Happy Birthday!!!

Approved by Mary Poppins



30 ნოემბერს ბარბადოსზე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ, „Greenpeace“-ის წარმომადგენლები სპილოს საერთაშორისო დღეს ზეიმობენ, ინფორმატიკოსები და პროგრამისტები გამატებით იცავენ თავის დროზე „მორისის ჭიაყელას“ მიერ დავირუსებულ და აწ ნამკურნალებ ინფორმაციას, ოდესღაც სწორედ ამ დღეს გალილეო გალილეიმ მთვარის ზედაპირის რუკა დახატა, შოტლანდიაში კი პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი გაიმართა, ამ დღის ბედნიერი ვარსკვლავის ქვეშ იშვნენ სვიფტი, ტვენი და ჩერჩილი - ჰერცოგი მალბორო. ეს თარიღი საბედისწერო აღმოჩნდა ოსკარ უაილდისათვის (სული განუტევა).
დღეს ჩვენი ბლოგი ინტერნეტ-სივრცეში გასვლის, არც მეტი, არც ნაკლები, ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს. საკუთარი პირმშოს წარმატების შემხედვარე ბლოგის შემქმნელები კი, სიამაყით აღვსილნი, ფეხზე მდგარნი (ხანგრძლივი ოვაციებით) ხელებს კმაყოფილებით ვიფშვნეტთ და ცუკერბერგისთვის (იხ. ვიკიპედია) შესაშური გაფაციცებით ვაკვირდებით ბლოგის სტუმართა, ვიზიტორთა და შემთხვევით შემოხეტებულთა თვალსა და ხელშუა მზარდ ოდენობას.
სტატისტიკის თანახმად, ბლოგს ყოველ ცისმარე დღეს სულ ცოტა 300-400 ინდივიდუალური მიკთხველი თუ არა, მნახველი მაინც ჰყავს. არადა, შარშან  ბლოგის არსებობის პირველ კვირებში 20 კაცი გვიხაროდა (აქედან ათნი თვითონ ვიყავით და ერთი თვის თავზე მეასე იღბლიანის შემოსვლა ბლოგის საგანგებო შეკრებითა და დიდი ტორტითაც აღვნიშნეთ). ბლოგის მკითხველთა გეგოგრაფიაც გაფართოვდა - რუკაზე ნაჩვენები 255 ქვეყნიდან უმრავლესობა ანთია, ჰონდურასის, ნიკარაგუასა და პერუს ჩათვლით. ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ ქვეყნებშიც ბუდობენ ქართულენოვანი მკითხველები. არა, ჩვენც ვხვდებით, ვიეტნამიდან თუ ერთი ნახვაა დაფიქსირებული, ვიღაც შემთხვევით შემობოდიალდა და დაიბნა ქართული დამწერლობის დანახვაზე, მაგრამ ჯიბუტი ერთ დღეში 16-ჯერ რომ ნათდება, აშკარად მკითხველია.
თუმცა, ასეთი კურიოზებიც ხდება: ჩვენი პირველი უცხოელი სტუმარი ერთი ფინელი გახლდათ, რომელიც ინტერნეტში "სატურნალიებს" ეძებდა და ინფორმაციის დინებამ ჩვენს სტატიასთან გამორიყა. საბრალომ საკუთარი კომპიუტერის ეკრანს დიდხანს უყურა და მერე დახმარებისათვის გუგლის თარჯიმანს მიმართა (საიდან იცითო, იკითხავთ - შეგახსენებთ, რომ ბლოგის ადმინისტრატორებს მის შიდა სამზარეულოზეც მიგვიწვდება ხელი და, კონკრეტულ მისამართებს თუ ვერ ვნახულობთ, ვინ, საიდან და როდის ფუთფუთებს ამისთვის თვალის გადავლება შეგვიძლია). ფინელმა „გუგლის თარჯიმნის“ მეშვეობით სტატია ჯერ ინგლისურად თარგნა და Here Comes სატურნალიები“-ის სტილში შესრულებული შედევრი მიიღო („slaves formally tavisupldebodnen, hierarchy utoldebodnen their patrons, ample picnic sites at one table skhdebodnen, along with singing and nobility slaves unto them, schools were closed because the criminals do not sjidnen.“ და კიდევ უკეთესი: „Pork ghortsi matson in ... Ip, ip, ip... Believe me, ugemrielesia!"). მერე არ დაიზარა და რუსულ ენას მიმართა და უარეს შედეგს მიაღწია („варвар король - вместо раба и бедное животное называется так, террористы были vatss gantevebis Ваци“. გეფიცებით, სიტყვა „ტერორისტი“ არსად არ გვაქვს ნახსენები!). მერე საშველად კანადელ მეგობარს უხმო და მთელი ორი დღე ფუჭად უტრიალა სტატიას. მისი IP მისამართი რომ გვცოდნოდა, მსგავსი გულმოდგინებისთვის არ დავზარდებოდით და თავადვე ვუთარგმნიდით. იმ გაჭირვებული ფინელის საცოდაობით გულდამწვრებს მხოლოდ ის გვახარებდა, რომ ბლოგზე მისი აქტიური მოღვაწეობის წყალობით, ჩვენი რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა.
ჩვენს არნახულ პოპულარობას (დაგვიჯერეთ, ქართულენოვანი სივრცისთვის დღეში 300-400 ნახვა ცოტა ნამდვილად არ არის) ქართული საიტებისა და ქართულ ენაზე არსებული ინფორმაციის სიმწირეც უწყობს ხელს - ვინ არ ხვდება ჩვენთან „გუგლისა“ და „ჰოლმს.ჯის“ წყალობით. ზოგი „პატარა მაჩვს“ ეძებს, ზოგიც არკვევს „ბანანი ხილია თუ ბოსტნეული“, ზოგს ზოგადად „ნამცხვრის რეცეპტი“ უნდა, ზოგსაც „შემწვარი კარტოფილის ვიდეოგაკვეთილი“. ყველა გზააბნეული ჩვენთან ხვდება და მერე დიდი ხნით იდებს ბინას. ჩვენც, რითიც შეგვიძლია, ვეხმარებით.
მოკლედ, ასეა თუ ისე, ამ ერთი წლის მანძილზე ბევრი საინტერესო რამ მოხდა - ვიღაცეები გავიცანით, ზოგი დავიმეგობრეთ, ჩვენებურ ამბებს დანატრებულ და უცხოეთში მცხოვრებ მეგობრებთან ყოველდღიური კავშირი აღვადგინეთ, ბევრი გემრიელი რეცეპტი გამოვცადეთ, საკუთარიც შევქმენით, ცოდნაც შევიძინეთ და გულიანად ვიმხიარულეთ. ბლოგმა შარშანდელი ცივი ზამთარიც და ხვატიანი ზაფხულიც ხალისიანად გადაგვაგორებინა. 
ვაღიარებთ, საკუთარი თავით კმაყოფილები ვართ. ენთუზიაზმი არ მოგვაკლდა. მოღვაწეობის თორმეტმა თვემ გვიჩვენა, რომ ჩვენი პირმშო (ბლოგი) უკვე დამოუკიდებლად არსებობს და თავისი შინაარსიანი ცხოვრებით ცხოვრობს (სადაცაა სრულწლოვანებას მიაღწევს და საცხოვრებლად ცალკე გადასვლასაც მოგვთხოვს).

საუკეთესო სურვილებით, თქვენი პოლი და მერი

0 კომენტარი.:

Post a Comment