საახალწლო ზღაპარი

Approved by Gourmet Guide


ათას რაღაც რომელიღაც წელი იწურებოდა. ახალ წლამდე დარჩენილი იყო ნოლი დღე, ცხრა საათი და თორმეტი წუთი. N ქვეყნის N ქალაქის მთავარ მოედანზე ჩოჩქოლი იყო. ქალაქის მცხოვრებლები წინასაახალწლო სამზადისით იყვნენ შეპყრობილნი: ზოგი გაცხოველებულად ვაჭრობდა, ზოგი უკვე ნავაჭრ სანოვაგეს მიეზიდებოდა სახლში, ზოგიც მხოლოდ ათვალიერებდა ისევე, როგორც რატუშის კიბეებზე ჩამომჯდარი პატარა ბიჭუნები.
- წელს თოვლი არ უნდა მოვიდეს? - იკითხა ერთმა და ნაღვლიანად ახედა მოქუფრულ ცას.
- ბებიაჩემმა თქვა, უთოვლო ახალი წელი აქამდე არავის ახსოვსო.
თავზე ნაცრისფერქუდჩამოფხატულმა ბიჭმა გაღმა გორაკებს ეჭვის თვალით გახედა და ამოიოხრა:
- ასე მგონია, თოვლი რომ მოვა, ყველა სურვილი ამიხდება.
- ოქროს ღილებიან ჯუბას მაინც არავინ არ გაჩუქებს. ვიცი, სულ მაგას მისჩერებიხარ, ჩვენს თერძს რომ უკიდია გასაყიდად.
- მაგასაც ვნახავთ! - გაჯიუტდა ალექსანდრე და გაგულისებულმა პატარა კენჭს ფეხი გაჰკრა.
ბიჭებმა გაგორებულ კენჭს თვალი გააყოლეს და მოედნის მეორე ბოლოდან შემოსული ნაირფერი ლენტებითა და ზანზალაკებით მორთული ფორანი დაინახეს, რომელსაც კოხტად ჩაცმული ხანშიშესული კაცი მოუძღოდა.
- უი, თოჯინების თეატრი ჩამოსულა!
- შენ რომ გინდა, ისეთი ტანსაცმელი აცვიათ, მიდი შეეხვეწე, ეგებ გაჩუქონ. სხვანაირად მაინც ვერ ეღირსები!
ბავშვები ფეხზე წამოხტნენ და მოედნისკენ თავპირისმტვრევით დაეშვნენ.
- ყველას გეპატიჟებით ქალაქის მთავარ მოედანზე, საახალწლო ზღაპარზე! ჯადოსნური სანახაობა გელით!
ფორანს ხალხი შემოეხვია. ხანშიშესულ მამაკაცს ახალგაზრდა ქალი და კაცი შემოუერთდნენ და მოქალაქეებს ფერადი ქაღალდის ნაკუწები დაურიგეს:
-  ჩაუთქვით სურვილები. ამ საღამოს ყველაფერი აგისრულდებათ!
შარფშემოხვეულმა კიკინებიანმა პატარა გოგონამ ვარდისფერი ფურცელი მუჭში ჩაბღუჯა და დედას დიდი ცისფერი თვალებით ახედა:
- მე ნაჭრის დედოფალა მინდა, მართლა ამისრულდება?
ფორანის კუთხესთან ატუზულმა ალექსანდრემ ქვაფენილზე დაგდებული ქაღალდი შენიშნა, აქეთ-იქით გაიხედა, ჩემი მეგობრები ხომ ვერ მხედავენო, დაიხარა, სწრაფად აიღო და ჯიბეში ჩაიჩურთა.
- თოვლი მოვიდეს, თოვლი, თორემ მოსავალი დაგვეღუპება! - გასძახა მოხეტიალე  მსახიობებს ზურგზე ტომარამოკიდებულმა ჭარმაგმა გლეხმა.
- მოვა ძიაკაცო, ამაღამ ყველა ნატვრა ასრულდება! წარმოდგენა იწყება!
სახელდახელოდ იმპროვიზირებულ პატარ სცენას უამრავი ხალხი გარს შემოერტყა. ამ საყოველთაო მხიარულებაში ალექსანდრე მონაწილეობას არ იღებდა, ფორანის კიდეზე ჩამომჯდარი, ჯიბეში ქაღალდს და ფანქრის ბოლომოჭმულ ნატეხს ხელში აწვალებდა და ფიქრობდა: „რა მინდა? თოვლი მინდა, ჯუბაც მინდა, ახალი თბილი ფეხსაცმელიც არ მაწყენდა...“ ცხვირი შეიჭმუხნა და ჰაერში დატრიალებული ტკბილი სურნელი შეისუნთქა... „თაფლაკვერიც რომ მინდა?“ და მხოლოდ ახლა შეამჩნია თეატრის მეპატრონე, რომელიც დაკვირვებით უყურებდა. ალექსანდრემ დაიმორცხვა და ნაგლეჯი საჩქაროდ ჯიბეში ჩააბრუნა.
- წარმოდგენას რატომ არ უყურებ?
ალექსანდრემ მხრები აიწურა.
- სურვილებზე ვფიქრობდი.
- და რა გინდა, პატარავ?
- ბევრი რამე და ალბათ არაფერი არ მექნება.
მოხუცმა ჯიბიდან თაფლაკვერი ამოიღო და გაუწოდა:
- იქნებ ამან მაინც გაგამხიარულოს.
- მაგას ჯუბა უნდა, ჯუბა! ზუსტად თქვენნაირი! - ალექსანდრეს მეგობრებმა ბიჭის პირისაკენ გაქანებულ კვერს შურიანი თვალი გააყოლეს.
კაცმა ალექსანდრეს თავზე ხელი გადაუსვა, გატრიალდა და ხალხს შეერია.
მოულოდნელი საჩუქრით აღტაცებული ბიჭი მაყურებლებს შეუერთდა და საერთო ჟრიამულში ჩაერთო. სანახაობამ ისე გაიტაცა, რომ ვერც კი შეამჩნია, თავზე რამდენიმე ფანტელი როგორ დაეცა.
- თოვლი მოდის, ხალხო, თოვლი! - იყვირა ვიღაცამ. ატყდა ხვევნა-კოცნა, ჟივილ-ხივილი, მილოცვები. დიდსა და პატარას, თოვლის დანახვა ყველას გაუხარდა.
„თოვლი მოვიდა, თაფლაკვერი მაჩუქეს, ნეტა სხვა სურვილებიც ამისრულდება?“ - ალექსანდრემ ჯიბიდან ფერადი ქაღალდის ნაგლეჯი ამოაძრო და გამალებულმა  ოკრობოკრო ასოების გამოყვანა დაიწყო.
* * *

ახალი წლის დილა გათენდა. ბავშვთა თავშესაფრის ბიჭების საერთო საძინებელში გარედან მხოლოდ თოვლის ხრაშუნის ხმა შემოდიოდა. ალექსანდრემ ლოგინში გაიზმორა, ბალიშის ქვეშიდან მწვანე ქაღალდის ნაგლეჯი ამოაძრო, გადაიკითხა და ოთახს გადახედა.
„ისევ აქ ვარ“, ამოიხვნეშა და ჩაცმა დაიწყო. ქუდი ჩამოიფხატა, იდაყვებზე გაცვეთილი ქურთუკი მოისხა და  ეზოს მიაშურა. კარებში დარაჯის ხმა წამოეწია:
- ალექსანდრე,  საჩუქარი დაგიტოვეს! - და უხეშად გახვეული ფუთა მიაწოდა.
- მეე?? - სიცოცხლეში პირველი საჩუქარი ხელების კანკალით გამოართვა და სულმოუთქმელად დაიწყო რუხი ქაღალდის შემოცლა. ფუთაში ჯუბა იდო, ხავერდის, ოქროსფერღილებიანი, სწორედ ის, რომელსაც ნატრობდა!
- მადლობა უნდა ვუთხრა! - მიაძახა დარაჯს და გულში ჯუბაჩაკრული თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ქალაქის მთავარი მოედნიკენ. მოედანი ცარიელი დახვდა,  საზეიმოდ მორთული ფორანი არსად ჩანდა... ბიჭი გაშრა, დაბნეულმა არ იცოდა, რაღა ექნა. მოულოდნელად დილის სიჩუმეში ნიავმა შორიახლო ქუჩიდან ზანზალაკების ხმა მოიტანა.
„შორს არ წასულან, დავეწევი!“, გაიფიქრა და ადგილიდან მოწყდა. ქალაქის გასასვლელთან მართლაც დაეწია, ფორანი დაინახა და:
- დამელოდეთ!  მეც მოვდივარ თქვენთან! - დაიძახა.
ფორნის ფარდის კალთა აიწია, სიღრმიდან ახალგაზრდა ქალმა გამოიხედა, ბიჭის აღტკინებული სახე რომ დაინახა, გაიღიმა და ფორამში მსხდომებს რაღაც გასძახა. - მოდი, გელოდებით! - ხელი გაუწოდა ალექსანდრეს.  ბიჭი ფორნის კიდეზე ქალის გვერდით მოკალათდა, თოვლიან ქალაქს გამოსამშვიდობებლად ხელი დაუქნია, ჯიბიდან ნატვრის ფურცელი ამოიღო, დახედა, გაიღიმა და გადააგდო.
ნიავმა ფურცელი აიტაცა და ქალაქის კარიბჭესთან მიაფრიალა. გამვლელი მოხუცი ქალი დაიხარა, ფურცელი აიღო და გაოცებულმა წაიკითხა ერთადერთი სიტყვა: „ოჯახი“...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბლოგერავტორთა ბრიგადა

ზაფხულიდან გამოპარული საახალწლო სანტები

Approved by Gourmet Guide


ვინაიდან ბორლო რადენიმე წელია ანდაზა - „დედაბერმა იანვარში მარწყვი მოინდომაო“ ჩვენთან ვეღარ ანდაზობს და სუპერმარკეტებში მისი, ანუ მარწყვის შოვნა შესაძლებელი გახდა - ამ პაწაწინა და გემრიელი სანტა-კლაუსების შექმნა პრობლემას აღარ წარმოადგენს, სუფრაზე კი ენით აუწერელ მხიარულებას იწვევს.

მარწყვის სანტა კლაუსიკოები
10 მსხვილი მარწყვი, 200 გრ ყველი „მასკარპონე“ ან „ფილადელფია“ (ან  ნებისმიერი ნაღების ყველი), 2 ს/კ გაცრილი შაქრის პუდრა, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი ან ვანილის შაქარი, ხაშხაში (ყაყაჩოს თესლი) მოსართავად... ამ უკანაკნელის ჩვენს ქვეყანაში მიუწვდომლობის გამო, შეგიძლიათ მათ ნაცვლად, შოკოლადი გაადნოთ და ნემსის ან ხის ჩხირის წვერით თითო წუნწკლი დააწუნწკლოთ
მარწყვები გავრეცხოთ გულდასმით და წავაჭრათ სამკუთხედი თავები, დაახლოებით ნახევარ სანტიმეტრზე, ან ცოტა მეტზე მარწყვის ზომიდან გამომგინარე. წაჭრილ წვეტებს ნუ გადავყრით - სანტას ქუდებად დაგვჭირდება. ავიღოთ ბასრი დანა და მარწყვების მსხვილი ნაწილი ძალიან ფრთხილად ამოვღრუტნოთ. ყველი, შაქრი პუდრა და ვანილი გადავურიოთ ერთმანეთში, მოვათავსოთ საკონდიტრო ტომსიკაში და ამოვავსოთ მარწყვები, ისე რომ კრემი ერთი სანტიმეტრით მაღლა ამოვიდეს. მერე დავახუროთ ქუდები და მუცელზე კრემითვე დავასვათ 2-2 ღილი. თვალებად კი გამდნარი შავი შოკოლადის წუნწკლები მივასვათ - სწორედ ისე, როგორც სურათზეა და მერე ვეცადოთ არ შემოგვეჭამოს სტუმრების მოსვლამდე! გირჩევთ, ოჯახი წევრებსაც დაუმალოთ სუფრაზე გამოტანამდე, თორემ მათი მოგერიებაც მოგიწევთ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

დომინიკ ანსელის საშობაო რულეტი

Approved by Gourmet Guide


ნიუ-იორკ სითის საკმაოდ ცნობილი რესტორანი „დენიელის“ არანაკლებ სახელგანთქმული კონდიტერი დომენიკ ანსელი შობის დღეებში რესტორნის სტუმრებს ერთგვარი კომპლიმენტით - მინი „საშობაო კუნძით“ ანებივრებს.

Cherry-and-Chocolate Bûche de Noël from Dominique Ansel
8 პორცია
რულეტისთვის: 6 მსხვილი კვერცხის გული ოთახის ტემპერატურის, ¾ ჭ შაქარი, 5 მსხვილი კვერცხის ცილა, 1/8 ჩ/კ მარილი, ½ ჭ კაკაო
სიროპისთვის: ½ ჭ წყალი, ¾ ჭ შაქარი, 1 ს/კ ალუბლის ლიქიორი
კრემისთვის: 1 ჩ/კ ჟელატინი, 1 ს/კ ცივი წყალი, 1/3 ჭ რძე, ½ ვანილის ჩხირი შუაზე გაჭრილი, 2 მსხვილი კვერცხის გული, 1 ს/კ შაქარი, ½ ჭ ცხიმიანი ნაღები, 1 ჭ დასპირტული ალუბლები გადაწურული
მოსართავად: 1 ჭ ცხიმიანი ნაღები, 1 ½ ჩ/კ ლერწმის შაქრის პუდრა, კაკაო  მოსაფრქვევად

გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. 23სმ X 33 სმ-ზე საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. კვერცხის გულები და 6 ს/კ შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე.  ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები და მარილი. ცილა ბოლომდე რომ აითქვიფება და ფორმის შენარჩუნებას დაიწყებს, თითო თითო კოვზად ჩავათქვიფოთ დარჩენილი შაქარი და გავაგრძელოთ თქვეფა სანამ შაქარი არ გადნება და ბეზე პრიალა და ერთგვაროვანი არ გახდება. ხის კოვზით ან რეზინის ნიჩით ათქვეფილი ბეზეს ¼ ფრთხილად გადავურიოთ კვერცხის გულებში. მერე დარჩენილი ბეზეც ასევე ფრთხილად დავუმატოთ. ორ ნაწილად დავუმატოთ კაკაოც და ფრთხილად ვურიოთ, სანამ კაკაო ბოლომდე არ გაიხსნება. ცომი დავასხათ საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტზე და ფრთხილად გავანაწილოთ. ვაცხოთ დაახლოებით 18-20 წუთი. ცხობის პროცესში, სადვაც 10 წუთის მერე, სადხობი ფირფიტა გამოვიღოთ, შევატრიალოთ და ისევ შევდგათ. მზა ბისკვიტი გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
სიროპის მოსადუღებლად პატარა, სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ წყალი და შაქარი და მაღალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. ცეცხლს დავუწიოთ და ვადუღოთ შაქრის ბოლომდე გადნობამდე, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ ალუბლის ლიქიორი.
კრემისთვის პატარა ჯამი ჟელატინს დავასხათ ცოტაოდენი წყალი და 5-10 წუთი გავჩეროთ. პატარა სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ რძე. ვანილის ჩხირი გავჭრათ შუაზე, დანის წვერით გამოვფხიკოთ თესლი და თესლიც და ჩხირიც ჩავაგდოთ რძეში და წამოვადუღოთ საშუალო ცეცხლზე. პარალელურად საშუალო ზომის ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი გული და შაქარი გათეთრებამდე. რძე რომ ადუღდება, ამოვიღოთ ვანილის ჩხირი და გადავაგდოთ. რძე წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ათქვეფილ კვერცხის გულში. კვერცხიანი რძე, ისევ რძის ქვაბში დავაბრუნოთ და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე, თან ვურიოთ დაახლოებით ორი წუთი, სანამ რძის მიქსტურა თხელი არაჟნის სისქის არ გახდება. კრემი გადავასხათ საშუალო ზომის სუფთა ჯამში. დამბალი ჟელატინი ცხელ კრემში ჩავასხათ და კარგად მოვურიოთ. კრემი გავაგრილოთ. ამასობაში ავთქვიფოთ ნაღები  (ბაღები გამაგრდება თუ არა, თქვეფა შეწყვიტეთ, თორემ ზედმეტი თქვეფისგან ნაღები კარაქად იქცევა!) და მისი ¼ უკვე გაგრულებულ კრემში გადავურიოთ. კარგად მოვურიოთ და მერე დარჩენილი ნაღებიც დავუმატოთ.
ბისკვიტი ფრთხილად, მეორე საცხობი ფირფიტის ან ლანგრის დახმარებით გადავატრიალოთ და ფრთხილად ავაცალოთ პერგამენტის ქაღალდი. მაგიდაზე დავაფინოთ ბისკვიტის ზომის პერგამენტი ან ჩაის ტილო და ზევიდან მოვათავსოთ ბისკვიტი. მერე დასარბილებლად ალუბლის ლიქიორის სიროპით დავნამოთ. რეზინის ნიჩბის ან ფართოპირიანი დანის მეშვეობით ბისკვიტს კრემი წავუსვათ და მოვაყაროთ დასპირტული ალუბლები. კრემწასმული ბისკვიტი პერგამენტის ან ჩაის ტილოს დახმარებით, ძალიან ფრთხილად დავახვიოთ რულეტად  უფრო გრძელი მხრიდან. პერგამენტი ან ჩაის ტილო მჭიდროდ შემოვახვიოთ რულეტს რომ არ გაიშალო და მაცივარში შევდოთ 1 საათით.
ჭამის წინ, ნაღები და ლერწმის შაქრის სიროპი ავთქვიფოთ გამაგრებამდე. გამოვიღოთ რულეტი მაცივრიდან, შემოვახსნათ პერგამენტი და გადავუსვათ ათქვეფილი ნაღები. მოვაყაროთ კაკაო. წურვილის შემთხვევაში მოვრთოთ დასპირტული ალუბლებით და ბეზეს სოკოებით. დავჭრათ და ვჭამოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

„ტომი და ჯერი“

Approved by Gourmet Guide


ყოველ წელს, ზამთრის სუსხი დადგება თუ არა, (განსაკუთრებულად შობის წინა პერიოდში) ამერიკული ოჯახების უმრავლესობა მათთვის ასე საყვარელი სასმელის „გოგლი-მოგლის“ ცხელს ვერსიას ამზადებს და ახლო მეგობრების წრეში გემრიელად მიირთმევს. „ტომი და ჯერი“, (ასე ქვია ამ სასმელს) იმდენად პოპულარულია, რომ მისთვის საგანგებო ჭურჭელსაც კი უშვებენ - ფაიფურის თუ მინის პორციულ ჭიქებსა და რამდენიმე ადამიანზე გათვლილ თასებს ერთნაირად ამშვენებს ყველასათვის საყვარელი წარწერა „ტომი და ჯერი“. და, რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ, ამ საოჯახო და დიდებისთვის და ბავშვებისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი კოქტეილის „სათაურს“ არანაირი კავშირი არ აქვს მასავით პოპულარულ სეხნიებთან - მულტსერიალის გმირებთან.
საქმე იმაშია, რომ „ტომი და ჯერის“ ავტორობას ამერიკის პირველ სახელგანთქმულ ბარმენს, ჯერი ტომასს მიაწერენ, ადამიანს რომელმაც ჯერ კიდევ 1862 წელს გამოსცა პირველი ოფიციალური გზამკვლევი ბარმენებისთვი - „How to Mix Drinks, or the Bon-Vivant’s Companion“.  იმასაც ამბობენ, რომ პირველი თოვლის მოსვლამდე, რაც არ უნდა სიცივე ყოფილიყო, ჯერი ტომასი თავის ბარში „ტომის და ჯერის“ არასდიდებით არ ამზადებდა და არავის ასმევდაო... თუმცა, რომელიღაც წყაროში ისიც წავიკითხე, რომ „ტომი და ჯერი“ ბევრად უფრო ადრე და ლონდონში მოიგონეს, სახელი კი ვიღაც ესკვაირი ტომის და მისი მეგობრი ჯერის საპატივცემულოდ უწოდეს...
ასეა თუ ისე, ნამდვილი ამერიკული შობა და თოვლიანი საღამო „ტომის და ჯერის“ გარეშე  წარმოუდგენელია და მოდი, ჩვენც გავსინჯოთ. ეჭვი მეპარება, ქართული ღრეობის და სასმელში გონის დაკარგვამდე ჩაწოლის ტრადიცია ოდესმე რომელიმე კოქტეილმა ჩაანაცვლოს, მაგრამ ეგებ ხანდახან მაინც გავერთოთ შედარებით ფხიზლად, თუმცა აქაც იმდენი ალკოჰოლია (თანაც შემთბარი), რომლით უფრო ადრე შევთვრებით - ღვინით თუ დასპირტული გოგლი-მოლით, ჯერ კიდევ საკითხავია.

Tom and Jerry
4 პორცია
2 მსხვილი კვერცხი, 4 ½ ს/კ შაქარი, 1 ჭ+1 ს/კ იამაიკური რომი, 1 ½ პაკეტი ვანილის შაქარი ან ვანილის ექსტრაქტი, 1 მწიკვი დაფქული დარიჩინი, 1 მწიკვი დაფქული მიხაკი, 1 მწიკვი დაფქული სურნელოვანი პილპილი, 2 2/3 ჭ რძე, 1 ჩ/კ ახალდაფქული ჯავზის კაკალი (მუსკატი)
პატარა ჯამში გავთქვიფოთ კვერცხის გულები, დავუმატოთ 2 ½ ს/კ შაქარი, 1 ს/კ რომი, ვანილი, სანელებლები (ჯავზის კაკლის გარდა) და კიდევ ერთხელ გულდასმით ავთქვიფოთ. გადავდგათ გვერდზე. მიქსერის მეშვეობით საშუალო ზომის ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები. ბეზე ფორმი შენარჩუნებას რომ დაიწყებს ჩავათქვიფოთ შაქარი. ბეზე საბოლოოდ რომ აითქვიფება მიქსერი გამოვრთოთ. კვერცხის გულებს ძალიან ფრთხილად გადავურიოთ ბეზე, დავუმატოთ დარჩენილი რომიც და მოვურიოთ ფრთხილად.
სქელძირიან საშუალო ზომის ქვაბში საშუალო ცეცხლზე წამოვადუღოთ რძე. გადმოვდგათ ცეცხლიდან.  
ჭიქაში ჩავასხათ რამდენიმე (3-4)  სუფრის კოვზი რომიანი გოგლი-მოგლი და ძალიან წვრილ ნაკადად შევავსოთ რძით, თან ვურიოთ, კვერცხი რომ არ მოიხარშოს. თავზე მოვაყაროთ დაფქული ჯავზის კაკალი და ცხლადვე დავლიოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

საახალწლო კოქტეილები შამპანურით

Approved by Gourmet Guide


ახალი წლის მოახლოებასთან ერთად შამპანურის მაქსიმალური ოდენობის მოხმარების სეზონიც დგება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სასმელის დიდი მოყვარული არ ვარ - არის მომენტები, როცა სიატუაციას ჭიქა შამპანურივით არაფერი ამშვენებს და როცა ეს სასმელი მართლაც ენით აუწერელ სიამოვნებას მანიჭებს. თან, რაც მართალია მართალია, შამპანურს თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს და ისე არ უხდება ჩვეულებრივ სადილს ან თუნდაც ტრადიციულ ქეიფს, როგორც რამდენიმე კარატიან ბრილიანტიანი ან წავის ქურქიანი ქალი მარშუტკას. მით უმეტეს, რომ შამპანურით არ თვრებიან, შამპანურს განსაკუთრებულად კარგი განწყობის ხაზგასასმელად სვამენ და რეალურად ის ღვინოზე მეტად სადღესასწაულო ან გამორჩეული საღამოს ან თუნდაც დილის, ერთგვარი ალკოჰოლიანი ფეიერვერკის ექვივალენტი თუ ატრიბუტიკაა.
კიდევ უფრო სადღესასწაულო და ნეტარებისმომგვრელია, შამპანურიანი კოქტეილები, მით უმეტეს, რომ კოქტეილისთვის ნაკლებად სახელოვან და ნაკლებად ძვირფას შუშხუნა ღვინოებს, ანუ ჩვენში რომ იყიდება და იშოვება, ისეთს იყენებენ. თუმცა, ირიოდე მარტივი წესი აქვაც არსებობს: შამპანურიანი კოქტეილი მართლაც დაუვიწყარი რომ გამოვიდეს, ხილი (ასეთის გამოყენების შემთხვევაში), აუცილებლად ახალი და ხარისხიანი უნდა იყოს და კიდევ, მისატანებელი უნდა შევუხამოთ სწორად - ძეხვი ან ხაჭაპური ნამდვილად არ უხდება.



შამპანურის კლასიკური კოქტეილი - Classic Champagne Cocktail
1 ჭიქა
1 შაქრის კუბიკი, რამდენიმე წვეთი ბალზამი „Angostura“, შამპანური, ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭერი მოსართავად
შაქრის კუბიკი დავასველოთ ბალზამში და ჩავაგდოთ შამპანურის ჭიქაში. ჭიქა ავავსოთ შამპანურით. მოვრთოთ ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭრით.





ვაშლის შუშხუნა კოქტეილი - Sparkling Apple Cocktail
1 ჭიქა
30 მლ ვაშლის წვენი, 15 მლ კონიაკი, 15 მლ სიროპი, 4-5 მწვანე ვაშლის პატარა ნაჭერი, 75 მლ შამპანური
კოქტეილის შეიკერში ერთმანეთში გადავურიოთ ვაშლის წვენი, კონიაკი, სიროპი, ყინულის კუბიკები და ვაშლის ნაჭრები. ჩავასხათათ ჭიქაში და დავუმატოთ შამპანური.






სირინოზის სიმღერა - Siren’s Song
1 ჭიქა
75 მლ შამპანური, 25 მლ ელი, 15 მლ ჟოლოს პიურე, 15 მლ ჟოლოს ლიქიორი
ყველა ინგრედიენტი და ყინულის კუბიკები მოვათავსოთ შეიკერში და ვანჯღრიოთ დაახლოებით 5-10 წამი. ჩავასხათ ჭიქაში.







შუშხუნა ლიმონჩელო - Limoncello Sparkle
1 ჭიქა
30 მლ ლიქიორი ლიმონჩელო (იტალიური ლიმონის ლიქიორი0, 15 მლ ლიქიორი „კვანტრო“, შამპანური, ლიმონის კანის ბურბუშელა მოსართავად
ლიმონჩელო, კვანტრო და ყინულის კუბიკები ავრუოთ შეიკერში. ჩავასხათ შამპანურის ჭიქაში, ჭიქა ბოლომდე შევავსოთ შამპანურით და მოვრთოთ ლიმონი კანის ბურბუშელით.



ვარდისფერი ბელინი ლიმონით - Lemon Rosé Bellini
1 პორცია
1 სავსე კოვზი ლიმონის შერბეთი შემდნარი, 15 მლ ლიმონის არაყი, 75 მლ ვარდისფერი შამპანური, 2-3 ჟოლო მოსართავად
ლიმონის შერბეთი, ლიმონის არაყი და ყინული კარგად ავთქვიფოთ კოქტეილის შეიკერში. მერე დავასხათ შამპანური და მოვურიოთ. ჩავასხათ ჩაცივებულ შამპანურის ჭიქაში და ჩავაგდოთ ჟოლოები.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ჰუბერტ კელერის შვარცვალდის ალუბლის ტორტი

Approved by Gourmet Guide


ამ ჩემი უსაყვარლესი ტორტის ახალი და ახალი ვერსიების ცხობა, გასინჯვა და მერე პოსტვა არასდროს მომწყინდება:

ჰუბერტ კელერის შვარცვალდის ალუბლის ტორტი
ბისკვიტისთვის: 3 ს/კ კარაქი გამდნარი და გაგრილებული, ½ ჭ ფქვილი, ¼ ჭ კაკაო, მწიკვი მარილი, 6 მსხვილი კვერცხი ოთახის ტემპერატურის, ¾ ჭ შაქრის პუდრა ან ძალიან წვრილი შაქარი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
დასანამად: ½ ჭ შაქარი, 30 მლ კირში (ალუბლის შნაპსი)
მოსართავად: 4 ჭ ცხიმიანი ნაღები, 1 ჭ შაქრის პუდრა, 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 2 ჭ დასპირტული ალუბალი გადაწურული, 8 ცალი ცოცხალი ალუბალი ყუნწით (საურველია), დაახლოებით 100 გრ 60%-იანი შავი შოკოლადის მთლიანი ფილა, დაახლოებით ½ ჭ წვრილად გახეხილი 60%-იანი შავი შოკოლადი, შაქრის პუდრა მოსაფრქვევად
ბისკვიტისთვის: გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე. 25 სმ დიამეტრის მრგვალი საცხობი ფორმა დავცხიმოთ, მოვაყარო ფქვილი და დავფერთხოთ. კაკაო, ფქვილი და მარილი ერთმანეთში გადავურიოთ. მიქსერით, ყველაზე მაღალ სიჩქარეზე ავთქვიფოთ კვერცხები, შაქარი და ვანილი. ვთქვიფოთ სანამ მასა ზომაში ორჯერ არ გაიზრდება და გაღიავდება, დაახლოებით 8 წუთი. მიქსერის სიჩქარეს დავუწიოთ და ნელ-ნელა ჩავათქვიფოთ ფქვილის და კაკაოს ნარევი. მიქსერი გამოვრთოთ და ცომში ჩავასხათ გამდნარი კარაქი და ფრთხილად გადავურიოთ ხის კოვზით ან ნიჩბით. ცომი ჩავასხათ საცხობ ფორმაში და შევდგათ ღუმელის შუა თაროზე 40 წუთით. მზა ბისკვიტი გამოვიღოთ ღუმელიდან და 5 წუთი ფორმაშივე გავაჩეროთ. მერე გადმოვაბრუნოთ და ბისკვიტი თავდაყირა გადმოვიტანოთ ლანგარზე (ასე ამობურცული თავი გაუსწორდება). გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
დასანამად პატარა სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ შაქარი და ½ ჭ წყალი, შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და ვადუღოთ სანამ შაქარი არ გადნება, თან ვურიოთ. დავუმატოთ კირში და გადმოვდგათ ცეცხლიდან. სიროპი გადავასხათ ჭიქაში ან ფიალაში და გადავდგათ გვერდზე.
კრემისთვის ფართო ჯამში ავთქვიფოთ ნაღები, შაქარი და ვანილი, სანამ ნაღები ფორმის შენარჩუნებას რა დაიწყებს (გაითვალისწინეთ: ნაღები ზედმეტ თქვეფას ვერ იტანს - კარაქად იქცევა. ამიტომ გამაგრდება თუ არა, თქვეფას შეეშვით). კრემი ოთხ თანაბარ პორციად გავყოთ და გვერდზე გადავდგათ.  გადაწურული და შემშრალი ალუბლებიც გავყოთ ორად. ცოცხალი ალუბლები თუ არ გვაქვს 8 ან 12 ცალი კრაჭუნა ალუბალი შევინახოთ მოსართავად.
გაგრილებული ბისკვიტი ამოვატრიალოთ (თუ გახსოვთ, თავდაყირა გავაგრილეთ), ფრთხილად ავათალოთ თავზე გაკეთებული ქერქი და გამაგრებული კიდეები. გავჭრათ სამ თანაბარ ფენად. 1 ფენა გადავიტანოთ ლანგარზე, დავნამოთ, გადავუსვათ კრემის 1/4, ზევიდან დავალაგოთ ალუბლების ნახევარი. დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ფენა, ხელით ოდნავ დავაწვეთ, დავნამოთ, წავუსვათ კრემის მეორე მეოთხედი და დარჩენილი ალუბლები მოვაყაროთ. ბოლოს, დავაფარით ბისკვიტის ბოლო ფენა, დავაწვეთ, დავნამოთ და გადავუვათ ათქვეფილი ნაღების მესამე მეოთხედი. დარჩენილი კრემის ნაწილი სქლად წავუსვათ გვერდებზე, გახეხილი შოკოლადი ჩავიყაროთ პეშვშვი და ტორტ გვერდებზე შევაყაროთ.  შოკოლადის ფილიდან ბასრი დანით ავთალოთ ბურბუშელები და დავყაროთ ტორტის ზედაპირზე. მორჩენილი კრემი მოვათავსოთ საკონდიტრო ტომსიკაში და ტომსიკის ვარსკვლავიანი თავით ტორტის კიდის გაყოლებაზე დავსვათ მსხვილი როზეტები - 8 ან 12 ცალი. როზეტებში ჩავსვათ ცოცხალი ან დასპირტული ალუბლები. შევდგათ მაცივარში მინიმუმ 4 საათით. ჭამის წინ მოვაფქრვიოთ შაქრის პუდრა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ყველაზე, ყველაზე საშობაო სასმელი, რომელსაც ქართველები საერთოდ არ ვსვამთ

Approved by Gourmet Guide


არა, არც მთლად ისეა, საქმე რომ გაგონილიც არ გქვონდეს, მაგრამ უცხოელების ასე საყვარელ და ასე საშობაო „ეგ-ნოგს“ ანუ ჩვენებურად „გოგლი-მოგლს“ ჩვენ არ ვსვამთ - ვჭამთ და ისიც რატომღაც მარტო ბავშვობაში. მერე კი მის არსებობას, საკუთარი შვილის ან შვილიშვილის შეძენამდე სამუდამოდ ვივიწყებთ.
უცხოელები კი, მთელი საშობაო სამზადისის, შოფინგის, ფუსფუსისა და რია-რიისთვის ჯილდოდ საკუთარ თავს ნაზი, ტკბილი და ალკოჰოლიანი გოგლი-მოგლით ასაჩუქრებენ. თავად დასალევი გოგლი-მოგლის წარმოშობის ისტორიას დიდ ბრიტანეთში, დედოფალი ელისაბედის ეპოქამდე მივყავართ - იმ პერიოდის წიგნებში, მართალია სხვა სახელით, მაგრამ ვისკის, რომის, კონიაკისა და ბრენდის ეგ-ნოგის არაერთი რეცეპტია შემონახული, რომლებსაც ხანდახან შაქრის ნაცვლად გოგრის ჩირითაც კი ატკბობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ „ეგ-ნოგის“ სახელის წარმოშობის ეტიმოლოგიას სპეციალისტები „Egg and Grog“-ის („კვერცხი და გროგი“) შემოკლებაში ხედავენ, ეს უგემრიელესი კოქტეილი მიუხედავად ალკოჰოლს შსოლიდური დოზისა, იმდენად კარგ ხასიათზე აყენებს ყველას, რომ კონკრეტულად საშობაო-საოჯახო სასმელად ითვლება და მას მხოლოდ სახლში ან მეგობრების ვიწრო წრეში სვამენ.

საშობაო გოგლი-მოგლი
დაახლოებით 20 პორცია
6 მსხვილი კვერცხი, ¾ ჭ შაქარი, 3 პაკეტი ვანილის შაქარი, 1 ლ ნაკლებად ცხიმიანი ნაღები, 1 ჭ ბრენდი, 2 ჭ ბურბონი ან მუქი რომი, 1 ჩ/კ ახალგახეხილი ჯავზის კაკალი (მუსკატი)
კვერცხის გულები და შაქარი ვთქვიფოთ გათეთრებამდე. შაქარი ბოლომდე რომ გადნება დავუმატოთ ვანილის შაქარი, ნაღები და ალკოჰოლი. შვდგათ მაცივარში ჩასაცივებლად მინიმუმ 3 საათით.  დალევის წინ, კვერცხის ცილებისგან ავთქვიფოთ ბეზე და ფრთხილად გადავურიოთ გოგლი-მოგლში. ჩავასხათ სახელურიან პუნშის ჭიქებში და ზევიდან თითო მწიკვი გახეხილი ჯავზის კაკალი მოვაყაროთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

სანტა კლაუსის პური

Approved by Gourmet Guide


სანტა კლაუსის პური
1 ბატონისთვის: 250 გრ ლეღვის ჩირი, 250 გრ შავი ქლიავის ჩირი, 175 გრ დაკურკული ფინიკები, 125 გრ ყვითელი ქიშმიში, 125 გრ მუქი ქიშმიში, 250 მლ ხილის შნაპსი, 125 მლ რძე, 60 გრ საფუარი, 500 გრ ფქვილი, 75 გრ შაქარი, 1 ლიმონის გახეხილი  ცედრა, 125 გრ კარაქი, 2 კვერცხი, ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 1 მწიკვი მარილი, 1 მწიკვი დაფქული მიხაკი, 1 მწიკვი დაფქული იამაიკური პილპილი, 1 მწიკვი დაფქული ილი, 1 მწიკვი ანისულას თესლი, 1 კვერცხის გული, 50 გრ გაფცქვნილი ნუში
ლეღვის ჩირი, შავი ქლიავის ჩირი და ფინიკები დავჭრათ ქიმიშის ზომის კუბიკებად, გადავურიოთ ქიშმიშები, დავასხათ შნაპსი, თავზე დავახუროთ და დავტოვოთ მთელი ღამით. მეორე დღეს ფართო ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება. ამ ჩაღრმავებაში ჩავყაროთ საფუარი და დავუმატოთ 1 ს/კ შაქარი, დავასხათ თბილი რძე და ცოტა ფქვილიც გადავურიოთ. დავაფაროთ ჩაის ტილო და თბილ ადილას გავაჩეროთ 15-20 წუთი. აფუარიანი რძე ბუშტუკებს რომ გაიკეთებს მოვზილოთ ცომი და თან დავუმატოთ დარჩენილი შაქარი, კვერცხები, კუბიკებად დაჭრილი კარაქი, სანელებლები, მარილი და მიქსერით ან ხელით მოვზილოთ ცომი. ვზილოთ და ვაბურთაოთ, სანამ ცომი ბუშტებს არ გაიკეთებს და ჯამის კედლებიდან მოშორებას არ დაიწყებს. ისევ დავაფაროთ ტილო და 1 საათით დავივიწყოთ. ცომის 1/3 ცალკე ჯამში გადავიტანოთ ან გავახვიოთ ცელოფანში. დარჩენილ ცომს კი დავუმატოთ შნაპსში დამბალი ხილი და კიდევ ერთხელ კარგად მოვზილოთ. დავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 30 წუთი. საცხობ ფირფიტას წავუსვათ ცხიმი ან დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. გადანახული ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ ისე, რომ 30 სმ X30 სმ-ზე კვადრატი გამოგვივიდეს. ხილიან ცომს პურის ბატონის ფორმა მივცეთ და გაბრტყელებულ ცომში გავახვიოთ. პური გადავიტანოთ საცხობ ფირფიტაზე ცომის კიდეები შეწებების ადგილით ქვევით. გავაჩეროთ 30 წუთი. ამასობაში ღუმელი გავახუროთ 200°C-მდე. ავთქვიფოთ კვერცხიხ გული 1 ს/კ თბილ წყალთან ერთად და გადავუსვათ ცომის ბატონს. ზემოდან მოვრთოთ ნუშის ლებნებით. ვაცხოთ ღუმელის ყველაზე ქვედა დონეზე 60-70 წუთის განმავლობაში. გამოვიღოთ და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. გავახვიოთ ალუმინის ფოლგის ნაჭერში და ... 1 კვირით შევინახო. მერე ვჭამოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მარციპანის ნაზუქი - გერმანული საშობაო ნამცხვარი

Approved by Gourmet Guide


Marzipan stolen
600 გრ ფქვილი (ყველა პროდუქტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის ან თბილი), 40 გრ საფუარი, დაახლოებით 250 მლ თბილი რძე, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 125 გრ შაქარი, 1 კვერცხი, 2 კვერცხის გული, 250 გრ დარბილებული კარაქი, ¼  ჩ/კ მარილი, 1 ლიმონის გახეხილი ცედრა, თითო მწიკვი დაფქული მიხაკი, ჯავზის კაკალი (მუსკატი) და ილი, 2-3 წვეთი მწარე ნუშის ესენცია, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 100 გრ მუქი ქიშმიში, 100 გრ მსხვილი ყვითელი ქიშმიში, 50 გრ ლიმონის ცუკატები, 50 გრ ფორთოხლის ცუკატები, 200 გრ მსხვილად დაჭრილი ნუში, 250 გრ მზა მარციპანის მასა, 3 ს/კ ალუბლის ლიქიორი, 125 გრ შაქრის პუდრა
50 გრ კარაქი ნაზუქზე გადასასმელად, 2 პაკეტი ვანილის შაქარი და 100 გრ შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად
დიდი ზომის ჯამში ჩავაცრათ ქფვილი, შუაგულში გავუკეთოთ ჩაღრმავება. ამ ჩაღრმავებაში ჩავყაროთ საფუარი, დავაყაროთ 1 კოვზი შაქარი, დავასხათ რძე და ცოტა ფქვილიც გადავურიოთ. დავდგათ თბილ ადგილას 10-15 წუთით. მერე დავუმატოთ დარჩენილი შაქარი, ვანილი, კვერცხი, კვერცხის გულები, მარილი და დარჩენილ ფქვილს შევაზილოთ. პატარა-პატარა პორციებად შევაზილოთ კარაქიც. მერე გადავურიოთ ლიმონის ცედრა, სანელებლები, ესენციები და მოვზილოთ ერთგვაროვანი მასა. ცომი ვზილოთ, სანამ ბუშტუკებს არ გაიკეთებს და ჯამის კედლებ არ მოშორდება. გადავაფაროთ ჩაის ტილო და კიდევ 25-30 წუთი გავაჩეროთ თბილ ადგილას. ზომაში ორჯერ უნდა გაიზარდოს.
სანამ ცომი ამოდის, ქიშმიშები, ცუკატები და ნუში ერთმანეთში გადავურიოთ. მოვაყაროთ ცოტა ფქვილი და კარგად მოვურიოთ (ქიშმიში და ცუკატები ფქვილში უნდა ამოიგანგლოს). მარციპანი მასა დავფშვნათ, დავუმატოთ ლიქიორი და შაქრის პუდრა და კარგად მოვზილოთ. მერე ძეხვის ფორმაზე დავაგორგოლაოთ.
ამოსული ცომი კარგად მოვზილოთ და დავუმატოთ ქიშმიში, ცუკატები და ნუში. დაფაზე ფქვილი მოვაყაროთ და ცომი გავაბრტყელოთ სადღაც 1,5 სმ-ი სისქის არასწორი ოვალის ფორმაზე. ცომს შუაში სიგრძეზე გავუკეთოთ ჩაღრმავება და ამ ჩაღრმავებულში მოვათავსოთ მარციპანის ძეხვი (ძეხვის სიგრძე ცომის გრძელ მხარეზე ოდნავ მოკლე უნდა იყოს). ცომის  ჯერ ერთი მხრიდან გადავკეცოთ და მარციპანის „ძეხვს“ გადავაფაროთ, მერე მეორე მხარეც გადმოვკეცოთ, ისე რომ მარციპანი ცომში გახვეული აღმოჩნდეს. ნაზუქის თავს და ბოლოს ხელის გულით დავაწეთ და „ჩავკეტოთ“. გამზადებული ნაზუქი ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე გადავიტანოთ ნაკეცითქვევით და კიდევ 20-30 წუთი გავაჩეროთ.
ამასობაში ღუმელი გავახუროთ 175°C-მდე. შევდგათ ნაზუქი და ვაცხოთ დაახლოებით 1 საათის  განმავლობაში, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება.
გამომცხვარ ნაზუქს ცხლადვე გადავუსვათ გამდნარი კარაქი, რომ გაცივდება, ხვავიანად მოვაყაროთ ვანილიან შაქარგარეული შაქრის პუდრა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

იღბლის მომტანი საახალწლო მენიუ

Approved by Gourmet Guide


ეტყობა რაღაც გენეტიკის დონეზეა ჩადებული - ახალი წლის დადგომასთან ერთად მორწმუნეც და ცრუმორწმუნეც, მეოცნებეც და პრაგმატიკოსოც, ოპტიმისტიც და პესიმისტიც ერთნაირად ელის ან ემზადება უფრო უკეთესი, წარმატებული და იღბლიანი ცხოვრებისთვის. ახალი წელიც ერთგვარი მომდევნო „ორშაბათივითაა“, რომლის მერეც იწყებ დიეტას, ვარჯიშს ან თავს ანებებ სიგარეტის მოწევას. ოღონდ, იმ ყბადაღებული ორშაბათისგან განსხვავებით, როცა საკუთარ კეთილდღეობაზე თავად უნდა იზრუნო (უარი თქვა ტკბილეულზე, იარო სპორტულ დარბაზში ან ფრჩხილები დაიკვნიტო მორიგი სიგარეტის ნაცვლად), ახალმა წელმა სიახლე და უკეთესობა ჩვენი შრომის გარეშე, თვითონ უნდა მოგვიტანოს. რითიც გარკვეულწილად ჯადოსნურ და მითიურ ელფერს იძენს.
პირდაპირ გეტყვით, ზღაპრების და ჯადოსნობის არ მჯერა და გულწრფელად მწამს, რომ ყველა ადამიანმა თავის თავს უნდა უშველოს თვითონ, მაგრამ პატარა და უწყინარ სასწაულზე უარს არასოდეს არ ვამბობ - კარგი რამე თავისით თუ მოხდა, აბა, რა არის ამაში ცუდი? ერთხელ მეგობარმა მასწავლა: ზღვაზე ზღვის ჩასვლის დროს, მზე ზღვის ზედაპირს შეეხება თუ არა, კენჭი უნდა აიღო, მუჭში მოიმწყვდიო და სურვილი ჩიფიქრო, თან ხმას ნუ ამოიღებ, მზეს თვალს ნუ მოაშორებ და როგორც კი მზე ბოლომდე ჩაიძირება ზღვაში, კენჭი წყალში გადააგდე და სურვილი აუცილებლად აგისრულდებაო. უნდა გითხრათ, საკმაოდ ძნელია მზის ასეთ მომენტში გამოჭერა - როგორც წესი ჰორიზონტზე გაჭიმული ღუბლები ეფარება და სულ ორიოდეჯერ მოვახერხე ზემოთ მოყოლილის განხორციელება... უკვე გითხარით, რომ სასწაულის არ მჯერა, მაგრამ თუ მართალია ხომ კარგი და თუ არა - განა რა გავაფუჭე ამით? მით უმეტეს, რომ მზე წყალში სულ რაღაც 31 თუ 37 წამში იმალება. 
ასეთ დროს ერთი საბჭოთა ანეკდოტი მახსენდება ხოლმე ვოვაჩკაზე: ათეისტი მასწავლებელი  დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ასწავლის, რომ ღმერთი არ არებობს და მოუწოდებს: - აბა, ბავშვებო, მოვუქნიოთ ღმერთს მუშტი და დავუძახოთ „არ არსებობ, არ არსებობ“! ვოვაჩკა, რატომ არ იქნევ მუშტს და რატომ არ უძახი ღმერთს რომ არ არებობს? - მასწავლებელო, თუ არ არებობს, მუშტი რატომ ვუქნიო და თუ არსებობს, რატომ ვაწყენინო...
ერთი სიტყვით, ჩემგან თუ არაფერი მიდის, რატომ არ დავიცვა მარტივი „უსაფრთხოების“ ან იღბლის მოსაზიდი წესები? და, რადგან წესებზე ჩამოვარდა საუბარი, ახალი წელი ახალ წლად, მაგრამ ეს წესები იმასაც ამბობენ, რომ ახალი წლის იღბალსაც მოზიდვა უნდა და ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება საახალწლო სუფრაა. ოჯახში კეთილდღეობის და ბარაქის შემოსატყუებლად ყველა ხალხი თავის კუთხურ ტრადიციებს მიმართავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებობს მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღები და უკვე კარგად ნაცად-გამოცდილ-აპრობირებული პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც ახალი წლი სუფრაზე უნდა იყოს ან არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. მაშ ასე:

ყურძენი
ესპანურენოვან ქვეყნებში საათის რეკვასთან ერთად 12 მარცვალი ყურძნის ყლაპვის ტრადიცია 1909 წელს ალიკანტელი მეღვინეების ხელდასმით ჩამოყალიბდა და მალე თითქმის მთელ მსოფლიოს მოედო. ამ ქმედების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თითო ზარის რეკვა და თითო გადაყლაპული მარცვალი წელიწადის თითო თვეს განასახიერებს და შესაბამისად - ტკბილი ყურძენი - წარმატებული თვეა, მჟავე - ჩაფლავებული. ზოგან ეს ჩვეულება განავრცეს და ყოველ მარცვალზე თითო სურვილს იფიქრებენ - რაც მერწმუნეთ მარტივი საქმე სულ არ არის: ჯერ ერთი, შპარგალკის გარეშე არაფერი ამოგივათ, 12 სურვილის ზედმიწევნით დამახსოვრება და საათის თითო ჩამოკვრაზე თანმიმდევრულად და უშეცდომოდ გამეორება სულ არ არის იოლი და თან გააჩნია სად ხართ. სანამ სხვები ერთმანეთს ულოცავენ და ეხვევიან, თქვენ ჭიქით ხელში დგახართ და ყურძნის მარცვლებს თვალებდაჭყეტილი და კონცენტრირებული ყლაპავთ... ერთი სიტყვით, ყველაფერს აჯობებს, უბრალოდ სუფრაზე გამოტანილი ყურძნით შემოვიფარგლოთ.

მოთუშული მწვანე ფერის ბოსტნეული
მოთუშული ისპანახის, ფოთლოვანი კომბოსტოს, ბრიუსელის კომბოსტოს, მწვანე ლობიოს ან ნებისმიერი სხვა მწვანე ფერის ბოსტნეულის (პრასს არ გირჩევთ, რაც არ უნდა იყოს მაინც ხახვის ჯიშისაა) კერძები ძალიან ბევრ ქვეყანაში დაპაჩკული დოლარების სიმბოლოდ ითვლება და შესაბამისად ეკონომიკურ ზრდა და ბარაქას განაახიერებს.

ლობიო, ბარდა, მუხუდო და მსგავსნი მისნი
ლობიო, მუხუდო, ბარდა, ოსპი და მსგავსი პარკოსანი თუ მარცვლეული მცენარეები თურმე ფულის სიმბოლოა. მათი პატარა და წვრილი მარცვლები მონეტებს განასახიერეს და რაც უფრო წვრილი და მეტია მარცვალი,  მით უფრო მეტი იქნება თქვენი ოჯახის ფინანსური წარმატება. მოხარშული და მომზადებული ლიბიო კი იტალიელებს და გერმანელებს თუ ვენდოით, საერთოდ ფინანსურ ჯილდოს განასახიერებს.  ამ მხრივ ევროპელები განსაკუთრებულად მწვანე ოსპს წყალობენ, იაპონლები კი ბრინჯიან კერძებს. 

ღორის ხორცი
ახალ წელს ღორის ხორცის ჭამის ტრადიცია, გაგიკვირდებათ, მაგრამ ღორის პროგრესულობათან და მის ურყევ წინსვლის სურვილთანაა დაკავშირებული. მოგეხენებათ, რაც არ უნდა მოხდეს, ღორი არასდროს იხევს უკან და ყოველთვის პირდაპირ მიდის. ყველა გამოცდილმა მძღოლმა, იცის: წინ თუ ღორი გადარბის, რაც არ უნდა უსიგნალოს, იკივლოს და იწივლოს, ღორი გზა გააგრძელებს და არასდიდებით არ დაიხევს უკან. ავსტრიელები საახალწლო სუფრას მარციპანისგან გამოძერწლილი ღორის პაწაწინა ფიგურებითაც კი რთავენ. იტალიელები და ამერიკელები კი ღორს წინსვლათან ერთად წარმატებისა და ბარაქის მომტანადაც თვლიან.

თევზი
თევზს ყველა დროის და ეპოქის საახალწლო სუფრაზე ეკავა ადგილი. ამ დღეს ვირთევზას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მიირთმევდნენ. თევზის წვეულებებზე მოხვედრას მარხვის დრო ხორცის წინააღმდეგ მებრძოლი ეკლესიაც უწყობდა ხელს. ვირთევზას საყოველთაო პოპულარულობას კი მისი ერთი თვისება განაპირობებდა: უმაცივრობისა და სწრაფი ტრანსპორტის არარებობის ეპოქაში იგი ლამის ერთადერთი თევზი იყო, რომელიც უპრობლემოდ გადაჰქონდათ ხმელთაშუა ზღვიდან აფრიკამდე, იქიდან კი კარიბის ზღვამდე. ასე, რომ ვირთევზა, ქაშაყი და კობრი შემწვარ, მოხარშულ თუ შებოლილ მდგომარეობაში ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის და ამერიკული საახალწლო სუფრის განუყოფელ კომპონენტად იქცა. უფრო მეტიც, გერმანიის ზოგიერთ რეგიონში თევზის ქერცლებს საფულითაც ატარებენ - ამბობენ, იღბალი მოაქვსო. იაპონიაშ უმი ქაშაყი ბარაქის და ნაყოფიერების სიმბოლოა, კრევეტი - დღეგრძელობის, სარდინის ტარანი კი კარგი შემოსავლის და მოსავლის.

ნამცხვრები და მისთანანი
ახალი წლის სუფრაზე რომ ტკბილი უნდა ვჭამოთ და პირველი გოზინაყი ჩავკბიჩოთ, ამაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ. მოგეხსენებათ, ახალ წელს როგორც შევხვდებით, მთელ წელს ისე გავატარებთ.
ჩვენი გოზინაყის ალტერნატივად იტალიელები თაფლმოსხმულ და შაქრის პუდრამოყრილ პასტის ცომის ბურთებს, Chiacchiere-ს აცხობენ; პოლონელები, უნგრელები და ჰოლანდიელები პონჩიკებს მიირთმევენ; ძალიან ბევრგან საახალწლო ნამცხვარში მონეტას მალავენ და ვინც იპოვის იმას ბედნიერი წელი ექნება; მექსიკელები Mexico’s rosce de reyes - მრგვალი ფორმის ნამცხვარს ერთს კი არა, რამდენიმე სიურპრიზს აყოლებენ ცომში; საბერძნეთში მონეტაჩაყოლებულ vasilopita-ს შუაღამის მერე ჭრიან, პირველ ნაჭერს წმინდა ბასილს უძღვნიან, მერე კი ნამცხვარს ასაკის მიხედვით, უფროსიდან უმცროსამდე ურიგებენ სტუმრებს; შვედები და ნორვეგიელები საახალწლო ბრინჯი პუდინგში ნუშის ლებანს აგდებენ - ვისაც შეხვდება გარანტირებული წარმატება ელის; მოკლედ, არჩევანი დიდია.

ახლა მთავარი:
რა არ უნდა ვჭამოთ ახალ წელს
კიბორჩხალა - იმიტომ რომ უკან-უკან მოძრაობს; ქათამი - იმიტომ რომ მიწას ფეხებით უკან ფორჩხნის, ეს ყველაფერი კი წარსულზე სინანულ უკავშირდება. კიდევ ერთი თეორია ფრთოსნების ჭამას საერთოდ კრძალავს - იღბალი რომ არ გაფრინდეს.
გარდა იმსა, რომ რაღაცის ჭამა აუცილებელი და რაღაცა არ იჭმევა, ჭამასაც თავისი წესები აქვს: გერმანელები საახალწლო სუფრაზე რასაც კი ჭამენ, ყველა კერძის თითო ლუკმას ტოვებენ თეფშზე მომავალი წლის ბარაქის და სისავსის გარანტიისთვის; ფილიპინელები კი მაგიდას ჩვენსავით 12 საათისთვის აწყობენ.
ერთი სიტყვით, არჩევანი მართლაცდიდია, ახლა ყველაფერი მხოლოდ თქვენზე და თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი