შეიძლება დუმილი მართლა ოქრო არაა, მაგრამ ხანდახან აშკარად საჭიროა...

Approved by Mary Poppins


უაზრო კითხვებმა, უაზრო პასუხები გამახსენა. არ მეგულება ადამიანი, ჩემი ჩათვლით, რომელსაც ვინმესთვის შეცდომით დაბადების დღეზე ახალი წელი ან ახალ წელს დაბადების დღე არ მიელოცოს, ან უადგილოდ „მრავალს დაესწარით“ არ ეთქვას. მე მაგალითად, იმდენად სისხლში მაქვს გამჯდარი, ხშირად მადლობას იქით ვუხდი, როცა მე უნდა გადამიხადონ და რატომღაც ავიწყდებათ. მაგალითად, ტორტის ნაჭერს ვაწვდი ვინმეს და რომ მართმევენ, მადლობას ვეუბნები. დაუფიქრებლად წამოსროლილი ფრაზების და უადგილო პასუხის ყველაზე კლასიკური ვარიანტი ერთი ცნობილი ანეგდოტია: „ბებია რითი გარდაიცვალაო. გრიპითო. უჰ, ეგ არაფერიო“. ალბათ ყველას გქონიათ ერთხელ მაინც შემთხვევა, როცა ვინმეს თქვენი გასაჭირის თაობაზე შესჩივით და პაუზებში „ძალიან კარგი“ ან „გადასარევი“ გესმით პასუხად. ალბათ ესეც ჩვენი ბრალია. ერთი იმიტომ, რომ უნდა ვიცოდეთ ვის გავუზიაროთ ჩვენი პრობლემები და ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ შორიახლო ნაცნობებს ძალიან ნაკლებად აინტერესებთ ჩვენი შვილიშვილის ან ბიძაშვილის ბაღის ან სამსახურის ამბები. ასეთ დროს უბრალოდ არ გვისმენენ, თავის საფიქრალზე ფიქრობენ და მირიგე შორისდებულებით და ფრაზებით გვიშორებენ თავიდან. ამიტომ, „წინა კვირას ბრმა ნაწლავი გამისკდაზე“, „ძალიან კარგიო“ რომ გეტყვიან, ნუ გაიკვირვებთ, თანამოსაუბრეს შეეშვით და საქმე გააგრძელეთ.
ამას წინათ კბილის ექიმს ველოდებოდი და მოსაცდელში ვიჯექი. საკმაოდ ასაკიანი კაცი, სავარაუდოდ კლინიკის მთავარი ექიმი, კაბინეტიდან გამოვარდა, იქვე კედელთან ატუზულ თავისივე ხნის კაცს ეტაკა, გადაკოცნა. იმ უბედურს ხმის ამოღება არ აცალა, ავტომატივით მიაყარა თავისი შვილიშვილის სკოლის ამბები: მოუყვა ბავშვი როგორი არნახულად ნიჭიერია, შესჩივლა ფრანგულის მასწავლებელი როგორ არ მოწონდათ, მათემატიკას როგორ ცუდად ასწავლიდნენ და ყველაფერი ამის გამო იძლებული როგორ გახდნენ ბავშვისთვის სკოლა გამოეცვალათ და ახლა როგორი კმაყოფილები არიან. მერე ისევ გადაკოცნა, სასწრაფოდ გამოემშვიდობა „თანამოსაუბრეს“, ხმის ამოღება ისევ არ აცალა და თავის საქმეებზე გაიქცა. შემიძლია დაგენიძლაოთ, რომ იმ კაცმა, ექიმს შვილიშვილი თუ ყავდა საერთოდ მანამდე ისიც კი არ იცოდა და არც აინტერესებდა, კბილი ტკიოდა და თავისთვის იტანჯებოდა რიგის მოლოდინში.
ძალიან ბევრს ახასიათებს, არ შეგეშვას სანამ ბოლომდე არ გადმოგაფრქვევს გულისნადებს და სულ არ აწუხებს ამისთვის გცალია თუ არა. ასე განსაკუთრებით ექიმებს და სახელმწიფო მოხელეებს ჩაგრავენ. მოვა მოქალაქე, რომელსაც რაღაც უჭირს, მაგრამ შენ ვერაფრით ეხმარები - ვთქვათ, მისი პრობლემები სხვა სამინისტოს გადასაჭრელია. მიასწავლით, გადაამისამართებთ იქ სადაც ნამდვილად დაეხმარებიან, მაგრამ არც იფიქროთ თავი დაგანებოთ სანამ ყველაფერს ბოლომდე არ მოყვება, თან რამდენჯერმე. 
ექიმები რა დღეში არიან? ვთქვათ ავადმყოფი მივიდა თერაპევტთან და ზედაპირული გასინჯვითვე გაირკვა რომ ენდოკრინოლოგის პაციენტია. მიუხედავად ამისა, თერაპევტმაც დაწვრილებით უნდა მოისმინოს მეზობელ-ახლობლების რჩევებით, თვითმკურნალობითა და თვითდიაგნოსტიკით (თან ეს უკანასკნელი როგორ გვიყვარს) შეზავებული ჩივილები. მერე რა, რომ სხვა პაციენტებიც ელოდებიან და ვისი მკურნალობაც შეუძლია იმათთვის აღარც დრო რჩება და აღარც ნერვები. ჩვენ ხომ ჩვენი სათქმელი ვუთხარით. ზრდილობიანი ღიმილით მოგვისმინეს, თავზე ხელი გადაგვისვეს, ალბათ გულში გავრიანადაც შეგვიკურთხეს, მაგრამ ხმამაღლა ხომ არ უთქვამთ და ამიტომ სახლში მაინც კმაყოფილი ვბრუნდებით.
უაზრო პასუხები, ხშირად უხერხულობის თავიდან აცილების შედეგადაც გამოგვდის, გვინდა თავი არასასურველი მდგომარეობიდან დავიძვრინოთ, სიჩქარეში რაღაცას მოვთხრით და ყველაფერს კიდევ უფრო ვაფუჭებთ ხოლმე. ხანდახან კი, ყველაფერი უბრალოდ უმეცრების ან გაუგებრობის ბრალია...
დიდი ხნის წინ, სანამ ასფალტს დაგვიგებდნენ და გაგვანათებდნენ, თუ გახსოვთ პურის საშინელი დეფიციტი იყო, ხალხი საათობით იდგა პურის რიგში. ჰოდა, ზესტაფონის პურის ქარხნის დირექტორმა ერთ ზაფხულს ტელევიზიით განცხადება გააკეთა: „ფქვილის მარაგი ისეთი ცოტაა, ჩემი ქარხნის პურს მხოლოდ ზესტაფონში გავყიდი, სოფლებში არ გავაგზავნი. ქალაქში რა ქნას ხალხმა და სოფელში ქლიავი დაკრიფონ და ჭამონო“. მოკლედ, ასეთი სიტუაციის ფონზე, დირექტორის კაბინეტში მოადგილე შევარდა: „გაიგე, დიანა მომკვდარაო?!“ (პრინცესა დიანას გულისხმობდა). მეორე დღის პორცია პური როგორ გამოეცხოთ იმაზე ფიქრით დატანჯულმა დირექტორმა, რომელსაც ინგლისი და მისი პრინცესების არსებობაც არ ახსოვდა თავი ასწია და სრულიად გულწრფელად შეწუხებულმა უპასუხა: „აუფ, ქელეხში ჩვენგან მიაქვთ პურიო?“.
ერთი, კვლავაც ზესტაფონელი ახალგაზრდა, მისაღებ გამოცდებს აბარებდა სასოფლოში. სასოფლოში ჩამბარებლების დიდი ნაწილი, რომ სასოფლოში მხოლოდ ცოდნის და პატრონის დეფიციტის გამო აბარებდა, ალათ ყველას გვახსოვს და ამიტომ მაინცდამაინც აღარ უნდა გაგვიკვირდეს ქიმიის გამოცდაზე მომხდარი ისტორია. გამომცდელმა ჩვენს სწავლას მოწყურებულ აბიტურიენტს დაფაზე მჟავების ჩამოწერა დაავალა და მორცხვი ჭაბუკი რომ არ დაებნია, ანუ თუკი ასეთი გააჩნდა, „შპარგალკის“ გამოყენების საშუალება მიეცა, აუდიტორიიდან გავიდა.  ბიჭმაც გაიხარა, არა, შპარგალკა არ ქონდა, მაგრამ კითხვა იყო ძალიან ადვილი და რაც კი მჟავე გაახსენდა, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ჩამოაკიწკიწა. ათი წუთის შემდეგ დაბრუნებულმა ლექტორმა დაფას უყურა, უყურა და მერე ბრძანება გასცა: „ჩამოხსენით კედლიდან მენდელეევის პორტრეტი და ამისი დაკიდეთო“. ახლა უკვე, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი და ასაკიანი ადამიანი, თვითონ იხსენებს, რომ თურმე მისთვის ცნობილი ყველა მჟავე ჩამოუწერია: კიტრიც, მწვანე პამიდორიც, კომბოსტოც, პრასიც, ნიორიც. „მხოლოდ ჯონჯოლი გამომრჩა და ალბათ მაგიტომ ვერ მივიღე ნიშანიო“.
ოციოდე წლის წინ, როცა ახალგაზრდა ბიჭებს შეყვარებულების სახლში ახლანდელივით თამამად მიყვანის ჯერ კიდევ რცხვენოდათ, ერთი ჩემი ნაცნობი ქუთაისელი ბიჭი რუსთაველზე გოგოსთან ერთად სეირნობდა, თან უბრალოდ კი არა, ხელგადახვეული. ჰოდა, მოულოდნელად დედა გადაეყარა. გოგოს დანახვაზე დედის დაინტერესებული მზერა რომ შეამჩნია, ბიჭი არ დაიბნა და შემთხვევით შემხვედრებისთვის წინდაწინ მომზადებული ფრაზა მიახალა: „დედა, გაიცანი, დედიდაშვილია ჩემიო“. დედასაც რაღა დარჩენოდა, „მოხვალ ამ საღამოს სახლშიო“ დაუბარა შვილს და შეყვარებულებს მშვიდობიანად გაეცალა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment