სამფერიანი ნაყინის ტორტი 4 ივლისის წვეულებისთვის

Approved by Mary Poppins


ვისაც ამერიკელებთან მუშაობა უწევს, ან გულში ამერიკელებისადმი ტრფობა და ამ ქვეყნის ტრადიციებით ცხოვრების სურვილი უდევს, 4 ივლისის საზეიმო სადილს (ისევე, როგორც მადლიერების და კოლუმბის დღეს) ვერსად გაექცევა. ჰოდა, მეც მშვენიერი და ამ დღისათვის სავალდებულო-აუცილებელ-პატრიოტული ტრიკოლორი (ანუ ამერიკის დროშის ფერებში) ნაყინის ტორტი შევარჩიე.

წითელ-თეთრ-ლურჯი ნაყინის ტორტი

სანამ ტორტის მზადებაზე გადავალთ, 2 შერბეთი და 1 ნაყინი უნდა დავამზადოთ.
მარწყვის შერბეთი: ¾ ჭ შაქარი, 6 ს/კ წყალი, ¼ ჩ/კ მარილი, 700 გრ  გარეცხილი, გარჩეული და გამშრალი მარწყვი, 3 ს/კ ახალგამოწურული ლიმონის წვენი 
სიროპის მოსადუღებლად საშუალო ცეცხლზე პატარა ქვაბით შემოვდგათ წყალი, შაქარი და მარილი. დაახლოებით 3 წუთი ვადუღოთ და თან ვურიოთ. გასაცივებლად დავდგათ 15 წუთით. ბლენდერში მარწყვის, სიროპისა და ლიმონი წვენისაგან მოვამზადოთ პიურე. გადავწუროთ თხელ საცერზე, ჩავასხათ თავსახურიან ჭურჭელში და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 4 საათით, სასურველია მთელი ღამით. ჩაცივებული პიურე ჩავასხათ ნაყინის გასაკეთებელ მანქანაში. ასეთი მანქანა თუ არ გვაქვს, პიურე ჩავასხათ თავსახურიან პლასტმასის კონტეინერში და 4 საათით შევდგათ საყინულეში. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გამოვიღოთ და მოვურიოთ (ასე შერბეთი ერთგვაროვანი გამოვა და ყინულებს არ გაიკეთებს). 
ლიმონის ნაყინი დაკარამელებული ლიმონის ცედრით: 1 დიდი ზომის კვერცხი, 2 დიდი ზომის კვერცხი გული, 2 ჭ რძე, ¾ ჭ შაქარი, ½ ჩ/კ მარილი, 1 ჭ ჩაცივებული ცხიმიანი ნაღები, ¼ ჭ ახალგამოწურული ლიმონის წვენი, 2 ს/კ დაკარამელებული ლიმონის ცედრა ( ან 1 ს/კ ახალგახეხილი ლიმონის ცედრა)
პატარა ჯამში კარგად ავთქვიფოთ კვერცხი და კვერცხის გულები. საშუალო ზომის ქვაბით საშუალო ცეცხლზე შემოვდგათ რძე, შაქარი, მარილი და ვურიოთ სანამ შაქარი არ გადნება. რძე მივიყვანოთ დუღილამდე, მაგრამ ნუ ავადუღებთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ძალიან წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ათქვეფილ კვერცხებში, თან სწრაფად ვურიოთ, ცხელი რძისგან კვერცხი რომ არ მოიხარშოს. კვერცხიანი რძე რძის ქვაბში დავაბრუნოთ და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე. თან ვურიოთ, სანამ მასა არ შესქელდება შესქელებული რძი სისქეზე (დაახლოებით 3-4 წუთი). ყურადღება მიაქციეთ, კრემი არ აგიდუღდეთ, თორემ კვერცხი მოიხარშება, შეიკვრება და საშინელი კვერცხის სუნი აუვა. კრემი ცივ და ფართო ჯამში გადავასხათ და ცოტა შევაგრილოთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. გაგრილებულ კრემში ნაღები ჩავამატოთ, გადავიტანოთ თავსახურიან ჭურჭელში და მინიმუმ 4 საათით და უმჯობესია მთელი ღამით შევდგათ მაცივარში. ჩაცივებულ კრემს დავუმატოთ ლიმონის წვენი და ლიმონის ცედრა. ჩავასხათ ნაყინის გასაკეთებელ მანქანაში. ასეთი მანქანა თუ არ გვაქვს, ჩავასხათ პლასტმასის კონტეინერში და 4 საათით შევდგათ საყინულეში. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გამოვიღოთ და მოვურიოთ  (ასე შერბეთი ერთგვაროვანი გამოვა და ყინულებს არ გაიკეთებს).
მოცვის შერბეთი: 1 ჭ შაქარი, ½ ჭ წყალი, ½ ჩ/კ მარილი, 700 გრ მოცვი, ¼ ჭ ახალდაწურული ლიმონის წვენი
სიროპის მოსადუღებლად საშუალო ცეცხლზე პატარა ქვაბით შემოვდგათ წყალი, შაქარი და მარილი. დაახლოებით 3 წუთი ვადუღოთ და თან ვურიოთ. გასაცივებლად დავდგათ 15 წუთით. ბლენდერში მოცვის, სიროპისა და ლიმონი წვენისაგან მოვამზადოთ პიურე. გადავწუროთ თხელ საცერზე, ჩავასხათ თავსახურიან ჭურჭელში და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 4 საათით, სასურველია მთელი ღამით. ჩაცივებული პიურე ჩავასხათ ნაყინის გასაკეთებელ მანქანაში. ასეთი მანქანა თუ არ გვაქვს, ჩავასხათ პლასტმასის კონტეინერში და 4 საათით შევდგათ საყინულეში. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გამოვიღოთ და მოვურიოთ (ასე შერბეთი ერთგვაროვანი გამოვა და ყინულებს არ გაიკეთებს). 
ახლა თავად ტორტი: 1 პორცია მარწყვის შერბეთი, ¾ ჭ დაფშვნილი შოკოადიანი პეჩენია, 1 პორცია ლიმონი ნაყინი, 1 პორცია მოცვის შერბეთი, ათქვეფილი ცხიმიანი ნაღები, ახალდაკრეფილი კენკრა და პიტნის ფოთლები მოსართავად
23 სმ დიამეტრის გასახსნელი ტორტის ფორმა 1 საათით საყინულეში ჩავაცივოთ. მარწყვის შერბეთი ავთქვიფოთ მიქსერით და რაც შეიძლება სწრაფად გადავიტანოთ ჩაცივებულ ფორმაში, ცივი კოვზის ზურგით მოვასწოროთ, მოვაყაროთ დაფშვნილი პეჩენიის თხელი ფენა, თავზე ცელოფანი გადავაკრათ და მინიმუმ 1 საათით შევდგათ საყინულეში. ავთქვიფოთ ლიმონის ნაყინი, მარწყვის შერბეთს გადავაცალოთ ცელოფანი, დავასხათ ლიმონის ნაყინი, მოვასწოროთ, მოვაყაროთ პეჩენია, გადავაფაროთ ცელოფანი და შევდგათ საყინულეში მინიმუმ 1 საათით.
იგივე პროცედურა გავიმეოროთ მოცვის შერბეთთანაც და ნაყინის ტორტი მთელი ღამით შევდგათ საყინულეში. მეორე დღეს დანა ჩავდოთ მდუღარე წყალში, კარგად გავაცხელოთ, მერე კარგად გავამშრალოთ და შემოვატაროთ ტორტის კიდეზე ძალიან ფრთხილად. ტორტის ფორმას შემოვახსნათ გვერდები, მერე ტორტს ძალიან ფრთხილად დავადოთ წინასწარ კარგად ჩაცივებული შესაბამისი ზომის თეფში და გადმოვაყირავოთ. ძალიან ფრთხილად ავაცალოთ ტორტის ფორმის ფსკერი. თავზე მოვაყაროთ დაფშვნილი პეჩენია, მოვრთოთ ცოცხალი კენკრით და პიტნის ფოთლებით და მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment