თურმე ნუ იტყვით და ტელეფონზე რეკვასაც თავისი წესები აქვს...

Approved by Mary Poppins

ძალიან დიდხანს მეგონა რომ ქალი საჭეზე და კაცი სტაციონარულ, სახლის ტელეფონთან ყველაზე დიდი სტიქიური უბედურებაა. მაგრამ დრო და ვითარება შეიცვალა და დღეს ქალების გარკვეულმა ნაწილმა მანქანის ტარება მეტ-ნაკლებად ისწავლა და სულ უფრო და უფრო მეტი ტარების უცოდინარი და ვერც ვერასდროს რომ ისწავლის ისეთი კაცი გვხვდება გზაზე. აი, კაცს და ტელეფონს რაც შეეხება... რეკავს კაცი და ხვდება სხვაგან. რა უნდა ქნას ნორმალურმა ადამიანმა? ბოდიში მოიხადოს და ყურმილი დაკიდოს. მაგრამ კაცი ასე არ იქცევა - როგორც კი ეტყვი, რომ სხვაგან მოხვდა, „უჰ!“ აღშფოთდება და გაბრაზებული თიშავს ტელეფონს და ჯიუტად აგრძელებს რეკვას. თან უკვე შენს ხმას ცნობს, თვითონ ლაპარაკითაც აღარ იწუხებს თავს და მინიმუმ ათჯერ მაინც გიწევს სამი წუთის განმავლობაში ტელეფონთან მირბენა და ვიღაცის განრისხებული „აჰ“ და „უჰის“ მოსმენა და სანამ არ დაკივლებ, არც იოცნებო რომ რეკვას მორჩეს!
მე მაინც განსაკუთრებული ბედი მაქვს აბეზარ მრეკავებთან დაკავშირებით. გამორჩეულად კი პენსიონერი ქალბატონები მწყალობენ. არა, პენსიონრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ასაკიან ხალხს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რატომღაც ძალიან უჭირთ დაიჯერონ, რომ ნამდვილად სხვა ნომერზე მოხვდნენ და ვინმე დათოს, მაკას ან თამარას არ ვმალავ. ჩვენი სატელეფონო ქსელების გამართული მუშაობის წყალობით მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც მიწევს ახსნა-განმარტების გაკეთება, რომ ტელეფონზე მე რომ ვპასუხობ ამაში დამნაშავე მე არ ვარ. ჯერ იყო და ყოველი თვის ბოლო პარასკევს მობილურზე მირეკავდნენ მეგრული აქცენტის მქონე ადამიანები და ვინმე ნონას კითხულობდნენ და ძალიან უკვირდათ მე რომ არ ვიყავი. სადღაც სამი თვის თავზე დავინტერესდი და ჩემი მრეკავები გამოვკითხე. თურმე მაშნდელი „სახალხო ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში ერთი მოლარე ნონა მუშაობდა, რომელსაც ალბათ ჩემი მსგავსი ნომერი ქონდა. ჰოდა, ყოველი თვის ბოლოს, სრულიად ზუგდიდის და მიმდებარე სოფლების პენსიონრები მიკავშირდებოდნენ ამბის გასაგებად, პენსია დაერიცხათ თუ არა. ქეყანაში სადაც 800 ათასი პენსიონერია, მინიმუმ 10 ათასი მაინც ხომ მოდის ზუგდიდზე და ახლა თავად წარმოიდგინეთ რა დღეში ვიყავი ყოველი პენსიების გაცემის დღეს?! სადღაც 3-4 თვე კიდევ გავიდა სანამ ყველამ გაიგო, რომ ჩემი ნომერი ნონასი არ იყო.
ეგ არაფერი, დაახლოებით ერთი თვის წინ რომელიღაც სტომატოლოგიურმა პოლიკლინიკამ რიმელიღაც არხზე, სავარაუდოდ რუსთავის ან იმედის დილაში გამოაცხადა რაღაც აქცია, როგორც ჩანს პენსიონრებისთვის. არ ვიცი ვის ადევს ჩემი ცოდვა, პოლიკლინიკას თუ ახალ ქსელებს, მაგრამ რაც იმ დღეს ჩემს სახლში დატრილადა, ამის ქაღალდზე გადმოცემა შეუძლებელია. მხოლოდ ჩვენს პენსიონერს შეიძლება ჯეროდეს, რომ დილის 8 საათზე პოლიკლინიკაში ტელეფონზე ვინმე უპასუხებს... ზუსტად 8 საათზე რომ დაიწყო ტელეფონმა რეკვა, მაგრამ მარტო რეკვას ვინ ჩივის, იმიტომ რომ დანტისტი არ ვიყავი და არც იმ დასაქცევი პოლიკლინიკის მისამართი და ზუსტი ნომერი არ ვიცოდი, ზოგი მწყევლიდა, ზოგი მეჩხუბებოდა, ზოგიც საქმეს მირჩევდა... როგორც აღმოჩნდა, ჩემს ძველ ექვსციფრიან ნომერს მიმატებული კიდევ ერთი ციფრი იმათი ნომერი იყო, მაგრამ დღეს ხომ შვიდციფრიანი სისტემა გვაქვს. ახალი ქსელების კარგად აწყობილი ქსელის წყალობით, ექვსი ციფრის აკრეფის შემდეგ ყველა ჩემთან ხვდებოდა: „რას ამბობ, ასე გამოაცხადეს ტელევიზორში და რას ქვია პოლიკლინიკა არ არისო!“. არა, ზოგი ღვთისმოსავი და არააგრესიულიც შემხვდა და იმათთან ზრდილობიანი მუსაიფით ვირთობდი თავს და ასე გავიგე ეს რა უბედურება მჭირდა. ერთმა განსაკუთრებულად გონებაგამჭრიახმა, როცა მიხვდა რომ ნომერი ნამდვილად სხვისი იყო, სხვა გამოსავალი მონახა და ჩემი მისამართით დაინტერესდა - პოლიკლინიკა ჩემს მეზობლად თუ იქნებოდა, გამაგზავნიდა და მე გამარკვევინებდა მისთვის საინტერესო საკითხებს... დღის ოთხი საათისთვის ნერვებმა მიღალატა (გაითვალისწინეთ, რომ ტელეფონი ერთი წუთითაც არ გაჩერებულა) და ახალ ქსელებში დავრეკე. რა გგონიათ? თავიანთი დანაშაული იუარეს, მაგრამ რა პოლიკლინიკაზე იყო საუბარი მაშინვე მიხვდნენ და ნომერიც კი მითხრეს - როგორც ჩანს ჩემი მრეკავები ჩემს მერე მათ ესხმოდნენ თავს. მე კი მომახსენეს, რომ თურმე ასაკიანმა ადამიანებმა ტელეფონით სარგებლობა არ იციან და ათასობით ადამიანს მაინც და მაინც ერთ დილას დაებინდა გონება და თვალი და იმიტომ ხვდებოდნენ ჩემთან. მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი ტელეფონის ოპერატორებმა ჩემი ნომერიც გაიგეს (ანუ, ორივე აბონენტი დაადგინეს რომელთა აღრევაც ხდებოდა), ქსელში არეულობა გაასწორეს და აღარავის დაურეკავს.
კიდევ უფრო ადრე, ამჯერად ძველ ქსელებზე, როგორც მოგვიანებით ატეესში ამიხსნეს, ჩემი სატელეფონო სადენი, სადღაც მიწაში სხვის სადენს ეხებოდა, რაღაც მოკლე ჩართვა ხდებოდა და ორივე ერთდროულად თუ ვრეკვდით სადმე, ერთმანეთის საუბარი გვესმოდა. მსგავსი სატელეფონო მეზობლები ბევრს ყავს, მაგალითად იმავე პერიოდში ჩემს დის ტელეფონში ქურთების სრულიად უწყინარი ოჯახი ბინადრობდა და თავისთვის მოკრძალებულად ზუზუნებდა. მე კი მაშინაც გამიმართლა. ამ პრობლემას ძალიან ადვილად ასწორებენ, მაგრამ ამისთვის მეორე აბონენტის ნომერიც უნდა გაიგო, ისე ატეესი უძლურია. ამისთვის, ყურმილში ლაპარაკს რომ გაიგონებ, ხმამაღლა უნდა დაიძახო და ნომერი კითხო, გეტყვიან, დარეკავ, ჩააწერინებ ორივე ნომერს და გაასწორებენ... ერთი შეხედვით ძალიან ადვილი პროცედურაა. არც იოცნებოთ! ჩემი სატელეფონო ხაზის ოკუპანტი ვიღაც უსაქმური და ნერვებთან პრობლემის მქონე თინეიჯერი აღმოჩნდა. გოგო დღე და ღამე ტელეფონთან იჯდა და ელოდებოდა როდის დავრეკავდი სადმე ან დამირეკავდნენ. მერე იწყებდა სიმღერას, კივილს, ჩხავილს... ალბათ ცეკვავდა კიდეც, მაგრამ მე ვერ ვხედავდი. მაგინებდა, მამკობდა, ჩემი ინტიმური ცხოვრების შესახებ საკუთარ საავტორო ისტორიებს თხზავდა და მერე მხატვრულად ყვებოდა, ლაპარაკს არ მაცლიდა. თავიდანვე მივხვდი, რომ გიჟი იყო და ხმას არ ვცემდი, ვითომ არ მესმოდა. მალე ჩემთან სისტემატიურად ვინც რეკავდა ყველა სახელებით გაიცნო, კონცერტებს იმათ საპატივცემულოდაც მართავდა. მისდა საუბედუროსდ, რამდენიმე რუსულენოვანიც თანამოსაუბრეც მყავდა და იძულებული გახდა ორიოდე ფრაზა ამ 
 ენაზეც ესწავლა და „ია ეგო ფანკა“-ს კივილით ცდილობდა აეხსნა ჩემი ნაცნობებისთვის, რომ მისი ცხოვრების ერთადერთი აზრი გავხდი და ჩემი ფანი იყო. ყველა ჩემს მრეკავს, განსაკუთრებით ოჯახის წევრებს, ჩემნაირი მყარი ნერვები არ აღმოაჩნდათ და იმ დღეს ბედნიერი იყო რომელიმე მათგანი თუ გალანძღავდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეს ცოცხალი თავით არ ვაჩვენებდი ჩემს აღშოთებას და ძველებურად უდრეკი ვჩანდი, უკვე ნერვები მღალატობდა, ლამის მოკრივეების მუთაქა და ხელთათმნები ვიყიდე, რომ დამედგინა ვინ იყო და გამელახა... ყბა მომემტვრია ან მანქანის საბარგულში ჩამეგდო და ოკრო-ბოკრო გზებზე ერთი საათი „მეკატავებინა“. არ ვიცი სანამდე გაგრძელდებოდა ეს სიტუაცია და რა მოხდებოდა ერთ დღესაც თავისით რომ არ „ჩაგვბარებოდა“. ჩემი ძმა მესტუმრა და მეუბნება: „ვიღაც გოგო მომადგა, მთლად დალაგებული არ ჩანს. ჩემი კურსელი ყოფილა და თურმე შენ გიცნობსო“, „საიდან-მეთქი“. „ტელეფონზე ვარ შენს დასთან ჩართულიო“... უიიი, ჩემმა ძმებმა და მისმა მეგობრებმა რომ გაიგეს ვინ ბრძანდებოდა, მეორე დღესვე დასვეს და დაელაპარაკნენ. რა გგონიათ? ორი დღე იყო ჩუმად და მესამეზე ვეღარ მოითმინა და ისევ აგალობდა. მერე უფრო მკაცრად დაელაპარაკნენ. ერთი კვირა იყო გასუსული, ისევ აჩხავლდა. მერე ისევ დაელაპარაკნენ... მხოლოდ მეშვიდე მცდელობის მერე, ცემით რომ დაემუქრნენ, იკადრა და თავისი ფეხით წაბრძანდა ატეესში და ზუსტად აღარ მახსოვს, მემგონი არა მარტო ხაზი გაასწორებინა, ნომერიც გამოიცვალა. 
არაა, გადავიკითხე საკუთარი ნაწერი და თავადაც მიკვირს, ტელეფონის ზარზე როგორ არ ვფრთხები და საპასუხოდ მისვლის რატომ არ მეშინია.... ხარ სახლში შენთვის მშვიდად, დარეკავს ვიღაც და მთელ თავის ნეგატიურ ენერგიას თავზე დაგაფერთხავს. რატომ? რისთვის? ნერვების დამშვიდების სხვა, უფრო მარტივი ფორმებიც არსებობს...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი 

2 კომენტარი.:

  1. maia

    რეები გადაგიტანია, გავვოცდი, მე მხოლოდ ხიდაშლები მაწუხებენ, უ.ს. მათთან დამრეკავები, შებრუნებულ ნომერს კრეფენ ყოველთვის და შეძახილზე ალოო, ჯული! ვცდილობ მოთმინებით ავუხსნა როგორ დარეკონ მართლა ჯულისთან.

  1. Mary Poppins

    მე მართლა გამორჩეულად გამიმართლა :) პოლიკლინიკის კლიენტები ახლაც ხვდებიან ხოლმე ჩემთან, მაგრამ კვირაში 2-3 ზარს ყურადღებასაც არ ვაქცევ. იმ დღეს კი რაღაც კოშმარი იყო. ჩვენს მოხუცებს ვერაფრით ვერ აუხსნი რომ ტელევიზორში რასაც აცხადებენ ყველაფერი სიმართლე არაა, ვერ წარმოიდგენ როგორ მეჩხუბებოდნენ :)))))))

Post a Comment