ლირიული გადახვევა: როგორ იწრთობოდა... ბლოგი

Approved by Natia Jinjolava

საკუთარი ბლოგის იდეა მერი პოპინს დიდი ხანია ჰქონდა, რომლის ერთპიროვნული მმართველი და ბატონ-პატრონი თვითონ უნდა ყოფილიყო (რა იცოდა, რომ მის იდეას ტერმიტებივით შევესეოდით). ამაზე ხშირად გვიყვებოდა, ვმსჯელობდით, თემატიკაც და ბლოგის „იერ-სახეც“ კარგად გვქონდა წარმოდგენილი, მაგრამ საბოლოო ჯამში (როგორც ეს ხშირად ხდება) სულ სხვა შედეგი მივიღეთ. უფრო სწორად, შემთხვევით არ მიგვიღია, ამ შედეგამდე ჩვენ თვითონ საკუთარი ფეხით მივედით.
მერის მარტოობით ტკბობა დიდხანს არ დასცალდა, ბლოგს ჯერ თვალი მე დავადგი, მერე ცხვირი ჩავყავი და ბოლოს კალამი მოვიშველიე. ასე დაირღვა პირველად ინტერნეტდღიურის მთავარი კანონი „ბლოგს ერთადერთი ავტორი უნდა ჰყავდესო“.
ძალიან მალე წერა სხვებმაც მოინდომეს. ბავშვობის საყვარელი მწერლის, ჯერალდ დარელის „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ გავიხსენეთ, იქვე ჯორჯ ორუელის „Animal Farm მოვიშველიეთ და ავატარებად ცხოველები მოვიხმეთ. ნელ-ნელა გამოიკვეთა პირველი ოთხეული (ბლოგერავტორები), რომლის მხრებზე, ზურგზე და ტყავზე გადადის ბლოგის „კეთების“ სირთულე და სიმძიმე. ჩვენი მეტსახელების ამორჩევა საკმაოდ სპონტანურად მოხდა, პერსონაჟები რომ „მოვირგეთ“, აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთთან შეუთანხმებლად და ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის გარეშე, ოთხივეს „ფსევდონიმებად“ ლიტერატურული ძიძების სახელები შეგვირჩევია (ცნობიერება მართლაც რომ იდუმალებითაა მოცული - სახელების დარქმევაშიც კი, ჩვენდა უნებურად და გაუთვითცნობიერებლად ჩვენი ნამდვილი ხასიათების ერთი საერთო თვისება გამოვავლინეთ: ყველა ჩვენგანს ძალიან გვიყვარს „ნწუ-ნწუ-ნწუს“ ძახილი, თითის ქნევა და დარიგებების მიცემა, ერთი სიტყვით, „აღზრდა“. და ვინაიდან  ზრდასრული და თავაზიანი ადამიანები ვართ და გვესმის, რომ ქვეყანას ვერ შეცვლით და ჩვენს ჭკუაზე ვერ მოვიყვანთ, ჩვენთვის ვჭუკჭუკებთ და რაც არ მოგვწონს, იმის უწყინარი კრიტიკით შემოვიფარგლებით, ყოველგვარი ქილიკისა და გესლის გარეშე.
აი, ასეთი იყო ბლოგზე მომუშავე ოფლისმღვრელთა ქალური შემადგენლობა, როცა კარზე პირველმა მამაკაცმა „შემოგვიკაკუნა“. რაღა თქმა უნდა, ნოტაციებიც გვიკითხა, ჭკუაც გვარიგა, რჩევებით „პირთამდის“ აგვავსო და პირველი მავნეს სახელიც შერჩა.
ჩვენს თავიდან სახალისო გართობას და ქარაფშუტულ ლაზღანდარობას  თანდათანობით დასერიოზულებული მსჯელობა მოჰყვა და ასე შეიკრიბა მეორე ოთხეული - გურუმთა საბჭო, რომელშიც სხვადასხვა თაობის და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები მოხვდნენ. ეს უკვე ბლოგის „ერთი ავტორობის“ კანონზე ნამდვილი ძალადობა იყო!
დღეისთვის ჩვენი ინტერნეტყავისსმისა და ტორტის გარშემო მოფუსფუსე „მწერლები“ იმდენად გამრავალფეროვდნენ, რომ ყველანი ერთმანეთს არც კი იცნობენ, ზოგიერთი სულაც უცხოეთიდან გვეხმიანება (იმედია, რომ ოდესღაც „გადავიკვეთებით“, თბილისში „გამოვიჭერთ“ და გავიცნობთ).
ჩვენთან ყველაფერი ისეა, როგორც ნამდვილ რედაქციაში: ვადგენთ მომავალი ერთი თვის კონკრეტულ და ნახევარი წლის ზოგად გეგმას  (ხშირად მას ჩვენ თვითონ სინდისის ქეჯნის გარეშე ვარღვევთ და მუზების განსაკუთრებული შემოტევის დროს, თავდაყირა ვაყენებთ); ფუნქციებს ვინაწილებთ (თეორიულად მარტივი პროცესია) და, რაც მთავარია, ვცდილობთ, ეს ფუნქციები პირნათლად შევასრულოთ (ხომ იცით, „მცდელობაც მისასალმებელიაო“). სტატიებს ყველა ისე და იმაზე წერს, როგორც მოეგუნებება. აი, მე და მერი პოპინსს კი ამ პუნქტში განსაკუთრებული სიმბიოზი გვაქვს, ხშირად ერთად ვშრომობთ. ეს წერის პროცესსაც სახალისოს ხდის და, როგორც ამბობენ: „ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი ჯობიაო“.
სცენა ასეთია: მერი პოპინსის მყუდრო სამზარეულო, მრავალტანჯული კომპიუტერი, აუცილებელი და სავალდებულო ყავის ფინჯნები და ცხადია, ტკბილეულიც, რომლითაც თავს ვინუგეშებთ ხოლმე. მოქმედი გმირები: ძირითადად ჩვენ და ხანდახან შემსწრე და შემომატებულები. მოქმედება:  ჯერ  სტატიის თემას ვადგენთ (მათი უმრავლესობა სპონტანურად ჩნდება. უარყოფილი იდეები სანაგვეზე იყრება და სამუდამო დავიწყებას მიეცემა. ხანდახან მუზებს მუქთახორობის შეტევა აქვთ ან უბრალოდ თავმობეზრებულები და ქანცგაცლილები ოთახის კუთხეში განისვენებენ, და ნათელი აზრი არა და არ ჩნდება. ეგ არაფერი, ესეც შემოქმედებითი წვის ატრიბუტია). იდეა გავარკვიეთ და ვიწყებთ წერას (ხშირად ერთიდაიგივე სიტყვებით. რაც დრო გადის, ეს მოვლენა სულ უფრო ხშირდება და მეორდება - ეტყობა, ერთმანეთს ისე „შევეზარდეთ“, რომ უნისონში ვაზროვნებთ და ამ აზრებსაც ასევე ხმაშეწყობილად და ერთნაირად ვალაგებთ, ეს კი ნიშნავს, რომ ტანდემი შედგა). ისეც ხდება, რომ რომელიმე ჩვენგანს, თავიდან ენერგიით სავსეს და შემართულს („მე ამისგან გავაკეთებ“), უცებ სიზარმაცე მოეძალება, მაგრამ სულ ცოტა ხნით (მშვიდად „წალუარსაბობას“ მეორე არ აცლის). ზოგჯერ ვკამათობთ კიდეც (ხმის ჩახლეჩამდეც კი!), მაგრამ დავას ყოველთვის საერთო აზრით ვამთავრებთ. ხშირად წერას ერთ კონკრეტულ და ნათლად გამოკვეთილ თემაზე ვიწყებთ და შეუმჩნევლად, ხანდახან კი განგებ, სულ სხვაგან მივდივართ - ასე ჩნდება „არაგეგმიური“ სტატიები და ლირიული გადახვევები. ერთია, რომ რაღაც დაუწერელი შეთანხმებით, გარკვეულ თემებს შეგნებულად არ ვეხებით - პოლიტიკური და რელიგიური ბლოგების წერა-კითხვა სხვებისთვის მიგვინდვია.
გარდა იმისა, რომ საკუთარი აზრის გამოთქმისა და წერის ჟინს ვიკლავთ (მოგეხსენებათ, მსმენელი ყველას უჭირს), ამ ბლოგმა კიდევ ერთი, დიდი ხნის მივიწყებული და ძალიან სასიამოვნო განწყობა - სამყაროს სტუდენტობის დროინდელი აღქმის შეგრძნება დაგვიბრუნა, როცა ყოველდღე რაღაც ახალს აწყდები, შეიცნობ და შენებურად „ხარშავ“, გარემოს უკიდეგანო და უმიზეზო ოპტიმიზმით უყურებ და გჯერა, რომ ყველაფერი მხოლოდ შენს ხელშია.
ჩვენთვის გასართობად წამოწყებულმა „წერა-კითხვამ“ სხვადასხვა ინტერესისა და გემოვნების მქონე ადამიანები დაგვაკავშირა, ერთმანეთისგან ბევრი კილომეტრი და დიდი ასაკობრივი სხვაობა გვაშორებს. იმათ კი, ვინც ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ხშირი შეხვედრების, შეკრებებისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალება მოგვცა და ერთად უამრავი სასიამოვნო საათი გაგვატარებინა. მე არ ვიცი, ამ ბლოგს რა ბედი ეწევა. შეიძლება ერთ დღეს წერა სულაც მოგვწყინდეს. ერთი რამ ცხადია, ეს პერიოდი ყოველთვის თბილად გაგვახსენდება, ხოლო თუ ოდესმე ვინმე შეამჩნევს, რომ საკუთარი შესაძლებლობები და ამ „ავანტიურაში“ მონაწილეობის სურვილი გაუქრა, საწერ-კალმის თუ ლეპტოპის გვერდზე გადადება პრობლემა არ იქნება...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

2 კომენტარი.:

  1. Masento Gulacho

    კარგი გოგონები ხართ :)
    კარგია რომ თქვენს ჭიას სახალხოდ ახარებთ. იმიტომ რომ, რადგან თქვენს ნაწერს ვაღაც მაინც კითხულობს და ვიღაცას ცოტა მაინც ეხმარება თქვენი ნააზრები(თუნდაც დროის მოკვლაში) ეს იმას ნიშნავს რომ კარგი ჭიები გყავთ.
    ასე რომ გაახარეთ, გაახარეთ ეგ კარგი ჭიები, იქნებ იმხელებიც დაიზარდნონ რომ შემოსეულ ვირთხებს მოერივნონ, რომლებსაც ასე გემრიელად აკრიტიკებთ ხოლმე.

  1. Natia Jinjolava

    დიდი მადლობა! დაზრდილ ჭიებზე და შემოსეულ ვირთხებზე თავი კარგად ნაკვებ და ნასუქ ანაკონდად წარმომიდგა და ბევრი ვიცინე :))))))

Post a Comment