თავდავიწყება ვენეციურად, ანუ Carnevale di Venezia

Approved by Natia Jinjolava


ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ დღეს, როცა ზამთარს ოფიციალურად უნდა დავემშვიდობოთ, თანაც მთელი წლით და, რომ არ გავანაწყენოთ, თბილად და მხიარულადაც უნდა გავაცილოთ. ხალისიან გაცილებაზე უკეთესი კი რა უნდა იყოს? რა თქმა უნდა, კარნავალი! დიახ, დღეს სწორედ ეს ხმაურიანი, მრავალფერ- და მრავალსახოვანი ტრადიცია უნდა გაგახსენოთ, რომელიც ბევრ ქვეყანაში (ზოგან დიდი ზარ-ზეიმით და ზოგან უფრო მოკრძალებულად) აღინიშნება. კარნავალებიდან ყველაზე „კარნავალური“ კი ვენეციურია (ამას ის თავისებური „სცენაც“ უწყობს ხელს, სადაც ყოველი თებერვლის მიწურულს ეს დაუვიწყარი სანახაობა იმართება).

საყოველთაოდ გავრცელებული აზრით, „კარნავალის“ მნიშვნელობა ლათინურიდან მომდინარეობს და  „მშვიდობით, ხორცეულო!“-ს ნიშნავს. ამ სიტყვის განმარტების სხვა ვარიანტებიც არსებობს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, დღევანდელი ევროპული კარნავალების ტრადიცია სწორედ დიდი მარხვის წინა დღეებს უკავშირდება, როცა წინ „მუცელზე ქამრის მოჭერის“ და თავშეკავებულობის რამდენიმე კვირაა.
ვენეციური კარნავალის სათავეები ძველ რომაულ სატურნალიებში უნდა ვეძიოთ (იხ. შარშანდელი 12 დეკემბრის სტატია „აი, სატურნალიებიც დგება“). ძველრომაული „წარმოშობისაა“ საკარნავალო ნიღბებიც: სატურნალიების დროს მონებს ბატონებთან ერთად ჭამა-სმის ნება ეძლეოდათ, მაგრამ მათ ეს დროებითი „თანასწორობა“ თავში რომ არ ავარდნოდათ, ხოლო დიდგვაროვნებს ქეიფისას გვერდით საკუთარი მსახურის დანახვაზე მადა რომ არ დაკარგვოდათ, ყველანი იერ-სახეს (და მასთან ერთად, წარმომავლობასაც) ნიღბის ქვეშ მალავდნენ.

ვენეციური კარნავალი პირველად მე-11 საუკუნის დოკუმენტში მოიხსენიება, 1296 წელს ვენეციის რესპუბლიკის სენატი დიდმარხვის დაწყების წინა დღეს ოფიციალურ უქმედ აცხადებს. ამის შემდეგ კარნავალი ნელ-ნელა „იზრდება“ – მეთვრამეტე საუკუნეში ის ოქტომბერში იწყებოდა და დიდმარხვის დაწყებასთან მთავრდებოდა, ჩვენს დროს კი სულ რაღაც ათიოდე დღეს გრძელდება, თუმცა წელიწადის დანარჩენი დრო მისთვის მზადება და მისი მოლოდინია - ის ხომ სრული თავისუფლების ერთი ციცქნა პერიოდია, როდესაც ყველაფერი ნებადართულია!
ვენეციურ კარნავალს მძიმე პერიოდებიც ახსოვს, აი, მაგალითად: ნიღბებმა ისეთი პოპულარობა მოიპოვეს, რომ წელიწადის სხვა დროსაც  „ფართოდ გამოიყენებოდნენ“ (უზნეობის და უწესობის დასამალად!), ამიტომ 1608 წელს „სერენისიმას“ შეშფოთებულმა მმართველობამ ნიღბების ტარება სულაც აკრძალა. კანონის ურჩ დამრღვევებს ჯარიმა და ორწლიანი პატიმრობა (მამაკაცებს), ან მოედანზე გაროზგვა (ქალებს) ელოდა.

კარნავალი უძველესი ადგილობრივი დღესასწაულით (Feste delle Marie) იწყება, რომელიც 943 წელს მომხდარ ისტორიულ ფაქტს ეძღვნება - ვენეციელ ქალწულთა გათავისუფლებას მეკობრეთა ტყვეობიდან. კარნავალის დღეების განმავლობაში ქალაქის ცენტრში, პიაცა სან მარკოზე (ჩვენებურად, წმ. მარკოზის მოედანზე), პიაცეტასა თუ სხვა ადგილებში (სადაც ხმელეთი ამის საშუალებას იძლევა) იმართება კომედია დელ არტეს სპექტაკლები, აკრობატებისა და ჯამბაზების წარმოდგენები, კოსტუმირებული მეჯლისები, ფეიერვერკები, მსვლელობები და რაღა თქმა უნდა, კარნავალის მთავარი სანახაობა „ანგელოზის გაფრენა“, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: მე-16 საუკუნეში, ერთმა მამაცმა და თავზეხელაღებულმა აკრობატმა (გადმოცემით, თურქი გახლდათ) ვენეციის დოჟს თავისებური პატივი სცა - პიაცეტას კიდეზე დაბმული ნავიდან სან მარკოს სამრეკლომდე თოკი გააბა და ზედ გაიარა. თავიდან ამ სანახაობას „თურქის გადაფრენა“ შეარქვეს, რომელიც მერე „მორჯულდა“ და „ანგელოზის ფრენად“ გადაიქცა. ორი საუკუნის შემდეგ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის მერე, რიტუალმა სახეც იცვალა და მარშრუტიც: თოკზე მოსიარულე ადამიანი ხის მტრედმა ჩაანაცვლა, რომელსაც სამრეკლოდან ყვავილებისა და ქაღალდის ფერადი ნაკუწების თანხლებით უშვებდნენ (21-ე საუკუნის დადგომასთან ერთად, ჯიუტმა ვენეციელებმა ძველი ტრადიცია, ანუ რიტუალში აკრობატის მონაწილეობა, აღადგინეს).

კარნავალის თემატიკაც და პერსონაჟები ქალაქის ისტორიამ განაპირობა - ვენეციაში, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მჭიდრო სავაჭრო კავშირი ჰქონდა აღმოსავლეთთან, არაბებიც ირეოდნენ, თურქებიც და აფრიკელებიც. ყველაზე ცნობილმა ვენეციელმა, მარკო პოლომ ჩინეთში ოცდახუთწლიანი მოგზაურობიდან იქაური გავლენა ჩამოიტანა. ამ სიჭრელეს დაუმატეთ კარნავალის „სცენა და კულისები“ - ქალაქი თავისი უნიკალური ადგილმდებარეობითა და არქიტექტურით; მუსიკალური ფონი - ლაგუნის შრიალი და არხებიდან ქარის მოტანილი გონდოლიერების მელოდიური სიმღერა; მთავარი გმირები - „სერენისიმას“ ჭეშმარიტი კოლორიტი, კომედია დელ არტეს გმირები დიდცხვირა ნიღბებით (არლეკინო, პულჩინელა, ტარტალია, კოლომბინა, ბრიგელა); საყოველთაო მხიარულებით და ადგილობრივი ტკბილეულის სურნელით გაჯერებული ჰაერი...

კეთილი სურვილებით, თქვენი ლურჯი მუხლუხო

P.S. ერთია, უხვი ტურისტები კი გიშლიან ხელს ამ საოცრებით ტკბობაში...

0 კომენტარი.:

Post a Comment