Happy Birthday!!!

Approved by Gourmet Guide



30 ნოემბერს ბარბადოსზე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ, „Greenpeace“-ის წარმომადგენლები სპილოს საერთაშორისო დღეს ზეიმობენ, ინფორმატიკოსები და პროგრამისტები გამატებით იცავენ თავის დროზე „მორისის ჭიაყელას“ მიერ დავირუსებულ და აწ ნამკურნალებ ინფორმაციას, ოდესღაც სწორედ ამ დღეს გალილეო გალილეიმ მთვარის ზედაპირის რუკა დახატა, შოტლანდიაში კი პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი გაიმართა, ამ დღის ბედნიერი ვარსკვლავის ქვეშ იშვნენ სვიფტი, ტვენი და ჩერჩილი - ჰერცოგი მალბორო. ეს თარიღი საბედისწერო აღმოჩნდა ოსკარ უაილდისათვის (სული განუტევა).
დღეს ჩვენი ბლოგი ინტერნეტ-სივრცეში გასვლის, არც მეტი, არც ნაკლები, ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს. საკუთარი პირმშოს წარმატების შემხედვარე ბლოგის შემქმნელები კი, სიამაყით აღვსილნი, ფეხზე მდგარნი (ხანგრძლივი ოვაციებით) ხელებს კმაყოფილებით ვიფშვნეტთ და ცუკერბერგისთვის (იხ. ვიკიპედია) შესაშური გაფაციცებით ვაკვირდებით ბლოგის სტუმართა, ვიზიტორთა და შემთხვევით შემოხეტებულთა თვალსა და ხელშუა მზარდ ოდენობას.
სტატისტიკის თანახმად, ბლოგს ყოველ ცისმარე დღეს სულ ცოტა 300-400 ინდივიდუალური მიკთხველი თუ არა, მნახველი მაინც ჰყავს. არადა, შარშან  ბლოგის არსებობის პირველ კვირებში 20 კაცი გვიხაროდა (აქედან ათნი თვითონ ვიყავით და ერთი თვის თავზე მეასე იღბლიანის შემოსვლა ბლოგის საგანგებო შეკრებითა და დიდი ტორტითაც აღვნიშნეთ). ბლოგის მკითხველთა გეგოგრაფიაც გაფართოვდა - რუკაზე ნაჩვენები 255 ქვეყნიდან უმრავლესობა ანთია, ჰონდურასის, ნიკარაგუასა და პერუს ჩათვლით. ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ ქვეყნებშიც ბუდობენ ქართულენოვანი მკითხველები. არა, ჩვენც ვხვდებით, ვიეტნამიდან თუ ერთი ნახვაა დაფიქსირებული, ვიღაც შემთხვევით შემობოდიალდა და დაიბნა ქართული დამწერლობის დანახვაზე, მაგრამ ჯიბუტი ერთ დღეში 16-ჯერ რომ ნათდება, აშკარად მკითხველია.
თუმცა, ასეთი კურიოზებიც ხდება: ჩვენი პირველი უცხოელი სტუმარი ერთი ფინელი გახლდათ, რომელიც ინტერნეტში "სატურნალიებს" ეძებდა და ინფორმაციის დინებამ ჩვენს სტატიასთან გამორიყა. საბრალომ საკუთარი კომპიუტერის ეკრანს დიდხანს უყურა და მერე დახმარებისათვის გუგლის თარჯიმანს მიმართა (საიდან იცითო, იკითხავთ - შეგახსენებთ, რომ ბლოგის ადმინისტრატორებს მის შიდა სამზარეულოზეც მიგვიწვდება ხელი და, კონკრეტულ მისამართებს თუ ვერ ვნახულობთ, ვინ, საიდან და როდის ფუთფუთებს ამისთვის თვალის გადავლება შეგვიძლია). ფინელმა „გუგლის თარჯიმნის“ მეშვეობით სტატია ჯერ ინგლისურად თარგნა და Here Comes სატურნალიები“-ის სტილში შესრულებული შედევრი მიიღო („slaves formally tavisupldebodnen, hierarchy utoldebodnen their patrons, ample picnic sites at one table skhdebodnen, along with singing and nobility slaves unto them, schools were closed because the criminals do not sjidnen.“ და კიდევ უკეთესი: „Pork ghortsi matson in ... Ip, ip, ip... Believe me, ugemrielesia!"). მერე არ დაიზარა და რუსულ ენას მიმართა და უარეს შედეგს მიაღწია („варвар король - вместо раба и бедное животное называется так, террористы были vatss gantevebis Ваци“. გეფიცებით, სიტყვა „ტერორისტი“ არსად არ გვაქვს ნახსენები!). მერე საშველად კანადელ მეგობარს უხმო და მთელი ორი დღე ფუჭად უტრიალა სტატიას. მისი IP მისამართი რომ გვცოდნოდა, მსგავსი გულმოდგინებისთვის არ დავზარდებოდით და თავადვე ვუთარგმნიდით. იმ გაჭირვებული ფინელის საცოდაობით გულდამწვრებს მხოლოდ ის გვახარებდა, რომ ბლოგზე მისი აქტიური მოღვაწეობის წყალობით, ჩვენი რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა.
ჩვენს არნახულ პოპულარობას (დაგვიჯერეთ, ქართულენოვანი სივრცისთვის დღეში 300-400 ნახვა ცოტა ნამდვილად არ არის) ქართული საიტებისა და ქართულ ენაზე არსებული ინფორმაციის სიმწირეც უწყობს ხელს - ვინ არ ხვდება ჩვენთან „გუგლისა“ და „ჰოლმს.ჯის“ წყალობით. ზოგი „პატარა მაჩვს“ ეძებს, ზოგიც არკვევს „ბანანი ხილია თუ ბოსტნეული“, ზოგს ზოგადად „ნამცხვრის რეცეპტი“ უნდა, ზოგსაც „შემწვარი კარტოფილის ვიდეოგაკვეთილი“. ყველა გზააბნეული ჩვენთან ხვდება და მერე დიდი ხნით იდებს ბინას. ჩვენც, რითიც შეგვიძლია, ვეხმარებით.
მოკლედ, ასეა თუ ისე, ამ ერთი წლის მანძილზე ბევრი საინტერესო რამ მოხდა - ვიღაცეები გავიცანით, ზოგი დავიმეგობრეთ, ჩვენებურ ამბებს დანატრებულ და უცხოეთში მცხოვრებ მეგობრებთან ყოველდღიური კავშირი აღვადგინეთ, ბევრი გემრიელი რეცეპტი გამოვცადეთ, საკუთარიც შევქმენით, ცოდნაც შევიძინეთ და გულიანად ვიმხიარულეთ. ბლოგმა შარშანდელი ცივი ზამთარიც და ხვატიანი ზაფხულიც ხალისიანად გადაგვაგორებინა. 
ვაღიარებთ, საკუთარი თავით კმაყოფილები ვართ. ენთუზიაზმი არ მოგვაკლდა. მოღვაწეობის თორმეტმა თვემ გვიჩვენა, რომ ჩვენი პირმშო (ბლოგი) უკვე დამოუკიდებლად არსებობს და თავისი შინაარსიანი ცხოვრებით ცხოვრობს (სადაცაა სრულწლოვანებას მიაღწევს და საცხოვრებლად ცალკე გადასვლასაც მოგვთხოვს).

საუკეთესო სურვილებით, თქვენი პოლი და მერი

შოკოლადის კექსი შოკოლადის ჩიპსებით

Approved by Gourmet Guide


ინგრედენტები: 3 კვერცხი, 1,5 ჭ შაქარი, 200 მლ არაჟანი, 100 გრ კარაქი, 1ს/კ კაკაო, 1 ჩ/კ დარიჩინი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 1 ჩ/კ სოდა, მწიკვი მარილი და ფქვილი (სქელი არაჟნის სისქის ცომს რამდენიც დასჭირდება), 100 გრ შოკოლადის ჩიპსები ან 1 ფილა შავი შოკოლადი

კვერცხები და შაქარი ავთქვიფოთ კარგად, გოგლი-მოგლი რომ გათეთრდება, დავუმატოთ არჟანი. კარაქი გავადნოთ გაზზე, შევაგრილოთ და ჩავასხათ ცომში. ერთმანეთში ავურიოთ 2,5 ჭ ფქვილი, კაკაო, დარიჩინი, ვანილის შაქარი, სოდა და მარილი და ნელ-ნელა ჩავათქვიფოთ კვერცხებში. საჭიროების შემთხვევაში ფქვილი დავუმატოთ. ცომი სქელი არაჟნის სისქის რომ გახდება, შოკოლადის ჩიპსები ან საკმაოდ წვრილად დამტვრეული შოკოლადის ფილის ნატეხები გადავურიოთ. ჩავასხათ კარაქწასმულ ფორმაში და დაახლოებით 20 წუთი გამოვაცხოთ გახურებულ ღუმელში.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მისის პოტსი

P.S. ამ ნამცხვარს ერთადერთი სერიოზული ნაკლი აქვს, სტუმრებისთვის თუ აკეთებთ, გამომცხვარი კექსის სურნელისგან „მთვრალი“ და გონებაარეული ოჯახის წევრების მოგერიება მოგიწევთ. ჩემებმა ფორმიდან ამოღება ძლივს მაცალეს, სულ ცხელ-ცხელი მიირთვეს. ჩემს შვილს კი ისე მოეწონა, რომ ყოველდღე მთხოვს.


P.P.S. ჩვენს ბლოგს დაბადების დღეს ვულოცავ!  :)

TATOO - ანუ მხატვრობა სხეულზე

Approved by Gourmet Guide


ძნელია იმის თქმა თუ კონკრეტულად როდის წარმოიშვა ტატუირება, თუმცა ცნობილია, რომ მისი კულტურა რამდენიმე ათასწლიან ისტორიას ითვლის. უძველესი ტატუირების ნიმუშები არაერთგან იქნა არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი.
ევროპაში მის განსაკუთრებულ პოპულარიზაციას ხელი ბრიტანელმა მოგზაურმა - ჯეიმს კუკმა (1728-1779 წ.წ.) შეუწყო, როდესაც 1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა კაპიტანმა ტატუირებით დაფარული გვამი ჩამოასვენა.
დღესდღეობით ტატუირება ფართოდ არის გავრცელებული მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.  სულ უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით ვიტრინებს სხვადასხვა, მომხიბვლელი ფორმებით გაკეთებული წარწერით - ,,TATOO“. განსაკუთრებული პოპულარობით იგი ახალგაზრდებში სარგებლობს.
ტატუირების დანიშნულება მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე მისი მფლობელის სხვებისგან მკაფიო გამორჩევა, ასევე როგორც მებრძოლისთვის - შემზარავი იერის მიცემა იყო. ამიტომაც ძველ ხალხებში მისი დატანა პირველ რიგში სახეზე ხდებოდა. ძველი ინდიელები სახეს სხვადასხვა დროებითი, ხანაც მუდმივივი საბრძოლო, რიტუალური ორნამენტებით იხატავდნენ. ახალი ზელანდიის მკვიდრნი - მაორები სახეზე ნიღბისებურ მუდმივ მოხატულობას იკეთებდნენ, რომელსაც ,,მოკო“ ეწოდება.
თანამედროვეობაში მომხმარებელთა დიდი ნაწილი ლამაზი ორნამენტებით (ხშირად ყოველგვარ დატვირთვას მოკლებული) იფარავს სხეულის ამა თუ იმ ნაწილს, ბევრიც რომელიმე აზიური ქვეყნის იეროგლიფურ წარწერებს იკეთებს (შეხვდებით ისეთებსაც, რომლებმაც მათ სხეულზე გამოსახული იეროგლიფის მნიშვნელობა ან არ იციან, ან მისი მცდარი განმარტება აქვთ). ზოგი ტატუირებას იმიტომ იკეთებს, რომ მუდმივად გამოირჩეოდეს და საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებოდეს, ზოგს კი საზოგადოების ასეთი ყურადღება არ აინტერესებს და მისი ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული სურვილით გაკეთებულ სხეულის მოხატულობას არ ,,ამარიაჟებს“.

ამჟამად გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით ტატუირება პოპულარულია როგორც სხეულის გამოსაჩენ ნაწილებზე, ასევე ინტიმურ ადგილებშიც. დიდი მნიშვნელობა აქვს ტატუირებისთვის სხეულზე ადგილის შერჩევასაც, რადგან დროთა განმავლობაში სხეული ზომებში იცვლება, კანი კი ბერდება. მაგალითად ფეხმძიმობის შემდეგ შეიძლება მკვეთრად გაფუჭდეს მუცელზე გაკეთებული ტატუირება, ან თუნდაც ფიზიკურად ნავარჯიშები მამაკაცის სხეულზე გაკეთებული ნახატი, რომელიც ასაკის მატებასა და ფიზიკური ფორმის შესაძლო გაუარესების პირობებში ძველებურად ლამაზად ვეღარ გამოიყურება. იბადება კითხვა: წლების წინ გაკეთებული ტატუს დანახვა ათწლეულების შემდეგაც იგივე დადებით ემოციებს გამოიწვევს ჩვენში?!
მას, ვისაც ტატუს გაკეთება სურს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უნდა გათვალისწინოს ტატუირების შესაძლო უარყოფთი ზეგავლენა მის ჯანმრთელობაზე, აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება თუ სად (რა პირობებში) იკეთებს ტატუირებას. დაუშვებელია ტატუირების კუსტარული ხელსაწყოებით, არასტერილურ გარემოსა და არაპროფესიონალის მიერ გაკეთება, რამეთუ აღნიშნულის უგულვებელყოფისას დიდია რისკ ფაქტორი სხვადასხვა ვირუსულ-ინფექციური დაავადებების (მაგ: ჰერპესი, ჰეპატიტები და შიდსიც კი...) შეძენისა. ხსენებული რისკ ფაქტორების გამო ტატუირების მქონე პირს როგორც წესი უარს ეუბნებიან სისხლის დონორობაზე.
ტატუირების მსურველებმა უნდა იხელმძღვანელონ პრინციპით: ,,ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი ამა თუ იმ მიზეზით ღებულობს გადაწვეტილებას მოიშოროს სხეულზე ადრე გაკეთებული გამოსახულება, რისი განხორციელებაც არცთუ ადვილია. ისევე, როგორც ტატუს დახატვა, მისი მოშორებაც პროფესიონალს უნდა ანდოთ რაც აუცილებელია შემდგომი სავარაუდო გართულებების თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული კი დაკავშირებულია როგორც დამატებით ხარჯებთან, ასევე უსიამოვნო პროცედურებთან და შესაძლებელია - ნახატის მოშორების შემდეგ კანზე დარჩენილ არასასურველ და მითუმეტეს არასასიამოვნო კვალთან. საზოგადოების ის ნაწილი კი, რომელსაც სხეულზე ნახატის გაკეთება სურს, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმას ჯერ კიდევ ყოყმანობს, ხშირად მიმართავს ე.წ. დროებითი ტატუს პრაქტიკას, რაც როგორც წესი ნახატის სხეულზე საღებავებითა და ფუნჯით (ყოველგვარი ნემსებისა და ჩხვლეტების გარეშე) ან სპეციალური ,,ნაკლეიკებით“ გადატანას გულისხმობს. ამგვარი ტატუირების მქონეს სრულიად მარტივად შეუძლია მოხტული კანისათვის ძველებური იერის აღდგენა. ამისთვის გამოსახულების უბრალოდ წყლით ჩამორეცხვაც საკმარისია.
გამოგიტყდებით, ხანდახან შევხვედრივარ ადამიანს იმდენად პროფესიონალურად შესრულებული ტატუთი, რომ თავდაც ლამის მიმიღია მსგავსი გადაწყვეტილება. მაგრამ თუ ტატუს გაკეთების არცთუ იოლ გადაწყვეტილებას მიიღებ ადამიანი, შეიძლება მეორე დილემის წინაშე დადგე... რა ტიპის ნახატი ავირჩიო? მამაკაცების უმრავლესობა სიძლიერის გამომხატველ ნახატებს ირჩევს, ქალთა უმრავლესობა - კი ქალურობისა და სინაზის...
საზღვარგარეთ ხშირად კონკურსებიც იმართება სხეულის მოხატულობაში, სადაც ადამიანის ფანტაზიის საოცარ საზღვრებსა თუ მის უსაზღვრო ბუნებას აღმოაჩენს მნახველი. კონკურსებზე გამარჯვებულებს მრავალფეროვან ნომინაციებში ირჩევენ. ფანტაზიის უკიდეგანო ბუნების მსგავსად უსაზღვროა ტატუირების ნიმუშების რიცხვი და მათი სახესხვაობები. გამოყოფენ რამდენიმე ძირითად მიმდინარეობას:
·         ტრიბალური (Tribal);
·         კელტური (Celtic);
·         ბიომექანიკური (Biomechanic იგივე High-Tech);
·         ორიენტალი (Oriental);
·         რეალისტური (Realistic);
·         ტრადიციული (Tradicional);
·         ფენტეზი (Fantasy);
·         წარწერითი (Lettering).
ტატუირების ხელოვნებამ განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა იაპონიაში, სადაც პირველად იქნა შემოღებული სხეულზე სამგანზომილებიანი სურათების მოხატვა. 
დამიანმა ტატუირებას ძალზე ორიგინალური გამოყენებაც მოუძებნა. ამის მაგალითად შეიძლება ტელესერიალის ,,Preason Break“ მოყვანა, რომელიც მართალია მხოლოდ ნაწარმოებია, მაგრამ სცენარისტმა სერიალის მთავარ გმირს - ვენტვორტ მილლერის პერსონაჟს სხეულზე გაკეთებული ტატუირება ციხიდან გაქცევის კარგად დამუშავებულ გეგმად მოუვლინა. შთამბეჭდავია  ანჯელინა ჯოლის სხეულზე გამოსახული ნახატებიც, როგორც რაოდენობით, ასევე შინაარსით. მაგალითად, მარცხენა მკლავზე მსახიობს გამოსახული აქვს იმ ადგილების გეოგრაფიული კოორდინატები, სადაც მისი შვილები დაიბადნენ.


ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ზოგმა შეიძლება ტატუს გაკეთება გადაიფიქროს, ზოგმაც პირიქით - გაიკეთოს... უზენაესმა თავის დროზე ასწავლა ადამიანს დადებითისა და უარყოფითის გარჩევა და გადაწყვეტილების მიღება ამ უკანასკნელზეა... თუმცა, ჩვენს მრავალფეროვნებით აღსავსე ცხოვრებაში სხვა ბევრი გადაწყვეტილების მსგავსად, ტატუირების გაკეთებასთან დაკავშირებითაც ვიხელმძღვანელოთ ზემოთ უკვე ნახსენები და დროის მიერ გამოცდილი პრინციპით: ,,ასჯერ გაზომე - ერთხელ გაჭერი“.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მავნე ნუიზამ

ყავის ტორტი

Approved by Gourmet Guide


ბისკვიტისთვის: 10 კვერცხი, 12 ს/კ ფქვილი, 10 ს/კ შაქარი, 1,5 ს/კ თაფლი, 0,5 ჩ/კ სოდა, 3 ს/კ ხსნადი ყავა, მარილი დანის წვერზე

კრემისთვის 2 ქილა შესქელებული რძე, ლ წყალი, 16 კვერცხის გული, 2 ჭ შაქარი, 100 გრ ფქვილი, 150 გრ სახამებელი, 4 ს/კ ხსნადი ყავა, 900 გრ კარაქი
სარკალასთვის: 3 ს/კ კაკაო, 6 ს/კ შაქარი, 3 ს/კ რძე, 20 გრ კარაქი, 1ს/კ მაგარი ყავა „ესპრესო“, 1 პაკეტი ვანილის შაქარი
დასანამად: 150 გრ შაქარი და 750 მლ მაგარი ყავა ესპრესო, 30 მლ კონიაკი
კვერცხის ცილები და გულები დავაცალკევოთ. ცილები ჩავასხათ კარგად გამშრალებულ ჯამში და ვთქვიფოთ სანამ სქელ, ჰაეროვან ბეზეს არ მივიღებთ, მერე თითო-თითო კოვზად ჩავათქვიფოთ შაქარი. მერე სათითაოდ ჩავათქვიფოთ კვერცხის გულები, ყავა და თაფლი. სოდა გავურიოთ ფქვილში და ფრთხილად, თითო-თითო კოვზად შევურიოთ ათქვეფილ ბეზეს. გამზადებული ცომი ჩავასხათ ცხიმწასმულ და ფსკერზე პერგამენტდაფენილ ტორტის ფორმაში და გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ დაახლოებით 40 წუთი.
შესქელებული რძე გავხსნათ წყალში და გავაცხელოთ. ცალკე ჯამში კარგად ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი, მერე შევურიოთ ფქვილი, ყავა და ვანილის შაქარი. რძე რომ გაცხელდება ჩავურიოთ ფქვილიან მასაში და კარგად მოვურიოთ კუკრკუტები რომ არ დარჩეს. მერე ისევ რძიან ქვაბში გადავასხათ და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე. მორევა მორევით მოვადუღოთ სქელი კრემი. გადმოვდგათ გაზიდან და ოთახის ტემპერატურამდე გავაცივოთ. ოთახის ტემპერატურის დარბირებული კარაქი ავთქვიფოთ კრემივით. რომ გათეთრდება და ზომაშ მოიმატებს, თითო-თითო კოვზად ჩავათქვიფოთ მოდუღებული კრემი და მაცივარში შევდგათ 1 საათით.
შაქრისა და ყავისგან მოვადუღოთ სქელი სიროპი, გავაგრილოთ და დავუმატოთ კონიაკი.
ბისკვიტი ჰორიზონტალურად გავჭრათ 2-3 ფენად. პირველი ფენა დავნამოთ და წავუსვათ კრემი მინიმუმ თითის სისქეზე, ზემოდან დავადოთ ბისკვიტის მეორე ფენა და ისიც დავნამოთ. მერე წავუსვათ კრემი. დავადოთ ბისკბიტის ბოლო ფენა, ისიც დავნამოთ და დავკრემოთ. ტორტს გვერდებზეც შემოვუსვათ კრემის სქელი ფენა.
კაკაოს, შაქრის, რძისა და ყავისაგან მოვადუღოთ სქელი სარკალა, ბოლოს ჩავუმატოთ კარაქი. ოდნავ შევაგრილოთ და მოვასხათ ტორტს. 
ტორტი სხვადასხვანაირად შეგიძლიათ მორთოთ, მაგალითად: მთლიანად სარკალა გადაასხით და ზევიდან მთელ-მთელი ნიგვზის ლებნებით ან ყავის კრემის ყვავილებით მორთეთ; ან შოკოლადი მარტო „კინკრიხოზე“ მოასხით, გვერდები კი კრემით მორთეთ და კიდეზე, ირგვლილ კრემის ყვავილები დაასვით. მოგეხსენებათ, რაც უფრო მეტი კრემია, მით უფრო გემრიელია ტორტი.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მონტესუმა და ცხელი შოკოლადი

Approved by Gourmet Guide



დაზამთრდა, აცივდა და გულმაც ცხელი სასმელებისკენ გაიწია. გამოსაფხიზლებლად და გაყინული ხელების გასათბობად კარგი, მაგარი ჩაიც გამოდგება (რომელსაც სხვათა შორის, კოფეინი ყავაზე ბევრად მეტი აქვს), მაგრამ რამე უფრო მეტად რომანტიული და სულის მაამებელი თუ გსურთ, მაშინ ცხელი შოკოლადი უნდა მოადუღოთ.
შოკოლადს კი ჯერ კიდევ კოლუმბამდელ ჩრდილოეთ ამერიკაში მიირთმევდნენ ადგილობრივი ტომები, კერძოდ კი აცტეკები. თუმცა, დღევანდელისგან განსხვავებით მაშნდელი სასმელი შოკოლადი არც ცხელი იყო და არც ტკბილი და ისეთ გვარიან პორცია ალკოჰოლსაც შეიცავდა, რომ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს ახლოსაც არ აკარებდნენ. შოკოლადის დალევა მხოლოდ ჭეშმარიტი მამაკაცების ხვედრი იყო და ამიტომაც მიართვა მონტესუმა მეორემ 1519 წელს მექსიკის სანაპიროს მიმდგარ ერნანდო კორტესს კაკაოს მარცვლების, ვანილისა და ცხარე წიწაკისგან მოდუღებული სასმელი, რომელიც იქროს თასში ესხა და „ჩოკოლატლი“ ერქვა, რაც აცტეკების ენაზე ქაფიან წყალს ნიშნავდა. თავად მონტესუმა შოკოლადს დღეში რამდენჯერმე მიირთმევდა და თვლიდა რომ ასე გონებას სიბრძნეს და სხეულს პოტენციას მატებდა (სხვათა შორის, ითვლება, რომ აცტეკების ბელადი არც ერთ უჩიოდა და არც მეორეს). სწორედ კორტესმა ჩამოიტანა „გონებისა და სხეულის გამაახალგაზრდავებელი“ სასმელი ევროპაში 1527 წელს, რომლის რეცეპტიც ჯერ ესპანეთის სამეფოს სახელმწიფო საიდუმლოდ გამოცხადდა (ამ საიდუმლოს გაცემისთვის არც მეტი არც ნაკლები, 80 კაცი დაისაჯა სიკვდილით) და მოგვიანებით კი შაქარი და ვანილიც დაემატა და ჩვენთვის ნაცნობ შოკოლადს დაემსგავსა.

ცხელი შოკოლადი
ცხელი შოკოლადის ძირითადი რეცეპტი ასეთია: 0,5 ლ რძე, 1 ფილა შოკოლადი
პატარა ქვაბით დადგით რძე გაზქურაზე, დუღილამდე რომ მივა ჩაყარეთ დატეხილი შოკოლადი და მოურიეთ, სანამ შოკოლადი არ გადნება. ცხელი შოკოლადი უნდა იყოს საკმაოდ სქელი და ბლანტი. რაიმე მიზეზით ძალიან თხელი თუ გამოვიდა, ცოტა მეტხანს გააჩერეთ ცეცხლზე და შესქელება აცადეთ. დაასხით თურქული ყავის ჭიქებში და მიირთვით გემრიელად.
ახლა ვარიაციები თემაზე: თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ აარჩიოთ შოკოლადის სახეობა (შავი თუ რძიანი, მთავარია თხილიანი არ იყოს, თორემ მერე გადწურვა მოგიწევთ). ვისაც უფრო ნაზი და ტკბილი გიყვართ, რძიანი აირჩიეთ. უფრო ცხიმიანი რომ გამოვიდეს რძის პორციის ნახევრის შეცვლა ნაღებით შეიძლება. თავად გამზადებულ სასმელში შეგიძლიათ ჩაამატოთ ვანილი, დარიჩინი, ხსნადი ყავა, ალკოჰოლი (ყავის ლიქიორი ან ბრენდი, რომი). ვისაც უფრო ტკბილი გიყვართ, ხარშვის პროცესში დაუმატეთ შაქარი. ვისაც მწარე სასმელები გიყვართ, აარჩიეთ 80%-იანი შავი შოკოლადის ფილა. ცხელ შოკოლადს ძალიან უხდება სულ ცოტა (დანის წვერზე) დაფქული წითელი წიწაკა... შეგიძლიათ მისი ზედაპირი მორთოთ ათქვეფილი ნაღებით და მოაყაროთ წვრილად დაფხვნილი პეჩენია ან ნიგოზი.
მოკლედ, ცხელი შოკოლადის გემო და არომატი მთლიანად თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული. მხოლოდ ერთი რამ დაიმახსოვრეთ: ცხელი შოკოლადი მზადდება შოკოლადისა და რძისაგან და უნდა იყოს სქელი! წყალწყალა და კაკაოს ფხვნილისა და რძის ნარევი ჩვეულებრივი კაკაოა.

არსებობს ცხელი შოკოლადის კიდევ ერთი ნაირასხეობა, რომელიც უფრო მეტი რძით მაზდდება და ამიტომ მას სახამებლით ასქელებენ:
ცხელი შოკოლადი 2
ინგრედიენტები: 1 ლ რძე, 250 გრ რძიანი შოკოლადი, 2-3 ჩ/კ სახამებელი
სახამებელი გახსენით 1 ჭ რძეში. დანარჩენი რძე წამოადუღეთ და ჩაყარეთ დატეხილი შოკოლადი და ურიეთ სანამ არ გადნება. ადუღბულ რძეში ჩაამატეთ სახამებლიანი რძე და ადუღეთ (თან ურიეთ) სანამ არ შესქელდება.

და ერთიც ეგზოტიკური რეცეპტი:
ცხელი შოკოლადი ბანანით
ინგრედიენტები: 900 მლ რძე, 2 ცალი ბანანი, 100 გრ შოკოლადი, დარიჩინი დანის წვერზე. 1 ბანანი მოსართავად
ბანანი გაფცქვენით და დატეხეთ, დატეხეთ შოკოლადიც. შოკოლადს და ბანანს დაასხით რძე და დაბალ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე. ურიეთ სანამ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება და მერე გადმოდგით ცეცხლიდან. ცხელი შოკოლადი ჩაასხით ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ (ბანანი რომ ერთგვაროვან მასად იქცეს). გაანაწილეთ ჭიქებში და მორთეთ ცოცხალი ბანანის მეოთხედებით.
გემრიელად მიირთვით!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შემწვარი ანანასი, ანანასისა და წიწაკის ჟელეთი და კიბორჩხალას სიროპით

Approved by Gourmet Guide


„საოცარო დესერტი

მწიფე ანანასი - ეგზოტიკური შესახედაობისა და მათრობელა სურნელის მქონე გასაოცარი ხილია  და შემოდგომის დეპრესიიდან გამოძრომაში სწორედ ეს შეგრძნებები დაგეხმარებათ, მით უმეტეს, რომ შემოდგომა სწორედ ანანასის სეზონია.  მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ანანასი კარგად დამწიფებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ბუჩქიდან რომ ჭრიან, მერე დამწიფებას ვეღარ ასწრებს. აქედან გამომდინარე კი, სრულყოფილი გემო რომ ქონდეს ანანასი მისი სიმწიფის მომენტში უნდა იყოს მოკრეფილი. სიმწიფის გაგება კი ძალიან ადვილია - ფოთლები თავზე  მეტ-ნაკლებად ადვილად თუ ეპუტება, ყიდვა შეიძლება.
მოკლედ, შევიძინეთ მწიფე ანანასი ... აწი რა ვუყოთ? ყველაზე მარტივია - დაჭრათ და ეგრევე მიირთვათ. მაგრამ რაიმე უჩვეულო თუ გსურთ? ქვემოთ მოყვანილი სამი რეცეპტი ერთი უჩვეულო დესერტის შემადგენელი ნაწილებია: გამომხცვარი ანანასი ანანასისა და წიწაკა ჩილის ჟელეთი და კიბორჩხალის სიროპით. „კობორჩახლის სიროპი“ საკმაოდ უცნაურად ჟღერს, მაგრამ გპირდებით, რომ ძალიან გემრიელია და გამორჩეულად უხდება გამომცხვარ ანანასსა და ჟელეს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ტროპიკულ ხილს. რასაკვირველია, თუ კიბორჩხალის სიროპის კატეგორიული წინააღმდეგი ხართ, მის გარეშეც იოლად გახვალთ, დესერტი ისედაც უცნაურია.
ამ დესერტში ყველაზე საინტერესო ჟელეა. ჩვეულებრივ, უმი ანანასისა და ჟელატინისაგან ჟელეს მომზადება შეუძლებელია. ანანსი შეიცავს ერთგვარ ენზიმ ბრომელინს (bromelin), რომელიც ცილებს შლის და იმდენად ძლიერმოქმედი ენზიმია, რომ დიდი ოდენობით უმი ანანასის ჭამისგან შეიძლება კბილებიც კი დაგცვივდეთ - საუკუნის დასაწყისში ინდონეზიის კუნძულებთან გემი ჩაიძირა და მისმა ეკიპაჟმა დაახლოებით ერთი თვე ძირითადად უმი ანანასის ჭამაში გაატარა. ბოლოსდაბოლოს მაშველებმა რომ მიაგნეს, აღმოჩნდა, რომ უმეტესობა უკბილოდ დარჩა, იმიტომ რომ ანანასში შემავალმა ბრომელინმა ღრძილები დაუჭამათ. (არ ინერვიულოთ - ამისთვის ძალიან ბევრი ანანასი უნდა ჭამოთ; უფრო მეტიც, სხეულში ანანასის მოხვედრისას მარილმჟავა გამოიყოფა, რომელიც ბრომელინს შლის).
ასეთი გასაოცარი თვისებების მქონე ინგრედინეტი საჭმელის მომზადებისას აქტიურად უნდა გამოვიყენოთ. რამდენიმე წლის წინ ოქსფორდის უნივერსიტეტში ცნობილი ფიზიკოსი ნიკოლას კურტის (Nicholas Kurti) მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შესახებ წავიკითხე სტატია,  რომელშიც იგი ანანასის წვენის ხორცში შეყვანის მეთოდით ხორცის პროდუქტებზე ანანასის დამარბილებელ ეფექტს სწავლობდა. მისი ცდების გამეორება განვიზრახე და შპრიცები და ნემსები შევუკვეთე და ანანასის წვენი მეტნაკლებად მჭლე საქონლის, ცხვრის, ღორისა და ბატის ხორცის ნაჭრებში შევიყვანე, და ასე ვამუშავებდი 1 საათიდან 3 დღის ვადამდე. გასაოცარია, მაგრამ ასეთი მეთოდით დამუშავებული ხორცი, საკმაოდ უსიამოვნო კონსისტენციამდე იშლება. ასე რომ, ანანასი ხორცს მართლაც არბილებს; მაგრამ პროდუქტი რომ არ გააფუჭოთ, ძალიან საფრთხილო გამოსაყენებელია.
ერთ-ერთ ჩემს რეცეპტში უკვე ვახსენე, რომ ანანასი ოსპს უხდება, ზუსტად იმ მიზეზის გამო, რომ ოსპს ცილის ძალიან მაღალი შემცველობა აქვს და მისი ხარშვის დროს წყალში ანანასის ჩამატება ოსპს წებოვნებას და კრემის კონსისტენციას მისცემს, რასაც სხვანაირად ვერ მიაღწევთ. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ოსპის ხარშვა ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა დავიწყოთ, თორემ ძალიან სწრაფად თუ ავადუღებთ, ბრომელინს ცილების დაშლისთვის მოქმედების დრო არ ექნება და საერთოდ განადგურდება.
სწრაფი გაცხელება და მარილმჟავა ბრომელინის ერთადერთი მტერი არ გახლავთ. იგივე ეფექტი აქვს წიწაკა ჩილისაც, ამიტომაც არის შესაძლებელია ახალდაწურული ანანასის წვენის, ჩილისა და ჟელატონისაგან ჟელეს მომზადება. თან საკმაოდ უცნაური გემო გამოდის - ჩილის სიცხარეს ხილის ჟელეს სიტკბო არბილებს - ასეთი გემოების კომბინაცია მექსიკასა და იტალიის სამხრეთშია გავრცელებული.

გამომცხვარი ანანასი
Roasted Pineapple
3 ჩხირი ნატურალური ვანილი, 125 გრ შაქარი, 225 მლ წყალი, 1 ჩ/კ დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა), 1 დესერტის კოვზი მუქი რომი, 1  მწიფე ანანასი (დაახლოებით 1,5 კგ)
გავახუროთ ღუმელი 225°C-მდე. ვანილის ჩხორები გავჭრათ შუაზე, გამოვფხიკოთ თესლი და გადავდოთ გვერდზე. სქელკედლებიან ქვაბში ჩავყაროთ შაქარი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე. ერთი ჭიქა ცივი წყალი და ტორტის დასანამი ფუნჯი დაგჭირდებათ. შაქრის დაკარამელების პროცესში, ქვაბის კედლები ცივ წყალში ამოვლებული ფუნჯით ასველეთ, ისე რომ კედლებიდან ჩამონადენი წვეთები შიგნით ისხმებოდეს. ამგვარად შაქარი არ დაიწვება და თანაბრად დაკარამელდება. შაქარს ნურავითარ შემთხვევაში ნუ მოურევთ, თორემ ყველაფერი წებოვანი გახდება.
შაქარი მუქ ქარვისფრამდე რომ დაიხრაკება, ჩავუმატოთ ვანილის თესლი და ღეროები (ან ვანილის ექსტრაქტი), ჯანჯაფილი და დავუმატოთ წყალი, სიროპი უფრო მეტად რომ არ დამუქდეს. გაითვალისწინეთ, რომ შაქარს თუ დაწვავთ, კარამელი გამწარდება.
კარამელი მივიყვანოთ ადუღებამდე, რამდენიმე წუთში დავუმატოთ რომი და გადმოვდგათ გაზქურიდან. გადავწუროთ საცერში.
გავთალოთ ანანასი და მთლიანად შევაცხოთ ღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. რეგულარულად ვასხათ თავზე სიროპი. შემდეგ, დავჭრათ ნაჭებად და კიბორჩხალის სიროპმოსხმული ჯერ კიდევ თბილად მივირთვათ, ჟელეს გარნირთან ერთად.

ანანასისა და წიწაკა ჩილის ჟელე
Pineapple and Chili Jelly
400 მლ ანანასის წვენი, 1 ცალი ცხარე წითელი წიწაკა (თესლგაცლილი და წვრილად დაჭრილი), ჟელატინის 2 ფირფიტა
ჟელატინის ფირფიტები წყალში დავალბოთ შეკვრაზე არსებული ინსტრუქციის თანახმად. ქვაბში ჩავასხათ ანანასის წვენი, ჩავუმატოთ ჩილი და ნელ-ნელა გავათბოთ, ნურავითარ შემთხვევაში ნუ ავადუღებთ. გათბობის პროცესში წვენი პერიოდულად დავაგემოვნოთ, სანამ ჩვენთვის სასურველი სიცხარის არ გახდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავწუროთ.
ცოტაოდენი ანანასის წვენი შევურიოთ დამბალ ჟელატინს და ძალიან დაბალ ცეცხლზე შევათბოთ, სანამ ჟელატინი ბოლოდე არ გადნება. ამის მერე გადავურიოთ დარჩენილი წვენიც და შესადედებლად შევდგათ მაცივარში.
ჭამის წინ, კერძის კონსისტენციის გასაუმჯობესებლად, ჟელე მსუბუქად დავჭყლიტოთ ჩანგლით.

კიბორჩხალას სიროპი
Crab Syrop
ნაკუწებად დამტვრეული 1 კიბორჩხალას ბაკანი (კიბორჩხალის ხორცის გამოყენება სხვა რეცეპტებში შეგიძიათ, მაგალითად სალათებში, დახურულ ბუტერბროდებსა და კიბორჩხალას სუფლეში), 100 მლ ზეითუნის ზეთი, 125 გრ შაქარი, 125 მლ წყალი
კიბორჩხალას ბაკანი ყველაზე მარტივად ხელსახოცში გახვეული იმტვრევა, ყოველ შემთხვევაში, მისალაგებელი გექბნებათ ნაკლები.  ცეცხლგამძლე ტაფაზე მაქსიმალურად გავაცხელოთ ცხიმი, როგორც კი ზეთი „აბოლდება“ დავუმატოთ ბაკნის ნატეხები და კარგად დავბრაწოთ, და პერიოდულად გადავაბრუნოთ ხოლმე, სანამ ოქროსფერი არ გახდება (პროცედურას დაახლოებით 5-10 წუთი სჭირდება), გადმოვდგათ ცეცხლიდან.
პატარა ქვაბში შაქარი და წყალი ავადუღოთ და რომ ადუღდება, კიბორჩხალის ბაკნიან ტაფაში გადავასხათ და თავი დავახუროთ. ღუმელში შევდათ და ძალიან დაბალ ცეცხლზე 4-6 საათი გავაჩეროთ (ან ოთახის ტემპერატურაზე დავტოვოთ 24 საათით). სიროპი გადაწუროთ ძალიან წვრილ საცერში, მუსლინში ან 2-3 ფენა ხილბანდში.“
(ჰესტონ ბლუმენტალი „მეცნიერება კულინარიის შესახებ ანუ მოლეკულური გასტრონომია“)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მადამ დუროვა

ვინც პალტოს ყიდვა ვერ მოასწარით...

Approved by Gourmet Guide

ზამთარი ისე მალე მოვიდა რომ არა თუ პალტოს ყიდვა, არამედ სასურველი მოდელის მოფიქრებაც კი ვერ მოასწრო ბევრმა ჩვენთაგანმა. ძალიან ბევრი საიტი დავათვალიერე სასურველი მოდელისთვის რომ მიმეგნო და შემეძინა. ბევრ საინტერესო პალტოს წავაწყდი.  რაღა დაგიმალოთ და ამ ბოლო დროს ძლიან მომწონს ე.წ. დუტის პალტოები, თან  მოდურია და  რაც მთავარია ძალიან თბილია. თუმცა, არც კაშემირის, ბუკლეს და შალის პალტოებს არ დაუკარგავთ აქტუალობა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წელს მოდაშია სქელი ნაქსოვი პალტოები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ მოდა ბრუნდება წლების შემდგომ.





მოდით გავეცნოთ ცნობილი დიზაინერების შედევრებს.  Valentino–ს  ნაქსოვით გაწყობილი ზამშეს ეს ორიგინალური თხელი პალტო ნამდვილი შედევრია. დიდი სიამოვნებით  შევიძენდი  სულ მცირე 3000 აშშ დოლარი რო მქონდეს მხოლოდ პალტოსთვის გადადებული. ეეჰ, რა გაეწყობა მომიწევს ისევ ჩემს პირად  „კუტურიეს“ მივმართო და ვთხოვო ანალოგიური შემიკეროს.










ჩვენ,  ქართველებს და არა მარტო ძალიან გვიყვარს შავი ფერი. Dolce & Gabbana –მ  შავი ფერის მოყვარულ ხალხზე იზრუნა და  პალტოს მეტად საინტერესო მოდელი შემოვთავაზა. კვლავაც ნაქსოვი სახელოებით დამშვენებული. ჩემი აზრით  ეს მოდელი სხვა ფერის ნაჭრითაც ძალიან გამოვიდოდა, მაგალითად ე.წ ელექტრიკი ლურჯი  ან მუქი მწვანე ფერის.










ხოლო მათ ვისაც თეთრი ფერი იზიდავს და არ ეზარება წამდაუწუმ ქიმწმენდაში სიარული მინდა  შევთავაზო Max Mara –ს ერთი საინტერესო მოდელი. ცხადია დამეთანხებით რომ  ეს ბრენდი ერთ–ერთი პირველთაგანია პალტოების შექმნის დარგში. იგი ყოველთვის ორიგინალური  დიზაინით გამოირჩევა. ეს თეთრი პალტო  ცოტა პუტკუნა ქალბატონსსაც და  ძალიან გამხდარ მოდელსსაც ერთნაირად მოუხდება. 











რაც შეეხება ე.წ დუტ პალტოებს  მინდა შემოგთავაზოთ Miss Sixty-ეს მეტად ორიგინალური მოდელი ქამრით. ვიცი რომ ამ პალტოს დაპოსტვით განსაკუთრებით თინეიჯერების გულს მოვიგებ,  ხოლო უფროსი თაობის ადამიანებმა კი  დამიწუნონ. მოდით სჯობს ლაპარაკს თავი დავანებოთ და  პირდაპირ მოდელების არჩევაზე გადავიდეთ. გთვავაზობთ პალტოების კოლაჟს. იმედი მაქვს არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებით.  







კეთილი სურვილები, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი

ოთხფეხა, ორფეხა და სულაც უფეხო საჩუქრები

Approved by Gourmet Guide

«-Люди забыли эту истину,- сказал лис.-Но ты не должен ее забывать. Мы всегда будем в ответе за тех, кого приручили. И ты отвечаешь за свою розу...
-Я отвечаю за свою розу...-повторил Маленький принц, чтобы хорошенько это запомнить.»


ჩვეულებრივ ქალებს, ჩვეულებრივ, ყვავილებს ან ტკბილეულს ჩუქნიან, უფრო იღბლიანებს აქსესუარებს და სუნამოებს, შანსიანები ძვირფას სამკაულებსაც გამოკრავენ ხოლმე ხელს, ბედის ნებიერები კი საჩუქრად მანქანას ან სახლსაც ღებულობენ ხოლმე. არ ვიცი მიხაროდეს თუ მწყინდეს, მაგრამ მე არც ერთ კატეგორიაში არ ვხვდები... არა, ვიტყუები - მამამ სახლი მაჩუქა, მაგრამ ქართულ ენაში არსებობს შესანიშნავი სიტყვა: „მამა-მარჩენალი“ და მოდით, ამიტომ ამას საჩუქრად ნუ ჩავთვლით. მოკლედ, ისე მოხდა, რომ სულ შინაურ ცხოველებს მჩუქნიან. ცხოველსაც გააჩნია, ჩემს საოჯახო ზოოპარკში წლების მანძილზე ცხოვრობდნენ 3 კუ, 4 თევზი და ვითომ ოთხი დღით შემომდგმურებული და სინამდვილეში სამი თვით შემოსახლებული მეზობლის თუთიყუში .
გურამა კარგ ხასიათზე
ახალ ბინაში ახალგადასული ვიყავი, ჩემი ახალი მეზობელი და ძველი კლასელი რომ მესტუმრა დიპოლომატიური მისიით. ჩვენს მეზობელ ლია ბებოს ზაზუნა ცუცა და თევზი გურამი ყოლია (არა, თევზის ჯიში გურამი არა, თევზს ასე „საყვარელი“ ყოფილი სიძის საპატივცემულოდ ერქვა). ქალი მარტო ცხოვრობდა და მთელ თავის დროს ცუცასთან და გურამთან ატარებდა, ანუ აკვარიუმთან საათობით იჯდა, ზაზუნა კალთაში ეჯდა და თევზს ელაპარაკებოდა. ერთ დღესაც ცუცას წიგნი დაეცა თავზე და სული განუტევა. ჰოდა, ლია ბებომ შინაური მღრღნელის უდროო დაღუპვა ისე განიცადა, რომ გადაწყვიტა გურამი „კარგ ხელში“ გაესხვისებინა, აქაოდა, ესეც რომ მომიკვდეს (არადა, ეს დღე ერთხელაც აუცილებლად დადგებოდა), ვეღარ გადავიტანო. როგორც ჩემმა მეგობარმა გამიმხილა, თევზის სავარაუდო მომავალი პატრონების საკმაოდ მკაცრ კონკურსში ჩემდაუნებურად გამიმარჯვია და საჩუქრად 2 სანტიმეტრიან თევზს, მის სამლიტრიან აკვარიუმს და 1 კვირის სამყოფ საჭმელს ვღებულობდი.
გურამიკო ბრაზობს
ასე მოხვდა გურამა ანუ გურამიკო ჩემთან და ასე გავხდი თავი თევზის ნაცვლად ადამიანი რომ ეგონა ისეთი არსების პატრონი. ლია ბებო კარგი ფსიქოლოგი აღმოჩნა - მე რომ მეგონა იმაზე მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა აღმომაჩნდა: დაუყოვნებლივ ჩავძვერი ინტერნეტში, დავადგინე რომ ციხლაზომა ბიოცელატუმი მერგო წილად, აღმოვაჩინე რომ თბილი წყლის თევზი იყო, აკვარიუმს კი გათბობა არ ქონდა... იმ წელს განსაკუთრებით ყინვიანი ნოემბერი იდგა და ამიტომ სანამ აკვარიუმის გათბობას შევიძენდი, ყოველ დღე სამსახურში წასვლამდე და სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ვადუღებდი წყალს, ვასხამდი ტაშტში და შიგნით აკვარიუმს ვდგამდი გასათბობად... განებივრევულ გურამას ჟანგბადის აპარატიც არ ქონდა და ამიტომ წყალს ყოველ მეორე დღეს ვუცვლიდი (სანამ ჟანგბადის აპარატს შევიძენდი), თან ნუ გავიწყდებათ, რომ პენსიონერი ლია ბებოსგან განსხვავებით, მე სახლში არ ვიჯექი და საკმაოდ დატვირთული სამუშაო რეჟიმი მქონდა. მალე აღმოჩნდა, რომ გურამიკოს კვების რეჟიმიც არასწორი ქონდა და... თევზმა ისეთი სისწრაფიდ დაიწყო ზრდა, რომ ჯერ 10 ლიტრიანი აკვარიუმი შევიძინე, მერე 20-ანი, მერე 50-იანი... თან ნუ გავიწყდებათ რომ აკვარიუმის ზომის ზრდასთან ერთად მისი აქსესუარებიც იცვლება: უფრო მეტი მოცულობის ფილტრი, გათბობა, განათება, ჟანგბადის აპარატი... მერე გურამას გახალისება და მითვის მეორე ნახევრის მოყვანა მოვინდომე - ბიოცელატუმს კი ერთი გამორჩეული თვისება აქვს, საწინააღმდეგო სქესის დანახვაზე მოზღვავებული ჰორმონები ისე აღაგზნებს რომ თავს ესხმის და მეტისმეტი „ალერსისგან“, რომელიც კბენაში და დევნაში გამოიხატება, კლავს. „პატარძალი“ საგულდაგულოდ შევარჩიე გურამაზე დიდი რომ არ ყოფილიყო და აქეთ არ მორეოდა, აკვარიუმში ჩავსვი და... უი, თქვენს მტერს იმას რომ დღე დაადგა. ბურვაკივით ჩასუქებული გურამი ციცინოს ტახივით დაეტაკა, სდია მარა რა სდია... საბრალოს მოსვენებას არ აძლევდა და ორ დღეში მოინელა. დალილავებული და ნაკბენებისგან გატყავებული ციცინო რომ გავასვენე, დავიფიცე რომ გურამა ქვრივი მოკვდებოდა და მისი გამრავლება აღარასდროს მიცდია. აღარ მოვყვები, როგორ დამსდევდა გურამიკო აკვარიუმის ერთი კუთხიდან მეორეში, როგორ აქიცინებდა კუდს ძაღლივით და როგორ მათხოვრობდა გემრიელ ლუკმას ხილის დანახვაზე, როგორ იბუტებოდა სტუმრები ყურადღებას თუ არ მიაქცევდნენ... 
განსრისხებული გურამი
ვინც არ იცნობდა გიჟად ჩამთვლის, მაგრამ ვინც იცნობდა და ასეთი ძალიან ბევრია, ყველა დაადასტურებს, რომ არც ერთ სიტყვას არ ვიტყუები. უფრო მეტიც, თევზი ისეთი პოპულარული იყო, რომ სტუმრებს ჩემთან მოსატანი შოკოლადის ნაცვლად გურამასთვის მოქონდათ ზოომაღაზიაში ნაყიდი გაყინული მატლები ან სახლში დახოცილი და საგულდაგულოდ  შეგროვებული ბუზები, რომლებზეც ჩემი მხეცი გიჟდებოდა. აბსოლიტურად უფერული და ნაცრისფერი თევზი, რომ ბრაზდებოდა ჯერ ვეფხვივით შავ ზოლებს იკეთებდა, მერე ბოლომდე შავდებოდა და შაბიამნისფერი წინწკლებით იფარებოდა, პროტესტის ნიშნად მიდიოდა და აკვარიუმის ადამიანებისგან ყველაზე მოშორებულ კუთხეში ჩვენსკენ ზურგით დგებოდა... ერთად ცხოვრების 8 წლის მანძილზე გურამიკო სულ ერთხელ გაშვადა: წყალს რომ ვუცლილი და ხელიდან გამივარდა მაშინ. სამი დღე გაბუტული იყო ქიშმიშითა და მოფერებით ძლივს შემოვირიგე. გურამა რომ სიბერისგან მოკვდა, 70 ლიტრიან აკვარიუმში ცხოვრობდა და მთელი 28 სანტიმეტრი იყო, თან საკმაოდ მსუქანი და სამკეცი ღაბაბიც ქონდა...
გურამა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, წყლის კუ რომ მაჩუქეს, რომელიც მე-12 სართულის აივნიდან გამექცა. მაგას გაქცევა არა, მოკვდა ქვიაო მეტყვით, მაგრამ გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, კუ გადარჩა. ჩემი მეზობელი ბავშვები ჩემი დავალებით სამი დღე ეძებდნენ და ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი ნახეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დავარდნის მერე თავისი ფეხით წავიდა. აივანზე კი იმიტომ მოხვდა, რომ ყოველ გაზაფხულზე, სითბოს დადგომასთან ერთად აკვარიუმიდან ამოშვებას ითხოვდა (შუშაზე ორ ფეხზე დამდგარი ეყუდებოდა საცოდავად). მეც აივნის ყველა ღრიჭოს ვგმანავდი და მზეზე გასათბობად ვუშვედი ხოლმე...  როგორც ჩანს ერთელაც კარგად ვერ დავგმანე. ყველაზე კარგი ჩემი ზემოთ ნახსენები კლასელის ბებიის რეაქცია იყო. კუს გაპარვის ამბავი რომ მოისმინა, თავზე ხელი გადამისვა და მანუგეშა: ზის ახლა ალბათ ბალახებში და ძალიან ნანობს, შენ ისე კარგად უვლიდიო.
ბონდო
გურამიკოს „გარდაცვალების“ შემდეგ, ჩემმა ძმამ მისი დაცარიელებული აკვარიუმის ყურებას ვერ გაუძლო და დაბადების დღეზე ტეტრაოდონი, ანუ თევზი ფუგუს მინიატურული ვარიანტი მომიყვანა. ეს ერთი ბეწო თევზი გარდა იმისა, რომ მტაცებელია (გურამაც მტაცებელი იყო, მაგრამ თევზის რაღაც-რაღაც ჯიშებს ეგუებოდა), ნებისმიერი ზომის და ნებისმიერი ჯიშის სხვა თევზს უმოწყალოდ ჭამს და ამიტომ ვერაფერთან ვერ მეზობლობს. ჩემს „განდეგილს“ მჩუქებელმა თან საკვებიც მოაყოლა თხუთმეტი ცალი ცოცხალი ლიფსიტის სახით. ბონდო (ასე დავარქვი ტეტრაოდონს) ზოომაღაზიაში ცუდი მოვლის გამო ავადმყოფი აღმოჩნდა და მიუხედავად ზუსტი დიაგნოზისა და ოპერატიული მკურნალობისა, თავისი საკვებიც დაავადა და კუდიც გაფშიკა. ბონოდს სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ხუთი ლიფსიტის მკურნალობა მაინც გავაგრძელე და შედეგად დღეს ერთი გადარჩენილი უშანგი მყავს, რომელიც გურამას მონათესავე ცისარტყელისებური ციხლიდა აღმოჩნდა, უკვე უზარმაზარია და ბედნიერად ცხოვრობს, თან პერიოდულად თვალებში უყურებს თავის ჯალათს, ჩემს ძმას, რომელმაც ოდესღაც სასიკვდილოდ დაუნანებლად გაიმეტა და უშოს ჩასუქებული ფერდების დანახვაზე სინდისის ქენჯნა დღესაც არ აწუხებს...
უშო
ჩემი ნაამბობიდან მორალი ასეთია, ნებიმიერი ცოცხალი არსების, თუნდაც თევზის და თუნდაც კუს მოვლას უამრავი დრო, ენერგია და ფულიც უნდა. დასასვენებლად წასვლისას მათი მოვლა ვინმეს უნდა თხოვოთ, სახლში სულ უნდა თბილოდეს, რომ არ გაგიცივდეთ და ელექტროსადგურზე ავარიის მერსამე დღეს, თევზი რომ არ გაგეგუდოთ, შეიძლება მისი სამლიტრიანი ბანკით და ყველაზე პატარა ჟანგბადის აპარატით სამსახურში წაყვანამაც მოგიწოთ, ან თელასში დარეკვამ და მუქარამ, რომ დენს დროზე თუ არ ჩართავენ, დახოცილ თევზებს მიუსვენებთ და იქ დაუყრით... და რა მალ-მალეა აკვარიუმი გასარეცხი, რა მალ-მალე თავდება საჭმელი... დამიჯერეთ, ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს. არადა, რა სასიამოვნოა თქვენს დანახვაზე თევზი აკვარიუმში მალაყებს რომ გადადის, დამალული კუ თქვენი ხმის გაგონებაზე რომ „მორბის“...
ყველაზე საინტერესო იცით რა არის? ყველამ იცის რომ მთელი ცხოვრება ვოცნებობ... ძაღლი მაჩუქოს ვინმემ და მაინც თევზს მჩუქნიან!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

თურმე ნუ იტყვით და ტელეფონზე რეკვასაც თავისი წესები აქვს...

Approved by Gourmet Guide

ძალიან დიდხანს მეგონა რომ ქალი საჭეზე და კაცი სტაციონარულ, სახლის ტელეფონთან ყველაზე დიდი სტიქიური უბედურებაა. მაგრამ დრო და ვითარება შეიცვალა და დღეს ქალების გარკვეულმა ნაწილმა მანქანის ტარება მეტ-ნაკლებად ისწავლა და სულ უფრო და უფრო მეტი ტარების უცოდინარი და ვერც ვერასდროს რომ ისწავლის ისეთი კაცი გვხვდება გზაზე. აი, კაცს და ტელეფონს რაც შეეხება... რეკავს კაცი და ხვდება სხვაგან. რა უნდა ქნას ნორმალურმა ადამიანმა? ბოდიში მოიხადოს და ყურმილი დაკიდოს. მაგრამ კაცი ასე არ იქცევა - როგორც კი ეტყვი, რომ სხვაგან მოხვდა, „უჰ!“ აღშფოთდება და გაბრაზებული თიშავს ტელეფონს და ჯიუტად აგრძელებს რეკვას. თან უკვე შენს ხმას ცნობს, თვითონ ლაპარაკითაც აღარ იწუხებს თავს და მინიმუმ ათჯერ მაინც გიწევს სამი წუთის განმავლობაში ტელეფონთან მირბენა და ვიღაცის განრისხებული „აჰ“ და „უჰის“ მოსმენა და სანამ არ დაკივლებ, არც იოცნებო რომ რეკვას მორჩეს!
მე მაინც განსაკუთრებული ბედი მაქვს აბეზარ მრეკავებთან დაკავშირებით. გამორჩეულად კი პენსიონერი ქალბატონები მწყალობენ. არა, პენსიონრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ასაკიან ხალხს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რატომღაც ძალიან უჭირთ დაიჯერონ, რომ ნამდვილად სხვა ნომერზე მოხვდნენ და ვინმე დათოს, მაკას ან თამარას არ ვმალავ. ჩვენი სატელეფონო ქსელების გამართული მუშაობის წყალობით მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც მიწევს ახსნა-განმარტების გაკეთება, რომ ტელეფონზე მე რომ ვპასუხობ ამაში დამნაშავე მე არ ვარ. ჯერ იყო და ყოველი თვის ბოლო პარასკევს მობილურზე მირეკავდნენ მეგრული აქცენტის მქონე ადამიანები და ვინმე ნონას კითხულობდნენ და ძალიან უკვირდათ მე რომ არ ვიყავი. სადღაც სამი თვის თავზე დავინტერესდი და ჩემი მრეკავები გამოვკითხე. თურმე მაშნდელი „სახალხო ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში ერთი მოლარე ნონა მუშაობდა, რომელსაც ალბათ ჩემი მსგავსი ნომერი ქონდა. ჰოდა, ყოველი თვის ბოლოს, სრულიად ზუგდიდის და მიმდებარე სოფლების პენსიონრები მიკავშირდებოდნენ ამბის გასაგებად, პენსია დაერიცხათ თუ არა. ქეყანაში სადაც 800 ათასი პენსიონერია, მინიმუმ 10 ათასი მაინც ხომ მოდის ზუგდიდზე და ახლა თავად წარმოიდგინეთ რა დღეში ვიყავი ყოველი პენსიების გაცემის დღეს?! სადღაც 3-4 თვე კიდევ გავიდა სანამ ყველამ გაიგო, რომ ჩემი ნომერი ნონასი არ იყო.
ეგ არაფერი, დაახლოებით ერთი თვის წინ რომელიღაც სტომატოლოგიურმა პოლიკლინიკამ რიმელიღაც არხზე, სავარაუდოდ რუსთავის ან იმედის დილაში გამოაცხადა რაღაც აქცია, როგორც ჩანს პენსიონრებისთვის. არ ვიცი ვის ადევს ჩემი ცოდვა, პოლიკლინიკას თუ ახალ ქსელებს, მაგრამ რაც იმ დღეს ჩემს სახლში დატრილადა, ამის ქაღალდზე გადმოცემა შეუძლებელია. მხოლოდ ჩვენს პენსიონერს შეიძლება ჯეროდეს, რომ დილის 8 საათზე პოლიკლინიკაში ტელეფონზე ვინმე უპასუხებს... ზუსტად 8 საათზე რომ დაიწყო ტელეფონმა რეკვა, მაგრამ მარტო რეკვას ვინ ჩივის, იმიტომ რომ დანტისტი არ ვიყავი და არც იმ დასაქცევი პოლიკლინიკის მისამართი და ზუსტი ნომერი არ ვიცოდი, ზოგი მწყევლიდა, ზოგი მეჩხუბებოდა, ზოგიც საქმეს მირჩევდა... როგორც აღმოჩნდა, ჩემს ძველ ექვსციფრიან ნომერს მიმატებული კიდევ ერთი ციფრი იმათი ნომერი იყო, მაგრამ დღეს ხომ შვიდციფრიანი სისტემა გვაქვს. ახალი ქსელების კარგად აწყობილი ქსელის წყალობით, ექვსი ციფრის აკრეფის შემდეგ ყველა ჩემთან ხვდებოდა: „რას ამბობ, ასე გამოაცხადეს ტელევიზორში და რას ქვია პოლიკლინიკა არ არისო!“. არა, ზოგი ღვთისმოსავი და არააგრესიულიც შემხვდა და იმათთან ზრდილობიანი მუსაიფით ვირთობდი თავს და ასე გავიგე ეს რა უბედურება მჭირდა. ერთმა განსაკუთრებულად გონებაგამჭრიახმა, როცა მიხვდა რომ ნომერი ნამდვილად სხვისი იყო, სხვა გამოსავალი მონახა და ჩემი მისამართით დაინტერესდა - პოლიკლინიკა ჩემს მეზობლად თუ იქნებოდა, გამაგზავნიდა და მე გამარკვევინებდა მისთვის საინტერესო საკითხებს... დღის ოთხი საათისთვის ნერვებმა მიღალატა (გაითვალისწინეთ, რომ ტელეფონი ერთი წუთითაც არ გაჩერებულა) და ახალ ქსელებში დავრეკე. რა გგონიათ? თავიანთი დანაშაული იუარეს, მაგრამ რა პოლიკლინიკაზე იყო საუბარი მაშინვე მიხვდნენ და ნომერიც კი მითხრეს - როგორც ჩანს ჩემი მრეკავები ჩემს მერე მათ ესხმოდნენ თავს. მე კი მომახსენეს, რომ თურმე ასაკიანმა ადამიანებმა ტელეფონით სარგებლობა არ იციან და ათასობით ადამიანს მაინც და მაინც ერთ დილას დაებინდა გონება და თვალი და იმიტომ ხვდებოდნენ ჩემთან. მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი ტელეფონის ოპერატორებმა ჩემი ნომერიც გაიგეს (ანუ, ორივე აბონენტი დაადგინეს რომელთა აღრევაც ხდებოდა), ქსელში არეულობა გაასწორეს და აღარავის დაურეკავს.
კიდევ უფრო ადრე, ამჯერად ძველ ქსელებზე, როგორც მოგვიანებით ატეესში ამიხსნეს, ჩემი სატელეფონო სადენი, სადღაც მიწაში სხვის სადენს ეხებოდა, რაღაც მოკლე ჩართვა ხდებოდა და ორივე ერთდროულად თუ ვრეკვდით სადმე, ერთმანეთის საუბარი გვესმოდა. მსგავსი სატელეფონო მეზობლები ბევრს ყავს, მაგალითად იმავე პერიოდში ჩემს დის ტელეფონში ქურთების სრულიად უწყინარი ოჯახი ბინადრობდა და თავისთვის მოკრძალებულად ზუზუნებდა. მე კი მაშინაც გამიმართლა. ამ პრობლემას ძალიან ადვილად ასწორებენ, მაგრამ ამისთვის მეორე აბონენტის ნომერიც უნდა გაიგო, ისე ატეესი უძლურია. ამისთვის, ყურმილში ლაპარაკს რომ გაიგონებ, ხმამაღლა უნდა დაიძახო და ნომერი კითხო, გეტყვიან, დარეკავ, ჩააწერინებ ორივე ნომერს და გაასწორებენ... ერთი შეხედვით ძალიან ადვილი პროცედურაა. არც იოცნებოთ! ჩემი სატელეფონო ხაზის ოკუპანტი ვიღაც უსაქმური და ნერვებთან პრობლემის მქონე თინეიჯერი აღმოჩნდა. გოგო დღე და ღამე ტელეფონთან იჯდა და ელოდებოდა როდის დავრეკავდი სადმე ან დამირეკავდნენ. მერე იწყებდა სიმღერას, კივილს, ჩხავილს... ალბათ ცეკვავდა კიდეც, მაგრამ მე ვერ ვხედავდი. მაგინებდა, მამკობდა, ჩემი ინტიმური ცხოვრების შესახებ საკუთარ საავტორო ისტორიებს თხზავდა და მერე მხატვრულად ყვებოდა, ლაპარაკს არ მაცლიდა. თავიდანვე მივხვდი, რომ გიჟი იყო და ხმას არ ვცემდი, ვითომ არ მესმოდა. მალე ჩემთან სისტემატიურად ვინც რეკავდა ყველა სახელებით გაიცნო, კონცერტებს იმათ საპატივცემულოდაც მართავდა. მისდა საუბედუროსდ, რამდენიმე რუსულენოვანიც თანამოსაუბრეც მყავდა და იძულებული გახდა ორიოდე ფრაზა ამ 
 ენაზეც ესწავლა და „ია ეგო ფანკა“-ს კივილით ცდილობდა აეხსნა ჩემი ნაცნობებისთვის, რომ მისი ცხოვრების ერთადერთი აზრი გავხდი და ჩემი ფანი იყო. ყველა ჩემს მრეკავს, განსაკუთრებით ოჯახის წევრებს, ჩემნაირი მყარი ნერვები არ აღმოაჩნდათ და იმ დღეს ბედნიერი იყო რომელიმე მათგანი თუ გალანძღავდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეს ცოცხალი თავით არ ვაჩვენებდი ჩემს აღშოთებას და ძველებურად უდრეკი ვჩანდი, უკვე ნერვები მღალატობდა, ლამის მოკრივეების მუთაქა და ხელთათმნები ვიყიდე, რომ დამედგინა ვინ იყო და გამელახა... ყბა მომემტვრია ან მანქანის საბარგულში ჩამეგდო და ოკრო-ბოკრო გზებზე ერთი საათი „მეკატავებინა“. არ ვიცი სანამდე გაგრძელდებოდა ეს სიტუაცია და რა მოხდებოდა ერთ დღესაც თავისით რომ არ „ჩაგვბარებოდა“. ჩემი ძმა მესტუმრა და მეუბნება: „ვიღაც გოგო მომადგა, მთლად დალაგებული არ ჩანს. ჩემი კურსელი ყოფილა და თურმე შენ გიცნობსო“, „საიდან-მეთქი“. „ტელეფონზე ვარ შენს დასთან ჩართულიო“... უიიი, ჩემმა ძმებმა და მისმა მეგობრებმა რომ გაიგეს ვინ ბრძანდებოდა, მეორე დღესვე დასვეს და დაელაპარაკნენ. რა გგონიათ? ორი დღე იყო ჩუმად და მესამეზე ვეღარ მოითმინა და ისევ აგალობდა. მერე უფრო მკაცრად დაელაპარაკნენ. ერთი კვირა იყო გასუსული, ისევ აჩხავლდა. მერე ისევ დაელაპარაკნენ... მხოლოდ მეშვიდე მცდელობის მერე, ცემით რომ დაემუქრნენ, იკადრა და თავისი ფეხით წაბრძანდა ატეესში და ზუსტად აღარ მახსოვს, მემგონი არა მარტო ხაზი გაასწორებინა, ნომერიც გამოიცვალა. 
არაა, გადავიკითხე საკუთარი ნაწერი და თავადაც მიკვირს, ტელეფონის ზარზე როგორ არ ვფრთხები და საპასუხოდ მისვლის რატომ არ მეშინია.... ხარ სახლში შენთვის მშვიდად, დარეკავს ვიღაც და მთელ თავის ნეგატიურ ენერგიას თავზე დაგაფერთხავს. რატომ? რისთვის? ნერვების დამშვიდების სხვა, უფრო მარტივი ფორმებიც არსებობს...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი