„ვიკის“ ბაჟე

Approved by Natia Jinjolava


ჩვენი ბლოგის ერთ-ერთი მეგობრის დედამთილს ამქვეყნად ყველაფერზე აქვს ინფორმაციაც და საკუთარი კომპეტენტური აზრიც. რა თემაზეც არ უნდა ჩამოვარდეს საუბარი, ბოლო და ყველაზე გრძელი სიტყვა მისია. ამ გასაოცარი თვისების გამო შვილიშვილებმა ბებიას მოფერებით „ვიკიპედია“ დაარქვეს და სიყვარულით ვიკის ეძახიან. სხვა ბევრ ტალანტთან ერთად ვიკის გამორჩეულად გემრიელი ბაჟეც ეხერხება, ჰოდა, მეც არ დავიზარე, დავუკავშირდი და აი, რა ჩავიწერე:

„დეიდა, მე ყველაფერს თვალით და საკუთარი გემოვნებით ვაკეთებ. ამიტომ პროპორციები არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ასეა, ერთ ლიტრ სითხეზე სადღაც 300 გრამი ნიგოზი გეყოფა. გინდა ხორცსაკეპი მაშინკის მსხვილ ბადეში გაატარე ორჯერ, გინდა წვრილში ერთხელ, მერე გახსენი ცივ ანადუღარ წყალში ან ბულიონში. ჩემს ბაჟეს ცოტა ზედმეტი ნიორი უნდა, ამიტომ საჭიროდ რომ გეჩვენება იმაზე მეტი აიღე და დაჭყლეტილი ნიორი ნიგვზიან ბულიონში გაურიე. მერე დაუმატე ბლომად ყვითელი ყვავილი, ზაფრანას რომ ვეძახით და მარილი და წიწაკა გემოვნებით. მე სხვა არცერთ სუნელს არ ვუშვები და არც უნდა. თუ წიწილის ჩალაგებას აპირებ, კარგად დაბრაწე და მერე ცხელსვე დაასხი ბაჟე. ასე წიწილის შენაწვავი ცხიმიც გაერევა და განსაკუთრებულ გემოს მისცემს. მეტი არაფერი არ უნდა“.
როგორც ხედავთ, ძალიან მარტივი რეცეპტია და დამიჯერეთ, რაც კი გამისინჯავს მათ შორის, ყველაზე გემრიელი და ყველაზე ყვითელი ბაჟეა. დიდი მადლობა, ვიკის!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment