ტირამისუ ქოთანში

Approved by Mary Poppins


ტირამისუ ქოთანში, რასაკვირველია ჰესტონ ბლუმენთალისგანაა, აბა სხვას ვის მოაფიქრდებოდა ამისთანა მარტივი და ეფექტური „სიგიჟე“?!
ერთი სიტყვით, ამ რეცეპტში ტირამისუს ტრადიციული ინგრედიენტების გარდა, ახალ-უხმარი კერამიკის ქოთნები და ახალდაკრეფილი პიტნის ან რეჰანის ტოტები დაგჭირდებათ.

კრისტალიზირებული შავი შოკოლადისთვის: 200 გრ შაქარი, 80 გრ წვრილად დაჭრილი შავი შოკოლადი (კაკაოს მინიმუმ 60% შემცველობით)
დაკარამელებული Grape Nut-ისათვის (Grape Nut მიუსლის ტიპის მზა საუზმე, რომელიც შეგიძლათ შეცვალოთ ნებისმიწრი წვრილად დაჭრილი კაკლით): 50 გრ Grape Nut, ¼ ჩ/კ მარილი, 15 გრ ლერწმის შაქარი
შოკოლადის მიწისთვის: 60 გრ თეთრი შოკოლადი, 20 გრ კაკაო, უკვე დაკარამელებული და უხეშად დაჭრილი Grape Nut, ½ ჩ/კ მარილი, 60 მლ თხილის ზეთი, უკვე მომზადებული კრისტალიზირებული შავი შოკოლადი
შოკოლადი ფენებითვის: 250 გრ შავი შოკოლადი (კაკაოს მინიმუმ 60% შემცველობით)
მარსალა კრემისთვის: 3 დიდი ზომის კვერცხი, 50 გრ შაქრი პუდრა, 300 გრ მასკარპონე, 200 მლ ცხიმიანი ნაღები, 60 მლ მარსალა, 1,5 გრ ჟელატინი (წყალში დამბალი)
ბისკვიტებისათვის: 24 ცალი ბისკვიტი „ქალის თითები“, 400 მლ წყალზე დაყენებული 150 გრ დაფქული ყავა, 100 მლ მარსალა
მოსართავად - რეჰანისა და პიტნის ტოტები
დაკრიტალებული შავი შოკოლადისათვის ქვაბში მოვათავსოთ 75 მლ წყალი და შაქარი და შემოვდგათ მაღალ ცეცხლზე. ვადუღოთ სანამ სიროპის ტემპერატურა 135°C-ს არ მიაღწევს ან სიროპი კიდეებში გაოქროსფერებას არ დაიწყებს. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ეგრევე ჩავყაროთ დაჭრილი შოკოლადი. ვურიოთ, სანამ მთელი მასა არ დაკრისტალდება. დაკრისტალებული შოკოლადი პერგამენტდაფენილ საცხობ ფირფიტაზე გადმოვყაროთ და ბოლომდე გავაგრილოთ. ასეთი შოკოლადი ერთ თვემდე ინახება. კაკალი (მაგალითად, თხილი, ნიგოზი, ბუსტუღი ან ნუში ან მათი ნარევი) დასაკარამელებლად ტაფაზე დავყაროთ და დაახლოებით 4 წუთი მაღალ ტემპერატურაზე ვხალოთ, თან ვურიოთ ხოლმე. დავუმატოთ მარილი და კიდევ ერთი წუთი ვხალოთ. მოვაყაროთ შაქარი და სამზარეულოს ნიჩბით ვურიოთ სანამ კაკალი არ დაკარამელდება. დაკარამელებული კაკალიც პერგამენტდაფენილ ლანგარზე გადმოვყაროთ და ოთახის ტემპერატურამდე გავაგრილოთ. თეთრი შოკოლადის დასაკარამელებლად ღუმელი 190°C-მდე გავახუროთ. შოკოლადი პერგამენტდაფენილ საცხობ ფირფიტაზე მოვათავსოთ და ღუმელში შევდგათ. 5 წუთის მერე ყოვე 2 წუთში ერთხელ გადავურიოთ ხოლმე სანამ საბოლოოდ არ დაკარამელდება. დაკრისტალებული შავი შოკოლადი, დაკარამელებული თხილი და დაკარამელებული თეთრი შოკოლადი და კაკაო ერთმანეთში გადავურიოთ, ბოლოს ზეთი და მარილიც დავუმატოთ. ჩვენი მიწა მზადაა.
შოკოლადის ფენებისთვის შავი შოკოლადი დავამტვრიოთ და მდუღარე წყლის აბაზანაზე გავადნოთ. გამდნარი შოკოლადი პერგამენტის ქაღალდზე ან სილიკონის სინზე დავასხათ და თანაბარ თხელ ფენად გავშალოთ. შევდგათ საყინულეში 10 წუთით. ცომის საჭრელი მრგვალი ფორმით ჩვენს შერჩეულ ქოთანში რომ ჩაეტევა იმ ზომის შოკოლადის 4 დისკი ამოვჭრათ და მაცივარში შევინახოთ. (შეგიძლიათ ტირამისუ პორციულ პატარა ქოთნებში გააკეთოთ, მაშინ იმდენჯერ 4 დისკი გამოჭერით, რამდენი ქოთანიც გაქვთ).
მარსალა კრემის მოსამზადებლად, კვერცხისა და შაქრისაგან ავთქვიფოთ კარგი გოგლი-მოგლი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ ნაღები, მასკარპონე და მარსალა, სანამ კრემი ფორმის შენარჩუნება არ დაიწყებს. ნელ-ნელა, სამ პორციად დავუმატოთ გოგლი-მოგლი. 5 ს/კ კრემი პატარა ჯამში გადავიტანოთ, გადავწუროთ დამბალი ჟელატინი და გავალღვოთ ცეცხლზე. გამდნარი ჟელატინი მარსალას კრემის ძირითად მასას გადავურიოთ.
პეჩენია „ქალის თითები“ ბრტყელ ჭურჭელში მოვათავსოთ. ყავა და მარსალა ერთამენთში გადავურიოთ და ნაწილი მოვაწუწოთ პეჩენიებს. 1 წუთის განმავლობაში ჩალბობა ვაცალოთ და მერე დარჩენილი ყავაც მოვასხათ.
ტირამისუს ასაწყობად, შოკოლადის დისკი მოვათავსოთ ქოთნის ფკერზე. თავზე ცოტაოდენი დამბალი პეჩენია დავაყაროთ. შემდეგ მარსალას კრემი. მერე ისევ შოკოლადის დისკი, და ისევ მარსალას კრემი. კიდევ ერთი დისკი და კრემის საბოლოო ფენა. შევდგათ მაცივარში მინიმუმ 2 საათით. ჭამის წინ კრემით ამოვსებულ ქოთანს დაკრისტალებული შოკოლადი ფენა მოვაყაროთ და პიტნის ან რეჰანის ტოტი „ჩავრგოთ“. სანამ „მიწაში“ ჩავრგავთ, სასურველია ტოტის ძირი გამდნარ შოკოლადში ამოვავლოთ და გავაშროთ (პიტნის ან რეჰანის გემო კრემში რომ არ გადავიდეს).




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment