Blanc Manger aux Poires - ბლომანჟე მსხლით

Approved by Mary Poppins


რადგან ფრანგულ დესერტებზე ჩამოვარდა საუბარი, მე-20 საუკუნი 80-იან წლებში ჩვენში ასე პოპულარული ბლომანჟისთვის გვერდის ავლა ცოტა უხერხული იქნებოდა და ამიტომ მისი ფრანგულად დახვეწილი და საკმაოდ საზეიმო ვერსია შევარჩიე მარი-ანტუან კარემის მიმდევრისა და მისი დიდი თაყვანისმცემლის, ერიკ ლანლარდის რეცეპტებიდან.  

Blanc Manger aux Poires
მოთუშული მსხლებისთვის: 6 მაგარი მსხალი, 1 ლიმონის წვენი, 500 გრ შაქარი, 300 მლ თაფლი, მწიკვი პილპილი, 1 ვანილის ჩხირი, 1 დარიჩინის ჩხირი, 3 მიხაკი, 2 ვარსკვლავა ანისულა, 4 ფირფიტა ჟელატინი
ბლომანჟესათვის: 750 მლ რძე, 125 გრ დაფქული ნუში, 100 გრ შაქარი, 1 ვანილის ჩხირი, 2 კვერცხის გული, 2 წვეთი ნუშის ესენცია, 100 მლ წყალში ჩამბალი 8 ფირფიტა ჟელატინი
ბლომანჟეს მომზადებამდე ერთი დღით ადრე, გავთალოთ მსხლები (მაგრამ ყუნწი დავუტოვოთ, ასე უფრო ლამაზია), გავჭრათ შუაზე, გული ამოვაჭრათ და ჩავალაგოთ ქვაბში 1,5 ლ წყალთან, ლიმონის წვენთან, შაქართან, თაფლთან და სანელებლებთან ერთად. შემოვდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 10 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და მთელი ღამე დავტოვოთ ქვაბში, მსხალი სანელებლების არომატით კარგად რომ გაიჟღინთოს.
მომდევნო დღეს, მსხალი სიროპოდან ამოვალაგოთ და 150 მლ სიროპი ცალკე შევინახოთ (უკვე მზა ბლომანჟეზე მოსასხმელად გამოგვადგება). ჟელატინის 4 ფირფიტა 50 მლ ცივ წყალში ჩავალბოთ, ცეცხლზე გავადნოთ და დარჩენილ სიროპში გადავურიოთ. მსხლები ლამაზად ჩავალაგოთ ფორმაში, თავზე ჟელატინიანი სიროპი დავასხათ და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 1 საათით შესადედებლად.
ამასობაში მოვამზადოთ ბლომანჟე. გავაცხელოთ რძე, დავუმატოთ დაფქული ნუში, შაქრის ნახევარი, ვანილის ჩხირიდან გამოფხეკილი თესლები და ნუშის ესენცია. კარგად მოვურიოთ. კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქრის დარჩენილ ნახევართან ერთად და ისიც ცხელ რძეში ჩავათქვიფოთ. ჩამბალი ჟელატინი გადავწუროთ, ცეცხლზე გავადნოთ და დავუმატოთ რძეს და გადავდგათ გვერდზე ბოლომდე გასაგრილებლად. მსხლის სიროპი რომ შედედდება, ნუშიანი რძე წვრილ საცერზე გადავწუროთ და ჩავასხათ მსხლებიან ფორმაში და მაცივარში შევაბრუნოთ მთელი ღამით.
ჭამის წინ, გადანახული მხლის სიროპი ცოტა ხანი ვადუღოთ, სანამ სოუსის კონსისტენციამდე არ შესქელდება. ბლომანჟე ფორმიდან ამოვიღოთ, თავზე სოუსი მოვასხათ და გემრიელად მივირთათ!




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment