ზაფხულიდან გამოპარული საახალწლო სანტები

Approved by Mary Poppins


ვინაიდან ბორლო რადენიმე წელია ანდაზა - „დედაბერმა იანვარში მარწყვი მოინდომაო“ ჩვენთან ვეღარ ანდაზობს და სუპერმარკეტებში მისი, ანუ მარწყვის შოვნა შესაძლებელი გახდა - ამ პაწაწინა და გემრიელი სანტა-კლაუსების შექმნა პრობლემას აღარ წარმოადგენს, სუფრაზე კი ენით აუწერელ მხიარულებას იწვევს.

მარწყვის სანტა კლაუსიკოები
10 მსხვილი მარწყვი, 200 გრ ყველი „მასკარპონე“ ან „ფილადელფია“ (ან  ნებისმიერი ნაღების ყველი), 2 ს/კ გაცრილი შაქრის პუდრა, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი ან ვანილის შაქარი, ხაშხაში (ყაყაჩოს თესლი) მოსართავად... ამ უკანაკნელის ჩვენს ქვეყანაში მიუწვდომლობის გამო, შეგიძლიათ მათ ნაცვლად, შოკოლადი გაადნოთ და ნემსის ან ხის ჩხირის წვერით თითო წუნწკლი დააწუნწკლოთ
მარწყვები გავრეცხოთ გულდასმით და წავაჭრათ სამკუთხედი თავები, დაახლოებით ნახევარ სანტიმეტრზე, ან ცოტა მეტზე მარწყვის ზომიდან გამომგინარე. წაჭრილ წვეტებს ნუ გადავყრით - სანტას ქუდებად დაგვჭირდება. ავიღოთ ბასრი დანა და მარწყვების მსხვილი ნაწილი ძალიან ფრთხილად ამოვღრუტნოთ. ყველი, შაქრი პუდრა და ვანილი გადავურიოთ ერთმანეთში, მოვათავსოთ საკონდიტრო ტომსიკაში და ამოვავსოთ მარწყვები, ისე რომ კრემი ერთი სანტიმეტრით მაღლა ამოვიდეს. მერე დავახუროთ ქუდები და მუცელზე კრემითვე დავასვათ 2-2 ღილი. თვალებად კი გამდნარი შავი შოკოლადის წუნწკლები მივასვათ - სწორედ ისე, როგორც სურათზეა და მერე ვეცადოთ არ შემოგვეჭამოს სტუმრების მოსვლამდე! გირჩევთ, ოჯახი წევრებსაც დაუმალოთ სუფრაზე გამოტანამდე, თორემ მათი მოგერიებაც მოგიწევთ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment