იდეალურად დაბრაწული კარტოფილი ჯეიმი ოლივერისაგან

Approved by Mary Poppins


იდეალურად დაბრაწული კარტოფილისთვის კარტოფილიც იდეალური დაგვჭირდება. ასე რომ, შევარჩიოთ ჩვენთვის საყვარელი ჯიშის კარტოფილი, გავთალოთ და შუაზე გავჭრათ (თუ ძალიან დიდი კარტოფილები გვაქვს, გავჭრად ოთხად). ჯამში ჩავყაროთ და ცოტა ხანი გამდინარე წყლის ქვეშ დავდგათ, ზედმეტი სახამებელი რომ გავაცალოთ. მერე ჩავყაროთ ცივი წყლით სავსე ქვაბში, ჩავაყაროთ ბლომად მარილი და დავდგათ მოსახარშად. კარტოფილი რომ მოიხარშება, წყალი გადავწუროთ. ცხელი კარტოფილი ქვაბშივე შევაჯანჯღაროთ - რაც უფრო ხაოიანი ზედაპირი ექნება კარტოფილს, დაბრაწვისას მით უკეთეს კრაწუნა ქერქს გაიკეთებს. ახლა მოვამზადოთ ცხიმი: შეგვიძლია დავამზადოთ კარტოფილის სამნაირი ვარიანტი. 1. ზეითუნის ზეთზე; 2. კარაქზე და 3. ბატის ქონზე (შეგიძლიათ იხმაროთ ერბო ან ღორის მუცლის ქონიც). ამისთვის ავიღოთ სამი საცხობი ფორმა, შემოვდგათ გაზზე და ერთზე ზეთი, მეორეზე კარაქი და მესამეზე ერბო დავასხათ. სამივეზე გავანაწილო კარტოფილი, ისე რომ კარტოფილმა ტაფის ან საცხობი ფორმის ფსკერი ერთ ფენად დაფაროს. სამივეს მოვაყაროთ ზღვის მარილი და დაფქული პილპილი გემრიელად. სამივე შევდგათ 190 °C-მდე  გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით, სანამ კარტოფილი არ გაოქროსფერდება. კარტოფილი გარეთ გამოვდგათ და ზემოდან ფრთხილად დავაწვეთ კარტოფილის საჭყლეტით ან ნებისმიერი ბრტყელი საგნით და დაბრაწული კარტოფილები ცოტაზე დავჭყლიტოთ, ბოლომდე რომ არ დაისრისოს, მაგრამ ოდნავ დაიბზაროს და დატყდეს. ამ ეტაპზე დავამატოთ სურნელოვანი ბალახებიც. ბალახები თავიდან რომ დაგვეყარა, დაიწვებოდა და უსიამოვნო საჭმელი იქნებოდა. ზეითუნის ზეთიან კარტოფილს სულ ცოტა ზეითუნის ზეთი, ძმარი, როზმარინი და მთელ-მთელი ნივრის კბილები დავუმატოთ. ქონში დაბრაწულ კარტოფილს ქონდარას (ქონდარი არ გეგონოთ, thyme-ს ქართულად ასე რქმევია, ხმელი იყიდება ნებისმიერ სუპერმარკეტში), ნივრის კბილების, ზეითუნის ზეთის, ძმრისა და დაფნის ფოთლების ნარევი მოვასხათ. კარაქიანს კი სალბის ფოთლების (ხმელი აფთიაქში იყიდება), ნივრის კბილების, მანდარინის ცედრისა და ზეითუნის ზეთის სოუსი მოვასხათ (მანდარინის კანი არ იჭმევა). გამზადებული კარტოფილი ცხელ ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთით შევდგათ და ბოლომდე დვბრაწოთ.



გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment