თანამედროვე საზოგადოების თანამედროვე კომპლექსები

Approved by Natia Jinjolava

დღეს ერთი ჩემი მეგობარი პატარა ეშმაკობაში გამოვიჭირე - „ფეისბუქზე“ დამალული იჯდა. იკითხავთ, მერე რა, დიდი ამბავიო?! არც არაფერი, ახლავე აგიხსნით მე რა მახალისებს.  სხვათა შორის, რაზეც ახლა მოგიყვებით, მარტო მისი სენი არაა და ბოლო ხანებში ბევრს შევამჩნიე. ამ სოციალური ქსელის საქართველოში გაპოპულარულებასთან და მასში ჩვენი თანამემამულეების მოზღვავებასთან ერთად ბევრს იქ ჯდომა უტყდება: სადაც ყველაა, აბა, იქ მას რა უნდა?! თვითონ ხომ სხვებზე დაკავებული, სხვებზე განათლებული, სხვებზე დიდი მოთხონების მქონეა, სხვებზე მეტად შინარასიანი ცხოვრებითაც ცხოვრობს და ფართო მასებში ვერ გაერევა. არადა, „უფეისბუქოდაც“ („უსკაიპოდ“, „უტვიტეროდ“, „უმაისპეისოდ“, „უადნკლასნიკებოდ“...) რომ ვეღარ ძლებს? ასეთები, ალბათ აქაც ქედმაღლურად გამისწორებენ, „ადნაკლასნიკები“ კი არა, „ოდნოკლასნიკებიო“. არა ჩემო კარგო, თუ ფეისბუქი და არა ფასებოკი, მაშინ ადნაკლასნიკები და არა, ოდნოკლასნიკები! ჰოდა, ხომ იცით სადაც გტკივა, ყველაზე მეტი იმაზე გელაპარაკებაო და ჩვენზე, უბრალო მოკვდავებზე, მაღლა მდგომნი დანარჩენებს მსგავსი ქსელებით სარგებლობისთვის დაგვცინიან. მაგრამ თვითონაც ამ საყოველთაო ორომტრიალის ნაწილი რომ არიან? ამიტომ, რა ქნან და ვითომ ჩვენთვის დახედვის მოტივით შიგადაშიგ „იჭყიტებიან“ ხოლმე. განსაკუთრებულად სამარცხვინოდ „ფერმის“ თამში ითვლება. „გამოსულები“, უკაცრავად, ფეისბუქელი „აზნაურები“ თოხვნას არ კადრულობენ და თუ საერთოდ ითამაშეს, მხოლოდ „მაფიას“ ეტანებიან.
გითამაშიათ? აქვე გეტყვით, ჩემი სუპერფერმაც მაქვს და მაფიაშიც სოლიდურ „თანამდებობას“ მივაღწიე. ფერმაში მოძრავი ძროხა და ცხვარი მაინც ხატია, მაფიაში კი მხოლოდ წერილობით დავალებებს გაძლევენ და მთელი თამაში წარწერებიანი შავი ეკრანის გარდა ვერაფერს ხედავ! სამაგიეროდ, სახელი აქვს პრესტიჟული! მე „ფეისბუქში“ „ფერმას“, „მაფიას“, „სითივილს“, „აკვარიუმს“, „ჰეფი აილანდს“ და კაცმა არ იცის, მონაცვლეობით რას არ ვთამაშობ! და იმიტომ კი არა, რომ საქმე არ მაქვს - აუდიო წიგნების სმენა მიყვარს და სანამ ვუსმენ, უაზროდ ჯდომის და კედლის (სახლის, ფეისბუქის არა) თვალიერების ნაცვლად, ხან ფერმას ვალაგებ და ხანაც ბანდიტებს დავსდევ. სასირცხვილოს ან დასამალს ვერაფერს ვხედავ. ვისაც როგორ უნდა, ისე ერთობა. გამწარებული რომ თამაშობენ და არაფერს არ აქვეყნებენ, არიქა, ვინმემ არ გაგვიგოსო, მასეთებიც ხომ იცით? მე ბევრი. ისევ და ისევ ამ ყბადაღებულმა „ფერმამ“ რამდენს მოსჭრა თავი - ადრე ნაცნობის ფერმაში ძალით რომ გეპატიჟებოდა?!
მოკლედ, თამაშებს შევეშვათ და ისევ „ფეისბუქის“ ჩიგვებში გასუსულ ჩემს ნაცნობზე გავაგრძელებ. „სკაიპში“ რომ „ოფლაინ“ ანუ უჩინარი რეჟიმი გაქვს ჩართული, ამას თავისი ახსნა აქვს: 1. არ გინდა რომ შეგაწუხონ; 2. რაღაც მიზეზით ვიღაცას (ნაჩხუბარ შეყვარეულს, აბეზარ დაქალს, უფროსობას...) ემალები, მაგრამ გაინტერესებს ქსელში ვინ ზის. თუმცა, „ონლაინზე“ დაყენებულ სტატუსზე: „ნუ დამელაპარაკებით, არ მცალია!“-ზე აქაც ბევრს ვიცინი. „ოფლაინში“ ან „დაკავებულის“ რეჟიმში გადადი შე დალოცვილო, ან სულ გამორთე. ბოლოს და ბოლოს, რომ დაგელაპარაკები ხმას ნუ გამცემ! აი, „ფეისბუქს“ კი ერთი თავისებურება აქვს, ჩატს გამორთავ თუ არა, ვეღარავის ხედავ. ანუ, არ იცი ვინ არის ხაზზე,  ვერავინ გიკავშირდება და ვერც შენ უკავშირდები ვინმეს. თუ არ თამაშობ, თუ არ ჩატაობ, თუ იმალები და არაფერს პოსტავ, რა ჯანდაბა გინდა „ფეისბუქში“? გამოდის რომ, კამპუჩიის აგენტივით ჩასაფრებული ზიხარ და ელოდები ვინ რას დაპოსტავს იმის გასაგებად რომ გაიგო ვინ ზის და ვინ არა?! და ეს ყველაფერი იმისთვის რომ „ფეისბუქში“ მსხდომებმა ჩავთვალოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რამე ჩვენსაზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო ხდება?! სახლში (სამსახურში, კომპიუტერთან...) არ ხართ და რაღაც სხვა, უფრო აზრიანით ხართ დაკავებული? მე მაგალითად (რა თქმა უნდა სწორი საქციელის იდეალი არ ვარ), „ფეისბუქს“ დილით ვრთავ და ასე ვტოვებ. მერე სახლსაც ვალაგებ, ტელევიზორსაც ვუყურებ, წიგნსაც ვკითხულობ, სტუმრებსაც ვღებულობ. კომპიურეტთან მიბმული კი არ ვარ? და მემგონი ყველა ასეა... სახლიდან თუ არ გავედი სულ ჩართული მაქვს. თუ დაიწკაპუნებს, იმის სანახავადაც მივდივარ, ვინ შემომაკითხა და ასე მეგობრების ამბავსაც ვგებულობ და მსოფლიო პოლიტიკის თუ ეკონომიკის  სიახლეებსაც.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ უაზრო პოსტებთან დაკავშირებით ერთმა ცნობილმა ფსიქოლოგმა თქვა: „ადამიანი თავის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას იმის იმედით პოსტავს, რომ მისი ამბავი მსოფლიოში ერთ ადამიანს მაინც აინტერესებსო“. „ფესიბუქზე“ არდამოკიდებულების დემონსტრირების კომპლექსსაც დაახლოებით იგივე საფუძველი აქვს. ახლავე აგიხსნით როგორ. რამდენ საათს ვატარებთ ჩატში, ჩვენს გარდა ვერავინ ამჩნევს და თუ ამჩნევს, ე.ი. ისიც ჩვენსავით იქ ზის და კი შეამჩნია მაგრამ, სულ არ ადარდებს. ანუ, ფეისბუქზე ჩვენი „შეჯდომა“, მხოლოდ ჩვენ გაწუხებს და არ ვზივარო, იმიტომ ვამტკიცევთ, რომ გვგონია,  ვიღაც მაინც არის ჩვენით დაინტერესებული და ჩვენს სადმე ყოფნა-არყოფნას ასე აქტიურად აღრიცხავს. ასეთი ადამიანი მართლა თუ არსებობს (რაშიც ეჭვი მეპარება. აბა,  თვითონ გაიხსენეთ თქვენი აურაცხელი მეგობრებიდან ვინმეს გრაფიკი თუ იცით), აქ ორი ვარიანტია: ან მოყვარეა და ჩვენი იქ ყოფნა უხარია, ან მტერი და მაგიტომ გვითვალთვალებს. ნებისმიერ შემთხვევაში,  დამალვით არაფერი იცვლება. თუ „გეფეისბუქებათ“ იჯექით მშვიდად და აკეთეთ რაც გინდათ, დამიჯერეთ, სირცხვილი, ცალთვალშემოპარულს რომ გამოგიჭერენ ეგ უფროა.
სოციალური ქსელებიც დაახლოებით ყბადაღებული ტელესერიალებივითაა, ყველა რომ უყურებს და  სხვებს კი დასცინიან.  თან ყველა დარწმუნებულია, რომ მისი არჩეული სერიალი სხვებისგან გამოირჩევა: უფრო ჭკვიანურია, უკეთესადაა გადაღებული, საინტერსო შინაარსი აქვს და ა.შ... ეს სამარცხვინო ჩვევაც მაქვს, სერიალები დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებად მიმაჩნია და „Criminal Minds“-ის,  Num3rs“-ის, CSI“-ს ბოლო სერიებს ჩასაფრებული ველოდები. ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს. ერთხელ, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე დაახლოებით 40 კაცი შევიკრიბეთ და ამდენი ხალხის გნიასში განსაკუთრებულად რომანტიული განწყობის შესაქმნელად, ერთმა სხვებზე უფრო „ინტელიგენტმა“ ოჯახთან დაახლოებულმა პირმა კლასიკური მუსიკის განსაკუთრებულად მინორული და ტრაგიკული ნიმუში ჩართო. მახსოვს, მასპინძლის მამა, ოპერის კამერული ორკესტრის წევრი შემოვიდა და გაოცებულმა იკითხა: „ეს საპანაშვიდო მუსიკა რად გინდათო“? ასეა, ჩემო კარგო, ყოველთვის ფაზბინდერის, ბუნუელისა და ტარკოვსკის ფილმების ყურების ხასიათზე თუ ხარ, სასწრაფოდ ფსიქოთერაპევტს უნდა მიმართო - რაღაც გიჭირს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

17 კომენტარი.:

  1. Masento Gulacho

    გეთანხმებით იმაში რომ დამალვა ტეხავს. იმაშიც გეთანხმებით რომ არ არსებობს ადამიანი რომელსაც იმის უფლება ჰქონდეს რომ სხვებს ზემოდან უყუროს, მაგრამ ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ პირწიგნაკზე თამშებში ჩართვას არანაირი ზიანი არ მოაქვს.
    მოდით ვაღიროთ რომ სოციალური ქსელები ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტს ავსებს და რადგან სოციალური ქსელები კარგად მუშაობენ - ეს დეფიციტი არსებობს და რადგან სოც ქსელები ელვის სისწრაფით ვითარდებიან, ესეიგი ეს დეფიციტი უფრო ღრმავდება. ამ ქსელების მფლობელებისაც ხელს აძლევთ ამ დეფიციტის გაღმავება, გულმოდგინედ მუშაობენ ამისთვის და როგორც ფაქტები გვიჩენებს - წარმატებითაც. მოდით ვაღიროთ ის რომ სოციალური ქსელების გაპიარების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ახლობლებთან და ახლობლების ვიზიტები (გარდა იმ შემთხვევებისა თუ ამ ახლობლებთან საქმიანი ურთიერთობა არ გვაკავშირებს). არც იმის აღაირება გვაწყენს რომ დღეს სერიოზული ნერვიულობის მიზეზად იქცა ფერმაში მოსავლის გაფუჭება და შედეგად არაერთჯერ გაგვიღვიძია ღამის 4 საათზე იმისთვის რომ მოსავალი აგვეღო. არაერთჯერ მოგვიხდია ბოდიში რეალურ ადამიანებთან იმისთვის რომ არ გვცალია - ვირტუალური ქალაქი გვაქვს დასალაგებელი.
    რეალური ურთიერთობები ნელნელა ვირტუალურ სამყაროში ინაცვლებს და რაც უფრო მალე მოვიშორებთ ამ დამოკიდებულებას მით უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება ჩვენთვის. გაითვალისწინეთ რომ ვერცერთი ნარკომანი და ვერცერთი ლოთი ვერ ხვდება თუ რამდენს კარგავს იმით რომ რაღაცაზეა დამოკიდებული, მითუმეტეს რომ ნარკომანსაც ძალიან მოსწონს ნარკოტიკი და ლოთიც მშვენივრად გრძნობს თავის როცა მთვრალია. მეტსაც გეტყვით და მათ თავიანთი ბორკილები ყველაფერს ურჩევნიათ.
    გასაგებია რომ ზოგს სულაც არ ართმევს დროს პირწიგნაკში ”შეჯდომა”, მაგრამ რატომღაც მგონია რომ იგივე აუდიო წიგნების მოსმენისას ბევრად უფრო სასარგებლოდ შეიძლება სმენისგან თავისუფალი კიდურების გამოყენება ვიდრე თაგვის მარცხენა ღილაკზე თითის წკაპუნი, მაგალითად თავისუფლად შეიძლება ველოსიპეტზე დავჯდეთ და იმ მეგობრისკენ გავისეირნოთ რომელსაც კედელზე ვუქვეყნებთ ახალი თამაშის რეკლამას, მეგობარს თუ ვირტუალური კედელი ურჩევნია შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ იმით რომ ველოსიპედით სეირნობა მშვენიერი ფიზიკური ვარჯიშია.
    დამალვის კოპლექსებს რაც შეეხება: არა მგონია ჩვენც(მეც და თქვენც) თავისუფლები ვიყოთ ამისგან, აბა კარგად გადახედეთ ამ ბლოგს, აქ ვერსად ვერ ნახავთ რეალურ სახელს და გვარს, ყველანი ფსევდონიმებს ვართ ამოფარებულნი.
    ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი კოპლექსები, უბროლოდ ვერ ვხვდებით ზოგჯერ.
    ასე რომ მშვენიერი ბლოგი გაქვთ და დაანებეთ თავი ამ პირწიგნაკებს, თანაკლესელებს და ადამიანების ურთიერთობათა დეფიციტის გაღრმავებით ჯიბეგასქელებულ ვებგვერდების მფოლობელებს, რა თქმაუნდა თუ არ გადარდებთ ამ ვებგვერდების რეიტინგი:)
    გისურვებთ წარმატებებს თქვენი ბლოგის პოპულარიზაციაში :)

  1. Natia Jinjolava

    უიმე, ჩემდა უნებურად "ფერმის" პოპულარიზატორიც კი გამოვედი :))))))) სხვათა შორის, წინგნების სმენისას კიდურები ძალიან ხშირად მტვერსასრუტით, მტვრის ჩვრით და დასარარეცხი ჭურჭლითაც კი მაქვს დაკავებული მაგრამ პატარა ბინა მაქვს და მალე ლაგდება :))) რაც შეეხება მეგობრებში ვიზიტს, დეფიციტს ნამდვილად არ ვუჩივი. უფრო შორეული ახლობების შემოვლასა და უწინდებურად ყოველი შბათათ-კვირის ქალაქგარეთ მეგობრებთან ერთად გატარებას რაც შეეხება, მე პირადად სოციალურ ქსელებზე მეტად ფინანსების და დროის (ჩემი და მეგობრებისაც)დეფიციტი მიშლის ხელს. და ვისაც მეგობრებს ვირტუალური ფერმის დალაგება ურჩევნია, ეს მისი პრობლემაა და არა ამ საიტების შემქმნელების. ადამიანს გონება იმიტომ მისცა ღმერთმა, რომ გამოიყენოს და საკუთარი ცხოვრების სტილის არჩევანი თვითონ გააკეთოს. იმას კი, ვისაც სხვისი შემოთავაზებული შაბლონით ურჩევნია დროის გაყვანა, "ფეისბუქში" თუ არ იჯდება, სტუმრად რომ მივა იმ მეგობრის ჭკუით ივლის და სიმართლე გითხრათ, განსხვავებას მე ვერ ვხედავ. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მეგობარი ამაზე საიტებისგან განსხვავებით ფულს არ, უკაცრავად, ვერ გააკეთებს...

  1. Natia Jinjolava

    დიდი მადლობა, კეთილი სურვილებისთვის და მხარდაჭერისთვის!!!
    მაგრამ კიდევ ერთი რომ არ ვთქვა, არ შემიძლია - საქართველოში არ ცხოვრობთ? როგორ წარმოგიდგენიათ დღევანდელი თბილისის ტროტუარებზე და გზებზე ველოსიპედით სტუმრად სიარული? :))))))) მათი მოუწესრიგებლობა, გადატვირთულობა და უადგილოდ გაჩერებული მანქანებით ჩახერგილობა მაქვს მხედველობაში :)) ან ჯანდაბას, დანიშნულების ადგილამდე მიაღწიე, მერე სად უნდა წიღო? არ არის ჩვენი ქალაქი ამას მისადაგებული. იდეალში, თქვენი რჩევა შესანიშნავია - მაგრამ ვირტუალური სამყაროსავით არარეალურია :))))

  1. Masento Gulacho

    რატომღამც მგონია რომ სწორედ იმ მეგობრებთან ვიზიტებს არ უჩივით რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობები გაკავშირებთ. არაერთჯერ წამიკითხავს ამ ბლოგში თქვენი წვეულებების შესახებ, მაგრამ მე რასაც ვხედავ ეს ბლოგი ამ წვეულებების ნადაგზე ხარობს და ეს უკვე საქმიანი ურთიერთობაა, სწორედ ამის შესახებ ავღნიშნე წინა კომენტარში :))
    დროის უკმარისობას ვერ დავიჯერებ, იმიტომ რომ დორის დეფიციტის მქონე ადამიანებს სათამაშოდ არ სცალიათ :))
    და ახლობლების შემოსავლელი ფინანსები რომ სერიოზული პრობლემაა ბევრისთვის, სწორედ ამიტომ ვახსენე ველოსიპედი და არა კომფორტული მერსედესი, რომელიც ჩინებულად უწყობს ხელს გვერდების და შუბლის გასქელებას.
    სოცქსელებსია და მეგობრების მიერ შემოთავაზებული ცხოვრების წესებს შორის განსხვავების ვერდანახვა ყველაზე მთავარი პრობლემა უკაბელო ინტერნეტივით უხილავი ბორკილების მატარებელთათვის, რა თქმა უნდა მეგობარიც თუ მხოლოდ იმიტომ არ აკეთებს შნზე ფულს რომ ვერ აკეთებს. ჩვენ ყველას გვერევა ნამდვილი მეგობრები და მეგობრებისგან ფულის ვერგამკეთებლები ერთმანეთში, უბრალოდ ვერ ვხვდებით ზოგჯერ :))
    ტორუარზე გაჩერებული მანქანები, მოუწესრიგებელი მოძრაობა, რეალობაში ერთმანეთის უპატივცემულობა ხომ არ მიგვანიშნებს იმაზე რომ ადამინის სიყვარულს და პატივისცემას ვკარგავთ? მე არ ვამბობ ახლობელი ადამიანის სიყვარულზე, აქ საუბარია ზოგადად, ადამიანს სიყვარულზე და თანამოქალაქის პატივისცემაზე. სწორედ ამას ვგულისხმობდი როცა ვწერდი რომ სოცქსელების მფლობელებს ”ყურებით” ყავთ დაჭერილი ურთიერთობის დეფიციტის მქონე ადამიანები და ცდილობენ ბოლომდე ჩაკლან მათში ადამიანის, როგორც შენს გვერდით და შენნაირად მცხოვრები არსების სიახლოვის და მსგავსების შეგრძლება. ხშირად გამიგია რომ მეზობლები კი არა, ოჯახის წევრებიც კი ინტერნეტით ესაუბრებიან ერთმანეთს. უმრავლესობისთვის, უცხო და მხოლოდ უკიდეგანო ინტერნეტის მომხმარებელი გახდა მის გვერდით მხოვრები მისნაირივე ადამიანი. შედეგად თვლის რომ, მანაქანის ტროტუარზე დაყენებით ბევრად უფრო მეტად უშლის სხვას ხელს ვიდრე ისეთ თამაშზე მოწვევის იგნორირებით რომელც საერთოდ არ აინტერესებს და არასოდეს ითამაშებს(აქაც რეკლამას გააჩნია).
    ადამიანები, იმის მოთხოვნილებას რომ საზოგადოებისთვის ან თუნდაც ერთი ადამიანისთვის სასრგებლო იყოს, ”დალაიქებაში” და ვირტუალური საჩუქრების გაგაზავნაში ხარჯავევენ და გარეთ რომ გამოდიან ამაყად თავაწეულნი დადიან, საზოგადოების წინაშე ვალმოხდილი ადამიანის გამომეტყველებით.
    ამის მერე გიკვირთ რომ ქაოსია?
    ეს მხოლოდ რჩევაა ყველას მიმართ და არა ვინმეს კრიტიკა(ღმერთმა დამიფაროს): მოდით რელობაში ისევე მოვეფეროთ ერთმანეთს როგორც ამას ინტერნეტში ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ რომ ტროტუარზეც მოწესრიგდება მოძრაობა და სადარბაზოშიც, ველოსიპედებითაც თავისუფლად ვივლით და გორგოლაჭებიანი ციგურებითაც.

  1. Masento Gulacho

    უი, სულ დამავიწყდა მეთქვა რომ რეალურ ცხოვრებაში მარტო მოფერება კი არა, ხშირად სწორედ ისეთივე ”მიწიხლვა” სჭირდებათ ტროტუარზე მანქანის დამყენებლებისნაირებს, როგორც სოც ქსელებში ”წიხლავენ” ხოლმე სამარცხვინო პოსტების ავტორებს ;)

  1. Natia Jinjolava

    როგორც ჩანს მართლაც ვირტუალური სამყაროს (ამ შემთხვევაში ჩვენი ბლოგის) "მავნე გავლენის ბრალია", რომ თქვენი აზრით, ჩვენი ცხოვრება და "მეგობრობა" მხოლოდ ამ ბლოგით და ე.წ. საქმიანი ურთიერთობებით შემოიფარგლება :)))))))))))))პირად ცხოვრებას სწორედ იმიტომ ქვია პირადი, რომ მის აფიშირებას არც ამ ბლოგში და არც სხვაგან არ ვაპირებ. ამიტომაც მსჯელობთ ჩემზე ჩემი და ჩემი კოლეგების (მეგობრებს ვეღარ ვუწოდებ) თუ თანამოკალმეების "საქმიანი შეკრებების" მიხედვით. ნებისმიერი იარაღი და მათ შორის ინტერნეტი და სოციალური ქსელებსიც, გააჩნია როგორ და რაში გამოიყენებ, თორემ თავისთავად მავნე არც ერთი მათგანი არაა. მე კვლავაც ადამიანურ ფაქტორს ვუბრუნდები. სულ არ იყო ინტერნეტი, ხალხი ტელეფონზე რომ ეკიდა 24 საათი. ალბათ ესეც ელექტრონული ტექსტის ბრალია - სტატია სოციალურ ქსელებზე არ დამიწერია, მე მეგონა, ადამიანს რომ საკუთარი თავის არ უნდა რცხვენოდეს იმაზე ვწერდი :)))))

  1. Aunt Polly

    დიდხანს ვიფიქრე, ჩავრთულიყავი თუ არა ამ პოლემიკაში - я человек миролюбивый და ზოგადად კამათი არ მიყვარს (თანაც, ხშირ შემთხვევაში, მოკამათეები მაინც საკუთარი აზრის ამარა იშლებიან ხოლმე). ასეა თუ ისე, ამ კომენტარებში გაჟღერებული რამდენიმე არგუმენტი, ცოტა არ იყოს, გულზე მომხვდა...
    1. დღევანდელი პოსტის მიზანი სოცქსელების პოპულარიზაცია ნამდვილად არ იყო, ჩვენ მათ არც ვაქებთ და არც ვაძაგებთ. ჩემი აზრით, ადამიანის (და ამ შემთხვევაში სოცქსელის მომხმარებლის) უფლებაა, თავისუფალი დრო ისე გაატაროს (თუნდაც გაფლანგოს!), როგორც უნდა, სიამოვნებს ან ეხერხება. და თუ ვინმეს რეალურ ცხოვრებას ინტერნეტში "ჩადგმით ჯდომა" და ვირტუალურ სააქაოში ყოფნა ურჩევნია, ეს მისი პირადი საქმე და მისი ახლობლების პრობლემაა (და ალბათ ოფთალმოლოგების სიხარულიც). ისე, მე ამ თემისადმი ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება თებერვლის ერთ-ერთ პოსტში ნათლად გამოვხატე და ნაცნობების გულისწყრომაც დავიმსახურე...
    2. რაც ეხება იმას, რომ ბლოგი "წვეულებების ნიადაგზე ხარობს" და რომ მის მონაწილეებს ერთმანეთთან "საქმიანი ურთიერთობები" გვაკავაშირებს - საწყენია, თუ ასეთ შთაბეჭდილებას ვტოვებთ... ჩვენ, როგორც 10-15-20 წლის წინ ვბეგობრობდით, დღესაც ისევე ვმეგობრობთ და მერკანტილური დამოკიდებულება არც ბლოგის და არც ერთმანეთის მიმართ ნამდვილად არ გვაქვს. ისე, ერთი იდეა დამებადა: ძვირფასო მაზენტო (სამწუხაროდ, თქვენი ვინაობა არ ვიცი და "აქაური" სახელით უნდა მოგმართოთ) - ჩვენს მორიგ "თავყრილობას" ხომ არ დაესწრებოდით? საკუთარი თვალით ნახავდით, რა ხდება და ერთმანეთთან რა გვაკავაშირებს. მე მგონი, კარგი აზრია, არა? რას იტყვით?

  1. Masento Gulacho

    მე თქვენთვის ნამდვილად არ დამიბრალებია სოც ქსელების პოპულარიზაცია, უბრალოდ მინდოდა ამეხსნა თუ რატომ შეიძლება(!) ადამიანს საკუთარი თავის რცხვენოდეს. მოკლედ რომ ვთქვა, ადამიანს შეიძლება რცხვენოდეს იმ ფერხულში ჩაბმა რომელიც წინა კომენტარებში ავღწერე და ეს ზუსტად იგივე კომპლექსის და იგივე პრობლემის სხვაგვარი გამოხატულებაა, რომლის გამოც უმრავლესობაა ჩართული ამ ქსელებში.
    ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ და ყველას ნუ შეხედავთ მხოლოდ ერთი თვალით, მითუმეტეს რომ თვალები ბევრი გაქვთ :)))
    დიდი მადლობა თავყრილობაზე მოწვევისთვის.
    როცა თბილისში ვიქნები აუცილებლად გაგაგებინებთ და გეწვევით. რა თქმა უნდა მანამდე თუ არ გადაიფიქრებთ :) და რა თქმა უნდა(იმედი მაქვს) თუ თქვენი ბლოგის და თავყრილობების მოანწილე მამრობითი სქესის წევრებიც თუ არ დადიან ხოლმე საზოგადოების წინაშე ”დალაიქებით” ვალმოხდილი ადამიანებივით :))
    მითუმეტეს რომ, არცერთ კაცს არ სიმოვნებს, როცა ცხოვრების თანამგზავრთან და მის დაქალებთან ერთად, ინტერნეტით გაცნობილ ვინმე მაზენტოს რომ აღმოაჩენს საკუთარ სახლში.

  1. Natia Jinjolava

    :) მეც შევატყვე,თქვენი კომენტარებიდან რომ საკუთარ თავზე მიიღეთ :) და საკუთარ თავს უფრო "ეჩხუბებოდით" ვიდრე ჩვენ :)) მე ისევ ჩემს აზრზე ვარ - თავისთავად ცუდი არაფერი არაა და მათ შორის სოციალური ქსელებიც- გააჩნია რისთვის გამოიყენებ. ტელეფონს ზოგი სასწრაფოს გამოსაძახებლად და ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იყენებს, ზოგიც რეკავს უცნობ ნომერზე და ვინც უპასუხებს იმას აგინებს და ასე ერთობა. რის გამოც ტელეფონი ცუდი, უსარგებლო და მით უმეტეს მავნე არ ხდება :)))) მე სხვა რამ მაოცებს: ძალიან ზრდილობიანი ფორმით და ძალიან კორექტულად ჯერ უსაქმური მიწოდეთ, მერე მეგობრობის არმცოდნე, შუბლის და გვერდგასქელების კანდიდატი :))))ახლა ჩვენს გვერდით მყოფ კაცებსაც, ირიბად მაგრამ, მაინც გაჰკარით კბილი (იხ. თქვენი ციტატა "დალაიქებით ვალმოხდილ ადამიანებზე")... მადლობა, სხვა რა მეთქმის :)))))))))))

  1. Masento Gulacho

    ღმერთოჩემო ეს რამ გაფიქრებინათ :)
    სად მცალია სოც ქსელებში საჯდომად, მითუმეტეს ანონიმურად და მითუმეტეს სათამაშოდ? :) მაპატიეთ მაგრამ, თქვენი ბლოგის კითხვა მირჩევნია.
    არც თქვენი მეგობრობის შესახებ ვიცი რამე და არც ის ვიცოდი მერსედესი თუ გყავდათ :)
    უბრალოდ მინდოდა დაფიქრებულიყავით იმაზე რომ სოცქსელებში შეჯდომას ამ ბლოგის უფრო მეტად განვითარება სჯობს, იმიტომ რომ აშკარად უფრო სასარგებლოა ყველასთვის.
    ჩემს ციტატას ”ვით” აკლია და ეს უკვე შინაარს ცვლის :)
    არც თქვენს მამაკაცებს ვერჩი, არაა ჩემი სტილი. მთვარია ისენი არ ერჩოდნენ თავიანთი გოგონების ინტერნეტნაცნობებს :) როგორც ავღნიშნე, მსოფლიო მამაკაცთა უმრავლესობას არ სიამოვნებთ თავინთი ცხოვრების მეგზურების ასეთი ნაცნობობანი და მეც თავს ვიკავებ სხვისი უკმაყოფილებისგან. Зачем же обижать хорошего человека?

  1. Natia Jinjolava

    :))))) ბლოგს რაც შეეხება: სექტემბრის ჩათვლით ბლოგის ყველა სტატია დაწერილი, ილუსტრირებული და გამზადებულია, წლის ბოლომდე გეგმა შედგენილი და განაწილებულია, 2012 წლის გეგმა მზდაა და მუშაობაც ნაწილობრივ დაწყებულია.2013 წლისთვის სტატიების წერა უკვე აშკარად მარაზმი იქნება :))))))))))
    ღონისძიებები (რომელთა დიდი ნაწილიც ბლოგში არ შუქდება) სისტემატიურად ტარდება, ახალი ხალხი გვემატება და გვემატება... ექს საქტელერადიოს და ჟურნალი "ანაბეჭდის" რედაქტორად მე არ მნიშნავენ, თორემ იმათაც დავაყენებდი ფეხზე და მეტი რაღა "განვვითარდე" აღარ ვიცი, თუმცა სიამოვნებით :)))))))) მემგონი, დამეთანხმებით, რომ ერთ ადგილზე არ ვდგავართ.
    ერთი თხოვნა მაქვს,თქვენი კომენტარები ყველას ძალიან მოგვწონს და ეგენ სტატიებითაც შემოგვეშველოთ? ძალიან გვესიამოვნება.
    თქვენმა კომენტარმა თემაც კი მომაწოდა: კაცები, რომლებსაც ქალი (ცოლი) საკუთრება გონიათ და ცდილობენ ვინმესთან მეგობრობა, რაიმეს ჩაცმა ან სტუმრის სახლში მოყვანა აუკრძალონ... :)))))))) მადლობა! :)თქვენთან კამათიც კი სასიამოვნოა :)))

  1. Masento Gulacho

    მეტს გაკეთებაში ვიგულისხმე დღეში ერთ სტატიაზე მეტის დაწერა :) მაგალითად დღეში ერთი სტატია და ერთიც კულინარიული რეცეპტი.
    ერთ ადგილას სულაც არ დგახართ, უბრალოდ მგოანია რომ ბევრისთვის იქნებოდა საინტერესო თქვენი ბლოგი, უბრალოდ არ იციან მისი არსებობის შესახებ. ვინც იცის ის ყოველდღე კითხულობს და ძალიან მალე უთავდება საკითხავი.
    ----------------------------------------
    საკუთრებაზე რა გითხრათ? მე არც ვამართლებ და არც ვამტყუნებ იმ კაცებს ვისაც ცოლების მეგობარი ბიჭუნები არ სიამოვნებთ, თუმცა ახალი სტატიის იდეა ჩინებულია.
    უბრალოდ თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ასეთ სიტუაციაში: სახლში შედიხართ, იქ თქვენი ქმარი უცხო ქალთან ერთად გხვდებათ და სიტყვით გამოდის
    - გაიცანი, ეს ჩემი ინტერნეტით ახლადგაცნობილი გოგონაა, რომელსაც პირველად ვხედავ და მასთან ვიმეგობრებ თუ არა ჯერ კიდევ არ ვიცი.
    გაგრძელება თქვენთვის მომინდია :)
    -----------------------------
    წერას რაც შეეხება: მე დიდი ხანია ჩემი კალამი დავდე. ალბათ ჩემი კომენტარებიდან შეამჩნევდით რომ წერისას ეშხში შესვლა მახასიათებს და ჩემი გათვლით 2-3 წინადადებიანი კომენტარის დაწერას რომ ვაპირებდი - მთელი გვერდი გამომივიდა.
    სტატიას რომ ხელი მოვკიდო ალბათ წარმოგიდგენიათ რამდენ დროს წამართმევს და ამდენი დრო ძალიან დიდი ხანია აღარც დამსიზმრებია.

  1. Natia Jinjolava

    ყველაფერს ასე კატეგორიულად რატომ ხედავთ?:))) სახლში შემოსულ ქმარს სურპრიზი რატომ უნდა დაახვედრო. ჩვენს ოჯახში,მაგალითად ვლაპარაკობთ და ერთმანეთის გეგმები ვიცით. თქვენს კომენტარებს კითხილობს-თქო რომ გითხრათ, ნამდვილად მოგატყუებთ, მაგრამ, სახლში ვინმეს მოპატიჟებას თუ ვაპირებ, საქმის კურსშია ხოლმე (ერთი სახლი გვაქვს):))))) რაც შეეხება სტატიებს, დღეში ერთსაც ვწერთ და ხუთსაც, უბრალოდ, არ ვაქვეყნებთ - ხალხს ჩვენი ბლოგის კითხვის გარდა სხვა საქმეც აქვს :)))))სხვათა შორის, ჩვენს ბლოგს ძალიან ბევრი მკითველი სწორედ ფეისბუქმა და ტვიტერმა შესძინა :))

  1. Aunt Polly

    Люди, давайте жить дружно...

  1. Masento Gulacho

    მე ისედაც ”дружно” ვარ თქვენთან, უბრალოდ ის ავღნიშნე რომ სოცქსელებში გინდა დაიმელე გინდა არა მაინც ერთი ნაგავია და აქაურობა მირჩევნია პირწიგნაკებს და თანაკლასელებსთქ. არ მეგონა თუ გეწყინებოდათ.

  1. Natia Jinjolava

    პოლი!
    შენი მშვიდობისმოყვარული კომენტარის გამო (ნამდვილად არავის ვეჩხუბებოდი და მეც მაზენტოსავით გავიოცე მისი დანახვა)ფერმისმოყვარულ უსაქმურთან ერთად ანჩხლი და ბუტიაც გამომიყვანეს :)))))))))))))ახლა, ვიღაც წაიკითხავს, და დაასკვნის რომ მკითხველებს თავს ვესხმით და განსხვავებულ აზრს არ ვაჭაჭანებთ :)))

  1. Natia Jinjolava

    აწ ჩვენო "მეგობარო", მაზენტო!
    არავინ არაა ნაწყენი, ყევლას აზრს სიამოვნებით ვღებულობთ და სიამოვნებით ვკამათობ კიდეც :)))))))))))))მით უმეტეს, როცა ასეთი საინტერესო ოპონენტია. დამეთანხმებით, რომ ასეთ კამათში საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და სხვისი აზრის გაგაბა უფრო საინტერესოა, ვიდრე "ოპონენტის" გადარწმუნება და შენს ჭკუაზე გადმოყვანა :)))))))) გავავგრძელოთ :)))))ოღონდ, გეხვეწებით, ამ სტატიაზე აღარ! სიმართლე გითხრათ, მე ეს თემა ამ ჯერზე უკვე მომწყინდა :)))))))

Post a Comment