ბაზელური ტრიუფელები

Approved by Mary Poppins



(გამოდის 25 ცალი)
100 გრ კარაქი, 2 კვერცხის გული, 100 გრ კაკაო, 100 გრ შაქრის პუდრა, 1 ჩ/კ ხსნადი ყავა, 30 გრ შაქრის პუდრა კამფეტების ამოსაგანგლად
კარაქი და კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ.  კაკაო, შაქრის პუდრა და ხსნადი ყავა თოთო-თოთო ჩაის კოვზობით ჩავათქვიფოთ კარაქიან მასას. გამზადებული კრემი მაცივარში შევდგათ და გავაციოთ, ოღონდ ბოლომდე გამაგრებას ნუ დავაცდით.
ხელები ცივი წყლის ნაკადის ქვეშ კარგად გავაციოთ და მერე კარგად გავიმშრალოთ. კარაქის მასიდან (მაცივრიდან მთლიანად ნუ გამოიღებთ) ჩაის კოვზის მეშვებით ამოვიღოთ იმდენი, კაკლის ზომის ბურთულის გაკეთება რომ შევძლოთ. ხელის გულებზე მოვიყაროთ შაქრის პუდრა და გამოღებული მასისგან ბურთი დავაგორგოლაოთ. გაკეთებული ბურთები შაქრის პუდრაში კარგად ამოვგაგნგლოთ და მაცივარში შევინახოთ. ასეთი კამფეტები მაცივარში 1 კვირა-10 დღე ინახება. სასურველია, ქაღალდის დაგოფრილ კალათებში ჩავალაგოთ, კამფეტების ფენებს შორის პერგამენტი ჩავაფინოთ და პლასტმასის ან თუნუქის კონტეინერით შევინახოთ.
ვარიანტები: შვეიცარიული ყავის ტრიუფელისათვის: ავთქვიფოთ 150 გრ კარაქი 2 კვერცხის გულთან და 150 გრ შაქართან ერთად. დავუმატოთ 3 ჩ/კ ხსნადი ყავა და 50 გრ გახეხილი შოკოლადი „მოკო“ (ან ნებისმიერი ყავიანი შოკოლადი). შეგიძლიათ ცოტაოდენი ყავის ლიქიორის დამატებაც. ბურთულების ფორმირების წესი იგივეა. გამზადებული კამფეტები შეგიძლიათ მორთოთ ყავის მარცვლის ფორმის შოკოლადის დრაჟეებით. ჩაალაგეთ ქაღალდის კოლოფში და შეინახეთ მაცივარში. ექსკლუზიური კამფეტების შექმნა თუ გსურთ,  ბურთები დაშაქრული ფორთოხლის ცუკატებით, დაშაქრული იის ყვავილებით ან დაშაქრული ჯანჯაფილის ბურბუშელათი მორთეთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment