კიდევ ერთი ლირიული გადახვევა

Approved by Natia Jinjolava

ეინშტეინი წერდა: „ერთადერთი კითხვა, რომელზეც პასუხი არ მაქვს ასეთია - მე ვარ გიჟი, თუ ყველა დანარჩენი?!“. მიხარია, რომ მე და გენიოსებს ხანდახან მაინც გვაწუხებს ერთიდაიგივე პრობლემები. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა: მემგონი საგიჟეთში ვზივარ და ეს ცხოვრება უბრალოდ მეჩვენება და თავი თავისუფალი მგონიაო. ეჰ, ჩემო მეგობარო, ვინ იცის, იქნებ მეც შენს გვერდით პალატის ბინადარი ვარ.
ყოველ შემთხვევაში, თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს იმ პაციენტზე ნორმალური აშკარად ვარ, თავი დოლარი რომ ეგონა და იხვეწებოდა ლარზე ნუ გადამახურდავებთო. რამდენიმე წლის წინ ბრიტანელმა ექიმებმა ახალი დაავადება დააფიქსირეს, რომელიც მთელ ევროპას მოედო. ჩვეულებრივი ადამიანები ქუჩაში გამოდიოდნენ, ფულს წვავდნენ და ხარხარებდნენ. როგორც ფსიქოლოგები ხსნიდნენ, ასეთ უჩვეულო საქციელს არასასურველ სამსახურში სტრესულ მდგომარეობაში მუშაობა და შვებულებისთვის, რემონტისთვის, შვილების სწავლისთვის ან თუნდაც უზრუნველყოფილი სიბერისთვის მუდმივად ფულის შოვნის და მისი გროვების აუცილებლობა იწვევს. ოფისებში გარჯისაგან „გადამწვარი“ ხალხი ჯავრს ამ იძულებითი და მძიმე შრომის მიზეზ ტკიცინა ბანკნოტებზე მათი განადგურებით იყრიდა. ამ ავადმყოფობის სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ ეკონომიურმა კრიზისმა მისი დამახსოვრების პრობლემაც უკეთეს დრომდე გადადო. სადღაა დასაწვავი ფული...
მაგალითად, გუშინ ძალიან ბევრი საქმე მქონდა, საშინლად გადავიღალე და გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის დასვენების საათი მომეწყო. ტახტზე გამოვიჭიმე, ლანგრით ყავა და შოკოლადი გვერდით მოვიდგი, ლეპტოპი მოვიმარჯვე და ჩემი საყვარელი ფსიქოლოგიური სერიალის წინასწარ გადმოწერილი და ასეთი მომენტისთვის საგანგებოდ შენახული სულ ახალი სერიის საყურებლად გავემზადე. ჩემი ფანატიზმი და ამ მომენტისათვის ცხოვრებით ტკბობა ბოლომდე რომ წარმოიდგინოთ, პატარა გადახვევას გავაკეთებ. ეს სერიალი ადრე ჩვენი ტელევიზიით გადიოდა და მეორე სეზონის დამთავრების შემდეგ შეწყვიტეს. მესამე სეზონს ახლა იღებენ და სულ ცინცხალი სერიები ჩემთვის ხელმიუწვდომელ არხზე კვირაში ორჯერ აჩვენებენ. მეც ჩასაფრებული ველოდები, ეთერში გასულ სერიას, როდის დახაკავენ და ტორენტფაილს როდის დამიგდებენ. მერე ვიწერ და ვუყურებ. ჰოდა, წამოვწექი, სრული კომფორტისთვის და ხარისხიანი ხმისთვის თავზე უზარმაზარი „ნაუშნიკები“ დავიმხე და ფილმი ჩავრთე. რაღაც კი მეუცნაურა, მაგრამ მხოლოდ ტიტრების დროს მივხვდი, რომ „ნაუშნიკები“ კომპიუტერში არ შემიერთებია და მხოლოდ ყურებს ვითბობდი...
ცარიელი ყავადანი რამდენჯერ დამიდგამს ცეცხლზე და რამდენჯერ გამკვირვებია ჩემი ყავის აპარატი თეთრ წყალს რატომ ასხამს მაგას აღარ მოვყვები. ერთხელ მხოლოდ გამორიცხვის მეთოდით მივაგენი მაცივარში შენახულ ტელევიზორის პულტს. ყველაზე დიდი სტრესი რამდენიმე წლის წინ განვიცადე. თუმცა მთლად ჩემი ბრალი არ იყო და ცოტა ჩვენი ქალაქის მერიაც დამეხმარა. პრესტიჟულ ქუჩებზე  ე.წ. „მარშუტკების“ მოძრაობა ახალაკრძალული იყო. რუსთაველზე ვმუშაობდი, სპორტულ დარბაზში კი ჭავჭავაძეზე  დავდიოდი. მე და ავტობუსები მაინდამაინც ვერ ვმეგობრობთ, ამიტომ იძულებული გავხდი 10 წუთიანი მგაზრობა 40 წუთიანი გამეხადა და მთაწმინდიდან ვაკეში საბურთალოს გავლით მემოძრავა. ერთხელაც ვზივარ „მარშუტკაში“,  დაახლოებით „აჭარასთან“ ფიქრებში გავერთე, ფანჯარაში გავიხედე და უცებ მივხვდი რამ არ მახსოვდა სად მივდიოდი... აუზის კამკამა წყალში ჩახტომისთვის განწყობილმა ტვინმა ვერ გააანალიზა საბურთალოზე რა მინდოდა. ასე არასდროს შემშინებია. სანედნიეროდ, კალთაში ჩადებული სპორტული რუკზაკი დავინახე და გონება გამინათდა.
შექსპირი გვეუბნება, „ადამიანის ყველაზე გავრცელებული სურვილია, სხვებისგან განსხვავდებოდესო“. ალბათ ამიტომაც „ვაფრენთ“ ყველანი ჩვენებურად.
ამას წინათ ერთი გადაცემა ვნახე ამაზონიაზე. ჯუნგლებში რაღაც ახალი და შედარებით თანამედროვე დასახლება გაჩნდა. ჟურნალისტი იქაურებს ესაუბრებოდა. სკოლა გვაქვსო, ტყე ნადირითაა სავსე და მდინარე თევზითო. დღისით ვნადირობთ, სასმელ-საჭმელი ულევი გვაქვს და საღამოს ცეკვა-სიმღერასა და თამშებში ვატარებთო. ბედნიერებაში ხელს არაფერი გვიშლის, ფულის შოვნა და გადასახადების გადახდა ჩვენ არ გვადრდებსო. შემშურდა.
აღიარებული ფაქტია, რომ რაც უფრო გაუნათლებელია ადამიანი, მით უფრო ნაკლებად აწუხებს გულის დაავადებები, დიაბეტი, ნევროზი და ყველა ის სნეულება რაც ნერვებთანაა დაკავშირებული. მთავარია მაძღრი იყოს და სულ არ აწუხებსს იბიცაზე რომ ვერ ისვენებს ან ჯაზ-ფესტივალის ბილეთების სიძვირე.
 „საკუთარ თავზე საუბრისას ადამიანი თავს უხერხულად გრძნობს. მიეცით მას ნიღაბი და ყველაფერს დაუფარავად მოგიყვებათ“- ოსკარ უაილდი. ნეტა, როგორი იქნებოდა სამყარო ყველანი რომ ნიღბებს ვატარევდეთ. აი, ამდენი „შერეკილი“ რომ არ იქნებოდა ეგ კი ზუსტად ვიცი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment