გზააბნეული ტურისტის პატარ-პატარა უსიამოვნებანი

Approved by Natia Jinjolava

 არა რა, ჩემი გაშვება უცხო ქალაქში რუკის გარეშე არ შეიძლება. ისევ დავიკარგე! უცხო ქალაქში გზის დაბნევას არა უშავს და მშობლიურ ქალაქში ასეთი სამარცხვინო „კაზუსები“  რამდენჯერ დამმართია. ერთი ჩემი მეგობარი ამ თვისებას „ტოპოგრაფიულ იდიოტიზმს“ ეძახის და მართალიცაა. ნებისმიერ ქალაქში მოძრაობისთვის რაღაც ორიენტირი მჭიდება. თბილისში ასეთი, რაღა თქმა უნდა, სატელევიზიო ანძაა. ვაი ჩემს თავს, ისეთ უბანში თუ მიწევს მისვლა, საიდანაც ეს ოხერი ანძა არ ჩანს! აი, მაშინ უნდა მნახოთ, კომპასიც შემომაშველოთ და ხელჩაკიდებული გამომიყვანოთ. თუმცა ერთხელ სწორედ ამ ანძის ქვეშ დავიკარგე, სოლოლაკიდან კონსერვატორიაში მისვლა მოკლე გზით გადავწყვიტე და სულ გადამავიწყდა, რომ მთაწმინდაზე გაუთავებელი მშენებლობების გამო „ლანდშაფტი“ სრულიად შეიცვალა. მოკლედ, სადღაც ზევით, ისეთ ადგილას რომ აღმოვჩნდი, საიდანაც დავინახე, რომ მეცნიერებათა აკადემიის შპილსაც გვარიანად გამოვცდი, მივხვდი, რომ კონსერვატორიაც და კონცერტიც უკან მომიტოვებია.

უცნობ ქალაქის ქუჩებში ხელში რუკამომარჯვებული დავდივარ, თუმცა ესეც დიდად არ მშველის. რუკა ხშირად „მატყუარაა“ - ერთხელ რომში ყოფნისას, სეირნობას შევყევი და ერთ მოედანზე აღმოვჩნდი. ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მოედანი ყველა მხრიდან შენობებითაა „ჩაკეტილი“ და ჰორიზონტი კი არა, გასასვლელიც არ ჩანდა. ცხადია, რომელიც მხრიდან მოვედი, ვეღარ გავიხსენე და ისევ რუკას ჩავხედე. ვხედავ, რუქაზე მოედანიც ხატია და იქიდან გამომავალი რამდენიმე ქუჩაც. ამ ქუჩების ძებნაში იქაურობას რამდენიმე წრე დავარტყი, თან ეს ოხერი, ვინმესთვის კითხვას რა აზრი აქვს - რამდენიმე ჩემნაირი დაბნეული ტურისტის გარდა არავინაა. ერთმანეთს გასაჭირი გავუზიარეთ, რუკებიც შევადარეთ, იქაურობა ერთად დავიარეთ, ჯ. ჯერომის პერსონაჟების ლაბირინთში დაკარგვის ამბავიც გავიხსენეთ. ბოლოს ვიღაც მადლიანი ადგილობრივი გამვლელი გამოვიჭირეთ, რომელმაც ჩვენს უგუნურობაზე მხრები აიჩეჩა, მერე რომელიღაც სადარბაზოს კარი გააღო და.. მოკლედ, რუკაზე დატანებული ამაყი სახელების მქონე ქუჩები ჩვენი წარმოდგენით ჩვეულებრივი კიბეები აღმოჩნდა.
ჩემნაირი ადამიანისთვის ვენეციაში სეირნობა მოსწრებაა - მახსოვს, ტურისტულ და ხალხმრავალ მარშრუტს აცდენილი, ხიდის ძებნა-ძებნაში ერთიდაიგივე ადგილას გამოვდიოდი, საიდანაც ეს ოხერი ხიდი ხელის გაწვდენაზე იყო, მაგრამ ერთმანეთისგან არხი გვყოფდა..

ჩემი ორი მეგობარი გამახსენდა, მთაში ნავალი და გამობრძმედილი ხალხი: დილაუთენია ხევსურეთის ერთ-ერთი სოფლიდან გამოსულებმა გეზი ფშავისკენ აიღეს. არავინ იცის, რამდენი კილომეტრი „დალაშქრეს“, დათვის ნაკვალევზეც გავიდნენ, გზად ხევში დედისერთა ზურგჩანთა ჩაუვარდათ. მოკლედ, იარეს, იარეს და შებინდებისას რაღაც სოფელი დაინახეს. გაიხარეს, დანიშნულების ადგილას ჩავსულვართო, მაგრამ პირველივე შემხვედრმა იმედი გაუქარწყლა - თურმე საიდანაც გამოვიდნენ, იმავე სოფელში დაბრუნებულან.
აი, კიდევ ერთი ისტორია: ჩემი მეგობარი ახლობლებთან ერთად სადღაც დუშეთთან პიკნიკზე გახლდათ. ტყეში ბლომად შინდი დაუკრეფიათ. მანქანებიკენ სავსე კალათებით მიმავლებს რუსი ტურისტების ჯგუფი შეხვედრიათ და რაღაც უკითხავთ. ერთ-ერთ მოპიკნიკეს რუსული ცუდად სცოდნია, მაგრამ პასუხი ამაყად და თავდაჯერებულად გასცა. თურმე ტურისტებს ის უკითხავთ, შინდი სად დაკრიფეთო... მოპასუხე «Кизил»-სა და «Кизик»-ს შორის დიდად ვერ გაერკვია და ქიზიყის გზა დაწვრილებით მიასწავლა. მოკლედ, გაუშვა მიუსავლეთში...

ხმელეთზე გზა ბევრს არევია, აი, „სანაოსნო დაკარგვა“ კი ალბათ უფრო იშვიათია და ხანდახან მოულიდნელი შედეგებიც მოჰყვება, თუნდაც კოლუმბის ისტორია გავიხსენოთ - კაცი ინდოეთში მიდიოდა და სად ჩავიდა.. რაღა შორს წავიდე და ერთ ჩემს ნაცნობს, მართალია, უფრო პროზაული ამბავი შეემთხვა: მეგობრებმა მტკვარზე ნავებით სამდღიანი გასეირნება და თევზაობა გადაწყვიტეს, დაირაზმნენ, აღჭურვილობა მოიმარაგეს და გზას (უკაცრავად, მდინარეს) გაუდგნენ. ერთი კვირის მერე ერთ-ერთის შეშფოთებულ ოჯახს კარზე პოლიციამ მიუკაკუნა - არშემდგარ მეთევზეებს თავი აზერბაიჯანში ამოუყვიათ და საზღვრის დამრღვევები შინ დიდი ალიაქოთით ბადრაგით დააბრუნეს.
როგორც წესი, მსგავსი თავგადასავლების გმირებს იმ წუთას არ ეღიმებათ, მაგრამ მერე, როცა დრო გავა, თავსგადამხდარ ისტორიებს ხალისით და ღიმილით იხსენებენ. ამიტომ, სამოგზაუროდ წამსველებს გირჩევთ: მთავარი - იუმორის გრძობა სახლში არ დაგავიწყდეთ! გზის აბნევა-აცდენის და დაკარგვის შემთხვევაში, ის ნებისიერ რუკაზე, გზამკვლევზე და კომპასზე უკეთესი მეგზურია!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

1 კომენტარი.:

  1. Natia Jinjolava

    http://www.zdr.ru/hots/2008/06/30/topograficheskii-kretinizm-eto-lechitsja/index.html
    მაგრად იხალისებ! თურმე ტოპოგრაფიული კრეტინიზმიც ქალების დაავადება ყოფილა :)

Post a Comment