რამდენიმე იდეა საშობაო კოქტეილებთან დაკავშირებით და გაყინული ბოთლები

Approved by Gourmet Guide


ბროწეულის კოქტეილი
პირველ რიგში, საყინულეში ჩააცივეთ პატარა ჭიქები (სირჩები), სასმელი კი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ, ცივი ჭიქებისთვის ასევე ჩაცივებული არაყი, ტეკილა, ვისკი ან ლიქიორი ლიმონჩელო გამოდგება. მოკლედ, ნებისმიერი სასმელი, რომელსაც ცივად სვამენ, რასაკვირველია კონიაკის გარდა (კონიაკის ჩაცივება დანაშაულის ტოლფასია. რაც უფრო თბილია კონიაკი ან ბრენდი, მით უფრო მდიდარ არომატს გამოსცემს). გაარჩიეთ ბროწეული და ბლომად ჩაყარეთ გაყინულ ჭიქებში, ზევიდან თქვენი შერჩეული ცივი სასმელი (მაგალითად არაყი) დაასხით და გემრიელად მიირთვით.

ცხელი სიდრი
ცხელი სიდრი გლინტვეინის მსგავსად მზადდება. ქვაბში ჩაასხით 2 ლიტრი სიდრი (ვაშლის ღვინო) და შემოდგით დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ 6 ცალი მიხაკი, დარიჩინის პატარა ჩხირი (გასინჯეთ ხოლმე და დარიჩინის გემო მეტისმეტი თუ მოგეჩვენათ, ჩხირი ამოიღეთ), რამდენიმე ნაფხვენი ჯავზის კაკალი, 2-3 ცალი ვარსკვლავა ანისულა, შუაზე გაფატრული ვანილის ჩხირი, 1 ფორთოხლის წვენი, 1მანდარინის წვენი და შაქარი თქვენი გემოვნებით (დაახლოებით 4-5ს/კ). ღვინო მიიყვანეთ დუღილამდე, მაგრამ ნუ აადუღებთ. დუღილის დროს ალკოჰოლი ორთქლდება. მიირთვით ცხლადვე.

გაყინული ბოთლები
ასე შვედეთში აკეთებენ და თან ძალიან ადვილია. 1 ლიტრიან პლასტმასის ბოთლს თავი წააჭერით და შიგნით მოათავსეთ 700 მლ-იანი არყის, ჯინის, ტეკილას ან ნებისმიერი ჩასაცივებელი სასმელის ბოთლი. ბოთლებშუა სივრცე წყლით აავსეთ და შიგნით ლამაზი ფოთლები, ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭრები, რაიმე კენკრა და ამდაგვარი რაღაც-რუღაცეები ჩაალაგეთ. მერე მაცივარში შედგით და გაყინეთ (დაახლოებით 2 საათი ყოფნის). წვეულების წინ გაყინული ბოთლი საყინულედან გამოიღეთ, პლატსმასის ბოთლი მოხსენით და სტუმრები გააოცეთ. გასაგებია, რომ ასეთი ბოთლი მაგიდაზე ჩამოსადგამად და საყურებლად არ გამოდგება და სწრაფი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. მაგრამ თეფშზე თუ დადგამთ, მაგიდას აღარ დაასველებს, სასმელს კი რამდენიმე საათის განმავლობაში ცივად შეინახავს. განსაკუთრებულად ეფექტურია სააგარაკო, ხალხმრავალი წვეულებებისთვის.


(ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

„ბრეგაძეებში ქეიფს რა ჯობია...“

Approved by Gourmet Guide

საახალწლო სუფრისთვის ყველა ოჯახი განსაკუთრებულად ემზადება. ბაზარში სირბილი და ფუსფუსი ზოგან ერთი კვირით ადრე იწყება, ზოგიც სამ დღეში ასწრებს ყველაფერს და მერე ღამის თორმეტი საათისთვის სირბილ-სირბილით გაწყობილი სუფრები საცივის, შემწვარი გოჭისა და ათასგვარი სხვა ნუგბარისგან იზნიქება. ასევე, წელში იზნიქება და ტყდება სიქაგამძვრალი დიასახლისიც. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ახალი წლის პურმარილს სცენარი ჩვენებური ოჯახების 80%-სთვის ერთნაირია, ახალი წლის შეხვედრის წესი კი შეიძლება სამ კატეგორიად დაიყოს: ჩემნაირები - რომლებიც ახალ წელს სახლსგარეთ ხვდებიან, ჩემი დის ნაირები - რომლებიც ახალ წელს ოჯახურ წრეში ხვდებიან და მამაჩემისნაირები - სადაც კარი მთელი ღამე ღიაა  და რამდენი პარტია სტუმარი მოდის და მიდის, ვერავინ ითვლის.
ჩემი დღევანდელი მოსაზრებები მესამე ვარიანტს არ ეხება, ასეთ დროს დიასახლისი ბედს უნდა შეეგუოს და წელშიც ნებაყოფილობით გაწყდეს - სხვა გზა არ არსებობს. სტუმრებს თუ ეპატიჟები უნდა გაუმასპინძლდე კიდეც.
ჩემი დის შემთხვევაში კი მართლა არ მესმის მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის (თუნდაც გაფართოებულ ვარიანტში, ანუ დედამთილ-მამამთლისა და ოჯახსგარეთ მცხოვრები უახლოესი ნათესავების ჩათვლით) განკუთვნილ სუფრას რა აუცილებელია ერთდროულად ამშვენებდეს საცივი, შემწვარი ქათამი, შემწვარი გოჭი, ბეფ-სტროგანოვი, მოხარშული ღორის ხორცი, შემწვარი კალმახი, სათალი, ნიგვზიანი კუჭმაჭი, ოთხნაირი ფხალი, მინიმუმ ორნაირი სალათა (ოლივიე და კრაბის სალათა), კეცზე შემწვარი სოკო, ნადუღი და კიდევ რამდენიმე კერძი რომლის მომზადებაც არ იგეგმებოდა, მაგრამ ინგრედიენტებს შემთხვევით გადააწყდნენ ბაზარში. ამას დამატებული ტრადიციული ქართული ჩურჩხელა/გოზინაყი/ჩირები, შოკოლადების "N" რაოდენობა და რვა სახეობის ნამცხვარი - ეს ჩემი დის ყოველწლიური მენიუა მცირედი ცვლილებებით. შედეგად, სადღაც თერთმეტის ნახევრისთვის ჩემი და ნახევრადცოცხალ მდგომარეობაში ასვენია ტელევიზორის წინ და მერე დაახლოებით 2 დღე მოდის გონზე. არა, ამ ყველაფერს საკუთარი ინიციატივით სჩადის (ისევე, როგორც ყველა ჩვენი დიასახლისი) და არავინ აიძულებს და გარკვეულ სიამოვნებასაც ღებულობს პროცესში. მაგრამ მე ჩვენს ქალებს საკუთარი თავისადმი სიყვარულისკენ მოვუწოდებ. 
ჩემი აზრით, ერთი საღამოს მენიუს და ამხელა პროვიანტის რამდენიმე დღეზე გადანაწილება თავისუფლად შეიძლება, მით უმეტეს, რომ ჩვენთან ახალი წელი და სტუმრების მისვლა-მოსვლა მთელი 14 დღე გრძელდება. ოჯახს ლამაზად გაფორმებულ სუფრაზე გაწყობილი ძალიან საზეიმო, ძალიან ძვირფასი და გამორჩეული სადილიც ეყოფა. გარდა ამისა, ყველა აღიარებს რომ ერთიდაიგივე საჭმელები ოჯახიდან ოჯახში ყველას ყელში აქვს ამოსული. ერთ წელს კამეჩისხელა ინდაურისაგან დამზადებული საცივი რომ არ შეიჭამა, 4 იანვარს მამაჩემმა კერძში ღვინო ჩაგვისხა, გადაასხით და ახალი გააკეთეთ, ეს სტუმარს აღარ აჭამოთ, დაძველდაო. კარგით, საცივი ხელშეუხებელია და იყოს, თუმცა მისგან ინდური კარის (რომელიც საცივს ძალიან გავს) ან სულაც  ევროპულად შემწვარი ვარიანტის გაკეთებაც შეიძლება, კიდევ ერთ ცხელი კერძი (მაგალითად: ბეფ-სტროგანოვი, ბიფ-ველინგტონი, ღორის ხორცი არაჟანში, "ოსტრი"... და ა.შ.), ორნაირი ან სამნაირი სალათი, ხაჭაპური და რასაკვირველია ბევრი ტკბილეული მემგონი სრულიად საკმარისია.
ერთხელ 3 იანვარს თანამშრომლები მოვიწვიე სახლში და ყველა ერთნაირი განწყობით მესტუმრა - საჭმლის გაგონებაც არ უნდოდათ და გაშლილ მაგიდას დიდი ენთუზიაზმის გარეშე მიუსხდნენ. მენიუში ჩილი კონ კარნე, ყვავილოვანი კომბოსტოს და არაჟნის სალათა, გამომცხვარი ბულგარული წიწაკები მოცარელათი და ქათმის რულეტი მქონდა. უნდა გენახათ ზუსტად ორ წუთში ყველა რა გემრიელად ჭამდა. მობეზრებული გემოების შემდეგ რაღაც განსხვავებული ყველას ესიამოვნა.
ახლა ჩემნაირ მოხეტიალეებს რაც შეეხება - 31-ში საერთოდ არაფერს ვაკეთებ. 1-ში თვითონ ვარ სტუმრად, 2-ში მამასთან გვაქვს ოჯახური შეკრება, ამიტომ საკუთარ ვიზიტორებს მხოლოდ 3 იანვირდან ვღებულობ და წინა წელს გაკეთებულ ნამცხვარსა და საჭმელს ვერაფრით დავახვედრებ. შესაბამისად, ჩემი საახალწლო მზადება/მზარეულობა სწორედ 3-ში იწყება. ახალი წელიც შერგებული მაქვს, სხვისი გაკეთებულიც მირთმეული მაქვს და ამიტომ მორალური კმაყოფილების სრული შეგრძნებით აღარაფერი მეზარება.
ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე, რომ ყოველთვის არ არის საჭირო თავის მოკვლა ერთი საღამოსთვის და ხელთარსებული ფიზიკური (დაღლილობა/დაქანცულობა) და ფინანსური (ოჯახის მთლიანი ბიუჯეტი) რესურსების ერთი დღისთვის ფლანგვა. არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი ახალი წლის მოწყობა ამის გარეშეც შეიძლება - კარგი, საზეიმო და ტრადიციულისგან განსხვავებული სადილი, რომლის მომზადებასაც თუნდაც 30-ში შეძლებთ და დასვენებული და ბედნიერი დიასახლისი მზარეულის ნაცვლად სუფრის სრულფასოვან წევრად. მემგონი მშვენიერია, არა?!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შოკოლადის ზღარბები

Approved by Gourmet Guide


16 ცალი ზღარბისთვის დაგჭირდებათ: 100 გრ კარაქი, 60 გრ შაქარი, 1 მწიკვი მარილი, 160 გრ ფქვილი, 1 პაკეტი ვანილის პუდინგის ფქხვნილი (იყიდება სუპერმარკეტებში), ½ ლ რძე, 2 კვერცხის გული, 150 გრ შაქარი, 250 გრ დარბილებული კარაქი, 40 გრ კაკაო, 1პატარა ფირფიტა შოკოლადის ტორტის ბისკვიტი (შეგიძლიათ გამოაცხოთ, შეგიძიათ იყიდოთ გამზადებული. პრინციპში, ფხვიერი პეჩენიაც გამოდგება), 50 გრ შაქარი, 1/2 ჭ წყალი, 100 გრ ნუში (სიგრძეზე ჩხირებად დაჭრილი), 300 გრ შავი შოკოლადი
100 გრ კარაქის, 60 გრ შაქარის, მარილისა და ქფვილისაგან მოვზილოთ ფხვიერი ცომი. გავახვიოთ ცელოფანში და 2 საათით მაცივარში შევდოთ. ქაღალდისგან გამოვჭრათ ზღარბის შაბლონი - დაახლოებით 7 სმ-ის სიგრძის კვერცხის ფორმის ოვალი (ერთი ბოლო რომ მრგვალი და მეორე წაწვეტებული ქონდეს). ღუმელი 200°C-მდე გავახუროთ. ფხვიერი ცომი პერგამენტის ქაღალდზე ½ სმ-ის სისქეზე გავაბრტყელოთ და გამზადებული შაბლონის მიხედვით 16 ცალი ოვალი ამოვჭრათ. ამოჭრილი ოვალები ღუმელში შევდგათ და დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში ვაცხოთ, მერე გამოვიღოთ და გასაგრილებლად დავდოთ. პუდინგის ფხვნილი 3 ს/კ რძეში გავხსნათ და კვერცხის გულები ჩავათქვიფოთ. რძე და შაქარი გაზზე გავაცხელოთ და დუღილამდე რომ მივა, პუდინგის ფხვნილიანი მასა ჩავუმატოთ და მორევა-მორევით კრემი მოვადუღოთ. დაახლოებით 2 წუთი ვადუღოთ, მერე გაზიდან გადმოვდგათ და გავაციოთ. კარაქი ავთვიფოთ კრემის კონსისტენციამდე და თითო-თითო კოვზად გაცივებული პუდინგი ჩავათქვიფოთ. 3 ს/კ კრემი ზღარბების მოსართავად შევინახოთ, დანარჩენში კი კაკაო შევურიოთ.
 ტორტის ბისკვიტი კუბიკებად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ წყლის და შაქრისაგან მოდუღებული ცხელი სიროპი. თავზე დავახუროთ და 30 წთ გავაჩეროთ. სიროპით გაჟღენთილი ბისკვიტის კუბიკები კრემში გადავურიოთ, ისე რომ კუბიკები ბოლომდე არ ავზილოთ. მიღებული კრემი ფხვიერი ცომის ოვალებზე გორასავით დავახვავოთ. ნუშის ჩხირები ეკლებივით ჩავარჭოთ მომავალი ზღარბების მთელ სხეულზე - ცხვირის წვეტიანი ნაწილის გარდა ყველგან. ზღარბის ნახევარფაბრიკატები 1 საათით მაცივარში შევდგათ. შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე და გადავასხათ ზღარბებს. შოკოლადის სარკალა რომ შეშრება გადანახული თეთრი კრემით დავასვათ თვალები და ცხვირები (ისე როგორც სურათზეა) თვალებზე მეტი ნატურალურობისთვის თითო შოკოლადის წუნწკლიც დავაწვეთოთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოინსი

ბანანის ბეზე

Approved by Gourmet Guide


(გამოდის 12 ცალი)
ინგრედიენტები: 8 ც კვერცხის ცილა, 200 გრ შაქარი, 150 გრ შაქრის პუდრა, 30 გრ კარტოფილის სახამებელი, ½ ლ ცხიმიანი ნაღები, 3 ს/კ შაქარი, 2 ს/კ კაკაო, 100 გრ შავი შოკოლადი, 6 ბანანი, 50 გრ დაშაქრული ნუშის ფხვნილი, პერგანებტის ქაღალდი თუნუქის ფირფიტაზე დასაფენად
ღუმელი 100°C-მდე გავახუროთ, საცხობ ფირფიტაზე პერგამენტი დავაფინოთ. კვერცხის ცილები ავთქვიფოთ სანამ გამაგრებას არ დაიწყებს, ბოლომდე რომ გამყარდება თითო-თითო კოვზად ჩავათქვიფოთ შაქარი. ბოლომდე ათქვეფილ ბეზეში ფრთხილად ხის კოვზით გადავურიოთ შაქრისა და სახამებლის ნარევი. ბეზე ჩავასხათ ვარსკვლავის ფორმის თავიან საკონდიტრო ტომსიკაში და პერგამენტზე დავსვათ ნატურალური ბანანის ფორმისა და ზომის 12 რკალი. შევდგათ ღუმელში, ღუმელის კარი ოდნავ ღია დავტოვოთ და 8 საათით დავივიწყოთ. გამომცხვარ ბეზეს პერგამენტი ავაცალოთ და გასაცივებლად დავტოვოთ. ნაღები და შაქარი კარგად ავთვიფოთ, დავუმატოთ კაკაო და გამზადებული კრემ-შანტილი ჩავასხათ ვარსკვლავის თავიან საკონდიტრო ტომსიკაში. ვარსკვლავები დავაჯინოთ ბეზეს მთელ ზედაპირზე. წყლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი. ბანანები გავფცქვნათ და სიგრძეზე გავჭრათ შუაზე. თითო ნახევარი თითო ბეზეს დავადოთ გაჭრილი მხარით ქვევით და ზემოდან გამნდარი შოკოლადი გადავასხათ. ბოლოს, თავზე დაშაქრული ნუშის ფანტელი მოვაყაროთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Beef Wellington - ბიფ-ველინგტონი

Approved by Gourmet Guide


ბიფ-ველინგტონი საკმაოდ ცნობილი და უზომოდ გემრიელი „პრესტიჟული“ კერძების რიცხვს მიეკუთვნება. მას საქონლის ფილეს, დიუქსელისა (ტაფაზე მოხრაკული ხახვი და სოკო) და ფენოვანი ცომისგან ამზადებენ. კაცმა არ იცის ასე რატომ ქვია, ზოგი ამბობს, რომ ეს სახელი ჰერცოგი ველინგტონის ჩექმასთან მსგავსების გამო დაარქვესო, მაგრამ პირადად მე, ცომში გახვეულ უგემრიელეს ხორცსა და ჩექმას შორის ვერანაირ მსგავსებას ვერ ვპოულობ.
ამ სახელგანთქმული კერძის ყველაზე სახელგანთქმული ვერსიის ავტორი კი კვლავაც გორდონ რამზი გახლავთ და დღეს სწორედ მის საავტორი რეცეპტს გთავაზობთ. ოღონდ ჩემი შენიშვნით. ევროპასა და ამერიკაში საქონლსი ხორცს, უფრო გემრიელი და რბილი რომ გამოვიდეს კარგად განიავებად და გრილ ოთახში საგანგებოდ აძველებენ - მინიმუმ 2 კვირა მაინც (ხანდახან თორმეტიც). და სწორედ ამიტომ დნება მერე პირში ნახევრად უმი და სისხლიანი ხორცი. ქართული ძროხის ხორცით იგივეზე ოცნებაც კი ზედმეტია - სისხლიანი ბიფშტექსის გასინჯვის მსურბელებს ჩვენში პერსპექტივა არ აქვთ. ქართული ძროხა უმი კი არა კარგად შემწვარიც არ იკბიჩება. ამიტომ თუ გინდათ რომ ბიფ-ველინგტონთან მიახლოებული რამ დაამზადოთ, ან საქონლის ხორცი უნდა შეცვალოთ ღორის სუკით (და მაშინ პორკ-ველინგტონი გამოვა), ან ხორცი წინასწარ დიდხანს უნდა ხარშოთ და კერძი მოხარშული ხორცით გააკეთოთ. სხვანაირად არაფერი გამოვა

ბიფ-ველინგტონი
(2 პორცია)
ინგრედიენტები: 400 გრ საქონლის ფილე, 400 გრ სოკო (ცოცხალი შამპინიონებიც გამოდგება), 4 ნაჭერი პარმული ლორი, ინგლისური მდოგვი, 200 გრ ფენოვანი ცომი, 2 კვერცხის გული, 1 კბილი ნიორი, 1 ტოტი ქონდარა, მარილი და პილპილი, ზეითუნის ზეთი
ღუმელი 200°C-მდე გავახუროთ. ტაფაზე ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი დავასხათ და მარილ და პილპილმოყრილი საქონლის ფილე ყველა მხრიდან დავბრაწოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ასე ხორცის მეტისმეტად გამოშრობას ავიცილებთ თავიდან და თან გემოც უკეთესი ექნება. რომ შეგრილდება ყველა მხრიდან წავუსვათ მდოგვი. მსხვილად დაჭრილი სოკო და 1 კბილი ნიორი ბლენდერში დავაპიურეოთ და სოკოს პიურე ცხელ, მშრალ ტაფაზე მოვთუშოთ (სითხე ამოვაორთქლოთ). თუშვის პროცესში ქონდარას ფოთლებიც დავუმატოთ და სოკო ბოლომდე რომ გაშრება (პიურე წებოვანი გახდება), გაზიდან გადავდგათ და გავაგრილოთ (ველინგტონის საშობაო ვერსიაში რამზი დუქსელში 200 გრ შემწვარ წაბლსაც ამატებს). შესაფუთი პოლიეთილენის პარკი მაგიდაზე დავაფინოთ და ცელოფანზე პარმული ლორი გვერდიგვერდ დავალაგოთ (ერთიანი მართკუთხედი რომ მივიღოთ ისე). ლორს ჯერ პილპილი მოვაყაროთ და მერე ბლაგვი დანით სოკოს პიურე თანაბრად გადავუსვათ. პიურეზე მობრაწული ფილე მოვათავსოთ შუაში და პოლიეთილენის დახმარებით დავახვიოთ, ისე რომ ხორცს ლორი მთლიანად შემოერტყას ირგვლივ. პოლიეთილენის თავისუფალი ბოლოები ერთმანეთის საწინაარმდეგო მიმართულებით კამფეტის ფოჩვებივით გადავგრიხოთ (ფილემ ერთიანი, თანაბარი ფორმა რომ მიიღოს). ცელოფანში გახვეული ხორცი საყინულეში შევდოთ 10-15 წუთით (ფორმა რომ შეინარჩუნოს). ფენოვანი ცომი ხორცი მთლიანად რომ დაფაროს ისეთ ზომაზე გავაბრტყელოთ, ფილეს ცელოფანი შემოვაცალოთ, ცომზე მოვათავსოთ და გადავახვიოთ, გვერდები შემოვუკეცოთ და ზედმეტი ცომი მოვაჭრათ. ხორცი ისევ ცელოფანში გავახვიოთ და  დაახლოებით 5 წუთით ისევ მაცივარში შევდგათ. ხორცი მაცივრიდან გამოვიღოთ, ზევიდან ათქვეფილი კვერცხის გული გადსავუსვათ, მსხვილი მარილი მოვაყაროთ და დანის ბლაგვი მხრიდან ფრთხილად, ფიგურულად დავსეროთ სილამაზისთვის (ეცადეთ, ცომი არ გაჭრათ!). 200°C-მდე გახურებულ ღუმელში შევდგათ და 35-40 წუთი ვაცხოთ. რომ გამოვიღებთ, 8-10 წუთი მაინც ნუ დავჭრით.



გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


დატენილი გოგრა

Approved by Gourmet Guide


მოგრძო გოგრა 1 ც (3-4-კგ)
ბრინჯი -  მიახლოვებით 1,5 ჩაის ჭიქა
ქიშმიში, კურაგა, (ტყლაპი, შავი ქლიავის ჩირი) - სულ 1 ჩაის ჭიქა
შაქარი (თაფლი) - საშუალოდ 1 ჩაის ჭიქა
კარაქი - 100 გრ
მარილი -  2 ჩაის კოვზი
აარჩიეთ მოგრძო ფორმის  ისეთი ზომის გოგრა, რომ სიგრძეში ჰაერღუმელში ჩაეტოის. ეცადეთ ძალიან ვიწროყელიანი არ აიღოთ, რადგან  თესლის მოშორება გაგიჭირდებათ.   გარეცხეთ, ჩამოაჭერით ყუნწიანი „ქუდი“, თესლისგან გაასუფთავეთ და ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.
მოამზადეთ შიგთავსი. გრძელი ბრინჯი ნახევრამდე მოხარშეთ ბევრ წყალში, დაამარილეთ, წყალი გადაწურეთ, სქელძირიან ქვაბში თუ ტაფაში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ დათუთქული  ქიშმიში, კურაგა და შავი ქლიავის ჩირი (მჟავე ტყლაპიც ძალიან უხდება), ქიშმიშის ზომაზე დაჭრილი, მოხარშული ბრინჯი, შაქარი (შეგიძლიათ თაფლიც დაუმატოთ). აურიეთ და გააცხელეთ, სანამ შაქარი არ დადნება. ფლავი გამოდგით და გააცივეთ.
აიღეთ მომზადებული  გოგრა და  საკმაოდ მჭიდროდ დატენეთ მზა ბრინჯის ფლავით გოგრის მოცულბის ¾-ზე. ღუმელში მზადებისას ნახევრად მოხარშული ბრინჯი ზომაში იმატებს. დაახურეთ ჩამოჭრილი გოგრისავე თავსახური, რომ არ ჩამოვარდდეს, დაამაგრეთ კოქტეილის გრძელი შამფურებით ან უხმარი კბილის საჩიჩქნებით. შედგით გაცხელებულ ღუმელში ფოლგაზე, რომ მრავალსაათიანი ცხობის შედეგან გოგრის ძირი არ დაიწვას და დატოვეთ ასე ყველაზე დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 5-6 საათით. შემოწმება ადვილია, მზა გოგრაში ადვილად შეაღწევს ჩანგალი ან ჩხირი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

პანაკოტა ბროწეულის სიროპით

Approved by Gourmet Guide



(2 პორცია)
ინგრედიენტები: 50 მლ ნაღები, 50 მლ რძე, 50 გრ შაქარი, 2 ს/კ რომი, 1 ს/კ ჟელატინი; 50 გრ შაქარი, 150 მლ ბროწეულის წვენი; მაცივარში ჩაცივებული შოკოლადის ფილა ბურბუშელას ასათლელად
ქვაბში ჩავასხათ ნაღები და რძე, ჩავაყაროთ შაქარი და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე (შაქარი რძეს და ნაღებს ქვაბიდან გადმოსვლაში შეუშლის ხელს), დავუმატოთ რომი და თქვეფა-თქვეფით მივიყვანოთ ადუღებამდე. გადმოვდგათ ცეცხლიდან. დამბალი ჟელატინი გადავწუროთ და დავუმატოთ ნაღებს. მოვურიოთ და ჟელატინი რომ გადნება ნაღების კრემი ლამაზ, პატარა ჭიქებში გავანაწილოთ. ჭიქები ¾-ზე შევავსოთ და მაცივარში შევდგათ შესასქელებლად.
ახლა ბრწეულის სარკალა მოვამზადოთ: 50 გრ შაქარი დავყაროთ ტაფაზე დავასხათ 150 მლ ბროწეულის წვენი და სქელი, წებოვანი სიროპის მიღებამდე ვათუხთუხოთ. მზა სიროპი ფიალაში გადავასხათ და გავაგრილოთ. დაახლოებით 2-3 სთ-ის შემდეგ, პანაკოტა რომ გამზადდება, მაცივრიდან გამოვიღოთ და გაგრილებული სიროპი მოვასხათ. მაცივრიდან წინდაწინ ჩაცივებული შოკოლადის ფილა გამოვიღოთ, ბურბუშელა ავათალოთ და პანაკოტას მოვაყაროთ.


(გორდონ რამზის რეცეპტებიდან)
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

საჭმელი ნაძვის ხე

Approved by Gourmet Guide




ოდესღაც საშობაო ნაძვის ხეს მთლიანად საჭმელი „სათამაშოებით“ რთავდნენ. ჩვენებურ ჩიჩილაკზეც ზუსტად იგივეს აკეთებდნენ - ბავშობაში ბებია-ბაბუსათან საახალწლო არდედეგებზე სტუმრობისას, კარგად მახსოს ჩვენი მეზობელი უზარმაზარ ჩიჩილაკს მანდარინებით, სუროს ფოთლებით, რაღაც წითელი ფერის კენკრის ტოტებითა და ჩურჩხელებით როგორ ამშვენებდა. მეგრელები ჯანჯუხას მუქი მელნისფერი ადესის წვენისგან ამზადებენ და უნდა გენახათ რა ლამზი იყო ჩიჩილაკის სპილოსძვლიფერ ტალღებში გაბნეული კვასკვასა სტაფილოსფერი მანდარინის ბურთები და მელნისფერი ჩურჩხელის ლოლუები, სხვათა შორის ჩინეთში ახალ წელს ნაძვისხის ნაცვლად დახუნძლულ მანდარინის ხეებს დგამენ - რაც უფრო მეტი მანდარინია ბუჩქზე, მით უფრო ბედნიერი და ბარაქიანი წელი ექნება მის იღბლიან მფლობელს.
მსგავის ექსპერიმენტის ჩატარების სურვილი დიდი ხანია მაწუხებდა და წელს, როგორც იქნა განვახორციელე - ჩემი სათადარიგო ნაძვის ხე (ძირითადი კვლავაც ტრადიციული მინის სათააშოებით იწონებს თავს) ჩვენი ვარდისფერი პანტერას მიერ საგანგებოდ ამ საქმისთვის ამოვლებული სამთხილიანი ჩურჩხელებითა და ჩემი საფირმო რეცეპტით დამზადებული პეჩენიებით მოვრთე.
ზოგადად, ნებისმიერ მეტ-ნაკლებად გემრიელ პეჩენიას მინიმუმ 2 კვერცხი, 200 გრ კარაქი, 150 გრ ნუში/თხილი/ნიგოზი მაინც უნდა. ამიტომ მისი, და მით უმეტეს, რამდენიმენაირის დამზადება იაფი სიამოვნება სულ არ არის, ორი პორცია პეჩენიის პროდუქტებით ნებისმიერი ძვირფასი და „სერიოზული“ ნამცხვარი გამოგივათ. ამიტომ, მარტო ნაძვის ხის მოსართავად თავის გაგიჟება არ ღირს. საბედნიეროდ, ჩემს ბლოკნოტებში ერთი საინტერესო რეცეპტი მეგულებოდა და მოვიძიე. თუმცა, გულახდილად გეტყვით, რომ ოდესმე თუ ამოვქექავდი და თანაც ბლოგში გამოვაქვეყნებდი, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ნამნდვილად აღარ მეგონა. ახლავე აგიხსნით რატომ. 90-იან წლებში, პირველად რომ გამოგვირთეს გაზი, დენი, გათბობა, ცხელი წყალი და აღარაფერი იშოვებოდა ეს რეცეპტი იმ პერიოდის პირმშოა. ვინმე სახლში თითო ქილა მურაბას თუ აღმოაჩენდა, სასწრაფოდ ვიკრიბებოდით და საზეიმო ჩაის სმას ვაწყობდით. ჩვენ კი, მამას გასაოცარი მონდომების წყალობით სახლში სულ გვქონდა თითო ტომარა შაქარი, ფქვილი და დიდი ყუთით კარაქი. ამიტომ ერთადერთი რაც შეგვეძლო მეტი არაფერი რომ არ უნდოდა, ისეთი ნამცხვარი უნდა მოგვეფიქრებინა და როემლიღაც კულინარიულ წიგნში მივაგენით კიდეც. 
სწორედ ასე გაჩნდა პეჩენია „უ“ - ანუ „უარაფრო“. საკმაოდ გემერიელია და რაც ყველაზე მთავარია, ყველაფრის დამატება შეიძლება, ანუ ერთი პორციისგან შეგიძლიათ ნაწილი კაკაოთი ანუ შოკოლადის გააკეთოთ, ნაწილს დაფქული თხილი ან ნიგოზი შეურიოთ, ნაწილს დარიჩინი, ნაწილს ფორთოხლის ან ლიმონის გახეხილი ცედრა, ნაწილს ხსნადი ყავა და ყველა სხვადასხვანაირი გამოგივათ. თან რაც ყველაზე მთავარია, პეჩენია აბსოლიტურად თეთრად ცხვება და ამიტომ მისი ცომის ტორტის საღებავებით შეღებვა და წითელი გულების, ყვითელი ვარსკვლავების, ცისფერი ყვავილების გამოცხობა შეგიძიათ. მოკლედ, ყველაფერი თქვენ ხელში. კიდევ ერთი, ძალიან ნუ გააბრტყელებთ და დიდხანს ნუ აცხობთ, თორემ პეჩენია ძალიან გამაგრდება. მაგრამ თავზე შოკოლადს ან მოხარშული ბეზეს სარკალას თუ გადაუსმევთ, ისევ დარბილდება (ან სულაც ქვაბში შეინახეთ).

პეჩენია „უ“
ინგრედიენტები: 2 ჭ ფქვილი, ¾ ჭ შაქარი, 1/3 ჭ წყალი, ¼ ჩ/კ სოდა, 2 გრ ვანილი, 50 გრ მარგარინი, 1 მწიკვი მარილი

შაქარი და წყალი მივიყვანოთ ადუღებამდე, შაქარი რომ გადნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავაგდოთ მარგარინის ნაჭერი და მოვურიოთ მარგარინი რომ გადნეს. მარგარნიანი სიროპი ოთახის ტემპერატურის რომ გახება კოვზით გადავურიოთ ერთმანეთში არეული ფქვილი, მარილი, სოდა და ვანილი. უნდა მოიზილოს რბილი ცომი, რომელიც ჯამის კიდეებს შორდება და ხელზე არ გვეკრობა. საჭიროების შემთხვევაში ცოტა ფქვილი დავუმატოთ.
ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ ცომი 0,5 სმ-ის სისქეზე და ფიგურული საჭრელებით ამოვჭრათ (ნაძვის ხის სათამაშოებად გამოყენებას თუ აპირებთ, ნახვრეტიანი ფორმები შეარჩიეთ ან ზეთში ამოვლებული მაკარონები ან ასანთის რერები ჩაარჭვეთ, რმელსაც გამოცხობის მერე ამოაძრობთ და დარჩენილ ნახვრეტში ლენტს გაუყრით). დავალაგოთ ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე და გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ დაახლოებით 12-15 წუთი. გამომცხვარი პეჩენია, ძალიან რბილი (გაციებისას მაგრდება) და სრულიად თეთრია, რომ მზადდება მანამდე გადატკეცილი ზედაპირი ოდნავ უნაოჭდება. უმი არ გეგონოთ, თამამად გამოიღეთ ღუმელიდან, თორემ თუ დაბრაწავთ, ძალიან გამაგრდება და ვეღარ შეჭამთ.

ნაძვისხის დეკორაციების დამზადება სხვა ნამცხვრების ცხობისას მორჩენილი კვერცხის ცილისგანაც შეიძლება.
ნაძვის ხის ხრაშუნა სათამაშოები ბეზესგან
(გამოდის 30 ცალი)
ინგრედიენტები: 150 გრ შაქრის პუდრა, 3 კვეცხის ცილა, ნებისმიერი ფერის საღებავები (რასაკვირველია კულინარიული), ფერად-ფერადი შაქარი და კამფეტები ბეზეზე მოსაყრელად

ორ ცალ თუნუქის საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ღუმელი გავაცხელოთ 100°C-მდე. კვერცხის ცილები ავთქვიფოთ კარგად და მყარი, თეთრი ბეზე რომ გახდება ჩავათქვივოთ შაქრის პუდრა. ათქვეფილი ბეზე რამდენიმე ნაწილად გავყოთ და სხვადასხვა ფრად შევღებოთ. შეღებილი ბეზე საკონდიტრო ტომისკაში გადავიტანოთ და საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტზე რგოლები, რვიანები, ოვალები და სხვადასხვა ფიგურები დავსვათ (რომლებსაც ჩამოსაკიდებელი ლენტის გასაყრელი ნახვრეტი ექნებათ). თავზე ფერადი დეკორატიული კამფეტები მოვაყაროთ და ღუმელში შევდგათ 2-3 საათით, თან თუმელის კარი ოდნავ გამოღებული დავტოვოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი 

გორდონ რამზის საშობაო „ბომბა“

Approved by Gourmet Guide



ინგრედიენტები: 400 გრამი მაღალი ხარისხის შოკოლადის რულეტი (არაჩვეულებრივია „7 day“-ის მზა რულეტები. 3 ცალი გეყოფათ), 390 გრ სიროპში ჩალაგებული დასპირტული ალუბლები, 180 გრ შაქარი, 75 გრ წყალი, 2 დიდი კვერცხის ცილა, 300 მლ ცხიმიანი ნაღები, 50 გრ კოჭა სიროპში (დაჭრილი) და 1 ჩ/კ კოჭანადები სიროპი, 1 ს/კ ლიქიორი „Grand Marnier“ ან „Cointreau“, 50 გრ დაჭრილი დაშაქრული ხილის ნარევი, 30 გრ დაჭრილი დაკარამელებული წაბლი, 30 გრ მოხალული და უხეშად დაჭრილი ფსტის კაკალი, წითელი მოცხარის რამდენიმე ტოტი მოსართავად და შაქრის პუდრა თავზე მოსაყრელად
2 ლიტრის მოცულობის ფიალის ფორმის ჯამში ამოვაფინოთ გადასაჭრელი ცელოფანი. რულეტი 1 სმ-ის სისქის ნაჭრებად დავჭრათ და ჯამში ამოვაფინოთ (რამდენიმე ნაჭერი თავზე მოსაწყობადაც შევინახოთ). ალუბალი გადავწურო და სიროპი შევინახოთ. ჯამის კედლებზე ამოფენილი რულეტი ალუბლის სიროპით დავნამოთ (რამდენიმე კოვზი სიროპი დარჩენილი რულეტის ნაჭრების დასანამად შევინახოთ).  შაქარი და წყალი სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ და დაბალ ცეცხლზე გავადნოთ. ცეცხლს ავუწიოთ და სიროპი 120°C-მდე გავაცხელოთ. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები, მყარი ბეზეს მიღებამდე. სიროპი რომ გამზადდება ნელ-ნელა ძალიან თხელ ნაკადად ჩავათქვიფოთ ბეზეში (ცხელ სიროპს პირდაპირ ბეზეში ნუ ჩავასხამთ, ჯამის კიდეზე დავასხათ და ისე ჩავათქვიფოთ). ვთქვიფოთ სანამ ბეზე ზომაში არ მოიმატებს და სიროპისგან გაცხელებული ისევ არ გაგრილდება. მეორე ჯამში ავთქვიფოთ ნაღები და კრემი ფორმირებას რომ დაიწყებს დავუმატოთ კოჭას სიროპი და ფორთოხლის ლიქიორი და მერე ნელ-ნელა ბეზეც გადავურიოთ. გავსინჯოთ და თუ საჭიროა დასატკბობად ცოტა კოჭას სიროპი კიდევ ჩავუმატოთ. ბეზეს და ნაღების კრემში გადაუვირიოთ დაჭილი ალუბლები, დაშაქრული ხილი, დაკარამელებული წაბლი (სავალდებულო არ არის) და ფსტის კაკალი და ჩავასხათ რულეტიან ჯამში და პირთამდე ავავსოთ. თავზე დარჩენილი რულეტის ნაჭრები დავაფაროთ, დავნამოთ. ჯამს ცელოფნის პარკი მჭიდროდ გადავაკრათ, თავზე ჯამის დიამეტრის ზომის თეფში დავადოთ და რამე სიმძიმეც დავადგათ. შევდგათ მაცივარში და ერთი საათის შემდეგ სიმძიმე ავიღოთ. თუ გვინდა რომ ბოლომდე გაიყინოს, 4 საათი მაინც უნდა. ჭამის წინ თეფშზე გადმოვაყირავოთ, ცელოფანი შემოვაცალოთ, წითელი მოცხრის ტოტებით მოვრთოთ, შაქრის პუდრა მოვაყაროთ და  15 წუთი გავაჩეროთ და დავჭრათ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ახალი წელი საქართველოში

Approved by Gourmet Guide


სხვადასხვა დღესასწაულებზე და ტრადიციებზე რომ ვკითხულობდი ხოლმე, სულ მიჩნდებოდა კითხვა: რა ხდებოდა ძველ დროს საქართველოში? როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს, შობას, ყველიერს და აღდგომას? თანამედროვე ინტერნეტსივრცეში ფიჯის ან კუკის კუნძულების ტრადიციებზეც კი დაწვრილებით გაიგებთ ყველაფერს, მსოფლიოს ორი დომინანტური ენოდან რომელიმეს თუ ფლობთ - რუსულს ან ინგლისურს. აბა, სცადეთ და იგივე ქართულად ან საქართველოს შესახებ მოინდომეთ. ძალიან ბევრ საინტერესო ქართულ ამბავს ან ქართული კერძების სურათებს, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, რუსულენოვან საიტებზე უფრო იპოვით, ვიდრე ქართულზე. რაც, რასაკვირველია, ჩვენი ბრალია - ჩვენს გარდა არავინ არ ატვირთავს ასეთ ინფორმაციას. ამაში მეც ვარ დამნაშავე: სხვებივით მეც მეზარება საჯარო ბიბლიოთეკის საცავებში ქექვა ან ეთნოგრაფიულ ან ისტორიის ინსტტუტებში სირბილი (ასეთი კიდევ თუ არსებობს) და მასალების მოძიება. გუშინ კი, სრულიან მოულოდნელად, ფეისბუქზე გადავაწყდი ანეგდოტსა და ანეგდოტს შორის გაბნეულ ძალიან საინტერესო ფაქტებს ჩვენი ტრადიციული საშობაო-საახალწლო ადათების შესახებ.
პოსტების ავტორი, ვინმე „სვანი“ წერს რომ ეს ინფორმაცია რაღაც სარწმუნო ეთნოგრაფიული წყაროებიდანაა ამოკრეფილი: თურმე სამეგრელოში ახალი წლის ღამეს „ყტაპობა“ ეწყობოდა. ამ დროს  ახალგაზრდები ერთმანეთს სიმინდის ცომით თხუპნიდნენ. საერთო მხიარულებისა და ურთიერთ „თავღომდასხმის“ შემდეგ მოუთხუპნავი და სუფთა ვინც დარჩემობდა იმ წლის გამარჯვებულ და ბედნიერ ადამიანად ითვლებოდა. ამ ტრადიციასთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვი მაქვს, ჯერ ეს ერთი, სამეგრელოში სიმინდი საკმაოდ გვიან შევიდა და მანამდე ღომის (ასეთი მცენარეა) ღომს მიირთმევდნენ და მერე კიდევ - თუ სუფთა და მოუთხუპნავი ადამიანი იყო  ბედნიერი, გამოდის რომ მთელი ახალგაზრდობა ერთმანეთს თავს  საკუთარი მეგობრებისა და მეხობლების გასაუბედურებლად ესხმოდა!
2 იანვარს გურიაში „ქათმის ფერხვას“ ეძახდნენ და ამ დღის მეკვლე, შესაბამისად, მფერხავი გახლდათ.  მოჟრიამულე ბავშვებით გარშემორტყმული მფერხავი ღომითა და კაკლით სავსე თიხის ქოთნით ხელში საქათმისაკენ მიემართებოდა, საქათმეს სამჯერ არტყამდა წრეს და მერე ქოთანს მიწაზე ანარცხებდა. ღომი ქათმებს რჩებოდათ, კაკალს კი ბავშები აგროვებდნენ და ამტვრევდნენ. ყველას კაკალში საღი ნიგოზი თუ აღმოჩნდებოდა, იმ წელს ქათმები ბევრ და ბუთქუნა კვერცხებს დადებდნენ. ეტყობა გურიაში ქათმებიც გურული ტემპერამენტით გამოირჩეოდნენ და საგანგებო რიტუალების გარეშე კვერცხის დებაც ეზარებოდათ.
გურულებზე ბევრად პრაქტიკულები მთიულები ყოფილან: ახალი წლის საღამოს სოფელ გერგეტში წმ. სამების დეკანოზი თავის ოჯახში დამცხვარ ცხრეულებს (პურის ფქვილისაგან გამომცხვარი პატარა და თხელი კვერები) ამაღლებული ადგილიდან ყრიდა. ხალხი პურებს კრეფდა და ხარებს აჭმევდა - ცხრეულნაჭამ ხარს ხვნაში „მუხლი ჰქონდა“.
ქართლში ახალი წლის ღამეს ოჯახის უფროსი ხონჩაზე აწყობდა მოხარშულ დედალს, მოხარშულ ღორის ხორცს, ჩურჩხელებს, გოზინაყს და დოქით ღვინოს. გათენებისას ხონჩიანად გადიოდა გარეთ და სახლს ლოცვით სამჯერ უვლიდა გარშემო. სახლში რომ შებრუნდებოდა, დაგუხგუზებულ ბუხარში ცეცლხლს შეუჩხიკინებდა და რამდენი ნაპერწკალიც გავარდებოდა, იმდენჯერ იმეორებდა: „ამდენი ხარი, ამდენი ძროხა და ამდენი ღორიო“.
საახალწლოდ ხევსურეთში ხუცესი  საგანგებო „დასტურებს“ არჩევდა და სოფელში საქურდლად აგზავნიდა. დასტურებს ოჯახებიდან რაც კი ხელთ მოხვდებოდათ ყველაფერი უნდა მოეპარათ: არაყი, ხორცი, ქადა და სხვა პროდუქტები. ოჯახის უფროსი ქურდებს დასაჭერად მისდევდა. ოჯახის „ამწიოკებლებს“ თუ დაიჭერდა, მათივე მოპარული არყით ათრობდა, მერე თოკით ბაწრავდა და ხუცესს „სახსარს“ ანუ გამოსასყიდს თხოვდა. დაჭერას გადარჩენილ იღბლიან დასტურებს მეორე დღეს არაყი ან ლუდი მიქონდათ „კოლეგების“ ტყვეობიდან გამოსახსნელად. საღამოს დასტურ-მასპინძლების მთელი ღამის მძიმე შრომა-სირბილის შედეგად მოპოვებული ნადავლით საერთო სუფრა იშლებოდა. იმ ბედოვლათ ოჯახის უფროსებს, კი ვინც დასტური ვერ დაიჭირა, ლხინზე ჯარიმის სახით დამატებითი ლუდი და არაყი უნდა მიეზიდა.
სვანეთში ოჯახის უფროსი, ერთი ქალი და ერთი ბავშვი სისხამ დილით ჩუმად დგებოდნენ, იპარებოდნენ და საუკეთესო ხარი მიყავდათ დასაწყურებლად. მერე სახლში წყალიც მოჰქონდათ. ხარს სახლში შეიყვანდნენ (მოგეხსენებათ, სვანეთში საქონელი სახლში ჰყავდათ მათთვის საგანგებოდ გამოყოფილ კუთხეში), კერიას სამჯერ შემოუვლიდნენ და ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ.






ახალ წელს გილოცავთ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ, თქვენი მისის პოტსი

Bûche de Noël - საშობაო კუნძი

Approved by Gourmet Guide



ევროპაში შობაზე ტრადიციულად აცხობენ შოკოლადის რულეტს, რომელსაც   მერე „საშობაო კუნძის“ სტილში რთავენ.
ბისკვიტისთვის - 5 კვერცხის გული, 5 ს/კ ცივი წყალი, 100 გრ შაქარი, 5 კვეცხის ცილა, 1 მწიკვი მარილი, 150 გრ ფქვილი, კარაქი თუნუქის საცხობ ფირფიტაზე წასასმელად, შაქარი მოსაყრელად; კრემისათვის - 150 გრ შოკოლადი, 250 გრ ოთახის ტემპერატურის დარბილებული კარაქი, 100 გრ შაქრის პუდრა, 4 კვერცხის გული, 2 ს/კ კონიაკი ან რომი, 1 მწიკვი მარილი, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ფსტის კაკალი, შაქრის პუდრა მოსაყრელად,  2 ცალი კრაწუნა ალუბალი
ბისკვიტისთვის ქვაბში ავთქვიფოთ კვერცხის გულები და წაყალი, თანდათანობით ჩავათქვიფოთ შაქრის ¾. ვთქვიფოთ სანამ თეთრი ფერის გოგლიმოგლს არ მივიღებთ. კვერცხის ცილები მარილთან ერთად ავთქვიფოთ ცალკე ჯამში. ბეზე კარგად რომ აითქვიფება დავუმატოთ დარჩენილი შაქარი და ძალიან ფრთხილად გადავურიოთ გოგლიმოგლში. მერე ხის კოვზით, თითო-თითო კოვზად გადავურიოთ ფქვილიც. საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი და ძალიან ნაზად და ფრთხილად  და თანაბრად გავანაწილოთ ცომი. ბისკვიტი წინასწარ 200°C-მდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ. მაგიდაზე ჩაის ტილო დავაფინოთ და შაქარი მოვაყაროთ. თუნუქის ფირფიტა ჩაის ტილოზე გადმოვაყირავოთ და პერგამენტი ავაცალოთ. ჯერ კიდევ ცხელი ბისკვიტი ჩაის ტილოს მეშვეობით რულეტად გადავახვიოთ და ასე დახვეული გავაგრილოთ.
დამტვრეული შოკოლადი წყლის აბაზანაზე გავადნოთ. შემდეგ შევაგრილოთ. კარაქი მიქსერით გათეთრებამდე ავთქვიფოთ და თანდათან დავუმატოთ შაქრის პუდრა, კვერცხის გულები და კონიაკი. კარაქი კრემის კონსისტენციის რომ გახდება, თითო-თითო სუფროს კოვზობით ჩავათქვიფოთ თბილი შოკოლადი და მარილი. ბისკვიტი ფრთხილად გავშალოთ და კრემის ნახევარი წავუსვათ. ისევ დავახვიოთ რულეტად. კრემის მეორე ნაწილი დაახლოებით 2 საათით მაცივარში შევდგათ გასამაგრებლად. მერე კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ, ჩავასხათ ვარსკვლავის თავიან საკონდიტრო ტომსიკაში და რულეტზე ხის მერქნის იმიტაციის მგავსად პარალელური ზოლები დავახატოთ (უფრო მარტივი მეთიდი: რულეტს კრემის სქელი ფენა გადაუსვით და ჩანგლით დაზოლეთ). რულეტი 3 საათით მაცივარში შევდგათ. რულეტს 1 ან ორი ნაჭერი ჩამოვაჭრათ და „კუნძს“ ზევიდან დავადოთ ტოტის მონაჭრელის იმიტაცია რომ გამოვიდეს ისე (იხ. სურათი ზევით). ფსტის კაკალს შაქრის პუდრა მოვაყაროთ და ეს დათოვლილი ხავსის იმიტაციაც კუნძს მოვაყაროთ. და ბოლოს ალუბლებითაც მოვრთოთ და ისევ მაცივარში შევდგათ.
ვარიანტები: კრემში შოკოლადის ნაცვლად 2 ს/კ ხსნადი ყავის დამატება შიეძლება.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

გროგი

Approved by Gourmet Guide



ყველაზე მარტივი გროგის რეცეპტი ასეთია: ცხელი მაგარი ჩაი და ნებისმიერი მაგარალკოჰოლიანი სასმელი 4:1-ზე პროპორციით, ადვილი დასამზადებელიცაა და ძალიან მალეც ათბობს გაყინულ სხეულს და ასევე მარტივადაც ათრობს. ამიტომ გროგს, როგორც წესი, ერთ ჭიქაზე მეტს არ სვამენ.

გროგის ყველაზე გავრცელებული რეცეპტია:
„კაპიტნების“ გროგი
1 ჭ მაგარ ჩაიზე 1 ჩ/კ კონიაკი და 1ჩ/კ რომი. ასეთი გროგი გაგათბობთ, მაგრამ არ დაგათრობთ.

კლასიკური გროგი
100 მლ წყალი, 10 მლ იამაიკური მუქი რომი, ნახევარი ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ თაფლი.
წყალი გავაცხელოთ, მაგრამ ნუ ავადუღებთ, გავხსნათ თაფლი, დავუმატოთ ლიმონის წვენი და წვრილ ნაკადად ჩავასხათ რომი.

არსებობს მისი ბევრად უფრო რთული, დახვეწილი და პრეტენზიული რეცეპტებიც:
გროგი „ელიზა“ (ასე რატომ ქვია კაცმა არ იცის)
დაახლოებით 8-10 პორციაზე საჭიროა 100 მლ კონიაკი, 250 მლ რომი, 1 ლ უკვე მზა გლინტვეინი (გლინტვეინის რეცეპტები: http://chocolatecake-men.blogspot.com/2010/12/blog-post_05.html და http://chocolatecake-men.blogspot.com/2011/12/blog-post_4746.html),100 გრ ფინიკები, 1 ლიმონის და 1 ფორთოხლის წვენი, 100 გრ ნესვი, ½ ჭ კაკლეული (ნიგოზი, თხილი, ნუში, ბუსტუღი), 100 გრ ქიშმიში 150 გრ ქლიავის ჩირი, 1 კგ-იანი შაქარის ნატეხი, 0,5 ლ ჩაი, 150 გრ ფორთოხლის კანის ცუკატი და 100 გრ საზამთროს კანის ცუკატი... შავი ქლიავის ჩირი დავტენოთ კაკლებით. 
ფინიკებს გავაცალოთ კურკა და ქიშმიშთან, დანარჩენ ცუკატებთან და დატენილ ქლიავთან ერთად ჩავყაროთ ქვაბში. ქვაბს თავზე ცხაური დავახუროთ და ცხაურზე შაქრის ნატეხი დავდოთ. შაქარს რომი და კონიაკი დავასხათ და ცეცხლი წავუკიდოთ. რომს და კონიაკს მთლიანად ნუ დაასხამთ, შაქრის ნატეხი დიდია და წვის პროცესში ალკოჰოლი თანდათანობით დაუმატეთ რომ არ ჩაქრეს. ცეცხლწაკიდებული შაქარი დნობას დაიწყებს და ჩირზე დაეწვეთება. ბოლომდე რომ დადნება, დავასხათ  ცხელი ჩაი, გლინტვეინი და წვენები. კარგად მოვურიოთ და ცხლადვე მივირთვათ.
გემრიელად მიირთვით!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

გლინტვეინი გორდონ რამზისაგან

Approved by Gourmet Guide



ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი და ჩავასხათ 1 ბოთლი კარგი წითელი ღვინო. გლინტვეინისათვის მოვამზადოთ არომატული სანელებლების ნაკრები. ამისათვის ავიღოთ რამდენიმე ფენა მარლა ან ნარმა და გამოვკრათ 8-10 პარკი ილი, 6-7 ცალი მიხაკი, 2 ცალი ვარსკვლავა ანისულა, დარიჩინის ჩხირი, 1 ღერო დაჩეჩქვილი და დაჭრილი ლიმონგრასი. ჩვენი იმპროვიზირებული ტომსიკა ღვინოში ჩავაგდოთ. ფორთოხალს ძალიან თხლად ავათალოთ ქერქი და ისიც ღვინოში ჩავუძახოთ. ფორთოხალი დავჭრათ და მისი ნაჭრებიც ღვინოში ჩავყაროთ. ღვინოს დასატკბობად თავშედგმული სუფრის კოვზი ლერწმის შაქარიც დავუმატოთ (თქვენ თუ ძალიან ტკბილი გიყვართ, კიდევ ერთი კოვზი შაქარი დაამატეთ). ღვინოში ჩავყაროთ დაკარამელებული ჯანჯაფილის (კოჭას) ორი ფესვი 2 ს/კ ჯანჯაფილის სიროპთან ერთად. ღვინოს კარგად მოვურიოთ და გავაცხელოთ, მაგრამ ნუ ავადუღებთ. დუღილის დროს მთელი ალკოჰოლი აორთქლდება.
გლინტვეინზე მისატანებლად შესუნელებული თხილიც ადავამზადოთ. გაცხელებულ ტაფაზე მოსახალად დავყაროთ ბრაზილიური კაკლის, ნიგვზის, ნუშის, თხილისა და ბუსტუღის ნარევი.  კაკლები რომ გახურდება მოვაყაროთ მარილი და თითო ჩაის კოვზი დაფქული ცხარე წიწაკა და პაპრიკა და კარგად მოვურიოთ. სულ ბოლოს ერთი ტოტი როზმარინის ფოთლებიც მოვაყაროთ და გემრიელად მივირთვათ!



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ზამთრის სუსხიანი დღეები და ცხელი ალკოჰოლიანი სასმელები

Approved by Gourmet Guide



ზამთრის სუსხიანი დღეები დადგა, ჰაერში ახალი წლის სუნი დატრიალდა და გულმა ცხელი ალკოჰოლიანი სასმელებისკენ გაიწია. ქართველი კაცი კარგ ღვინოს აბა როგორ გააცხელებს, ან სანელებლებით როგორ გააფუჭებს, მაგრამ ხანდახან, როცა ქეიფის და ყანწების ტრიალის ნაცვლად ოთახის ჩუსტებსა და თბილ კარდიგანში გამოწყობილს უბრალოდ ტელევიზორთან ჯდომა და ოჯახური სიტუაციით დატკბობა გსურს, ცხელ გლინტვეინს ან გროგს მართლაც ვერაფერი შეედრება. ცხელი ალკოჰოლიანი სასმელები ძირითადად სამ ტიპად იყოფა: პუნშები, გროგები,  და გლინტვეინები. ეს ყველაზე გავცელებული კატეგორიებია, თორემ   სახლში ფინჯან ჩაიში ან ყავაში ერთი კოვზი კონიაკი რომ ჩაისხათ, წესით ისიც მათ რიცხვს მიეკუთვნება.
გროგს წყლის ან ნაკლებადალკოჰოლიანი ლუდისა და რომისგან დამზადებულ ცხელ სასმელს ეძახიან, მის შექმნის ისტორიას კი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ვიცე ადმირალ ედუარდ ვერნონს უკავშირებენ. თურმე, ბრიტანეთის არმიის განაწესის თანახმად, შორეულ მოგზაურობებში თითოეულ მეზღვაურს სასმელი წყლის დღიური ულუფა ერგებოდა. ვინაიდან ზღვის წყლიდან მტკნარის გამოხდა მაშნდელ პირობებში საკმაოდ ძნელი იყო, მისი დიდი მარაგი ხმელეთიდან ხის კასრებით მიქონდათ. დროთა განმავლობაში მცხუნვარე მზეზე წყალი ფუჭდებოდა და მისი დალევა შეუძლებელი ხდებოდა. გონებამახვილმა ზღვაოსნებმა წყლის გემოს გასაუმჯობესებლად მისი ლუდითა და ღვინით გაზავება დაიწყეს და მალე ლუდმა მეზღვაურთა რაციონიდან წყალი პრაქტიკულად ჩაანაცვლა. 1655 წელს იამაიკის დაპყრობის შემდეგ, მეზღვაურთა დღიური ლუდი და ბრენდი რომმა შეცვალა და ამას დიდი უსიამოვნებებიც მოყვა. სმის მოყვარული მეზღვაურები რომს რამდენიმე დღე აგროვებდნენ და მერე ერთად მიირთმევდნენ და ნასვამ გულზე აყალმაყალსაც აწყობდნენ. დისციპლინარული პრობლემების მოსაწესრიგებლად ბრიტანეთის საზღვაო ძალების მეთაურობამაც მიიღო ზომები და რომის წყლით სავალდებულო გაზავება დააწესა. რომის ერთი წილი ოთხ წილ წყალში უნდა გაეზავებინათ და ორ პორციათ გაეყოთ, ერთი შუადღისთვის და მეორეც საღამოსთვის. სწორედ აქედანაა გროგის დღევანდელი პროპორციაც 4:1-ზე (წყალი : რომი). 
ადმირალი ვერნონი კი უფრო შორს წავიდა და თავის მეზღვაურებს წყლის ნაცვლად (კვლავაც სასმელი წყლის დეფიციტიდან გამომდინარე) რომში ლაიმის ან ლიმონის წვენის დამატება უბრძანა და მალე შეამჩნიეს რომ მისი ჯარისკაცები ამდენი C ვიტამინის მიღების შემდეგ დანარჩენებზე ჯანმრთელები იყვნენ. ადმირალი გროგრემის ქსოვილის პალტოს ატარებდა და ამის გამო მეზღვაურები მეტსახელად „ბებერ გროგს“ (Old Grog) ეძახდნენ, სასმელის სახელიც სწორედ აქედან წამოვიდა - „გროგს“ გროგად უკვე ადმირალის სიცოცხლეშივე მოიხსენიებდნენ და ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტებიც არსებობს. ბრიტანელთა ტრადიცია მე-18 საუკუნეში ამერიკულ არმიაშიც გადაიღეს და დღესაც, გარკვეული ტიპის არაფორმალურ წვეულებებზე არმიის ისტორიაში გროგის მიერ შერულებული მნიშვნელოვანი როლის აღსანიშნავად, ოფიცრების გროგით „დასჯის“ ცერემონიასაც კი ატარებენ და ამ სასმელს პირდაპირ უნიტაზიდან სვამენ, რომელიც გროგის თასის მოვალეობას ასრულებს.
წლებთან ერთდ მაშნდელი გროგის რეცეპტიც შეიცვალა და თანამედროვე ვარიანტებში უკვე ცხელ წყალთან ერთად ლიმონის ან ლაიმის წვენს, დარიჩინსა და შაქარსაც ამატებენ. სხვათა შორის, ცხელი წყლით, რომითა და ჯავზის კაკლით დამზადებული სასმელი, რომელსაც „ბამბოს“ ეძახდნენ ჯერ კიდევ მეკობრეებთან სარგებლობდა დიდი პოპულარულობით. 
ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გროგი ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის აღმნიშვნელ სიტყვად იქცა. შვედეთსა და ინგლისურენოვან ქვეყნებში კი გროგად სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელებისა და ხილის წვენის ნარევს მოიხსენიებენ, რომელსაც რაიმე კონკრეტული რეცეპტი არ გააჩნია და ძირითადად 25% სპირტისა და 75% არაალკოჰოლური დანამატისაგან შედგება. ასეთი სასმელი პუნშისაგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ იგი მხოლოდ ერთი სახეობის ალკოჰოლურ სასმელს შეიცავს.
გლინტვეინს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიირთმევენ და მას ძირითადად წითელი ღვინის, შაქრისა და სანლებლებისგან ხარშავენ და აუცილებლად ცხლად მიირთმევენ. მის ყველაზე შორეულ წინაპარს რომაელები ამზადებდნენ ღვინით შაქრითა და ფორთოხლის ნაჭრებით, ოღონდ ცივად სვამდნენ. ყველაზე გავრცელებული ვარიანტი გერმანულენოვანი ევროპის Glühwein-ია, რომელიც ჯერ რუსულ ენაში დამკვიდრდა „გლინტვეინის“ სახით და მერე ქართულშიც შემოიპარა. მას ძირითადად შობის პერიოდში ანუ საშობაო არდედეგებზე მიირთმევენ. გლინტვეინის ორ ვარიანტს არჩევენ „სუფთას“ ანუ წითელი ღვინო, დარიჩინი, მიხაკი, სხვა სანელებლები და შაქარი ან „mit Schuss“ - რომელიმე მაგარალკოჰოლიანი სასმელის დამატებით (რომი, ბრენდი ან არაყი). ჩვენამდე შემორჩენილი გლინტვეინის პირველი ჭიქა 1420 წლით თარიღდება და გერმანელ დიდგავროვანს ეკუთვნოდა. გლინტვეინს საფრანგეთში vin chaud-ს (ცხელი ღვინო) ეძახიან, ბულგარეთში grevano vino-ს (შემთბარი ღვინო) და ვაშლის ნაჭრებს, თაფლს და პილპილის მარცვლებს უმატებენ, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებში kuhano vino (გამომცხვარი ღვინო) ქვია,  ჩეხთში svaŕené víno (ადუღებული ღვინო), უნგრეთში forralt bor (ადუღებული ღვინო), იტალიაში vin brulé (დამწვარი ღვინო), ლატვიაში karstvĩns (ცხელი ღვინო) ქიშმიშს და ლატვიურ შავ ბალზამს ამატებენ, მოლდოვაში izvar -ი, პოლონეთში grzane (შეცხელებული ღვინო) და ზუსტად იგივენაირად ამზადებენ grzane piwo-ს ანუ გაცხელებულ ლუდსაც, რუმინეთში vin fiert (ადუღებული ღვინო), რუსეთში глинтвейн-ს მთელი ზამთარი მიირთმევენ, თურქეთში კი Sicak Şarap (ცხელი ღვინო) ქვია და ღვინოსთან ერთად ლიმონს და ფორთოხალს ხარშავენ.
ჩრდილოეთის ქვეყნებში ცხელ ღვინოს Glögg-ის სახელით იცნობენ, თუმცა ისინი მის არაალკოჰოლურ ვარიანტსაც ამზადებენ და წითელ ღვინოს ხილის წვენით ცვლიან. ფინეთში, ნორვეგიაში, ესტონეთსა და ისლანდიაში ეს სასმელი იმდენად პოპულარულია, რომ მაღაზიებში გლინტვეინის სანელებლების მზა ნაკრებებიც კი იყიდება. შვედეთში უფრო შორს წავიდნენ და სუპერმარკეტებში მომხმარებელს პირდაპირ გასაცხელებლად გამზადებულ და შესუნელებულ ღვინო სთავაზობენ. გლინტვეინის მოდუღების მთავარი პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ ღვინო არასდიდებით არ უნდა აგიდუღდეთ, თორემ მთელი ალკოჰოლი ამოორთქლდება. ამიტომ მას როგორც წესი, მხოლოდ 60-70°C-მდე აცხელებენ. ვისაც უფრო მეტი ალკოჰოლი უყვარს, უკვე გამზადებულ გლინტვეინში ამატებენ ცოტაოდენ კონიაკს, არაყს, რომს, ჯინს ბრენდის და რასაკვირველია სკანდინავიურ აკვავიტს (ჩვენებური არაყი).
ბრიტანული გლინტვეინის ანუ Mulled wine-ს ტრადიციული რეცეპტი 1869 წელს გამოცემულ წიგნში  „Mrs Beeton’s Book of Household Management“-ია შემონახული: „ყოველ პინტა (დაახლოებით 0,5 ლ) ღვინოს დაუმატეთ თითო დიდი ჭიქა წყალი და შაქარი და სანელებლები გემოვნებით. მომზადება: ზემოთ ნაჩვენების თანახმად მომზადებას რომ დაიწყებთ ძალიან ძნელი განსასაზღვრია შაქრის და სანელებლებისნაირი ინგრედიენტების პროპორციები. ერთს რომ დააკმაყოფილებს ის რაოდენობა, მეორესთვის შეიძლება საკმაოდ უგემური გამოდგეს. სანელებლები წყალთან ერთად აადუღეთ და არომატი კარგად რომ გაიხსნება, მერე ღვინო და შაქარიც ჩაამატეთ და დუღილამდე მიიტვანეთ. სანელებლების ნამცეცები გახუხული პურით ან ნამცხვრით ამოკრიფეთ. შეცხელებული ღვინისთვის ძირითადად მიხაკს, გახეხილ ჯავზის კაკალს და დარიჩინსა და ჯავზის კაკლის ყვავილს იყენებენ. ნებისმიერი ღვინის შეცხელება შეიძლება, მაგრამ ამ მიზნისთვის ჩვეულებრივ პორტოსა და კლარეტს არჩევენ; და ეს უკანასკნელი ძალიან დიდი ოდენობით შაქრის დამატებას საჭიროებს. ჭურჭელი, რომელშიც ღვინოს გააცხელებთ ზედმიწევნით სუფთა უნდა იყოს და მას სხვა მიზნებისთვის ნუღარ გამოიყენებთ. „ტრაიფლის“ პატარა ფორმები ალუმინის ქვაბს აჯობებს, მაგრამ კარგად თუ არ გარეცხავთ, ღვინოს ძალიან ცუდ გემოს მისცემს და გააფუჭებს. ამ ფორმებს სხვა რამისთვის ნუღარ იხმართ“.
პუნში ცხელი ალკოჰოლური სასმელების ყველაზე ძველი და გავრცელებული სახეობაა, თუმცა ცივი და უალკოჰოლო პუნშებიც არსებობს. მას ძირითადად სიცივეში სვამენ შობა-ახალი წლისადმი და ყველიერისადმი მიძღვნილ მასკარადებსა და ბანკეტებზე.  სახელწოდება ინდური ენიდან, კონკრეტულად კი ჰინდიდან მოდის, სადაც „paantsch“ ხუთს ნიშნავს, პუნშის თავდაპირველი კლასიკური რეცეპტი ხომ მკაცრად 5 ინგრედიენტისაგან შედგებოდა: ღვინო, მაგარი ალკოჰოლური სასმელი, შაქარი, ლიმონის წვენი ან ჩაი და სანელებლები (ძირითადად მიხაკი და დარიჩინი).  საინტერესოა ისიც, რომ ჰინდის „paantsch“-ის წარმოშობას  სპარსული „panj“-მდე მივყავართ, რაც ასევე ხუთს ნიშნავს. ევროპაში პუნშის რეცეპტი ინდოეთში მომსახურე ბრიტანელმა სამხედროებმა ჩამოიტანეს მე-17 საუკუნის დასაწყისში. იამაიკის დაპყრობის და რომის გემოს გასინჯვის შემდეგ პუნშში რომის დამატება დაიწყეს. ბრიტანეთის დოკუმენტებში „punch“-ის პირველი ხსენება 1632 წლით თარიღდება. 1671 წლიდან კი უკვე სპეციალური პუნშის ტავერნებიც იყო გახსნილი.
რომიანი პუნშებიდან სხვებზე მეტად "აუთენტურად" პლანტატორის (Planter’s Punch) და ბარბადოსული (Bajan Rum Punch) პუნშები მიიჩნევა. ამ უკანასკნელს დღემდე შემორჩენილი გალექსილი რეცეპტის მიხედვით ამზადებენ: „One of Sour, Two of Sweet. Three of Strong, Four of Weak“. რაც 1 წილ ლიმონის წვენს, 2 წილ ლერწმის შაქარს, 2 წილ რომს (რასაკვირველია ბარბადოსულს) და 4 წილ წყალს ნიშნავს. ბარბადოსულ პუნშში ხშირად "ანგოსტურას" (ვენესუელური ბალახების ნაყენი) და ჯავზის კაკალსაც ამატებენ.
გერმანიაში  „Punsch-ს ხილის წვენების ნარევისგან, ალკოჰოლური სასმელებისა და სანელებლებისგან ამზადებენ. ძველებური გერმანული პუნშის რეცეპტი თავის ლექსში თავად ფრიდრიხ შილერმა შემოგვინახა (ეტყობა პუნში ადამიანებში ლექსის წერის ნიჭს აღვიძებს), საიდანაც ირკვევა, რომ იგი ლიმონით, შაქრით, წყლითა და სპირტიანი სასმელით მზადდებოდა. ტრადიციული გერმანული შობის ატრიბუტიკაა „ცეცხლის ენებიანი სასმელი“ (Feuerzangenbowle) ანუ ცეცხლმოკიდებული პუნში. შემთბარი მშრალი წითელი ღვინითა და სანელებლებით სავსე ცეცხლგამძლე თასს თავზე სპეციალურ ცხაურს ადგამენ, ცხაურზე კონუსის ფორმის დიდი ზომის შაქრის ნატეხს დებენ, შაქარს რომს ასხამენ და ცეცხლს უკიდებენ. შაქარი დნება და ღვინოში წვეთავს - შაქარი ბოლომდე სანამ არ გადნება, რომს ამატებენ და ამატებენ.
ნებისმიერი ცხელი ალკოჰოლიანი სასმელის დამზადებისას რამდენიმე მარტივი წესი უნდა დავიმახსოვროთ: პირველ რიგში, ნურასდროს ნუ დაასხამთ მდუღარე წყალს რომს, ბრენდის, ან არაყს, ასე მთელ ეთერზეთებს ააორთქლებთ. ცხელ და არა მდუღარე წყალში ჯერ შაქარი გახსენით და მხოლოდ ამის მერე დაუმატეთ რომი. ცოცხალი ლიმონის და ფირთოხლის ნაჭრებს კი მათი კანისგან განსახვავებით ნუ მოხარშავთ, უკვე გამზადებულ სასმელში ჩაყარეთ და 1 წუთი გააჩერეთ.  პუნშს, გლინტვეინს და გროგს, როგორც წესი დიდი პორციებად ამზადებენ, მერე სპეციალურ თასში ასხამენ და ფაიფურის, თიხის ან მინის ფინჯნებით მიირთმევენ და არა ღვინის ჭიქებით. სკანდინავიის ქვეყნებში მასპინძელი გლინტვეინისათვის საჭირო ინგრედიენტებს: ცხელ წყალს, სპირტიან სასმელებს, შაქარს, სანელებლებს, ლიმონის ნაჭრებს ლანგარზე ალაგებს და სტუმარი ჭიქაში თავისი გემოვნებითა და ხელით იმზადებს მისთვის სასურველი გლინტვეინის კომბინაციას.


კაცმა რომ თქვას, მეც არ ვიტყოდი უარს საკუთარ თავს რომ ემსახურებიან ისეთ სტუმრებზე...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

საშობაო პუდინგი ვისკის კრემით გორდონ რამზისაგან

Approved by Gourmet Guide


ტრადიციული ინგლისური საშობაო პუდინგი 6 საათი იხარშება ორთქლზე, მერე ორი კვირა უნდა შეინახოთ, საათნახევარი ისევ ორთქლზე გაათბოთ და ... დიდი უგემური რამეა. ცნობისმოყვარეებისათვის შარშან მისი რეცეპტი და მომზადების წესი უკვე შემოგთავაეთ (პუდინგზე ჩემეულ შთაბეჭდილებებთან ერთად):
http://chocolatecake-men.blogspot.com/2010/12/blog-post_12.html
http://chocolatecake-men.blogspot.com/2010/12/blog-post_6092.html
http://chocolatecake-men.blogspot.com/2010/12/blog-post_13.html
წელს მის გამარტივებულ სუროგატებს გთავაზობთ. რომლებიც მალე მზადდება და მომზადებისთანავე იჭმევა. თანაც ბევრად უფრო გემრიელია.

ინგრედიენტები: ფორთოხლის კანი, 210 გრ კარაქი, 210 გრ ლერწმის შაქარი, 3 ს/კ ნეკერჩხლის სიროპი, 4 კვერცხი, 100 გრ ფქვილი, 3 ც დაფნის ფოთოლი, 1 ს/კ დაფქული მიხაკი, 1 ჩ/კ სოდა ან 3 ჩ/კ საცხობი ფხვნილი, მარილი, 150 გრ ცხიმიანი ნაღები, 25 მლ ირლანდიური ვისკი, 25 მლ ლიქიორი „აირიშ ქრიმი“ 100 მლ შავი შოკოლადი (გამდნარი)
პუდინგის ფორმას კარაქი წავუსვათ და კედლებზე ფორთოხლის გახეხილი ცედრა მოვაყაროთ. კარაქი და ლერწმის შაქარი ავთქვიფო. პუდინგის ფორმაში ნეკერჩხლის სიროპი ჩავასხათ და ფსკერზე დაფნის ფოთოლი ჩავაფინოთ. კვერცხები ავთქვიფოთ და კარაქისა და შაქრის კრემში ნელ-ნელა ჩავათქვიფოთ. ერთმანეთში არეული ფქვილი და სოდა გავცრათ და მიხაკი და მწიკვი მარილი დავუმატოთ. ფქვილი კვერცხისა და კარაქის მასაში გადავურიოთ და მიღებული ცომი პუდინგის ფორმაში ჩავასხათ. ავიღოთ პერგამენტის ქაღალდი და პუდინგის ფორმაზე გადასაკვრელად რომ გამოგვადგეს იმხელა წრე გამოვჭრათ. წავუსვათ კარაქი და კარაქიანი მხარით ცომისკენ გადავაკრათ პუდინგის ფორმას და ჰაერი რომ არ შეიპაროს, ირგვლივ თოკი შემოვუჭიროთ. თავზე დამატებით გადავაკრათ ალუმინის ფოლგა. ავიღოთ დიდი ქვაბი, ჩავასხათ მდუღარე წყალი, ჩადგათ ამობრუნებული ფინჯანი, ფინჯანზე მოვათავსოთ პუდინგი. ქვაბს თავსახური დავახურთ და შემოვდგათ გაზზე. პუდინგი წყლის აბაზანაზე დაახლოებით საათანეხავრი ვხარშოთ. საჭირო თუ გახდა, ქვაბში მდუღარე წყალი ჩავამატოთ ხოლმე.
ვისკის კრემი: ნაღები  ჩავასხათ ჯამში და ვთქვიფოთ ნაღების შესქელებამდე. ჩავუმატოთ ვისკი და ლიქიორი. კრემი მაცივარში შევინახოთ.
 გამზადებულ პუდინგი ფორმიდან თეფშზე გადმოვაყირაოთ. ვისკი ჩაასხით ალუმინის სასოუსეში, ცეცხლი წავუკიდოთ და გადაასხით პუდინგს. მივირთვათ ვისკის კრემთან ერთად.


გემრიელად მიირთვით!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კოპლებიანი დიკი (Spotted Dick)- ძირძველი ინგლისური პუდინგი

Approved by Gourmet Guide



კომპლებიანი დიკის მარტო დასახელებაც კი ინგლისური იუმორის კლასიკური ნიმუშია. შინაარსით კი, ასევე კლასიკური ინგლისური საშობაო პუდინგის ჩინებულ შემცვლელად გამოდგება - მით უმეტეს, რომ ბევრად უფრო მატივად მზადდება და რასაკვირველია უფრო გემრიელიცაა (მოგეხსენებათ, ძალიან ძნელია იპოვო ინგლისურ საშობაო პუდინგზე უფრო უგემური რამე).
ინგრედიენტები: 120 გრ ფქვილი, 120 გრ დაფქული ორცხობილა, 120 გრ კარაქი, 120 გრ შაქარი, 120 გრ კურაგა, 420 გრ ქიშმიში, 1 კვერცხი, 1/4  გახეხილი ჯავზის კაკალი, 2 ს/კ გახეხილი კოჭა, 1 ფორთოხლის გახეხილი ცედრა, 160 მლ რძე, მწიკვი მარილი
ფქვილი, მარილი და ორცხობილა ავურიოთ ერთმანეთში და დავუმატოთ გახეხილი კარაქი, შაქარი, დაჭრილი კურაგა, ქიშმიში, ჩავატეხოთ 1 კვერცხი, ჩავახეხოთ ფორთოხლის ცედრა, ჯავზი და კოჭა, ჩავასხათ რძე და ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ცომი გადავიტანოთ ცხომწასმულ პუდინგის ფორმაში და ზედაპირი მოვუსწოროთ. ფორმას თავზე რაც შეიძლება მჭიდროდ გადავაკრათ ფოლგა. დიდი ქვაბით ავადუღოთ ცოტა წყალი და შიგნით გადაბრუნებული ჩაის ფილა ჩავდგათ. ამ ფიალაზე შემოვდგათ პუდინგის ფორმა, ცომი ორთქლზე რომ მოიხარშოს. ქვაბს თავსახური დავახუროთ და დროდადრო ამოორთქლებული წყლის ნაცვლად ადუღებული წყალი დავუმატოთ ხოლმე. ვხარშოთ დაახლოებით 3 სთ. პუდინგის ფორმას თეფში დავახუროთ და ამოვატრიალოთ. მოვასხათ ნებისმიერი სიროპი ან თაფლი (ორიგინალი რეცეპტის ინგლისურ „ოქროს სიროპს“ ჩვენთან ვერ იყიდით), ათქვეფილი ნაღები ან ინგლისური მოხარშული კრემი და გემრიელად მივირთვათ.


(ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან)

ინგლისური მოხარშული კრემი: 0,5 ლ რძე დავდგათ გაზზე გასაცხელებლად. ცალკე ავთქვიფოთ 100 გრ შაქარი, 4 კვ გული, 1 პაკეტი ვანილის შაქარი და 40 გრ ფქვილი. რძე რომ გაცხელდება (ნუ აადუღებთ) მორევა-მორევით წვრილ ნაკადად ჩაათქვიფეთ კვერცხის მასაში. კრემი დააბრუნეთ რძის ქვაბში, შემოდგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ სანამ არ შესქელდება. არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ!


საუკეთესო სურვილებით თქვენი მერი პოპინსი