„ტომი და ჯერი“

Approved by Mary Poppins


ყოველ წელს, ზამთრის სუსხი დადგება თუ არა, (განსაკუთრებულად შობის წინა პერიოდში) ამერიკული ოჯახების უმრავლესობა მათთვის ასე საყვარელი სასმელის „გოგლი-მოგლის“ ცხელს ვერსიას ამზადებს და ახლო მეგობრების წრეში გემრიელად მიირთმევს. „ტომი და ჯერი“, (ასე ქვია ამ სასმელს) იმდენად პოპულარულია, რომ მისთვის საგანგებო ჭურჭელსაც კი უშვებენ - ფაიფურის თუ მინის პორციულ ჭიქებსა და რამდენიმე ადამიანზე გათვლილ თასებს ერთნაირად ამშვენებს ყველასათვის საყვარელი წარწერა „ტომი და ჯერი“. და, რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ, ამ საოჯახო და დიდებისთვის და ბავშვებისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი კოქტეილის „სათაურს“ არანაირი კავშირი არ აქვს მასავით პოპულარულ სეხნიებთან - მულტსერიალის გმირებთან.
საქმე იმაშია, რომ „ტომი და ჯერის“ ავტორობას ამერიკის პირველ სახელგანთქმულ ბარმენს, ჯერი ტომასს მიაწერენ, ადამიანს რომელმაც ჯერ კიდევ 1862 წელს გამოსცა პირველი ოფიციალური გზამკვლევი ბარმენებისთვი - „How to Mix Drinks, or the Bon-Vivant’s Companion“.  იმასაც ამბობენ, რომ პირველი თოვლის მოსვლამდე, რაც არ უნდა სიცივე ყოფილიყო, ჯერი ტომასი თავის ბარში „ტომის და ჯერის“ არასდიდებით არ ამზადებდა და არავის ასმევდაო... თუმცა, რომელიღაც წყაროში ისიც წავიკითხე, რომ „ტომი და ჯერი“ ბევრად უფრო ადრე და ლონდონში მოიგონეს, სახელი კი ვიღაც ესკვაირი ტომის და მისი მეგობრი ჯერის საპატივცემულოდ უწოდეს...
ასეა თუ ისე, ნამდვილი ამერიკული შობა და თოვლიანი საღამო „ტომის და ჯერის“ გარეშე  წარმოუდგენელია და მოდი, ჩვენც გავსინჯოთ. ეჭვი მეპარება, ქართული ღრეობის და სასმელში გონის დაკარგვამდე ჩაწოლის ტრადიცია ოდესმე რომელიმე კოქტეილმა ჩაანაცვლოს, მაგრამ ეგებ ხანდახან მაინც გავერთოთ შედარებით ფხიზლად, თუმცა აქაც იმდენი ალკოჰოლია (თანაც შემთბარი), რომლით უფრო ადრე შევთვრებით - ღვინით თუ დასპირტული გოგლი-მოლით, ჯერ კიდევ საკითხავია.

Tom and Jerry
4 პორცია
2 მსხვილი კვერცხი, 4 ½ ს/კ შაქარი, 1 ჭ+1 ს/კ იამაიკური რომი, 1 ½ პაკეტი ვანილის შაქარი ან ვანილის ექსტრაქტი, 1 მწიკვი დაფქული დარიჩინი, 1 მწიკვი დაფქული მიხაკი, 1 მწიკვი დაფქული სურნელოვანი პილპილი, 2 2/3 ჭ რძე, 1 ჩ/კ ახალდაფქული ჯავზის კაკალი (მუსკატი)
პატარა ჯამში გავთქვიფოთ კვერცხის გულები, დავუმატოთ 2 ½ ს/კ შაქარი, 1 ს/კ რომი, ვანილი, სანელებლები (ჯავზის კაკლის გარდა) და კიდევ ერთხელ გულდასმით ავთქვიფოთ. გადავდგათ გვერდზე. მიქსერის მეშვეობით საშუალო ზომის ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები. ბეზე ფორმი შენარჩუნებას რომ დაიწყებს ჩავათქვიფოთ შაქარი. ბეზე საბოლოოდ რომ აითქვიფება მიქსერი გამოვრთოთ. კვერცხის გულებს ძალიან ფრთხილად გადავურიოთ ბეზე, დავუმატოთ დარჩენილი რომიც და მოვურიოთ ფრთხილად.
სქელძირიან საშუალო ზომის ქვაბში საშუალო ცეცხლზე წამოვადუღოთ რძე. გადმოვდგათ ცეცხლიდან.  
ჭიქაში ჩავასხათ რამდენიმე (3-4)  სუფრის კოვზი რომიანი გოგლი-მოგლი და ძალიან წვრილ ნაკადად შევავსოთ რძით, თან ვურიოთ, კვერცხი რომ არ მოიხარშოს. თავზე მოვაყაროთ დაფქული ჯავზის კაკალი და ცხლადვე დავლიოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment