Gratin Dophinois - კრაწუნა კარტოფილი ფრანგულად

Approved by Mary Poppins


მეფური სახელწოდების მქონე გრატენი „დოფინუა“ (პროვონცია დოფინე ხომ ტრადიციულად ტახტის მემკვიდრეებს ეკუთვნოდათ) ძალიან ნოყიერი და გემრიელი ფრანგული ხალხურ კერძია. თუმცა, დოფინეში საიდან, როგორ და როდის გაჩნდა, არავინ უწყის. მე-19 საუკუნის კულინარიულ წიგნებში ამ კერძს ვერ ნახავთ, მე-18-ში კი საფრანგეთში კარტოფილს სულ არ ჭამდნენ... ასეა თუ ისე, კერძი აშკარად ფრანგულია: ძალიან სადა, ძალიან მარტივი და საოცრად ეშხიანი.

კლასიკური გრატენი „დოფინუა“
ერთი ადამიანისთვის:  2-3 საშუალო ზომის კარტოფილი, 100 მლ ცხიმიანი ნაღები, 100 მლ ცხიმიანი რძე, 1 კბილი ნიორი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით და ჯავზის კაკალი (მუსკატი) დანის წვერზე. კარტოფილის ოდენობა, თქვენი საცხობი ფორმის ზომისდა მიხედვით განსაზღვრეთ.
აარჩიეთ სახამებლის დიდი ოდენობის შემცველი ყვითელი, მოგრძო ფორმის კარტოფილი. გათალეთ, გარეცხეთ და დაჭერით 3მმ სისქის რგოლებად. აიღეთ კერამიკული ან მინის ცეცხლგამძლე ფორმა და კარგად დაცხიმეთ კარაქით. ცხიმწსამულ ფორმაში დაიწყეთ კარტოფილის ფენებად ჩალაგება. ყოველ ფენას მოაყარეთ ცოტაოდენი დაჭყლეტილი ნიორი, ჯავზის კაკალი, მარილი და პილპილი. კარტოფილის ჩალაგებას რომ მორჩებით, გვერდებიდან, ისე რომ კარტოფილი არ დაასველოთ ფრთხილად ჩაასხით ერთმანეთში შერეული რძე და ნაღები. ალუმინის ფოლგის ნაჭერს წაუსვით კარაქი და ცხიმწასმული მხარით ქვევით დააფარეთ კარტოფილს (რომ არ დაიწვას) და გახურებულ ღუმელში შედგით 1 საათით. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ კარტოფილს ფალგა გადახადეთ, თავზე ცხიმიანი სქელი ნაღები ან არაჟანი გადაუსვით და ისევ ღუმელში შეაბრუნეთ. არაჟანიდან სითხე ამოორთქლდება, და კარტოფილი ზუსტად იმ ქერქს გაიკეთებს, „გრატენს“ რის გამოც ეძახიან. ღუმელიდან გამოღების წინ სადმე შუაში დანა ჩაარჭვეთ და გასინჯეთ, კარტოფილი თუ უმია, ცოტა ხანი უკან შეაბრუნეთ, თუ ძალიან გამოშრა ცოტა ნაღები ან რძე დაუმატეთ და ისევ შეაბრუნეთ 2 წუთით.

ბევრი დიასახლისი, სრულყოფის მიზნით, კლასიკურ „დოფინუას“ გახეხილ ყველს უმატებს. ამით არაფერი არ შავდება, გარდა იმისა, რომ „დოფინუას“ ნაცვლად „გრატენს სავოიედან“ მივიღებთ. მოგეხსენებათ, სავოიე შვეიცარიასთან ახლოსაა, იქ კი ყველი უყვართ.

გრატენი სავოიედან
ყველაფერი იგივე, რაც ზედა რეცეპტშია. ოღონდ, ყოველ ფენას მოაყარეთ გახეხილი ყველი და რძისა და ნაღების ნარევი ქათმის ბულიონით შეცვალეთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment