პროვინციალიზმი

Approved by Natia Jinjolava

პროვინციალიზმის ოფიციალური ლიტერატურული განმარტება ასეთია: პროვინციალიზმი ანუ დიალექტიზმი (ლათინური სიტყვიდან provincia - მხარე, ოლქი) არის სიტყვა ან გამონათქვამი, რომელსაც მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ კუთხეში ან რეგიონში იყენებენ და ქვეყნის დანარჩენი რაიონების მცხოვრებთათვის გაუგებარია. პროვინციალიზმი აბინძურებს საერთო-ეროვნულ სალაპარაკო და ლიტერატურულ ენას და მხატვრული სიტყვის ნამდვილი ოსტატები მას მცირე დოზით იყენებენ, ისიც მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ლიტერატურული პერსონაჟისათვის კუთხური კოლორიტის მისანიჭებლად.
დროთა განმავლობაში ამ ტერმინმა ასეთი დამატებითი მნიშვნელობაც შეიძინა: „ვიღაც, კონკრეტულად რომელიმე რეგიონისთვის დამახასიათებელი ან შეზღუდული ინტერესებით, შეხედულებებითა და მსოფლმხედველობით“, ან „ვიღაც, რომელსაც არ გააჩნია ქალაქური მანერები და დახვეწილობა“.
მანერებსა და დახვეწილობას რაც შეეხება, სრულიად ვეთანხმები, მაგრამ ჩემი გაგებით პროვინციალიზმმა დაბადების ადგილთან კავშირი კარგა ხანია დაკარგა და ადამიანის მსოფლმხედველობის გამოხატულებად უფრო იქცა. როგორც საბურთალოზე დაბადებული და ვაკეში გაზრდილი (და დღემდე აქვე მცხოვრები) სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე რომ „სოფლელი“ კლასელები და მეზობლები მყავდა (და მყავს), ამდენი ბაბუაჩემის მამას არ ჰყოლია სოფელში.  მახსოვს, 1997 წელს საქართველოში პირველი წიგნი „ვინ ვინ არის?“ (წლის ყველაზე სახელგანთქმული ადამიანები) რომ გამოვიდა, რედაქტორმა დამირეკა: „500 ადამიანიდან მარტო შევარდნაძეს და მამაშენს უწერია, რომ თბილისში არ არის დაბადებული და ხომ არ შეცვლიდითო?“. პირველად მაშინ დავფიქრდი, რომ მამაჩემი, რომელიც 16 წლისა ჩამოვიდა თბილისში (ნაქირავებში არა, საკუთარ ბინაში), უნივერსიტეტში ჩააბარა და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე სხვაგან არსად უმუშავია, ერთხელაც არ უთქვამს, რომ თბილისელია. რა უბანში ცხოვრობო, რომ ეკითხებიან, ასე ხუმრობს: „ჩემი ზუგდიდი მივატოვე და ვაკეზე ნაკლებ ადგილას ხომ არ დავსახლდებოდიო“.  ჯერ ჯონ ლენონის და ვერსაჩეს სიკვდილის ამბავს არ მიუღწევია, ისეთი სოფლიდან ჩამოსულები დაყენებული თბილისური აქცენტით ძალიან ხშირად მეკითხებიან, რომელი რაიონიდან ვარ წარმოშობით. და ზუგდიდი-თქო რომ ვპასუხობ, „ზუგდიდში რომელი სოფლიდანო?“, თვალები ენთებათ სიხარულისგან. ზუგდიდი ზუგდიდს ნიშნავს, და სოფლიდან რომ ვიყო, არც ამას დავმალავდი. უფრო მეტიც, 90-იან წლებში თბილისელებს გათბობა და ცხელი წყალი რომ გამოგვირთეს, გემრიელად დასაბანად და ცენტრალურ გათბობაზე გაყინული ძვლების მისაფიცხებლად ბაბუაჩემთან „პროვინციაში“ ჩავდიოდით. აი, ბაბუასთან დასასვენებლად ჩასვლას რომ ვახსენებ, ეს კიდევ უფრო დიდ აღტაცებას იწვევს: „სკოლა იქ გაქვს დამთავრებული, ხომ?“. არც სკოლა დამიმთავრებია, არც მიცხოვრია, მაგრამ იქაურობით ვამაყობ, ძალიან მიყვარს და უფრო მეტიც - მეგრულიც ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ სახლში ამ ენაზე არავის და არასდროს გვილაპარაკია!
ჩემი აზრით, პროვონციალიზმი იცით რა არის? საკუთარი ოჯახის და წარმოშობის რომ გრცხვენია; დაბადების ადგილს და უკვე მოხუცებულ ან გაუნათლებელ მშობლებს რომ მალავ; ახალგაზრდა გოგო შენთვის ძვირიან და დედისთვის იაფიან თმის საღებავსა და „კალგოტკებს“ რომ ყიდულობ; ოღონდ საზღვარგარეთ წახვიდე და სხვისი „გარშოკის“ თრევასაც რომ არ თაკილობ და საქართველოში იგივეს უფრო მეტი ანაზღაურებითაც არ კადრულობ; სხვის ცხოვრებაში უცერემონიოდ ცხვირს რომ ჰყოფ; საკუთარი სახელის რომ გრცხვენია და „ნათელას“ ნათიათი ან „ნუნუს“ ნინოთი ცვლი; სხვის ოჯახში თვალებს რომ აცეცებ და სხვის ქონებას ზომავ; წიგნის მარტო სათაურს რომ კითხულობ და მერე ამ წიგნზე დიდის ამბით მსჯელობ, (ისევე, როგორც თაროებზე წიგნების ყდის ფერების მიხედვით დალაგება); უცხოეთში ორი თვის  გატარების მერე ქართული რომ გავიწყდება...
ერთი კურსელი გოგო გამახსენდა, რომელიც თავისი „გაქალაქელების“ დასამტკიცებლად, ამაყად ყვებოდა: „დედაჩემს 12 ძროხა ჰყავს, სახლში ყველი და ხაჭო არ გველევა. მე კი ისეთ ფუფუნებაში გამზარდეს, ტალახზე ფეხი არ დამიდგამს და დედალ-მამალ ძროხას ერთმანეთისგან ვერ ვარჩევო“. ჯერ მინდოდა გამესწორებინა, რა დედალი ძროხა, რის მამალი ძროხა-თქო, და მერე გავჩერდი. სირცხვილი სახლში ძროხის ყოლა არაა, ძროხა რომ გყავდა და მისი მოწველა (და ფილოლოგმა სიტყვები „ძროხა“ და „ხარი“) არ იცი, სამარცხვინო ეგაა. ნუთუ ამ გოგოს დედა ერთხელაც არ გამხდარა ავად, რომ თუნდაც წმინდა ადამიანური გულისხმიერების გამო მაინც შესცოდებოდა საკუთარი დედა და სიცხიანი ქალი არ მიეშვა საქონელთან? აი, ეს არის პროვინციალიზმი ჩემი აზრით! მთავარი, სად დაიბადე და გაიზარდე, ის კი არაა, მთავარია როგორ გაიზარდე და როგორ ცხოვრობ. ერთი ახლობელი 30 წელი ნაქირავებ ბინაში „ლეჟანკაზე“ იტანჯებოდა და ჩაის ალუმინის „კრუჟკიდან“ სვამდა (ავეჯი და ჭურჭელი არ ჰქონდა), მაშინ როცა ზესტაფონში ორსართულიანი საკმაოდ დიდი სახლი ედგა და თავის დროზე კარგი სამსახურიც უშოვეს. მაგრამ სახლში დედა არ უშვებდა: „ჩემი მაზლისშვილები მოსკოვში ცხოვრობენ და ჩემი თბილისშიც არ იყოსო?!“ ახლა დედიკოც და შვილიკოც ძალიან ნანობს, მაგრამ სახლიც უპატრონობისგან დაიშალა და სამსახურსაც აღარ სთავაზობენ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ჩამოსულებს“ არაფერს ვერჩი, კონკრეტული მენტალიტეტი მაქვს მხედველობაში. აგერ, შუაგულ ვაკეში (ჩემი სადარბაზოც მეყოფა), რამდენსაც გინდათ, იმდენ თბილისში დაბადებულ და გაზრდილ „სოფლელს“ გიჩვენებთ, რომლებსაც ეზოში მათი ფანჯრებიდან ჩამოყრილი ნაგვის დანახვაზე, ჩემი ერთი აბაშიდან ჩამოსული მეზობელი სრულიად სამართლიანად ამკობს: „მიწურის მიწურში რომ უნდა ცხოვრობდნენ ეს ბინძურები და შემთხვევით ზედა სართულებზე მოხვდნენო!“, სამაგიეროდ, ასევე, უამრავი სოფელში დაბადებულ და დღემდე იქვე მცხოვრებსაც ვიცნობ, ვისი დალაგებული და საზრიანი სიტყვა-პასუხი სასიამოვნოდ გაგაოცებს. კახეთში ერთი მოხუცებული ქალი ვიცი, სოფელში ხმაური რომ ატყდება, ჯერ მოწესრიგდება, ტანზე გამოიცვლის, მაღალქუსლიან ფეხსაცმლებზე შედგება და სოფლის ცენტრში ამბის გასაგებად მხოლოდ ამის მერე გადის. უზომოდ დიდ პატივს ვცემ ჩემს იეზიდ თანამშრომელს, რომელიც თავის წარმოშობას არასდროს მალავს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე, გვარგადაკეთებული და „გააზნაურებული“ ქართველი დამცინავად „ქურთს“ ეძახის. ჩემი დის მეზობელიც მახსენდება, რომელიც შეკითხვაზე: „ტანია, რუსი ხარო?“,  „არა, უარესი - ოსიო“ დღესაც ასე პასუხობს.
ჰო, ჩემო კარგებო, პროვონციალიზმი ჩვენი საქციელია და არა დაბადების ადგილი.  დიახ, ბაბუაჩემი სოფელში გლეხის ოჯახში დაიბადა და მოსკოვის აგრონომიული აკადემიის დამთავრების შემდეგ, 23 წლის ასაკში იმავე სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახდა, მამაჩემიც იქვე დაიბადა, მერე რაიონულ ცენტრში გაიზარდა და 16 წლისა თბილისში ჩამოვიდა. დედაჩემიც 16 წლამდე სოფელში იზრდებოდა, მისი მშობლებიც, იმათი მშობლებიც... ასეთი „პროვინციული“ წარმოშობის მქონე პირველი თაობის თბილისელი რომ ვარ, სწორედ ამიტომაც მივეცი ჩემს თავს უფლება თქვენთან ამ თემაზე მესაუბრა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


მარწყვის სეზონის გახსნა

Approved by Natia Jinjolava


როგორც უკვე ხვდებით და როგორც უკვე შეგაჩვიეთ, ჩვენი კლუბი მარწყვს შეუმჩნევლად გვერდს ვერ აუვლიდა და მორიგი გაფართოებული შეკრებაც გაიმართა (ადგილი, დრო და ხალხი იგივე პლიუს რამდენიმე ახალშემოხეტებული მოხალისე). კარგი დრო რომ ვატარეთ, ამასაც ალბათ უკვე ხვდებით, ამიტომ დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე, ანუ მენიუზე გადავალთ. გუშინდელი შეკრების „პურმარილი“ ორი სეზონური კოქტეილისა და ორი ჩვენი საავტორო მუსისგან შედგებოდა.


ლიმონჩელო შამპანურით
(ამ რეცეპტით 5 სტანდარტული კოქტეილის ჭიქა გამოდის. ჩვენ ბევრნი ვიყავით და რამდენიმე პორცია დავამზადეთ. იმედია, არითმეტიკა თქვენც კარგად გეხერხებათ)
1 ბოთლი ნახევრადმშრალი შამპანური, 0,5 ლ ლიქიორი „ლიმონჩელო“, 100 გრ პიტნის ფოთოლი
ლიმონჩელო და პიტნის ფოთლები კარგად დააქუცმაცეთ ბლენდერში, გადაწურეთ წვრილ საცერზე და გაანაწილეთ ჭიქებში. ჭიქა ბოლომდე შეავსეთ ჩაციებული შამპანურით. გამზადებული კოქტეილი შეგიძლიათ მორთოთ ლიმონის ნაჭრით, პიტნის ფოთლით ან სულაც შაქარში ამოავლოთ ჭიქის კიდე.


მარწყვის მუსი
1 კგ გარჩეული და გარეცხილი მარწყვი, 2 ჭ შაქარი და 1 ჭ მანანის ბურღული
მარწყვისა და შაქრისაგან მოადუღეთ ჯემი, ცოტა გააგრილეთ და გაატარეთ ბლენდერში და დააბრუნეთ ცეცხლზე. დუღილს რომ დაიწყებს, ფრთხილად ჩაურიეთ მანანის ბურღული და მორევა-მორევით ხარშეთ დაახლოებით 10 წუთის მანძილზე. ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და ცოტათი გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. ჯერ კიდევ თბილი მასა (ბოლომდე ნუ გააციებთ. ქვაბზე ხელის დადებისას სითბო უნდა იგრძნოთ) გაციებამდე თქვიფეთ მიქსერით (დაახლოებით 15-20 წუთი), გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. გაციებული მუსი შეგიძლიათ მორთოთ მარწყვებით.
მსგავსი მუსი ნებისმიერი ხილის პიურისა და მურაბისგანაც მზადდება. ხილი თუ სურნელოვანი არ აღმოჩნდა, დაუმატეთ ვანილი.

მარწყვის საფირმო მუსი „Coffee Cake Club”
1 კგ გარჩეული, დარეცხილი და გამშრალი მარწყვი, 1 ლ არაჟანი, 1,5 ჭ შაქარი, ვანილი გემოვნებით, 500 გრ მარწყვის კონფიტიური, 200 მლ შესქელებული რძე, 1 დიდი შეკვრა „პეჩენიე იუბილეინოე“, 10 გ ჟელატინი. რამდენიმე ცალი მთელ-მთელი მარწყვი და პიტნის ფოთლები მოსართავად
ჟელატინს დაასხით 6 ს/კ წყალი და დადგით დასალბობად. დააქუცმაცეთ „იუბილეინოე“ (ბლენდერით, ხორცსაკეპი მანქანით ან სულაც ცომის საბრტყელებლით), აურიეთ შესქელებულ რძეში და ურიეთ, სანამ ცომისებურ მასას არ მიიღებთ. აიღეთ დეკორატიული ჭურჭელი მუსისთვის და ფსკერზე ჩატკეპნეთ „პეჩენიის“ ცომი. ზემოდან გადაუსვით მარწყვის ჯემის სქელი ფენა. დარბილებული ჟელატინი გაადნეთ ცეცხლზე. არაჟანი ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად და ჩაურიეთ უკვე შეგრილებული ჟელატინი. არაჟნის კრემის ნახევარი ჩაასხით ფორმაში. ზემოდან დააყარეთ შუაზე გაჭრილი მარწყვი. დაასხით კრემის დარჩენილი ნახევარი და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. არაჟნის კრემი რომ შესქელდება, მორთეთ მარწყვებით და პიტნის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით და ამ კულინარიული შედევრის ავტორებიც ტკბილად გაგვიხსენეთ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


Whisky (Scotch) - ვისკი - Whiskey

Approved by Natia Jinjolava

დღევანდელ სამყაროში პრაქტიკულად ყველამ იცის თუ რა არის ვისკი. იგი ძლიერი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც ძირითადად, სპეციალური სახდელი აპარატის საშუალებით ქერის ალაოს გამოხდისა და მიღებული პროდუქტის მუხის კასრში დაძველებით ყალიბდება როგორც „სიცოცხლის წყალი“ (სწორედ ასე უწოდებდნენ ვისკის თავდაპირველად). ამ სასმელის წარმოებისას სხვა მარცხვლოვანი კულტურებიც გამოიყენება, მაგალითად: ხორბალი (wheat whiskey), ჭვავი (rye whiskey) და სიმინდი (bourbon). იაპონიაში კი წარმოებაში დამატებით ინგრედიენტად ბრინჯსაც იყენებენ (რაც გასაკვირიც არ არის, თუ გავითვალისწინებთ ბრინჯის როლს იაპონურ კულტუაში).
დღეისათვის ვისკი ბევრ ქვეყანაში იწარმოება და მისი წარმოშობის ისტორია სათავეს შორეულ წარსულში იღებს. ტრადიციული სამშობლოს სტატუსში ერთმანეთს ირლანდია და შოტლანდია ეცილებიან. მისი წარმოშობის თაობაზე არაერთი ჰიპოთეზა არსებობს. ერთი მოსაზრების მიხედვით - სპირტის დისტილაციის ხელოვნება ახლოაღმოსავლეთიდან დაბრუნებულმა ჯვაროსნებმა ჩამოიტანეს. ირლანიელებს კი მიაჩნიათ, რომ ამ სასმელის წარმოშობა ირლანდიის მფარველი წმინდანის - წმ. პატრიკის სახელს უკავშირდება. ვერსიათა სხვადასხვაობის მიუხედავად, იმ აზრს ყველა ეთანხმება, რომ ვისკის გამოხდა თავდაპირველად ბერებმა დაიწყეს და მას როგორც წამალს ისე იყენებდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში სასმელის წარმოების საიდუმლოება მონასტრის ფარგლებს მაინც გასცდა.
თანამედროვე ინგლისურ ენაში სიტყვა „ვისკი“ ორნაირად იწერება - იმისდა მიხედვით, თუ რომელ გეოგრაფიულ არეალშია ნაწარმოები პროდუქტი. შოტლანდიური Whisky-ია, ხოლო სხვა რეგიონებში (ირლანდიაში, კანადაში, ამერიკასა და ა.შ.) ჩამოსხმულ სასმელს Whiskey ჰქვია. არსებობს მოსაზრება, რომ დამწერლობის მეორე ვარიანტი ირლანდიელებმა შეიმუშავეს, რაც ვისკის მწარმოებელი შოტლანდიელების აზრით, მათმა დაპირისპირებამ განაპირობა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიკსი კეთილშობილ სასმელთა ოჯახს განეკუთვნება. ამიტომაც, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს მისი არაერთი სახეობა, რომელთა შემადგენლობაც განპირობებულია თავად სასმელის ჩამოსხმის ადგილის გეგოგრაფიული ადგილმდებარეობით, ისტორიული მოვლენების ზემოქმედებით,  განსხვავებული ნედლეულითა და წარმოების ტექნოლოგიის თავისებურებებით. მაგალითად, შოტლანდიურ ვისკის - იგივე სკოჩს (skotch) ახასიათებს კვამლის სასიამოვნო არომატი. მისი ამდაგვარი „შებოლილობა“ ითვლება, რომ შემდეგმა ფაქტორმა გამოიწვია: ვისკის წარმოების ინდუსტრიის განვითარების პერიოდში შოტლანდიური ვისკის უდიდესი ნაწილი იატაკქვეშ მზადდებოდა, ხოლო დისტრიბუცია კონტრაბანდისტრების ხელით ხდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოების ციკლის დაჩქარების მიზნით,  მწარმოებლები აღარ უცდიდნენ ნედლეულის ბუნებრივად გამოშრობას და მას ტორფის კვამლზე აშრობდნენ, რამაც საბოლოოდ ვისკის გამოხდის წესის ხსენებული თავისებურების ჩამოყალიბება და დამკვიდრება განაპირობა.
სკოჩის დაძველების ვადა სამ წელზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს. თუმცა, ვისკის სახეობიდან გამომდინარე, მისი დაძველების ზედა ზღვარი შეიძლება ბევრად მაღალი იყოს. დაძველების ყველაზე მატად გავრცელებული ვადაა 10-12 წელი, ზოგიერთი სახეობებისთვის კი - 20 წელი და მეტიც.
რაც მთავარია, ვისკი აუცილებლად უნდა დაძველდეს კასრში! სასმელის არამოტისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კასრს და მის მასალას. ითვლება, რომ ვისკის დასაძველებლად საუკეთესოა მუხის ხისაგან დამზადებული კასრები. მუხის კასრში ჩასხმული მანამდე უფერული ალოკოჰოლური სითხე სასიამოვნო არომატთან ერთად შეფერილობასაც იძენს. ყურადღება ექცევა, ასევე იმას, უკვე გამონაყენები იყო თუ არა კასრი და რა ესხა მასში (სხვადასხვა სასმელის შესანახად ნახმარი კასრი, დაძველებისას ვისკის გემოსა და სურნელს დამატებითი შტრიხებით ამდიდრებს). როგორც წესი, ვისკიში სპირტის შემცველობა 40-50°-ს არ უნდა აღემატებოდეს. ზოგიერთ სახეობაში კი შეიძლება 60°-მდეც იყოს.
ვისკის დალვის წესსაც თავისებურებები ახასიათებს. მას მიირთმევენ გაუზავებლად, წყალში გაზავებულს, გაზიანი სასმელის დამატებით ან ყინულთან ერთად (ეს უკანასკნელი აციებს კიდეც და დნობის შედეგად ალკოჰოლს წყლითაც აზავებს). ვიკსი ჭემშმარიტ დამფასებლებს მისი დალევის კულტურაც შესაბამისი აქვთ  შემუშავებული. მაგალითად, მაღალხარისხიანი ვისკის, როგორც წესი ე.წ. „ტუმბლერებით“ (სქელძირიანი, მოცუკლობითი, დაბალი ჭიქები) სვამენ და არა ფუჟერებით, სირჩებით ან ჩვეულებრივი ჭიქებით და ტუმბლერი სასმელით მისი მოცულობის ¼-მდე ივსება.
შოტლანდიაში გავრცელებულია ვისკის შეფასების მეტად საინტერესო ე.წ. „ხუთი S“-ის წესი, რაც შემდეგში მდგომარეობს:
·         Sight (შესახედაობა) - სასმელის შეფერილობისა და კონსისტენციის ვიზუალური შეფასება;
·         Smell (სურნელი) - სასმელის სურნელის ყნოსვით შეფასება;
·         Swish (შენჭყრევა) - სასმელის დაჭაშნიკება ტუჩების ოდნავ დასველებით;
·         Swallow (მოსმა) - სასმელის პირველი ყლუპის მოსმა და არომატის ძირეულად შეგრძნება;
·         Splash (შხეფები) - სასმელის წყლით გაზავება.
მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ვისკის წარმოების ინდუსტრიამ არა ერთი ასწლეულის განმავლობაში მრავალი ისეთი სიძნელე დასძლია როგორებიც იყო - მის გამოხდაზე დაწესებული შეზღუდვები, მაღალი გადასახადები, მსოფლიო ომები ან 13 წლიანი მშრალი კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ვისკის უმსხვილეს იმპორტიორს წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში იგი „იზრდებოდა“, ყალიბდებოდა, იზიდავდა როგორც საზოგადოების დაბალი ფენის წარმომადგენლებს, ისე - დიდგვაროვნებს, ველური დასავლეთისა და ვესტერნების გმირებს. თავისი თავდაპირველი სახელწოდების („სიცოცხლის წყალი“) შესაბამისად, მას ბევრისთვის მართლაც „მაცოცხლებელი“ მნიშვნელობა ჰქონდა.
დღესდღეობით კი არაჩვეულებრივ სასაჩუქრე ვარიანტს წარმოადგენს ხარისხიანი ვისკის ბოთლი. თუმცა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ საჩუქრის ადრესატის უნარიც - სათანადოდ შეაფასოს იგი, რამეთუ (წესისამებრ არცთუ იაფი) თქვენს მიერ საგულდაგულოდ შერჩეული ვისკი, შეიძლება ტრადიციული სასმელისთვის სრულიად არატრადიციული რამდენიმე უღიმღამო სადღეგრძელოს „მსხვერპლი“ გახდეს. მისი ღირსეული დამჭაშნიკებელის შემთხვევაში კი - ისიც კმაყოფილი დარჩება საჩუქრით და თქვენც, საკუთარი არჩევანით.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მავნე ნუიზამ

მარწყვის ფლამბე მარწყვის გრანიტათი

Approved by Natia Jinjolava

ინგრედიენტები გრანიტასთვის: 450 გრ მწიფე გარეცხილი და დარჩეული მარწყვი, 105 გრ შაქარი, 100 მლ წყალი, დაახლოებით 3 ს/კ (35 მლ) ლიმონის წვენი.
ინგრედიენტები ფლამბესთვის: 125 გრ ყავისფერი შაქარი, 675 გრ გარეცხილი, დარჩეული და შუაზე გაჭრილი მარწყვი, 80 მლ კონიაკი, პიტნის რამდენიმე ფოთოლი.
1. გრანიტასთვის ბლენდერში კარგად ავთქვიფოთ მარწყვი, შაქარი, წყალი და ლიმონის წვენი. მაწრყვის პიურე ჩავასხათ დაახლოებით 20 სმ სიგანის მქონე კვარდრატულ ჭურჭელში და დაახლოებით 1 საათით შევდგათ საყინულეში, სანამ პიურე კიდეებში არ მოიყინება. დიდი ჩანგლის ან სპეციალური კულინარიული ფოცხის მეშვეობით პიურეს გაყინული გვერდები შუისაკენ მივფოცხოთ და კარგად მოვურიოთ.
2. პიურე დავაბრუნოთ საყინულეში დაახლოებით საათნახევრით, სანამ ბოლომდე არ გაიყინება.  ნახევარ საათში ერთხელ გავიმეოროთ მოფოცხვის პროცედურა. ანუ ჩანგლის დახმარებით გრანიტა დიდი ზომის დაკრისტალებულ ფიფქებად ვაქციოთ.
3. ფართო და მძიმე ტაფა  დავდგათ საშუალო ცეცხლზე. ტაფაზე დავყაროთ შაქარი და 2 წუთით, ანუ სანამ შაქარი გადნობას არ დაიწყებს, მოურევლად დავტოვოთ. მერე კი ვურიოთ შაქარს, სანამ კარამელის მსგავს სოუსად არ იქცევა (დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში).
4. კარამელში ჩავყაროთ შუაზე გაჭრილი მარწყვები და კარგად ამოვავლოთ. ამ დროისათვის შაქარი შესქელებული იქნება, მაგრამ კონიაკს რომ დავუმატებთ გათხელდება. მივიყვანოთ ადუღებამდე. ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ და 2 წუთის განმავლობაში შევაგრილოთ.
5. ტაფა დავაბრუნოთ საშუალო ცეცხლზე და თან შევეცადოთ რომ ტაფის შიგთავსი არ აიზილოს. დაბალ ცეცხლზე 5 წუთი ვადუღოთ, ან შაქრის ბოლომდე გადნობამდე და თან ყურადღება მივაქციოთ, რომ მარწყვმა თავისი ფორმა არ დაკარგოს და არ დარბილდეს. უფრო ადვილად რომ გადნეს, შაქარს ფრთხილად მოვურიოთ.
6. ჯერ კიდევ ცხელი მარწყვი კოქტეილის ჭიქებში ჩავასხათ. თავზე დიდი კოვზით მარწყვის გრანიტა დავადოთ და პიტნის ფოთლებით მოვრთოთ.
გემრიელად მიირთვით!

ვიდეოთვალსაჩინოება:



(კერტის სტოუნის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ტკბილი მოგონებები

Approved by Natia Jinjolava

მუსიკა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. არა მარტო განტვირთვის, არამედ ხანდახან მუსიკის წყალობით ადამიანმა შეიძლება გულიანადაც იხარხაროს, ბევრი იცნოს და გაიხსენოს უდარდელი ბავშვობა, უბედნიერესი სტუდენტობის წლები და ასე შემდეგ. ალბათ უკვე მიხვდით რომ ამ სტატიით 80-იანი წლების მუსიკას მინდა შევეხო.  ამ პერიოდის მუსიკას  პირადად მე  ორ ტიპად დავყოფდი:
პირველი - 70-80-იანი წლების ნამდვილად ხარისხიანი და მსოფლიოკ კლასიკად დარჩენილ მუსიკას, რომელიც არასდროს დაძველდება და რომელზეც მოდა თუ სტილი არ მოქმედებს. ეს სიმღერები დღემდე იგივე ემოციას აღძრავს, რასაც მაშინ. დღემდე ისეთივე სიამოვნებით ისმინება ყველა თაობის მიერ, როგორც იმ ეპოქაში. ამ შემსრულებლის სიმღერები არავითარ შემთხვევაში არ მოგგვრით ირონიულ სიცილს. მათი შესრულებული მუსიკა დღემდე უკვდავია. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო მართლაც მარადიული ანსამბლი Queen, George Michael, Rolling Stone, U-2, Red Hot Chili Peppers და ა.შ.
და მეორე, რომელსაც სერიოზულ (განწყობა არ მაქვს მხედველობაში) მუსიკასთან არაფერი ესაქმება, მაგრამ ძალიან გვამხიარულებს. საკმარისია მელოდია დაიწყოს და  შემსრულებელი დავინახოთ  მაშინვე, დღეისათვის მიუღებელი და ადრინდელი სასაცილო მოდა თუ გემოვნება გვახალისებს, ხარხარი გვივარდება და წარსულის  გარკვეული მომენტები გვახსენდება.  ჩემი აზრით ასეთი ტიპის მუსიკის შემსრულებელთა კატეგორიას განეკუთვნებიან: Modern  Talking, Joy, Sabrina, Sandra,  და სხვა მრავალი. ისინი მხოლოდ იმ ეპოქაში იყვნენ პოპულარულები. მათი მუსიკა მხოლოდ 80-იან წლებში იყო აქტუალური (და თან როგორი!).  დღეს კი მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უსმენენ - ჩემსავით ვინმეს წარსულის გახსენება და კარგ გუნებაზე დადგომა თუ მოუნდება. არ შემიძლია ცალკე არ გამოვყო 80-იანი წლების იტალიელ შემსრულებლებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი Toto Cutugno და Al Bano & Romina Power-ს, რომელთა სახელების ხსენებაც კი საკმარისია  იმისათვის რომ  ბავშვობა გაგვახსენდეს და გაგვეცინოს.
80–იანი წლების  ძალიან ბევრი მომღერლის მოხსენიება  შეიძლება ამ სტატიაში, მაგრამ სამწუხაროდ, ამას  ბლოგის სივრცე არ ეყოფა. თანაც აღარ მინდა გადაგღალოთ ამდენი ლაპარაკით და მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე სიმღერის მოსმენა (რასაკვირველია მეორე კატეგორიიდან), რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან გესიამოვნებათ და წარსულის ტკბილ მოგონებებში ჩაგძირავთ.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი





სატაცური

Approved by Natia Jinjolava

სატაცური

როგორც ქინა გაზაფხულიც დადგა - ჩიტები ჟღურტულებენ, მზე კაშკაშებს, გამვლელებს სახეზე ღიმილი დასთამაშებთ. ყველაზე კარგ განწყობაზე კი კულინარები ვართ - სატაცურის სეზონი მოვიდა.
თავიდანვე ამაყად განვაცხადებ: ინგლისური სატაცური მსოფლიოში ყველას სჯობს. აი, ინგლისური გასტრონომიული მეთოდები და პროდუქტებიც იგივე სიმაღლეზე რომ იდგეს, დიდი ბრიტანეთი მსოფლიო გასტრონომიის ლიდერი იქნებოდა. ძალიან დასანანია, რომ სატაცურის სეზონი ასეთი ხანმოკლეა. ასე რომ, შეეცადეთ მთელი წლის ულუფა ახლა მიირთვათ - სხვა ქვეყნებში მოყვანილი სატაცური, ინგლისურთან ახლოსაც ვერ მოვა.
სატაცურის მაღალი ფასი მისი მოყვანის სიძვირითაა განპირობებული. პირველი ორი წელი სატაცურის მოსავალს არ იღებენ. მერე კი მოსავალს მხოლოდ 2-3 წელი იძლევა. ასე რომ, სატაცურით დაკავებული მიწა დიდი ხნის განმავლობაში მოსავალს და შემოსავალს არ იძლევა.
ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი ბოსტნეული მდუღარე წყალში ხარშვისას გემოს მოლეკულებს ჰკარგავს და მთელი გემოს წყალს ატანს. ორიოდე წლის წინ ტრადიციული მეთოდით (ანუ მარილიან მდუღარე წყალში)  მოხარშული სატაცურის ნახარში გავსინჯე და გული გამისკდა, სატაცურის გემო ერთიანად „ბულიონში“ იყო გადასული. თითქოს, ყველაფერი ნათელია, მაგრამ მწვანე ლობიოს ნახარშს თუ გასინჯავთ, წყალს ლობიოს გემო არ აქვს. მოკლედ, როგორც ირკვევა, სატაცური ხავშვისას „თავის გემოს“ წყალს გადასცემს. მაგრამ, სატაცურს თუ ზეითუნის ზეთში მოვბრაწავთ, მისი გემო ბევრად უფრო ძლიერდება.
რეცეპტები 4 ულუფაზეა გათვლილი

მოთუშული სატაცური
Pot-Roast Asparagius
ძალიან უბრალო და გემრიელი კერძია. ერთი ულუფისთვის როგორც მინიმუმ სატაცურის 4-6 ღერი დაგჭირდებათ.
16-24 ღერი სატაცური, 1 პატარა თავი ხახვი (შალოტი), 50-75 გრ კარაქი, 1 კონა კერველი, ბალზამიკური ძმარი, 50 გრ პატარა თეთრი შმაპინიონები, 50 გრ ყველი პარმეზანი, მარილი და პილპილი
სატაცურს ფრთხილად და აკურატულად ავათალოთ კანი, ისე რომ ღერო არ დავაზიანოთ. წავატეხოთ გაუხეშებული ბოლოები (ღერის გადაღუნვისას ხრაშუნის ხმა ისმის და გამაგრებული ნაწილი ადვილად ტყდება). გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ ხახვი. პარმეზანი დავთალოთ თხელ ბურბუშელებად.
სქელძირიან და თავსახურიან ფართო ქვაბში ან ტაფაზე (წინასწარ შეამოწმეთ ქვაბის ფსკერზე სატაცური ერთ ფენად დაეტევა თუ ვერა) ძალიან დაბალ ცეცხლზე გავადნოთ კარაქი, ჩავყაროთ ხახვი, მოვურიოთ და დავახუროთ თავსახური და დაახლოებით 5 წუთი ასე თავდახურული ვთუშოთ. მერე ჩავალაგოთ სატაცური და ისევ თავდახურული გავაჩეროთ ყველაზე დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში და შიგადაშიგ ქვაბი შევანჯღრიოთ ხოლმე. სატაცური მზადაა - მზაობა დანით ან კბილის საჩიჩქნი ჩხირით შეამოწმეთ. წვეტი სატაცურში ადვილად, ოდნავი ძალდატანებით უნდა ჩაერჭოს.
ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კერველი (Anthriscus cerefolium), მოვაყაროთ პილპილი და მარილი გემოვნებით. თავი დავახუროთ და ასე გავაჩეროთ. ამასობაში ძალიან თხლად (თითქმის ბურბუშელად) დავჭრათ შამპინიონები. სატაცური მაგიდასთან ქვაბითვე, თავდახურული გავიტანოთ. ცალკე გამოვიტანოთ ბალზამიკური ძარი და შამპინიონისა და პარმეზანის ბურბუშელები.

პარმეზანის ნაყინი
Parmesan Ice Cream
ჩემი რეცეპტები მეტისმეტად ეგზოტიკურად, გამომწვევად და ცოდვა გამხელილი ჯობია, ხელოვნურადაც თუ გეჩვენებათ, მაშინ ამ რეცეპტზე რას იტყვით, რომელიც... 185 წლისაა. პირველად ეს რეცეპტი ჯოზეფ ბელის (Joseph Bell) კულინარიულ წიგნში „ტრაქტატი  კონდიტერულ ხელოვნებაზე“ (Treatise On Confectionery) 1817 წელს გამოქვეყნდა. ეს ნაყინი სატაცურის ფრიად უჩვეულო გარნირად გამოდგება. ამ მასალით დაახლოებით 750 მლ ნაყინი გამოდის.
500 მლ ცხიმიანი ნაღები, 110 გრ ყვითელი არარაფინირებული შაქარი, 110 გრ ყველი პარმეზანი
დაბალ ცეცხლზე პატარა ქვაბში ნაღები და შაქარი სისტემატიური მორევა-მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ ნუ ავადუღებთ. როგორც კი ნაღები დუღილამდე მივა, დაუყოვნებლივ გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ გახეხილი პარმეზანი და ვურიოთ ყველის ბოლომდე გადნობამდე. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
ერთი ღამით მაცივარში დავტოვოთ. დილისათვის მასა მომავალი გაყინვისათვის საჭირო კონსისტენციამდე შესქელდება. გადავიღოთ მჭიდრო თვსახურიან გასაყინ ჭურჭელში, კარგად მოვურიოთ, ზედაპირი მოვუსწოროთ და თავზე დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი ან პოლიეთილენის პარკი. დავახუროთ თავსახური და საყინულეში შევდგათ სულ ცოტა 6 საათით.

სატაცურის სუპი
Asparagus Soup
ეს სხვადასხვა ბოსტნეულის სუპის მომზადების ძირითადი რეცეპტია. საბაზო პრინციპი ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება: ბოსტნეულისგან ჯერ პიურე მოამზადეთ, და ეს პიურე გამოიყენეთ სუპის საფუძვლად. მთავარია - ძირითადი ბოსტნეულის გემოს და არომატის შენარჩუნება. ეს რეცეპტი იმ ფაქტზეა დაფუძნებული, რომ ხარშვისას სატაცურის გემო მის ნახარშში გადადის. რეალურად - რეცეპტი თუშვის მეთოდის უბრალო ადაპტაციაა. ერთ ულუფისათვის 8-10 ღერი სატაცურია საჭირო.
3 კგ სატაცური (დაახლოებით), მთლიანად რომ დაფაროს იმდენი ცივი წყალი, 75 გრ კარაქი, 500 მლ ცხიმიანი ნაღები, 1 ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი
ზემოთ აღწერილი წესით გავწმინდოთ სატაცური. ღერები დავჭრათ დაახლოებით 1 სმ-ს ნაჭრებად და ჩავყაროთ სქელძირიან, თავსახურიან  ქვაბში კარაქის ოდენობის ნახევართან ერთად. დავასხათ ცივი წყალი, ისე რომ დაფაროს ბოსტნეული.
წყალი მაღალ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე და თავდახურული ვხარშოთ, სანამ სატაცური არ დარბილდება, თან ყურადღება ვადევნოთ, რომ ბოსტნეულმა ფერი არ დაკარგოს. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ბლენდერში ავთქვიფოთ. მერე პიურე ხის კოვზის დახმარებით გადავწუროთ წვრილ საცერში.
სუპ-პიურე ქვაბში გადავასხათ, დავუმატოთ ნაღები და გავაცხელოთ დაბალ ცეცხლე 5 წუთის განმავლობაში. სუპი თუ ძალიან გაგვისქელდა, შეგვიძლია წყლით გავათხელოთ. ჩავაყაროთ ბლომად მარილი და პილპილი, დავუმატოთ დარჩენილი კარაქი, ლიმონის წვენი გემოვნებით და ხელის სათქვეფით კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ მსუბუქად“.

(ჰესტონ ბლუმენტალი „მეცნიერება კულინარიის შესახებ ანუ მოლეკულური გასტრონომია“)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მადამ დუროვა

Chelsea Flower Show - ჩელსის ყვავილების ფესტივალი

Approved by Natia Jinjolava

პირველი, რაც გამახსენდა დიდი ბრიტანეთის ხსენებაზე არის ის, რომ დიდი ბრიტანეთი ცნობილია ევროპის ერთ-ერთი უძველესი მონარქიული დინასტიით, დაუწერელი კონსტიტუციით და საუკუნოვანი ტრადიციებით: სახლმშენებლობით, 5 o’clock- ჩაის სმით, წმინდა ინგლისური თავაზიანობითა და ასეთივე მკვლელობებითაც კი. მაგრამ არსებობს  კიდევ ერთი რამ, რის გარეშედაც დარბაისელი ინგლისელი ვერ იგრძნობს თავს კომფორტულად - ეს არის ბაღი, თუნდაც პატარა, თუნდაც უკანა ეზოს მიკუჭულში, მაგრამ ფაქიზი, მოვლილი და მოყვავილე. რამდენი საუკუნეა ამ მოყვავილე ბაღების დედოფალი -  ვარდი - უცვლელი რჩება. მაღალი წრის წარმომადგენელთათვის საამაყო იყო ინგლისური ჯიშებისაგან შემდგარი როზარიუმის ქონა, როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასეთი ბაღებით ტრაბახობდნენ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ყველასათვის გაზიარების სურვილი გახდა ჩელსის ყვავილების ცნობილი ფესტივალის პოპულარობის საწინდარი, რომელიც 1862 წლიდან დღემდე ტარდება მცირედი პაუზებით პირველ და მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში.
ჩელსის ყვავილების შოუს ისტორია კი ასეთია: თავდაპირველად, გამოფენა ატარებდა ინგლისის სამეფო მებაღეთა საზოგადობის გაზაფხულის ყვავილების ფესტივალის სახელს, რომელიც სამეფო ოჯახის პატრონაჟით ჩატარდა კენსინგტონში თითქმის 150 წლის წინათ. შემდგომში Chelsea Flower Show-მ გადაინაცვლა ჩელსის ჰოსპიტალის ტერიტორიაზე. დღესაც იქ ტარდება და ითვლება, რომ ჩელსიში ყვავილების ფესტივალი სანამ არ ჩატარდება, ინგლისში ზაფხული არ დადგება. ფესტივალის დღეებში ყვავილების შოუზე მოხვედრა არა მხოლოდ სამეფო მებაღეთა საზოგადობის წევრებს, არამედ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ოღონდ თუ მაისის თვეში სასურველი ბილეთი უკვე ხელზე ექნება. ინგლისელებს თადარიგის დაჭერა  ყველაფერში უყვართ, ამიტომ გამიჯნეს მრავალრიცხოვან მსურველთა და სამეფო მებაღეთა საზოგადობის წევრების დასწრების დღეები. სამშაბათსა და ოთხშაბათს შესვლა მხოლოდ რჩეულებისთვის არის გათვალისწინებული.
ჩელსის ყვავილების გამოფენაში მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ნომინაციებიც საკმარისია. ამდენი წლის განმავლობაში ჩატარებული კონკურსის მონაწილეებისთვის მხოლოდ ყვავილების ახალი ჯიშების ჩვენება საკმარისი არ აღმოჩნდა,  ბოლო ათწლეულების მანძილზე ბაღის მთლიანი დიზაინის, ზოგ შემთხვევაში კი ზოგადი მიდგომა-კონცეფციის ახალი ხედვისთვის იბრძვიან. ყველა მონაწილე თანაბარ პირობებშია, აქ ნამდვილად არ უყურებენ, შეიხი ხარ თუ სურეიში მცხოვრები დიასახლისი. ოთხზე დგომა და ცაიტნოტი ჩელსიში, შეიძლება ითქვას, ყველას გამაერთიანებელი ნიშანია.
არნახული, დიადი იდეის და შრომის შეფასებისთვის დააწესეს რამდენიმე ძირითადი კატეგორია, რომელშიც შესაძლებელია ნომინაციის დეტალების დაზუსტება და მათი მოდიფიკაცია (იმ შემთხვევისთვის, თუ ახალი ჩანაფიქრი არცერთ შეთავაზებულს არ მოერგო). წელს პროგრამაშია: ქალაქის და გარეუბნის ბაღები, სახურავის ბაღები,  ფლორისტული გამოფენები, რჩევები სამეფო მებაღეთა საზოგადობის წევრებისგან (უსასყიდლოდ), ორქიდეების ჩვენება, ყვავილების და მებაღეობის საჭირო ატრიბუტიკის გაყიდვა (წარმოდგენილიდან ძირითადი ნაწილი იყიდება, რა თქმა უნდა, ბოლო დღეს). იქამდე კი სპეციალისტები და მოყვარულები დეტალურად ეცნობიან იდეებს, რადგანაც, შესაძლოა, ნაჩვენები აღმოჩნდეს უახლოეს რამდენიმე წელიწადის წამყვანი ტენდენცია.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

Подлинная история Кощеева Яйца

Approved by Natia Jinjolava

В тридевятом царстве, в тридесятом государстве жили-были три богатыря и любили они трех прекрасных девиц, Марфу Васильевну, Василису Прекрасную и Царевну Несмеяну. И решили все разом жениться, свадьбу на весь мир устроить и пир закатить, но прошел слух на Руси, примчались гонцы и оповестили, что грядет великая смута – на государство татарский хан напал. Собрались удалые молодцы родину спасать, оседлали своих тыгдымских коней и поскакали: тыг-дым, тыг-дым, тыг-дым... Доскакали до развилки трех дорог и видят: лежит посередине камень, а на камне надпись: «Направо поедешь – к невесте не вернешься, налево свернешь – потомства не видать, вперед путь продолжишь – самое ценное, что при себе имеешь – потеряешь». Пригорюнились молодцы, призадумались, какой путь выбрать? Думали, думали, так ничего и не придумали. Как татарина одолеть и к милой целехоньким вернуться? Видят, из лесу старуха ковыляет. «Что приуныли, добрые молодцы? Помочь ли чем могу, делом иль добрым словом». Богатыри как на духу все рассказали. Старуха выслушала и совет дельный дала: «Вы самое ценное сохраните и с собой не берите. Ничего не страшитесь, и врага победите и домой к невестушкам вернетесь. А что до укромного места, где вашу честь и достоинство хранить, я научу».
Старуха научила и успокоенные сердцем богатыри поскакали в дремучий лес. День сменился вечером, ночь сменилась утром. На заре вышли богатыри из лесу на поляну, а на поляне высокая скала, а на скале одинокая сосна. Достали свое богатство и порешили: «Одно яйцо на троих. Подвесим высоко-высоко на сосну, вот и сохранится. Повергнем врага – вернемся и заберем». Так и сделали и пошли за тридевять земель, за тридевять морей, на войну бить лютого татарина.
Дни летели, время шло, вот и двадцать лет прошло. После долгой войны удалые молодцы победителями вернулись на поляну забирать свое добро. А сосна-то тем временем выросла, верхушкой в небо упирается, яйцо-то не достать! Что не сделали, как ни старались, все не впрок. Отчаялись добрые молодцы, зарыдали зычным гласом и на их громкий плач собрались лесные зверушки и решили держать совет, как помочь бедолагам вернуть им доблесть мужскую. Кукушка прокуковала: «Что мне до их яйца, свои не знаю куда пристроить», и улетела прочь. Комар Комарович пропищал: «Достать-то достану, да не одолею». Медведь Потапыч гласил: «Я-то достану, но уж больно голоден, не стерплю да сьем». Лягушка Путешественница молвива: «Подбросьте меня, может и дотянусь. А то царевны без мужей останутся и меня зацелуют». Подбросили да тщетно. Тут Лиса Патрикеевна свое слово сказала: «Свое добро при себе надо хранить. Нечего подвешивать куда попало». Все советы предлагали, да ничего дельного. Мимо леший пробежал: «Что вы мучаетесь, когда Жар-птица прилетит, попросите, она и достанет». И остались богатыри на чудо-поляне ждать чудо-птицу.

***

Прошло триста лет. Все триста лет искали женихов красны девицы, скитались по миру, постарели, сгорбились, скособочились и превратились в Бабу-Ягу Костяную Ногу, Кикимору Болотную и Змею Подколодную. Наконец вышли на чудо-поляну, а там под сосной трое сидят: Кощей Бессмертный, Чахлик Невмерущий да Здыхлик Безсмяротный, взирают на верхушку, охают да ахают: а яйцо-то давно окаменело...

Сказка ложь, да в ней намек - добрым молодцам урок...


გაყიდვაში შემორჩენილი ვადაგასული "ტავარი"

Approved by Natia Jinjolava

როგორც ამბობენ, შინაბერობა ბედია, ბერბიჭობა კი საკუთარი არჩევანი. ალბათ მართლაც ასეა. შინაბერებზე ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცით და ახალს ვერაფერს დავამატებთ. საქართველოში კიდევ ერთ ტაბუდადებულ თემას - დაუოჯახებელი მამაკაცების ფსიქოლოგიას შევეხებით. გამოტყდით, ალბათ ყველა თქვენგანს შეგიმჩნევიათ, რომ შუახანს გადაშორებულ უცოლო კაცს საარაკოდ მყრალი ხასიათი და, კლასიკურ შინაბერასაც რომ არ დაესიზმრება, ისეთი ხუშტურები აქვს. ერთ ჩემს ნაცნობს ღამე არ დაეძინებოდა, თუ გაახსენდებოდა, რომ იმ დღეს რადიატორის სექციებს შორის ტილო არ გამოუსვა. ისეთიც გეყოლებათ ნანახი, სააბაზანოში დაკიდული პირსახოცების სისწორეს ლამის თარაზოთი რომ ამოწმებს. საშინელებაა, როცა ახლობლები ასეთი მამაკაცის „წიკებზე“ თვალს ხუჭავენ და ცოლის მოყვანას მაინც აიძულებენ: ამით კაცსაც დალაგებულ სამყაროს ურევენ და იმ ქალს ხომ აუბედურებენ და აუბედურებენ!
ერთი ჩემი ახლობელი, ძალიან სიმპათიური, წარმატებული და დამოუკიდებელი ქალი „გაბედნიერდა“ - ოჯახის მხრიდან გაუთავებელ „რეპრესიებს“ დანებდა და ბედი საგულდაგულოდ შერჩეულ კანდიდატურას, ორმოცდაათ წელს მიკაკუნებულ ინტელიგენტს, დაუკავშირა. ოთხ თვეში ანტიდეპრესანტებზე “შემჯდარი“ და ნევროზაკიდებული, მშობლიურ კერას დაუბრუნდა. აღმოჩნდა, რომ მზრუნველი მეორე ნახევარი ყოველ ცისმარე დილას გარდერობის რევიზიას ატარებდა და ამოწმებდა, ერთი ფერის ტანსაცმელი ერთმანეთზე იყო თუ არა დაწყობილი. ფერთა გამაში რამე დისონანს თუ შენიშნავდა, მთელ დასტას ხელს მოავლებდა და სააბაზანოში ჩასალბობად მიარბენინებდა, „აქაოდა, ცუდი გარეცხილიაო“ (გაოცებული იკითხავთ, ფერი რა შუაშია, ამაზე თავს ჩვენც ვიმტვრევთ და მისი ყოფილი ცოლიც. მით უმეტეს, რომ ხელმეორედ გარეცხვა სწორედ მას უწევდა!).
ისეთებიც ვიცით, ვისაც თითოეული ჭიქისთვის განსაზღვრული და სამუდამო ადგილი აქვს მიჩენილი და ამ ჭიქის ნახევარი სანტიმეტრით ჩაჩოჩებას ვერ ეგუება, ახლადგაუთოვებულ ტანსაცმელზე უადგილო ნაკეცებს დასდევს, წინდებს ორივე მხრიდან აუთოვებს და მაისურებს კარადაში საკიდებზე სათითაოდ ჰკიდებს. გეცნოთ? ადამიანი არ მეგულება, გარშემო ერთი ასეთი ეგზემპლიარი რომ არ ჰყავდეს, მაგრამ ამ „წვრილმანებს“ შესაშური ერთსულოვნებით არ ვიმჩნევთ, მაშინ როცა გაუთხოვარი ქალის ბანალური თავის ტკივილიც კი შინაბერობას და ცუდ ხასიათს ვაბრალებთ.
ერთი ყოფილი სპორტსმენის, ყველაფრით უზრუნველყოფილი და ძალიან სიმპატიური უცოლო ახალგაზრდა კაცის გასაჭირს მოგიყვებით. თმაში შეპარულმა ორიოდე ღერმა ჭაღარამ და პირველმა, სავარაუდოდ მიმიკურმა ნაოჭებმა ისე შეაშინა, რომ სასწრაფოდ დიეტა მოიშველია და ვარჯიშს მიუბრუნდა, ყოველ დილას კუს ტბაზე ძუნძულში ატარებს, გამწარებული კალორიებს ითვლის და ერთადერთი საფიქრალი - „ჯანმრთელი ცხოვრების სტილი“ აქვს. ეს ყველაფერი თავისთავად ცუდი არ არის, ამ ფონზე კიდევ ერთი ფობია რომ არ გასჩენოდა: ნებისმიერ კონტექსტში წარმოთქმულ სიტყვებზე: „სიბერე, ზედმეტი წონა, თეთრი თმა“, ისტერიკა ემართება და წარმოთქმულის ავტორს კვირაობით აღარ ელაპარაკება, „ემანდ აღარ გაიმეოროსო“ (თავის კლასელ და თანატოლ გოგონას რამდენიმე თვე ემალებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონა შეცდა და „აწი დავბერდითო“, წამოსცდა). ყველაფერ სიკეთესთან ერთად, აწ უკვე ზრდასრული მამაკაცი ბედს არ ეგუება და ჯიუტად ითხოვს, ისევ ბიჭად იწოდებოდეს.
ერთმა ტიპმა სკოლის დამთავრებისთანავე დიდი ფულის შოვნა გადაწყვიტა. ბევრი იშრომა, იჯაფა, წელებზე ფეხს იდგამდა, ყველაფერს იკლებდა და აი, ოცდათხუთმეტ წელს რომ მიუახლოვდა, ჩათვალა, რომ ბედნიერებისთვის საკმარისი თანხა დააგროვა, მიზანს მიაღწია, ახლადნაყიდ სახლში ნანატრი რემონტიც გაიკეთა, გარაჟში მანქანაც დაიყენა და გადაწყვიტა, რომ სრული იდილიისთვის მხოლოდ ცოლის მოყვანაღა აკლდა. გაიხედ-გამოიხედა და აღმოაჩინა, რომ ამ შრომა-შრომაში ახალი ნაცნობები არ გაუჩენია, ძველი ნაცნობი გოგოები კი შემოაკლდა (ამასობაში ყველამ თავისი პირადი ცხოვრება აიწყო). კლასის ალბომი გადმოიღო და ორად-ორი გაუთხოვარი კანდიდატურა იპოვა. ერთი მაშინვე უარყო (ცენტნერნახევრიან გოგოს ეს ბიჭი ერთ ლუკმად არ ეყოფოდა), მეორეს სტუმრად მიადგა და, სრულიად დარწმუნებულმა, „გაუთხოვარ ქალს ფულიანი კაცი მადლს ვუშვრები, უარს როგორ მეტყვისო“,  თავისი მყარი გადაწყვეტილება ამცნო, თან საკუთარი მოთხოვნების არშინიანი სია მოაყოლა „ცოლი როგორი უნდა იყოსო“: ცოლს ყველაფერი ყველაზე ძვირიანი და სხვების შესაშური ექნება, საუკეთესო კურორტებზე დაისვენებს, მანქანაც ეყოლება, მაგრამ ამ მანქანით ვერსად ივლის, ქმარმა ხმა თუ არ გასცა, კრინტი არ უნდა დასძრას, ყველაფერი ქმრის მიჩენილ ადგილას უნდა იდოს, მეგობრებში არ უნდა იაროს, ქმრის ნებართვის გარეშე სტუმრადაც არავინ არ უნდა მოიყვანოს. გოგომ უსმინა, უსმინა და სიტყვებით: „ჩვენ ერთ მინდორზე ვერ მოვძოვთო“, მომთხოვნი სასიძო სახლიდან გააბრძანა.
აღიარეთ, რომელი უფრო ამაზრზენია, ჭირვეული შინაბერა ქალი თუ ბზიკებიანი ასაკშეპარული და ექსპლუატაციის ვადაგასული სასიძო? ერთ ბრძენ ადამიანს თუ დავუჯერებთ:  „უცოლო კაცი - ეს არის ადამიანი, რომელიც ბევრ სიკეთეზე უარს ამბობს, მხოლოდ და მხოლოდ ამ სიკეთის სამუდამოდ შეძენის შიშით“.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მაშრიყიდან მაღრიბამდე

Approved by Natia Jinjolava

ჩემი საყვარელი პერიოდი, ბროწეულის ყვავილობის დრო დადგა. ბროწეულის გახსენებაზე, რომელიც სპარსული მინიატურების, აღმოსავლური სუფრისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია, „მაშრიყის“ სხვა ხილიც გამახსენდა, მივიძიე-მოვიძიე და გადავწყვიტე ეს სტატიაც იმ ტრიადისთვის მიმეძღვნა, რომელიც წევრებიც „ხილობენ“ (და თანაც როგორ!), სინამდვილეში კი ორი მათგანი სულაც კენკრაა, მესამე კი ოთახის მცენარე ფიკუსის ახლო ნათესავია. იცნობდეთ და გიყვარდეთ, უძველესი ხილის სამეული: ბროწეული, საზამთრო და ლეღვი.

ბროწეულის ოფიციალურ სამშობლოდ სპარსეთი თვლება. ისტორიული ცნობების მიხედვით, ბროწეულის ხეს (რომელიც სინამდვილეში სუბტროპიკული კენკრაა) 5000 წლის წინ ბაბილონში აშენებდნენ. 1-5მ სიგრძის მცენარე და მისი ნაყოფი ოდითგანვე ძალიან პოპულარული იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ნაყოფის გვირგვინისებრი დაბოლოების გამო მას „სამეფო ხილად“ მიიჩნევდნენ და სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა: ძველ ეგვიპტეში გარდაცვლილებს ბროწეულით ხელში მარხავდნენ, რაც სააქაოს დაბრუნებას აღნიშნავდა. საბერძნეთში ბროწეული ცოლ-ქმრული ერთგულების სიმბოლო გახლდათ: ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ ბროწეული დიონისეს სისხლიდან გაჩნდა, ხე კი ნიმფების სამფლობელოა. მითის მიხედვით, საიქიოს ღმერთი აიდი თავის ცოლს პერსეფონეს დედასთან მიწაზე უშვებდა, მაგრამ ბროწეულის მარცვლებს აჭმევდა, რომ მას ქმართან მიბრუნება არ დავიწყებოდა.
ძველ რომში ბროწეულს ორი სახელი ერქვა: „malum punicum“ („კართაგენის ვაშლი“ - გადმოცემით, კართაგენის დამაარსებელმა ფინიკიელებმა თან ბროწეულის ხის ნერგებიც ჩაიტანეს და გაახარეს) და „malum granatum“ („მარცვლებიანი ვაშლი“ - მისი იტალიური სახელი “melagrana”-ც იგივეს ნიშნავს) და ვნების სიმბოლოდ ითვლებოდა.
მადონა ბროწეულით (ბოტიჩელი)
ქრისტიანობაში ბროწეული ღვთისმშობლის ერთ-ერთი სიმბოლოა, ისლამურ სამყაროში კი ორი ძირითადი მნიშვნელობა აქვს: ნაყოფიერების (პატარძალმა ბროწეულის მიწას უნდა დაანარცხოს და რამდენი მარცვალიც გამოვარდება, იმდენი შვილი ეყოლება) და მეგობრობის (სტუმარს მასპინძლისთვის ძღვნად ბროწეული მიაქვს). აი, ჩინეთში ეს ხილი მამაკაცური ძლიერების სიმბოლოა. ასეთი განსხვავებული სიმბოლური დატვირთვის გარდა, ბროწეულს დიდი ადგილი ეჭირა (და დღესაც უჭირავს) მედიცინაში, სადაც ნაყოფის გარდა, ხის ქერქიც და ფესვებიც გამოიყენება. ნაყოფი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით და ჰემოგლობინის მოსამატებელ საშუალებად ითვლება, მისი  წვენი კი, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, შაქარს და ტანინს, ხალხურ მედიცინაში  თირკმლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ძველი ეგვიპტელები ბროწეულის წვენით დიზინტერიას არჩენდნენ, შრილანკელები კი დღესაც თვალის ინფექციების დროს იყენებენ. ჰიპოკრატეს აზრით, ბროწეული შესანიშნავად აშუშებს იარებს, ხოლო იბნ სინა (ავიცენა) თვლიდა, რომ ბროწეულის წვენი კურნავს გულისა და კუჭის დაავადებებს, ციებ-ცხელებად და შველის ნაბახუსევს. ინდური „აიურვედას“ მიხედვით, ბროწეული გაახალგაზრდავების ეფექტური საშუალებაა.
მედიცინა-კოსმეტოლოგიისა და, რაღა თქმა უნდა, კულინარიის გარდა, ბროწეული სამღებრო საქმიანობაშიც „მონაწილეობს“ - მისი ყვავილებისგან მიღებული საღებავით შალისა და აბრეშუმის ქსოვილები იღებება.
დაბოლოს, ერთი საინტერესო ყირიმული ლეგენდა: ერთი მეთევზეს სამი ქალიშვილი ჰყავდა: ალვისა, გრანატა და კიპარისა. სამივე შვილი ჭირვეული ზნით გამოირჩეოდა: ალვისა ტანდაბალი იყო, თავის ნაკლს დედ-მამას აბრალებდა და სწყევლიდა; ბროწეულა სიფერმკრთალით გამოირჩეოდა და მშობლებს სულ აყვედრიდა, „ლოყებღაჟღაჟა რატომ არ ვარო“; კიპარისა ლამაზიც იყო და მხიარულიც, მაგრამ ენამწარე და უმადური დების შემყურე, მშობლებს ისიც საყვედურობდა. ერთხელაც, განსაკუთრებული აყალმაყალისას, შეწუხებულმა მშობლებმა ზეცას შეჰღაღადეს: „ნეტავ, არის თუ არა ძალა, რომელიც ჩვენი შვილების ბოროტებისგან დაგვიცავს“. ამ დროს ციდან ხმა გაისმა: „ალვისავ, მშობლებს ტანმორჩილობას რომ აყვედრი, მაღალ ხედ იქცევი, რომელიც არასდროს არ იყვავილებს და არც ნაყოფს მოისხამს! გრანატავ, შენ სახის ფერს იწუნებდი და ვარდისფერყვავილება ხედ იქცევი, მაგრამ შენი ყვავილების დასაყნოსად არავინ დაიხრება, რადგანაც ისინი  უსუნო იქნება, ნაყოფი კი კაცს ვერც დაანაყრებს და ვერც წყურვილს მოუკლავს. კიპარისავ, შენ ლამაზ, მაგრამ სევდიან და მდუმარე ხედ იქცევი“. შეშინებული ქალიშვილები სახლიდან ეზოში გაიქცნენ. მშობლებიც თან გაჰყვნენ, ეზოში კი სამი უცნობი ხე დახვდათ: ალვის ხე, ბროწეული და სარო.

საზამთროს ბაღჩეულ კულტურად მივიჩნევთ, მაგრამ სინამდვილეში ესეც დიდი ზომის კენკრაა. ზომა-წონას რაც ეხება, ჩვეულებრივ, საზამთრო შეიძლება 20კგ-მდე იწონიდეს, თუმცა გიგანტებიც არსებობენ - ევროპაში ყველაზე დიდი საზამთრო 64კგ-ს იწონიდა, ხოლო მსოფლიო რეკორდსმენი ხელმარჯვე ამერიკელების გამოზრდილი 122კგ-იანი საზამთრო გახლდათ.
მისი სამშობლო აფრიკაა, კერძოდ კი, კალაჰარის უდაბნო, სადაც დღესაც იზრდება ველური „კოლონციტი“, ფორთოხლისხელა მწარე და შხამიანი ნაყოფით, რომელსაც თითქოს ჩვენთვის კარგად ნაცნობ საზამთროსთან საერთო არაფერი აქვს.
საზამთროს მოშენება დაახლოებით 2000 წლის წინ ეგვიპტელებმა დაიწყეს (მისი გამოსახულება ეგვიპტურ ბარელიეფებში გვხვდება) და გარდაცვლილ ფარაონებს აკლდამაში აუცილებლად საიქიოში საკვებად ატანდნენ.
„ხარფუზი“ - ასე უწოდეს თურქებმა და მაშინვე შეიყვარეს ეს ტკბილი და წყურვილის მომკვლელი ნაყოფი. თურქეთში ის იმდენად ხელმისაწვდომია, რომ ღარიბ ადამიანს საჩუქრად („ფეშქაშად“) საზამთრო მიაქვს. აი, მისი სახელი ”ხარბუზა“ ირანულია და „სახედრის სიდიდე კიტრს“ ნიშნავს.
საზამთროს შემადგენლობის 80-90% წყალია და სწორედ ამით აიხსნება მისი მძლავრი შარდმდენი ეფექტი. ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინიც გამოჰყავს და სასარგებლოა ცისტიტის, ნეფრიტისა და პიელოფრიტის, ასევე ართროზისა და სახსრების დაავადებების დროს. საზამთრო მდიდარია სხვადასხვა მინერალებით, ანტიოქსიდანტებით, B9 ვიტამინით; მაგნიუმის დიდი შემცველობის გამო ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას. ასეთ მრავალფეროვან შემადგენლობასთან ერთად, საზამთროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირსება აქვს: ძალიან დაბალკალორიულია (100 გრამში მხოლოდ 38 კალორიაა), ამიტომ მისი დიეტა ძალიან ეფექტური და პოპულარულია.
ეს ტკბილი, გემრიელი და სასარგებლო ნაყოფი ბევრი ექსპერიმენტის საგანი გამხდარა. იაპონელი ბიოლოგები დიდხანს ცდილობდნენ უკურკო საზამთროს გამოყვანას, გამოიყვანეს კიდეც, მაგრამ ეს „სიამოვნება“ საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ და ხელი ჩაიქნიეს. მერე ტრანსპორტირების გასაადვილებლად კუბისა და პირამიდის ფორმის საზამთროები გამოიყვანეს (გადაზიდვა მართლაც საგრძნობლად გამარტივდა, აი, გემო კი შეიცვალა). ინდოეთში მისი შენახვის ვადის გაზრდის მიზნით, საზამთროს ცვილში აწობდნენ. ყველაზე ძვირადღირებული დესნუკეს ჯიშის რვაკილოგრამიანი შავი საზამთრო 2008 წელს იაპონიაში აუქციონზე 6100 აშშ დოლარად გაიყიდა. დესნუკე საზამთროს იშვიათი ჯიშია, რომლის პირველი მოსავალიც სწორედ 2008 წელს აიღეს და ის სულ რაღაც 65 ცალს შეადგენდა. ქერქის ფერის გარდა, დესნუკე ჩვენი ზოლიანი საზამთროსგან გემოთი სრულიად განსხვავდება.

ლეღვი  ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფიკუსის და ასევე თუთის ხის ახლო ნათესავია. ისეც კაცობრიობის ყველაზე დიდი ხნის „ნაცნობი“, უძველესი ხილი და წმინდა ხეა, რომელსაც, ბროწეულის მსგავსად, ბევრი ერის კულტურაში სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
მისი გამოსახულება 2500 წლის წინანდელ ძველეგვიპტურ ბარელიეფებზე გვხვდება.  ლეღვი ოდითგანვე მოჰყავდათ არაბეთში, ფინიკიაში, სირიასა და ეგვიპტეში, ჩვ.წ.აღ-მდე მე-9 საუკუნეში საბერძნეთში შეიტანეს, სადაც დემეტრასა და დიონისეს საკულტო ხედ იქცა. ლეღვი წმიდათაწმინდად ანტიკურ რომშიც ითვლებოდა: ლეგენდის მიხედვით, კალათი, რომელშიც რომული და რემი ისხდნენ, სწორედ ამ ხის ტოტებში გაიხლართა და ტყუპი ძმები უეჭველ დაღუპვას ამით გადაარჩინა (რომის ფორუმზე ამოზრდილი ლეღვის ხის გახმობა მთელმა რომმა გამოიგლოვა). რომაული ვაკხანალიებისას საგანგებო მსვლელობა იმართებოდა, რომლის მონაწილე ღვინის მოყვარულებს ხელში სწორედ ლეღვის ნაყოფი ეჭირათ. მისი აღწერა რომაელ პლინიუს უფროსთანაც გვხვდება, რომლის თქმით, ლეღვი სასარგებლოა ხველებისა და დამწვრობების დროს (სხვათა შორის, ლეღვისგან ხველების საწინააღმდეგო ნაყენს ამზადებდა მე-17 საუკუნის ინგლისის დედოფლის, პენრიეტა-მარიას მზარეულიც).
ინდოეთში ლეღვი ღმერთი ვიშნუს ხედ ითვლება და არცთუ ისე შორეულ წარსულში ინდოეთის ყველა სოფელსა და დასახლებაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთი ლეღვის ხე, რომელსაც შესთხოვდნენ შვილებს, ბარაქას და გონივრულ რჩევას. ასეთ ხესთან მსხვერპლშეწირვის რიტუალიც იმართებოდა, რომლის დროს მას წყალნარევ რძეს ასხავდნენ, ყვავილებით რთავდნენ და ძღვნად პური და კეთილსურნელები მიჰქონდათ (სხვათა შორის, ცეილონზე დღესაც არის ერთი ასეთი წმინდა ლეღვის ხე, რომელიც გადმოცემით, 2200 წლის წინ დაურგავთ). ბიბლიასა და სახარებაშიც ლეღვის ხეს განსაკუთრებული ადგილი უკავია (ბიბლიაში მისი პირველი ხსენება ადამსა და ევას უკავშირდება, რომლებმაც აკრძალული ხილის გასინჯვის შემდეგ საკუთარი სიშიშვლე რომ აღმოაჩინეს და დაირცხვინეს, სწორედ ლეღვის ფოთლებით შეიმოსნენ). დრუიდების ჰოროსკოპშიც ამ ხეს თავისი ადგილი მყარად უჭირავს (14-23 ივნისი და 12-20 დეკემბერი).
ლეღვის ნაყოფი შეიცავს კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, ნახშირწყლებს და აგრეთვე B6 ვიტამინს, რომელიც სეროტონინის, ანუ „სიამოვნების ჰორმონის“ გამომუშავებას უწყობს ხელს. კალიუმის რაოდენობით ლეღვს ნიგვზის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს, ხოლო რკინის შემცველობით ვაშლსაც უსწრებს. არსებობს ლეღვის 600-მდე ჯიში და ბევრი მათგანი მოსავალს წელიწადში ორჯერ იძლევა. ხარობს ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნებში, მცირე აზიაში, ირანში, ინდოეთში, შუა აზიასა და კავკასიაში.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი



P.S. დაბოლოს, ისევ ჩემს საყვარელ ხილს, ბროწეულს მივუბრუნდები. მე-8 საუკუნეში არაბებმა ანდალუსიაში (ესპანეთი) ულამაზესი ქალაქი დააარსეს, ირგვლივ ბროწეულის ხეივნები გააშენეს და ქალაქს სახელად „გრანადა“ დაარქვეს.