გრანიტა, შერბეთი, ნაყინი, გლიასე....

Approved by Mary Poppins

Dondurma
ნაყინი ბევრ ცნობილ ადამიანს უყვარდა და თავის დროზე ჰიპოკრატე მას წამლის როლსაც კი აკისრებდა. გოეთე მთელი ცხოვრება სიმწრით იხსენებდა მის ბავშვობაში (როცა გერმანიაში ნაყინს მაინცდამაინც კარგად არ იცნობდნენ), დედამ მთელი მათლაფა ნაყინი როგორ გადაუსხა, ემანდ, ბავშვს შაქრიანმა ყინულმა არ აწყინოსო. ნაპოლეონს კი წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებაში ყოფნისას ერთმა ინგლისელმა ქალმა სჩუქრად ნაყინის დასამზადებლი მოწყობილობა გაუგზავნა და ყოფილი იმპერატორიც სიცოცხლის ბოლომდე იტკბარუნებდა პირს ამ დესერტით. ნაყინმა ყველაზე მეტად რუსეთის იმპერატორი პეტრე III დააზარალა. ეკატერინე II ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა რომ დაგეგმა, ქმარი სწორედ ამ ნუგბარზე მიიპატიჟა, თავისთან მიიტყუა და საბრალო პეტრეს ლიქიორით, ხილის ჟელეთი, შოკოლადითა და თხილით მორთული ნაყნის დაგემოვნება სამეფო ტახტის დაკარგვის ფასად დაუჯდა.
Coromoto“-ს მენიუ
სულ ახლახანს ჩილეში ერთი მენაყინემ თავისი პროდუქციის გასაღების შესანიშნავ გზას მიაკვლია და როგორც თვითონ ამბობდა, მომხმარებლებისთვის განწყობის გაუმჯობესების მიზნით, ნაყინს კოკაინის პასტა დაუმატა. ნარკოტიკის დოზა ზუსტად იმდენი იყო, მომხმარებლის პროდუქტზე „შეჯდომა“ რომ გამოეწვია და კლიენტებიც ისევ და ისევ ბრუნდებოდნენ საყვარელი დესერტის შესაძენად. თუმცა, გონებამახვილ მეწარმეს, კეთილი განზრახვა არ დაუფასეს და ციხეში ამოაყოფინეს თავი. ნაყინის ყველაზე მეტი - 709 სახეობა ვენესუელურ კაფე-სანაყინე „Coromoto“-შია წარმოდგენილი. კაფე წარმოშობით პორტუგალიელმა მანუელ დე სილვა ოლივეირამ 1980 წელს გახსნა და სტუმრებს ნაყინის ისეთ ორიგინალურ სახეობებს სთავაზობს, როგორიცაა ვაფლის კონუსი თინუსით, ხახვით, ბეკონით, ლუდით, სტაფილოთი, პამიდვრით, ლობიოთი, კალმახით, კრევეტებით და კალმარებით, სპაგეტით, ნივრით, ვარდის ფურცლებით, ჩილით და ა.შ.
მსოფლიოში ყველაზე ძვირიან, 25 ათას ამერიკულ დოლარად შეფასებულ ნაყინ „Frrozen Haute Chocolate“-ს ნიუ-იორკის ერთ-ერთ კაფე „Serendipity 3“-ში  გვთავაზობენ. ასეთი ფასი შოკოლადის სიროპმოსხმულ და ათქვეფილი ნაღებით გაფორმებულ დესერტს ადევს. რესტორნის კონდიტრებმა ეს კულინარიული შედევრი საიუველირო ფირმა „Euphoria“-სთან თანამშრომლობის შედეგად შექმნეს. მის დასამზადებლად კაკაოს 28 სახეობასა (მათგან 14 განსაკუთრებულად იშვიათი და ძვირფასია) და 0,2 უნცია (5,7 გრ) საჭმელი ოქრო იყენებენ. თავად ნაყინი ლანგარზე მოთავსებულ ფეხზე ოქროს რგოლწამოცმულ მოოქროვილ ფუჟერში დევს. დესერტთან ერთად ნაყინივით ძვირადღირებული შოკოლადის ტრიუფელი და თეთრი და ყავისფერი ბრილიანტებით მოოჭვილი ოქროს კოვზი მოაქვთ, რომელიც ამ კერძის შემკვეთს რჩება სამახსოვროდ.
იმავე რესტორანში უფრო მოკრძალებული 1000 დოლარიანი ნაყინიც აქვთ. „Grand Opulence Sundae“-ს გამორჩეული გემო აქვს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ტაიტსა და მადაგასკარზე დაკრეფილი ვანილისგან დამზადებული უმაღლესი ხარისხის ნაყინის ხუთ ბურთულას იღებენ, ბროლის ჭიქაში ათავსებენ,  მერე საჭმელი ოქროს ფირფიტით ფარავენ და თავზე მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირესი შოკოლადი „Amedei Porcelena“- ს ნაფხვენებს აყრიან და ვენესუელური კაკაოსგან დამზადებული უიშვიათესი შოკოლადი „Chuao“-ს ნატეხებით რთავენ. შემდეგ ნაყინს პარიზული ხილის ცუკატებით,  მოოქროვილი დრაჟეებით, ტრიუფელებით და მარციპანის ალუბლებით აფორმებე და თავზე უნიკალური სადესერტო ხიზილალა „Grand Passion“-ის გულსართიან მოოქროვილ შაქრის ყვავილს ადებენ. რაღა გასაკვირია, რომ ამ ნაყინსაც თვრამეტკარატიანი ოქროს კოვზით მიირთმევენ.
Ais kacang
ნაყინის სახეობებს არა მარტო გემოს, არამედ შემადგენლობის მიხედვითაც ანსხვავებენ და ჩვენთვის კარგად ცნობილი, პლომბირისა და ესკიმოს გარდა სხვა ბევრნაირიც არსებობს. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ნაყინის მხოლოდ მათთან არსებული და განსაკუთრებული  სახეობაც კი აქვთ. მაგალითად:
Ais kacang - მალაიზიასა და სინგაპურში გავრცელებული ნაყინის სახეობაა, რომელსაც დაფშვნილი ყინულის, სიროპისა და წითელი ლობიოს მარცვლებისგან (!) ამზადებდნენ. თუმცა, დღეს-დღეობით ეს ჭყეტელა დესერტი ლობიოს გარდა, ტკბილი სიმინდის, ათასნაირი ბალახ-ბულახის ჟელესა და  სხვადასხვა ხილისა ნარევითაც კეთდება, ხშირად ალოე ვერასა შეიცავს, დურიანის სიროპმპსხმულია და აგარ-აგარის ნაკუწებიც აყრია. მოკლედ, რისგანაც არ უნდა შედგებოდეს, ერთი რამე უცვლელია - თავზე შესქელებული რძე ასხია.
Bakdash
Bakdash – სირიული დელიკატესია და მისი გასინჯვა მხოლოდ დამასკოში შეიძლება, სადაც მას ნაღების, შაქრის, ვარდის წყლისა და ბუსტუღისგან კლიენტების თვალწინ ამზადებენ და სხვა ნაყინებისგან განსახვავებული ტექნოლოგიით რულეტივით ახვევენ.
Dondurma - კლასიკური თურქული ნაყინია და რძეს, შაქარს, სალეპსა და მასტიკს შეიცავს.
Frozen custard ეს გაყინული კრემი სულ მცირე 10% რძისა და ათქვეფილ გოგლი-მოგლისგან უნდა შედგებოდეს და თვისი სტრუქტურით ყველაზე მეტად იტალიურ ჯელატოსა და მის სემი-ფრედო (ნახევრად-გაყინული) ვარიანტს წააგავს.
Granita
Frozen yogurt – ნაღების ან რძის ნაცვლად უცხიმო ან ნაკლებად ცხიამიანი იოგირტისაგან დამზადებული დიეტური, მაგრამ ძალიან გემრიელი ნაყინია.
Gelato - იტალიური ნაყინია, რომელიც ჩვეულებრივ ბევრად მეტ ცხიმს შეიცავს და შედეგაც ბევრად გემრიელიცაა.
Granita – პირველყოფილი ნაყინის ჭეშმარიტი იტალიური შთამომავალია. იგი ხილის წვენისა (ბალახეულის ჩაის, დატკბილული წყლის) და შაქრისაგან მზადდება. მას რაიმე კონტეინერში ყინავენ და მერე ჩანგლით ფხეკენ, ჭიქაში ათავსებენ და გემრიელად მიირთმევენ. შინაური ნაყინისა და შერბეთისგან განსხვავებით, რომლებსაც გაყინვის პროცესში ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მორევა უნდა (სითხის კრისტალიზირება რომ არ მოხდნეს), გრანიტას მაცივარში დგამან და დაახლოებით 40 წუთით ივიწყებენ.
Halo-halo
Halo-halo - ძალიან პოპულარული ფილიპინური დესერტია, რომელიც ერთმანეთში არეული დანაყილი ყინულისა და შესქელებული რძისგან მზადდება და არომატისათვის ათასგვარ მოხარშულ მარცვლეულსა და ხილს ურევენ (მაგალითად: პალმის გული, ნაირ-ნაირი ლობიო, პურის ხის ნაყოფი, საგო, ტაპიოკა და ა.შ.). მას უფრო ხშირად  მაღალ ჭიქებში ან ღრმა ფიალებში ათავსებენ, ათასგვარ ეგზოტიკურ სიროპს ასხამენ, ნაყინის ბურთულებით რთავენ და ისე მიირთმევენ.
Kulfi - ერთგვარი პაკისტანურ-ინდური ნაყინია, რომელიც თავისი გემოთი და კონსისტენციით ნამდვილი ნაყინისგან საკმაოდ განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ  დღეისათვის უკვე ათასგვარი გემოს კულფის
Kulfi
 აკეთებენ, კლასიკური ვარიანტი კი რძეს, ილსა და ბუსტუღს (ხანდახან ზაფრანასაც) შეიცავს და საკმაოდ სასიამოვნო გემო აქვს. მას სამკუთხედებად ან ოთკუთხედებად ჭრიან, ან კონუსის ფორმაში ყინავენ.
Mellorine - არაცხოველური ხილისა და ბოსტნეულის რძისგან მზადდება.
Parevine - კაშერული, არაცხოველური რძისგან დამზადებული ნაყინია და იგი 1969 წელს  ნიუ-იორკში გამოიგონეს.
Sherbet - მიუხედავად უძველესი და საკმაოდ ცნობილი სახელისა, სუფთა ამერიკული ქმნილებაა, 1-2% რძის ცხიმს შეიცავს და ჩვეულებრივ ნაყინზე ბევრად უფრო ტკბილია.
Sorbet
Sorbet - აი, ჩვეულებრივ შერბეთს, ამერიკელები ფრანგულ მანერაზე „სორბეს“ ეძახიან და იგი როგორც წესია და რიგია, ხილის პიურეს, შაქრის პუდრისა და ხშირად ალკოჰოლის (შუშხუნა ღვინის) დამატებით მზადდება.
სტატისტიკოსები იმასაც ამბობენ, წელიწადის ცხელ დროს ყოველ სამ წამში თითო პორცია ნაყინი იყიდებაო.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. სტამბულში თუ მოხვდებით ქუჩის კიოსკში წითელჟილეტიან მენაყინეებთან დონდურმის გასინჯვის საიმაოვნებაზე ნუ იტყვით უარს. თავად ნაყინი, ცოტა უცნაური წებოვანი მასაა, მაგრამ მისი ყიდვა ფრიად სახალისო პროცესია. ჩემდა საბედნიეროდ, ეს ვიდეოკლიპი ნანახი მქონდა, თორემ ალბათ ჩემს წიოკს ნახევარი თურქეთი გაიგონებდა.  მეც აღმოვჩნდი კლიენტების გაშაყირებაში დაოსტატებული თურქი ნაყინის გამყიდვლების "მსხვერპლი" და შედეგად ჩემი აღფრთოვანებული "ჭიხვინი" (მე რაც ჩავიდინე იმას სიცილს ვერ ვუწოდებ) მთელს მოედანს აყრუებდა. მოკლედ, დატკბით:

0 კომენტარი.:

Post a Comment