პროვინციალიზმი

Approved by Mary Poppins

პროვინციალიზმის ოფიციალური ლიტერატურული განმარტება ასეთია: პროვინციალიზმი ანუ დიალექტიზმი (ლათინური სიტყვიდან provincia - მხარე, ოლქი) არის სიტყვა ან გამონათქვამი, რომელსაც მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ კუთხეში ან რეგიონში იყენებენ და ქვეყნის დანარჩენი რაიონების მცხოვრებთათვის გაუგებარია. პროვინციალიზმი აბინძურებს საერთო-ეროვნულ სალაპარაკო და ლიტერატურულ ენას და მხატვრული სიტყვის ნამდვილი ოსტატები მას მცირე დოზით იყენებენ, ისიც მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ლიტერატურული პერსონაჟისათვის კუთხური კოლორიტის მისანიჭებლად.
დროთა განმავლობაში ამ ტერმინმა ასეთი დამატებითი მნიშვნელობაც შეიძინა: „ვიღაც, კონკრეტულად რომელიმე რეგიონისთვის დამახასიათებელი ან შეზღუდული ინტერესებით, შეხედულებებითა და მსოფლმხედველობით“, ან „ვიღაც, რომელსაც არ გააჩნია ქალაქური მანერები და დახვეწილობა“.
მანერებსა და დახვეწილობას რაც შეეხება, სრულიად ვეთანხმები, მაგრამ ჩემი გაგებით პროვინციალიზმმა დაბადების ადგილთან კავშირი კარგა ხანია დაკარგა და ადამიანის მსოფლმხედველობის გამოხატულებად უფრო იქცა. როგორც საბურთალოზე დაბადებული და ვაკეში გაზრდილი (და დღემდე აქვე მცხოვრები) სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე რომ „სოფლელი“ კლასელები და მეზობლები მყავდა (და მყავს), ამდენი ბაბუაჩემის მამას არ ჰყოლია სოფელში.  მახსოვს, 1997 წელს საქართველოში პირველი წიგნი „ვინ ვინ არის?“ (წლის ყველაზე სახელგანთქმული ადამიანები) რომ გამოვიდა, რედაქტორმა დამირეკა: „500 ადამიანიდან მარტო შევარდნაძეს და მამაშენს უწერია, რომ თბილისში არ არის დაბადებული და ხომ არ შეცვლიდითო?“. პირველად მაშინ დავფიქრდი, რომ მამაჩემი, რომელიც 16 წლისა ჩამოვიდა თბილისში (ნაქირავებში არა, საკუთარ ბინაში), უნივერსიტეტში ჩააბარა და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე სხვაგან არსად უმუშავია, ერთხელაც არ უთქვამს, რომ თბილისელია. რა უბანში ცხოვრობო, რომ ეკითხებიან, ასე ხუმრობს: „ჩემი ზუგდიდი მივატოვე და ვაკეზე ნაკლებ ადგილას ხომ არ დავსახლდებოდიო“.  ჯერ ჯონ ლენონის და ვერსაჩეს სიკვდილის ამბავს არ მიუღწევია, ისეთი სოფლიდან ჩამოსულები დაყენებული თბილისური აქცენტით ძალიან ხშირად მეკითხებიან, რომელი რაიონიდან ვარ წარმოშობით. და ზუგდიდი-თქო რომ ვპასუხობ, „ზუგდიდში რომელი სოფლიდანო?“, თვალები ენთებათ სიხარულისგან. ზუგდიდი ზუგდიდს ნიშნავს, და სოფლიდან რომ ვიყო, არც ამას დავმალავდი. უფრო მეტიც, 90-იან წლებში თბილისელებს გათბობა და ცხელი წყალი რომ გამოგვირთეს, გემრიელად დასაბანად და ცენტრალურ გათბობაზე გაყინული ძვლების მისაფიცხებლად ბაბუაჩემთან „პროვინციაში“ ჩავდიოდით. აი, ბაბუასთან დასასვენებლად ჩასვლას რომ ვახსენებ, ეს კიდევ უფრო დიდ აღტაცებას იწვევს: „სკოლა იქ გაქვს დამთავრებული, ხომ?“. არც სკოლა დამიმთავრებია, არც მიცხოვრია, მაგრამ იქაურობით ვამაყობ, ძალიან მიყვარს და უფრო მეტიც - მეგრულიც ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ სახლში ამ ენაზე არავის და არასდროს გვილაპარაკია!
ჩემი აზრით, პროვონციალიზმი იცით რა არის? საკუთარი ოჯახის და წარმოშობის რომ გრცხვენია; დაბადების ადგილს და უკვე მოხუცებულ ან გაუნათლებელ მშობლებს რომ მალავ; ახალგაზრდა გოგო შენთვის ძვირიან და დედისთვის იაფიან თმის საღებავსა და „კალგოტკებს“ რომ ყიდულობ; ოღონდ საზღვარგარეთ წახვიდე და სხვისი „გარშოკის“ თრევასაც რომ არ თაკილობ და საქართველოში იგივეს უფრო მეტი ანაზღაურებითაც არ კადრულობ; სხვის ცხოვრებაში უცერემონიოდ ცხვირს რომ ჰყოფ; საკუთარი სახელის რომ გრცხვენია და „ნათელას“ ნათიათი ან „ნუნუს“ ნინოთი ცვლი; სხვის ოჯახში თვალებს რომ აცეცებ და სხვის ქონებას ზომავ; წიგნის მარტო სათაურს რომ კითხულობ და მერე ამ წიგნზე დიდის ამბით მსჯელობ, (ისევე, როგორც თაროებზე წიგნების ყდის ფერების მიხედვით დალაგება); უცხოეთში ორი თვის  გატარების მერე ქართული რომ გავიწყდება...
ერთი კურსელი გოგო გამახსენდა, რომელიც თავისი „გაქალაქელების“ დასამტკიცებლად, ამაყად ყვებოდა: „დედაჩემს 12 ძროხა ჰყავს, სახლში ყველი და ხაჭო არ გველევა. მე კი ისეთ ფუფუნებაში გამზარდეს, ტალახზე ფეხი არ დამიდგამს და დედალ-მამალ ძროხას ერთმანეთისგან ვერ ვარჩევო“. ჯერ მინდოდა გამესწორებინა, რა დედალი ძროხა, რის მამალი ძროხა-თქო, და მერე გავჩერდი. სირცხვილი სახლში ძროხის ყოლა არაა, ძროხა რომ გყავდა და მისი მოწველა (და ფილოლოგმა სიტყვები „ძროხა“ და „ხარი“) არ იცი, სამარცხვინო ეგაა. ნუთუ ამ გოგოს დედა ერთხელაც არ გამხდარა ავად, რომ თუნდაც წმინდა ადამიანური გულისხმიერების გამო მაინც შესცოდებოდა საკუთარი დედა და სიცხიანი ქალი არ მიეშვა საქონელთან? აი, ეს არის პროვინციალიზმი ჩემი აზრით! მთავარი, სად დაიბადე და გაიზარდე, ის კი არაა, მთავარია როგორ გაიზარდე და როგორ ცხოვრობ. ერთი ახლობელი 30 წელი ნაქირავებ ბინაში „ლეჟანკაზე“ იტანჯებოდა და ჩაის ალუმინის „კრუჟკიდან“ სვამდა (ავეჯი და ჭურჭელი არ ჰქონდა), მაშინ როცა ზესტაფონში ორსართულიანი საკმაოდ დიდი სახლი ედგა და თავის დროზე კარგი სამსახურიც უშოვეს. მაგრამ სახლში დედა არ უშვებდა: „ჩემი მაზლისშვილები მოსკოვში ცხოვრობენ და ჩემი თბილისშიც არ იყოსო?!“ ახლა დედიკოც და შვილიკოც ძალიან ნანობს, მაგრამ სახლიც უპატრონობისგან დაიშალა და სამსახურსაც აღარ სთავაზობენ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ჩამოსულებს“ არაფერს ვერჩი, კონკრეტული მენტალიტეტი მაქვს მხედველობაში. აგერ, შუაგულ ვაკეში (ჩემი სადარბაზოც მეყოფა), რამდენსაც გინდათ, იმდენ თბილისში დაბადებულ და გაზრდილ „სოფლელს“ გიჩვენებთ, რომლებსაც ეზოში მათი ფანჯრებიდან ჩამოყრილი ნაგვის დანახვაზე, ჩემი ერთი აბაშიდან ჩამოსული მეზობელი სრულიად სამართლიანად ამკობს: „მიწურის მიწურში რომ უნდა ცხოვრობდნენ ეს ბინძურები და შემთხვევით ზედა სართულებზე მოხვდნენო!“, სამაგიეროდ, ასევე, უამრავი სოფელში დაბადებულ და დღემდე იქვე მცხოვრებსაც ვიცნობ, ვისი დალაგებული და საზრიანი სიტყვა-პასუხი სასიამოვნოდ გაგაოცებს. კახეთში ერთი მოხუცებული ქალი ვიცი, სოფელში ხმაური რომ ატყდება, ჯერ მოწესრიგდება, ტანზე გამოიცვლის, მაღალქუსლიან ფეხსაცმლებზე შედგება და სოფლის ცენტრში ამბის გასაგებად მხოლოდ ამის მერე გადის. უზომოდ დიდ პატივს ვცემ ჩემს იეზიდ თანამშრომელს, რომელიც თავის წარმოშობას არასდროს მალავს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე, გვარგადაკეთებული და „გააზნაურებული“ ქართველი დამცინავად „ქურთს“ ეძახის. ჩემი დის მეზობელიც მახსენდება, რომელიც შეკითხვაზე: „ტანია, რუსი ხარო?“,  „არა, უარესი - ოსიო“ დღესაც ასე პასუხობს.
ჰო, ჩემო კარგებო, პროვონციალიზმი ჩვენი საქციელია და არა დაბადების ადგილი.  დიახ, ბაბუაჩემი სოფელში გლეხის ოჯახში დაიბადა და მოსკოვის აგრონომიული აკადემიის დამთავრების შემდეგ, 23 წლის ასაკში იმავე სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახდა, მამაჩემიც იქვე დაიბადა, მერე რაიონულ ცენტრში გაიზარდა და 16 წლისა თბილისში ჩამოვიდა. დედაჩემიც 16 წლამდე სოფელში იზრდებოდა, მისი მშობლებიც, იმათი მშობლებიც... ასეთი „პროვინციული“ წარმოშობის მქონე პირველი თაობის თბილისელი რომ ვარ, სწორედ ამიტომაც მივეცი ჩემს თავს უფლება თქვენთან ამ თემაზე მესაუბრა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


0 კომენტარი.:

Post a Comment