გურული კაცის ნაამბობი - სტაჟირება ქართულად

Approved by Gourmet Guide


უამრავ სხვა საკითხთა შორის, რომლებთანაც ასე თუ ისე მიწევს შეხება, ძალზედ საინტერესოდ მეჩვენება ე.წ. სტაჟიორთა თემა. თითქოსდა ერთი შეხედვით არც არაფერია უცნაური ან დამაინტრიგებელი. აბა, რა სჯობია, როცა ახლად გამომცხვარი დიპლომირებული ახალგაზრდა ან თუნდაც უმუშევრად დარჩენილი ადამიანი, ცდილობს ამა თუ იმ ორგანიზაციაში სტაჟირება გაიაროს, გარკვეული   პროფესიული უნარ ჩვევები შეიძინოს და სამსახურის პოვნის შანსებიც გაიზარდოს. მაგრამ სულ სხვა საკითხია - რამდენად ხარისხიანად მიმდინარეობს ეს სტაჟირება და რამდენად შედეგიანად მთავრდება ის სამსახურის მაძიებლისათვის. თორემ თავად დამსაქმებელი (ან შესაძლო დამსაქმებელი) რომ ხეირობს, ეს ფაქტია. რამდენ თქვენგანს გაუვლია ეს სტაჟირება და რეალურად რამდენი დასაქმდა - არსებობს თუ არა საერთოდ ასეთი სტატისტიკა. ვერ დავიკვეხნი, რომ ამ თემაში ძირფესვიანად ჩახედული ვიყო, მაგრამ ჩემი პროფესიული მოღვაწეობის სხვადასვა ეტაპზე თავად მქონია სტაჟიორებთან ინტენსიური შეხება და მათ დაფრთიანება-დაკვალიანებაშიც შემიტანია ჩემი მოკრძალებული წვლილი.
ამჯერად თავს არ მოგაწყენთ მსჯელობით, თუ ვინ როგორ არის მონდომებული და ვის რა მიზნები ამოძრავებს. მხოლოდ მინდა თავად სტაჟიორების შერჩევის თავიებურებებსა და შემდგომი დასაქმებისადმი ზოგად დამოკიდებულებაზე შევაჩერო თქვენი ყურადღება, რასაც ამ ბოლო პერიოდში ვაკვირდები. დავიწყოთ იმით, რომ თუროგორ იწყება ეს პროცედურა. ესა თუ ის ორგანიზაცია (მნივნელობა არ აქვს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ტიპსა და საქმიანობის სფეროს) ამა თუ იმ ფორმით აცხადებს სრაჟიორთა მიღებას. იქვე გვაცნობენ სტაჟიორთა კანდიდატისათვის აუცილებელ კრიტერიუმებსა და სხვა ტექნიკურ საკითხებს. მაგრამ რაც მთავარია - გვაცდუნებენ სამ თუ ექვსთვიანი სტაჟირების შემდეგ, მაღალანაზღაურებადი დასაქმების პერსპექტივითა და შესაძლებლობით. ამას შემდეგ მოვლენები უფრო საინტერესო ხდება. მხედველობაში მაქვს სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმები. უმეტეს შემთხვევაში, დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთ კრიტერიუმებად გვევლინება: უსიტყვოდ მორჩილება და ე.წ. „შავი სამუშაოს“ უპირობოდ შესრულებისათვის მზადყოფნა - რომ ბევრი ფიქრისა და განსჯი გარეშე შესრულდეს ესა თუ ის აბსურდული ან მიუღებელი მითითება; საკუთარი ავტომანქანის ქონა - რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ სამსახურებრივი ინტერესებისათვის; ფინანსური მდგომარეობა - რომ სამსახურებრივი დავალებების შესრულებისას თავად შეგეძლოთ საკუთარ მანქანაში საწვავის ჩასხმა. სხვა, დამატებით კრიტერიუმად შესაძლოა გამოყენებული იქნეს გარეგნული იერი თუ სხვა საქმიანი და არასაქმიანი თვისებები. გამოცხადებული, ვთქვათ ასი კანდიდატიდან, დაახლოებით ათი მაინც მოიძებნა ისეთი, ყველა ეს მოთხოვნა რომ დააკმაყოფილა და საზეიმო ვითარებაში იწყება მწვერვალებისკენ მათი მსვლელობა. ჩემს მიერ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ ადვილი მისახვედრი იქნება მთელი ამ კამპანიის ჭეშმარიტი არსი და მიზანი. 
როგორც წესი, მრავალთვიანი გადარბენა-გადმორბენისა და გაურკვეველი დავალებების შესრულების შემდეგ, დასაქმების იმედგადაწურული სტაჟიორები და გურულად რომ ვთქვათ „აბდლები“, ჯერ კიდევ საზრდოობენ ისეთი დაპირებებით, როგორიცაა - „მალე დაინიშნები“, „ცოტა ხანში რეორგანიზაცია იწყება და შტატები გამოთავისუფლდება“ და ა.შ. დაახლოებით მომდევნო ერთ თვეში, როცა შემორჩენილი სტაჟიორების სახეზე აშკარა უიმედობა აღიბეჭდება და მათ მიერ დავალებების შესრულებაც უკიდეგანოდ გაიწელება დროსა და სივრცეში, თქვენ გგონიათ რაიმე კატასტროფა მოხდება?! ნურას უკაცრავად! უბრალოდ, წყნარად და აუღელვებლად, მაგრამ იგივენაირი ზარ-ზეიმით გამოცხადდება .. .. სტაჟიორთა მიღების ახალი ეტაპი. ალბათ ლოგიკური იქნება და იკითხავთ - კი მაგრამ, ვის რაში სჭირდება ეს ყველაფერი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაფერი ერთ ბანალურ მიზეზამდე დადის - ფულის ეკონომია. იმათ, ვინც შესაძლოა დააბნია ასეთმა ჩემეულმა დასკვნამ, და შესაძლოა შემოკამათების სურვილიც გაუჩნდა, თავიდანვე ვკითხავ - ორგანიზაციას, რომელსაც გარკვეული პრეტენზია გააჩნია პრესტიჟულობასა და სხვა მსგავს ტიტულებზე, რომელსაც შტატით გათვალისწინებულზე 2-3-ჯერ ნაკლები ადამიანი ყავს დასაქმებული, განა არ შეუძლია მართლა საქმე ასწავლოს ამ სტაჟიორს და მართლა შესანიშნავი მუშაკი გამოზარდოს? შეუძლია, მაგრამ .. .. მაშინ ხელფასი უნდა უხადოს. 
ჰოდა, რატომ უნდა იხადოს ხელფასის თანხა, როცა შეიძლება მთელი შავი სამუშაო მოწადინებულმა და დაიმედებულმა სტაჟიორმა გააკეთოს, ხოლო ისეთი საქმე, რაც მართლა გამოცდილებასა და მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს, „თუ არ გინდა - წადი“-ს პოზიციით დაშინებულმა პერსონალმა შეასრულოს, რომელიც რეალურად 5 ადამიანის საქმეს აკეთებს იგივე ანაზღაურების ფასად. ქედს ვიხრი და ჩემს პატივისცემას გამოვხატავ იმ სამსახურების მიმართ, რომლებსაც შესაძლოა აზრადაც არ მოუვიდეთ ამგვარი აფიორა და მართლაც იყვნენ დაკავებული დასაქმებით. მაგრამ ამგვარი „საშინაო ტრეფიკინგი“ რომ საკმაოდ გავრცელებულია, ესეც ფაქტია და სამწუხარო რეალობა.

საუკეთესო სურვილებით, პანტერაფობიასთან მებრძოლი

ჩიზქეიქი - ოლიმპიური თამაშებიდან ნიუ-იორკამდე

Approved by Gourmet Guide


სულ რაღაც თხუთმეტიოდე წლის წინ ამ მშვენიერი და მთელ მსოფლიოში პოპულარული დესერტის სახელი ყოფილი საბჭოთა კავშირის უკვე დემოკრატიული მაგრამ ცოტა მაინც პროლეტარული რესპუბლიკების ტერიტორიაზე ცოტას თუ ქონდა გაგონილი. თუმცა, მისი გაგონების მერეც არ გვეშველა კარგა ხანი - თავისი დროისთვის სრულიად ნოვატორულ და არათბილისური სტანდარტების „ლიტკაფეშიც“ კი ჩიზქეიქის (ანუ სიტყვა-სიტყვით „ყველის ნამცხვარის“) ამაყი სახელით მართალია, ძალიან გემრიელ, მაგრამ საბჭოურ ხაჭოს და ქიშმიშის ნამცხვარს გვაჭმევდნენ. პირველ ნამდვილ და მართლაც ევროპულად გემრიელ ჩიზქეიქს უნივერისტეტის წინ, ყოფილ კაფე „რეტროში“ გახსნილმა "ფრანგულმა შოკოლადმა" გვაზიარა. დღესაც მახსოვს, როცა შემომთავაზეს, როგორ მორიდებულად ვიკითხე იმედშეპარული ხმით: „თბილისური ხაჭოს ნამცხვარი გაქვთ თუ ნამდვილ ჩიზქეიქს მპირდებით-თქო“ და მას მერე, აგერ უკვე რამდენი წელია, დღესაც დიდი სიამოვნებით გეახლებით თეთრი და შავი შოკოლადის ორფერიან ნამცხვარს, მიუხედავად იმისა, რომ თავად საკონდიტრომ აგერ უკვე მეოთხეჯერ შეიცვალა მისამართი.
მთელი ეს ისტორია კი იმას მოვაყოლე, რომ დღეს ჩიზქეიქი სართაშორისო დღეა და მისი „წარმოშობის“ მოკლე ისტორია მინდა გავიხსენო.
მიუხედავად იმისა, რომ მის სამშობლოდ (იქაური კულინარების ამ ნამცხვრისადმი დიდი სიყვარულის წყალობით) ყველა ამერიკას მიიჩნევს, მის ფესვებს არც მეტი არც ნაკლები, ძველ საბერძნეთამდე მივყავართ. ამერიკაში კი რბილი, ნაღებიანი ყველით დამზადებულმა ნამცხვარმა ევროპელ ემიგრანტებთან ერთად ჩააღწია. მისი, უფრო სწორედ დღევანდელი დესერტის უძველესი წინაპრის პირველი მოხსენიება ერთი ძველი ბერძენი ექიმის ნაშრომში გვხვდება, რომელმაც არ დაიზარა და დეტალურად აღწერა იმ დროისათვის ცნობილი ყველის ნამცხვრების მომზადების წესები. ჩიზქეიქემცოდნე და წიგნის „Cheesecake Madness“ (ჩიზქეიქით შეპყრობილნის) ავტორი ჯონ სეგრეტო დარწმუნებულია, რომ პირველი ჩიზქეიქი კუნძულ სამოსზე გამოაცხვეს ჩვენს ერამდე VIII-VII საუკუნეებში. და, თურმე ამ დესერტით უმასპინძლდებოდნენ ათლეტებსაც ოლიმპიურ თამაშებზე და საქორწილო მაყრიონებსაც. ძველი საბერძნეთიდან, სხვა ტრადიციებთან ერთად, ნამცხვარმა ძველ რომამდეც მიაღწია და თავად იულიუს კესრის მაგიდაზე ამოყო თავი. კეისარს ჩიზქეიქი ძალიან მოწონებია და შესაბამისად, მისი მომზადება სავალდებულოდ იქცა რომეული არისტოკრატიის ოჯახებში. რომიდან ნამცხვარმა ევროპულ კოლონიებში გადაინაცვლა, ინგლისამდეც მიაღწია და კარგადაც „მოიკალათა“, იქ ხომ მისი მომზადებისათვის ყველა პირობა და ყველა ინგრედიენტი იმთავითვე არსებობდა.
ჩიზქეიქის წარმოშობის სრულიად სხვა ისტორიას ყვება, მისი კიდევ ერთი სპეციალისტი - ჯოან ნატანუ. მისი ღრმა რწმენით, ამ ნამცხვრის წინაპარი ახლო აღმოსავლეთში უნდა ვეძებოთ. თურმე იქაურები ყველის ნამცხვარს ასე ამზადებდნენ: რძეს ხაჭოდ ჭრიდნენ, წურავდნენ, უმატებდნენ თაფლს, ლიმონის ცედრა და კვერცხის გულს და აცხობდნენ. თან კონკრეტულად ეს რეცეპტი ევროპაში თვით ჯვაროსნებს ჩამოუტანიათ.
აი, ჩიზქეიქში ნაღების ყველის და ნაღების დამატება და მისი „გააზნაურება“ კი მართლაც ამერიკელების ნამუსზეა. ამით ჩვენებურმა უბრალო ხაჭოს ნამცხვარმა ე.წ. „პარიზული შიკი“, სუფლეს სტრუქტურა და განუმეორებელი სინაზე შეიძინა და გლამურული კაფეების და რესტორნების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამას კი ამერიკული ნაღების ყველს ანუ Cream cheese-ს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც ჩესტერელმა მერძევემ შემთხვევის წყალობით გამოიგონა 1872 წელს, როცა ფრანგული Neufchatel-ის საკუთარი რეცეპტის შემუშავებას ცდილობდა და არაერთი უშედეგო ცდის შემდეგ, მისდა გასაკვირად ყველის სრულიად ახალი ჯიში მიიღო. მერძევის მუდმივ მუშტრებს ყველი ისე მოეწონათ, რომ მალე მისი მასობრივი წარმოება დაიწყეს და სახელად „ფილადელფია“ უწოდეს. თავად სახელგანთქმული „ნიუ-იორკის“ რეცეპტი  კი 1929 წელს არნოლდ რუბენმა შექმნა და მისი გასინჯვა მხოლოდ რესტორან Turf-ში იყო შესაძლებელი.
თანამედროვე ჩიზქეიქებიდან ორ ძირითად ტიპს გამოყოფენ - გამომცხვარს და გამოუმცხვარს ანუ უმს. პირველ ტიპს ამერიკული (ნიუ-იორკული) ნამცხვრები განეკვუთვნებიან, მეორეს კი უფრო ევროპასა და აზიაში ამზადებენ. იდეალურ ჩიზქეიქს უზადო ფორმა უნდა ქონდეს, ბზარების და დეფექტების გარეშე და ცოტაოდენი ხილი ან შოკოლადი გვერდზე და არა თავზე უნდა ამშვენებდეს. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, შეფ-მზარეულები ყველის ნამცხვარს ზემოდან მხოლოდ საკუთარი "შეცდომების“ დასამალავად რთავენ.
ინგლისში ჩიზქეიქს არ აცხობენ, ხშირად ყველში ჟელატინს უმატებენ და მაცივარში აგრილებენ, რაც ამ ნამცხვრის მომზადების პროცესს ბევრად ამარტივებს. საფრანგეთში მას ყველი Neufchatel-ით აკეთებენ და ხილით რთავენ. იტალიელები რიკოტას და მასკარპონეს ამჯობინებენ. ბრაზილიაში გუავის ჯემთან ერთად მიირთმევენ. ბელგიასა და ჰოლანდიაში პეჩენიის ნაფხვენებსა და შოკოლადის ბურბუშელას აყრიან. აზიაში ნაღების ყველს ხშირად ტოფუთიც კი ცვლიან. იაპონიაში კი ყველში ჩაის ურევენ. ერთი სიტყვით, ყველა ქვეყანას თავისი კაპრიზი აქვს. ჩვენ კი ამ ყველაფრის ფონზე, რატომღაც მაინცდამაინც ხაჭო და ქიშმიში ავირჩიეთ... 


ნიუ-იორკი
8-10 პორცია
გულსართისთვის: 700 გრ ყველი ფილადელფია, 100 მლ ცხიმიანი ნაღები, 3 ჩ/კ ცხიმიანი არაჟანი, 100 გრ შაქრი პუდრა, 1 ჩ/კ ვანილის შაქარი, 3 კვერცხი
ბისკვიტისთვის: 500 გრ ფხვიერი პეჩენია, 150 გრ კარაქი, 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 1 დიდი მწიკვი დაფქული ჯავზის კაკალი
მოვიხაზიროთ 26 სმ დიამეტრის გასახსნელი ტორტის ფორმა, წავუსვათ ცხიმი და ამოვაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ღუმელი გავახუროთ 150°C-მდე. ფართო ჯამში ჩავყაროთ ბლენდერში დაფშვნილი პეჩენია, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, დარიჩინი და ჯავზის კაკალი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. მიღებული მასა ჩავტკეპნოთ ტორტის ფორმის ფსკერზე, შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 15 წუთი. გამოვიღოთ და  პეჩენიის ფირფიტა ფორმაშივე დავტოვოთ. ღუმელს ნუ გამორთავთ!
კვერცხების გარდა გულსართის ყველა ინგრედიენტი ერთმანეტში გადავურიოთ. ცალ-ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები და ცილები და ფრთხილად გადავურიოთ ყველის მასაში. მიღებული კრემი ჩავასხათ ტორტის ფორმაში და შევაბრუნოთ გახურებულ ღუმელში 1 საათით. ცეცხლი გამოვრთოთ და ნამცხვარი კიდევ 15 წუთი გავაჩეროთ ღუმელში, მერე ღუმელის კარი გამოვაღოთ და კიდევ 10 წუთი ნუ გამოვიღებთ. ამის მერე გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე, ამოვიღოთ ფორმიდან და მაცივარში შევდგათ 6 საათით. მზა ჩიზქეიქს გვერდები ოდნავ მობრაწული უნდა ქონდეს.
ახლა რამდენიმე რეკომენდაცია: ჩიზქეიქი წარმატებულად რომ გამოვაცხოთ, ვეცადოთ რომ ყველა ინგრედიენტი ერთი, ოთახის ტემპერატური იყოს. თუმცა, მაცივრიდან გამოღებული კვერცხები თქვეფისას მაინც შეთბება. ნამცხვარი ფორმიდან ამოღებისას რომ არ დავაზიანოთ, გახსნამდე კიდეებზე ბასრი დანა შემოვატაროთ.

ახლა შოკოლადის ნიუ-იორკერი
ბისკვიტისათვის: 150 გრ შავი შოკოლადი, 100 გრ კარაქი, 3 კვერცხი, 100 გრ შაქარი, 75 გრ ფქვილი
გულსართისთვის: 600 გრ შოკოლადის ფილადელფია ან ყველი „Buko“, 150 გრ ძალიან ცხიმიანი არაჟანი, 3 კვერცხი, 6 ს/კ შაქარის პუდრა, 3 ს/კ ფქვილი, ვანილი
გავადნოთ შოკოლადი და კარაქი წყლის აბაზანაზე. 3 კვერცხისა და შაქრისაგან ავთქვიფოთ გოგლი-მოგლი და დავამატოთ გამდნარ შოკოლადში. გადავურიოთ ფქვილი და ვურიოთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. მიღებული მასა ჩავასხათ პერგამენტის ქაღალდჩაფენილ 26 სმ დიამეტრის გასახსნელ ტორტის ფორმაში.
ერთმანეთში გადავურიოთ ყველი, არაჟანი და ფქვილი. კვერცხები და შაქარი ავთქვიფოთ ერთად და ძალიან ფრთხილად გადავურიოთ ყველის მასაში. კრემი ჩავასხათ ტორტის ფორმაში და შევდგათ 180°C-მდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით. გვერდები რომ შემაგრდება, მზა ჩიზქეიქის ცენტრი ჯერ კიდევ უნდა თახთახებდეს. ღუმელი გამოვრთოთ, კარი ოდნავ გამოვაღოთ და ნამცხვარი ღუმელშივე გავაგრილოთ. ფორმის კიდეებზე დანა ფრთხილად შემოვატაროთ, ამოვიღოთ და კიდევ 6-10 საათი გავაჩეროთ.

იაპონური ჩიზქეიქი
250 გრ ფილადელფია, 50 გრ კარაქი, 140 გრ შაქრის პუდრა, 100 მლ რძე, 60 გრ ფქვილი, 20 გრ სახამებელი, 6 კვერცხი, ½ ლიმონის წვენი, ¼ ჩ/კ სოდა, 2ჩ/კ წვრილად დაფქული მწვანე ჩაი „Matcha“, 5 ს/კ ქლიავის ჯემი, 2-3 ს/კ ქლიავის არაყი, შაქრი პუდრა თავზე მოსაყრელად
დავიწყოთ იმით, რომ საქმე იაპონურ რეცეპტთან გვაქვს და ამიტომ ყველაფერი აუცილებლად ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ანუ რაც კი მაცივარში დევს, მომზადებამდე 1-2 აათით ადრე გამოვიღოთ მაცივრიდან, კვერცხის გულები და ცილები დავაცალკევოთ. ცილები ავთქვიფოთ, ფორმის შენარჩუნებას რომ დაიწყებს, დავუმატოთ შაქარი და მწიკვი მარილი. ცალკე ჯამში გადავურიოთ ერთმანეთში ყველი და კარაქი. დავუმატოთ ლიმონის წვენი და კვერცხი გულები. ბოლოს დავუმატოთ რძეც და კარგად გადავურიოთ. ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, სახამებელი, სოდა და ჩაი და ისინიც ყველის მასაში ჩავათქვიფოთ. სულ ბოლოს, ძალიან ფრთხილად, წრიული მოძრაობებით გადავურიოთ ათქვეფილი ბეზეც. მიღებული მასა ფრთხილად ჩავასხათ დაცხიმულ და პერგამენტ ჩაფენილ ტორტის ფორმაში. ფორმას სამი ფენა ალუმინი ფოლგა შემოვახვიოთ და ჩავდგათ ტორტის ფორმაზე უფრო დიდ და ღრმა საცხობ ფორმაში. დიდ ფორმაში ჩავასხათ ცხელი წყალი ისე, რომ ტორტიან ფორმა ნახევრამდე წვდებოდეს და შევდგათ წინაწარ 180°C-მდე გახურებულ ღუმელში 1 საათით. მზა ნამცხვარი გამოვიღოთ ღუმელიდან, შემოვხნათ ფოლგა, კიდეებში ბასრი დანა მოვატაროთ, ფორმიდან ამოვიღოთ და გავაგრილოთ მინიმუმ 2 საათის განმავლობაში. მერე შევდგათ მაცივარში და კიდევ რამდენიმე საათი გავაჩეროთ. ჭამის წინ თავზე შაქრის პუდრა მოვაყაროთ და წყლის აბაზანაზე ქლიავის ჯემისა და არყისაგან მომზადებული სოუსთან (წყლის აბაზანაზე შევათბოთ ერთმანეთში არეული ჯემი და არაყი) ერთად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


P.S. სტატია უკვე დაწერილი მქონდა "გუდვილში" პირველ "ფილადელფიას" რომ გადავაწყდი... ჩიზქეიქი ამერიკაში ასეთი პოპულარული იმიტომ გახდა,  რომ "ფილადელფია" ევროპულ "ნოფშატელთან", "რიკოტასთან" და "მასკარპონესთან" შედარებით ბევრად, ბევრად იაფია. ჩვენთან ნახევარი კილო "მასკარპონე" 8 ლარი ღირს, 175 გრამი "ფილადელფია"კი 5. მართლაც პარადოქესბის ქვეყანა ვართ. რომ გადავთვალე, ერთი პატარა "ნიუ-იორკი" 50 ლარი ჯდება ...

სამხრეთული ჩიზქეიქი ბანანით და არახისის კარაქით

Approved by Gourmet Guide


ამჯერად სულიად ამერიკული ხილის ჩიზქეიქის დროც მოვიდა:
სამხრეთული ჩიზქეიქი ბანანით და არახისის კარაქით კვლავაც ერიკ ლანლარდისაგან
8 პორცია
ბისკვიტითვის: 200 გრ შოკოლადის ფხვიერი პეჩენიები, 50 გრ გამდნარი კარაქი
ბანანებისთვის: 3 ბანანი, 2 ჩ/კ ნეკერჩხლის სიროპი, 2 ჩ/კ ლერწმის შაქარი, 2 ს/კ ბურბონი (ვისკი)
კრემისთვის: 250 გრ მასკარპონე, 250 კრემ-ფრეში (სქელი არაჟნის ნაირსახეობა), 125 მლ არაჟანი, 250 გრ სქელი (ხრაშუნა) არახისის კარაქი, 3 კვერცხი, 3 კვერცხის გული, 200 გრ ლერწმის შაქარი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, შაქრის პუდრა თავზე მოსაყრელად
გავახუროთ ღუმელი 150°C-მდე. 20 სმ დიამეტრის გასახსნელ ტორტის ფორმას წავუსვათ ცხიმი და ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. პეჩენიები და კარაქი მოვათავსოთ ბლენდერში და დავაქუცმაცოთ. გადმოვყაროთ ტორტის ფორმაში და ფსკერზე ჩავტკეპნოთ. შევდგათ მაცივარში.
ბანანები გავფცქვნათ, დავჭრათ რგოლებად, მოვათავსოთ ჯამში, მოვასხათ ნეკერჩხლის სიროპი, შაქარი და ბურბონი. გადავურიოთ ერთმანეთში და გადავდგათ გვერდზე.
კრემისათვის ბლენდერში ერთმანეთში გადავურიოთ მასკარპონე, კერმ-ფრეში, არაჟანი, არახისის კარაქი, კვერცხები, კვერცხის გულები, შაქარი და ვანილის შაქარი (საკმაოდ თხელი მასა გამოდის). ტორტის ფორმა გამოვიღოთ მაცივრიდან და ჩავასხათ გამზადებული კრემი. ზემოდან დავალაგოთ ბანანის ნაჭრები - ნუ იღელვებთ ზოგიერთი თუ ჩაიძირა, ასე ნამცხვარი კიდევ უფრო გემრიელი გამოდის. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 50-60 წუთი, სანამ ნამცხვარი გვერდებში არ შემაგრდება, შუაში კი ისევ რბილი უნდა იყოს (რომ შეარყევთ ფორმას, შუაში ოდნავ უნდა თახთახებდეს). გაზი გამოვრთოთ და დაახლოებით 30 წუთი ღუმელშივე გავაგრილოთ. შემდეგ მაცივარში შევდგათ მინიმუმ 2 საათით. ჭამის წინ ამოვიღოთ ფორმიდან და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი 

შოკოლადის ჩიზქეიქი

Approved by Gourmet Guide


ამჯერად გამომცხვარი ჩიზქეიქის ჯერიც დადგა:
შოკოლადის ჩიზქეიქი ერიკ ლანლარდისგან
8 პორცია
250 გრ შოკოლადის პეჩენიები ბურბონით, 125 გრ გამდნარი კარაქი, 200 გრ ცხიმიანი ნაღების ყველი, 400 გრ ყველი მასკარპონე, 75 გრ ლერწმის შაქარი, 3 დიდი ზომის კვერცხი, 40 გრ კაკაო და კიდევ ცოტა ზევიდან მოსაფრქვევად, 100 გრ საუკეთესო ხარისხის შავი შოკოლადი გამდნარი, 2 ჩ/კ შოკოლადის ექსტრაქტი
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. 20 სმ დიამეტრის ტორტის გასახსნელ ფორმა წავუსვათ ცხიმი და ფსკერზე ასევე დაცხიმული პერგამენტის ქაღალდი ჩავაფინოთ.
ბისკვიტისთვის პევენიები დავაბლენდეროთ, დავასხათ გამდნარი კარაქი, კარგად გადავურიოთ და ჩავთკეპნოთ ტორტის ფორმი ფსკერზე. შევდგათ მაცივარში 30 წუთი-1 საათით. კრემისთვის კარგად ავთქვიფოთ ნაღების ყველი, მასკარპონე და შაქარი. ჩავათქვიფოთ კვერცხები, კაკო და სულ ბოლოს დავუმატოთ შოკოლადის ექსტრაქტი და წყლის აბაზანაზე გამდნარი შოკოლადი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ბისკვიტიანი ტორტის ფორმა მაცივრიდან გამოვიღოთ და ჩავასხათ შოკოლადის კრემი. ზედაპირი მოვუსწოროთ და ღუმელში 50-60 წუთით შევდგათ ან მანამ სანამ ნამცხვარს გვერდები არ შეუმაგრდება, ცენტრში კი ისევ უნდა თახთახებდეს. ცეცხლი გამოვრთოთ და ჩიზქეიქი კარმიხურულ ღუმელში დავტოვოთ 1 საათით. გამოვიღოთ, გავაგრილოთ და მაცივარში შევდგათ მინიმუმ სამი საათით. ირგვლივ ბარი დანა შემოვატაროთ და ფრთხილად ამოვიღოთ ფორმიდან, ავაცალოთ ქაღალდი, მოვაფრქვიოთ კაკაო და მივირთვათ არაჟანთან ან ნაღებთან ერთად.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ვანილის ჩიზქეიქი კენკრის კომპოტით

Approved by Gourmet Guide


საერთოდ ჩიზქეიქების ორი ტიპი არსებობს: გამომცხვარი და უმი. ორივე საკმაოდ მარტივად და უპრობლემოდ მზადდება, მთავარი სირთულე კი ჩვენთვის მისთვის საჭირო ნაღების ყველის შოვნაა. რიკოტაც და ფილადელფიაც ჯერ-ჯერობით პრაკტიკულად მიუწვდომელია, მხოლოდ მასკარპონე იყიდება „გუდვილში“ და ისიც სეზონურად. მაგრამ, ბედნიერი მომავლის იმედით ამ მშვენიერი და მართლაც უმარტივესი (სულ 15 წუთში მზადდება) ნამცხვრის რეცეპტს მაინც შემოგთავაზებთ.

ვანილის ჩიზქეიქი კენკრის კომპოტით
(გორდონ რამზის რეცეპტებიდან)

8 პორცია
ბისკვიტითვის: 8 ცალი დდი ზომის ფხვიერი პეჩენია, 6 ს/კ შაქარი, 75 გრ კარაქი
კენკრის კომპოტისთვის: 200 გრ მოცვი, 100 გრ დაჭრილი მარწყვი, 2 ს/კ შაქარი, ცოტაოდენი შავი მოცხრის ლიქიორი crème de casis
კრემისთვის: 400 გრ ნაღების ყველი (მაგალითად ფილადელფია ან მასკარპონე), 6 ს/კ შაქრის პუდრა, ½ ლიმონის წვენი, 1 ვანილის ჩხირი შუაზე გაჭრილი, 600 მლ ცხიმიანი ნაღები, შაქრის პუდრა ზევიდან მოსაყრელად, პიტნის ფოთლები მოსართავად
ბისკვიტისთვის პეჩენიები დავაბლენდეროთ ან დავფშვანათ ძალიან წვრილად. სქელძირიან პატარა ტაფაზე გავადნოთ შაქარი და სიროპი დაკარამელებას რომ დაიწყებს დავუმატოთ კარაქი, ტაფა შევანჯღრიოთ. კარაქი რომ გადნება, კარამელს დავუმატოთ დაფხვნილი პეჩენიაც და ნაფხვენები კარგად ამოვგანგლოთ. გადმოვიღოთ თეფშზე და გავაგრილოთ. მერე უხეშად დავფშვნათ.
ტაფაზე დავყაროთ 2 ს/კ შაქარი, დავუმატოთ ლიქიორი და ხილი და საშუალო ცეცხლზე რამდენიმე წუთი ვთუშოთ (სანამ მოცვი ოდნავ არ დარბილდება). გავაგრილოთ.
ვანილის კრემისთვის ყველი დიდი ზომის ჯამში მოვათავსოთ. დავუმატოთ ვანილის ჩხირიდან გამოფხეკილი თესლი, შაქრის პუდრა და კარგად გადავურიოთ. დავუმატოთ ლიმონიც. მეორე ჯამში ავთქვიფოთ ნაღები და შესქელებას როგორც კი დაიწყებს გადავურიოთ ყველში.
კრემი თეფშზე დადგმულ უფსკერო საკონდიტრო ლითონის რგოლში ჩავასხათ (ამ ხელსაწყოს შეფის რგოლებს ეძახიან) ფორმა რომ შეინარჩუნოს, რგოლი მოვხსნათ. კრემს დაკარამელებული პეჩენია და შაქრის პუდრა მოვაყაროთ, ირგვლივ კი ხილის კომპოტი მოვასხათ. გავაფორმოთ პიტნის ფოთლებით და რასაკვირველია, გემრიელად მივირთვათ.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ისევ დასვენების პრობლემა: როცა სხვისი შენსაზე უკეთესი გგონია...

Approved by Gourmet Guide


არის ძალიან კარგი ხალხი, რომელიც ღმერთმა თუ განგებამ საკუთარი ფანტაზიის უნარით არ დააჯილდოვა. არა, არაფერს აშავებენ, უკვე ხომ ვთქვი, რომ კარგები არიან, უბრალოდ, ირგვლივ მყოფებს უხერხულ სიტუაციაში აგდებენ ხოლმე. მე მყავს ერთი ახლობელი, რომელსაც სხვებზე ბევრად მეტად ვაფასებ და ბევრზე მეტად მიყვარს, მაგრამ არაფერი არ მოსწონს და ვერაფერს ვერ ყიდულობს, სანამ სხვაზე არ ნახავს. რაც აცვია, ან აქვს, ყველაფერი სხვასთან აქვს შეთვალიერებული: დისნაირი შარვალი, მეგობრისნაირი საყურე, მეზობლისნაირი ქვაბი და ა.შ.
აჰა, გეგონათ დღეს წამხედურებს „გადავუვლიდი“? სულაც არა, უკვე ხომ ვთქვი, რომ არ მაწუხებენ. მათი სიკარგე სწორედ იმაში გამოიხატება, რომ საკუთარ „სისუტეს“ აღიარებენ და მაინცდამაინც ჩემნაირი კაბა ან ფეხსაცმელი თუ იყიდეს, სადმე ერთად წასვლისას დამირეკავენ და შემითანხმებენ რას იცმევენ - არც მათ ინტერესებშია ვინმეს ქორწილში ტყუპისცალებივით გამოვცხადდეთ (თუმცა, ნაცნობობაში ასეთი შემთხვევაც ყოფილა. მაგრამ მაშინ „ცუდ“ და უწესო მიმბაძველთან გვქონდა საქმე). თან არც მე ვარ ის კატეგორია, მხოლოდ ექსკლუზივს რომ ვიცმევდე და ჩემნაირი ნივთის დანახვაზე ელეთ-მელეთი მემართებოდეს. არა, არავის სიამოვნებს მთლად „შირპატრების“ მფლობელობა, მაგრამ რამე ჩემთვის თუ მომეწონა, ჩემიანებისთვისაც არ მენანება - ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ.
მოკლედ, მოგეხენებათ ზაფხულთან ერთად დაასვენებელი ადგილების ძიებით ვარ დაკავებული და ასეთი ადამიანები სასტუმეროების გარკვეულმა კატეგორიამ გამახსენა. თურმე, ისეთი სასტუმროებიც არსებობს, სადაც სხვისი ცხოვრებით და ხელოვნურად შექმნილი რეალობით შეგვიძლია დავტკბეთ.
სანკტ-პეტერბურგში ორიოდე წლის წინ გახსნილი ოთხვარსკვლავიანი „Radisson Sonya“ თავის სტუმრებს სონია მარმელადოვას ბედის გაზიარებას და რასკოლნიკოვის საქციელის მოტივაციაში ჩაწვდომის შანსს სთავაზობს. დაფები დოსტოევსკის რომანის, „დანაშაული და სასჯელის“ რუსულ და ინგლისურენოვანი ციტატებით ყველა ოთახის შესასვლელს ამშვენებს. შპალერი და ოთახების მორთულობაც კი იმ ეპოქის ტრადიციებში და ფაქტურაშია გადაწყვეტილი, თანაც ყველა ნომრის მთავარ ატრიბუტს ძალიან მოხერხებული საწერი მაგიდა და სავარძელი წარმოადგენს - იმ შემთხვევისთვის, რომელიმე სტუმარმა სასტუმროს ატმოსფეროს გავლენით მოულოდნელად თავი სახელგანთქმულ მწერლად თუ წარნოიდგინა და  წერის ჟინმა აიტანა. ყველა ნომერს თავისი სახელი აქვს (რასაკვირველია რომანის თემიდან გამომდინარე): „შეცნობა“, „დიდსულოვნება“, „გარდასახვა“ და „ეგო“. პირველი ორი კატეგორიის ნომრები „დამწყები“ რასკოლნიკოვებისთვისაა განკუთვნილი, უკვე გამოცდილებს და მეტი ფინანსური შესაძლებლობის პატრონებს, ორადგილიან ლუქსს - „ეგოს“ სთავაზობენ, სადაც ბოლომდე შეგიძლიათ გარშემომყოფებზე საკუთარი უზენაესობით დატკბეთ და თქვენ მაინც აიხდინოთ როდიონ რასკოლნიკოვის ოცნება.
მართალია, „ბიტლსების“ შემოქმედება ოდესღაც ჰიპების მიმდინარეობის ერთ-ერთ მთავარ მამაოძრავებელ ძალად ითვლებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი ერთ-ერთი ალბომის სეხნია „Hard Days Night Hotel“-ში არც მინდვარდ გაშილ კარავში და არც ღია ცისქვეშ ღამის თევა არ მოგიწევთ. ლივერპულის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარე ლუქსის კლასის სასტუმრო თავის ბინადრებს სრულიად ხუთვარსკვლავიან მომსახურებას და გამორჩეულ კომფორტს სთავაზობს. სახელგანთქმული ოთხეულის თაყვანისმცემლებს სასტუმროში ნამდვილი „ბიტლომანის“ სამოთხე ელოდებათ: ცენტრალურ შესასვლელს ვერტმფრენი „Yellow Submarine”, დერეფნების კედლებს კი ჯგუფის საკმაოდ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ფოტოსურათები ამშვენებს. ნომრებში მსოფლიოში „ბიტლსების“ საუკეთესო ფოტოგრაფად აღიარებული ამერიკელი შენონის გადაღებული პორტრეტები კიდია. ჯონ ლენონის სახელობის ოთახში თეთრი როიალს, პოლ მაკარტნის ლუქსში კი რაინდის აღჭურვილობასაც იპოვით...
ისედაც ძალიან პოპულარუმა ჰამბურგის ერთ-ერთმა საუკეთესო სასტუმრომ, „Kempinski Atlantic“-მა კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა რაც სახელგანთქმულმა ჯეიმს ბონდმა დადო პატივი 1997 წელს „ხვალე არასოდეს მოკვდეს“ გადაღებებისას. ინგლისური მამულის სტილში გაფორმებულმა ნომერმა პირს ბროსნანის გმირის შემდეგ არა ერთ ვარსკვლავს გაუწია მასპინძლობა მადონას და მაიკლ ჯეკსონის ჩათვლით. ჯეიმს ბონდის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს კი სატუმროში კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდებათ, ზუსტად მისი ლუქსის ქვეშ კიდევ ერთი საგანგებო ნომერია, რომლის დიზაინიც მთლიანად აგენტი 007-ის საყვარელი მანქანის - BMW-ს სტილშია გადაწყვეტილი. სადაც, რასაკვირველია, ფასებიც ჯეიმს-ბონდურია, შავ-თეთრი ტყავის ინტერიერით გამოწყობილ ნომერში ღამის გათენება არც მეტი არც ნაკლები 4 ათასი ევრო ჯდება.
ანტიკური საბერძნებითსა და ბერძნული მითოლოგიის თაყვანისმცემლებს კვიპროზე, ქალაქ პათოსში ელიან. სასტუმრო „Roman“-ი მთლიანად მითოლოგიურ სიუჟეტებსა და პერსონაჟებს ეძღვნება. მისი ოთხმოცდაექვსივე ნომერი უნიკალურია და ამა თუ იმ კონკრეტულ მითს ასახავს. ასე რომ, დამსვენებლები თავს მართლაც ანტიკურ სამყაროში თუ არა, მუზეუმში ნამდვილად გრძნობენ. ეფექტს სასტუმროს ადგიმლდებარეობაც აძლიერებს, რომელიც პათოსის არქეოლოგიური ზონის შუაგულშია აშენებული და გარს მეფეთა სამარხები, არქეოლოგიური პარკი და წმინდა სოლომონის კატაკომბი არტყია.
ჯუნგლებისა და პრესიტორიული ექსტრიმის მოყვარულებმა ტაილანდში პატაიას სამხრეთ ნაწილს უნდა მიაშურონ. „Centara Grand Mirage Beach Resort“-ი დიდს თუ პატარას არტურ კონან დოილის „დაკარგული სამყაროში“ მოხვედრას და უჩვეულო თავგადასავლის საკუთარ თავზე მოსინჯვის საშალებას აძლევს. დიზაინერები შეეცადნენ ზედმიწევნით ზუსტად გაეცოცხლებინათ ბრიტანელი მწერლის მიერ შემქნილი სამყარო, თავისი ბუნებითა და ზღაპრული ცხოველებით. ხუთას ადამიანზე გათვლილ კომპლექსში ერთიან სტილშია გადაწყვეტილი ნომრების ინტერიერიც, მიმდებარე ტერიტორიაც და გასართობი პროგრამაც. ბავშვებისთვის პრესიტორიული ცხოველების მინი-საფარი, უფროსებისთვის კი ნავით გასეირნება და ექტრემალური თევზაობა ეწყობა.  
ბავშბობაში დაბრუნებისა და უოლტ დისნეის მულტფილმებში მოხვედრის შანსი ნებისმიერს მურველს ეძლევა ჰონგ-კონგის „Disney’s Hollywood“-ში, რომელიც თავისი სტილითა და ინტერიერით მულტფილმებისა და მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ჰოლივუდის საუკეთესო ტრადიციებს იმეორებს. სასეირნო ბილიკები ჰოლივუდის სახელგანთქმულ ბილიკებს ტყუპისცალივით გავს, მაღვიძარა საათები მიკი მაუსის მელოდიას უკრავენ, ერთ-ერთ აუზს კი როიალის ფორმა ქავს. მთელი სასტუმრო მულტფილმების სიუჟეტები მოტივებითაა გადაწყვეტილი, მთავარი რესტორანი „შეფი მიკის“ სახელს ატარებს, ხალიჩებზე, კედლებზე და ჭურჭელზეც კი მიკი მაუსი და მისი მეგობრები ახატია.
ესპანეთის ყველაზე ცნობილი კინოფესტივალის სამშობლოში, ქალაქ სან-სებატიანში ერთ-ერთი ძველი კინოთეატრი სატუმროდ გადააკეთეს და მისი ასორივე ნომერი 1953 წელს გამართულ პირველ კინოფესტივალში მონაწილე კინორეჟისორებსა და მსახიობებს მიუძღვნეს. „Astoria 7“-ის ოთახები კინოსფესტივალზე გადაღებული ფოტოსურათებითაა მორთული, რომლებზეც გაული საუკუნი 50-იანი წლების ვარსკვლავები არიან ასახული თაყვანისმცემლებთან და ჟურნალისტებთან უღთიერთობის თუ პრიზების აღება-გადაცემის პროცესში.
კლასიკური კონოს მოყვარულებს მასპინძლობენ  თელ-ავივის ოდესღაც პირველ კინოთეატრში. დიზაინერებმა და არქიტექტორებმა შენობის სასტუმროდ გადაკეთებისას მაქიმალურად სცადეს პირვანდელი, მე-20 საუკუნი 30-იანი წლები ინტერიერის შნენარჩუნება. „Cinema Hotel“-ის ჰოლს დღესაც ამშვენებს ძველი დახვეული კიბე, უჩვეულო ჭაღები და კონოდარბაზიდან შემორჩენილი თეატრალური სავარძლები. დერეფნები დრო-ჟამისაგან ფერგაცრეცილი აფიშებითაა მორთული, ნომრების კედლებს კი ცნობილი შავ-თეთრი კინოფილმების კადრები ამშვენებს. ჰოლში დამონტაჟებული ორი ძველებური კინოპროექტორი დღედაღამე მუნჯური კონოს შედევრებს ატრიალებს.
მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო „Pelirocco“ მეპატრონეების ჩანაფიქრით, მხოლოდ როკენროლის მოყვარულთათვის უნდა ყოფილიყო, დიზაინერების ფანტაზიის წყალობით ზოგადად „მუსიკალურად“ გადაიქცა. ახლა ბრაიტონ-ბიჩზე თავისუფლად შეგიძლიათ პოპ- და როკ ვარსკვლავების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს ერთნაირი წარმატებით ეზიაროთ. „გადარეული“ როკის  მოყვარულებს ლოგინზე ფეხაცმლებით კოტრიალის ნებართვასთან ერთად  ნომერში სიგარეტის მოწევის და მისი ცეცხლგამძლე ხალიჩაზე დაფერფლების უფლებასაც აძლევენ. ყველაზე „მოუსვენრებს“ კი პანკ-როკისა და ჯეიმს რიდი სტილში გაფორმებულ ოთახებში უშვებენ...
ერთი სიტყვით, მთავარია ზუსტად იცოდე რა გინდა, თორემ არჩევანი მართლაც დიდია. მე რა მინდა? სხვისი ტყავის მორგება, რომ არა -ზუსტად ვიცი. ასე, რომ მოდით ძებნა კვლავაც ერთად გავაგრძელოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Soufle Glases Casis - შავი მოცხარის სუფლე ნაყინისგან მარი-ანტუან კარემის სტილში

Approved by Gourmet Guide


ამ დესერტის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს რომ სუფლეს ფორმა აქვს, სინამდვილეში კი ნაყინია და რასაკვირველია, როგორც ყველა ფრანგული დესერტი ძალიან ელეგანტური და ძალიან ძალიან გემრიელია.




Soufle Glases Casis 
(ერიკ ლანლარდის რეცეპტებიდან)
შავი მოცხარის სიროპისათვის: 100 გრ შავი მოცხრის პიურე, 100 გრ შაქარი
„სუფლესთვის“: 4 კვერცხის ცილა, 1 ლიმონის წვენი, 200 მლ ათქვეფილი ნაღები, 2 ფირფიტა მზა ბისკვიტი (სუფლეს ფაისურის ფორმის ზომის), Crème de cassis (შავი მოცხრის ლიქიორი), წითელი მოცხარი მოსართავად, შაქრის პუდრა
ავიღოთ დიდი ზომის ფაიფურის ფორმა (რამეკინი) და მოვამზადოთ ჩვენი ყალიბი სუფლეს მოსამზადებლად - პერგამენტის ქარალდი შემოვაკრათ გარედან ისე, რომ ქაღალდი ფორმაზე დაახლოებით 5-6 სანტიმეტრით მაღალი იყოს და კარგად დავამაგროთ. პატარა ზომის სქელძირიანი ქვაბით მოცხარის პიურე და შაქარი ცეცხლზე შემოვდგათ და ვადუღოთ, სანამ სიროპის ტემპერატურა 120°C-ს არ მიაღწევს.  კვერცხის ცილა და ლიმონი წვენი ვთქვიფოთ, სანამ ბეზე ფორმის შენარჩუნებას არ დაიწყებს და ძალიან თხელ ნაკადად ცხელი სიროპი ჩავათქვიფოთ. სიროპიანი ბეზე თქვეფა-თქვეფით გავაგრილოთ. გაგრილებულ ბეზეს ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილი ნაღები. სუფლეს ფორმის ფკერზე ჩავაფინოთ ბისკვიტის პირველი ფენა და რამდენიმე კოვზი ლიქიორით დავნამოთ. ზემოდან ბეზეს ნახევარი დავადოთ და ცოტაოდენი მოცხარის პიურეც მოვაწუწოთ. ჩავაფინოთ ბისკვიტის მეორე ფენა, მსუბუქად დავაწვეთ. მოვწუწოთ ლიქიორით და დავასხათ დარჩენილი ბეზე (ბეზეს მასა ფორმი კიდეზე მაღლა, პერგამენტის ქაღალდის სიმაღლეზე უნდა იყოს - ასე ნაყინი უფლეს ფორმიდან ამოფუებული სუფლეს შესახედაობას მიიღებს), მასაც მოვაწუწოთ ცოტაოდენი მოცხრის პიურე.  შევდგათ საყინულეში მთელი ღამით. ჭამის წინ, შემოვხსნათ პერგამენტის ქაღალდი, მოვრთოთ ცოცხალი წითელი მოცხარით და მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა. ვჭამოთ სანამ გამდნარა!



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Un homme, une femme et … Ford

Approved by Gourmet Guide


ამას წინათ საკუთარ ფილომეთეკაში კლოდ ლელუშის ლეგენდარულ „მამაკაცს და ქალს“ გადავაწყდი და ფილმის შექმნის ისტორია გამახსენდა, რომელსაც ჩანაფიქრიდან გამომდინარე ალბათ „მამაკაცი, ქალი და ავტომანქანა ფორდი“ უნდა რქმეოდა. დიახ, დიახ, რომ არა ჰენრი ფორდი და მისი სურვილი ამერიკის მერე ევროპის საავტომობილო ბაზრის დაპყრობისა, ალბათ ეს მშვენიერი რომანტიკული მელოდრამა არ შეიქმნებოდა. ჰენრი ფორდს მაინცდამაინც ლამაზი და მაინცდამაინც ევროპაში გადაღებული ფილმი უნდოდა თავისი უახლესი მოდელების Mustang-ის და GT40-ის გასარეკლამებლად.
ფილმის მთავარი გმირი სახელგანთმული პროფესიონალი მრბოლელი ჟან ლუი დიუროკი, რომელსაც მართალია ყოფილი, მაგრამ პროფესიონალი პილოტი ჟან ლუი ტრენტინიანი ასახიერებს, ფორდ მუსტანგით 1966 წლის მონტე-კარლოს რალის გამარჯვებული ხდება, რეალობაში კი ჰენრი გრედერმა მუსტანგით მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა და თანაც დისკვალიფიკაციაც მიიღო.  მით უმეტეს, სრული ფანტასტიკის სფეროა ერთი ადამიანის მონაწილეობა ლე-მანის 24 საათიან რბოლაშიც და მონტე-კარლოს რალიშიც. მსოფლიოში დღემდე არ დაბადებულა უნივერსალური მრბოლელი, რომელიც წარმატებული წრიული და რალის მრბოლელის ტალანტის ერთდროულად შეთავსება. ასეთ "არასპორტულ" გადახვევებს მხოლოდ ფილმის გმირის რომანტიკული იმიჯი ან იქნებ, ფორდის ავტომობილების რეკლამა მოითხოვდა? ან თუნდაც, დიუროკის მონტე-კარლოდან პარიზში ერთღამიანი გადარბენი გავიხსენოთ. ერთი ადამიანისათვის ალპებზე გამავალი 900 კილომეტრზე მეტი მანძილის ერთ ღამეში დაძლევა 1966 წელს კი არა, დღესაც წარმოუდგენლად ძნელად მეჩვენება.

სხვათა შორი, 1966 წელს მონტე კარლოს რალიზე საკმაოდ საინტერესო ფაქტი მოხდა: პირველი სამი საპრიზო ადგილი Mini Cooper-ებმა დაიკავეს. მაგრამ 8 საათიანი შემოწმების შემდეგ, მსაჯებმა ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს სამივე გამარჯვებულის დისკვალიფიკაციის თაობაზე, ბამპერზე დამონტაჟებული 4 დამატებითი ფარის გამო, რაც თურმე საფრანგეთის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად, პირველი ადგილი მეოთხეზე გასულმა  Lotus Cortina-დაიკავა, რაც რეალურად გადაკეთებული Ford Cortina გახლდა, მაგრამ ჰენრი ფორდის საუბედუროდ - დამატებითი ფარები მასაც აღმოუჩინეს. ასე გახდა მეხუთე ადგილზე გაული Citroen DS მონტე-კარლოს რალის გამარჯვებული, რალის რომელიც მსაჯების ახირებების წყალობით ავტოსპორტის ისტორიაში „მონტე-ფიასკოს“ სახელით შევიდა.
ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია - ჟან ლუი ტრენტინიანისა და ანუკ ემეს ულამაზესი წყვილის შემხედვარე, ცოტას თუ ახსოვს საავტომობილო ლაფსუსები, ან ჰენრი ფორდისა და ენცო ფერარის შუღლი ან 1966 წლის მონტე-კარლოს რალის გამარჯვებული ...
სხვათა შორის, ზუსტად 1966 წელს, ლე- მანზე ფორდმა როგორც იქნა დაჯაბნა ფერარი და მომდევნო სამი წელი ლიდერობდა კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი ფილმის გამოსვლის მერე მოხდა...

ავტომანქანების კინოპიარი ანუ ავტომობილის პროდაქტ პლეისმენტი კინოში 1964 წელს ალბერტ ბროკოლიმ შემოიღო და შედეგიანადაც დანერგა პირველივე ფილმში, სადაც Aston Martin DB5-ზე ამხედრებული აგენტი 007 წარმატებულად მუსრავს საზოგადოების ბოროტ და უღირს ელემენტებს. მაგრამ ამაზე სხვა დროს, თორემ ხომ იცით, მოკლედ წერა არ მეხერხება და...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი



გურული კაცის ნაამბობი: თურქული ბიზნესი

Approved by Gourmet Guide

ეს ბოლო ერთი თვეა, ხშირად მხვდება თვალში ბათუმის ძველ და ცენტრალურ უბნებში ჯგუფებად მოსეირნე უცხოელი ტურისტები. ზოგიერთი მათგანი, ევროპული წარმომავლობის შთაბეჭდილებას ტოვებს. აი, უმეტესობა კი ჩვენი ისტორიული მეზობლის - თურქეთის მოქალაქეები გახლავთ. თავიდან, არ დავმალავ და მიხაროდა და მეამაყებოდა კიდეც, რომ ჩემს ქალაქს ამდენი სტუმარი ჰყავდა და თითოეული მათგანი დიდი ინტერესითა და ხალისით ათვალიერებდა ქალაქის ისტორიულ თუ თანამედროვე ღირშესანიშნაობებს. თუმცა, შემდგომ, ჩემი ეს სიხარული და სიამაყე ცოტა არ იყოს გაკვირვებამ შეცვალა - ჩემთვის მთლად გასაგები არ იყო მიზეზი, თუ რის გამო იყო გამოწვეული ამ ქვეყნის მკვიდრთა ასეთი მოზღვავება. 
ბოლო წლების ტემდენცია გვიჩვენებს, რომ ევროპიდან ფაქტიურად გამოძევებული ჩვენი მეზობლები, საქართველოში და უფრო მეტად ბათუმში, ძირითადად მცირე ბიზნესის წარმოებისთვის ჩამოდიან. უკეთეს ემთხვევაში კი ავტოგასამართ სადგურებს ამუშავებენ ან რაღაც მშენებლობეით არიან დაკავებული. მცირე ბიზნესი კი ვახსენე, მაგრამ თუკი 3-4 წლის წინ სულ რაღაც 2-3 თურქულ სასადილოსა და კაფეტერიაში შეგეძლოთ აღმოსავლური სამზარეულოს დაგემოვნება, დღეს ასეთ დაწესებულებათა რაოდენობა რამდენიმე ათეულს აჭარბებს - ეს კი უკვე ნამდვილად აღარაა მცირე ბიზნესი. 
თან არ გეგონოთ ეს ობიექტები სადმე ქალაქის გარეუბანში იხსნებოდეს. ქალაქის  შუაგულში, ძველ ბათუმად წოდებულ უბნებში მალე ალბათ ქართულს ვეღარ გავიგონებთ, მით უმეტეს, ასეთი ტემპის შემხედვარე. ეს ჩვენი ბედოვლათი თანამოქალაქეები კი ზედმეტი 50 დოლარის სანაცვლოდ ფეხქვეშ ეგებიან სარანჩასავით მოდებულ მეზობლებს, მზად არიან სახლ-კარი ვიღაც გადამთიელს დაუთმონ და თავად სადღაც დასაკარგავში შედარებით იაფი საცხოვრებელი იშოვონ. კი ბატონო - გაჭირვება და ეკონომიკური სდუხჭირეო - შემომედავებით. მაგრამ ცოტა მეტი პატრიოტიზმი ნამდვილად გვმართებს და 50 დოლარისა თუ 30 ვერცხლის ფასად არ უნდა ვყიდდეთ ჩვენს ქართველობას. 
წეღან ქართული ენა ვახსენე - მგონი ეს ამერიკელი პედაგოგებიც ტყუილად ჩამოგვყავს და ამ ინგლისურსაც ტყუილად ვსწავლობთ. ჩვნი მეზობლელი არც ქართულს ცნობენ და არც ინგლისურს. უფრო მეტიც, პრეტენზიულად და თავხედურად მოითხოვენ აქაურებისგან თურქულის ცოდნას და "კონსულ, კონსულ"-ის ძახილით ათასგვარ შეურაცხყოფას აყენებენ მრავალვარსკვლავიანი სატუმროების პერსონალსა თუ უბრალო მაღაზიის გამყიდვლებს, რომლებაც "გაბედეს" და ქართულად ან თუნდაც ასე პოპულარული ინგლიურით შესთავაზეს მომსახურება. 
ჰოდა, იმას ვამბობდი - მხოლოდ და მხოლოდ აქაური ბაზრის ათვისებით დაინტერესებულ ხალხს რა ტურისტობა აუტყდა-თქო, მაგრამ თურმე სად ხარ. გასული საუკუნის 60-70-იან წლების ცივი ომი ალბათ მონაგონი იქნება, ისთი აგიტაცია-პროპაგანდა აქვთ გაჩაღებული. ამას წინათ, თურქულის მცოდნე ერთ ჩემს ნაცნობთან ერთად ვიდექი ქუჩაში, სადაც 40-50 კაციანმა მორიგმა ჯგუფმა ჩამოიარა. ცოტა ხნით შეყოვნდნენ ფოტოების გადასაღებად და სწორედ ამ დროს გაიგონა ჩემმა მეგობარმა, თუ როგორ უხსნიდა ერთ-ერთი მათგანი (ალბათ გიდი) დანარჩენებს - ეს ტერიტორიები ადრე ჩვენი იყო და მალე ისევ დავიბრუნებთო.. ..
აი, ნამდვილი მიზეზი ამდენი "ტურისტის" მომრავლებისა. ხალხი თურმე თავიანთი ტერიტორიების მოსანახულებლად ჩამოჰყავთ. ჩვენ კიდე ტაო-კლარჯეთზე ვფიქრობთ.. .. ასეთ, ბოდიშით და "ხროვას", კი პირადად მე დღეში 10-15-ს ვაწყდები. ტურისტს ნამდვილად ვერ ვუწოდებ ვიზიტორს, რომელიც ისევ თავისიანთან "დაზაპრავკდება", თავისიანთან დაბინავდება და თავისიანთანვე დანაყრდება, და შესაბამისად - თანხასაც თავისიანთან ხარჯავს. ჩვენ კი ამაყად ვითვლით საზღვრის გადმომკვეთთა გეომეტრიული პროგრესიით მზარდ რაოდენობას და ბიუჯეტში შესულ ვირტუალურ შემოსავლებს.. ..

საუკეთესო ურვილებით, პანტერაფობიასთან მებრძოლი



ტირამისუ ქოთანში

Approved by Gourmet Guide


ტირამისუ ქოთანში, რასაკვირველია ჰესტონ ბლუმენთალისგანაა, აბა სხვას ვის მოაფიქრდებოდა ამისთანა მარტივი და ეფექტური „სიგიჟე“?!
ერთი სიტყვით, ამ რეცეპტში ტირამისუს ტრადიციული ინგრედიენტების გარდა, ახალ-უხმარი კერამიკის ქოთნები და ახალდაკრეფილი პიტნის ან რეჰანის ტოტები დაგჭირდებათ.

კრისტალიზირებული შავი შოკოლადისთვის: 200 გრ შაქარი, 80 გრ წვრილად დაჭრილი შავი შოკოლადი (კაკაოს მინიმუმ 60% შემცველობით)
დაკარამელებული Grape Nut-ისათვის (Grape Nut მიუსლის ტიპის მზა საუზმე, რომელიც შეგიძლათ შეცვალოთ ნებისმიწრი წვრილად დაჭრილი კაკლით): 50 გრ Grape Nut, ¼ ჩ/კ მარილი, 15 გრ ლერწმის შაქარი
შოკოლადის მიწისთვის: 60 გრ თეთრი შოკოლადი, 20 გრ კაკაო, უკვე დაკარამელებული და უხეშად დაჭრილი Grape Nut, ½ ჩ/კ მარილი, 60 მლ თხილის ზეთი, უკვე მომზადებული კრისტალიზირებული შავი შოკოლადი
შოკოლადი ფენებითვის: 250 გრ შავი შოკოლადი (კაკაოს მინიმუმ 60% შემცველობით)
მარსალა კრემისთვის: 3 დიდი ზომის კვერცხი, 50 გრ შაქრი პუდრა, 300 გრ მასკარპონე, 200 მლ ცხიმიანი ნაღები, 60 მლ მარსალა, 1,5 გრ ჟელატინი (წყალში დამბალი)
ბისკვიტებისათვის: 24 ცალი ბისკვიტი „ქალის თითები“, 400 მლ წყალზე დაყენებული 150 გრ დაფქული ყავა, 100 მლ მარსალა
მოსართავად - რეჰანისა და პიტნის ტოტები
დაკრიტალებული შავი შოკოლადისათვის ქვაბში მოვათავსოთ 75 მლ წყალი და შაქარი და შემოვდგათ მაღალ ცეცხლზე. ვადუღოთ სანამ სიროპის ტემპერატურა 135°C-ს არ მიაღწევს ან სიროპი კიდეებში გაოქროსფერებას არ დაიწყებს. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ეგრევე ჩავყაროთ დაჭრილი შოკოლადი. ვურიოთ, სანამ მთელი მასა არ დაკრისტალდება. დაკრისტალებული შოკოლადი პერგამენტდაფენილ საცხობ ფირფიტაზე გადმოვყაროთ და ბოლომდე გავაგრილოთ. ასეთი შოკოლადი ერთ თვემდე ინახება. კაკალი (მაგალითად, თხილი, ნიგოზი, ბუსტუღი ან ნუში ან მათი ნარევი) დასაკარამელებლად ტაფაზე დავყაროთ და დაახლოებით 4 წუთი მაღალ ტემპერატურაზე ვხალოთ, თან ვურიოთ ხოლმე. დავუმატოთ მარილი და კიდევ ერთი წუთი ვხალოთ. მოვაყაროთ შაქარი და სამზარეულოს ნიჩბით ვურიოთ სანამ კაკალი არ დაკარამელდება. დაკარამელებული კაკალიც პერგამენტდაფენილ ლანგარზე გადმოვყაროთ და ოთახის ტემპერატურამდე გავაგრილოთ. თეთრი შოკოლადის დასაკარამელებლად ღუმელი 190°C-მდე გავახუროთ. შოკოლადი პერგამენტდაფენილ საცხობ ფირფიტაზე მოვათავსოთ და ღუმელში შევდგათ. 5 წუთის მერე ყოვე 2 წუთში ერთხელ გადავურიოთ ხოლმე სანამ საბოლოოდ არ დაკარამელდება. დაკრისტალებული შავი შოკოლადი, დაკარამელებული თხილი და დაკარამელებული თეთრი შოკოლადი და კაკაო ერთმანეთში გადავურიოთ, ბოლოს ზეთი და მარილიც დავუმატოთ. ჩვენი მიწა მზადაა.
შოკოლადის ფენებისთვის შავი შოკოლადი დავამტვრიოთ და მდუღარე წყლის აბაზანაზე გავადნოთ. გამდნარი შოკოლადი პერგამენტის ქაღალდზე ან სილიკონის სინზე დავასხათ და თანაბარ თხელ ფენად გავშალოთ. შევდგათ საყინულეში 10 წუთით. ცომის საჭრელი მრგვალი ფორმით ჩვენს შერჩეულ ქოთანში რომ ჩაეტევა იმ ზომის შოკოლადის 4 დისკი ამოვჭრათ და მაცივარში შევინახოთ. (შეგიძლიათ ტირამისუ პორციულ პატარა ქოთნებში გააკეთოთ, მაშინ იმდენჯერ 4 დისკი გამოჭერით, რამდენი ქოთანიც გაქვთ).
მარსალა კრემის მოსამზადებლად, კვერცხისა და შაქრისაგან ავთქვიფოთ კარგი გოგლი-მოგლი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ ნაღები, მასკარპონე და მარსალა, სანამ კრემი ფორმის შენარჩუნება არ დაიწყებს. ნელ-ნელა, სამ პორციად დავუმატოთ გოგლი-მოგლი. 5 ს/კ კრემი პატარა ჯამში გადავიტანოთ, გადავწუროთ დამბალი ჟელატინი და გავალღვოთ ცეცხლზე. გამდნარი ჟელატინი მარსალას კრემის ძირითად მასას გადავურიოთ.
პეჩენია „ქალის თითები“ ბრტყელ ჭურჭელში მოვათავსოთ. ყავა და მარსალა ერთამენთში გადავურიოთ და ნაწილი მოვაწუწოთ პეჩენიებს. 1 წუთის განმავლობაში ჩალბობა ვაცალოთ და მერე დარჩენილი ყავაც მოვასხათ.
ტირამისუს ასაწყობად, შოკოლადის დისკი მოვათავსოთ ქოთნის ფკერზე. თავზე ცოტაოდენი დამბალი პეჩენია დავაყაროთ. შემდეგ მარსალას კრემი. მერე ისევ შოკოლადის დისკი, და ისევ მარსალას კრემი. კიდევ ერთი დისკი და კრემის საბოლოო ფენა. შევდგათ მაცივარში მინიმუმ 2 საათით. ჭამის წინ კრემით ამოვსებულ ქოთანს დაკრისტალებული შოკოლადი ფენა მოვაყაროთ და პიტნის ან რეჰანის ტოტი „ჩავრგოთ“. სანამ „მიწაში“ ჩავრგავთ, სასურველია ტოტის ძირი გამდნარ შოკოლადში ამოვავლოთ და გავაშროთ (პიტნის ან რეჰანის გემო კრემში რომ არ გადავიდეს).




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შოკოლადის Mille Feuille მაყვლით

Approved by Gourmet Guide


შოკოლადის Mille Feuille მაყვლით
 (ერიკ ლანლარდის რეცეპტებიდან)
ბისკვიტითვის: 500 გრ მზა ფენოვანი ცომი, 50 გრ კაკაო
შოკოლადის კრემისათვის: 100 გრ შავი შოკოლადი, 100 მლ ნაკლებადცხიმიანი ნაღები (10%-იანი),  600 მლ ცხიმიანი ნაღები, 2 ს/კ შავი მოცხრის ლიქიორი crème de cassis
მოსართავად: 400 გრ მაყვალი, შაქრის პუდრა და კაკაო თავზე მოსაფრქვევად
გავახუროთ ღუმელი 220°C-მდე. მაგიდის ზედაპირზე ცოტაოდები ფქვილი მოვაფრქვიოთ და გავაბრტყელოთ ცომი დიდი ზომის ოთკუთხედად. ცომს ზემოდან კაკაო მოვაფრქვიოთ. ცომი ორივე მხრიდან ისე მოვკეცოთ, რომ მოკეცილი კიდეები შუში ერთმანეთს შეხვდეს. გავიმეოროდ პროცედურა, კიდევ ერთი პორცია კაკაოს დამატებით და ასე გავაგრძელოთ სანამ ცომის პატარა კვადრატს არ მივიღებთ. 
ცომი  საცხობ ფირფიტის ზომაზე გავაბრტყელოთ და გადავიტანოთ ფირფიტაზე.  ცომი აუცილებლად გააბრტყელეთ და მის გაწელვა ნუ შეეცდებით, ცხობისას განაწელი ცომი, შეიკუმშება და თავდაპირველ ზომას დაუბრუნდება. ცომი მთელ ზედაპირზე დავჩხვლიტოთ ჩანდლით (ზედმეტად რომ არ გაფუვდეს). თავზე პერგამენტის ქაღალდი დავაფაროთ, ზემოდან სიმძიმისთვის მეორე საცხობი ფორმა დავადგათ და ღუმელში 10-15 წუთით შევდგათ, სანამ ცომი ფერს არ შეიცვლის. ცომს სიმძიმე ავაცალოთ და ისევ ღუმელში შევაბრუნოთ კიდევ 15 წუთით. რომ გამოცხვება, გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ.
სანამ ცომი გრილდება, კრემი მოვამზადოთ. ნაკლებადცხიმიანი ნაღები სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ და შევაცხელოთ (თითს რომ გვწვავდეს ისე). დავასხათ დატეხილ შავ შოკოლადს, მოვურიოთ და შოკოლადი რომ გადნება, შევაგრილოთ. ცხიმიანი ნაღები მიქსერით კარგად ავთქვიფოთ და გადავურიოთ გამდნარი და გაცივებული შოკოლადი. დავუმატოთ ლიქიორი.
ცომი რომ გაცივდება დავჭრათ პატარა მართკუთხედებად. კრემი ჩავასხათ საკონდიტრო ტომსიკაში და ცომის მართკუთხედი დავკრემოთ (შეგგიძლიათ პირდაპირ დანითაც წაუსვათ). კრემზე ზევიდან მაყვალი დავალგოთ და მაყვლებს შორის ადგილები კრემით ამოვავსოთ. თავზე შოკოლადის ცომის მეორე კვადრატი დავაფაროთ. მოვაყაროთ შაქრის პუდრა და კაკაო. დარჩენილი ბისკვიტებიც იგივენაირდ მოვრთოთ. ცოტაოდენ მაყვალს ლიქიორი მოვასხათ და ნამცხვრის ნაჭრები ლიქიორიანი მაყვლით გავაფორმოთ.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


მოკლედ, მყუდროდ დასვენების მსურველთათვის...

Approved by Gourmet Guide


მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებასაც საკმაოდ სწრაფად ვღებულობ და მოულოდნელად მიღებულ მიპატიჟებაზე დაუზარლად ვდგები და სახლიდან ნებისმიერ დროს და ამინდში უპრობლემოდ გავდივარ ხოლმე, თბილისის დატოვება და დასასვენებლად სადმე წასვლა ყოველთვის ძალიან მეძნელება. იმიტომ კი არა, რომ მოგზაურობა არ მიყვარს, ან ახალი და უცნობი ადგილების მეშინია - უბრალოდ, ყველაზე კარგად საკუთარ სახლში და საკუთარ საწოლზე ვისვენებ. და, არც დაღლილობას ვუჩივი მაინცდამაინც. მე დასვენება არ მჭირდება, გარეთ ან სხვაგან გასართობად მინდა წავლა.
ერთი სიტყვით, მორიგი საშვებულებო სეზონის დადგომასთან ერთად, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი საკუთარ შესაძლებლობებს და ახალი და ჩემთვის საინტერესო შთაბეჭდილებებისთვის განვემზადე.
საკუთარი თავის გართობაზე ზრუნვაში ინტერნეტ სივრცეში გავინავარდე და არაორდინალური დასვენების მსურველთათვის მეტად საჭირო ინფორმაციას გადავაწყდი. თურმე, ჟურნალ „Forbes“-ს არ დაზარებია და მოფლიოს ყველაზე უცნაური სასტუმროების სია გამოუქვეყნებია.
მაშ ასე:
ვისაც სურვილი გაქვთ, რომ „შინაური“ მღრღნელის ბედი გაიზიაროთ და პატარა ზაზუნას ცხოვრებისეული პერიპეტიები საკუთარ თავზე გამოსცადოთ, ნანტში (საფრანგეთი) ზაზუნას ვილას უნდა ესტუმროთ.
2009 წლის ოქტომბერში არქიტექტორმა იან ფალკერომ და ინტერიერის დიზაინერმა ფრედერიკ ტაბარიმ სამხრეთ საფრანგეთში სატუმრო La Villa Hamster“- გახსნეს. სასტუმროს ერთადერთ ნომერში, რომელიც 16 კვადრატულ მეტრს მოიცავს, მისი ავტორების თვალსაზრისით ყველაფერია იმისთვის, რომ ნებიემიერმა სტუმარმა თავი ჭეშმარიტ ზაზუნად იგრძნოს.
XVIII საუკუნის ქვითნაშენი შენობის ერთ ნაწილში განთავსებულ სასტუმროში ზაზუნობის მსურველებს ხორბლის კონტეინერი, სასმელი წყლით სავსე რკინის კასრი, საწოლი (რომლამდეც ჰაერში გამოკიდებული ვიწრო რკინი კიბის გარეშე ვერ მოხვდებით) ელოდებათ. სრულიად ჩვეულებრივი აბაზანის ზემოთ ხის ძელებია გადებული, რომლებზეც დიზაინერების ჩანაფიქრით, სურვილის შემთხვევაში, დედიშობილად ცოცვა შეიძლება. სასტუმროს მეპატრონეების მთავარი სიამაყის საგანი კი 2 მეტრი დიამეტრის რკინის ბორბალი გახლავთ, რომელშიც 2 დამსვენებელი თავიუფლად ირბენს. სასტუმროში დარჩენის ყველა მსურველს, დამხვდურები ეგრევე ზაზუნის ფორმის მორგებას და ზემოხენებული ბორბალის დატრიალებას სთაბაზობენ...
უშრომლად და უსაფრთხოდ (ვითომ?) დაივინგის მოყვარულების ოცნება ფიჯიზე ახდა: მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო „Poseidon Undersea Resort“-ის გახსნა მხლოდ  2010 წლი 15 ოქტომბრისთვის იგეგმებოდა, 2009 წლის სექტემბერში მისი ყველა ნომერი უკვე წინასწარ იყო დაჯავშნული.
სასტუმროს მოხვედრის მსურველებს ნადიში კერძო თვითფრინავის პილოტი ელოდება და დამსვენებლები კუნძულ პოსეიდონზე გადაყავს, სადაც ოდესღაც მოქმედი ვულკანი მძვინვარებდა. თავად სასტუმრო 48 ბუნგალოსგან შედგება, მაგრამ მისი ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი ნაწილი, წყლის ქვეშ, 15 მეტრის სიღრმეზე, 1962 წლის წყალქვეშა სადგურის ტერიტორიაზე მდებარეობს. დაივინგის მოყვარუულებს, ღია ზღვის ხედებით ტკბობა 10X5 მეტრზე 24 ოთახ-კაფსულასა და ერთიც ფეშენებელური ლუქსის, „ნაუტილუსიდან“ გაუსვლელად შეუძლიათ. ოთახები საერთო კორიდორს უერთდება, მაგრამ კლიენტის სურვილი შემთხვევაში, თითოეული კაფსულა გამოეყოფა დერეფანს და დამოუკიდებლად ამოდის წყლის ზედაპირზე.
ნუდისტების და სვინგერების სამოთხე იამაიკის მიწაზეა. სასტუმროების „Hedonism II“-სა და „Hedonism III“-ი სტუმრები სატუმროს ტერიტორიაზე ნახევრად ან სრულიად დედიშობილები დაიარებიან, გამჭვირვალე ჟაკუზებში ჭყუმპალაობენ და პლიაჟზე გამართულ კოლექტიურ ორგიებში ხალისით მონაწილეობენ (მემგონი, ნუდისტების კი არა, ქართველი კაცების სამოთხეა, ყოველ შემთხვევაში, მათი წარმოდგენით მაინც). აქ სექსი ყველასთან შეიძლება, მომსახურე პერსონალის ჩათვლით - მით უმეტეს, რომ მოახლეები ნომრებს მოკლე ტყავის ბოლოკაბებს, ტყავი ლიფებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწკეპილები ალაგებენ. რაღა გასაკვირია, რომ ამ სასტუმროებში ბავშვებიან კლიენტებს არ უშვებენ.
თანამედროვე ხელოვნებისა და მისტერიების მოყვარულებს გერმანიაში ელიან. „Propeller Island City Lodge“-ი  გერმანელი მხატვარი ლარს სტროშენის ქმნილებაა, რომელმაც სანამ სატუმროს დიზაინით დაკავდებოდა, სახელი ხმოვანი სკულპტურებისა და აუდიოვიზუალური კონცეფციების შემუშავებით გაითქვა. ბერლინში მდებარე სასტუმრო, რომელიც ავტორის ჩანაფიქრით, სატუმროზე მეტად მუზეუმია, „დამთვალიერებელს“ ხელოვნების ნიმუშების სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს და 45 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ნომრისაგან შედგება. ასე რომ, ერთიანად დამსვენებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული ღამეს ციცაბო იატაკზე გაატარებს თუ ჰაერში ჩამოკიდებულ საწოლზე, ან იმ ოთახში, სადაც ავეჯი ჭერიდანაა გადმოკიდებული, ან სულაც კომფორტულ კუბოსა თუ ლაბირინთში დაკარგულ საძილე ტომარაში მოისვენებს.
თანაც, ოთახების მორთულობა იმდენად მტვრევადი და ნაზი მასალისგანაა დამზადებული, რომ სტუმარს ნომრის გასაღებთან ერთად ნივთებით სარგებლობისა და ოთახში ქცევის საგანგებო ინსტრუქცია აძლევენ. მაგალითად, კუბოში გამოძინების მურველს, უმორჩილესად თხოვენ, რომ მისი თავსახური არ მიაჯახუნოს.
ოთახების ფასი, ზომიდან და ინტერიერიდან გამომდინარე 90-დან 150 დოლარამდე მერყეობს.
ხეზე ყვავის ბუდესავით გაშენებული ფაცხებით დღეს ვისღა გააკვირვებ, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტყის სატუმრო ჩრდილოეთ ბრაზილიაში, რიო-ნეგროს (ამაზინის ერთ-ერთი შენაკადის) ნაპირზე მდებარეობს. „Ariau Amazon Towers“ რვა 15 მეტრის სიმაღლეზე ხეზე გამოკიდებული კოშკისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ერთიანობაში 8 კილომეტრი სიგრძის დაკიდებული ბილიკებითაა დაკავშირებული. კოშკებს კი ირგვლივ უთვალავი თევზი, თუთიყუში, სხვადასხვა ჯიშის, როგორც სასტუმროს პერსონალი ირწმუნება, მეგობრული მაიმუნები და თვით ვარდისფერი დელფინებიც კი ახვევია. თანაც, თურმე ცხელი კლიმატისდა მიუხედავად, იქაური წყლის მაღალი მჟავიანობის გამო კოღოები არ ყოფილან საერთოდ.
მართალია, მე ვერ ვხვდები საკანალიზაციო მილში ღამი გათევისკენ გული ვის უნდა მიუწევდეს, მაგრამ რადგან ასეთი სატუმროც არსებობს, ე.ი კლიენტებიც ყავს. მით უმეტეს, სადმე დასაკარგავში კი არა, შუაგულ ევროპაში, უფრო მეტიც - ავსტრიაში, ვენიდან სულ რაღაც 190 კილომეტრში, ქალაქი ოტენსჰაიმის პარკში. ერთი სიტყვით, ამ სატუმროს ნომრები ქალაქის კანალიზაციის ქსელისთვის განკუთვნილ ბეტონის მილებშია მოთავსებული. „Dasparkhotel“-ი მსურველებს ყოველი წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით სთავაზობს, როგორც ამბობენ, საკმაოდ კომფორტულ და კეთილმოწყობილ „ოთახებს“ დღის განათებით, ორადგილიანი საწოლით, მაგიდის ნათურითა და პატარა კარადით. აბაზანა და კაფე კი შორიახლო მილებშია განლაგებული.
საკანალიზაციო მილში „დასვენების“ მთავარი სიამოვნება კი იმაში მდგომარეობს, რომ ნომერი ზუსტად იმდენი ღირს, რამდენის გადახდაც შეგიძლია. ანუ, საფასურს კლიენტი თავისი ნება-სურვილით იხდის.
ალბათ არის რაღაც ლოგიკური იმაში, რომ სწორედ ავტრალიელებმა გახსნეს ციხეში სასტუმრო. მოგეხენებათ, თეთრკანიანების უმრავლესობა ამ კონტინენტზე სწორედ ციხისა და კატორღის გავლით მოხვდა.
პატარა ავსტრალიური ქალაქის მაუნთ-გამბიეს ციხეში 1866-დან 1995 წლამდე სხვა პატიმრები მხარდამხარ, ძირითადად მოძალადეები და მკვლელები იხდიდნენ სასჯელს, ახლა კი კამერებში მათი ადგილი საკუთარი ნებით დაიკავეს ტურისტებმა. სასტუმრო The Jail ერთდროულად 99 დამსვენებელ-პატიმარს ღებულობს და მათთვის ორ, ოთხ და ათადგილიანი გალიები აქვთ გამზადებული. გარე სამყაროსგან დამალვის მსურველებს კი ერთადგილიან კარცერსაც სთავაზობენ.
კოსტა-რიკაში 1965 წელს ჩამოწერილი ბოინგი 727 ჯართში ჩაბარების ნაცვლად, გადაღებეს, შეარემონტეს, 50 ფუტის სიმაღლის ქვის პოსტამენტზე შემოდგეს და „727 Fuselage Home“-ად წოდებული შესანიშნავი ლუქსი გააკეთეს. სასტუმრო-თვითფრინავი სან-ხოსედან 180 კილომეტრში, კოსტა-ვერდეს ეროვნულ პარკშია წამოჭიმული ამაყად, 20 მეტრის სიმაღლეზე. საგანგებოდ გამაგრებულ ბოინგში კუნძული იავადან ჩამოტანილი ხელით ნაკეთი ტიკის ხის ავეჯით გამოწყობილი და იმავე ხით მოჭედილი მინი სამზარეულო, სასადილო ოთახი, ორი საძინებელი, ორი პირადი აბაზანა, უზარმაზარი ლოგინები, უზარმაზარი ტელევიზორები და გარეშე თვალისაგან მოფარებული ხის დახვეული კიბეც კია მოთავსებული. თვითფრინავის ფრთაზე  მიშენებული ტერასიდან კი გარშემო მდებარე ტროპიკული ტყის და ოკეანის შესანიშნავი ხედი მოსჩანს.
უკვე ოცი წელია, ყოველ ზამთარს შვედეთში, ქალაქ ოუკასიარვისთან ახლოს, პოლარული წრიდან სულ რაღაც 200 კილომეტრში ყინულის ბლოკებისგან სატუმრო „Icehotel“-ს აშენებენ. თანაც, მშენებლობაზე ყოველ წელს ახალ-ახალი არქიტექტორები და დიზაინერები მოყავთ - შესაბამისად, მუდმივ კლიენტებს (თუმცა, ეჭვი მეპარება, ასეთები არებობდნენ) ყოველ ზამთარს სურპრიზი ელოდებათ. 20 წლის წინ სასტუმროს ფართობი სულ რაღაც 60 კვადრატული მეტრი იყო, დღეს კი, უკაცრავად, დღეს ნამდვილად გამდნარია - გასულ ზამთარს ყინულის სასახლე 5500 კვ.მ-ზე იყო გადაჭიმული.
სასტუმროს მუდმივი ტემპერატურა მინუს 5-10 გრადუსს შორის მერყეობს, ამიტომ ერთ ღამეზე მეტის გატარებას სასტუმროში არავის ურჩევენ. მით უმეტეს, რომ წინდახედულ ყინულის სასტუმროს მეპატრონეებს, იქვე ჩვეულებრივი, გათბობიანი სასტუმროც აქვთ გახსნილი.
შვედები დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით ყოველდღიურად დაახლოებით 100 გაყინვის მსურველს მასპინძლობენ, რამაც დანარჩენი ცივი ქვეყნები ისე წაახალისა, რომ მსგავსი სასტუმროები სასწრაფოდ გაიხნა ნორვეგიაში, რუმინეთსა და კანადაში.
თითო ყინულის საახლის მშენებლობაზე კი 30 ათასი ტონა თოვლი და 10 ათასი ტონა ყინული იხრჯება...
ამ სიცხეში ბრაზილიის ჯუნგლებში ხეზე ჩამოკონწიალებული ან  ირმის ტყავში გახვეული და ყინულის სარეცელზე ნებივრად წამოგორებული ჩემი თავი რომ წარმოვიდგინე, გულმა ისევ საკუთარი უზარმაზარი, გემრიელი, ორთოპედულლეიბიანი ლოგინისკენ გამიწია, როგორც ჩანს, ასეთი ავანტიურისთვის ან მზად არ ვარ და ან ასაკიც თავისას შვება...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მეტრი პოპინსი