5 ყველაზე მაცდური კოქტეილი

Approved by Mary Poppins


ინტერნეტჟურნალმა „ეპიკურიუსმა“ 5 ყველაზე მაცდური ანუ სექსუალური კოქტეილის სია გამოაქვეყნა. საახალწლო და საერთოდ, სადღესასწაულო პერიოდში კი რა უნდა იყოს ფერად, სურნელოვან და ლამაზად გაფორმებულ კოქტეილზე უფრო საზეიმო და მომენტისთვი შესაფერისი? ასე, რომ გადავწყივიტე, მათი კვლევა-გამოძიების შედეგები თქვენთვის გამეზიარებინა. მაგრამ სანამ საქმეზე გადავალთ, კიდევ ერთი რჩევა: მადის და გრძნობის აღმძვრელი კოქტეილების მომზადებისას სამი რამ უნდა გავითვალისწინოთ. 1. კოქტეილი ლამაზად და მიმზიდველად უნდა გამოიყურებოდეს; 2. მისი ინგრედიენტები სურნელით ან გემოთი შინაგანად უნდა გვაფორიაქებდეს; 3. და ბოლოს, ასეთ კოქტეილს სახელიც შესაბამისად დამაინტრიგებელი უნდა ქონდეს.

Amaretto-Cranberry Kiss
არყის და შტოშის კოქტეილის ყველაზე ცნობილი ვარიანტი „კოსმო“ გახლავთ, მაგრამ ამჯერად კოქტეილში დამატებული ფორთოხლის წვენი შტოშის სიმჟავეს ანეიტრალებს, ლიქიორი „ამარეტო“ კი ნუშის მოტკბო გემოს აძლევს და კიდევ უფრო მეტ გრადუსს უმატებს.
8 პორციისთვის
2 ჭ (1 ჭ = 200 მლ) შტოშის წვენი, 1 ჭ არაყი, ½ ჭ „ამარეტო“, 3 ს/კ ახალდაწურული ფორთოხლის წვენი, ყინულის კუბიკები, მანდარინი ლებნები ჭიქების მოსართავად
შტოშის წვენი, არაყი, „ამარეტო“ და ფორთოხლი წვენი ავურიოთ ერთმანეთში. ჭურჭელს თავზე ჰერმეტულად დავაფაროთ და ჩავაცივოთ (1 დღით ადრე მომზადებაც შეიძლება). დალევის წინ ჭიქები მოვრთოთ მანდარინის ლებნებით. გამზადებული კოქტეილი შეიკერში კარგად ავაჭანჭყაროთ ყინულის კუბიკებთან ერთად, მერე დავასხათ და დავლიოთ.

Bitter Crush
ამ სასმელის საფუძველს ფორთოხლის იტალიური აპერეტივი „აპეროლი“ წარმოადგენს, რაც კოქტეილს ოდნავ მომწარო გემოს უმატებს. მისი სიმწარის დარეგულირება სიტკბოს დამატებით ან გაზავებით თავად შეგიძლიათ საკუთარი გემოვნების მიხედვით. იდეალურია ჭამის წინ მადის გასაღვიძებლად.
1 პორცია
დაჩეჩქვილი ყინული, 60 მლ „აპეროლი“, 45 მლ თეთრი რომი, 1 ს/კ ახალდაწურული ლიმონის წვენი, 1 ს/კ ფორთოხლის ბალზამი, ½ - 1 ს/კ შაქარი, ლიმონის ნაჭერი მისაყოლებლად
250 მლ-იანი ჭიქა გავავსოთ დაჩეჩქვილი ყინულით. დანარჩენი ინგრედიენტები ერთმანეთში გადავურიოთ და ვურიოთ სანამ შაქარი არ გადნება, ჩავასხათ ყინულიან ჭიქაში.

Fever
წითელი ღვინის და „მარტინის“ ამ გამჭვირვალე, ვარდიფერ კოქტეილს სხვებთან შედარებით,  სადა და არაკოქტეილური შესახედაობით გამოარჩევთ, მაგრამ  ნამდვლი ციებ-ცხელებას სწორედ მისი ეგზოტიკური გემო და არომატი წივევს.
2 პორცია
75 მლ ჯინი, 30 მლ მშრალი ვერმუტი, 1 ს/კ ღვინო „Dubonnet Rouge, ½ ჩ/კ „ანისეტი“ ან ნებისმიერი ლიქიორი ანისულას არომატით
 შეიკერი ნახევრამდე ავავსოთ ყინულით, მერე დავუმატოთ კოქტეილის ინგრედიენტები და კარგად გავთქვიფოთ. დავასხათ ჩაციებულ მარტინის ჭიქებში.

The New Bee’s Knees
ამ კოქტეილს დაახლოებით ასე ახასიათებენ: „პეპელასავით ნაზი და ფუტკრის ნაკბენივით მწარე“. ლავანდის წყალობით, ყვავილების არომატი პირდაპირ ტვინში ადის, ლიმონი და თაფლის სიტკბო გვაბრუებს, ჯინი კი საკმაოდ სწრაფად გვათრობს.
2 პორცია
¼ ჭ ცხელი წყალი, 1 ჩ/კ ხმელი ლავანდის ყვავილები, ¼ ჭ თაფლი, 6 ს/კ ჯინი, 2 ს/კ ლიმონის წვენი
მდუღარე წყალი დავასხათ ლავანდის ყვავილებ და გავჩეროთ 5 წუთი. დავუმატოთ თაფლი. გადავწუროთ. დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და ყინულის კუბიკებთან ერთად ავთქვიფოთ შეიკერში. ჩავასხათ ჩაცივებულ მარტინის ჭიქებში. მოვრთოთ ლავანდის ტოტებით.

Blood Orange French 75
შამპანურიან კოქტეილებს განსაკუთრებული შემთხვევების დროს სვამენ. ეს კი, კლასიკური „French 75“-ის სახეცვლილი ვარიანტი გახლავთ.
12 პორცია
3 ცალი წითელი ფორთოხალი, 1 ½ ჭ ჯინი, 2 ს/კ შაქარი, ½ ჩ/კ ბალზამი „ანგოსტურა“, 2 750 მლ-იანი ბოთლი შამპანური
1 ფორთოხალი გავჭრათ შუაზე. მერე ორივე ნახევარი გავჭრათ 6-6 თანაბარ ნაწილად. დარჩენილი 2 ფორთოხალი გაფცქვნათ და რბილობს თეთრი აპკი მთლიანად გავაცალოთ, დავჭრათ. დაჭრილი ფორთოხალი მოვათავსოთ ჯამში და დავჭყლიტოთ ხის კოვზით ან კარტოფილის პიურეს საჭყლეტით. გადავურიოთ ჯინი, შაქარი და ბალზამი. გადავიტანოთ ჭიქაში და რაიმე სიმძიმე დავადოთ რომ კიდევ უკეთესად გამოუშვას წვენი და ჩავაცივოთ 4 საათით. ავიღოთ 12 ჭიქა და ჩავასხათ თითოში 2-2 ჩ/კ ჯინის და ფორთოხლის მიქსტურა. შევავსოთ შამპანურით და მოვრთოთ გადანახული ფორთოხლის ნაჭრებით.

საუკეთსო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment