სახელგანთქმული შოკოლადი „მოცარტის“ შინაური ვერსია

Approved by Mary Poppins



სიმართლე გითხრათ, სახელგანთქმული შოკოლადებიდან (რასაკვირველია, რაც გამისინჯავს მათ შორის) „მოცარტი“ ყველაზე ნაკლებად მიყვარს. უფრო მეტიც, ყველაზე ტრივიალუი და აწ გაცვეთილ-გახალხურებული „რაფაელო“ მირჩევნია, „როშეზე“ ხომ აღარ ვლაპარაკობ. მაგრმ ძალიან სანდო კულინარიულ წიგნში მის რეცეპტს რომ გადავაწყდი, უყურადღებოდ ვერ დავტოვე. თუმცა, მისი ინგრედიენტების ნაწილი ბედკრული საქართველოს მოსახლეობისთვის დღემდე მიუწვდომელია: ორიოდე წელია რაც ჩვენა სუპერმარკეტებმა მარციპანი გვაღირსეს (ყველგან მასაც ვერ იშოვით), ამიტომ საკონდიტრო ნუგას როდის შემოიტანენ კაცმა არ იცის. ახლა წარმოიდგინეთ რა მოხდება, ხილ-ბოსტნეულის განყოფილებაში ან ბაზარში ფორთოხლის კონკრეტული ჯიში რომ მოიკითხოთ. ალბათ მკითხავთ, მაშინ რას წუხედებოდი, ან ამ რეცეპტს რა გვახარბებდიო. საქმე იმაშია, რომ 15 წლის წინ „ბიგ-ბენში“ თეთრ შოკოლადს რომ ვკითხულობდი, გამყიდვლებს აშკარად გიჟი ვეგონე; 10 წლის წინ რომ ტირამისუს რეცეპტი ჩავიწერე მისი 6 ინგრედიენტიდან  თბილისში მარტო კაკაო იყიდებოდა. ასე, რომ ვინ იცის, ერთ დღეს ეგებ ჩვენც გვეშველოს. და კიდევ: ცოტა მადროვეთ და ბლოგზე ნუგის, მარციპანისა და პრალინეს რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ.

250 გრ ნუგა, 1 „კარალიოკის“ ჯიშის ფორთოხლის გახეხილი ცედრა, 2 ს/კ ფორთოხლის ლიქიორი „Grand Marnier“, 250 გრ მარციპანი, 150 გრ შაქრის პუდრა, 2 ს/კ ვარდის წყალი (აფთიაქიდან), 200 გრ ნახევრადმწარე შოკოლადი
ნუგა ოთახის ტემპერატურამდე გავათბოთ და ელექტრო მიქსერით ბეზესავით ავთქვიფოთ, თან ჩავათქვიფოთ ფორთოხლის ცედრა და ლიქიორი. ნუგის მასა გასამაგრებლად მაცივარში შევდგათ. მარციპანის მასა, ვარდის წყალი და 100 გრ შაქრის პუდრა ერთმანეთში ავურიოთ და კარგად მოვზილოთ. დიდი ზომის პერგამენტის ქაღალდზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა, პუდრაზე მარციპანის მასა მოვათავსოთ და ცოტათი გავწელოთ. მარციპანს შაქრის პუდრა მოვაყაროთ (მარციპანი ისევე ბრტყელდება და იზილება შაქრის პუდრით, როგორც ნებისმიერი ცომი ფქვილით). პუდრამოყრილ მარციპანს ზევიდანაც პერგამენტის ქაღალდი გადავაფაროთ და ორ ქაღალდის ნაჭერს შუა 3 მმ-ის სისქის ფირფიტად გავაბრტყელოთ. გაბრტყელებული მარციპანი 4 სმ გვერდებიან კვადრატებად დავჭრათ. ნუგისგან 1,5 სმ-ის დიამეტრის ბურთები დავაგორგოლაოთ და სათითაოდ გავახვიოთ მარციპანის კვადრატებში. ნუგა მაცივრიდან პატარ-პატარა პორციებად გამოვიღოთ, რომ არ დარბილდეს. მარციპანგადაკრული ბურთულები ნახევარი საათით მაცივარში მოვათავასოთ. წყლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი. მარციპანიანი ბურთულები ფრთხილად წამოვაცვათ კბილის საჩიჩქნ ხის ჩხირზე და შოკოლადში სათითაოდ ამოვავლოთ, ზედმეტ შოკოლადს ჩამოწუწვა ვაცადოთ და ბურთულები სამზარეულოს ცხაურზე დავალაგოთ გასაშრობად (ცხაური „რეშოტკაა“ ქართულად. აი, თეფშები რომ შრება იმდაგვარი, უკეთეს სახელს ვინმე თუ შემომთავაზებს, მადლობელი დავრჩები). გამშრალი ბურთულები სათითაოდ შევფუთოთ ცელოფანში ან ალუმინის ფოლგაში და მაცივარში შევინახოთ (ინახება 4 კვირა).
ვარიანტი: ორიგინალ რეცეპტში „მოცარტს“ მწვანე მარციპანის გული აქვს. ამისთვის: ხორცსაკეპ მანქანაში ან ბლენდერში დააპიურევეთ 100 გრ ფსტის კაკალი, 100 გრ შაქრის პუდრა და 2 ს/კ ვარდის წყალი. მიღებული მასისგან გააკეთეთ თხილის ზომის ბურთულები. ფსტის ბურთულებს ირგვლივ ნახევრად გამაგრებულ ნუგა შემოაკარით და მხოლოდ ამის შემდეგ შედეთ მაცივარში გასამაგრებლად და მერე შემოაკარით მარციპანი და ამოავლეთ შოკლოლადში.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment