გერმანის შოკოლადის ტორტი

Approved by Mary Poppins


ამ საკმაოდ გემრიელ ამერიკულ ტორტს სიტყვათა თამაშისა და ინგლისური ენის თავისებურების გამო ნახევარი მსოფლიო გერმანულ შოკოლადის ტორტს ეძახის. ტორტის დასახელებაში German’s Chocolate Cake ამერიკელთა გრამატიკა-მართლწერის კარგად განსწავლულობის წყალობით  ‘s-ი დროთა განმავლობაში ამოვარდა და German Chocolate Cake დარჩა და ასე იქცა 1852 წელს ამერიკელი მეშოკოლადის, სემ გერმანის მიერ გამოგონილი საავტორო შოკოლადის ტორტი  გერმანულ შოკოლადის ტორტად. გინდა გერმანის ეძახე და გინდ გერმანული, ფაქტი ერთია, რომ ტორტი მართლაც კარგია და მისი გაკეთება ნამდვილად ღირს.
მაშ ასე, ტორტის ორიგინალური რეცეპტი ფირმამ, სადაც გერმანი მუშაობდა მხოლო 1947 წელს გამოაქვეყნა დალასის ადგილობრივ გაზეთში და მას ასე ქვია:

Original BAKER’s German’s Sweet Chocolate Cake
1 პაკეტი (100 გრ) BAKER’s German’s Sweet Chocolate (ანუ მაღალი ხარისხის შოკოლადის ფილა), ½ ჭ წყალი, 4 კვერცხი, 2 ჭ ფქვილი, 1 ჩ/კ სოდა, ¼ ჩ/კ მარილი, 1 ჭ (200 გრ) დარბილებული კარაქი, 2 ჭ შაქარი, 1ჩ/კ ვანილის შაქარი, 1 ჭ არაჟანი ან ნაღები
ქოქოსისა და პეკანის კრემი: 4 კვერცხის გული, 1 ქილა შესქელებული რძე, 1 ½  ჩ/კ ვანილის შაქარი, 1 ½ ჭ შაქარი, ¾ ჭ კარაქი, 2 2/3 ჭ ქოქოსის ფანტელები, 1 ½ ჭ ჩხირებად დაჭრილი პეკანი (შეგიძლიათ შეცვალოთ ნიგვზით)
პირველ რიგში, გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე. 3 მრგვალი, 23 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა დავცხიმოთ და ფსკერზე ჩავუფინოთ დაცხიმული პერგამენტის ქაღალდი. შოკოლადი დავტეხოთ და გავდნოთ ცხელი წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები და ბეზე ფორმის შენარჩუნებას რომ დაიწყებს, გადავდგათ გვერდზე. ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, სოდა და მარილი. ცალკე ვთქვიფოთ კარაქი და შაქარი სანამ კრემის კონსისტენციის მასას არ მივიღებთ. ათქვეფილ კარაქში სათითაოს ჩავათქვიფოთ კვერცხის გულები. მერე ჩავათქვიფოთ გამდნარი შოკოლადი და ვანილის შაქარი. გადავურიოთ ფქვილიანი მასაც ნაღებთან ან არაჟანთან ერთად. კარგად ავთქვიფოთ. ძალიან ფრთხილად დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხის ცილაც. მზა ცომი გავანაწილოთ სამივე ფორმაში, შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში. ბისკვიტები რომ გამოცხვება, გამოვიღოთ ღუმელიდან, ფორმის კიდეზე ბასრი დანა შემოვატაროთ. 15 წუთი ფორმაშივე დავტოვოთ, მერე გადმოვიღოთ და ცხაურზე ბოლომდე გავაგრილოთ.
სანამ ბისკვიტი გრილდება, კრემისთვის ავთქვიფოთ კვერცხის გულები, შესქელებული რძე და ვანილის შაქარი. ჩავათქვიფოთ შაქარი და კარაქი. შემოვდგათ  დაბალ ცეცხლზე და დაახლოებით 12 წუთი ვურიოთ, სანამ არ შესქელდება და გაოქროსფერდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავუმატოთ დაჭრილი პეკანი და ქოქოსის ფანტელები, კარგად მოვურიოთ და გავაგრილოთ.
ბისკვიტის ერთ ფენას გადავუსვათ კრემი, თავზე მეორე ბისკვიტი დავადოთ და მასაც კრემი წავუსვათ, მერე მესამე ბისკვიტიც დავაფაროთ და ისიც დავკრემოთ. სურვილის შემთხვევაში მოვრთოთ ნიგვზის ლებნებით ან კრაჭუნა ალუბლებით.

ახლა ამ ტორტის კიდევ ერთი, ჩემი აზრით გაუმჯობესებული რეცეპტი:

German’s Chocolate Cake
115 გრ საუკეთესო ხარისხის დტეხილი შოკოლადი, 270 გრ ფქვილი, 70 გრ კაკაო, ½  ჩ/კ სოდა, ½ ჩ/კ მარილი, 240 მლ თბილი ყავა ან წყალი, 240 მლ არაჟანი ან ნაღები, 280 გრ დარბილებული კარაქი, 450 გრ შაქარი, 5 კვერცხი ოთახის ტემპერატურის, 1 ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
კრემისთვის: 240 გრ პეკანი (შეგიძლიათ შეცვალოთ ნიგვზით), 200 გრ შაქარი, 240 მლ შესქელებული რძე, 3 კვერცხის გული ათქვეფილი, 115 გრ კარაქი, 1/8 ჩ/კ მარილი, 150 გრ ქოქოსის ფანტელი, ½ ჩ/კ ვანილის ექტრაქტი
ღუმელი გავახუროთ 180°C-მდე. სამი 20 სმ დიამეტრის და 5 სმ სიმაღლის მრგვალი საცხობი ფორმა დავცხიმოთ და მოვაყაროთ ფქვილი (ზედმეტი ფქვილი დავფერთხოთ), ფსკერზე ჩავაფინოთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი.
ცეცხლგამძლე ჯამი შემოვდგათ ცეცხლზე შემოდგმულ  მდუღარე წყლიან ქვაბზე და ამ ჯამში წყლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ ოთახი ტემპერატურამდე. პატარა ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ყავა (ან წყალი) და არაჟანი ან ნაღები. ცალკე ჯამში ავურიოთ ფქვილი, კაკაო, სოდა და მარილი. კიდევ ერთ ჯამში მიქსერით ავთქვიფოთ კარაქი კრემის კონსისტენციამდე, ჩავათქვიფოთ შაქარი. შაქარი რომ გადნება, ჩავათქვიფოთ კვერცხები სათითაოდ. დავუმატოთ ვანილის ექტრაქტი და კარგად მოვურიოთ. ბოლოს ჩავათქვიფოთ გამდნარი შოკოლადიც.
მერე გადავურიოთ ფქვილანი მასის ნახევარი, კარგად მოვურიოთ, მერე ნაღებიანი ყავა და ბოლოს ფქვილის მეორე ნახევარიც. დავრწმუნდეთ რომ ყველაფერი კარგადაა გადარეული ერთმანეთში.  ცომი მოზადებულ ფორმებში გავანაწილოთ, შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 30-35 წუთი. ბისკვიტის მზაობა ხის ჩხირით შევამოწმოთ - შუაში ჩარჭობილ ჩხირს ნამცეცები თუ არ ამოყვა, ბისკვიტი მზადაა, გამოვიღოთ ღუმელიდან. ფორმაშ გავაჩეროთ 15 წუთი,  მერე გადმოვიღოთ ფორმიდან და ცხაურზე გავაგრილოთ ოთახი ტემპერატურამდე.
კრემისთვის: გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. პეკანი (ან ნიგოზი) დავყაროთ საცხობ ფირფიტაზე და მოვხალოთ 8-10 წუთის განმავლობაში. გავაგრილოთ და წვრილად დავჭრათ (რამდენიმე შევინახოთ ტორტის მოსართავად). საშუალო ზომის სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ შაქარი, შესქელებული რძე, კვერცხი გულები, კარაქი და მარილი, შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და ვურიოთ სანამ არ შესქელდება თხელი არაჟნი სისქეზე (დაახლოებით 5-7 წუთი). გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ დაჭრილი პეკანი, ქოქოსი და ვანილის ექსტრაქტი. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. ავიღოთ ერთი ბისკვიტი, წავუსვათ კრემის მესამედი, თავზე დავაფაროთ მეორე ბისკვიტი, წავუსვათ კრემის მეორე მესამედი, ზევიდან ბოლო ბიკვიტიც დავადოთ და დარჩენილი კრემიც დავასხათ. მოვრთოთ გადანახული პეკანებით. მერე კი, დავჭრათ და მივირთვათ.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment