ვანილის ჩიზქეიქი კენკრის კომპოტით

Approved by Mary Poppins


საერთოდ ჩიზქეიქების ორი ტიპი არსებობს: გამომცხვარი და უმი. ორივე საკმაოდ მარტივად და უპრობლემოდ მზადდება, მთავარი სირთულე კი ჩვენთვის მისთვის საჭირო ნაღების ყველის შოვნაა. რიკოტაც და ფილადელფიაც ჯერ-ჯერობით პრაკტიკულად მიუწვდომელია, მხოლოდ მასკარპონე იყიდება „გუდვილში“ და ისიც სეზონურად. მაგრამ, ბედნიერი მომავლის იმედით ამ მშვენიერი და მართლაც უმარტივესი (სულ 15 წუთში მზადდება) ნამცხვრის რეცეპტს მაინც შემოგთავაზებთ.

ვანილის ჩიზქეიქი კენკრის კომპოტით
(გორდონ რამზის რეცეპტებიდან)

8 პორცია
ბისკვიტითვის: 8 ცალი დდი ზომის ფხვიერი პეჩენია, 6 ს/კ შაქარი, 75 გრ კარაქი
კენკრის კომპოტისთვის: 200 გრ მოცვი, 100 გრ დაჭრილი მარწყვი, 2 ს/კ შაქარი, ცოტაოდენი შავი მოცხრის ლიქიორი crème de casis
კრემისთვის: 400 გრ ნაღების ყველი (მაგალითად ფილადელფია ან მასკარპონე), 6 ს/კ შაქრის პუდრა, ½ ლიმონის წვენი, 1 ვანილის ჩხირი შუაზე გაჭრილი, 600 მლ ცხიმიანი ნაღები, შაქრის პუდრა ზევიდან მოსაყრელად, პიტნის ფოთლები მოსართავად
ბისკვიტისთვის პეჩენიები დავაბლენდეროთ ან დავფშვანათ ძალიან წვრილად. სქელძირიან პატარა ტაფაზე გავადნოთ შაქარი და სიროპი დაკარამელებას რომ დაიწყებს დავუმატოთ კარაქი, ტაფა შევანჯღრიოთ. კარაქი რომ გადნება, კარამელს დავუმატოთ დაფხვნილი პეჩენიაც და ნაფხვენები კარგად ამოვგანგლოთ. გადმოვიღოთ თეფშზე და გავაგრილოთ. მერე უხეშად დავფშვნათ.
ტაფაზე დავყაროთ 2 ს/კ შაქარი, დავუმატოთ ლიქიორი და ხილი და საშუალო ცეცხლზე რამდენიმე წუთი ვთუშოთ (სანამ მოცვი ოდნავ არ დარბილდება). გავაგრილოთ.
ვანილის კრემისთვის ყველი დიდი ზომის ჯამში მოვათავსოთ. დავუმატოთ ვანილის ჩხირიდან გამოფხეკილი თესლი, შაქრის პუდრა და კარგად გადავურიოთ. დავუმატოთ ლიმონიც. მეორე ჯამში ავთქვიფოთ ნაღები და შესქელებას როგორც კი დაიწყებს გადავურიოთ ყველში.
კრემი თეფშზე დადგმულ უფსკერო საკონდიტრო ლითონის რგოლში ჩავასხათ (ამ ხელსაწყოს შეფის რგოლებს ეძახიან) ფორმა რომ შეინარჩუნოს, რგოლი მოვხსნათ. კრემს დაკარამელებული პეჩენია და შაქრის პუდრა მოვაყაროთ, ირგვლივ კი ხილის კომპოტი მოვასხათ. გავაფორმოთ პიტნის ფოთლებით და რასაკვირველია, გემრიელად მივირთვათ.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment