ახალი წელი საქართველოში

Approved by Natia Jinjolava


სხვადასხვა დღესასწაულებზე და ტრადიციებზე რომ ვკითხულობდი ხოლმე, სულ მიჩნდებოდა კითხვა: რა ხდებოდა ძველ დროს საქართველოში? როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს, შობას, ყველიერს და აღდგომას? თანამედროვე ინტერნეტსივრცეში ფიჯის ან კუკის კუნძულების ტრადიციებზეც კი დაწვრილებით გაიგებთ ყველაფერს, მსოფლიოს ორი დომინანტური ენოდან რომელიმეს თუ ფლობთ - რუსულს ან ინგლისურს. აბა, სცადეთ და იგივე ქართულად ან საქართველოს შესახებ მოინდომეთ. ძალიან ბევრ საინტერესო ქართულ ამბავს ან ქართული კერძების სურათებს, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, რუსულენოვან საიტებზე უფრო იპოვით, ვიდრე ქართულზე. რაც, რასაკვირველია, ჩვენი ბრალია - ჩვენს გარდა არავინ არ ატვირთავს ასეთ ინფორმაციას. ამაში მეც ვარ დამნაშავე: სხვებივით მეც მეზარება საჯარო ბიბლიოთეკის საცავებში ქექვა ან ეთნოგრაფიულ ან ისტორიის ინსტტუტებში სირბილი (ასეთი კიდევ თუ არსებობს) და მასალების მოძიება. გუშინ კი, სრულიან მოულოდნელად, ფეისბუქზე გადავაწყდი ანეგდოტსა და ანეგდოტს შორის გაბნეულ ძალიან საინტერესო ფაქტებს ჩვენი ტრადიციული საშობაო-საახალწლო ადათების შესახებ.
პოსტების ავტორი, ვინმე „სვანი“ წერს რომ ეს ინფორმაცია რაღაც სარწმუნო ეთნოგრაფიული წყაროებიდანაა ამოკრეფილი: თურმე სამეგრელოში ახალი წლის ღამეს „ყტაპობა“ ეწყობოდა. ამ დროს  ახალგაზრდები ერთმანეთს სიმინდის ცომით თხუპნიდნენ. საერთო მხიარულებისა და ურთიერთ „თავღომდასხმის“ შემდეგ მოუთხუპნავი და სუფთა ვინც დარჩემობდა იმ წლის გამარჯვებულ და ბედნიერ ადამიანად ითვლებოდა. ამ ტრადიციასთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვი მაქვს, ჯერ ეს ერთი, სამეგრელოში სიმინდი საკმაოდ გვიან შევიდა და მანამდე ღომის (ასეთი მცენარეა) ღომს მიირთმევდნენ და მერე კიდევ - თუ სუფთა და მოუთხუპნავი ადამიანი იყო  ბედნიერი, გამოდის რომ მთელი ახალგაზრდობა ერთმანეთს თავს  საკუთარი მეგობრებისა და მეხობლების გასაუბედურებლად ესხმოდა!
2 იანვარს გურიაში „ქათმის ფერხვას“ ეძახდნენ და ამ დღის მეკვლე, შესაბამისად, მფერხავი გახლდათ.  მოჟრიამულე ბავშვებით გარშემორტყმული მფერხავი ღომითა და კაკლით სავსე თიხის ქოთნით ხელში საქათმისაკენ მიემართებოდა, საქათმეს სამჯერ არტყამდა წრეს და მერე ქოთანს მიწაზე ანარცხებდა. ღომი ქათმებს რჩებოდათ, კაკალს კი ბავშები აგროვებდნენ და ამტვრევდნენ. ყველას კაკალში საღი ნიგოზი თუ აღმოჩნდებოდა, იმ წელს ქათმები ბევრ და ბუთქუნა კვერცხებს დადებდნენ. ეტყობა გურიაში ქათმებიც გურული ტემპერამენტით გამოირჩეოდნენ და საგანგებო რიტუალების გარეშე კვერცხის დებაც ეზარებოდათ.
გურულებზე ბევრად პრაქტიკულები მთიულები ყოფილან: ახალი წლის საღამოს სოფელ გერგეტში წმ. სამების დეკანოზი თავის ოჯახში დამცხვარ ცხრეულებს (პურის ფქვილისაგან გამომცხვარი პატარა და თხელი კვერები) ამაღლებული ადგილიდან ყრიდა. ხალხი პურებს კრეფდა და ხარებს აჭმევდა - ცხრეულნაჭამ ხარს ხვნაში „მუხლი ჰქონდა“.
ქართლში ახალი წლის ღამეს ოჯახის უფროსი ხონჩაზე აწყობდა მოხარშულ დედალს, მოხარშულ ღორის ხორცს, ჩურჩხელებს, გოზინაყს და დოქით ღვინოს. გათენებისას ხონჩიანად გადიოდა გარეთ და სახლს ლოცვით სამჯერ უვლიდა გარშემო. სახლში რომ შებრუნდებოდა, დაგუხგუზებულ ბუხარში ცეცლხლს შეუჩხიკინებდა და რამდენი ნაპერწკალიც გავარდებოდა, იმდენჯერ იმეორებდა: „ამდენი ხარი, ამდენი ძროხა და ამდენი ღორიო“.
საახალწლოდ ხევსურეთში ხუცესი  საგანგებო „დასტურებს“ არჩევდა და სოფელში საქურდლად აგზავნიდა. დასტურებს ოჯახებიდან რაც კი ხელთ მოხვდებოდათ ყველაფერი უნდა მოეპარათ: არაყი, ხორცი, ქადა და სხვა პროდუქტები. ოჯახის უფროსი ქურდებს დასაჭერად მისდევდა. ოჯახის „ამწიოკებლებს“ თუ დაიჭერდა, მათივე მოპარული არყით ათრობდა, მერე თოკით ბაწრავდა და ხუცესს „სახსარს“ ანუ გამოსასყიდს თხოვდა. დაჭერას გადარჩენილ იღბლიან დასტურებს მეორე დღეს არაყი ან ლუდი მიქონდათ „კოლეგების“ ტყვეობიდან გამოსახსნელად. საღამოს დასტურ-მასპინძლების მთელი ღამის მძიმე შრომა-სირბილის შედეგად მოპოვებული ნადავლით საერთო სუფრა იშლებოდა. იმ ბედოვლათ ოჯახის უფროსებს, კი ვინც დასტური ვერ დაიჭირა, ლხინზე ჯარიმის სახით დამატებითი ლუდი და არაყი უნდა მიეზიდა.
სვანეთში ოჯახის უფროსი, ერთი ქალი და ერთი ბავშვი სისხამ დილით ჩუმად დგებოდნენ, იპარებოდნენ და საუკეთესო ხარი მიყავდათ დასაწყურებლად. მერე სახლში წყალიც მოჰქონდათ. ხარს სახლში შეიყვანდნენ (მოგეხსენებათ, სვანეთში საქონელი სახლში ჰყავდათ მათთვის საგანგებოდ გამოყოფილ კუთხეში), კერიას სამჯერ შემოუვლიდნენ და ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ.






ახალ წელს გილოცავთ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ, თქვენი მისის პოტსი

0 კომენტარი.:

Post a Comment