ორი ლოგიკა

Approved by Mary Poppins

რატომ არის ასეთი ძნელი საწინაღმდეგო სქესთან საერთო ენის გამონახვა? უფრო სწორედ, რატომ არ ესმით კაცებს, რისი თქმა გვინდა, ანდა რას ვუხსნით ასე გულმოდგინედ. მამაკაცებს რომ ჰკითხოთ, ყველა ერთხმად გიპასუხებთ: „ქალები ერთს ამბობენ და მეორეს გულისხმობენო“. პირველად ეს აზრი რომ მოვისმინე, წარბები შევკარი, რა სისულელეა-თქო, გავიფიქრე, მაგრამ ამ თეორიის დასასაბუთებლად ერთმა გერმანელმა იუმორისტმა მაგალითები რომ მოიყვანა, სიცილისგან ჩაბჟირებულს მეტი გზა აღარ დამრჩა გარდა იმისა რომ მეღიარებინა, რაღაც სიმართლის ნამცეცი არის ამ კაცის აზრში-თქო. სხვათაშორის, ამ იუმორისტმა მერე შესანიშნავი ლექსიკონი გამოუშვა "Deutsch - Frau / Frau – Deutsch“ („გერმანული-ქალი/ქალი- გერმანული",  რომელიც სამწუხაროდ, კაცებს დღემდე არ წაუკითხავთ, თორემ ეცოდინებოდათ, "ერთი წამით ეს პარკები დამიჭირე" ნიშნავს, რომ ეს პარკები მან სახლამდე უნდა ათრიოს. ან ელემენტარული "დღეს დიეტის დღე მაქვს" ნიშნავს, რომ დღეს სადილის გაკეთება დამეზარა და წუწუნი არ გამაგონო! ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ  ხანდახან მართლაც სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. უფრო ხშირად კი გამართლებული ეჭვიც მიჩნდება, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვა პლანეტელები ვართ.
მაგალითად,  მე და ჩემი საუკეთესო ნახევარი, ცხოვრების ჭაპანის თანამწეველი  და  მუდამ განწირული სახით მაღაზიებში ჩემს გვერდში მდგომი, უკაცრავად შემეშალა, ჩემს უკან მოჩანჩალე, პარკებით დატვირთული და  ინფარქტს საეჭვოდ მიახლოვებული მეუღლე დღემდე სხვადასხვა განზომილებებში ვიმყოფებით. 
აი, თუნდაც წინა შაბათს, ნაშუადღევს, მშვენიერ ხასიათზე მყოფნი მანქანით ერთად ვბრუნდებოდით მეგობრებისგან. მოულოდნელად  მეუღლეს  ნერვიულობა შევამჩნიე. ის-ის იყო უნდა მეკითხა, რაშია საქმე-თქო, რომ ქმარმა სიჩქარეს უმატა, შუქნიშანთან განერვიულებულმა ისეთი "აბგონი" მოუწყო სხვა მანქანებს, რომ თავი წითელ ფერარიში მჯდომი მეგონა. კიდევ უფრო გაოცებულმა ის-ის იყო საკითხავად პირი გავაღე "რა ხდება, რა ბზიკმა გიკბინა-თქო", რომ ჩემს საყვარელ მაღაზიის ვიტრინაში ზუსტად ისეთ შარვალს მოვკარი თვალი, როგორსაც თვეებია დავეძებ და ჩემდა უნებლიედ "ეხლავე გააჩერე" აღმომხდა. 
მეუღლემ სასოწარკვეთილი სახით, მორჩილად გააჩერა მანქანა და მაღაზიისკენ მიმავალს ისღა მომესმა, თუ როგორ იწყევლიდა თავბედს, ასე გვიან რომ გაახსენდა ამ მაღაზიების მაგნიტური ძალა... მართალია, როგორც ყოველთვის დავპირდი, რომ მხოლოდ ერთი წუთით შევირბენდით მაღაზიაში, მაგრამ კარგი რა, ვიღას სჯერა ამ ზღაპრების? ტანსაცმელის მაღაზია ხომ ნამდვილი მახეა?! ფეხი ერთი თუ შეგიცდა, ვერანაირი ძალა ვერ გამოგიყვანს იქიდან ერთ წუთში, არ მეთანხმებით? განა ესეთი ძნელია გაიგო კაცმა, რომ ტანსაცმელს შერჩევა უნდა? მერე კი  მოზომება, დაფიქრება, კიდევ ერთხელ მოზომება... არ მესმის, რა არის ამაში სანერვიულო?
ან წამდაუწუმ აწითლებული სახით საათზე ყურება და ოხვრა განა შეცვლის რამეს? 
ისე თუ დაკვირვებიხართ, მაღაზიაში მყოფი კაცები ზუსტად ხუთ სტადიას გადიან და   ყველა ქალი შეამჩნევს, თუ რომელ სტადიაში იმყოფება მისთვის უცნობი მამაკაცი.
სტადია პირველი, ანუ "იმედით სავსე"  - გაბრწყინებული სახით მოსაზომებელ კაბინასთან მდგომი კაცი, ღრმა რწმენით რომ  მართლა ერთი წუთით  შემოირბინეს მაღაზიაში, არჩევანს უქებს ქალს და სალაროსკენ წასვლას სთავაზობს.
სტადია "ნერვიული"  -  გაღიზიანებულს, ერთი ფეხიდან მეორეზე გადააქვს წონა, საათს უყურებს და შუბლი ეკვრება, მოსაზომებელი კაბინიდან კი გამოსული ჯერაც არვინ ჩანს.
სტადია "დაძაბული" -  შუბლზე სიმწრის ოფლი ასხამს, გაფითრებული დგას კაბინასთან და ნერვიული ტონით ამტკიცებს, რომ არაა საჭირო ამდენი მოზომება, აი თვითონ ხომ უკვე იყიდა სამი შარვალი და ორი მაისური, ისე, მოუზომებლად. თუ იცი, რა ზომის ტანსაცმელი გერგება, რა საჭიროა ამდენი ჩაცმა, გახდა და ისევ  ჩაცმა? ისე, მართლაც რა საოცრად იოლად ყიდულობენ კაცები ტანისამოსს? შარვალს დახედავენ, ზომას აირჩევენ, წინსაფარივით აიფარებენ "კარგად მექნება და თანაც მომიხდება", იტყვიან და სალაროსკენ  მიიჩქარიან. გზად შეიძლება ერთი-ორი მაისურიც გაიყოლონ, ამჯერად წინ აუფარებლად. მთავარია, ფერი იყოს კარგი, თორემ მაისურია რა, მოერგება, აბა რას იზამს.
სტადია "მიკროინფარქტი" - ყველაზე იოლი გამოსაცნობია, გაფითრებული და  დამუნჯებული,  თავჩაქინდრული დგას კაცი და მხოლოდ დაბერილი კისრის ძარღვიღა უფეთქავს საეჭვოდ.
და ბოლოს, "რეზიგნაცია" - ამ სტადიაში მამაკაცების თითქმის 99 პროცენტი ვარდება. სპეციალურად მათთვის განკუთვნილ, ნატიფი გემოვნებით შერჩეულ სავარძლებში მისვენებულები, ფეხებთან დალაგებული პარკების დარაჯად-ღა ვარგისები, ცარიელი თვალებით შესცქერიან კაბინას, რომლის გაღებაზეც მათ თვალებში იმედის ნაპერწკალიც კი აღარ ელავს.
ჩემი მეუღლეს საოცარი ნიჭი აქვს პირველი სამი სტადიის წამებში გავლისა და დახლთან მყოფი, უკვე "დაძაბულ" სტადიაშია. მოსაზომებელ კაბინასთან მისული უკვე "მიკროინფარქტიანი", უმალ "რეზიგნირებულების" გვერდით ჯდება, ამოიოხრებს და დეპრესიაში იძირება. 
თქვენი არ ვიცი და, მე პირადად მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ ვერანაირ აზრს ვეღარ ვხედავ, ისევ და ისევ ავუხსნა, რომ "ერთი წუთით შევირბინოთ" ადამიანურ ენაზე ნიშნავს "შემარგე ეხლა ჩემს სტიქიაში ყოფნა". ანდა მოთმინებით ავუხსნა, რატომ არის ეს ფეხსაცმელი სხვანაირი და არა ზუსტად ისეთი, როგორიც სახლში უკვე გვაქვს. ან, რომ ეს შარვალი თეთრი კია, მაგრამ ისეთივე არაა, ერთი კვირის წინ რომ იყიდე ( იმას ხომ გვერდებში ჯიბეები აქვს, ამას კი მარტო უკან, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან დეტალებს კაცის თვალი, ეტყობა, ვერ აფიქსირებს).   ამიტომაც იმ მზიან შუადღეს მისი ყველა სტადია უკომენტაროდ  გადავიტანე  და ცოტახანში  ტანსაცმელით დატვირთული, მეუღლეს სალაროსკენ წინ გავუძეხი. მისი მოღუშული სახის შემყურეს კი, ვერა და  ვერ გამიგია, რატომ  არ შეუძლია ამ კაცს  ეხლა მაინც გაიღიმოს და დამეთანხმოს,  რომ მართლაც კარგი აზრი იყო ამ მაღაზიაში შემორბენა.
იქიდან გამოსულმა, სიბნელეში, ცოტა არ იყოს, ორიენტაციადაკარგულმა ჩემდა საუბედუროდ  დროულად ვერ აღვიქვი, საით მიიჩქაროდა ჩემი საუკეთესო ნახევარი, სანამ გაჩახჩახებული მაღაზიის კართან გაბრწყინებულმა არ მთხოვა „ერთი წამით აქაც შევირბინოთო“. სამწუხაროდ,  მხოლოდ შენობაში შესულს-ღა გამახსენდა კაცების ყველაზე აუტანელი სტადია, რომელიც წესით, არც ერთ ქალს არ უნდა დაავიწყდეს.  ეს გახლავთ სტადია მეექვსე "შურისძიება", ანუ ტექნიკისა და ხელსაწყოების მაღაზია! დღემდე ვერანაირი ლოგიკური ახსნა ვერ მიპოვნია იმისთვის თუ, როგორ შეუძლიათ კაცებს საათობით დგომა ერთნაირი ჭანჭიკებით სავსე თაროსთან, სათითაოდ ყველა კოლოფის დათვალიერება, ზომებისა და ფორმების მიხედვით არჩევა, მერე ამ ჭანჭიკებისთვის განკუთვნილი "ატვიროტკების" არჩევა და გაუთავებელი ახსნა,  თუ რა განსხვავებაა ამ, ჩემს თვალში აბსოლიტურად ერთნაირ, ხელსაწყოებს შორის. ან გამაგებინეთ, რატომ უნდა გაგიჟდე  სიხარულისგან  და ამხელა კაცი ბავშვივით აჭყლოპინდე ბურღის ახალი მოდელის  დანახვისას?  რა საჭიროა ერთი საათი ამ ბურღის ხელში ტრიალი? იმის მტკიცება, რომ თურმე ყველა ოჯახის კაცს ეს მოდელი მინიმუმ ერთი ცალი მაინც უნდა ჰქონდეს? ის არგუმენტი, რომ სახლში უკვე სამი ბურღი აქვს (აქედან ორი ჯერ კიდევ უხმარი), ერთი ხელის მოსმით ბათილდება: „ეს იმ სამივეს სჯობია!" ან "შეხედე, ამას რკინა-ბეტონის ბურღის თავიც მოჰყვება" და უკვე  ისტერიული ტონით დასმულ კითხვაზე: "კი მაგრამ, რის გაბურღვას აპირებ ჩემს ახალ გარემონტებულ სახლში?" დამამშვიდებელი ღიმილით გპასუხობს: "ნუ გეშინია, გამოჩნდება რამე"... 
მერე კი უკვირთ, რატომ გემართება ისტერიკა,  გეკვრება სუნთქვა, გულისცემა პიკს აღწევს და აცრემლებული ითხოვ ამ დაწყევლილი მაღაზიიდან გასვლას. მერე კი ლოდინით დაღლილი, გაფითრებული და მუხლებაკანკალებული  მიჰყვები ბურღითა და ლურსმან-ჭანჭიკებით დატვირთულ სახეგაბადრულ მეუღლეს სალაროსკენ, რომელსაც (მართლაც რომ მარსიდან გუშინ ჩამოსულს) ვერ გაუგია, რატომ ხარ ასეთი უკმაყოფილო და კიდევ ერთხელ გიხსნის, თუ რა კარგი იდეა იყო ამ მაღაზიაში ერთი წუთით შემორბენა...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბაგირა

0 კომენტარი.:

Post a Comment