თანამედროვე ჯაყოები

Approved by Mary Poppins

ერთი აღმოსავლური გამონათქვამი გვასწავლის: „სტუმარი ღვთისაა სამი დღე, მერე შინ უნდა გაბრუნდეს“. ქართველები თავს სტუმართმოყვარეობით ვიწონებთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას ორი მხარე აქვს: სტუმარი და მასპინძელი, და მთელმა პროცესმა მხოლოდ მასპინძლის ზურგზე არ უნდა გადაიაროს, სტუმარმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, მოქცევა და ზრდილობის წესები. თბილისში ერთი ოჯახიც არ მეგულება, რომელსაც რაიონში ნათესავი ჰყავდს და ამ ნათესავის ერთი-ორი სტუდენტი შვილი მაინც შეეფარებინოს, თავიდან ვითომ ერთი კვირით და მერე სრული ხუთი სასწავლო წლითაც.
ერთი გოგო თბილისელ ბიძასთან ჩამოვიდა, მისაღები გამოცდები უნდა ჩაებარებინა და მერე თავის „გზაზე წასულიყო“. ინსტიტუტშიც მოეწყო, დიპლომიც აიღო და აქაურობა ისე გაუტკბა, რომ ნელ-ნელა სოფელში დარჩენილი ოჯახის სხვა წევრებიც მოიხმო: „ბიძის ბინა დიდია, ყველანი დავეტევითო“. ჯერ დედა ჩამოვიდა, მას ფეხდაფეხ ძმა მოჰყვა. სასოწარკვეთილმა თბილისელმა ბიძაშვილებმა იმ იმედით, ეგებ გათხოვდეს ან საკუთარი შემოსავალი რომ ექნება, ნამუსმა შეაწუხოს და ბინა იქირაოსო, კარგად ანაზღაურებადი სამსახური უშოვეს. ამანაც რომ არ გაჭრა და სახლიდან ძვრა რომ ვერ უყვეს, იქვე უბანში ბინა უყიდეს. არაფერიც! „ყოჩაღმა“ გოგომ ნაჩუქარი ბინა მაშინვე გააქირავა და ბიძის სახლში ცხოვრება მშვიდად და აუღელვებლად განაგრძო. სოფლიდან ჩამოსულმა და აწ „გათბილისებულმა“ ოჯახობამ ზრდილობიანი მასპინძლებთან თავი ისე კომფორტულად იგრძნო, რომ თავადაც დაიჯერა, რომ საკუთარ სახლში იმყოფება. შედეგად, ამ შემოსევით შეწუხებული ბიძის ოჯახი დაიშალა: ბიძა გარდაიცვალა, დედა მშობლების სახლს დაუბრუნდა, ბიძაშვილები დროთა განმავლობაში დაიფანტნენ - სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდნენ და თბილისში რომ ჩამოდიან, საკუთარ ბინაში საყვარელ მამიდას მათთვის ერთი კუთხეც აღარ ემეტება და სასტუმროში ჩერდებიან. მათი ყოფილი სახლის დღევანდელი „პატრონი“ კი აღშფოთებულია: „ადრე ბიჭები მშობლებს ფულს უგზავნიდნენ, მამის გარდაცვალების შემდეგ კი ჩემთვის არაფერი ემეტებათო“.
ინგლისელი მწერლის ურსულა ლე გუინის თქმით, „სტუმარი თევზივითაა, მეოთხე დღეს აყროლებას იწყებს“. მსგავსი ისტორიები მარტო თბილისში არ ხდება. ერთ ჩემს აქაურ ახლობელს, რომელსაც რაიონში სახლი აქვს (უფრო სწორად, გამოდის, რომ „ჰქონდა“), იქაურმა მეზობლებმა სთხოვეს: „ბიზნესს ვიწყებთ, ჩვენს სახლს გავყიდით და ფულს საქმეში ჩავდებთ. მანამდე კი სულ რამდენიმე თვით თქვენთან შეგვიშვით, იქაურობასაც მივხედავთ და, რომ ჩამოხვალთ ხოლმე, გამთბარ-დალაგებულ სახლსაც დაგახვედრებთო“. შედეგს არ იკითხავთ? უზარმაზარ სახლში კანონიერი მფლობელისთვის ადგილი აღარ დარჩა და რაიონში ჩასულს სხვასთან უწევდა გაჩერება. ერთხელაც მობეზრდა და დროებით შესახლებული მეზობლების გასაძევებლად და საკუთარი ქონების დასაბრუნებლად სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, სახლის გაყიდვა გადაწყვიტა. ჰოდა, მანდ ისიამოვნა: მყიდველთან ერთად ჩასულს, ხიზნები გაპარული დახვდა, ეზოს ღობე - შემოხსნილი და ჯართში ჩაბარებული, სახლი კი - ნახევრად დაცლილი. ნივთების ნაწილი ადგილობრივი ლომბარდიდან დაიხსნა, დანარჩენი კი უკვალოდ დაიკარგა.
კიდევ ერთ, რუსულ ანდაზას მოვიშველიებ: „დაუპატიჟებელი სტუმარი თათარზე უარესია“. წლების წინ ჩემს მეგობარს სამეგრელოდან არცთუ ისე ახლო ნათესავების ოჯახი მიადგა (დედა პლიუს სამი შვილი): „უბედურება დაგვემართა, სახლი დავკარგეთ და ცოტა ხნით შეგვიფარეო“. ასე გავიდა სამი წელი, მერე კი გაირკვა, რომ „გასაჭირში მყოფებს“ თავისი სახლი კი „დაუკარგავთ“, მაგრამ სანამ თვითონ სხვის ხარჯზე არხეინად ცხოვრობდნენ, თბილისში საკმაოდ პრესტიჟულ უბანში სამოთახიანი ბინა უყიდიათ და წარმატებით გაუქირავებიათ კიდეც.
ერთმა ჩემმა ახლობელმა, როგორც იქნა, ოცნება აიხდინა და ცალკე საცხოვრებლად ერთოთახიან ბინაში გადავიდა. შესახლება ვინ აცალა, ბებიამისის სოფლიდან ვიღაც „ყვავის ჩხიკვის მამიდამ“ თხოვნით დაურეკა: „მაინცდამაინც შენ უნდა მომნათლოო“. გოგომ ერთი კი გაიკვირვა, მაგრამ ასეთ მადლზე უარს როგორ ეტყოდა და მოვალეობაც პირნათლად მოიხადა. ნათლობიდან ერთი კვირის თავზე „ახლადმოქცეულმა ქრისტიანმა“ ისევ დაურეკა, ამჯერად სხვა თხოვნით: „ბინის ქირაობა მაინცდამაინც ვაკეში მინდა, ინსტიტუტთან ახლოს და მანამდე შენთან რომ ვიცხოვრო, რა იქნებაო“. ჩემს მეგობარს თავზარი დაეცა, მაგრამ ზრდილობიანი უარი უთხრა: „ბინა ერთი ციცქნაა, ადგილი ცოტაა და  საწოლიც ერთი მაქვსო“. პასუხად მიიღო: „არა უშავს, ჩემს „ლეჟანკას“მოვიტანო“...
ბევრს დაუპატიჟებელ სტუმარს ოსტატურად ეხერხება ზრდილობიან მინიშნებებზე (და ხანდახან პირდაპირ ნათქვამზეც) თვალის დახუჭვა და ყურის წაყრუება. მაგრამ „ოკუპანტი“ რაც უნდა აბეზარი იყოს, ჩვენი სახლი ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ და ამაში ვერც მეზობლები, ვერც ახლობლები, ვერც მორალი და ვერც სახელმწიფო დაგვეხმარება. საკუთარ ბინაში ვინმე „თავზე თუ გვაზის“, ეს მხოლოდ და მხოლოდ თავაზიანობას ამოფარებული ჩვენივე უნდილობის, უფხობის და ხანდახან სიზარმაცის ბრალია.
ასეთ სტუმრებს ერთ ტაილანდურ გამონათქვამს შევახსენებ: „ჩიტმაც თავისი ბუდე იცის“, მასპინძლებს კი - იმავე ტაილანდელების მეორე ანდაზას: „ჩიტს ხელის აქნევა უნდაო“.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment