არანჩინები ანუ ბრინჯის ბურთულები

Approved by Efigenia Doubtfire


არანჩინები იტალიური, კერძოდ სიცილიური სამზარეულოს ნამდვილი სიამაყეა. ისინი სიცილიაზე ყველგან იყიდება. თანაც ძალიან მოსახერხებელი და გემრიელი საჭმელია, განსაკუთრებით საქმიანი ადამიანებისათვის, რომელთაც ჭამისთვის დრო არ რჩებათ. არანჩინებს შეგვიძლია ფორმა ჩვენი სურვილისამებრ მივცეთ, გვინდა მრგვალს გავაკეთებთ, გვინდა ოთხკუთხედს. შიგთავსიც სხვადასხვანაირი შეგვიძლია გავუკეთოთ. მე პირადად ძალიან მიყვარს არანჩინები პროშუტოთი (ბეკონით) და მოცარელათი (იტალიური ყველი კამეჩის რძისაგან). მოდით, ახლა საქმეს მივხედოთ. მოიმარაგეთ შემდეგი ინგრედიენტები:

ბრინჯი -400 გ, კარაქი -50 გ, გახეხილი ყველი (სასურველია თხის ყველი) - 50 გ, კვერცხი - 3 ცალი, ზაფრანა - 1 პაკეტი.
შიგთავსი:
ყველი ("კაჩოკავალო", მაგრამ სულგუნიც გამოდგება ამ საქმისთვის), კუბიკებად დაჭრილი - 100 გ, საქონლის ხორცის ფარში - 150 გ, პატარა ხახვი - 1 ცალი, ზეითუნის ან ჩვეულებრივი ზეთიც გამოდგება - 3 სუფრის კოვზი, საფქული წიწაკა - გემოვნებით, მწვანე ბარდა -100 გ, პამიდვრის წვენი - 100 გ, მარილი გემოვნებით.
მოვხარშოთ ბრინჯი მარილიან წყალში, ისე რომ ძალიან არ გადაიხარშოს. როდესაც მოიხარშება დავამატოთ 3 ათქვეფილი კვერცხი, კარაქი, გახეხელი ყველი და ცოტა გავაციოთ. მწვანე ბარდა დავყაროთ ტაფაზე, დავასხათ ზეთი და ცოტა წყალი, 10 წუთი ვადუღოთ. მეორე ტაფაზე კი ზეთში მოხრაკოთ ხახვი. რომ მოიხრაკება დავამატოთ ხორცის ფარში და შევწვათ, როდესაც შეიწვება დავაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მერე კი დავამატოთ პამიდვრის წვენი და ეს ყველაფერი საშუალო ცეცხლზე შევწვათ სულ მცირე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ ბარდა და ერთმანეთში ავურიოთ. მომზადებული ბრინჯის მასალით გავაკეთოთ პატარა ფორთოხლის ზომის ბურთები. ამ ბურთებს გავუკეთოთ ნახვრეტი და ამ ნახვრეტში ჩავტენოთ მომზადებული შიგთავსი, დავამატოთ ყველია და ისევ ბრინჯით დავფაროთ. გამზადებული ბურთულებია მოვავლოთ კვერცხში და საფანელში. შემდეგ ტაფაზე დავასხათ ბლომად ზეთი და კარგად გაცხელებულ ზეთში დავიწყოთ ბურთულების შეწვა. მანამდე უნდა ვწვათ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. შიგთავსად ხორცისა და ბარდის ნაცვლაშ შეგიძლიათ გამოიყენოთ ოთკუთხედებად დაჭრილი ყველი - 100გ და ბეკონი (იღონდ არა რაჭული შაშხი :) , ჩვეულებრივი,თუნდაც "შინჰოფერში" ნაყიდი) - 150 გ.
გემრიელად მიირთვით სანამ ცხელია და თბილი!

კეთილი სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი


1 კომენტარი.:

  1. Anonymous

    ნამდვილად გემრიელი გამოვა

Post a Comment