით „დაფრენდებულ“ გოდოსთან პირადი მიმოწერაც ჰქონია... თავს ვეღარ იკავებდა და ბიჭის ყველა პოსტს, სურათს, კომენტარს და „სმაილიკს“ ალაიქებდა, ერთი სიტყვით, მის მიმართ აშკარა სიმპათიას ვეღარ მალავდა. თუმცა უშედეგოდ. საკუთარი აქტიურობით გოდოს გარდა სხვებიც დააფრთხო, ახლობლები კი გვარიანად აგვაფორიაქა: კარგი ადამიანია და რამე ხომ არ უჭირსო. უჭირდა, იმიტომ რომ სხვა ობიექტური მიზეზების გარდა, დაქალისთვის შერჩეულ კაცზე ღიად ნადირობის უფლებას კარგი აღზრდა არ აძლევდა და საკუთარი მარცხის და არცთუ კაიქალობის გასამართლებლად, ჩემი მეგობრის „თავისზე  უარესად“ გამოყვანას უადგილო და აგრესიული პოსტებით ცდილობდა. ამ ისტორიის მთელი მუღამი იმაშია, რომ ჩემს მეგობარი და „გოდო“ შორიახლო ნაცნობობის იქით არ წასულან, „ლამა-ალპაკა“ კი ბიჭს დაუმეგობრდა, კარგად გაიცნო და დღეისათვის ინტერესიც დაკარგა. წესით უნდა ჩაჩუმებულიყო, მაგრამ დაქეჯნილი სინდისი მოსვენებას აღარ აძლევს და სულ უფრო და უფრო მეტ შეცდომა-უწესობას ჩადის. ესეთები გვინახავს და გადაგვიტანია?! ამასაც გავუძლებთ და გადავიტანთ. მაგრამ მე გული სხვა რამეზე მწყდება. სრულიად უმიზეზოდ, წუთიერი აცეტების გამო კარგი მეგობრობა გაფუჭდა.
ჩვენს გარდა ჩვენი ხარვეზები არავის აწუხებს. რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ და ცოტას  ვილაპარაკებთ, ნაკლებად მიგვითითებენ ჩვენივე შეცდომებზე. ადამიანის ბუნებაა, როცა ხვდება, რომ მთლად ისეთი კეთილი, ლამაზი, ჭკვიანი ან უნაკლო არ არის, როგორც თვითონ უნდა (სჯერა), რომ იყოს. გაუთავებელ მტკიცებას იწყებს: მე ისეთი დიდსულოვანი ვარ, ხელგაშლილი, პრინციპული, ისეთი მწვანე თვალები მაქვს, გრძელი ფეხები, ნატიფი თითები... თავი გაბითურებულად და მოტყუებულად რომ არ იგრძნო, იძულებული ხდები, მანამდე რომ არ (ან ვერ) ამჩნევდი, იმ დეფექტზე ხაზგასმულად მიუთითო და შენიშნო, რომ მწვანე თვალები სინამდვილეში ჭროღაა, ფეხები სხვას უფრო გრძელი აქვს, მავანი უფრო კეთილია და თვითონ რომ ჰგონია, ისეთი უანგაროც  ვერაა...
მე ისევ ჩემს პრინციპს ვიცავ: მთავარია ადამიანობა და გარეგნობას, სახლებს, თანამდებობას, წარმომავლობას ეშველება. კიდევ ერთი - ოდესღაც ახალგაზრდობაში რომ ვჩატაობდი, ერთი კანონზომიერება შევამჩნიე. სახელის შემდეგი კითხვა თუ „რა უბნელი ხარ“ იყო, მკითხველი საერთოდ არათბილისელი თუ არა, საუკეთესო შემთხვევაში ვარკეთილის ან გლდანულას ბინადარი იყო. აი, ვაკელები, ვერელები და საბურთალოელები კი იგივე კითხვას ნაცნობობის მეორე ან მესამე დღეს სვამდნენ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მადამ დუროვა