Мне бы ваши заботы...

Approved by Mary Poppins


ვინც ამ ბლოგს ხშირად კითხულობს, ალბათ შეამჩნევდა, რომ ამერიკელების მიმართ მაინცდამაინც დიდი სიმპატიით არ ვარ გამსჭვალული. არა, არაფერს ვერჩი და სიძულვილის მიზეზიც არ მაქვს, უბრალოდ, არ მიყვარს. განსაკუთრებით მას მერე, რაც გავიგე, რომ სასწავლო პროგრამიდან მარკ ტვენი მხოლოდ იმიტომ ამოიღეს, რომ თავის ნაწარმოებებში აფრო-ამერიკელებს ზანგებს ეძახდა. საბრალო მარკ ტვენი, აბა, რას იფიქრებდა, რომ სულ რაღაც ასიოდე წელიწადში დემოკრატიის და თავისუფლების შუქურად ცნობილი ერი ისე დაკომპლექდებოდა, რომ ჰარვარდის მეცნიერებიც კი ვერ გაბედავდნენ ინტერვიუში შავკანიანის ან ზანგის ხსენებას: „ის სიტყვა ეწერა, აი, ის ხომ იცით,  და სასწავლო პროგრამიდან ამოვიღეთ, სხვა რა გზა გვქონდაო“ და არიქა, ქრისტეშობის მილოცვით სხვა რელიგიის წარმომადგენლებმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნონო და ფრაზას „სეზონური დღესასწაულებს“ შემოიღებდნენ, სააღდგომო კვერცხებს კი უბრალოდ მოხატულ კვერცხებ უწოდებდნენ. და, ვინ არის ახლა დაჩაგრული? უმრავლესობა - თეთრკანიანი და ქრისტიანი.
ამერიკელებს, რომ ფსიქოლოგიაში რაღაც კარგად ვეღარ აქვთ, ამის კიდევ ერთ დადასტურებას ამა წინათ გადავაწყდი: ჟურნალმა „Intriguer“-მა 3500 მკითხველი გამოკითხა, რომ გაერკვია მაოფლიოში დომინანტი ერის მოსახლეობას რომელი საჭმლის, ბოსტნეულის ან ხილის გარეგნული იერი აშინებდა ყველაზე მეტად!
აჰა, თავად გამოკითხვის თემა როგორ მოგწონთ? კარგია, ქვეყანაში სხვა პრობლემა თუ არაფერი აქვთ. მაგრამ თავად ხილის და ბოტნეულის შიშის სინდრომის არსებობაზე რას იტყვით? თუ გეგულებათ ერთი ქართველი მაინც, რომელსაც რომელიმე ხილი შეაშინებს? მაგრამ, კითხვა არაფერია პასუხებთან შედარებით.
10 ადგილი - ნახევრად შემწვარი ანუ სისხლიანი ხორცის მხოლოდ ამერიკელთა 1,5%- ეშინია;
9 ადგილი - ჭარხალი, თურმე დეპრესიულად გამოიყურება(!);
8 ადგილი - ლიმონის ჟელეს დანახვაზე ამერიკელებს კარიერული ვერზრდის შიში ეუფლებათ;
7 ადგილი - კანაპე შავი პურით, გახეხილი მოხარშული კვერცხითა და ლორით თურმე საერთაშორისო ტერორიზმზე მოგონებებს აღვიძებს;
6 ადგილი - ჩინური და იაპონური რესტორნების საჭმელი - კაცმა არ იცის რას გაჭმევენ...
სხვათა შორის, აი, ეს შიში ჩვენებსაც აქვს. ჩემი თანამშრომელი დიდხანს არ მიმყვებოდა შარდენზე ჩინურ რესტორანში, ბაყაყის ხორცს მაჭმევენო. ოჯახის ყველა წევრის სათითაოდ დაფიცება დამჭირდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ბაყაყს თუ არ შეუკვეთავდა, მოტყუებით არ შემოაპარებდნენ. ბაყაყი რომ მენიუში საერთოდ არ იყოს, ბოლომდე არ დამიჯერა.
5 ადგილი - ქოქოსი;
4 ადგილი - ალკოქოლის ბოთლი დასპირტული გველებით და მორიელებით;
3 ადგილი - პელმენები. რესპოდენტების უმეტესობამ აღიარა, რომ სწორედ პელმენში ხედავენ ყველაზე საშინელი კოშმარული სიზმრების მონსტრებსა და დემონებს;
2 ადგილი - ქინძი. გამოკითხულთა 40%-მა განაცხადა, რომ ასეთი პროდუქტი გაგონილიც არ აქვთ და მისი სახელისაც კი ეშინიათ; არადა, ამერიკულად (დიახ, დიახ, ბრიტანელები დანარჩენი მსოფლიოსავით კორიანდრად მოიხენიებენ) სრულიად უწყინარი სილანტრო ქვია. 
1 ადგილი - საზამთრო. გამოკითხულთა 60%-მა (!) გამოაცხადა, რომ მისი კამუფლიაჟური შეფერილობა არანორმალურად აშინებთ და შეიარაღებული კონფქლიქტები და ომები ახენდებათ. მაგრამ თურმე, გაფატრული საზამთროსი კიდევ უფრო ეშინიათ, რომელიც სისხლიანი ურჩხულის დაღებულ პირს გავს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment