საიუბილეო ბანკეტი"ბავარიულ ლუდსახარშში"

Approved by Mary Poppins


ამას წინათ ერთმა ძალიან სანდო და გემოვნებიანმა ახლობელმა „ბავარიულ ლუდსახარშს“ გაუწია რეკომენდაცია და ბლოგერავტორებმაც არ დავაყოვნეთ -  ჩვენი ბლოგის იუბილის აღნიშვნა გერმანული ძეხვეულითა და ლუდით განვიზრახეთ. ლუდხანის მისამართი ინტერნეტში მოვიძიე და აღმოვაჩინე, რომ :
„Bavarian Brauhaus განლაგებულია მარჯვენა სანაპიროზე, თბილისის ისტორიულ უბანში, სიონის საკათედრო ტაძრის გვერდით. თუ ძველ თბილისში სეირნობისას, მოგინდებათ ჩვენი სტუმრობა, შეგიძლიათ ქალაქის ყველაზე ვიწრო ქუჩით ისარგებლოთ და თავი აარიდოთ გადატვირთულ მოძრაობას“. (ციტატა „ბავარიული ლუდსახარშის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან. სტილი და ყველა შეცდომა დაცულია)
თვალი ავარიდე იმას, რომ მისამართში არ იყო მითითებული რის სანაპიროზე იყო საუბარი. საბედნიეროდ, იმას მაინც გვეუბნებიან რომ ეს სანაპირო თბილისის ძველ უბანშია და არა სადმე ქუთაისში ან გორში. მაგრამ იქვე რაღაც საიდუმლოებით მოცული „ქალაქის ყველაზე ვიწრო ქუჩა“ ახსენეს. არა მე კი მივხვდი, რაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ არაა ყველა ვალდებული იცოდეს რომელია ყველაზე გრძელი, ძველი, ფართო ან ვიწრო ქუჩა. ქუჩებს სახელებს იმიტომ არქმევენ რომ ხალხმა სახელით მიაგნოს და არა პარამეტრებით. ეგ არაფერი: ჯერ ვერ გავიგე მათი სტუმრობა რომ მომინდება (ან რატომ უნდა მომნდომებოდა?!), იქით რატომ უნდა მივსულიყავი, მაგრამ მერე ვიფიქრე-ვიფიქრე და მივედი დასკვნამდე, რომ „ჩვენი სტუმრობა მოგინდებათ“ რომ დაწერა იმ ადამიანმა სინამდვილეში „ჩვენთან სტუმრობა“ იგულისხმა და გავეშურეთ.
„ჩვენთან შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი გერმანული და ევროპული კერძები, Bavarian Brauhausშეგიძლიათ ლანჩზეც ეწვიოთ,ჩვენი შეფ-მზარეული უამრავ სიურპრიზს გიმზადებთ რათა მოწყდეთ დაძაბულ დღის რეჟიმს და გემრიელად წაიმხემსოთ“.
აქ განისვენებდა ბავარიული ბურვაკი
მივედით, აღმოჩნდა რომ დაპირებულ სიურპრიზებს არა მარტო შეფ-მზარეული გვიმზადებდა. მართლაც საკმაოდ სიმპატიური და გემოვნებიანი რესტორნის ნიშებში, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, სრულიად გოთიკური, კუბოს ფორმაზე გამოჭრილი მაგიდები დაგვხვდა ფართო თავით და ვიწრო ბოლოთი. ადამიანისთვის ცოტა პატარა იყო, მაგრამ კაი ჩასუქებული ბავარიული ღორისთვის ზუსტად ზედგამოჭრილი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საღამოს რვა საათზე პრაქტიკულად ცარიელ რესტორანში ტრადიციული მაგიდებიც იდგა, ასეთ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდით და გონებამახვილი დიზაინერის ხელით იმპროვიზირებულ იშვიათობას გარს ჭირისუფალივით შემოვუსხედით (მე ფეხებთან ვეჯექი). მერე ხელის დაბანა მოვინდომე და კარგა ხანი ვინანე, რატომ ფეხი არ მომტყდა სანამ საპირფარეშოში გავიდოდი. მოკლედ, „ბავარიულ ლუდსახარშში“ წასვლას თუ დააპირებთ, ყველაფერი სახლში მოისაქმეთ. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 25 მაგიდიან (თითო მაგიდაზე 4-6 ადგილი) რესტორანში ჩვენი მისვლისთვის მხოლოდ 2 ადამიანი სადილობდა და წამოსვლამდე კიდევ 2 მაგიდა დაიკავეს, ტუალეტი საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი სარტირივით ჩაბინძურებული დამხვდა. კაცებისკენ რა ხდება არ ვიცი, მაგრამ გარდა უსუფთაობისა, ქალებისაში ორივე უნიტაზს ოდესღაც არსებული და აწ მოტეხილი ჩასარეცხი ღილაკის ადგილას „სკოტჩი“ ქონდა გადაკრული, უნიტაზის თავზე კი ჩვენებური, ნაცრისფერი და დაპრესილი კარდონის ტუალეტის ქაღალდის ნარჩენები კოტრიალობდა მხართეძოზე წამოგორებული საცოდავად. ქაღალდის ხელსახოცები და ხელის დასაბანი საპონი იყო, თუმცა ნიჟარაში წყალი არ გადიოდა და გუბდებოდა.  
მაგიდასთან რომ დავბრუნდი ოფიციანტმა მრავალჭირგადანატანი და დაფლეთილი მენიუც მოგვართვა (ოთხი ვიყავით, მაგრამ რატომღაც ორი) და კერძების შერჩევაშიც დაგვეხმარა. სხვათა შორის, ქართული რესტორნების ეს მავნე ჩვევა მართლა არ მესმის, ცარიელ რესტორანშიც კი 10 კაცზე ერთი მენიუ რომ მოაქვთ და მერე მიდის ტაციაობა და „აბა, მეც ჩამახედე“. ლუდსახარშის ასორტიმენტი ზოგადად გვაინტერესებდა და ამიტომ ოთხივემ სხვადასხვა კერძის არჩევა და ერთმანეთისთვის განაწილება მოვინდომეთ, მით უმეტეს რომ პორციის ზომა ამის საშუალებას იძლეოდა და ოფიციანტს ვთხოვეთ სამზარეულოშივე გაეჭრათ ოთხად. ცივი უარი მივიღეთ, ჩვენი შეფი ვერ გაჭრის, თვითონ გაჭერითო(!). ჯერ ჩავთვალე, რომ იხუმრა, მაგრამ სახეზე რომ შევხედე - არ ხუმრობდა. წარმოუდგენელი მარაზმია, მაგრამ ეტყობა დანები არ უვარგათ. ერთ სიტყვით, „შემწვარი ბავარიული სარდელები კარტოფილი ფრით“ ძალიან გემრიელი იყო (სხვათა შორის ოთხი კერძიდან სამს ერთნაირი გარნირი მოაყოლეს. გემრიელი, მაგრამ მაინც ერთნაირი) და ასევე, მომეწონა აშკარად განაყინი და ქარხნული ინგლისური შნიცელიც. ჩემდა გასაკვირად, შნიცელი გამომშრალი და უხეში არ იყო (გაყინულ ნახევარფაბრიკატებს როგორც ემართებათ ხოლმე). აი, ქათმის რულეტი კი სოკოთი და ყველით რომ გავჭერით...ჰო, დამავიწყდა, პატივი გვცეს და დასაჭრელად სამზარეულოდან ტარმოტეხილი პამიდვრის სათლელი დანა გამოგვიგზავნეს. მოკლედ, ქათმის რულეტი რომ გავჭერით, შიგნით სისხლიანი და უმი დაგვხვდა. არადა, როგორ გემრიელად გამოიყურებოდა?! უმ თევზს, სისხლიან საქონლის ხორცს, ტარტარს, სავიჩეს, სუშის, ყველაფერს მიირთმევენ, მაგრამ ქათამი ერთადერთი სულიერია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ ჭამენ უმად და კლიენტისთვის მირთმეული უმი ქათმისთვის ნებისმიერ მზარეულს და რესტორანს სერიოზული პრობლემები აქვს.  მხლოდ და მხოლოდ ქათმის გრიპის გამო.
ეს ვარდისფერ უმი ქათმის ხორცია, თეთრი ყველი
ოფიციანტს რომ შევჩივლე, ამას ჩვენს შეფს ვანახებო (შეფ-მზარეული - თუ ატყობთ რა ამაყ სახელს ატარებს გაყინული ნახევარფაბრიკატების გამცხელებელი?! თან გაცხელებაც რომ არ ეხერხება წესიერად?!), თეფში ქათმის მერე გადმოღებული ხელუხლებელი სარდელიანად ცხვირწინ ამაცალა და მშიერი დამტოვა. არც ქათამი, არც ბოდიში და არც თეფში აღარ დაუბრუნებიათ. ასე ცარიელ მაგიდასთან ვიჯექი მთელი საღამო და რასაკვირველია „შეფის“ გაფუჭებული უმი რულეტი ჩვენს ანგარიშში ამაყად აისახა. აბა, თვითონ ხომ არ იზარალებენ?!
კლიენტი მშიერი დატოვონ, თავიანთი შეცდომა უანგარიშონ და სამაგიერო არ მიუტანონ, თან ცარიელ, უკლიენტო რესტორანში - ასეთ რამეს უგანდის და განას დუქანშიც ვეღარ ნახავთ. თუმცა, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და რა პომპეზურ სახელსაც არ ატარებდეს, დაწესებულება რომელიც გაყინული ნახევარფაბრიკატებით უმასპინძლდება სტუმრებს დაბალი კლასის სწრაფი კვების ობიექტია და მეტი არაფერი.
„გვეწვიეთ და ხელიდან არ გაშვათ შანსი თვალი ადევნოთ ლუდის ხარშვის უნიკალურ პროცესს. თბილისში მსგავს რამეს სხვაგან ვერსად იხილავთ!!!“
რაც შეეხება თავად ლუდს: ლუდსახარშის ადგილობრივი სამიდან ორნაირი ლუდი გავსინჯე: ჩვეულებრივი გაფილტრული და შავი. ლუდი გემრიელია, ცოტა მსუბუქი, ცოტა უპრეტენზიო, ნაკლებადალკოჰოლიანი. ალბათ კაცებს არ მოეწონებათ, ლიმონათივით ისმება. შავი მთლად შავი ვერც ფერითაა და მის გემოს ინტენსიურობაც აკლია, უფრო გაუფილტრავს წააგავს. მართლა კარგი დასალევია, მაგრამ უკეთესიც ბევრი გამისინჯავს. არ მინდა გალანძღვა და განადგურება გამომივიდეს, მაგრამ შავმა ლუდმა ძველებური ბურახი მომაგონა.
ბლოგის იუბილესთან დაკავშირებით, პატარა ქაფქეიქზე ერთი სანთელი დავანთეთ და ოთხივემ ერთად ჩავაქრეთ (ქაფქეიქი, ასანთი, სანთელი და ქაფქეიქის დასადები თეფშიც თან მივიტანეთ - ეტყობა გულმა გვიგრძნო, რომ არ მოგვიტანდნენ). რესტორნის მთელი პერსონალი ბართან შეიკრიბა და გვიყურებდა. უსაქმურობისგან მოწყენილმა შეფ-მზარეულმა სამზარეულოდან დამლაგებელიც კი გამოიხმო უფასო ცირკის საყურებლად.
ჰო, კიდევ ერთი. ზოგადად, საკმაოდ დაბალ დონედ ითვლება რესტორნის კედელზე ტელევიზორი, თუ რასაკვირველია რაიმე დიზაინერული ჩანაფიქრი არაა. არცერთი თავმოყვარე რესტორანი არ აკადრებს თავის კლიეტს ჭამაში და მაგიდასთან სასიამოვნო საუბარში ტელევიზორის ზუზუნით შეუშალოს ხელი. ლუდის ბარში ტელევიზორი ნორმალური მოვლენაა, როცა ფეხბურთის ჩემპიონატს უყურებენ და სპეციალური სპორტული საღამოები იმართება. მაგრამ, უაზროდ ჩართული რაღაც უაზრო მუსიკალური არხი, ასევე უაზრო სიმღერებით, უკვე ძალიან მოძველებული და გაცვეთილია - ყური წაიღეს. მე კი ფონური ხმაური ხელს არ მიშლის და მუსიკალური სმენა არ მაქვს, მაგრამ ორი აბსოლუტური სმენის პატრონი მახლდა და ყურები დაუჭკნათ.
აბა, რა გითხრათ, ოდესმე კიდევ მივალ „ბავარიულ ლუდსახარშში? ალბათ არა. არადა, ყველა მონაცემი აქვთ, რომ დაბრუნება მოგინდეს. სასიამოვნო ინტერიერი, ზრდილობიანი ოფიციანტი და გემრიელი საჭმელი, რასაკვირველია, წესიერად თუ შეწვავენ. მეპატრონეში არ გაუმართლათ. თავიანთ გაფუჭებლ კერძს ანგარიშში რომ გითვლიან, დახეული მენიუ და გატეხილი უნიტაზი, ეს რესტორნის უგვანო მენეჯმენტის და ხარბი პატრონის ბრალია, მზარეულის და ოფიციანტის არა.  

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


2 კომენტარი.:

  1. Aunt Polly

    ეს ყველაფერი ჩემთვისაც არასასიამოვნო მოულოდნელობა იყო, მით უმეტეს, ეს ადგილი სწორედ ჩემი მეგობრების ნაქები გახლდათ და, სამიოდე კვირის წინ აქ პირველად რომ მოვხვდი, სულ სხვა სიტუაცია იყო: მაშინ კერძები ბოლომდე თბოდამუშავებული და მომზადებული იყო, მუსიკაც საკმაოდ გემოვნებიანად შერჩეული.. გუშინდელი წვრილ-წვრილი "იმედგაცრუებების" მიუხედავად, საღამო მშვენივრად გავატარეთ, თუმცა Bavarian Brauhaus-ში კიდევ ერთხელ მისვლის სურვილი აშკარად გამინელდა... აფსუს...

  1. Mary Poppins

    დღეს "ბავარიული ლუდსახარში" ფეისზე დავიმეგობრე და დავუპოსტე - 10 წუთში გააქრეს გვერდიდან :) და იდეა მომეწონა, სხვებსაც "გავახარებ" ხოლმე :))))) გუშინ მართლა ძალიან გავერთე და იმდენად კარგ ხასიათზე ვიყავი, გუნებას ვერაფრით გავიფუჭებდი,თორემ ანგარიშიც თავზე უნდა დამეხია და თეფში რომ აღარ მომიტანა იმაზეც კარგად გამეჯორა.

Post a Comment